ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- ალო! ტექნიკურ სიახლეთა ბიუროა? როდის მაღირსებთ იმ თქვენს დაპირებულ ,,იდეალურ დიასახლისს?~... უკვე მზად არის? კიდევ კარგი, თორემ უკვე სადღაც ვაპირებდი გაქცევას. ჩემს ბინაში ცხოვრება აღარ შეიძლება, ისეა არეული... დიახ, მართლაც იდეალური საჩუქარია მარტოხელა კაცისთვის... რა ჰქვია? კიმი?... კიბერნეტიკის იდეალური მოდელი. მშვენიერი სახელია. როდის მოვიდე წამოსაღებად?.. როგორ? თვითონ მოვა? მომაგნებს მერე?.. ნუთუ ასეთი ნიჭიერია?.. დიახ, სიზუსტე მართლაც კარგი რამეა, მაგრამ მე რომ არ მიყვარს სიზუსტე?.. კიმი ალბათ მართლა გამომასწორებს. ზუსტი მითითება სჭირდება და ყველაფერს უდიდესი სიზუსტით შეასრულებს, არა?.. არაფრით არ მოეშვება, ხომ?.. შედეგს მომახსენებს, თან დრო უნდა დავუნიშნო, ძალიან კარგი. გედიმ ტელეფონის ყურმილი დადო და შვებით ამოისუნთქა. როგორც იქნა, ეშველა. ბინაში უახლესი მოდელის ,,იდეალური დიასახლისი~ ეყოლება. ბინას დაულაგებს, კერძს გაუმზადებს. სხვა რა უნდა უცოლო კაცს? თანაც ისე, რომ გედი ვალდებული არ იქნება, დიდი მადლობა გადაუხადოს ან კაფეში დაპატიჟოს, ან სუნამო უყიდოს. რა ბედნიერებაა, თანაც რა სულზე მოუსწრო! ბინა ასე არეული ჯერ არასოდეს ჰქონია. ამ საღამოს გედი ახალგაცნობილ ქალს ელოდება, მეტად მაცდუნებელ, ლამაზ არსებას. სახელიც ასეთივე მაცდუნებელი ჰქვია _ დალილა. გედი თავისთვის, ჩუმად, ღიმილით იმეორებდა ქალის სახელს, ძალზე მოსწონდა ახალი ნაცნობი. ასე რომ, დღეს, როგორც იტყვიან, სხვა ვარიანტი არ არსებობდა, ბინა აუცილებლად უნდა დაელაგებინა და ,,იდეალური დიასახლისიც~ პირდაპირ ტუზივით დაეცა. - ტექნიკა მართლაც კარგი რამეა, - დაასკვნა გედიმ, როცა პირის გაპარსვა დაამთავრა და საპარსი დაუდევრად მიაგდო. ეს ერთადერთი საქმე იყო, რასაც ყოველდღე დიდი გულმოდგინებით აკეთებდა და ახლაც ამასაც გვერდი აუარა, მოვა ის რკინის ანგელოზი და ყველაფერს მოუვლისო. ის იყო, საუზმესაც მორჩა, ზარის ხმა გაისმა. ვიღაც ზარს ხელის აუღებლად, დაჟინებით რეკავდა. გედიმ სასწრაფოდ გააღო კარი - მის წინაშე ადამიანისხელა რობოტი იდგა. - კეთილი იყოს შენი მობრძანება. რობოტმა ყურიც არ ათხოვა გედის მიპატიჟებას. - მეშვიდე კვარტალი, მეორე კორპუსი, პარალელი... მერიდიანი... გრინვიჩის დროით... ფუნქციათა გადაკვეთის წერტილი... განზომილება... - გააბა ცივი, მონოტონური ხმით. გაოცებისაგან პირდაღებული გედი ძლივს არჩევდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიტყვებს. - ჩემზე კარგად გცოდნია ჩემი მისამართი. შემოდი და საქმეს მიხედე. როგორც იქნა, კიმიმ დაასრულა გედის მისამართის ზუსტი მათემატიკური ანალიზი და ბინაში შევიდა. - როგორც გატყობ, დიდი გენიოსი ბრძანდები, - სიცილით ეუბნებოდა გედი, - რას იზამ, მაინც ასეთი რამეები უნდა გამიკეთო, რაც გენიოსებს მაინცდამაინც არ ეკადრებათ. აბა, დავიწყოთ, ჯერ სამზარეულო დაალაგე. - ზუსტი კოორდინატები, მიმართულება, დრო... - დაიზუზუნა კიმიმ. - მიმართულება? შენგან მარჯვნივ, სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაშორება - ოცი ნაბიჯი, დრო - ალბათ ერთი საათი მაინც დაგჭირდება, იმდენი ჭურჭელია დასარეცხი. კიმი დინჯად შეტრიალდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამოზომილი ნაბიჯებით შევიდა სამზარეულოში და გედისთვის მოულოდნელი სიმარჯვით შეუდგა საქმეს. მის შემყურე გედის სიამოვნების ღიმილი გადაეფინა სახეზე, არხეინად გადაწვა სავარძელში და ცხვირი ჟურნალში ჩარგო. თავი მხოლოდ მაშინ ასწია, როცა კიმის მონოტონური ზუზუნი შემოესმა. - კიმიმ შეასრულა მითითებული პროგრამა. დანიშნული დრო ამოიწურა. გედის გულიანად გაეცინა. გედის მკერდზე დიდი წითელი პეპელა მისჯდომოდა. პეპელა მაგნიტზე იყო დამაგრებული და ამიტომაც მიეწება რკინის კორპუსს (პეპელა გედის ერთმა მეგობარმა ქალმა აჩუქა. იმ ქალს ძალიან უყვარდა სათამაშოები). კიმი ბაიბურშიც არ იყო, პეპელას ვერ ამჩნევდა. - ეს პეპელა ძალიან გიხდება, კიმ, - სიცილით თქვა გედიმ და სავარძლიდან წამოდგა, - მოიცა, ასე უფრო უკეთესი იქნება, - გედიმ რობოტს პეპელა მკერდიდან ააცალა და თავზე დაასკუპა. კიმის თვალები ნათურებივით აენთო. - ჰო-ჰო!.. მგონი, შენც გიხარია ლამაზი პეპელა, - გადაიხარხარა გამხიარულებულმა გედიმ, - იარე ასე და თან საქმე აკეთე. აგერ, ეს ნოხი დაბერტყე. - გედიმ ლამაზ, ძვირფას ნოხზე მიუთითა, - აივანი სამხრეთითაა, შენგან მარცხნივ. ათჯერ, არა, უკეთესია, ოცჯერ გადაბერტყე. მერე ფეხსაცმელები გამიპრიალე შავი საცხით. კიმი თითქოს რაღაცას ფიქრობდა. თვალები ხან აენთებოდა, ხან ჩაუქრებოდა. - არ გესმის? - განცვიფრდა გედი, - ამ დილით შენი ქებით ყურები გამომიჭედეს და შენ უკვე მწყობრიდან გამოხვედი? აბა, ცოცხლად, შეასრულე, რაც გიბრძანე, - და გედიმ ისევ ჟურნალში ჩარგო ცხვირი. კიმი ზანტად ამოძრავდა, თავზე წითელი პეპლით. ნელა მიუახლოვდა გედის, მის წინ დაიხარა და ფეხებით დაითრია აივნისკენ. გაოგნებულმა გედიმ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ უკვე ფეხებით ეკიდა აივანზე და კიმი ნოხივით ბერტყავდა. - ეი, რას აკეთებ შე რკინის ურჩხულო, შეჩერდი, ახლავე... - აყვირდა თავდაყირა დაკიდებული გედი, მაგრამ კიმის მისი არ ესმოდა, - მიშველეთ, მიშველეთ! - მორთო ყვირილი, მაგრამ მალევე გაჩერდა - სადღაც მის ქვემოთ, ქუჩაში მიმქროლავი მანქანები ისე ხმაურობდნენ, მის ხმას მაინ ვერავინ გაიგებდა, - ვაიმე, ხელი მაინც არ გამიშვას... ფეხსაცმელები არ გამძვრეს... თავს მიმახეთქებინებს რაიმეზე... კიმიმ ბერტყვა დაამთავრა, გედი ღონივრად მოიქნია და ისევ სავარძელში ჩაუძახა. როგორც კი რკინის მარწუხებს თავი დააღწია, გედი წამოხტა და ტყვიასავით დავარდა მეორე ოთახში, თუმცა ჯერ სული არ მოეთქვა და მთელი ტანით ცახცახებდა. - უჰ, მგონი გადავრჩი, - ამოისუნთა გედიმ. თვითონაც არ სჯეროდა, რომ ცოცხალი იყო. სახეზე და ტანზე ხელები მიისვ-მოისვა და ოდნავ დაწყნარდა. მეორე ოთახიდან კიმის საქმიანი ნაბიჯების ხმა ისმოდა. - ნეტავ რას აკეთებს? - გაიფიქრა გედიმ, კარი გაუბედავად გამოაღო და ოთახში ფრთხილად შეიჭყიტა. კიმი მის ძვირფას ნოხს საგულდაგულოდ აპრიალებდა შავი საცხით. მის თავზე წითელი პეპელა ფრთებს აფარფატებდა. - სულ მთლად აურია, - ამოიგმინა სასოწარკვეთილმა გედიმ, მაგრამ კიმის ვერაფერი შეჰბედა შიშით - ვინ იცის, ჩემს ბრძანებას როგორ გაიგებს და შეატრიალებსო. - ჯანდაბას ეგ ნოხი, ოღონდ ცოცხალი გადავრჩე და მე ნურაფერს დამიშავებს და... სანამ ნოხს აპრიალებს იმათ მოველაპარაკები... ალო! ალო!.. ერთი მობრძანდით და ნახეთ, რას აკეთებს თქვენი ,,იდეალური დიასახლისი~! ჯერ იყო და ნოხის ნაცვლად მე დამბერტყა, ახლა ნოხს ფეხსაცმელების მაგივრად აპრიალებს. ყველაფერი უკუღმა ესმის. შიშით ვეღარ ვეკარები. ახლავე მომაშორეთ აქედან... მე ყველაფერი ზუსტად მივუთითე... როგორ? რაღაცამ გადაანაცვლა მოწოდებული ინფორმაცია? მერე, რა უნდა იყოს ეს რაღაც... ჭექა-ქუხილი? არა, არ გამიგონია, მგონი, არ ყოფილა... არა, არც ბინაში მაქვს რაიმე ელექტრომაგნიტური ველი, არაფერი მაგის მსგავსი... ჰო, თუმცა კიმის თავზე დიდი მაგნიტური პეპელა აზის... რაო? მაგას აურევია ყველაფერი?.. ააა, გასაგებია. კარგი, მოვაშორებ ამ პეპელას, მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ რაიმე ხათაბალას კიდევ არ გადამყრის? სულ შიშის კანკალში უნდა ვიყო, არიქა, მოწმენდილ ცაზე მეხი არ გავარდეს და კიმი პურის საჭრელი დანით მე არ გამომიდგეს?! როგორც გამომიგზავნეთ, ისე წაიყვანეთ აქედან... რაო? ყურადღებით ვიყო? სულ სმენაზე ხომ არ ვიქნები... არა, ვერც ვერასოდეს მივეჩვევი... გესმით? მე არ მინდა, ალო, ალო... გედიმ ყურმილი დაახეთქა და ლაზათიანად შეუკურთხა ტექნიკური სასწაულების ყველა გამომგონებელს. მეორე ოთახიდან ისევ ისმოდა კიმის საქმიანი ნაბიჯების ხმა. გედიმ ფრთხილად შეიჭყიტა ოთახში. წელში ოთხად მოკეცილი კიმი ნოხის გაპრიალებას ამთავრებდა. წითელი პეპელა ისევ ისე დასკუპებულიყო მის თავზე. გედიმ სუფრა დაახვია და კიმის თავში დაუმიზნა, ესროლა და, როგორც იქნა, მოაცილა ბედნავსი პეპელა. - კიმ, ჯაგრისი დააგდე და ვერტიკალური მდგომარეობა მიიღე, - დაუყვირა გედიმ და ყოველი შემთხვევისათვის კარს ამოეფარა. კიმიმ ზუსტად შეასრულა გედის ბრძანება. - მადლობა ღმერთს, სწორად ესმის, - შვებით ამოისუნთქა გედიმ და მაშინვე შემრიგებლური ტონით გააბა კიმისთან მუსაიფი. - მეტად კმაყოფილი ვარ, კიმი, რაც ჩემთვის გააკეთე, მაგრამ აწი აღარ მჭირდები და გთხოვ, აქედან წაბრძანდე. - ინფორმაციაში უზუსტობაა - კიმიმ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ,,გთხოვ~. - კიმ, შემიბრალე... და თავიდან მომწყდი... - კომიმ არც ,,შებრალება~ იცის რა არის. - კიმ, გიბრძანებ, აქედან დაიკარგო! - ინფორმაციის უზუსტობა. თქვენ მაძლევთ მხოლოდ საწყისი წერტილის კოორდინატებს. ეს არაა საკმარისი. უნდა მომცეთ საბოლოო წერტილის კოორდინატები, მიმართულება, დრო. - საბოლოო კოორდინატები? ჯანდაბას შენი თავი! - კიმიმ არ იცის, სადაა ჯანდაბა. - სადაა და ეშმაკებში. - კიმიმ არც ეშმაკები იცის, მომეცით ზუსტი კოორდინატები. - გაჩუმდი, შე რკინის ურჩხულო, თორემ თავს გაგიხეთქავ, - დაუყვირა მოთმინებიდან გამოსულმა გედიმ და ყურებზე ხელი აიფარა, რომ რობოტის პასუხი აღარ გაეგონა. - ჰო, მე ვიცი სადაც არიან ეშმაკები და პირდაპირ იქ გაგიშვებ, - ჩაილაპარაკა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ და სატელეფონო ცნობარიდან ტექნიკურ სიახლეთა ბიუროს მისამართი ამოქექა. ყველაფერი ზედმიწევნით მოიფიქრა და დააზუსტა, ნერვები აღარ ამეშალოსო და კიმის დაწვრილებით უკარნახა სამოქმედო გეგმა. - მისმინე კიმი, გახვალ ჩემი ბინიდან, გადაადგამ მარცხნივ ხუთ ნაბიჯს. იქ ლიფტია. დააჭერ ხელს ღილაკს. კარი გაიღება. შეხვალ ლიფტში. ჩახვალ სადარბაზოში. იქიდან გახვალ ქუჩაში. ივლი ჯერ სამხრეთით, მერე მოუხვევ სამხრეთ-დასავლეთით. ერთი საათის შემდეგ მიადგები ფართოპანელიან შენობას. მეცამეტე ნომერი. აბა, ცოცხლად. ზურგისაკენ. კიმი შეტრიალდა. გედი სასწრაფოდ გავარდა და კარი გააღო. - ხუთი ნაბიჯის შემდეგ ლიფტის ღილაკი... - მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია გედიმ, თან კარიდან უთვალთვალებდა, მიაღწია თუ არა კიმიმ ლიფტს და ღილაკს ხელი თუ დაადო. რომ დარწმუნდა, რობოტი მშვიდობიანად გავისტუმრეო, გახარებულმა კარი მიაჯახუნა. - გადავრჩი. ისეთი შვება იგრძნო გედიმ, ის დიდებული ნოხიც აღარ ადარდება. ახლა უკვე სასაცილოდ მოეჩვენა ყველაფერი. სახლი დაულაგებელი კი დარჩა, მაგრამ არა უშავს, ოღონდ ის რკინის ურჩხული აქ ნუ იქნება და როგორმე თვითონ მოახერხებს რაიმეს. გედიმ ნელ-ნელა აითრია წელი, მერე თანდათან გახალისდა და სულ მალე პარკეტზე მოცეკვავესავით დაბზრიალდა. სიმღერაც კი წამოიწყო - ,,შენ ერთადერთი, ხარ ჩემი ღმერთი~. ღიღინებდა თავისთვის და თალწინ დალილას სახე ედგა. მერე საუზმის მომზადებას მიჰყო ხელი. ამან კიდევ უფრო გაამხიარულა, მზარეულობა უფრო ეხერხებოდა. ზარის ხმა გაისმა. - არიქა, მოვიდა... - გედიმ წინსაფარზე ხელები ნაჩქარევად შეიწმინდა და თმაზე ხელი გადაისვა. ზარი გაბმით წკრიალებდა. გედიმ ტანსაცმელი მიისწორ-მოისწორა და კარისკენ გაქანდა, - რა ამბავია, დაინგრა ქვეყანა და ესაა... - იცინოდა, მაგრამ როცა კარი გააღო, სიცილი ნიღაბივით შერჩა სახეზე - მის წინ კიმი იდგა. - შენ ისევ მოხვედი? - ლიღტის კარი არ გაიღო. დანიშნული დრო ამოიწურა. ოპერაციის ჩაშლის შემთხვევაში კიმი უბრუნდება საწყის წერტილს. გედიმ ლიფტს გახედა - ახლაღა შენიშნა ცარცით მიჩხაპნილი წარწერა, ლიფტი არ მუშაობსო. - კიბეზე ჩასვლა არ შეგიძლია? - ადამიანზე ორჯერ უფრო სწრაფად. - მერე რატომ არ ჩახვედი? - ინფორმაციის უზუსტობა. ასეთი ბრძანება არ მიმიღია. კიმი ელოდება შემდეგ ბრძანებებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მახსოვდა ეს)) მახსოვდა ეს))
4. მახსოვდა ეს)) მახსოვდა ეს))
3. მახსოვდა ეს)) მახსოვდა ეს))
2. :)) კაი იყო :)) კაი იყო
1. სახალისოა :) სახალისოა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|