ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: თარგმანი
27 ივლისი, 2013


ღრუბელი შარვლით (ვლადიმირ მაიაკოვსკი) 4 თავი

4.

მარია! მარია! მარია!
მალე, მარია!
აღარ შემიძლია ქუჩებში!
მომიშვი!
არ გინდა?
შენ ელი –
და როცა წმინდა და სუყველას ნასინჯი ლოყები
ღრმულებში ჩაცვივა,
მე მოვალ უკბილო და ჩაგიჩიფჩიფებ,
რომ ამ დღეს
„საოცრად მართალი“ კაცი ვარ.

ხომ ხედავ, მარია,
მე უკვე ნელ-ნელა, მხრებშიაც ვიხრები.

ხალხი კი ქუჩებში
ოთხკეცა ღაბაბის გადავლით,
გადმოღვრის ცხიმსა და
ორმოცი წლის ნაღვლით თვალებს რომ დაქაჩავს,
ერთმანეთს გადაუჩურჩულებს,
რომ  მე მაქვს კბილებში
ჯერ კიდევ
გუშინდელ ალერსის გამხმარი ფუნთუშა.

წვიმამ  დაატირა ტროტუარს –
გუბით ჩაუბღუჯავს ბაცაცა,
სველი -  ქვაფენილით ჩაქოლილს
ქუჩის გვამს ლოკავს და წამწამთან
ჰო, ეს წამწამია – ჭაღარა,
წამწამი ყინულის ლოლოთა,
ცრემლები თვალიდან,
თვალი კი , მილია საწვიმრის –
მოწვეთავს.

აი, ამოსვლიპავს გამვლელებს
წვიმის  სიფათი და ეტლებში –
მსუქანი ათლეტი ათლეტზე მიკრულა,
ასკდებათ ხორცი და იქიდან ნახეთქში
ცხიმია –
მოჟონავს
და დასდის ნიაღვრად
ნალოღნი პურით და
ნაღეჭი კატლეტით
ეკიპაჟს სწორედ იმ ათლეტით.

მარია!
როგორ?
როგორ ჩავტენო
გაქონილ ყურებს ჩუმი სათქმელი? 
ჩიტი ხან აქ და
ხან იქ გაკენკავს,
მერე მშიერიც ლამაზად მღერის.

მე კი კაცი ვარ,
უბრალო კაცი,
ის ვინც –ჭლექისაგან დაჭმულმა ღამემ
ჭუჭყიან მკლავზე ახველა პრესნის*.

მარია, გესმის?
გინდა ამგვარი?

მე დაკრუნჩხული თითებით ვუჭერ
ზარის ლითონის ყელს –
გამიღე!

გადარეკილი –
მხეცდებიან ქუჩები,  უჩანთ –
კისერზე ჭყლეტის ნატერფალები.

მტკივა, მარია!
ხედავ?
თვალებში შემრჭობია
ქალის ქუდის ქინძისთავები!

მიღებს !
პატარავ,
ნუ გეშინია,
ამ ჩემს –
ხარივით კისერს –
გაფაშფაშებული ქალები სველი მთებივით დაჰყავს,
მთელი ცხოვრება ასე მოვათრევ –
მილიონი - სუფთა სიყვარულია
ორი ამდენი - ჭუჭყიანი, პატარა კახპა.

ნუ გეშინია!
როცა  ღალატის ავი ჟამი მოვა,მარია,
მე მიმიკრავს
„მაიაკოვსკის მოყვარული“
ათასობით ლამაზი სახე
და ეს ხომ დინასტიებია,
შეშლილის გულზე რომ ავიდნენ –
დედოფლად დასხდნენ.

ახლოს, მარია! 
მოურიდებელ სიშიშვლეში მოცახცახეს –
შენ გეშინია?
მომეცი შენი ბაგეების უჭკნობი ხიბლი.

მე და ჩემს გულს მაისამდე არასოდეს არ გვიცოცხლია,
განვლილი გზები
ასიოდე  აპრილს  თუ ითვლის.

მარია!
პოეტი სონეტს უძღვნის ტიანას*,
მე კი ვარ ხორცი –
ადამიანი მხოლოდ!  მარია!
და შენს სხეულს ვითხოვ, უბრალოდ –
ისე, როგორც ქრისტიანები
ითხოვენ:
–პური არსობისა
მოგვეცი  ჩვენ,  დღეს.

მომე, მარია!
მე მეშინია არ დამავიწყდეს შენი სახელი,
ისევე,  როგორც ეშინია პოეტს დაკარგვის -
რაღაც, ღამის სატანჯველით ნაშობი სიტყვის,
რომელიც თავის სიდიადით ღმერთის ტოლია!

მარია, გესმის?
მე შენს სხეულს ისე მოვუფრთხილდები,
როგორც ომიდან მოწყვეტილი ჯარისკაცი –
უსარგებლო, უნათესავო,
დაჰკანკალებს თავის
ერთადერთ კიდურს.

გინდა?
არ გინდა!
ჰაჰ!
ესე იგი
ისევ ბნელი,  უძლური,
ავიღებ გულს და ცრემლით დავწვეთავ.
მერე წავიღებ, როგორც ძაღლი,
რომ მიაქვს სახლში
თათი –  რელსებზე დასრესილი მატარებლისგან.

გულიდან სისხლით - გზა გავილაღე
და  ყვავილებად ეკვრის ახლა მტვერს ტანსაცმელის,
ათასჯერ კიდევ შემოიცეკვებს იროდიადა* –
მზე დედამიწას  – 
თავს ნათლისმცემლის.

და როცა ჩემი წლების სიუხვე
დაიწრიტება,  ფსკერამდე დავა,
მილიონობით სისხლის წვეთი დაეფინება –
ნაკვალევს,
მამის ჩემის  სახლისკენ მავალს.

მე ამოვძვრები ჭუჭყიანი,
(ბინადარი ბნელი თხრილების)
მხარდამხარ მივალ,
მოვიხრები და ყურში ვეტყვი:
ბატონო ღმერთო, მომისმინეთ,
კისერში არ ამოგივიდათ,
რომ  დღიდან დღემდე –
მზერას ალბობთ ღრუბლის კისელში.
მოდით, იცით რა ?
ერთი საქანელა ჩამოიკიდეთ –
სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ტოტზე.

ყველგანმყოფელო, თქვენ იქნებით ამ კარადაშიც,
მოდი, ჩამვდგათ სუფრაზე  ღვინო,
ოღონდ ისეთი,
რომ  მოღუშულ პეტრე მოციქულს,
მოესურვოს და
კი-კა-პუ-თი*  ჩაისეირნოს.   

მოდი, ედემში დავაბრუნოთ ყველა "ევოჩკა",
შენ ოღონდ ბრძანე
და ამაღამვე -
ლამაზმანები,
ახლომახლო ბულვარებიდან,
დასტა-დასტა შემიძლია ამოგიყარო.

გინდა?
არ გინდა?
შეთეთრებულ წარბებს იჭმუხნი?
თავს აქანებ კულულებიანს?
შენ რა –
გგონია ემაგ ფრთიანს, უკან რომ გიდგას,
სიყვარული გაეგება?
არა მგონია!

მეც – ანგელოზი...
უფრო სწორად, ვიყავი  ერთ დროს,
და მზერა მქონდა – დაშაქრული ბეკეკა თვალში,
მაგრამ აღარ მსურს ფაშატებს ვჩუქნო,
სევრის * ფხვნილისგან ნაძერწი თასი.

ყოვლისშემძლეო,
მოიგონე წყვილად ხელები,
შექმენი თავი. მოაბი ყველას.
რატომ იმაზე არ დაფიქრდი –   
რომ კოცნო, კოცნო, კოცნო, კოცნო –
დაუტანჯველად!

მეგონა დიდზე დიდი იყავი,
შენ კი აღმოჩნდი  „სამოსანი“  და  „ღმერთიციდა“, 
ხედავ?  ვიხრები
და მეწაღის დანას ვაცურებ –
ჩექმის ყელიდან.

ე, ფრთოსანო ბაიყუშებო!
შეიყუჟეთ ემანდ, ედემში,
წამოიფხორეთ ბუმბულები შიშის კანკალით!
გიკმევთ საცეცხლურს, ისე გადაგფენთ,
აქედანა და ალიასკამდის!

შემიშვით!
თქვენ მე ვეღარ დამიჭერთ!
ვაჩმახებ!
–რაო?
-არა მაქვს ნება?!
მე ხომ სიმშვიდე არ მეხერხება!
შეხედეთ! თავი წასხიპეს ცას და
საყასბოსავით გადასისხლეს კვლავ ვარსკვლავებმა.

ეჰეი! ზეცავ!
მოიხადე ქუდი.
მოვდივარ!

სიჩუმე სრული.

სძინავს სამყაროს და თათზე უდევს –
ვარსკვლავებით მოტკიპული ვეება ყური.

1914 - 1915


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები