ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2014


ერთი ცხოვრების ქრონიკა



ახალშობილს არ აღირსეს სულ პირველი საბუთი; გარდიგარდმო არ გადაუჭირეს მუშამბისპატარა ნაჭერი, რომელზეც მისი მშობლების გვარები იქნებოდა აღნიშნული. ექთან ქალს სწორედ იმ დროს დაურეკეს ტელეფონზე, როდესაც ეს მოვალეობა უნდა აღესრულებინა. იმანაც იქვე, სარეცხის ფუთებთან დადო მუთაქასავით გამოკრული ახალშობილი. დაახლოებით თხუთმეტი წუთი იქაქანა ხელში ყურმილჩაბღუჯულმა, პამიდორის დამწნილების სამი სხვადასხვა ვარიანტი უკარნახა ვიღაცას და ამასობაში სრულებით გადაავიწყდა სარეცხის ფუთებთან მიგდებული პაწია. თურმე ორი დღე გაუტარებია იქ, რაღაც სასწაულით გადარჩა დახრჩობას. მერე დიდი წვალებით დაადგინეს, ვის ეკუთვნოდა უსაბუთოდ დარჩენილი ბავშვი. გამორიცხვის წესი მოიშველიეს ამისათვის. დედას კი, ცრემლების ფრქვევით რომ მოიკითხა, ,,სად არის ჩემი პატარა ალეკო...~ სულ სხვა მიზეზებს ეუბნებოდნენ.
- რას გაჩუმებულხარ, შე უბედურო! - როცა იპოვნა, ასე მიაყვირა მაშინ პატარა ალეკოს ექთანმა ქალმა, - ამოიღე ხმა, იტირე, გაგვაგებინე, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი.
ეს იყო პირველი ფათერაკი, რაც სანდროს (იგივე ალეკო ანუ ალექსანდრე) შეემთხვა ამქვეყნად მოვლინების დღიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც თუ უხიფათო ფათერაკი მისი ცნობიერების მიღმა იდგა და მხოლოდ გადმოცემით უწყოდა, მაინც ისეთი გაცხარებით, ისეთი მონდომებით და დაწვრილებით გაიხსენებდა ხოლმე, თითქოს ყველაფერი საკუთარი თვალით უნახავსო. აღწერდა მზის სხივს, რომელიც ირიბად იჭრებოდა ორმაგმინებიან სარკმელში და სამედიცინო ინსტრუმენტებს დამაბრმავებლად აბრჭყვიალებდა... აღწერდა მაღალჭერიან თეთრ პალატას, რომლის ფონზეც თეთრხალათიანი ექიმები მიმოდიოდნენ. თვით იმ ექთანი ქალის გარეგნობასაც უდიდესი სიზუსტით გადმოსცემდა: შუბლზე მოწითალო ხალი ჰქონდაო, ხალზე ჟღალი ფერის ბეწვი...
ამ სიცხარეს და მონდომებას, ეჭვი არაა, თავისი მიზეზი და საფუძველი ჰქონდა, რასაც თავის დროზე მივაკვლევთ, ჯერჯერობით კი სანდრო-ალეკოს დანარჩენ, მომდევნო ფათერაკებს მივყვეთ.
ყოველი ახალშობილი, ეს ხომ სუფთა, ჯერად დაუწერელი ქაღალდის ფურცელია... თეთრი და ქათქათა, როგორც ახლადმოსული თოვლი, როგორც ალუბლის ყვავილი ახლადგაფურჩქვნილი, როგორც ნისლი ცის კაბადონზე... შემდგომში ცხოვრება თანდათან აღბეჭდავს მასზე ათასნაირ იდუმალ ნიშნებს და იეროგლიფებს, დაახლოებით ისე, კანცელარიის მოხელე რომ აღნიშნავს ხოლმე, ,,...ამა და ამ დავთარში, ამა და ამ გვერდზე შავით თეთრზე სწერია, რომ...~
ამ შავ-თეთრ ბილიკზე ყველას ათასნაირი ხიფათი და ფათერაკი უდარაჯებს. ცხადია, ვერც სანდრო-ალეკო ასცდებოდა ამ ხვედრს... აკი დაბადებიდანვე ჰგავდა კიდეც სათავგადასავლო ლიტერატურის პერსონაჟს... ოღონდ სანდრო-ალეკოს ფათერაკები, იმ პირველისა არ იყოს, ყოველთვის ოფიციალურ ქაღალდებთან ანუ საბუთებთან იყო დაკავშირებული. ანუ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,ქაღალდის ჭინკა~ ყოველთვის კრიჭაში ედგა და გასაქანს არ აძლევდა... ასე მონათლა თავმოძულებულმა სანდრომ ყველა ოფიციალური საბუთი ერთად აღებული. ამ ,,ჭინკაზე~ ლაპარაკით და ჩივილით არასდროს არ იღლებოდა სანდრო-ალეკო. ისე, როგორც ავადმყოფს დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს თავის სატკივარზე, ოღონდ კი ყური უგდოს ვინმემ: ,,ჭინკაა, აბა რა? ზომით ასეთი პატარა და ამდენის შემძლე... თუ მოახერხებ მასთან დაძმაკაცებას, ყოვლისშემძლედ გაგხდის, თუ გინდა, მთელი სამყაროს საუნჯეს ჩაგიგდებს ხელში. თუ არადა, მტრისას...~
ისიც უნდა ითქვას, ბავშვობის ნათელ ხანაში იმდენი ვერაფერი დააკლო იმ ,,ჭინკამ~, თუმცა ნიშანი თავისი უეჭველი არსებობის შესახებ უკვე იქედანვე მისცა. ნიშნების ფურცელი სახლში არასოდეს მიმიტანია, სულ მეკარგებოდაო, გაიხსენა ერთხელ სანდრო-ალეკომ. ღამდენჯერმე მისი გვარიც გამქრალა სიიდან ფრიად გამოუცნობ ვითარებაში. ერთხელ კიდევ, როცა ქების სიგელით დააჯილდოვეს კარგი სწავლისა და სანიმუშო ყოფაქევისათვის, მასზე დიდმა და ღონიერმა ბიჭმა ჩანთა წყალში გადაუგდო. ქების სიგელიც და წიგნებიც გადასაყრელი გახდა.
სამაგიეროდ, მერე გაუმწარა სიცოცხლე. რაც ბავშვობაში დააკლო, მოწიფულობაში აუნაზღაურა ერთი ასად. ვერსად ფეხი ვერ მოიკიდა, ვერც ერთ საქმეს ბოლო ვერ მიადევნა. თითქოს მართლა ჭინკა უდგას კვალშიო, შეეხებოდა თუ არა მისი ხელი საბუთებს, მაშინვე რაღაც უცნაური უნდა დამართოდათ. ან უკვალოდ იკარგებოდნენ და მერე, რამდენიც არ უნდა ეძებნა, მათი ასავალ-დასავალიც აღარ ჩანდა, ან ისე გადასხვაფერდებოდნენ, ისე იცვლიდნენ იერს, რომ სულერთია, მაინც აღარაფერში იყვნენ გამოსადეგნი. ხელფასი სრულად არასოდეს არ ამიღიაო, ჩიოდა სანდრო-ალეკო და სახე სიმწრით ეღმიჭებოდა ამის გახსენებისას. _ ან საერთოდ იკარგებოდა ჩემი გვარი უწყისიდან, ან სადმე სხვაგან მოხვდებოდა... იქ, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო. ამის გარკვევას ორი კვირა მაინც ვუნდებოდი. ამასობაში ახალი ხელფასის დრო მოდიოდა და ვიყავი ასეთ ჭაპანწყვეტაში. წამახალისებელი პრემია ანდა მეცამეტე ხელფასი?.. რას ბრძანებთ, მაგაზე არც კი მიოცნებია. ვერც სამუშაო სტაჟს მოვუყარე თავი. ხან რადიატორის მილი გასკდებოდა და მაინცდამაინც ჩემს პირად საქმეს აქცევდა ფაფად, ხან კიდევ ხანძარი გაჩნდებოდა და პირველ რიგში ჩემს საბუთებს უნდა წაკიდებოდა ცეცხლი.
ბოლოს, იმ ზომამდე მისულა სანდრო-ალეკო, ისე დამფრთხალა მთელი სიცოცხლე იმ ჭინკასთან უთანასწორო ბრძოლაში, იმ თაგვისა არ იყოს, კატა რომ ეჩვენება ყველაზე საშიშ ცხოველად, იმასაც ასე ეგონა, საბუთებზე საშიში მტერი მე აღარ მყავსო. საკმარისი იყო, ერთი მოეკრა თვალი შტამპებით აჭრელებული ბეჭდიანი ქაღალდის ფურცლისათვის, რომ კუჭში გაურკვეველი წვა ეგრძნო, პირი სამი დღის მწყურვალივით გაშრობოდა და გულიც ვერ ჰქონდა კარგად. ანკეტის შევსების დროს თვალები უბნელდებოდა და არაფერს თავის ადგილას არ სწერდა. ბინის ქირის გადახდაც ამის გამო შეჯავრდა... თვითონ ფულის გადახდის პროცესი, რაც თავისთავად არასოდეს არაა ნეტარი განცდა, სახსენებელიც არ იყო ქვითრის შევსებით გამოწვეულ უარყოფით ემოციებთან შედარებით. ჟურნალ-გაზეთების გამოწერაზე ხომ ერთხელ და სამუდამოდ აიღო ხელი, ერთიც არ მიუღია თავის სიცოცხლეში.
გამუდმებით საბუთებზე ფიქრით თავგამოტენილს, ირგვლივ მყოფი ადამიანებიც უკვე საბუთებს აგონებდნენ უნებურად... ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ, ნაღდ, საიმედო საბუთებს. ზომა და წონა თითოეულს სხვადასხვა ჰქონდა, მაგრამ შტამპი და ბეჭედი ყველას ერთნაირი ესვა. ამით გვერდით სანდრო-ალეკოს საკუთარი თავი აწ ვადაგასულ, ძალადაკარგულ და ყოვლად უსარგებლო საბუთად წარმოუდგებოდა... ვერ იყო მაინცდამაინც საამური განცდა, ამიტომაც დასცდენია სვეგამწარებულს ხის დანახვისას: ,,უჯობდა სულაც არ ამოსულიყო მიწიდან, თუ მისი მერქნისგან იმ შტამპიან ქაღალდებს დაამზადებდნენო~. ასეთი მწარე სიტყვებით ამკობდა ყოველთვის თვალმახარა, მწვანედ მოშრიალე ხეს, იმის ნაცვლად რომ მათი ცქერით დამტკბარიყო და გული გაეხარებინა. სხვა დროს ცოტათი სხვანაირადაც გამოუთქვამს იგივე აზრი: ,,ამ მცენარეს რომ ცოდნოდა, რომ მისი მერქნისგან შტამპიან ქაღალდებს დაამზადებდნენ, თვითონვე არ ამოვიდოდა მიწიდანაო~.
მეტისმეტად მკაცრად სჯიდა სანდრო-ალეკო. გასაკვირი არ იქნება, ვინმე რომ შეედავოს, უცნაურ აკვიატებად ჩაეთვალოს შტამპიანი ქაღალდების ეს ყბადაღებული შიში და სიძულვილი... აუხსნას და გააგებინოს, რომ არავითარი ,,ქაღალდის ჭინკაც არ არსებობს და ცხადია, არც შეიძლებოდა ჩასაფრებოდა. პირიქით, ეს თვითონ სანდრო-ალეკოს სძულს ყოველგვარი ჯურის ოფიციალური ქაღალდი ცივილიზებული ადამიანისთვის შეუფერხებელი, ავადმყოფური სიძულვილით, ამიტომაა, რომ მისი ხელის შეხებისთანავე მტვრად იქცევა ყოველგვარი საქმიანი ქაღალდი, რა ფასი და წონაც არ უნდა გააჩნდეს. საბუთები არ უნდა შეიძულო, მით უმეტეს, ჩვენს დროში... საბუთები უნდა გიყვარდეს, პატივს სცემდე და აფასებდე. მაშინ ისინიც შეგიყვარებენ, ყოველთვის მხარში ამოგიდგებიან, შენი გულისთვის შეუძლებელს შეძლებენ. თუ საჭიროა, შავს თეთრად მოაჩვენებენ ყველას და თეთრს შავად...
ოღონდ წამოსცდენოდა ვინმეს ასეთი ბრალდება! მაშინვე ერთიანად აინთებოდა სანდრო-ალეკო და ეშხში შესული მსახიობივით, დაწვრილებით მოყვებოდა იმ პირველ ფათერაკს, ქვეყნად ახალმოვლინებულს რომ შეემთხვა. მაშინ ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა საბუთების არსებობის შესახებ, სიძულვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. განა მართლა მაშინვე არ ჩაუდგა კვალში ,,ქაღალდის ჭინკა~? ის პირველი საბუთიც არ აღირსა, მუშამბის პატარა ნაჭერი.
ამით იყო გამოწვეული ის სიცხარე და გულმოდგინება, რითაც იმ პირველ ფათერაკს იხსენებდა სანდრო-ალეკო. ამისთანა არგუმენტს, ისიც ასეთი ფერადოვნებით გადმოცემულს, ძნელია რაიმე დაუპირისპირო... ლამის ირწმუნო, თითქოს მართლა ჩასაფრებია ბედშავ სანდრო-ალეკოს ,,ქალაღდის ჭინკა~... თანაც ისე უსაშველოდ, რომ მისგან თავის დაღწევის ყოველი ცდა ამაოა. რა გზასაც არ უნდა დაადგეს, ყველგან ეს ,,ჭინკა~ ხვდება. ყველგან რაღაც უნდა უხიმანდროს, ნაცარტუტად აქციოს ყველა მისი იმედი და ოცნება... ვერც ოჯახს მოეკიდა, მისი გადამკიდე. სიყვარულისათვის დიაღაც რომ უთქვამდა გული, მაგრამ აბა, რომელი გასათხოვარი ქალი დაუჯერებს საქმროს, თუ ეს უკანასკნელი ეტყვის, პასპორტი დამეკარგა, გენაცვალე, და ხელს ვერ მოვაწერთო... დარჩა მთელი ცხოვრება ეულად თავის პატარა ბინაში. ნელ-ნელა ჭაღარაც შეეპარა და ის უცნაური შიში შტამპიანი ქაღალდების მიმართ არა თუ გაუქრა, პირიქით, უფრო გაუძლიერდა ასაკის მიმატების კვალობაზე. თუ შემთხვევით მოხვდებოდა საკანცელარიო ოთახში (ვთქვათ, თუ წყალი ჩამოვიდოდა ჭერიდან და სანდრო-ალეკოს მის შესაკეთებლად დაუძახებდნენ), ცდილობდა, რაც შეიძლება შორიდან შემოევლო საბუთებით დაზვინულ მაგიდებისთვის. თუ ამის საშუალება არ იყო, ფეხაკრეფით ჩაუვლიდა გვერდს.
მერე ბინაც ცხვირწინ ააცალა ,,ქაღალდის ჭინკამ~. ეს სასეირო ამბავი მართლაც ღირს საამბობლად... სანდრო-ალეკოს მეზობლად ცხვირების ოჯახი ცხოვრობდა. გუნებაში ასე ეძახდა მათ სანდრო-ალეკო. ყველას, დიდიან-პატარიანად, რაღაც უზომოდ ბარაქიანი, გრძელი ცხვირი ამშვენებდა. მნახველს შეიძლებოდა ეფიქრა, თითქოს ცხვირს მათთვის სუნთქვის გარდა რაღაც სხვა, დამატებითი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. ცხვირები ჯერ საერთოდ არც კი ცნობდნენ სანდრო-ალეკოს არსებობას, მასთან შეხვედრისას ცხვირს ქედმაღლურად აიშვერდნენ სადღაც მაღლა. მაგრამ ბოლო დროს რაღაც არაჩვეულებრივად დაუტკბნენ. განსაკუთრებით ცხვირა დიასახლისი იხევდა ისედაც მოხეულ პირს დაშაქრული ღიმილით, ცოდვა ხარ, მარტოხელა კაციო. ხან ცხელ სადილს შემოუტანდა, ხან რაიმე ნუგბარს. ხშირად თავისთან მიიპატიჟებდნენ ხოლმე ცხვირები, სულში იძვრენდნენ, ანებივრებდნენ სულით და გულით მადლობელი იყო სანდრო-ალეკო. ეს რა ხალხი მყავს მეზობლად, თავს ბედნიერად გრძნობდა.
ერთხელ, გაშლილ სუფრასთან ჭუკჭუკისას ცვირამ შეაპარა:
- ბიჭს ვაქორწინებ, ბინაში კი ჩვენც ძლივს ვეტევით. დროებით დაგვითმე შენი ოთახი. ერთ წელიწადში ახალ ბინას მივიღებთ და ისევ დავცლით...
სანდრო-ალეკოს გაუხარდა, ამდენი პატივისცემის სანაცვლოდ რაიმეს გაკეთება რომ შეეძლო.
- ადვილი სამსახურია, ცოტა ხნით საკუჭნაოში ვიცხოვრებ. - თქვა სახეგაბადრულმა.
- მაგრამ... - აქ ცხვირამ ხმა უფრო დაიტკბო, თვალებიც სულ ჩაუშაქრდა, - ხომ იცი, ათასი, ჭორიკანა და ენაგრძელი დადის, ვინმემ არ იჩივლოს, ჩაუწერლად ცხოვრობენო... დროებით ჩაწერე. შენი თანხმობაა საჭირო...
ამ სიტყვებით რაღაც საბუთი შეაჩეჩა... სანდრომ მაშინვე მოაწერა ხელი მითითებულ გრაფაზე და... როგორც არ უნდა აერიდებინა თვალი მისთვის საძულველი შტამპიანი ქაღალდისთვის, მაინც ნათლად ამოიკითხა სიტყვა ,,დროებით~. ცხვირამ საბუთი სასწრაფოდ იკრა ჯიბეში. და ორივე ლოყა დაუკოცნა თავის უძვირფასეს მეზობელს.
- ბედნიერად იცხოვრონ ახალგაზრდებმა! - თქვა გულაჩუყებულმა სანდრომ.
მეორე დღესვე გადაბარგდა საკუჭნაოში, ოთახი თავის ავეჯიანად ცხვირებს დაუთმო.
გავიდა დაპირებული ერთი წელი... მეორე... მესამე. ცხვირებმა ახალი ბინა ვერა და ვერ მიიღეს. მაინცდამაინც არ უკვირდა ეს ამბავი სანდროს. კარგად იცოდა, თუ რა სახათაბალო საქმეა ახალი ბინის მიღება, მაგრამ სანამდე უნდა ეცხოვრა საკუჭნაოში... და ერთხელ შემთხვევით ყური მოჰკრა, მეზობლები ლაპარაკობდნენ ცხვირების შესახებ, თვითონ  აქ იკუჭნებიან, ახალი ბინა კი გაქირავებული აქვთო. გაუკვირდა სანდროს და იმავე საღამოს ასე უთხრა ცხვირა დიასახლისს:
- ახალი ბინა მიგიღიათ, დროა დამიცალოთ ჩემი ოთახი.
ძლივს მოასწრო ბოლო სიტყვის წარმოთქმა, ისეთი ყურისწამღები ჭყვირილი მორთო ცხვირა დიასახლისმა, ნასუქმა ღორმა რომ იცის, როცა დანას გაუყრიან კისერში. ამ ჭყვირილში სიტყვა ,,საბუთი~ გამოირჩეოდა, თან გაოგნებულ სანდროს რაღაც ქაღალდს უფრიალებდა ცხვირწინ. იცნო სანდრომ ის ქაღალდი, ეს იყო მისივე ხელმოწერილი შტამპიანი ქაღალდი, სადაც ადრე სიტყვა ,,დროებითი~ ეწერა, ახლა მის ადგილას სულ სხვა სიტყვა - ,,მუდმივად~ იკითხებოდა.
- ...ამდენი წელიწადია სამადლოდ გინახავთ, თურმე რა ღირსი ყოფილხარ... ახლა აქედანაც მიგაბრძანებთ! - ჭყვიროდა ცხვირა დიასახლისი მისი ცხვირა თანამეცხედრე ოთახიდან იჭვრიტებოდა.
იგრძნო სანდრომ, რაღაც ვერ უნდა იყოს საქმე კარგადო. ერთი პირობა იფიქრა, მოდი, ვუჩივლებ ამ უნამუსოებსო, მაგრამ როცა ჩაუფიქრდა, რამდენი შტამპიანი ქაღალდი დასჭირდებოდა ამ საქმეს... ქაღალდები, რომლებიც ასე უცნაურად იცვლიდნენ შინაარსს. იქ, სასამართლოში, ვინ იცის, როგორ შეიცვლიდნენ სახეს საბუთები. იქნებ ისეთი დანაშაული მიაწერონ, რომ... არა, უიმედო საქმეა. უსაბუთებოდ, შტამპიანი ქაღალდების გარეშე რომ შეიძლებოდეს სადმე ჩივილი, მაშინ კიდევ ექნებოდა რაიმე იმედი.
უბრძოლველად დასტოვა ბრძოლის ველი. იქნებ არ მოქცეულიყო ასე, იმის შიშით მაინც, უხერხემლობა არ დამწამონო, მიწის ერთი პატარა ნაკვეთი რომ არ გახსენებოდა. ოდესღაც, ბავშვობაში დააბიჯებდა იმ ნაკვეთზე სანდრო-ალეკო, როდესაც ბებიას ესტუმრებოდა ხოლმე ზაფხულობით. რაც არ უნდა იყოს, იმ მიწაზე მის წინაპრებს უცხოვრიათ. იქნებ მისცენ მასზე ფეხის დაბიჯების უფლება.
ამ ფიქრებმა სანდროს შვება მოჰგვარეს, კიდევ კარგი, ეს დალოცვილი მიწაც ქაღალდის არ არისო. საკარმიდამო ნაკვეთი ნაღდად ყველაფერს აჯობებს, ადრე რატომ ვერ მოისაზრა... - ეეჰ, მართლა კარგი ვინმე ხარ. - უსაყვედურა თავის თავს. - მანამდე არ გაგახსენდა შენი გამზრდელი მიწა, სანამ სულთამხუთავივით კისერში არ ჩაგავლო ბრჭყალები ,,ქაღალდის ჭინკამ~. სამაგიეროდ, ახლა ეცდება როგორმე აანაზღაუროს უაზროდ გაფლანგული დრო. ხეხილს ჩაყრის, ბოსტნეულს მოიყვანს... მახსოვს, პატარა სახლი გვედგა, ალბათ, კარგად შელანძღული იქნება... კი მაგრამ, სადღაა... წესით აქ უნდა იყოს...
ეს ბოლო ფრაზა სანდრომ იქ წარმოთქვა, სადაც წესით მისი სამემკვიდრეო ნაკვეთი და პატარა სახლი უნდა ყოფილიყო. ახლა არაფერი ამის მსგავსი არ ჩანდა, რკინაბეტონის ღობეები მჭიდროდ ესაზღვრებოდნენ ერთმანეთს.
იქნებ მხარი ექცა?
უფრო შორს გადაინაცვლა, მთელი უბანი მოიარა... ისევ აქ უნდა იყოს და არ არის, სადღაც გამქრალა.
ჰკითხა უახლოეს მეზობლებს, აქ ადამიძეების ოჯახი არ ცხოვრობდაო? ,,რას ბრძანებთ, რომელი ადამიძე, მაგისთანა გვარი პირველად გვესმის~. - მიიღო პასუხად.
მერე ერთმა, უფრო მოშორებით მცხოვრებმა მეზობელმა იხელთა დრო და აუხსნა, რაშიც იყო საქმე. ჯერ გზა გაუყვანიათ და ნახევარი ეზო იმას წაუღია. რაც დარჩა, სამმა უახლოესმა მეზობელმა გაინაწილა. მაგრამ სანდროს შეუძლია ნაკვეთის დაბრუნება, თუ მიაკითხავს, სადაც ჯერ არს... იქ ინახება საბუთები, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ ეს ნაკვეთი ადამიძეების ოჯახს ეკუთვნოდა ოდითგანვე.
სიტყვა ,,საბუთებმა~ საგანგაშო გონგივით დაჰკრა, მაგრამ სხვა გამოსავალიც რომ არ არსებობდა... სადმე ხომ უნდა დაებიჯებინა ფეხი. და სანდრომაც იწყო ხეტიალი კანცელარიიდან კანცელარიამდე, არქივიდან არქივამდე. ახდა ის, რისიც ასე ეშინოდა. არსად არ აღმოჩნდა მისთვის საჭირო დავთარი. სადაც არ მიაკითხა, ყველგან ერთი და იგივე პასუხი ესმოდა: ,,ჩვენთან არ არის, ალბათ იქ გადააგზავნეს...~ იქ მივიდოდა, ისევ აქეთ აგზავნიდნენ. ერთგან ასეთი რამეც კი უთხრეს: ,,აქ ქალბატონი დომნა მუშაობდა, ერთი თვე იქნება, რაც გათხოვდა, სხვა ქალაქში გადავიდა და შენი საბუთებიც ალბათ თან წაიღოო. გაკვირდა სანდრო, ჩემი საბუთები მზითევში რად უნდა წაეღო ქალბატონ დომნასო. არ ჰქონდა მაინდამაინც იმედი, დიდი შეჭირვების გამო მაინც მიაკითხა ქალბატონ დომნას. აქაც ამაოდ ჩაუარა ჭაპანწყვეტამ. არ აღმოჩნდა ქალბატონ დომნასთან მისი საბუთები.
ამ დაუსრულებელ ხეტიალში მიაღწია ყველაზე უფრო უდიდეს არქივამდე, სადაც ყოველგვარი საბუთი ინახებოდა, რაც კი ადამის მოდგმას გაუჭაჭანებია დედამიწის ზურგზე. აქ, უზარმაზარ დარბაზში, შტამპიანი ქაღალდების ნამდვილი მთები იყო აღმართული. ამ მთებს დარაჯობდა ქურუმის ანაფორასავით განიერ ხალათში გამოწყობილი არქივარიუსი. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ეს ჩაყვითლებული დავთრები ოდესმე თეთრად ქათქათებდნენ. ყოველგვარი საბუთი ორი მკვეთრად განსხვავებული ფერისგან, უმეტეს შემთხვევაში, თეთრისა და შავისგან შედგება. ორი უკიდურესობა დიდხანს ვერ ძლებს ერთად. განუწყვეტლივ ისწრაფვიან, რათა ერთმანეთში აითქვიფონ. დროის გასვლის კვალობაზე შავი ფერი სულ უფრო მკრთალდება, იცრიცება, თეთრი პირიქით, მუქდება. ასე გაგძელდება მანამდე, ვიდრე ყველა ეს შავ-თეთრი დავთარი გაურკვეველი თალხი ფერის გროვად არ გადაიქცევა საბოლოოდ.
ეს თალხი, გაურკვეველი ფერი ედო ირგვლივ ყველაფერს, მაღალ ჭერს, კედლებს. ასეთივე ფერის შუქი იღვრებოდა მქრქალმინებიანი სარკმლიდან და დავთრების მთების ირგვლივ მტვერივით თანაბრად ნაწილდებოდა. თალხი ფერი ედო ქურუმსაც და მის ფართო ხალათსაც, შუბლსაც თალხი ფერის ხალი უმშვენებდა, უფერული ბეწვით. მთელ დარბაზში გამეფებულ სპეციფიკურ სუნსაც თითქოს იგივე ფერი ედო... ამ სუნისგან კინაღამ წაიქცა სანდრო, მაგრამ უდიდესი ძალდატანებით შეძლო თავის შემაგრება. ოღონდ ხმამ უღალატა, ძლივს წაილუღლუღა საკუთარი გვარი და სახელი.
- ადამიძე, - მკრთალსახიანი ქურუმი დაფიქრდა, შუბლი მოისრისა - დიახ, ასეთი გვარიც არსებობს, აი, იქ მოძებნე, ასომთავრულ ,,ა~-სთან. - სადღაც მაღლა მიუთითა, მთის მწვერვალისკენ. - ადამ და ევას დროიდან აღარავის მოუკითხავს, ამიტომ სულ მაღლა დავდეთ.
იქნებ სადმე სხვაგან, მზის გულზე ან სულაც ლამპის შუქზე შეემჩნია მკრთალსახიან ქურუმს, რა ფერი დაედო სანდროს მის სიტყვებზე, მაგრამ აქ, თალხი ფერის მეუფებაში, შეუძლებელი იყო ამის შემჩნევა.
მაღლა, მთის მწვერვალისკენ!
ერთი-ორჯერ ღრმად ჩაისუნთქა სანდრომ, ათიოდე ნაბიჯი ადგილზე გადაადგა სპორტსმენივით, ხელი ჩაავლო ვიწრო კიბეს და შეუდგა გზას მთის მწვერვალისკენ... რა იყო მისთვის ეს გზა! ეს იყო ერთი იმ უსახელო გმირობათაგანი, რომელთაც არასოდეს არ გაანათებს იუპიტერების შუქი და არცერთი პოეტის კალამი არ დაშვრება მისთვის ხოტბის შესასხმელად. მიაბიჯებდა და ყოველ წამს ეჩვენებოდა, აგერ-აგერ მართლა ჭინკის მსგავსი საშინება გამოღოღოდება ამ წყეული დავთრებიდანო. ან კიბეს გამომაცლის ფეხქვეშ, ანდა რაიმე უფრო უარეს ხათაბალაში გამხვევსო. ეს შიში მძიმე ტვირთივით ეკიდა ზურგზე, ნაბიჯს უბორკავდა და სუნთქვას უხშობდა. მთელი ძალ-ღონის დაძაბვა დასჭირდა, რათა როგორმე გადაედგა მომდევნო ნაბიჯები, - როგორმე უნდა გაუძლო... - იმხნევებდა თავის თავს. - რამდენი რამ გადაგხდენია თავს, ამ საბუთების წყალობით. ახლა, როცა ასე ახლოს ხარ მიზანთან, უკან ხომ არ დაიხევ?.. კიდევ ცოტაც... სულ ბოლო, ყველაზე ძნელი ნაბიჯიც უნდა გადაადგა...
მთის ძირას დარჩენილი ქურუმი უხმოდ ადევნებდა თვალყურს ამ აღმასვლას. მეტისმეტად მოუქნელად, ნელა მიღოღავდა სანდრო. თანდათან რომ არ დაპატარავებულიყო მისი ფიგურა, იფიქრებდი, სულაც არ მიიწევს წინო, ამ მომაბეზრებელ თვალთვალში ქურუმს თვალღიას ჩაეძინა...
გამოფხიზლებისას საბუთების მთა იხილა მხოლოდ, აღარსად ჩანდა მასზე წვალებით მფორთხავი ადამიანი.
და ერთხელ კიდევ გახმიანდა სანდროსთვის კარგად ცნობილი ფრაზა: ,,ხმა ამოიღე, შე უბედურო... გაგვაგებინე, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი~. საკმაოდ მაღალი, მჭექარე ხმით დასძახა ეს სიტყვები ქურუმმა. ალბათ, ამ მაღალ თაღებქვეშ კიდევ დიდხანს იხმიანებდა მისი ექო, მაგრამ იმწამსვე შეისრუტეს დავთრების მთებმა. შეუვალი სიჩუმე გამეფდა ისევ, სასაფლაოზე რომ იცის, ისეთი...
რაკი არავინ გამოეხმაურა, იძულებული გახდა ქურუმი, ხელდახელ მოეჩხრიკა იქაურობა. ბევრი ეძება, ბოლომდე გადააქოთა დავთრების მთა, ძე-ხორციელის ნიშანწყალიც ვერ ჰპოვა მასში. მხოლოდ სულ ბოლოს, უკანასკნელი, სულ ჩაყვითლებული ფოლიანტების ქვემოდან ქაღალდის ფურცელი გადმოფრიალდა. სუფთა დაუწერელი, ერთი წერტილიც კი არსად ეტყობოდა. თეთრი და ქათქათა იყო, როგორც ახლადმოსული თოვლი, როგორც ალუბლის ყვავილი ახლადგაფურჩქნილი, როგორც ნისლი ცის კაბადონზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები