ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2013


.

      შეხუთვა

რამდენი ხანია რაც ლექსებს აღარ წერ
ქრისტემაც დაჭრილი ხელები გაგიშვა
სიზმრის თუ სიცხადის გადასცდი ათას წრეს
აჭენებ ჰაერს და მილიარდ გარიჟრაჟს:
(ისარს კი ნაბიჯებს არავინ უჩვენებს)
ვარდებით შეღებეს სხივებმა სისხამი
უკვე ის ხანია: კოსმოსის ლურჯ ვენებს
ალაზნის მუხები გულში რომ ისხამენ...
მზე თეთრი არვედან სივრცეებს იზომებს
ეზოპეს: სენეკა, ეგზუპერს: სენაკი
წიწამურს რატომღაც უხდება ბერდანკა
და ცისფერ ეთერებს ცა: ამონიაკი...


შენი უჩემობა:    უძეოდ, უმამოდ, უსულოდ
(მკრეხელობა დიოგენესი)

გვერდზე რამდენმა ჩამიარეთ ხუროს ძესავით?
არ ამიღია სულ მცირედიც ძაღლის ლუკმიდან...
ჩამოივლიდა მამაღმერთი ყოვლად მწყემსავი
და ჩემს გოდორში გაჩენილი კრავი უკვირდა...
ჩემო ძაღლებო, არ დამტოვოთ დაუგლეჯავი
სამყაროც ესე, კარგად ვხვრიპე თქვენი გეჯიდან
გვერდზე რამდენმაც ჩამიარა ხუროს ძესავით
განა კი ყველას მამამისის ჯვარი ეკიდა?
სულო მაღალო მტრედის ფრთაში ჩემთან რად მოხვალ
რით ეს სიმყრალე ტანს რომ მიმხელს ცად ვერ ავიდა...
რით ვერ დასრულდა სველ სკნელებზე უღმერთო ფორთხვა
რით ვერ ვიქეცი ერთად მაინც ღმერთო სამიდან...
იესოჩემო... აპატიე დარღვეულ შენს ხატს
არ ამიღია სულ მცირედიც ძაღლის ლუკმიდან
და ყოველ დილით რამდენჯერაც მამა მზე შემხვდა
სახეზე შენი უჩემობის ჩრდილი უვლიდა...


მე მივატოვე ჩემი ლექსები, ძაღლებს მივუგდე შესაჭმელად... ნუ გაგიკვირდებათ:
კბილებს დაიმტვრევენ და ენას მიაყოლებენ... მოგიკითხეთ... მშვიდობით იყავით... მადლობა ყველას...
                                                                                                            ს ა ძ მ ო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები