ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2014


07.04.2014 - 11.04.2014

(დიდი არქიტექტორი)

თუ პოეტი ხარ,
სიტყვებსა რანდავ
და ანდამატად აქცევ ოცნებებს ...
თუ მხატვარი ხარ,
ფერებით ან და -
ქვით,
ქანდაკებს ქმნი გამაოგნებებს ...

მაინც ყველაში მის ხატსა ვლანდავ,
მას,
თიხას რომ ზელს,
იმ დიდ მეთუნეს, -
რომელიც ნებით, დაუსაბამო,
ჩვენს სიცოცხლეს და
სამყაროს ქანდავს ...

სხვა -
ყველა ბლანდავს,
ვინც გინდა იყოს ...
გინდ კირითხურო,
გინდა აშუღი ...
მხოლოდ მდუმარე, ის ერთი ქარგავს ...
და მე ყველაში მის ხატსა ვლანდავ.

07.04.2014


...  სიზმარი, არეული ფიქრი, მთვარე და ლექსი ...

სიზმარი


გარეთ კვლავ ფიფქავს
და მე კი ვფიქრობ ...
„დააფენს“ დილა ხეებზე ფიფქ თოვლს ...


არეული ფიქრი


ბუხართან ვზივარ, ცეცხლით ვითვრები … 
მიყვება ამბავს...
მუხლებზე ციცა გაყურსულა,  თვალებსა ნაბავს ... 
ვიგონებ საბას  ...


მთვარე


მთვარემ ვერ მოირგო როლი,
რული მოერია ღამეს,
ფიქრით ვანანავებ „ეგოს“,
ვითვლი წუთებსა და წამებს  ...


???


მთვარემ ღრუბელი სასთუმლად ამოიგო
და უჩურჩულა -
საამო იყო?..

08.04.2014

              * * *
სულ მეგონა, რომ ბედი მწყალობდა ...
გამთენიისას გამომეღვიძა -
შაშვი გალობდა ...

08.04.2014


              * * *
წუხელის იყო -
წელს პირველი ჭექა-ქუხილი ...
მონატრებული გაზაფხულის ამო ძახილი.

09.04.2014


იმერეთი და გაზაფხული

შეხედე ერთი, რა ფერებია,
მიმოფანტული ...
თითქოს მარტის მზით ნაფერებია -
ხედი ზღაპრული ...

09.04.2014


ადამიანო!
(მამუკა გონგაძეს)

ხანდახან კია ეს ცხოვრება ძაღლურმანდური
და როგორც ძველი, მიგდებული სხვენზე ფანდური,
სიმგაწყვეტილი ჟღრიალებ და ყოფას ემდური,
აღარ გაწუხებს აღარც ერთი ქვეყნად საცდური,
არც ნანდაური აღარა გყავს, ვარდი მაცდური...
მაგრამ შენ იცი, რომ სოფლის ხარ ეული მდგმური,
ხოდა შეჩერდი, მოუპოვე შენს სულს სადგური...

10.04.2014


              * * *
გადავივაკეთ რიკოთი და
ქვევით ვეშვებით ...
სულ სხვა ფერები, პროფილები
და სახეები ...
მწვანე ხავერდებს, ფერდობების,
მიჰყვება გზები,
აქა-იქ ბზები
და შრიალი კიპარისების ...
გვესალბუნება გრილი სიო
ზღვით მონაბერი,
ამბავს გვიყვება გაზაფხულის,
ჩუმი სიმღერით ...

11.04.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები