ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2014


სამიოდე ლექსი ძველი საქაღალდიდან და ერთიც სალაღობოდ, ახალი...

ორი სურათი ერთი ნუშის ცხოვრებიდან „ფრანციასთან“ რომ იდგა

              . . .

პროსპექტს მოვყვებოდი,
მარტი ილეოდა,
მთვარე მიღიმოდა,
როგორც იეღოვა.
ნუში ეული მოწყენით ჰყვაოდა,
ალბათ არავის თუ არ მიელოდა.

20.03.1989

            . . .

                მზიურთან, ნუში რომ იდგა,
                ტოტები მოეჭრა ვიღაცას...
               
უკვე რამდენი წელიწადია,
ჟამით-ჟამამდე ვხედავ მოწყენილს,
ვნება დამცხრალი,
იმედით გულში,
თუ როგორ ჰყვავის, მარტოხე ნუშის,
მიუსაფარი, -
                ქალაქის ბუში,
მიტოვებული, -
    სოფლისგან მრუშის.

27.03.1990


          შესაქმის სონეტი

(ელენეს ბიბლიის საკითხების შესწავლის მიზნით №3)
                       
როცა არ იყო, არაფერი, ჯერ დანაპირი,
როცა არ იყო, დრო და სივრცე, ჯერ განაყოფი,
მხოლოდღა სული, იგი თავის იყო ნაყოფი,
და სხვა არც სადა, ჯერ არ იყო ქვეყნად ნაპირი.

შეზავთდა ნება, მიღმიერი, დროის ზეფირი
და გაუსაგნდა, მთელ სამყაროს, მისი სამყოფი
და იშვა სიტყვა, მის წიაღში დრომდე არმყოფი
და აელვარდა, ვით არქმნილი, უცხო საფირი.

გადაიშალა, სივრცეები, „ეგევითარი“,
გალაქტიკები, პლანეტები, “გასაგიჟარი”
და დასადგურდა ირგვლივ მწველი, ვარსკვლავთ ნათელი.

უმზერდა მშვიდად, უსაზღვრობა, დროის თვალებით,
კოსმიურ ღელვას, და თუ როგორ, უკუდგა ბნელი,
... ადამი უკვე, პირველ ნაბიჯს, დგამდა წვალებით.

2012


სალაღობო სინონიმური ხოტბა
        (სამარტოდ)

ქალი უცხო, პირმზე ვინმე,
მშვენიერი და მწყაზარი,
თვალჟუჟუნა, მით სანდომი,
კოხტა, ტურფა რამ ბაღნარი.

კეკელი და თვალაცეცხლი,
მოსხივცისკრე და უსული,
პირნატიფი, მოხდენილი,
ეშხიანად მოკაზმული.

ხან ცქრიალა, ხან ნარნარი,
ხან კოპწია, ლამაზმანი,
სალუქი და ტანკენარი,
მიმოტანითა გავაზი.

თრობის წყარო, ტანად სარო,
ჯეირანი, ხან კანჯარი,
მისი ხატი სულს ეხვევა, 
ვით ედემის სურო-ვაზი. 

ტანთ აცვია ხასი უცხო,
შეიდიში, სოსნის ფერი,
კაბა მოვის, ხათაია,
დარაია და ზარბაბი. 

თვალთა იმის “წამწამთ შქერი”,
“ნიავობდა”, როგორც ველი,
გამიხდია ვით თილისმა,
გამოხედვა მისი მწველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები