ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
19 ივლისი, 2014


ბამბაქულას თავგადასავალი

                  ბამბაქულა ლურჯი ზღვის წიაღში დიბადა. დაახლოებით კოხტად გამოსკვნილი ბაფთის ოდენა იყო, თეთრი ქაფის ფაფუკ საგებზე იწვა და ნებივრობდა. ტალღები, თითქოს ძიძაობა იკისრესო, დღე და ღამ აკვანივით არწევდნენ და ნანას უმღეროდნენ. ისიც თვალდათვალ ივსებოდა და ფუვდებოდა. როცა ძალა მოიცა, ზღვის ლურჯ ბილიკებზე გადაინაცვლა, ტალღიდან ტალღაზე ფარფატი ისწავლა. მალე კი სულ მთლად მიატოვა ზღვის ზედაპირი. აქ ნიავი დაეხმარა: „ეს რა ბუთხუზა ღრუბლის ქულაა, ნამდვილ ბამბის ქულას ჰგავსო“, - თქვა და ისე მსუბუქად ააფარფატა მაღლა, თითქოს ფრთები გამოასხაო. ვინც კი ყური მოჰკრა ნიავის სიტყვებს: ლურჯმა ტალღებმა, მათ ქეჩოზე მონავარდე თოლიებმა და მუდამ ალერსიანად მომღიმარმა მზემ, ყველამ ერთხმად აიტაცა. ასე დაერქვა სახელად ბამბაქულა და ქვეყნად ალბათ ჯერ არავის რქმევია ასე ზედგამოჭრილი სახელი.
      კარგა ხანს ისეირნა ნიავის ფრთებს აყოლილმა ბამბაქულამ. ხან მსუბუქად მილივლივებდა წინ, ხან თეთრი კატასავით არხეინად გაწვებოდა ლურჯი ცის კაბადონზე. ცნობისმოყვარეობით გადმოჰყურებდა ლურჯ უსასრულობას და ჰკვირვობდა, ეს რამოდენა ყოფილა ქვეყანაო.
როცა თავის თავს დაღლა შეატყო, ისევ ზღვის ზედაპირს მიაშურა, ფართოდ გაშალა რბილი, ფაფუკი თათები და ტალღებს დაეწაფა. წყურვილი რომ მოიკლა და კარგადაც დაისვენა, კიდევ უფრო ჩამრგვალებულმა და მკვირცხლმა, ისევ ცის უკიდეგანო სივრცეს მიაშურა. თვალებიც თითქოს უფრო მეტად გაუდიდდა, უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით გადმოხედა ცისკიდურიდან ცისკიდურამდე გადაშლილ სამყაროს. რამდენ სასწაულს, რამდენ მშვენიერ, საოცარ ამბავს ჰპირდებოდა მერე ეს სამყარო. ქვეყნად სულ ახლახან მოვლენილ ბამბაქულას სად შეეძლო ამის წარმოდგენა, მაგრამ გუმანით გრძნობდა. ამიტომაც უბრწყინავდა თვალები სიამით და ინტერესით, გულიც ამიტომ უჩქროლავდა ასე გამალებით.

      გ ე მ რ ი ე ლ ი ა თ უ ა რ ა ზ ღ ვ ი ს წ ყ ა ლ ი

    ყველაზე გალაღებულად და ბედნიერად მაშინ გრძნობდა თავს ბამბაქულა, როცა ზღვის ლურჯ ტალღებს დაეწაფებოდა ხოლმე. ამას კიდეც გამოხატავდა ხოლმე ხმამაღლა:
- რა გემრიელია ზღვის წყალი! - გაიძახოდა და მეტი სიამოვნებისგან სახე ერთიანად ებადრებოდა.
ერთხელ ბამბაქულას ამ სიტყვებს იქვე, ტალღებში თევზებზე მონადირე თოლიამ მოჰკრა ყური და ძალიან გაიოცა:
- რაო, ბამბაქულა, ზღვის წყალსა სვამ?
ბამბაქულამ მოზრდილი ყლუპი შესრუტა და ლოყებგაბუშტულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ზღვის წყალი რა დასალევია, - უთხრა თოლიამ. - ცარიელი მარილის გემო აქვს.
- როგორ, განა არსებობს სადმე უმარილო წყალი? - იკითხა ბამბაქულამ.
თოლიამ დამცინავად გადახედა და, აქაოდა ამ ქვეყნისა არაფერი ესმისო, ძლივს გაიმეტა პასუხი: - შენ წარმოიდგინე, არსებობს.
- მერე სად არის?
- სად და ზღვის ნაპირიდან შორს - მდინარეებში, ტბებში, ნაკადულებში.
თოლიას სიტყვებმა ბამბაქულა შეაფიქრიანა. თავი უხერხულად იგრძნო. „ მართლაც დიდი სირცხვილია, რომ ზღვის გარდა არაფერი მინახავსო, - თქვა გულში, - სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? პატარა ხომ აღარ ვარ, უკვე ორი დღეა, რაც მაქვეყნად გავჩნდი.“
ბამბაქულა დილის ნიავს დაელოდა. დაუზარელმა ნიავმაც მალე წამ ოუქროლა და ბამბაქულა ნაპირიდან კარგა შორს, მწვანედ დაბურულ ტყეში წააფარფატა, სადაც კამკამა ნაკადული მოჩქაფუნებდა. ნაკადულის დანახვისას ბამბაქულა დაბლა დაეშვა და ცნობისმოყვარეობით ატანილმა დალია მისი კამკამა წყალი.
- აბა, როგორია ნაკადულის წყალი, ზღვის წყალზე გემრიელი არ არის? - შეეკითხა თოლია, რომელიც თურმე თვალს ადევნებდა ბამბაქულას მოგზაურობას.
- არა, ზუსტად ისეთივე გემო აქვს, როგორიც ზღვის წყალს, - უპასუხა ბამბაქულამ.
- გაიგონეთ რა თქვა?! - განცვიფრებით მიმართა თოლიამ ნაკადულის პირას თმაჩამოშლილ ტირიფებს. თურმე ზღვის წყალი და ნაკადულის წყალი ერთნაერი გემოსი ყოფილა!
ტირიფებმა თავები გაოცებით გადააქნიეს, თქმით კი არაფერი უთქვამთ.
- რა უგემოვნო ყოფილა ბამბაქულა, - სიცილით კვდებოდა თოლია. ზღვის წყალს და ნაკადულის წყალს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს.
თოლიას ამ სიტყვებზე ნიავმა ვეღარ მოითმინა და გამოეპასუხა:
- რატომ იცინი თოლია?! თავი ყოვლისმცოდნე გგონია, ამ დროს კი არაფერიც არ იცი. ბამბაქულა არც მდინარის წყალს სვამს და არც ზღვისას.
- ესეც ახალი ამბავი! აბა, ერთი მითხარი, რას აკეთებს ბამბაქულა ამ წუთში ნაკადულზე გაფოფრილი?
- რას აკეთებს და ნამს ისრუტავს, ნაკადულიდანაც და ზღვიდანაც, ნამს კი ყველგან ერთნაერი გემო აქვს, - უპასუხა ნიავმა.
ამაზე ვეღარაფერი თქვა თოლიამ. სიცილი მაშინვე შეწყვიტა, ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაფრინდა. ოღონდ, როცა ჰაერში შეიმაღლა, ერთი ისღა ჩამოსძახა ნიავს, ნეტავი ყველას მამიდა შენ როგორ უნდა იყოო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები