ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2014


სილვია

ამ ბოლოს ხშირად გესაუბრები,
მარადისობას, (რომ არ გსურდა),
ვატან ამ წერილს.
კარები უცებ გაიხურე, (ეს ხომ გამოგდის)
„ლედი ლაზარე“, მაგრამ გაქრობა
ვეღარ შეძელი.

ის პოეტია, თანაც კაცი,
შენს სულს ყოველ წუთს ნაწილ-ნაწილ
იტაცებს, გაგლეჯს.
იპყრობს გულებს და მისი ვარსკვლავი
ყოველ დღე უფრო გამალებით
კაშკაშებს ცაზე.

პირგალესილი ცხელი დანა
- სხვა ქალების ყურადღება,
გულმკერდს გიშანთავს,
მასზე ფიქრების მოვარდნილი ტალღებია,
ეჭვებია, დამდაგველი,
ცოცხლად რომ გმარხავს.

შენ კი... ქალი ხარ, ცოლი, დედა,
(თავში მცხოვრებ ლექსებს ბეჭდავ,
როცა მოიცლი),
უფრო ხშირად კი, თუ მშიერ სულს აიტანს წერა,
ამ დროს აპურებ მტირალ ბავშვებს,
(წერა მოიცდის).

შენი ჰაერიც ის არის და მარადისობაც,
ქარიშხალია, სულში გათოვს,
გზაც აღარ მოჩანს,
უმისოდ  სრული სიბნელეა და უძრაობა,
უკვე ვეღარ ძლებ, (ბავშვებს სძინავთ),
წამიც და - მორჩა.

ხარბად ისუნთქავ არყოფნის მტვერს...
წლებს და ეპოქებს ჩვენთან მოაქვს
შენი გენია.
ხოლო მის სახელს, მსხვერპლად ნებით რომ შეეწირე,
მხოლოდ შენს მერე, მხოლოდ შენთან
იხსენიებენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები