ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2014


სურათები ძველი ალბომიდან 1987-2013

        “უხმო საათმა ფიქრი მოთოვა”
                                        ტ. გრანელი

სიჩუმე დაეშვა ციდან,
გათოვდა,
აქამდე ცოტას ცრიდა.

1987
                . . .

და მთვარე როგორც,
ღვინით სავეს თიხის ფიალა,
ღამეულ ცაზე გადმოეკიდა.

1987
                . . .

ფიფქები ცვივა ციდან სიჩუმეში
და როგორც ამბორი
ლოყაზე მადნება ციური მანანა.

1987
                  . . .

მოდის, ნელა-ნელა თქორავს,
მიდის, სადღაც იკარგება გზა,
ნისლი დაეფინა სოფელს,
ფლასით შეიმოსა ცა.

06.04.1989

                  . . .

ფანჯრის მინაზე დაკიდებულ
წვიმის მარტოწვეთს,
თვალის უპეში ჩაეღვარა შიშველი მთვარე.

26.12.1989

                      * * *
რა პატარაა ეს ქვეყანა და ეს ქალაქი,
ვიწრო ქუჩები, ქვაფენილი ალაგ-ალაგი,
აქ სტილისტს, თურმე, დღესაც ისევ, ჰქვია დალაქი.

01.11.2011

                  .  .  .

შარაზე  ეგდო  მოწყვეტილი  თეთრი  გვირილა,
სევდა  მომაწვა, 
უცაბედად  ამეტირილა.

26.03.2012

            . . .

წვიმს.
ასფალტში ხეები ირეკლება.
ცაზე ელია ნისლებს ერეკება.

07.05.2012

        . . .

საოცარი ხიბლია,
მოგალობე, პატარა,
ჩიტი ხეზე, ნიბლია.

23.05.2012 

                      . . .

ეჩურჩულება აკაციის ფოთლებს ნიავი.
მიწაზე ჩრდილებს
გაუმართავთ ორომტრიალი.

21.06.2012

                            . . .

ელამუნება  ზღვის  ნაპირებს,  თხელი  ტალღები,
შრრრ - იალებენ,  მიგორავენ  უკან  და  ისევ...
ბრწყინავენ  თითქოს, იცინიან  სველი  კენჭები.

14.07.2012

                        . . .

გამომეღვიძა,  მზეა  ცაზე, ისევ  იქ  არის!
ვზივარ,  თავს  ვიფხან...
მეღიმება...  ჩემთვის  ვიხარი.

21.07.2012

                        . . .

გათენდა  უკვე, მიდენიან  ნახირს  ბიჭები,
მზე  სხივთითებით  ძროხებს  ითვლის
მწვანე  მინდორზე.

21.07.2012

                      . . .

ცაზე  ღრუბლები  გადაძოვა  ზაფხულის  ქარმა.
გამოანათა  მორიდებით
ნამგალა მთვარემ.

21.07.2012.

                      . . .

თითქოს  მარაო  დაიქნია  ვიღაცამ  ცაზე...
გადაუარა  ხეებზე  ფოთლებს
გრილმა  ჩურჩულმა.

22.07.2012. 
                      . . .

შუადღის  მზეზე,
ცაცხვების  ქვეშ, ფოთლების  ჩრდილი,
უცხო  ხალიჩის  არაბესკებს ქარგავს  მიწაზე.

22.07.2012.

              .  .  .

მთას  შეფენია
ბებერი  კოშკი.
მუცოს  ნაშალი - სიპების  წყება.

30.08.2012

          ღამე  კორშაში

ზაფხულის  ღამე.
მთვარეს  ღრუბელი  ეფერება,
არაგვის  ხმაზე.

31.08.2012

                  . . .

... ტალღები  წრეზე  გაიშალა,
გუბეში,  წყალზე -
ზაფხულის მთვარის  ანარეკლი თითქოს  იცინის.

31.08.2012

შემოდგომა  არხოტში

ქარმა  იყუჩა,
ფოთლებს  გარშემო
მოექობა  თრთვილის  მაქმანი.

14.10.2012

ხელოვნურსაფარიანი  სათამაშო  მოედანი

ჯერ  კიდევ  გუშინ,  მწვანე  იყო
მოედნის  საფარი.
დღეს  დილით  ყვითელ  ფოთლებით-ა-ა  და-ნა-ფა-რი.

21.10.2012

                          ზაფხულის  ნოსტალგია

მოსაღამოვდა.
ბაბუაწვერებს  ძეძვებში  ფანტავს
ზაფხულის  სიო.

21.10.2012

                  . . .

მზემ  გამოჟონა  ფოთლებში  და
ააყვითელა.
ფშატს  ესევიან  ბეღურები, ჟივილ-ხივილით.

25.10.2012

                  . . .

ღრუბლები  ცაზე, ტყვიისფერი -
მიდიმოდიან.
ყვითელ  ფოთლებზე აწკაპუნდა  წვიმის  წვეთები.

13.11.2012

                  . . .

ციდან  ჟიჟმატი სიცივე  ცვივა.
აჩალულ  ბალახს  აშრიალებს, 
ბორია ქარი.

14.11.2012

                  . . .

გადაუღებლად დილიდან თქორავს.
ბალახის  ღერზე
მარგალიტად ასხმულა ნიჟი.

14.11.2012

                  . . .

მიმოიფანტა ზამთრის ცაზე ღრუბლების დასტა.
ცოტა დღეებმაც მოიმატა,
გამოიმარტა.

11.03.2013

                    . . .

გაზონს თიბავენ.
ღია სარკმელში შემოიჭრა
ბალახის სუნი...

13.06.2013

                    . . .

საქარე მინას გაზაფხულის ასველებს წვიმა -
მდინარე თითქოს
თოლიებით დაუთოვია.

12.03.2013

                  . . .

ქუჩაში ისეთი ამბავია,
ისეთი მარტია -
ფეხზე მკიდია თავისუფლების ყველა ქარტია.

21.03.2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები