- დამიჯერე, ასე აჯობებს... - არა, მე მგონი, არ ღირს. - ერთხელ მაინც რომ სცადო... - არა-მეთქი. - გეუბნები, ამ ერთადერთხელ... მხოლოდ... მერე ამის შემდეგ ხმასაც არ ამოვიღებ. - ნეტავი რაში მჭირდება... ამას რომ ამბობდა, სხეული ზანტად დაგორგლა ანკარამ, თავი რგოლზე ჩამოდო და თვალიც მილულა. - რაში მჭირდებაო? - ძლოკვი ისე გაცხარებით წამოყელყელავდა, რომ ერთიანად შეირხა ჭიაფერის უხვად გაბარდული ბუჩქი, რომლის ძირსაც თავს აფარებდა ორი მოსაუბრე, - რას ჰქვია, არ მჭირდება! როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. როდემდე უნდა შეხვდე მზის დღესასწაულს მარტოდმარტო მოცეკვავე, მწვანე მოლზე ეულად მროკავი. არავინ არის შენი ცეკვის მხილველი, მწვანე ხეების და თვით მზის გარდა... - შენც ხომ მიყურებ ხოლმე. - ეგ არ ითვლება, - სევდიანად შენიშნა ძლოკვმა, - არც ამას აქვს დიდი ფასი, კაჭკაჭი რომ გაოცებით ჩამოგხედავს ტოტიდან, სოროდან ამომძვრალ თაგვს საშიშროება რომ ავიწყდება და თვალები დილის ცვარივით აუბრჭყვიალდება ხოლმე გაკვირვებისაგან. შენი ცეკვა იმათ უნდა იხილონ, შხამიანთა მოდგმამ, მანჭვა-გრეხვით რომ დასრიალებენ ჩვენს ბილიკებზე და იმასაც არ კადრულობენ, სალამი მოგცენ შეხვედრისას. ცხვირები მაღლა მიაქვთ, აქაოდა თქვენ ვინა ხართო. შენ ბევრად მათზე უკეთესად ცეკვავ, მზის სადიდებელი ცეკვის შესრულებაში ხომ, თვით მზეს ვფიცავ, ბადალი არ გყავს. ანკარამ ნელა გაახილა თვალები, ცნობისმოყვარეობით შეხედა ძლოკვს. - მართლა ასე კარგად ვცეკვავ? - კარგად თუ ვცეკვავო? ოო, მზის თვალო, თვითონაც არ იცი, რა სასწაულებს ახდენ. ნიავივით მოქნილია შენი ყოველი მოძრაობა, მზის სხივივით ზუსტია ყოველი ნახტომი. როცა კამარას შეჰკრავ ჰაერში, ელვა მაგონდება ამ დროს. უნაკლო რკალები გამოგყავს საკუთარ კუდზე კბილჩაჭიდებულს. განა დასანანი არაა, რომ ჩემს გარდა არავინ გყავდეს მაყურებელი? მავიწყდება კიდეც, უბრალო ანკარა რომ ხარ. უცხო ნახატი მგონიხარ, ჯადო-თილისმით გაცოცხლებული. მეც კი, საბრალო ბებერ ძლოკვს, თავის დღეში რომ არ მიცეკვია, უცნაურად ამითრთოლდება მთელი სხეული. ო, როგორ მინდა, თუნდაც ერთი კამარა შევკრა შენებურად, ერთხელ მაინც მოვქარგო სხეულით ის უცნაური ჯადო-სახება და მერე თუნდაც ათმა კობრამ ერთად დამგესლოს, აღარ დავეძებ... ამას რომ ამბობდა, თავით კუდამდე მთელი სხეული აუთრთოლდა ძლოკვს, ერთიანად დაიძაბა, თითქოს მართლა აპირებს ნარნარი ნახტომის გაკეთებასო. ანკარამ ბუჩქის ზროს გაუხახუნა თავი და მერე ისევ რგოლებზე ჩამოდო. - სულერთია, შხამიანთა მოდგმა თავს არც კი შეიწუხებს ჩემი ცეკვის საყურებლად. ძლოკვი ერთი წამით გაირინდა ამ სიტყვებზე, თითქოს რაღაცას სწონიდა გუნებაში, მერე ხმადაბლა ჰკითხა: - ასე გგონია? - მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვარ. კარგად ცეკვა ეს ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს. შხამიც უნდა გქონდეს, თანაც საკმარისი... მე კი უბრალო ანკარა ვარ, ანკარათა ოჯახის უშხამო წევრი. შხამიანთა მოდგმა ახლოსაც კი არ გამიკარებს. ერთი განახა, რა თვალებით მიყურებენ, როცა მწვანე ბილიკზე მხვდებიან ხოლმე: განა შენც ბედავ მიწაზე ცოცვასო? აი, ამას ვკითხულობ იმათ გამოხედვაში. განსაკუთრებით დიდი კობრა მიბრიალებს თვალებს... როგორც კი შემამჩნევს, შხამიანი ჯირკვლები ბურთივით ებერება. ერთი სული აქვს, იქნება კბილი ჩამასოს როგორმე. იცის, რომ მასზე სწრაფი ვარ და ვერ დამეწევა, მაგრამ თუ სადმე მომიხელთა... - ანკარას თავით კუდამდე ჟრჟოლამ გადაურბინა და სიტყვა აღარ დაამთავრა. - მართალი ხარ, დაუნდობელია შხამიანთა მოდგმა. ერთმანეთსაც კი არ ინდობენ. ერთი ისღა აკავებთ, რომ იციან, ყველას საკმარისად აქვს შხამი საპასუხო კბენისთვის. უშხამოებს რატომღა დაზოგავენ... მიუხედავად ამისა, შენ მაინც იცეკვებ მათ თვალწინ, ისინი კი ტაშს დაგიკრავენ უკეთური კუდებით... - მე... ტაშს დამიკრავენ? შხამიანთა მოდგომა... - და პირველი მოცეკვავის ჯილდოსაც მიიღებ... ყვავილების გვირგვინს დაგადგამენ თავზე. შენ ხომ ყველას აჯობებ ცეკვაში. მხოლოდ ის არის ცოტათი საწყენი, რომ არ ეცოდინებათ, ვის მიაგეს ეს დიდი პატივი. - გამაგებინე, რას ამბობ. - მე, ბებერმა ძლოკვმა, ვიცი, რასაც ვამბობ. აქეთ მოიწი, გველაძუა არ იყოს სადმე მოყურადებული, - ხმის დაწევით უთხრა ძლოკვმა, - ტყუილად კი არა ვარ მთელი ერთი კვირა ამ ჭიაფერის ბუჩქის ძირას შემძვრალი. ახლავე ისე გაგალამაზებ მისი წვენით, რომ ვერავინაც ვერ გიცნოს. შხამიან ჯირკვლებსაც მიგიხატავ... - ეგ რამ მოგაფიქრა, - აღტაცებით შესძახა ანკარამ, რგოლები მაშინვე გაშალა. - ეჰ, ასე ნუ უყურებ ბებერ, საწყალ ძლოკვს, - ბუტბუტებდა ძლოკვი და კუდს მარჯვედ ავლებდა ჭიაფერის წვენში, - რაღაც-რაღაცეები მეც მესმის. შენი ცეკვა ნამდვილი სასწაული იქნება, მწვანე ტყეში მხოლოდ მაგაზე ილაპარაკებს ყველა. - ისევ ლაპლაპა კლდის ძირას იქნება ზეიმი, არა? - იკითხა ანკარამ. - ჰო, კლდის ძირას, მწვანე მოლზე. გუშინ გავიარე იქითკენ. გველაძუა და მისთანა წვრილკუდიანები იქაურობას ასუფთავებდნენ, საცეკვაოდ ამზადებდნენ, სადმე ეკალი არ იყოს, ან ხვიჭაო... ცეკვაში ხელი რომ არ შეეშალოთ ხვალ, როგორც კი მზე შუადღის წერტილს მიაღწევს, ყველანი იქ მოიყრიან თავს. - დიდი კობრაც იქნება? - რა თქმა უნდა, მზის ზეიმს როგორ გააცდენს. თან გათბება კიდეც. უყვართ იქაურობა ცივსისხლიანებს, მზეს ეფიცხებიან. მე ჩუმად კლდეს ვეფარებოდი და იქიდან ვუყურებდი ხოლმე მათ ცეკვას და ყოველთვის შენი ცეკვა მედგა თვალწინ. ტყუილია, იქ შენსავით ვერავინ ცეკვავს. ძლოკვმა საღებავში ამოვლებული კუდი შემართა. ანკარამ მორჩილად მიუშვირა ზურგი. მაგრამ ძლოკვი აგვიანებდა. ჭიაფერით შეღებილი კუდი მაღლა თითქოს გამაფრთხილებლად აეშვირა. - ყური დამიგდე, - უთხრა ბოლოს, - ეს ცეკვა უბრალო გართობა არ იქნება შენთვის. შხამიანთა მოდგმა მომაკვდინებელ შხამს ფლობს, ბუნებითაც დაუნდობელია. მე ძალიან მინდა იცეკვო, მაგრამ იცეკვებ თუ არა, შენი ნებაა, თვითონ უნდა გადაწყვიტო. - საქმეს მიხედე, - მოკლედ პასუხი გასცა ანკარამ. ძლოკვმაც აუჩქარებლად იწყო მის ზურზე ფიგურების გამოყვანა ჭიაფერის წვენში ამოვლებული კუდით.
* * * როგორც კი მზემ თავისი ოქროვანი ბილიკის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, შხამიანთა მოდგმა ლაპლაპა კლდესთან შეიყარა. ვინ აღარ იყო აქ: ფერად-ფერადი მცურავები, ზოგი ველზე მცხოვრები, ზოგიც კლდის ბინადარი; დაფოთლილები, დაწინწკლულები, ზოლიანები, რომბიანები, ჩხრიალა გველი, გიურზა, კობრა და სხვა მრავალი... ყველანი განცხრომით ეფიცხებოდნენ მცხუნვარე მზის სხივებს, თან რიგრიგობით ცეკვავდნენ ხავერდივით რბილ მოლზე, რომელიც ხალიჩასავით დაფენილიყო შვეული კლდის ძირში. ყოველი მოცეკვავე ყურადღების ცენტრში ექცეოდა. საუკეთესო შემსრულებელი ყვავილების გვირგვინით უნდა დაეჯილდოვებინათ. ნაირფერ ყვავილთა ფურცლებისაგან დაწნული ულამაზესი გვირგვინი ჩრდილში იდო, რათა მზის სხივებს არ ევნო. მოცეკვავეები თავს არ იზოგავდნენ, რათა ეს მშვენიერი ჯილდო დაემსახურებინათ. კატისთვალა ანკარა გამოირჩეოდა ამ ჭრელ საზოგადოებაში. მწვანე მდელოსთან ახლოს მოეკალათებინა და საქმის მცოდნე იერით უთვალთვალებდა მდელოზე მროკავ ასპიტებს. თან ერთგვარი გულარძნილობაც აშკარად ემჩნეოდა, რის დამალვასაც იგი არც კი ცდილა. - არა, აქ არაფერია საინტერესო, - ჩაისისინა კატისთვალამ თავისთვის, თანაც თავისი ნათქვამის დასადასტურებლად ამრეზით აარიდა თვალი მწვანედ მობიბინე მდელოს, რომელზეც იმ წუთას შოკოლადისფერი ასპიტი როკავდა. - ამას რად ამბობ, დაო კატისთვალა, - გამოეხმაურა მუქი ფერის რომბებით ტანმოხატული მცურავი, - მშვენივრად ცეკვავს, წუნი არ დაედება. ერთი შეხედე, რა კარგად გამოსდის მზის რკალი, უნაკლო წრე გამოიყვანა კუდზე კბილჩაჭიდებულმა. რვიანებიც კარგად გამოჰყავს. თანაც ერთმანეთის მიყოლებით, შეუსვენებლად... ახლა კიდევ ის ნახე, კუდზე ტრიალს როგორ ასრულებს. პირდაპირ არაჩვეულებრივი სანახაობაა. - მიკვირს, რას ხედავ აქ არაჩვეულებრივს, დაო ჭრელკუდავ, - ზიზღით ჩაიფრუტუნა კატისთვალამ, - ყველა ერთნაირად იგრიხება და იმანჭება, ერთნაირად ასახიერებს წყლის ჭავლს, მზის წრეს, რვიანებს. ერთნაირად ტრიალებს კუდზე, ერთნაირად ხტება მაღლა და ყირას ჭიმავს მწვანე მოლზე. რაიმე განსხვავება ხომ უნდა იყოს ამ ცეკვებს შორის, მე კი ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ, თუ მათი ტყავის ფერებს არ მივიღებთ მხედველობაში. ერთი მწვანედაა დაწინწკლული, მეორე წითლად, მესამე შოკოლადისფრად. ესაა სულ... - შენი მახვილი თვალის ამბავი ყველასათვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ მაინც მეტისმეტად მკაცრად სჯი, საყვარელო დაო, - ჭრელკუდამ მოზიმზიმე რგოლები დაახვია, მოხერხებულად მოეწყო, მისი თავ-კისერი ისევ იგრიხებოდა იმ რგოლებს ზევით, როგორც უცხო რამ მცენარის რტო... - ჩემი ძვირფასი შოკოლადისფერი დაიკო ძალზე გულდაგულ მოემზადა მზის დღესასწაულისთვის. დღესა და ღამეს ასწორებდა, ვარჯიშის მეტი აღარაფერი ახსოვდა, ჭამაზე ლამის მთლად აიღო ხელი... სხვათა შორის, წონაშიც კარგად დაიკლო... შედეგიც სახეზეა, ყველა ნომერი უნაკლოდ შეასრულა. ყირაზე დგომა ყველას როდი გამოსდის ასე... - სწორედ მაგაშია საქმე, დაო ჭრელკუდავ, რომ ასე უნაკლოდ ასრულებენ, - გაცხარებით წაისისინა კატისთვალამ, - გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს, ცეკვა არ არის საცეკვაო ილეთების მხოლოდ და მხოლოდ უნაკლოდ შესრულება. ცეკვა... ოჰ, ცეკვა სულ სხვა რამეა... როცა წყლის ჭავლს განასახიერებ, თავი უნდა იგრძნო კიდეც წყლის ჭავლად, ისე რომ მე, შენს მაყურებელს, წყალში დასველების მეშინოდეს. ნახტომის დროს ნამდვილად უნდა იქცე ელვად, ყირას რომ გაჭიმავ, მცენარის ქორფა რტოდ უნდა გრძნობდე თავს, მიწიდან ცისკენ მიმართულს... არა, ამაზე აღარავინ ფიქრობს... მხოლოდ გარეგნულ მხარეს უყურებს ყველა. დაუსრულებლად ვარჯიშობენ, ხვეწენ და ავითარებენ ყოველი ილეთის ტექნიკურ მხარეს, ჰოდა, ის ილეთებიც ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც შენს ტყავზე მოხატული ჭრელი რომბები... დაასრულა თუ არა სიტყვა კატისთვალამ, მწვანე მდელოზე გამართული როკვაც დასრულდა. შოკოლადისფერმა მცურავმა უკანასკნელად შეჰკრა კამარა ხავერდივით რბილ მდელოზე და ქანდაკებასავით გაირინდა. სულ ერთიანად დაჭიმული იყო ეს შოკოლადისფერი მოქნილი სხეული, მაგრამ დიდი თავდაჯერებაც აშკარად იგრძნობოდა მასში. მან შეუცდომლად და უნაკლოდ შეასრულა საცეკვაო ნომერი და ახლა დამსახურებულ ჯილდოს ელოდა მაყურებლისაგან. მასაც არ დაუგვიანია, ძლიერი ქარი რომ ჩინარის ფოთლებს ააშრიალებს, ისეთმა შრიალმა გადაურბინა იქაურობას. გველები კუდებს გაცხარებით ასხმარტალებდნენ, რათა ქიცვებს რაც შეიძლება მაღალი ხმა გამოეცათ. შეიძლება ითქვას, რომ კუდებს არ ზოგავდნენ. ჩხრიალა გველის კუდის გრიალი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ ხმებში. ასპიტთა გამოხედვაშიც დიდი აღფრთოვანება ჩანდა. მოცეკვავე თვალებგაბრწყინებული უკრავდა თავს მაყურებელს. მერე ნელ-ნელა, შოკოლადისფერი სხეულის გრაციოზული რხევით დაიხია უკან და დანარჩენ გველებს შეერია. კუდებისაგან ატეხილი შრიალი ერთხანს კიდევ გაგრძელდა მისი მიმალვის შემდეგ. განსაკუთრებით გიურზამ გამოიდო თავი. კუდს მაშინაც კი ასხმარტალებდა, როცა მწვანე მდელოზე ახალი მოცეკვავე გამოსრიალდა. გიურზას აშკარად სიმპათია შოკოლადას მიმართ ასპიტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მწვანე მდელოს ჩუმი სისინი მოედო, პირველი მოცეკვავის ჯილდოს, ყვავილების გვირგვინს ალბათ შოკოლადას არგუნებენო, ხმადაბლა გამოთქვამდნენ ვარაუდს. ყველამ დიდ კობრას შეხედა. დიდი კობრა მორგვივით დაგორგლილიყო და უმეტყველო სახით იყურებოდა. ასპიტებმაც ბოლოს საეჭვოდ ჩათვალეს შოკოლადას გამარჯვება. ახალი მოცეკვავე ძალიან ლაზათიანი შესახედავი გახლდათ. მთელი ტანი წითელ-ყვითელი რგოლებით ჰქონდა მოხატული. ეს ცხადია, ძალიან უწყობდა ხელს, რათა მისი როკვა მომხიბლავად წარმოჩენილიყო. უცხო რამ ნახატს ჰგავდა, როცა რომელიმე პოზაში გაირინდებოდა, ხოლო ილეთების შესრულებისას ისე მოგეჩვენებოდა მის მაყურებელს, თითქოს თვით მზის სხივი ჩამოსულიყოს მიწაზე, რათა თავისი სილამაზით დაეტკბო მიწიერთა თვალი. ძალიან მოიხიბლნენ ასპიტები მისი გარეგნობით (და ცეკვითაც). - ოო, რა ლამაზია ჩვეინ ძვირფასი დაიკო ზოლიანა, - სისინებდნენ ხმამაღლა, ცეკვითაც ძალიან ლამაზად ცეკვავს. კუდები დიდი მონდომებით აასხმარტალეს, ჩხრიალა გველმა ლამის დააყრუა ყველა... ზოგი კუდზეც კი დგებოდა, რათა კარგად დაენახათ ასე ლამაზი მოცეკვავე. - ამაზე რაღას იტყვი? - მიუბრუნდა ჭრელკუდა კატისთვალას, როგორც კი ცეკვა დასრულდა, - არც ზოლიანა მოგწონს? - რატომაც არა, ტყავი იშვიათი სილამაზის აქვს, - ასეთი პასუხი გასცა კატისთვალამ. ჭრელკუდას აღარაფერი უთქვამს, ისევ მწვანე მდელოსკენ გაიხედა, სადაც ახლა ოქროსფრად ტანაბრჭყვიალებული მცურავი სრიალებდა. - ეს რომელია, ოქროსქიცვა? - იკითხა ჭრელკუდამ. მას ცოტა არ იყოს თვალები აუჭრელა ზოლიანას ყურებამ. - სწორედ ისაა ოქროსქიცვა, ოქროსქიცვა, - ასისინდნენ ასპიტები და წარმტაცი სანახაობის მოლოდინში გაირინდნენ. ჭრელკუდამ ერთხანს თვალმოუცილებლად უყურა ოქროსფერი მცურავის ცეკვას და მოულოდნელად ყველას გასაგონად თქვა ხმამაღლა: - ოქროსქიცვას შემდეგ მე უნდა ვიცეკვო... მერე კატისთვალასკენ გადაიხარა და ყურში წასჩურჩულა: - ტყის თხილით გასუქებულ თაგვებს მოგართმევ, ნამდვილ ბუნებრივ საჭმელს, მე ვიცი სადაც აქვთ სორო... კატისთვალამ დამცინავად გადახედა, თავი კლდისკენ ზანტად მოატრიალა და თქვა: - მე აქ ცეკვის საყურებლად როდი მოვდივარ... თქვენი ცეკვა ამად არ ღირს. მე აქ მზის აბაზანებს ვიღებ. ლაპლაპა კლდე შესანიშნავად ირეკლავს მზის სხივებს და მის ძირში თითქოს ორი მზე ანათებს ერთად, არაჩვეულებრივად მყუდრო და თბილი ადგილია. კიდევ უფრო მყუდრო მაშინ იქნებოდა აქაურობა, ამდენს რომ არ იგრიხებოდეთ და იმანჭებოდეთ. ამ სიტყვებს რომ ამბობდა, თან მთელი სხეულთ გაიზმორა კატისთვალამ, დამცინავად გადახედა თავის მეზობელს; ამაოდ მაჩვენებდი თავს დიდად კეთილშობილ მაყურებლად და ყველასათვის კეთილმოსურნე მეზობლად, მე ხომ, ვიცოდი, რაც მაწუხებდაო, ცხადად ამბობდა კატისთვალას იერი. ჭრელკუდა არც შერხეულა, თითქოს ბაიბურშიაც არააო. თვალები მროკავი მცურავისთვის მიეშტერებინა. მოულოდნელად ვიღაცა ფრთხილად გაეხახუნა ქიცვებით. ჭრელკუდამ მოიხედა, მის გვერდით მწვანე ლაქებით ტანმოხატული მცურავი იზლაზნებოდა. - ...რამდენი ხანია ყურს გიგდებთ და... ოჰ, ეს კატისთვალა, რა მყრალი ვინმეა. მაგის შიშით ცეკვა ვეღარ გამიბედავს. - ნუღარ იტყვი, დაო ფოთოლავ, - ამოიქშინა ჭრელკუდამ, - ვეღარავინ გადაურჩა მაგის გესლიან ენას. პირდაპირ ვეღარ ვცნობ. უწინ ერთი-ორი თავკომბალა რომ მიგეტანა, ჭირსაც მოგჭამდა. ნეტავი გამაგებინა, რა შხამი დაუგროვდა ასეთი... - თაგვიჭამიავ, - მოისმა ხმამაღალი სისინი. ჭრელკუდამ ფიცხლად მოატრიალა თავი. კატისთვალა ყალყზე შემდგარიყო და ცეცხლოვანი თვალებით მისჩერებოდა. - ბაყაყიყლაპიავ, - დაუბრუნა ჭრელკუდამ და სასწრაფოდ მიიღო საბრძოლო პოზა, კისერი მომართა და თავდახრილი მოემზადა. ორივე გველი ერთმანეთის პირისპირ გაირინდა. ოდნავ ერხეოდათ შემართული კისრები. ანთებული თვალებით ერთმანეთის შხამიან ჯირკვლებს მისჩერებოდნენ. ორივეს ერთი აზრი უტრიალებდა თავში, ნეტავი რა მდგომარეობაშია ჩემი მოწინააღმდეგის შხამიანი ჯირკვლებიო. თუ ახლახანს უკბინა ვინმეს და შხამი დახარჯული აქვს, მაშინ შეიძლება დავესხა თავს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ხანია არც არავისთვის უკბენია, ჩემზე თუ დახარჯა მთელი შხამი, რაღა მეშველებაო. ამ ერთ საფიქრალს ფიქრობდნენ და თვალებში ჩაციებით ჩასცქეროდნენ ერთმანეთს. მერე ორივემ ერთდროულად, ნელ-ნელა ისევ დაბლა დაუშვა კისერი, ერთმანეთზე თავდასხმა გადაიფიქრეს, რადგან არც ერთმა არ უწყოდა მეორის შხამის რაოდენობის შესახებ. ამასობაში ოქროსქიცვა როკავდა მწვანე მდელოზე. დიდი ვერაფერიშვილი მოცეკვავე გამოდგა, თითქმის ვერც ერთი ნომერი ვერ შეასრულა უნაკლოდ და წესიერად. ბოლოს კი, როცა ყირა გაჭიმა, წონასწორობა დაკარგა კიდეც და მოჭრილი ტოტივით გაიშხლართა მაყურებელთა თვალწინ, მაგრამ საოცრება მოხდა. კატისთვალამ სწორედ მის ცეკვაზე ატეხა გაცხარებული კუდის სხმარტალი. კატისთვალა, ჭრელკუდას თქმისა არ იყოს, ცნობილი იყო თავისი მახვილი თვალით და მისმა რეაქციამ თავისებური გავლენა მაინც მოახდინა... ამას გარდა, ყველამ შენიშნა, რომ დიდი კობრა სწორედ ოქროსქიცვას შესცქეროდა გაფაციცებით, კუდის სხმარტალიც ყველაზე მეტად სწორედ მას შეაწია. ოქროსქიცვა ნელი სრიალით გასცილდა მწვანე მდელოს. ტყავი ისედაც უბრწყინავდა ოქროსფრად, ახლა კი სიხარულისაგან ლამის ოქროს რკალს დაემსგავსა. სანახავად მართლაც რომ ერთ რამედ ღირდა. - ოქროსქიცვა მიიღებს ყვავილების გვირგვინს, - დარწმუნებით თქვა ფოთოლამ. - მეც რაღაცას მოვკარი ყური, ასე ამბობდნენ, თითქოს დიდი კობრა... - წამოიწყო ჭრელკუდამ და უეცრად გაჩუმდა. შეამჩნია რომ გველაძუა გარინდებულიყო შორიახლოს ბალახებში და ყოველ მის სიტყვას ლოკატორივით იჭერდა... - დიახ, ყველა ასე ამბობს და მეც ვეანხმები, რომ შეუმცდარი ალღო და თვალი აქვს ჩვენს დაიკოს, დიდ კობრას. - ამავე დროს სამართლიანიცაა, - დაუმოწმა ფოთოლამ. - ამას რაღა თქმა უნდა... გველაძუა ორიოდე წუთს კიდევ იყო იქ გარინდებული, მერე ისევ კობრასკენ გასრიალდა. ძუასავით წვრილ სხეულს სწრაფად მიასხმარტალებდა. ორივე მცურავი შიშით ადევნებდა თვალს. იცოდნენ, რომ სულ მალე დიდ კობრას ეცოდინებოდა მათი ნათქვამი ყოველი სიტყვა... მერე რაო, ისეთი რა თქვეს... შემდეგ ჭრელკუდამ მოინდომა ცეკვა და წინასწარ სთხოვა ძვირფას დაიკო ფოთოლას, კუდის სხმარტალი შემაწიეო. ტყის თხილით გასუქებულ თაგვებს ახლა უკვე მას შეჰპირდა, რადგანაც კატისთვალამ საბოლოოდ გადაუწყვიტა იმედი. არა უშავდა რა, გვარიანად იცეკვა ჭრელკუდამ. რომბებით მოხატული სხეულით გრაციოზული რკალები გამოჰყავდა, ნახტომიც კარგი გამოსდიოდა, ლაღი, ჰაეროვანი... ასპიტებმა კუდების სხმარტალი არ დაიზარეს. კარგა ხმამაღალი შრიალი და სისინი ატყდა. ჰოდა ფოთოლამ იფიქრა, ასეთი ოვაცია ჭრელკუდას მეტიც მოუვაო და კუდს ტყუილად იქნევდა ჰაერში სხვების თვალის ასახვევად, მიწისთვის ერთხელაც არ დაუკარებია. ზუსტად ისევე მოიქცა ჭრელკუდა, როცა ფოთოლამ იცეკვა. ერთი კუდის დაკვრაც არ შეაწია. თუმცა ფოთოლამ ისედაც ვერ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. თავისი მწვანედ მოზიმზიმე სხეულით ძლივს განირჩეოდა მწვანე მდელოზე. მწვანე ფერის გამო აშკარად ბევრს აგებდა... შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით იცეკვეს ფერად-ფერადმა ასპიტებმა, დაწინწკლულებმა, დაფოთლილებმა, ზოლიანებმა, რომბიანებმა, სპილენძისფერმა და ვერცხლისფერმა გველებმა. თვით გიურზამ და კობრამაც იცეკვეს. მათი ცეკვების სათითაოდ აღწერა ძალზე შორს წაგვიყვანს. თუმცა სრულყოფილად ვერც ერთი ვერ ფლობდა ყველა ილეთს, ანუ თუ ერთი ილეთი კარგად გამოსდიოდათ, სამაგიეროდ მეორეს ვეღარ ახერხებდნენ. მაგალითად, გიურზას ვერავინ შეედრებოდა ნახტომის სიმაღლესა და სიგრძეში, სამაგიეროდ კობრა ელვისებურად სრიალებდა მწვანე მდელოზე. მერე გველისარამ განაცვიფრა ასპიტები თავისი არაჩვეულებრივი სისხარტით. მართლაც ისარივით გასხლტებოდა ხოლმე მწვანე მდელოს ერთი ბოლოდან მეორემდე. ძნელიც კი იყო თვალი გედევნებინა მისთვის. ყველანი უზომოდ მოიხიბლნენ ამით. გველისარას შემდეგ აღარავინ ჩანდა ცეკვის მსურველი, უკვე ყველამ შეასრულა თავისი ცეკვა, გამოამზეურა, რისი უნარიც ჰქონდა. დადგა ჟამი, როცა ყვავილების გვირგვინი უნდა დაედგათ თავზე საუკეთესო მოცეკვავისათვის. ეს არც ისე ადვილად გადასაწყვეტი საკითხი გახლდათ (მიუხედავად ზოგიერთი წინასწარგამიზნული სვლებისა) და ასპიტები საკამათოდ, საკუთარი შეხედულებების გამოსათქმელად მოემზადნენ, ცხადია, არც სიფრთხილე ავიწყდებოდათ, რომ უეცრად მწვანე მდელოზე კიდევ ერთი მცურავი გამოსრიალდა. - შესდექით, კიდევ ყოფილა ვიღაცა დარჩენილი, - დაუსისინა დიდმა კობრამ გველებს. პირველმა მან დაინახა ახალი მოცეკვავე და ძალიანაც მოეწონა. სხვებიც მოიხიბლნენ იმ ახლად გამოჩენილი მცურავით, იმდენად იშვიათი სილამაზისა იყო იგი: ვერცხლისფრად მოლაპლაპე სხეული ჭიაფერის ლამაზი ფიგურებით ჰქონდა მოხატული. ო, როგორ უხდებოდა ეს ორი ფერი ერთმანეთს. სხეულთან შედარებით მუქი ფერის მკვეთრად გამოხატული შხამიანი ჯირკვლები აჩნდა, რომლებიც თითქოს აგვირგვინებდნენ მისი უჩვეულო სილამაზის ტანმოხატულობას. ასპიტებს ჯერ არასოდეს ენახათ ასეთი ფერებით დამშვენებული მცურავი. ნეტავი ვინ არისო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, თუ ასეთი ლამაზი დაიკო გვყავდა, ამდენ ხანს რატომ არ შემოგვხვდა სადმეო, მაგრამ არავინ არაფერი უწყოდა ამის შესახებ. ვერც დიდმა კობრამ იცნო იგი. მხოლოდ ისღა ჩაისისინა თავისთვის, მგონი სადღაც მინახავსო. მერე და როგორ ცეკვავდა ეს იშვიათი სილამაზით დაჯილდოვებული მცურავი! იფიქრებდი, თვით ანკარა ნაკადული გაცოცხლებულაო, როცა მწვანე მდელოს გაეკვრებოდა მთელი სხეულით. ნიავივით მოქნილი იყო ყოველი მისი მოძრაობა, მზის სხივივით ზუსტი ყოველი ნახტომი. უცხო რამ ნაყშებს და ნახატებს ქარგავდა სხეულით. ხან შეიკუმშებოდა რგოლივით, ხანაც ერთბაშად გაიშლებოდა და ელვასავით გასხლტებოდა ერთი კუთხიდან მეორემდე. რა ლაღად, რა თავისუფლად ნავარდობდა ჰაერში, უნაკლო რკალებს ჰკრავდა საკუთარ კუდზე კბილჩაჭიდებული, თვით მზის ბადროსავით ზუსტი წრე გამოჰყავდა. როცა კუდზე ტრიალი იწყო, ასპიტებმა პირები ფართოდ დააღეს გაკვირვებისაგან. ამის მსგავსი ჯერ მართლაც არაფერი ენახათ. თვითონ მცურავი აღარც კი ჩანდა, მხოლოდ რკალები ბზრიალებდა მწვანე მდელოზე. ბოლოს კი, როცა ყირა გაჭიმა, გაოცებისაგან ერთიანი ოხვრა აღმოხდა ყველას. მცენარის მოქნილ ტოტს ჰგავდა უცხო მცურავი. ცისკენ ლაღად მიმართულს. მისი მხილველი ვერაფრით ვერ წარმოიდგენდი, თუ რა ძნელი გახლდათ გველისათვის ამ ილეთის გაკეთება: საკუთარ კისერზე დგომა და კუდის მაღლა, ცისკენ შემართვა. მკითხველმა ალბათ უკვე ამოიცნო ანკარა ამ უცხო ჭიაფერით ტანმოხატულ მცურავში. იგი ყოველთვის შესანიშნავად ცეკვავდა. აქ კი, ამდენი მაყურებლის წინაშე, საკუთარ თავსაც გადააჭარბა. უნაკლოდ შეასრულა ყველა ილეთი და ამავე დროს, სიცოცხლით სავსე იყო ის ილეთები. იშვიათი ჰაეროვნება, სინარნარე და სიმსუბუქე მკვეთრად განასხვავებდა ამ ცეკვას დანარჩენებისაგან. კისერზე დანდობილი რამდენიმე წამით გაირინდა ანკარა. იცოდა ამით მართლაც გააკვირვებდა ყველას... მისთვის ეს სულაც არ ყოფილა ადვილი. მთელ სხეულს უკიდურესად ძაბავდა, ცალკე იმაზე ჰქონდა მთელი ყურადღება გადატანილი, რომ გარეშე თვალისათვის არაფერი დამჩნეოდა ამ დაძაბულობის... ...და ამ დროს, ბალახში ცხვირწარგულმა, როცა მთელი ხერხემალი კრუნჩხვით ეკუმშებოდა, ვიღაცის პაწია თვალების ჩაციებული მზერა შეამჩნია. სულ ახლოს მისრიალდა მასთან და დაკვირვებით სწავლობდა. გულმა რეჩხი უყო ანკარას მის დანახვისას. მიხვდა, რომ გველაძუამ რაღაც ეჭვი აიღო, შეიძლება იცნო კიდეც და სულ მალე დიდ კობრასაც ყველაფერი ეცოდინებოდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ ყველაფერს ვაზვიადებო, ასე იფიქრა ანკარამ მეორე წამს, იქნებ გველაძუაც მოიხიბლა ჩემი ცეკვით, თუმცა ჯერ არ გამიგია, მაგას ენატანიობის გარდა რაიმე აინტერესებდესო. ანკარას ფიქრი შეაწყვეტინა მართლაც ქარიშხლისებურმა შრიალმა და გაბმულმა სისინმა. აღფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ ასპიტები, ყველა ერთნაირი გაცხარებით ასხმარტალებდა კუდებს და ხმამაღლა სისინებდა: სსსაოცარიაო, მსსგავსიც არაფერი გვინახავსო. თვით კატისთვალამ ვერ შეიკავა თავი და აღტაცებით წაისისინა, შესსსანიშნავიაო. ანკარამ ჩვეულებრივი მდგომარეობა მიიღო, წელში გრაციოზულად მოირკალა მადლობის ნიშნად. შრიალი და სისინი ერთი წამითაც არ წყდებოდა. ანკარა თავს უკრავდა გველების მარაქას და ნელ-ნელა იხევდა უკან, რათა მწვანე მდელოს დროზე გასცლოდა. მაინც ასე ამჯობინა გულში, მაგრამ როგორც კი შემოტრიალდა, რათა ბალახებში გამსხლტარიყო, თვით დიდი კობრა აესვეტა ცხვირწინ. იქვე გველაძუა იკლაკნებოდა, ძუასავით წვრილი, უძლური, მაგრამ საზიზღარი ენატანია. როცა ახლოს მიცურდა, შეამჩნია, რომ შხამიანი ჯირკვალი გაუფერმკთალდა უცხო მცურავს. კისერზე დგომის დროს ბალახმა გადაწმინდა ჭიაფერი, ვერცხლისფერმა იძალა და გველაძუამ იცნო ანკარა... კობრას კუდით ყვავილების გვიგვინი ეჭირა. - მე თვითონ უნდა დავადგა გვირგვინი ამ საუცხოო მოცეკვავეს, - წაისისინა მან. კობრას ამ სიტყვებს სისინისა და შრიალის ახალი ტალღა მოჰყვა. ანკარამ მდაბლად დახარა თავი. იგი ნამდვილად ეჭიდებოდა რაღაცას, მაგრამ უკვე ვეღარსად გაიქცეოდა... კობრამ მოხერხებულად დაადგა თავზე ყვავილების გვირგვინი და როგორც წესი იყო, საკოცნელად წაიწია. დამჯილდოებელი ყოველთვის ჰკოცნიდა დაჯილდოებულს. კისერი მჭიდროდ გადააჯაჭვეს ერთმანეთს და ანკარამ იგრძნო, როგორ ჩაერჭო კობრას ბასრი კბილები. ჩაერჭო და რაღაც წამში აღარც მოსცილდა, რათა შხამი მთლიანად ჩაცლილიყო ნაკბენში. ოდნავ, სულ ოდნავ შეტოკდა ანკარა... კობრამ ასწია თავი, ყოველივე დასრულდა. სხარტად გასრიალდა განზე და ცნობისმოყვარეობით დაუწყო თვალთვალი ანკარას. იგი გრაციოზულად იხდიდა მადლობას, სისინი და შრიალი ისევ გრძელდებოდა. როგორც იქნა მიჩუმდნენ ასპიტები. ანკარამ კიდევ ერთხელ გადაიხადა მადლობა გრაციოზული თავის დაკვრით, შეტრიალდა და მოქნილი, სხარტი რხევით გასრიალდა ბალახებში. ისე მოხდენილად და გამართულად მიჰქონდა კისერი, რომ ერთი ფურცელიც არ შეტოკებულა იმ ყვავილის გვირგვინიდან, რომელიც თავს უმშვენებდა. კობრამ გაოცებით გააყოლა თვალი, მერე გველაძუას გადახედა. იმანაც გაკვირვებით გაასავსავა თავი, აქაოდა არაფერი მესმისო.
* * * - შორიდანვე დაგინახე, ყვავილების გვირგვინით თავშემკული რომ მოცურავდი მაღალ ბალახებში, - აღტაცებისა და სიხარულისაგან თვალზე ცრემლმორეული მიეგება ძლოკვი ანკარას ჭიაფერის ბუჩქის მახლობლად, - ვიცოდი, შენი იქნებოდა დღეს უმაღლესი ჯილდო და შხამიანთა მოდგმას თვალები გადმოსცვივდებოდა გაკვირვებისაგან... ძლოკვმა სიტყვა შუაზე გაწყვიტა, გაოცებით დააცქერდა ანკარას, რომელიც თასმასავით უძლურად მიეგდო ჭიაფერის ბუჩქის ძირას და ხმას არ იღებდა. ალბათ ძალიან დაიღალეო, უნდოდა ეთქვა ძლოკვს, მაგრამ ამ დროს ნაკბენი დაუნახა კისერზე ანკარას და ყველაფერს მიხვდა. - ვაიმე, ჩემო საბრალოვ, - ამოიკვნესა, - როგორღა მოაღწიე აქამდე. სასწაულია, რომ იქვე არ დაეცი უსულოდ. - ეგ არ შეიძლებოდა, - წაიჩურჩულა ანკარამ, - შხამიანთა მოდგმა ჩემს სიკვდილს ვერ იხილავდა. - ჩემი ბრალია ყველაფერი, - ძლოკვი გამწარებით აწყდებოდა აქეთ-იქით - მე გაგაგზავნე სასიკვდილოდ. რატომ მეც არ ვკვდები შენთან ერთად... - მოსახდენი უკვე მოხდა, - გაჭირვებით მოიღო ხმა ანკარამ - არაფერს ვნანობ, ასე იყო საჭირო... ანკარას ხმა ჩაუწყდა, ერთი გააჟრჟოლა და უძრავად მიეგდო. ძლოკვმა ცხარე ცრემლით დაიტირა მეგობარი. მერე კი ყვავილების გვირგვინი იმ ჭიაფერის ბუჩქზე დაკიდა, რომლის წვენითაც მოხატა ანკარას სხეული. ახლაც იქ არის ის გვირგვინი, არც ჭკნება, არც ფერს იცვლის. თუ ვინმე მსურველი კარგად მოძებნის, ალბათ იპოვის კიდეც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მგონი,ძლოკვს გველს ეძახიან იმერეთში,არა? :)) მგონი,ძლოკვს გველს ეძახიან იმერეთში,არა? :))
5. მშვენიერი თხრობა იყო
მთლად ახლა შუაღამისას წასაკითხი მოთხრობა არაა, იხუმრა ალბათ თოლიამ, მაგრამ კარგი თხრობაა საერთოდ არ მიყვარს გველები, მაგრამ აქ სულაც არ იგრძნობოდა რომ გველებზეა მაინცდამაინც.
დამაინტერესა გველების კლასიფიკაციამ და იქნებ განგვიმარტოთ რა სახეობებია
ძლოკვი ასპიტი გველაძუა
მადლობა წინასწარ
მშვენიერი თხრობა იყო
მთლად ახლა შუაღამისას წასაკითხი მოთხრობა არაა, იხუმრა ალბათ თოლიამ, მაგრამ კარგი თხრობაა საერთოდ არ მიყვარს გველები, მაგრამ აქ სულაც არ იგრძნობოდა რომ გველებზეა მაინცდამაინც.
დამაინტერესა გველების კლასიფიკაციამ და იქნებ განგვიმარტოთ რა სახეობებია
ძლოკვი ასპიტი გველაძუა
მადლობა წინასწარ
4. ავტორის პასუხი "ვიღაც მომავლიდან"-ს: მადლობა. ეს ნაწარმოები წაკითხული გექნებათ "ზღაპრული ფასკუნჯის ფრთაში". ავტორი ნუნუ ქადაგიძე. მე გახლავართ ავტორის პასუხი "ვიღაც მომავლიდან"-ს: მადლობა. ეს ნაწარმოები წაკითხული გექნებათ "ზღაპრული ფასკუნჯის ფრთაში". ავტორი ნუნუ ქადაგიძე. მე გახლავართ
3. ამ შუაღამისას წასაკითხი მოთხრობაა, ნამდვილად:) ბრძანა ჯონათანმა. და მეც წავიკითხე, დიდებულად აღწერილია, ხელოვნების ნიმუში მუსიკის ფონზე კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის ეს ღამის კოშმარია!
ამ შუაღამისას წასაკითხი მოთხრობაა, ნამდვილად:) ბრძანა ჯონათანმა. და მეც წავიკითხე, დიდებულად აღწერილია, ხელოვნების ნიმუში მუსიკის ფონზე კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის ეს ღამის კოშმარია!
2. ამ შუაღამისას წასაკითხი მოთხრობაა, ნამდვილად :)
ალეგორიული თხრობის მშვენიერი ნიმუში.
ლოგიკურად შემზარავი უნდა ყოფილიყო ასპიტთა ეს ზეიმი, მაგრამ ულამაზეს კადრებად იქნა მკითხველამდე მოტანილი და მსხვერპლადშეწირული ანკარას მიმართ ისეთი ადამიანური თანაგრძნობა ჩნდება.
ძალიან კარგი იყო!
ესეც გამახსენდა და იყოს აქ :)
"ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით, ტანმოხატული უცხო ზოლებით, მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი, ხელში დაირით , ველებს დაივლის და უზუნდარას იცეკვებს გველი... " (ანა)
ამ შუაღამისას წასაკითხი მოთხრობაა, ნამდვილად :)
ალეგორიული თხრობის მშვენიერი ნიმუში.
ლოგიკურად შემზარავი უნდა ყოფილიყო ასპიტთა ეს ზეიმი, მაგრამ ულამაზეს კადრებად იქნა მკითხველამდე მოტანილი და მსხვერპლადშეწირული ანკარას მიმართ ისეთი ადამიანური თანაგრძნობა ჩნდება.
ძალიან კარგი იყო!
ესეც გამახსენდა და იყოს აქ :)
"ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით, ტანმოხატული უცხო ზოლებით, მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი, ხელში დაირით , ველებს დაივლის და უზუნდარას იცეკვებს გველი... " (ანა)
1. ეს მოთხრობა ადრე სადღაც წაკითხული მაქვს, რომელიღაც წიგნში, ვერაფრით ვიხსენებ.
ძალიან საინტერესო მოთხრობაა, მშვენიერი ენით დაწერილი.
რა თქმა უნდა ვიცი, რომ პროზის, თან დიდის და თან უცხოსი (ამათთვის) წაკითხვა ჭირს ამ საიტზე ზოგადად, მაგრამ არიან აქ ცოტა მაგრამ კარგი მკითხველები და ვურჩევ წაიკითხონ მოთხრობა.
ეს მოთხრობა ადრე სადღაც წაკითხული მაქვს, რომელიღაც წიგნში, ვერაფრით ვიხსენებ.
ძალიან საინტერესო მოთხრობაა, მშვენიერი ენით დაწერილი.
რა თქმა უნდა ვიცი, რომ პროზის, თან დიდის და თან უცხოსი (ამათთვის) წაკითხვა ჭირს ამ საიტზე ზოგადად, მაგრამ არიან აქ ცოტა მაგრამ კარგი მკითხველები და ვურჩევ წაიკითხონ მოთხრობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|