ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჯაჭვური რეაქცია ,,ბროლი~
ქორფას ქეიფი მოეგუნება. იყიდა ქორფა მწვანე კიტრი, ტარხუნა, მწვანილი... ამისთანები ძალიან უყვარდა, აბა, ამას რაიმე სჯობდა? იტყოდა ხოლმე და ნება-ნება შეახრამუნებდა გემოზე მარილმოყრილ კიტრს და ხავერდოვან, დაცვარულ ტარხუნას. ამიტომაც შეარქვეს ძმაკაცებმა მეტსახელად ქორფა. საერთოდ იმ წრეში, რომელშიც ქორფა ტრიალებდა, არავინ არ რჩებოდა მეტსახელის გარეშე, რომელსაც ისე ბუნებრივად მოარგებდნენ ხოლმე ერთმანეთს, რომ ნამდვილი სახელი აღარავის ახსოვდა. სხვა რაღაცრაღაცეებიც იყიდა ქორფამ, წყურვილის მომგვრელი ნაირნაირი საუზმეული და დაპატიჟა, ვისი ნახვაც მოახერხა თავისი უახლოესი, სულზე უტკბესი ძმაკაცებიდან: როხროხა ხმის პატრონი მედოლე ჯანთამადა, შალითების მკერავი ნაბადო, დარაჯი პიტნა (პიტნის ნაყენი უყვარდა ნამეტანი) და პაჭიკა, პირველი კლასის მძღოლი, რაღაც საგზაო შემთხვევის გამო ამჟამად დისკვალიფიცირებული. დანარჩენებმა თითქოს სუნი იკრესო, საღამო ხანს დაბარებულებივით დაერჭვნენ ქორფას ერთიციცქნა ოთახში. ყველანი უკლებლად აქ იყვნენ: დანების მლესავი ჩაინიკა, მექვაბე მაქექა, სახურავის შემკეთებელი ჩამიჩა, მართლაც ჩამიჩივით გამომშრალი მაღალ-მაღალი კაცი, სულ ჰაერზე ყოფნამ გამოაშროო, გულკეთილად დასცინოდნენ ძმაკაცები. დურგალი ჩაკო, ძმებივით განუყრელი შიმშანგო და ხევხევა. ამათი ასავალ-დასავალი არც თვითონ ქორფამ იცოდა ხეირიანად, და მხერხავი უმაქნისა, თავისი განუყრელი ხერხით. უმაქნისამ თან მეგობარი მოიყვანა, კარგად დაუთოებულ კოსტუმსა და ჭრელ ჰალსტუხში გამოპრანჭული ცეცხლივით თმაწითური კაცი. ქორფამ გუნებაში შეუკურთხა უმაქნისას, რომელსაც საერთოდ ვერ იტანდა. მართლაც დიდი უმაქნისი ვინმეაო, იტყოდა ხოლმე ძმაცაკებში მისი მისამართით, კაცი რომ ზაფხულში არ გაახელ თვალს და ამწვანებული ხეების დანახვა არ გიხარია, ზამთარში რაღა უნდა დაინახო? ქორფას მხედველობაში უმაქნისას საშინელი ძილისგუდობა ჰქონდა. მართლაც, მთელ ზაფხულს თითქმის სულ ძილში ატარებდა, მხოლოდ შემოდგომაზე გამოფხიზლდებოდა ძილისაგან და ქუჩა-ქუჩა დადიოდა შეშის დასახერხად. ,,ჰმ, ახლა სწორედ გამოფხიზლების დრო დასდგომია...~ მისი ძმაკაცი ხომ სრულებით არ მოუვიდა თვალში ქორფას. მოკაუჭებული გრძელი ცხვირი და თავაზიანი, შაქარივით დამტკბარი ღიმილი, პირს ყურებამდე რომ უხევდა, რაღაც უსიამოვნოდ მოხვდა გულზე. ახლა კიდევ მისი ჩაცმულობა... ვერც გამოპრანჭულ ხალხს იტანდა ქორფა. როგორღაც შემთხვევით ყური მოეკრა: მამაკაცის ტანსაცმელს დაუდევრობის ნიშანი უნდა ეტყობოდესო. თვითონ ხომ ამ ნიშნის მიხედვით იცვამდა თავისი დღე და მოსწრება, სხვებსაც ამის მიხედვით აფასებდა. კარგად დაუთოებული და გაპრიალებული კოსტუმის დანახვისას ტუჩებს ქედმაღლურად აიბზუებდა ხოლმე, ჰალსტუხის დანახვისას კი სული ეხუთებოდა და ხელს კისერზე ივლებდა, აქაოდა არ დავიხრჩვეო. სუფრა გაიშალა მართლაც მეფური. ხელგაშლილობით ცნობილმა ქორფამ თავის თავსაც კი გადააჭარბა: სუფრას არც ქორფას საყვარელი მწვანე კიტრი დაჰკლებია, არც დამწნილებული. შებოლილი თევზი, კუჭმაჭი... ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. თეფში, დანა-ჩანგალი, ხელსაწმენდი ტოლოც კი ყველას სათითაოდ ერგო. მხოლოდ აი, ჭიქები საკმარისი არ აღმოჩნდა. სუფრას ცამეტი კაცი უჯდა, ქორფამ კი რამდენი არ ეძება, თორმეტზე მეტი ჭიქა ვეღარ მოიძია. სხვა დროს ქორფა ამაზე თავს არ მოიკლავდა (თუ გწყურია, ბოთლიდანაც კარგად დალევ), მაგრამ იმ უცხო სტუმრის მოერიდა. სასწრაფად აირბინა კიბეებზე და მეზობელს მიუკაკუნა, ჭიქა უნდა ენათხოვრებინა. კარები ბავშვმა გაუღო. - ერთი ჭიქა გამომიტანე, შენს გაზრდას. - სთხოვა ქორფამ. ბავშვი გატრიალდა, ორიოდე წამში მშვენიერი ბროლის ჭიქა გამოიტანა და ხელში მიაჩეჩა. ერთი კი დახედა იმ ჭიქას ქორფამ, შეყოყმანდა, ხელში არ შემომატყდეს და ხათაბალაში არ გავებაო, გაიფიქრა. სანამ ყოყმანობდა, ბავშვმა კარები მიუხურა. ქორფა მორიდებული კაცი გახლდათ და ადამიანის ზედმეტად შეწუხება არ უყვარდა. ვეღარ გაბედა, ბავშვი ხელმეორედ დაესაქმებინა. გამოტრიალდა ხელში ბროლის ჭიქით და იმ უცხო სტუმარს დაუდგა. გაჩაღდა ქეიფი. თამადად როხროხა ხმის პატრონი ჯანთამადა აირჩიეს, მოკარნახედ პიტნა. ასე ჰქონდათ როლები განაწილებული. ჯანთამადას ჭკუა არ ჰყოფნიდა სათამადოდ, პტნას ხმა. ჯერხნობით ქორფამ გემო ვერ ჩაატანა ქეიფს, ვერ მოილხინა თავის გუნებაზე. ნერვები დააწყდა იმ ბროლის ჭიქის თვალთვალში, აცა, არაფერი დაემართოსო. შიშით ფერი-ფური მისდიოდა, როცა უცხო სტუმარი ჭიქას აიღებდა და ნება-ნება, გემრიელად წრუპავდა ღვინოს. გრძელი მოკაუჭებული ცხვირი ჭიქაში თითქმის ნახევრამდე ჩაეყო. მერე კი, შუა ქეიფში, ერთი იმასღა ითხოვდა ქორფა, მაგ ლამაზი ჭიქით მეც დამალევინეთო ღვინო. დიდი მხიარულება იყო, ათასგვარ გასართობს იგონებდნენ. უცხო სტუმარი დიდი ენაწყლიანი ვინმე გამოდგა. ისე გაშინაურდა, ყველას ეგონა, ამ კაცს მთელი სიცოცხლე, დაბადებიდანვე ვიცნობთო. ერთმა ისიც კი თქვა, დაბადებამდეც ვიცნობდიო. ეს როგორაო, ჰკითხეს, ტყუპისცალი ძმა მყავდა, ჩემმა მშობლებმა გააშვილეს და ეს სწორედ ის იქნებაო. სუფრა აიკლო ნაირნაირი სასაცილო ანეგდოტებით, მუცლები სულ ხელით ეჭირათ. ახლა რა ფოკუსებს აღარ იგონებდა, მოქეიფეებს თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოსცვენოდათ. მერე იმ პატიოსანმა კაცმა ერთი სეირიც უჩვენა თანამეინახეებს. აიღო ბროლის ლამაზი ჭიქა, სპირტი გამოავლო და ცეცხლი წაუკიდა. სინათლე ჩააქრეთო, ბრძანა. ორივე ხელით მარჯვედ ატრიალებდა ბროლის ჭიქას, მის ხელებში ლურჯი ცეცხლის ალები ცეკვავდნენ და იკლაკნებოდნენ. უცნობი ჩაციებით ჩაშტერებოდა მოცეკვავე ალებს. ხელები, სახე, მოკაუჭებული გრძელი ცხვირი, ლურჯმოიისფროდ ულაპლაპებდა. თავზე თითქოს რქებიც დაუნახეს, ისიც ლურჯი ფერის. ქორფა უეცრად შიშის ზარმა აიტანა, გატრუნულმა გადაავლო თვალი თავის ძმაკაცებს. ძლივს გაარჩია სიბნელეში ჩაძირული, ლურჯი ალით ოდნავ შეფერადებული ცოდვიანი სახეები, დამრგვალებული მოკიაფე თვალებით და გაოცებისაგან ღიად დარჩენილი პირებით. ყველანი უძრავად ისხდნენ გასუსულნი. უცნობმა თვალი მოაცილა ლურჯ ალს, ამოხედა მათ, გაიღიმა (ქორფას ახლა კი ჟრუანტელმა დაუარა), ხომ მოგწონთ, ხომ ლამაზიაო, იკითხა. პასუხის გაცემა ვერავინ მოასწრო. ერთი კი გაისმა: ტკაც! და ლურჯი ალი ჩაქრა. სიბნელეში კარგა ხანს იფათურა ქორფამ, ხან ვის გადააწყდა და ხან ვის, სანამ ჩამრთველს მიაგნებდა და სინათლეს აანთებდა. ძლივს! უცხო სტუმარი სიმთვრალისაგან გამოთაყვანებული სახით იჯდა, მის წინ ბროლის ჭიქა შუაზე გადახსნილი ეგდო. ჟღალი ფერის თმები რქებივით ადგა თავზე. გატეხილი ბროლის ჭიქის დანახვაზე ყველა ერთბაშად გამოფხიზლდა, ქორფამ ხომ ერთი სიკვდილი გაათავა... ქეიფის თავი ვიღას ჰქონდა, სასწრაფოდ წავიდ-წამოვიდნენ, მხოლოდ იმ უცნობ სტუმარს არ დაადგა საშველი, იჯდა ისევ ისე და აღარაფერი ეყურებოდა ამქვეყნად. ვეღარაფერი რომ ვეღარ მოუხერხეს, მხარზე შეშასავით გაიდო უმაქნისამ და ასე თრევა-თრევით წააჩანჩალა. ქორფამ გაბრაზებით მიაყოლა ,,ლოცვა-კურთხევა~. სასმელისგან ფეხშეშლილ სტუმარს იგი არასდიდებით არ გაუშვებდა გარეთ ღამის სიბნელეში, მაგრამ ამ მატრაბაზის თვალით დანახვაც კი აღარ უნდოდა. ახიც იყო, თუ რაიმე ხათაბალაში გაჰყოფდა თავს. იმ ღამეს ვეღარ მოისვენა ქორფამ. მოხუჭავდა თუ არა თვალს, ის გატეხილი ბროლის ჭიქა ელანდებოდა და ძილი გაუფრთხა. თავბედს იწყევლიდა, რაღა ის ბავშვი შემხვდაო კარებში. ვინმე უფროსთაგანი შემხვედროდა, ბროლის ჭიქას როდი გამომიტანდნენო. საწყალ ბავშვს რა დღეს დააყრიან, თუ ეს ამბავი გამოჩხრიკეს: ჯერ ერთს კარგად მიბერტყავენ და კუთხეში დააყენებენ, მერე სასტიკი მუქარებით შეზავებულ გრძელ-გრძელ რჩევა-დარიგებებს წაუკითხავენ, რათა ჭკუა ისწავლოს და მომავალში ბროლის ჭიქა აღარავის ათხოვოს. მით უმეტეს, როცა საქმე ქორფასთანა ბედოვლათს ეხება. თავის დროზე ამას ისედაც მიხვდება ის ბავშვი, მიხვდება, როცა გაიზრდება და თავის მამიკოსავით დაჭკვიანდება. და რატომ უნდა მოხდეს მაინცდამაინც ისეო, ფიქრობდა გაწამებული ქორფა, რომ ეს ჭკუის წავლება ბავშვს ფსიქიური სტრესის საფასურად დაუჯდესო. შეიძლება ეს ტრავმა მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვეს და ცხოვრება ტანჯვა-წამებად უქციოს. იქნებ შიშით ახლოს ვეღარც გაეკაროს ბროლის ჭურჭელს ან თუ გაეკარება, ყოველთვის ხელიდან გაუვარდეს და დაემსხვრეს. ახლავე, სანამ ჯერ არავის არაფერი გაუგია, უნდა იშოვოს ზუსტად ისეთივე ბროლის ჭიქა და მიუტანოს იმ ბავშვს. იმაზე ფიქრს კი, თუ რა დღეს დააყრიდნენ თვითონ მას, საწყალ ბავშვს, ,,მოტყუებით~ რომ წაგლიჯა ბროლის ჭიქა, ქორფა ძრწოლვით არიდებდა თავს. ინათა თუ არა, შავი ფიქრებით შეპყრობილმა ქორფამ მოხვეტა, თუ რამე დარჩა საქეიფო ხარჯებიდან, ჯიბეში ნამტვრევები ჩაიდო და ბროლის ჭიქის საშოვნელად გაქანდა. აქ სიტყვამ მოიტანა და სანამ ქორფა მაღაზიიდან მაღაზიაში დარბის ბროლის ჭიქის საშოვნელად, ორიოდე სიტყვით ნათელს მოვფენთ, თუ რატომ გამოიწვია ერთი ჭიქის, თუნდაც ბროლის ჭიქის გატეხვამ ამხელა ალიაქოთი. ქალაქში, სადაც ქორფა დაიბადა და დავაჟკაცდა, რაღაც განსაკუთრებულად, უღრმესი და უნაზესი გრძნობით უყვარდათ ბროლი. სახელადაც ბროლიანი ერქვა იმ ქალაქს. ადრე თურმე სხვა სახელი რქმევია, მაგრამ ქორფას და მისი ძმაკაცებისა არ იყოს, აღარავის ახსოვდა უკვე, იქაური მემატიანის თქმით, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, დაახლოებით მეთორმეტე თაობის წინაპრებიდან გადმოსცემოდათ მათ ბროლისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა, გადმოსცემოდათ წლობით ნაგროვებ, ნასათუთევ და ნალილიავებ ბროლის ჭურჭელთან ერთად და ახლა უკვე კარგად გასჯდომოდათ გულღვიძლში. ყოველი ახალი თაობა არათუ რაიმეს აკლებდა, არამედ კიდევ უფრო ამდიდრებდა ნაანდერძევ ბროლეულს ახალ-ახალი ნიმუშებით და კიდევ უფრო აღვივებდა თავის თავში მხურვალე გრძნობას სიყვარულისას. ბროლიანის მკვიდრთა მჭიდროდ კარჩაგმანულ, ყოველგვარი მოულოდნელობისაგან საიმედოდ დაცულ ბინებში ყოველ ნაბიჯზე, სადაც კი რაიმე საყრდენი იყო, ეწყო და ელაგა ნაირნაირი ფერის, ფორმის და მოხატულობის ბროლის ჭურჭლები: ლარნაკები, ფიალები, ჭიქები, ფუჟერები, სირჩები, სურები, სანამცხვრეები, საკამფეტეები და ა.შ. შემდეგ, ყოველნაირი დანიშნულების ბროლის ჭურჭელი თორმეტი ცალი უნდა ყოფილიყო უთუოდ, ანდა მისი ჯერადი. მეტი ან ნაკლები არაფრით არ შეიძლებოდა. ბროლიანის ყველა მკვიდრს, თუ თავის თავს ოდნავ მაინც პატივს სცემდა, ამ ჯადოსნური რიცხვისთვის უნდა გაეწია ანგარიში. ისინიც მზრუნველ, მოსიყვარულე თვალს ხშირ-ხშირად გადაავლებდნენ ბროლით დაზვინულ თაროებს, ფხიზლად დარაჯობდნენ, რომ არაფერი დაჰკლებოდა მათ წმინდათაწმინდა სამყოფელს და მუდამ სრული შემადგენლობით ებრჭყვიალათ ბროლის ჭაღების შუქზე. ეს ყველაფერი კარგად მოეხსენებოდა ქორფას, თუმცა თვითონ მას ერთი ბროლის ჭურჭელიც კი არ ჰქონია არასოდეს. თვალგაფაციცებულმა აუარ-ჩაუარა ბროლით დაზვინულ დახლებს, ხელში იმ ბედუკუღმართი ჭიქის ნამტვრევი ეჭირა და იმას ადარებდა, უნდოდა ზუსტად ისეთივე ეპოვნა. თითქოს ჯიბრზე, ზუსტად ისეთვე ჭიქა ვერსად ვერ აღმოაჩინა. მსგავსი კი იყო, მაგრამ რა შვილი იქნებოდა იმ ბავშვის დედა, განსხვავება რომ ვერ აღმოეჩინა. ხშირად უნახავს ქორფას, როგორი რუდუნებით არჩევენ დიასახლისები ბროლის ჭურჭელს. ეს ოდნავ მაღალია, ეს ოდნავ დაბალი, ამას სხვანაირი მოხატულობა აქვს... უამრავ განსხვავებას პოულობენ იქ, სადაც ქორფა ვერაფერსაც ვერ ამჩნევდა, და რაღა იქნება იქ, სადაც თვით ქორფა ამჩნევს სხვაობას. - ერთი ამისთანა ჭიქა მომიძებნეთო, - გამყიდველს დაეღრიჯა ბოლოს. - არა გვაქვს... კარგა ხანია არ გვქონია... იყო და გათავდა... - ისმოდა პასუხად. - იქნება იყოს, ასეთი, ზუსტად ასეთი. რამდენსაც მიბრძანებთ, გადავიხდი... მთელი დღე შეუსვენებლად ირბინა მაღაზიიდან მაღაზიაში და საღამოს დაღლილ-დაქანცული, ფეხზე ძლივსღა იდგა, თვალებიც ისე აუჭრელდა ამდენი ბროლის ჭვრეტაში, ვეღარაფერს ხედავდა უკვე, მხოლოდ წითელ-ყვითელი წრეები უტრიალებდნენ თვალწინ. ,,რა ვქნა, რითი ვუშველო საქმეს?~ ფიქრობდა გულზეშემოყრილი და ბრინჯივით დაბნეული. ,,როგორ გადავარჩინო ის ბავშვი ცემა-ტყეპას?~ დიდმა დაძაბულობამ აიძულა ქორფას თავი რაც შეიძლება მონდომებით ამუშავებულიყო. გაახსენდა, ერთ მის ნათესავსაც ჰქონდა ზუსტად ასეთი ჭიქები. ქორფას ჯერ არავითარი კონკრეტული მიზნები არ ჰქონია. ყველაფერზე ხელჩაქნეული, წყალწაღებული კაცის მანერებით იყიდა საჩუქარი ბავშვისათვის, რაც იმ ბროლის ჭიქის საფასურს ერთნახევარჯერ აღემატებოდა (ნათესავებს შვილიც იმ ბავშვის ხნისა ჰყავდათ) და იმ საღამოსვე ეწვია საყვარელ ნათესავებს. ტუზი დაეცაო, რომ იტყვია, ისე მოუვიდა. სუფრა გაშლილი დახვდა. ზუსტად ისეთივე ბროლის თორმეტი ჭიქა ეწყო. თურმე იმ ბავშვის დაბადების დღე ყოფილიყო. ქორფამ საჩუქარი მიართვა, მოიკითხა. მერე რაღაც წვრილმანები იყო საჭირო... პირსაბანი შეაკეთა, აბაზანასაც მგონი რაღაც სჭირდა, უნიტაზსაც... დანარჩენს შემდეგისთვის შეპირდა, უკვე სტუმრები მოვიდნენ, შესაფერისი დრო აღარ იყო, და სუფრას მიუსხდნენ. ქორფამ სასმელს პირი არ დააკარა, რითაც მასპინძლების გაკვირვება და ქება-დიდება გამოიწვია. უფრო მეტიც, საჭმელიც კი არ უნახავს გემოთი. ძალიან იყო შეჭირვებული, სირცხვილისაგან თავი მაღლა ვეღარ აეწია, თვალი ვეღარავისთვის გაესწორებინა. მართალია გული ეუბნებოდა: რაღაც-რაღაცეები კი გავაკეთე ისეთი, მგონი ვალში არ დავრჩებიო, მაგრამ ბროლის ჭიქა, თორმეტი ბროლის ჭიქა და ამ წმინდათაწმინდა ციფრის დარღვევა... ამას არავითარი ვალის გადახდა არ უშველიდა. - ლიმონათი მაინც დალიე. - უთხრა მასპინძელმა და ლიმონათი დაუსხა ბროლის ჭიქაში. ქორფამ მორცხვად გაიღიმა, უარი ვეღარ თქვა. დალია და ჭიქა კარგა ხანს ეჭირა ხელში ჩაბღუჯული... მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა თავისუფლად, როცა ბროლის ჭიქა ისევ ჩააბარა მეზობლის ბავშვს, ისე რომ არავის არაფერი გაუგია. ჩუმად იმის თქმაც მოასწრო, ახლავე თავის ადგილზე დადე და იცოდე აწი არავის არ ათხოვოო. ბავშვმა კრიალა, გულურტყვილო თვალები მიანათა, თავი გამგონედ დაუქნია და კარები მიუხურა. ცოტათი კი ეთანაღრებოდა გული ქორფას, დამნაშავედ გრძნობდა თავს იმ ნათესავებთან, მაგრამ როგორც ყველა ცოდვილი ადამიანი, ქორფაც ცოტა არ იყოს, მშიშარა და ეგოისტი გახლდათ. ოღონდ მისი სახელი არ გარეულიყო მთელ ამ ისტორიაში, და სხვა რამეზე მაინცდამაინც არ იკლავდა თავს. დამშვიდდა და იმ ღამეს გულის ძილით ეძინა. ქორფამ კი ამოისუნთქა თავისუფლად, მაგრამ ახლა იმ ოჯახში ატყდა შფოთვა და აურზაური, საიდანაც ჩვენმა უნებლიე ცოდვილმა ბროლის ჭიქა წამოიღო. დიასახილსმა იმავე საღამოს აღმოაჩინა დანაკლისი, ,,მეთორმეტე ჭიქა აკლია~! ისეთი ხმით შეიცხადა, ქმარს კინაღამ ხელიდან გაუვარდა დიდი ბროლის ლარნაკი. - თორმეტი, უკლებლად თორმეტი ბროლის ჭიქა დავდე მაგიდაზე! მაგათ რომ ვარჩევდი, გამყიდველმა ასე მითხრა, ნეტავ ქალბატონო რძალს როგორღა ამოარჩევო. ერთი ბეწო ბზარი, ერთი განსხვავებული წერტილიც კი არა ჰქონია რომელიმეს. სად გაჰქრა მეთორმეტე, სად? - კვნესოდა აცრემლებული დიასახლისი. - ნამდვილად რომელიმე სტუმარმა მოიპარა. - დაასკვნა ქმარმა. იმ საღამოდან მოყოლებული ცოლ-ქმარს სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონია. ყველა სტუმარი ეჭვქვეშ იქნა დაყენებული, ქორფას გარდა. ცოლ-ქმარი ასე მსჯელობდა: ,,ბედოვლათ ქორფას ბროლის ჭურჭელი თვითონ არ აქვს და არც სჭირდება, ჩვენს ჭიქას მხოლოდ ის მოიპარავდა, ვისაც ზუსტად ასეთი ბროლის ჭიქები აქვს და მეთორმეტე ან გაუტყდათ, ან ჩვენსავით დაეკარგათო~. ამასობაში რაღაც დღესასწაული მოახლოვდა. ცოლ-ქმარი სტუმრად ეწვია ყველა იმ ნაცნობს, რომლებიც იმ საღამოს მათთან იყვნენ სტუმრად და ერთერთ ოჯახში ზუსტად ისეთვიე ჭიქა აწაპნეს საზეიმოდ გაწყობილი სუფრიდან. ო, რა მყუდროდ, რა ბედნიერად იგრძნეს თავი, როცა თაროზე ისევ უკლებლად, ყინჩი და ღირსეული იერით გამწკრივდა თორმეტი ბროლის ჭიქა. - ამის წაღებული იქნებოდა უთუოდ. - რა თქმა უნდა. აქ კი ჩადგა ქარიშხალი, მაგრამ ახლა იქ ამოვარდა, საიდანაც ცოლ-ქმარმა ბროლის ჭიქა წამოიღო. იქ უფრო მძვინვარე სცენა გაიმართა, დიასახლისი ბროლის უფრო დიდი მოყვარული იყო: - თავს არ ვიცოცხლებ, თუ ისევ თორმეტ ბროლის ჭიქას არ ვიხილავ აქ... ასე დაიწყო მოგზაურობა ოჯახიდან ოჯახში ქორფას მოპარული ბროლის ჭიქამ, რომელსაც განუყრელად თან სდევდა ქარიშხალივით ბობოქარი სცენები. ყველა ეს სცენა თან ჰგავდა და თან განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, და რამდენიც არ უნდა თვალო, მსგავსს და განსხვავებულ ნიშნებს მათ შორის ვერასოდეს ვერ დათვლი. თვითონ ქორფამ არა იცოდა რა, ეჭვიც კი არაფერზე აუღია. არხეინად და უზრუნველად ხვრინავდა თავის მოციცქნულ ბინაში იმ დროს, როცა მისი გამოისობით ავარდნილი ქარიშხლების ჯაჭვი მთელ ქალაქში ბობოქრობდა და ხან უახლოვდებოდა, ხან ისევ დაშორდებოდა მის სამყოფელს. ვინმეს რომ ეთქვა მისთვის ამის შესახებ, ძალიანაც გაიკვირვებდა და შეიძლება არც კი დაეჯერებინა: როგორ, ერთი ჭიქის გატეხვამ ამხელა ალიაქოთი რანაირად გამოიწვიაო. ვერც იმაზე გაგცემდათ პასუხს, რომ გეკითხათ, რატომ ხდება მაინცდამაინც ისე, რომ ბროლის ჭიქა ერთხელაც არ მოუპარავთ ისევ მომპარავისათვის, ყოველთვის ვინმე უდანაშაულოს ააცლიან ხოლმე. ის თავის მხრივ ისევ უდანაშაულოს პარავს და ასე შემდეგ. ქორფას ამეების არაფერი გაეგებოდა, მის გამგებლობაში მხოლოდ სანიტარული კვანძები იყო და იქ იცოდა კიდეც თავისი საქმე, სხვა ,,საკირკიტო~ საკითხების წინაშე ქორფას ჭკუა მოკრძალებით იხევდა უკან. თუნდაც ყველაზე უბრალო შეკითხვაზე: რამ გაფიქრებინა ბროლის ჭიქის ნათხოვრობა, პირდაპირ ბოთლიდან რატომ არ დალიეო, ამაზე პასუხის გასაცემადაც კი არ აიტკივებდა თავს. მხოლოდ მხრებს აიჩეჩავდა და ღვინოს ჩამოგისხამდათ უბრალო ჭიქაში, თვითონ კი, თუ მეტი ჭიქა აღარ იყო, პირდაპირ ბოთლით მოიყუდებდა. იმ ფათერაკის შემდეგ მკტიცედ გადაწყვიტა ჭიქა აღარ ენათხოვრებინა, ვინც არ უნდა სწვეოდა სტუმრად. ბოლოს, ამ ქარიშხლების ჯაჭვმა ერთ მეტად ენერგიულ ოჯახს უწია. ენერგიულობა, - მართლაც მეტად თვალში საცემი იყო. ბინაში შესვლისას გეგონებოდათ, სტალაგმიტებიან გამოქვაბულში მოვხვდიო. ჭერზე ეკიდა უზარმაზარი ბროლის ჭაღი, თორმეტი ბროლის დიდი სანთელი, იმათ კიდევ თავის მხრივ უფრო მომცრონი და ა.შ. კედლებზე, თაროებზე, ავეჯზე ჩამორიგებული იყო ნაირნაირი ფერის, ფორმის და მოხატულობის ბროლის ჭურჭელი: ლარნაკები, ფიალები, თასები, სირჩები, ფუჟერები, ჭიქები, სურები... და ყველა სახეობა აუცილებლად თორმეტ-თორმეტი. არსად არ ირღვეოდა და ამ წმინდა ციფრის მთლიანობა. როცა ამ ოჯახში მეთორმეტე ჭიქის გაქრობა შენიშნეს, მსჯელობაზე ,,ვინ წაიღებდა~ ცოლ-ქმარს დრო არ დაუკარგავს. მათ მხოლოდ ერთადერთი სიტყვა წარმოთქვეს ,,სასწრაფოდ~, და მაშინვე გაცვივდნენ მეთორმეტე ჭიქის საშოვნელად. უფრო დიდი შანსო რომ ჰქონოდათ, ორივე სხვადასხვა მხარეს გაემართა. ბინაში ექოდ დარჩა სიტყვა ,,სასწრაფოდ~, და იგი ნელი წკარუნით გაიმეორა დახვავებულმა ბროლის ჭურჭელმა: სასწრაფოდ, სასწრაფოდ, სასწრრრ... გვიან საღამოს ორივემ თითქმის ერთდროულად შეაღო ბინის კარები. დიასახლისი აშკარად კმაყოფილი იყო, ქმარს ლაპარაკს არ აცლიდა, სულმოუთქმელად ტიტინებდა თვალებაციმციმებული: ,,ერთი უბრალო ნივთი არ დებულა სუფრაზე, სულ ბროლი, ბროლი, ბროლი... ბრწყინავდა იქაურობა. ამ სიტყვებით ქალმა ხელჩანთა გახსნა და ბროლის ჭიქა ამოიღო, მაგრამ დანარჩენებისთვის გვერდით არ მიუდგამს. არ ჩქარობდა. ჯერ მათი თვლა დაიწყო: - ერთი, - თქვა სიხარულით სავსე, მჟღერი ხმით. - ერთი, - ბანი დააწია ქმარმა. - ერთი... ერთი... ერთი... ერრრ...თი...-ნაზი, ნარნარი წკარუნით გამოეხმაურა ოთახში დახვავებული ბროლის ჭურჭელი. თანავარსკვლავედივით გაჩაღებულმა დიდმა ბროლის ჭაღმაც გაიმეორა მელოდიური რეკვით: ერრ...თი... - ორი, - თქვა ქალმა. - ორი, - თქვა თანამეცხედრემ. - ორი... ორი... ორი... ორრრი... - აჟღერდნენ, ამღერდნენ და აციალდნენ ბროლის ლარნაკები, ჭიქები, ფიალები, სირჩები, ფუჟერები, სურები. - სამი... ოთხი... ხუთი... ექვსი... შვიდი... რვა... ცხრა... ათი... - ისმოდა რიგრიგობით ცოლ-ქმარის ხმა. ბროლის ჭურჭელიც შეუნელებლად ეხმაურებოდნენ ყოველ ციფრს მელოდიური, მჟღერი წკარუნით. - თერთმეტი, - ქალის ხმა სულ უფრო და უფრო საზეიმოდ ჟღერდა. - თერთმეტი... თერთმეტი... თერთმეტი... თერრრთ...მეტი... - ბროლის ჭურჭელიც სულ უფრო მეტი მონდომებით, მეტი ეშხით რეკდა. - თორმეტი, - შვებით ამოისუნთქა ქალმა და მეთორმეტე ჭიქა მიუდგა გვერდით დანარჩენებს. - თორმეტი, - ფალცეტით თქვა ქმარმა, ბედნიერმა და კმაყოფილმა. - თორმეტი, - დაიგრიალა დიდმა ბროლის ჭაღმა და ციბრუტივით დატრიალდა ნაირფერ სხივთა კონებში გახვეული. თორმეტი... თორმეტი... თორმეტი... თორრ...მეტი... - ამღერდნენ, აცეკვდნენ და აციალდნენ სიხარულით ათრთოლებული ბროლის ჭიქები, სირჩები, ლარნაკები, სურები... მიესალმნენ თავიანთ დაკარგულ თანამოძმეს. მაღალფეხიანი წერწეტა ფუჟერები ადგილზე ხტოდნენ და ნაირნაირი ფიგურები გამოჰყავდათ ჰაეროვანი ბალერინების მსგავსად. და ამ დროს (ო, როგორ უყვართ ქმრებს ცოლებისათვის სიურპრიზების მირთმევა), ქმარმა ჯიბეში ჩაიყო ხელი, ბროლის ჭიქა ამოიღო და თორმეტ ჭიქას გვერდით მიუდგა. - ცამეტი. - თქვა თვალებგაფართოებულმა, სუნთქვაშეკრულმა ქალმა. - ცამეტი! - დაუმოწმა ქმარმა. - ცამეტი! - განგაშის მაუწყებელი გონგივით დარეკა დიდმა ბროლის ჭაღმა და მყისვე უძრავად გაიყინა, მხოლოდ ნაირფერ სხივთა კონების ოდნავშესამჩნევი ციმციმი ამჟღავნებდა მის მღელვარე თრთოლვას. ცამეტი... ცამეტი... ცამეტი... - შეშფოთებით აწივლდნენ ბროლის ლარნაკები, ფიალები, სირჩები, ფუჟერები, სურები და უძრავად გაქვავდნენ ჟრჟოლაატანილნი, ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდა. და უცებ, ქმარს ჯერაც ისევ ჯიბეში არ ჩაეყო უკან წამოღებული ხელი, რომ ცამეტი ბროლის ჭიქა ერთიმეორის მიყოლებით აფეთქდა, ბათქაბუთქი და ტკაცატკუცით დაცვივდა მოპრიალებულ იატაკზე. ჭიქებს მიჰყვნენ სასოწარკვეთით აწივლებული სირჩები, ლარნაკები, ფუჟერები, სირჩები... უთვალავ მბრწყინავ ნამსხვრევებად მიმოიფანტნენ აქეთ-იქით. ყუმბარასავით იჭექა დიდმა ბროლის ჭაღმა და ვარსკვლავების წვიმად ჩამოეშვა ჭერიდან. იმსხვრეოდა თაროებზე ჩამორიგებული თუ კარადებში მყუდროდ მოკალათებული ბროლეული. გაოგნებული ცოლ-ქმარი ძლივსღა ასწრებდა სახეზე ხელების აფარებას, რათა თვალში ბროლის ნამსხვრევი არ ჩავარდნოდათ. მიჰყვა მერე და რაც ქალაქ ბროლიანში ბროლი იყო, ყველა აფეთქდა თვალის ერთ დახამხამებაში. დაფეთებულ ადამიანებს თავზე ნიაღვარივით აცვივოდათ უთვალავი ბროლის ნამსხვრევი. ყველა ბროლის ჭურჭელი აფეთქდა და დაიმსხვრა, ერთიც კი არ გადარჩენილა. ისეთი ამბავი ატყდა ქალაქ ბროლიანში, ძველი ზღაპრისა არ იყოს, არც ენად ითქმის და არც კალმით აიწერება. რაღაც ერთ წამში განადგურდა, არარად იქცა ბროლიანის მკვიდრთა სიამაყე, წლობით ნაგროვები, ნანოლიავები და ნასათუთევი ბროლის ჭურჭელი, მთელი ღამე არავის უძინია თითქოს მოსისხლე მტრისაგან გადათქერილ, აოხრებულ ქალაქში. მიზეზი ვერ გაეგოთ, რისგან იყო გამოწვეული მთელი ეს უბედურება და ამან კიდევ უფრო შეაჭირვა ისინი. მეტი სიმწრისაგან თავში იცემდნენ ხელებს და ღვარივით სდიოდათ ბროლივით გამჭირვალე კურცხლები. რაც შეეხება ჩვენს უნებლიე ცოდვილს, გულის ძილით ეძინა მთელი ღამე. ერთი ბროლის ჭურჭელიც კი არ ჰქონდა და არაფერს დაუფრთხია მისთვის ძილი. დილით, როცა გაიღვიძა და მთელი ქალაქი ბროლის ნამსხვრევებით მოფენილი იხილა, ჯერ შეშინდა, ნამთვრალევზე ხომ არ მეჩვენებაო, როცა დარწმუნდა, ყველაფერი ცხადში ხდებოდა, თვითონაც მოიწყინა. მართალია, თვითონ მას არაფერი დაუკარგავს, მაგრამ ეს ამდენი ხალხი რომ მოთქვამს და ხელს თავში იცემს, როგორი მოსასმენია და ასატანი... ქორფასაც გადმოსცვივდა ბროლივით გამჭირვალე ცრემლები. უცბად გაახსენდა, თვითონაც ჰქონდა სახლში ბროლის ჭიქის ნამტვრევები, ჯერაც არ გადაეყარა თავისი უთავბოლობის გამო. არც მთლად ასეა საქმეო: დაუწყო კუთხეში მიყრილ ხარახურას ცოცხით და აქანდაზით ჩხრეკა, აბა, ის ნამტვრევები სად არისო. გაჩხრიკა და უცბად ნაგვის გროვიდან მთელი ბროლის ჭიქა გადმოგორდა. ყინჩად და ღირსეულად წამოსკუპდა გაოგნებული ქორფას ცხვინწინ. ერთი ბზარი, ერთი ნაკაწრიც კი არსად არ ეტყობოდა, თითქოს ეს-ესაა ეხლა გამოვიდა მადლიანი ოსტატის ხელიდანო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეს გუშინ წავიკითხე და დამვიწყებია კომენტარი, კარგად წერს ავტორი რაღაცნაირად წერის მანერა მეცნობა. ეს გუშინ წავიკითხე და დამვიწყებია კომენტარი, კარგად წერს ავტორი რაღაცნაირად წერის მანერა მეცნობა.
2. მოეწონა ბარდღალასაც :) სათაურად ბროლიანი უფრო მოუხდებოდა ჩემი აზრით. წარმატებები! მოეწონა ბარდღალასაც :) სათაურად ბროლიანი უფრო მოუხდებოდა ჩემი აზრით. წარმატებები!
1. კარგი იყო. ) +5 კარგი იყო. ) +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|