ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ტელეფონის ზარმა დილაადრიან დაუფრთხო ძილი. თვალგაუხელელად დაწვდა ყურმილს. ვიღაცამ ბოხი ხმით აუწყა: ძალუა ლულუ ავად არის და შენს უნახავად არაფრით არ უნდა მოკვდესო. სოლოს დიდი ხანია არაფერი სმენოდა ძალუა ლულუს შესახებ; აღარც კი ახსოვდა მისი არსებობა და ახლა გრძნობების გამომჟღავნება იჩქარა: ,,რას მეუბნები, საწყალი ძალუა ლულუ... რა დაემართა?.. წნევა?.. ნუღარ იტყვით, ვის აღარ აქვს ახლა წნევა?.. აგერ, მეც წამალი საწოლის გვერდით მიდევს... რომელ პალატაში?.. აჰა, გასაგებია... კარგად მენახეთ... ჰო, მართლა, ვინ მელაპარაკება? ეს იყო პირველი სასწაული. თითქმის მთელი ხუთი წუთი ელაპარაკა ვიღაცას ტელეფონით ისე, რომ არც კი დაინტერესებულა მისი ვინაობით. მაშინღა გაახსენდა, რომ იმ ვაღაცამ უკვე ყურმილი დაკიდა. ეს მართლაცდა უჩვეულო ამბავი იყო სოლოსთვის. ხოლო, იგივე სოლომონი, საყოველთაოდ იყო ცნობილი წინასწარგამიზნული, წინდახედული საქციელით. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი; ეს იყო მისი დევიზი, ოღონდ ერთი პატარა შესწორებით. ასჯერ გაზომვა მანამდე უნდა მოასწრო, სანამ სხვა ერთხელ გაზომავდეს. არც ისე ადვილია ასეთი დევიზით მოქმედება, მაგრამ სოლო წარმატებით ართმევდა თავს და ამიტომაც დამსახურებულად უწოდებდნენ ნაცნობ-მეგობრები სოლომონ-ბრძენს. თუმცა თვითონ სოლოს არ მოსჩვენებია საკუთარი უყურადღებობა დიდ შეცდომად, ნამძინარეობას გადააბრალა. ვინმე საერთო ნაცნობი იქნებოდაო, გაიფიქრა. მერე გავიგებო. წინასწარ რომ ცოდნოდა, რამდენ დავიდარაბას გადაჰკიდებდა ეს ტელეფონის ზარი... რამდენ უცნაურ ამბავს შეამთხვევდა. მაგრამ ვინ რა იცის, რა მოელის ხვალ, ანდა თუნდაც ერთი საათის შემდეგ? ალბათ, არცაა საჭირო ამის ცოდნა. მაშინ ცხოვრება მთელ ინტერესს დაკარგავდა. სოლომ სრულიად არხეინად გაიპარსა პირი, ისაუზმა, ხუმრობით ჩაუკრა თვალი საკუთარ ანარეკლს ძვირფას სარკეში; ეს ჩვეულებად ჰქონდა, საკუთარი თავით კმაყოფილებას ასეთნიარად გამოხატავდა ხოლმე. საამისო მიზეზი კი დიაღაც ჰქონდა. სახლში მუზეუმი აქვსო, ასე ამბობდნენ მასზე მეზობლები და სოლომ შესანიშნავად უწყოდა ეს... და ბინის კარები გამოიკეტა. ძალუა ლულუ საკმაოდ მიკნავლებული ჩანდა. სოლომ შოკოლადის კამფეტები მიართვა, გულიანად მოიკითხა და ძალუა ლულუც თვალისდახამხამებაში მოცოცხლდა. სოლო გაჰკვირდა კიდეც, ისე შეუწყვეტლად გადმოუშვა პირიდან სიტყვების ნიაღვარი: ,,...როცა ბიძაშენი ცოცხალი იყო, ფრჩხილიც კი არ წამომტკენია, ახლა არ ვიცი, რა დამემართა, მისი გარდაცვალების შემდეგ სულ ავად ვარ... ეს იმათი ბრალია, იმათი...~ და აქ საშინელმა წყევლა-კრულვამ ამოხეთქა მიხრწნილი დედაბრის პირიდან. თავის მაზლიშვილებს წყევლიდა, ჩემი სიკვდილი უნდათო, ცის მანანასავით ელოდებიანო... ,ეს იმათ მომწამლეს... ახლა სულ თავზე დამტრიალებენ, ვითომ ჩემი პატივისცემა უნდათ. ნახე, რამდენი შოკოლადები მომიტანეს, აქაურობა სულ გაავსეს, კარგად იციან, შოკოლადის ჭამა არ შეიძლება ჩემთვის, თანაც ძალიან მიყვარს, განგებ მაღიზიანებენ...~ სოლომ მიიხედ-მოიხედა, მართლაც, უამრავი შოკოლადის კოლოფი ეწყო ირგვლივ, ფანჯრის რაფაზეც დაელაგებინათ. თვითონ რომ მიუტანა, ისეთი კოლოფი ხუთი მაინც იქნებოდა, თუ მეტი არა... ,,...მე ვიცი, მაგათ რა უნდათ~... - კრიახობდა ძალუა ლულუ, თან ბეჭდებით დახუნძლულ თითებს მაგრად კუმშავდა. სოლოს თავის დღეში არ ახსოვდა ძალუა ლულუ გაშლილი თითებით ენახა, სულ ასე ჰქონდა დაკრუნჩხული, ალბათ ძვირფას ბეჭდებს უფრთხილდებოდა... ძალუა ლულუ, ძალუა ლულუ რომ მოკვდები, თითები მაინც ასე გექნება შეკუმშული? - მე კარგად ვიცი, რა მუცლის გვრემაც აქვთ. - ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა ძალუ ლულუ. - ვერ მივართვი, ვერა, ვერაფერსაც ვერ ნახავენ, ვერ იპოვნიან... არ იფიქროს ვინმემ, ლულუს რაიმე მოვპარეო, არავინ დაიკვეხოს... სოლოს ახლა გაახსენდა, მისი ბიძა და ძალუა ლულუ უშვილოები რომ იყვნენ. იმიტომაც ჩასაფრებულან მაზლიშვილები. თვითონ სოლოს არაფერში გამოადგებოდა მათი უშვილძირობა, აფსუსი კი იყო, მთელი სიცოცხლე ფულის დაგროვების მეტი არაფერი უკეთებიათ. ვინ იცის, რამდენი ექნებოდათ სადღაც დასაკარგავში დამალული. ღვიძლი ბიძა რომ ყოფილიყო... სამწუხაროდ, ბიძაშვილად ერგებოდა სოლოს მამას... - ...რამდენი შოკოლადიც უნდა მომიტანონ, თუნდაც მთელი მაღაზია მოზიდონ აქ... - ხრიალებდა ძალუა ლულუ. - არაფერი გამოუვათ, ვერაფერს ვერ ეღირსებიან. ენას მოვიკვნიტავ, ენას. - დედაბერმა კბილებშუა მოიქცია ენის წვერი და გამეტებით უკბინა. სიმწრისგან სახე უარესად დაეღმიჭა, პროტეზიც სანახევროდ გამოუვარდა პირიდან. დაკრუნჩხული მუშტი მაგრად დაირტყა პირზე და პროტეზი ისევ თავის ადგილას ჩასვა. - ...რომ არაფერი წამომცდეს... ,,...ძალუა ლულუ, ნეტავი ვიცოდე, მკვდარსაც ასე გექნება თითები დაკრუნჩხული?~ - ...არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს. ჯერ არ მომხდარა, ვინმე რაიმეს გამომრჩენოდა. ვინმეს რაიმე მოეპარა ჩემთვის... ჯერ არავის დაუკვეხია... ,,...სულ ერთია, ძალუა ლულუ, მაგ ბეჭდებს მაინც დაგაძრობენ თითებიდან~... - არაფერი გამოუვათ, არავის არაფერი ერგება ჩემგან, ვერ მიაგნებენ... აღარ წყდებოდა წყევლა-კრულვის ნიაღვარი, სოლოს მოსწყინდა. აღარც ბეჭდების დათვალიერება უნდოდა. უგულისყუროდ ათვალიერებდა პალატას და იმაზე ფიქრობდა, ზრდილობიანად როგორ დაეღწია თავი ძალუა ლულუს ჭარტალისაგან. პალატაში სანიტარი შემოვიდა, სრულიად უხმაუროდ მოაბიჯებდა თექისძირიანი ჩუსტებით. დაბარებულივით პირდაპირ სოლოსკენ აიღო გეზი და ყოვლად უვარგისი, ალბათ საკუთარი ხელით მოჯღანული ფოსტლები შესთავაზა; ხომ არ გინდათ, კარგი რამეაო. სოლომ პასუხი არ აღირსა, ირონიული ღიმილით გასწია ცხვირი განზე. სანიტარი მიხვდა, ამისგან არაფერი გამოდნებაო და ხმისამოუღებლად გატრიალდა, სხვას მიადგა თავისი ფოსტლებით. მისმა ყურებამ ძალუა ლულუს ჭარტლისგან თავმობეზრებული სოლო გაართო და თან საღერღელი აუშალა. ,,ერთი უყურეთ ამ პატარა ვაჭრუკანას, ერთ წამსაც არ აცდენს, ერთ შემთხვევასაც არ უშვებს ხელიდან. საკმაოდ მარჯვეა და ყოჩაღი, ცხადია, თავის მასშტაბებში. კოჭებზე ეტყობა, რაც არის. იმწამსვე ხვდება, ვისთან როგორ უნდა ივაჭროს. ღირს თუ არა, იცის, სად უნდა შეჩერდეს~... ჩაფიქრებული სოლო ჩუმჩუმად უთვალთვალებდა სანიტარს. ერთი წყვილი უკვე გაასაღა და ახლა სხვას მიადგა, ვერცხლისფერკოსტუმიან მაღალ კაცს. სოლომ შეამჩნია, ვერცხლისფერკოსტუმიანმა შეუვაჭრებლად იყიდა ის ფოსტლები და მგონი რაღაც საეჭვოდ დიდი თანხა გადაიხადა. მისი მიწოდებული ფული სანიტარმა სასწრაფოდ იკრა ჯიბეში და პალატიდან უკანმოუხედავად გავარდა. სოლო დაინტერესდა, უფრო ყურადღებით შეხება ვერცხლისფერკოსტუმიანს. ტანსაცმელი წუნდაუდებელი აცვია, ძვირფასი და უზადო. ძვირფასი ბეჭედი უკეთია. მგონი, აქაური არ უნდა იყოს. მგონი კი არა, ნაღდად ასეა. არც ისე გამოქექილი ვინმე ჩანს. მთვარეულივით იქცევა... აჰა, ნახეთ, მართლა მთვარეულივით არ დადის? დამშვიდობებაც კი დაავიწყდა, ვის სანახავადაც იყო მოსული. ავადმყოფებს გადაავლო თვალი. არც ერთს არავითარი რეაქცია არ გამოუმჟღავნებია ვერცხლისფერკოსტუმიანის პალატიდან გაბრძანების დროს. გაუგებარი დარჩა, ვისთან უნდა ყოფილი ეს უცნაური მნახველი, არც იყო აუცილებელი ამის გარკვევა. სოლო სასწრაფოდ დაემშვიდობა ძალუა ლულუს და თვითონაც კარებს მიაშურა. მიდიოდა და გზადაგზა ჩაესმოდა ძალუა ლულუს სიტყვები: ,,ვერ ეღირსებით... არაფერი გამოგივათ... არაფერი...~ დერეფნის ბოლში დაეწია სოლო იმ ვერცხლისფერკოსტუმიანს და წუთით შეჩერდით, საქმე მაქვსო, თავაზიანად უთხრა. უცნობი შეჩერდა და შემოხედა. ახლოდან ძალიან უფერული მოეჩვენა იგი სოლოს, თვალებიც რაღაც უცნაურად, უსიცოცხლოდ გამოიყურებოდნენ. მაგრამ ეს წუნდაუდებელი კოსტუმი ახლოდან კიდევ უფრო ძვირფასი ჩანდა. ძვირფასმა ბეჭედმაც თვალისმომჭრელად გაიბრჭყვიალა. - ვიღაცას მაგონებთ, აქაური არა ხართ? - არა, მე მთვარიდან ვარ, - იყო პასუხი. - როგორ თქვით? მთვარიდან? - დიახ, მთვარიდან, მთვარიდან, - გაიმეორა უცნობმა. ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცის გაღვიძებას უფრთხისო. სოლო ორიოდე წამს ჩუმად შეჰყურებდა. ,,ნაღდად გიჟია~, გაივლო გულში, თუმცა სახეზე არაფერი დასტყობოდა და ისე, სასხვათაშორისოდ ჰკითხა: - განა არიან მთვარეზე ადამიანები? - მთვარეზე ადამიანები კი არა, მთვარეულები არიან. - შეუსწორა უცნობმა საკმაოდ მკვეთრი კილოთი. - უკაცრავად, - წაილუღლუღა სოლომ, - თქვენი შეურაცხყოფა არ მიფიქრია. მე, უბრალოდ მიკვირს... ჰო, რატომ არ ჩანდით ამდენ ხანს? რატომ ვერავინ დაგინახათ? მთვარე ხომ უსიცოცხლო უდაბნოდ მოჩანს დედამიწიდან. - ეს ყველაფერი თვალის ცდომილებაა, - განმარტა უცნობმა, - ადამიანებს მთვარე უსიცოცხლო უდაბნოდ ეჩვენებათ. ვერც ჩვენ გვამჩნევენ, ვერც ჩვენს ქალაქებს და ბაღებს. - გასაგებია, - ჩაილაპარაკა სოლომ, თუმცა ერთმა ღმერთმა იცოდა, რა იყო მისთვის გასაგები. ოღონდ თვალის ცდომილება კი კარგად მოეხსენებოდა რაც იყო, მისი საკუთარი პროფესიის კვალობაზე. კინორეჟისორი გახლდათ. იცოდა სალომ, რა ადვილად შეიძლება მოტყუვდეს ადამიანის თვალი. თვითონ კინოფილმი მთლიანად ხომ ადამიანის თვალის არასრულფასოვნებაზე არის აგებული. თვალი ვერ აღიქვამს კადრებს შორის გამყოლ ჩარჩოებს... - გასაგებია, მაგრამ თქვენ თვითონვე რატომ არ ამჟღავნებთ საკუთარ თავს? თქვით საჯაროდ, მთვარიდან ვარო... - ვინ დამიჯერებს? ან გიჟად ჩამთვლიან, ანდა ბოროტად... მართალია, აკი მეც ასე ვფიქრობო, გაივლო გულში სოლომ. ალბათ ასედაც იქნება. ერთი ის მიკვირს, რატომ ვდგავარ და ველაპარაკები ამ გიჟს თუ მთვარეულსო. ალბათ ჭკუასთან უფრო ახლოს იქნებოდა, დროზე გასცლოდა ამ საეჭვო სუბიექტს, მაგრამ სოლომ ფეხი ვერ მოიცვალა ადგილიდან. ჯერ ერთი, რა ძვირფასი კოსტუმი აცვია. ჩაცმულობა ყოველთვის ახდენს უცვლელ ეფექტს, მიუხედავად იმისა, მთვარეულს აცვია თუ გიჟს. თანაც ის ფოსტლები, რომელშიც ამ მართლა მთვარეულმა იმდენი ფული გადაიხადა. ვინ რა იცის, იქნებ მართლა არსებობენ მთვარეულები, ხანდახან დედამიწასაც ესტუმრებიან, ადვილად მოსატყუებელ, მიამიტ ადამიანს მთვარეულს უწოდებენ ხოლმე. იქნებ ეს სულაც არაა შემთხვევითი ამბავი. ყოველ შემთხვევაში, არაფერს დავკარგავ მასთან მუსაიფით... და სოლომ კიდევ დაუსვა კითხვა მთვარეულს. - რისთვის გინებებიათ დედამიწაზე ჩამობრძანება? - სუვენირებისთვის. - კოლექციონერი იქნებით ალბათ. უცნობმა ხელები მკერდზე დაიჭდო და თვალები ზეცას აღაპყრო. - მე ორი დიდი გატაცება მაქვს, კოლექციონერობა და ტურიზმი. რომ მკითხოთ, ვერც კი გეტყვით, რომელი უფრო მეტად მიტაცებს. როცა სამოგზაუროდ მივდივარ სამყაროს ირგვლივ, მაშინ მეჩვენება, თითქოს ტურიზმი უფრო უნდა მაინტერესებდეს, მაგრამ, როცა მთვარეზე ჩემს კოლექციას ვათვალიერებ, ეჭვიც არ მეპარება, რომ კოლექციონერობა ჩემი მთავარი გატაცებაა. მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ ამაში. - წარმომიდგენია, რა მდიდარი იქნება თქვენი კოლექცია, - ხმაში ირონია გაურია სოლომ, ფოსტლები მოაგონდა, სანიტრის მოჯღანული. - თავისთავად ცხადია. მთელ მზის სისტემაში მე მაქვს უმდიდრესი კოლექცია, იუპიტერზე მყავს ერთი მეტოქე, მაგრამ ჩემთან ვერ მოვა. ყოველ შემთხვევაში, მიწიერი სუვენირები ძალზე ცოტა მაქვს. მისი კოლექცია უმეტესად არამიწიერი წარმოშობისაა, მზის სისტემაში კი მიწიერი სუვენირები ფასობს ყველაზე მეტად. სოლო ცალყბად უგდებდა ყურს და გუნებაში მკითხაობდა, რა შეიძლება მივასაღო ამ გიჟს თუ მთვარეულსო. აფსუს, თან არაფერი წამომიღია ისეთი! მაინც ვცდი... ხომ არაფერს ვაგებ... - ამას ხომ არ შეიძენდით სუვენირის სახით? - ავტოკალამი დააძრო ჯიბიდან. უცნობმა გამოართვა, ყურადღებით დაათვალიერა და ერთ-ერთი ჯიბიდან ზუსტად ისეთივე ავტოკალამი ამოიღო. - არა, ასეთი უკვე მქონია. - მაშინ ეს ნახეთ. - სოლომ საათი მოიხსნა მაჯიდან. საათსაც იგივე ბედი ეწია. ბეჭედი წაიძრო სოლომ თითიდან, უცნობმა ზუსტად ორი ისეთივე ბეჭედი ამოიღო უკანა ჯიბიდან. იმანაც გააოცა სოლო, მთვარეულს უზადოდ შეკერილ კოსტუმზე უამრავი ჯიბე ჰქონდა დაკერებული, მაგრამ სრულიად შეუმჩნეველი იყო ის ჯიბეები, მხოლოდ მაშინ ხდებოდნენ შესამჩნევნი, როცა უცნობი რაიმეს ამოიღებდა რომელიმე მათგანიდან. კოსტუმიც შესთავაზა სოლომ. კოსტუმმა უცნობი დააინტერესა, - ყურადღებით დაუწყო თვალიერება. მაგრამ ისიც დაუბრუნა, ნახვრეტი აღმოუჩინა პაპიროსით გამომწვარი. - მე უკვე მაქვს ერთნახევრეტიანი კოსტუმი. მეორეც რომ ჰქონდეს... - ახლავე გამოვწვავ მეორესაც... - არა, ეგ არ შეიძლება, აღარ ითვლება... - რაღა არ სცადა სოლომ: პატარა ტყავის პორტფელი, ფეხსაცმელები, უცნობი ყველაფერს იწუნებდა. მაინც ცდილობდა სოლო, გაბრაზებულს ის უვარგისი ფოსტლები უტრიალებდა თვალწინ, ისე იღბლიანად რომ გაყიდა სანიტარმა. მოზაიკის ის ფილაც კი შესთავაზა, რაზედაც იდგნენ იმ წუთში. - თუ გინდათ, მთელ დედამიწას მოგყიდით. - შესძახა ბოლოს გამწარებულმა, ფულის სუნი ისე გამაღიზიანებლად უღიტინებდა ცხვირში... მთვარეულმა სევდიანად გადააქნია თავი, ლამის ცრემლები მოადგა თვალებზე. - სამწუხაროდ, ეს თქვენ არ შეგიძლიათ. მთელ დედამიწას ვერ მომყიდით. არც მე მაქვს მაგდენი ფული. დედამიწა ძვირი ღირს, ძალიან ძვირი... მიიხედ-მოიხედა სოლომ, კიდევ რა შევთავაზოო, საკუთარი ანარეკლი ეცა თვალში დერეფნის კედელზე ჩამოკიდებულ, გაცრეცილ სარკეში არეკლილი. - გინდათ, ჩემს ანარეკლს მოგყიდით. უცნობი მგონი დაინტერესდა. ისეთი ყურადღებით დააშტერდა სოლოს ანარეკლს, რითაც თვითონ სოლოსთვის არც ერთხელ არ შეუხედავს. - შეხედეთ, რა მშვენიერებაა, - შეაქო სოლომ თავისი საქონელი, თან გულში ფიქრობდა, მართლა თუ მივასაღე, რა სეირი იქნებაო. საქმეც სწორედ იმაშია, არაფერი გაყიდო და ფული აიღო. არაფრიდან ფულის კეთება, - ესაა მოგების მთავარი ქვაკუთხედი. მე თუ ეს შევძელი, მთელი სიცოცხლე სატრაბახოდ მექნება. ასეთი რამ მგონი ჯერ არავის მოუხერხებია... რაში მენაღვლება, გიჟია თუ მთვარეული. მთავარია, ფული გადაიხადოს... - ამისთანა ანარეკლი არავის არ ექნება მთელი დედამიწის ზურგზე, - აქებდა სოლო თავის საქონელს. თუმცა ეს სრულიად ზედმეტი იყო, უცნობმა ჯიბიდან უკვე ამოიღო ფულის მოზრდილი დასტა. - ცოტაა, - შეევაჭრა სოლო, თან წინ ჩამოეფარა. უცნობმა კიდევ დააძრო მოზრდილი დასტა. - არც ესაა საკმარისი... მაშინღა დაეთანხმა სოლო, როცა ტყავის მომცრო პორტფელი პირთამდე გატენა ფულის დასტებით... ჯიბეებშიაც ბლომად ჩაილაგა. - წაიღეთ, თქვენი იყოს... თქვენი ხათრით, თორემ სხვას ასე იაფად... აქ სიტყვა გაუწყდა სოლოს. უცნობი სარკეს მიუახლოვდა და თითქოს მეორე ოთახში შეაბიჯაო, ისე არხეინად გადაალაჯა სარკის ჩარჩოს. ხელმკლავი გაუყარა სოლოს ანარეკლს და სარკის მიღმა კარებისკენ წაიყვანა. ანარეკლმა ერთი ნაღვლიანად მოხედა სოლოს, გააბიჯა კარებში და თვალს მიეფარა. სოლომ შუბლზე მოისვა ხელი, თვალებიც მოისრისა. დავღლილვარო, ჩაილაპარაკა. მართლაც საშინელ დაღლილობას გრძნობდა. ფეხები ეკეცებოდა. ახლაღა შეამჩნია, თურმე დაღამებულიყო. მთელი დღე იმ მთვარეულთან ვაჭრობაში დაუღამებია. საოცარია, როგორ გავიდა ამდენი დრო ასე შეუმჩნევლად? დავიღლებოდი, აბა რა იქნებოდა, იმიტომაც მეჩვენება რაღაცეები... მაგრამ ეს ფული, მოჩვენება არ უნდა იყოს, მე მგონი. ყოველ შემთხვევაში, არაფერი გამიყიდია, წაგებით არაფერს ვაგებ, თუ არ მოვიგებ. ფული მართლაც არ აღმოჩნდა მოჩვენება... სახლში მისვლისას, როცა კარები საგულდაგულოდ ჩაკეტა და პირდაპირ ნოხზე მოაპირქვავა ფულით გატენილი პორტფელი, ლამის თვალები გადმოუცვივდა სოლოს. ამდენს არც კი ელოდა... სულ ერთიანად მსხვილი კუპიურები, დასტებად შეკრული, მომცრო მთად აღიმართა ნოხის შუაგულში. ფულის ნამდვილი მთა... და ეს ყველაფერი არაფერში. სოლომ ხომ ანარეკლი გაყიდა, ესე იგი, არაფერი. ამდენი მოგება არაფრიდან... ეს ჯერ ალბათ არავის მოუხერხებია მთელი დედამიწის ზურგზე. სამიოდე საათი მაინც გავიდა, სანამ სოლო დაძინებას შეძლებდა. მანამდე კი... თუმცა არც ისე ადვილია იმის აღწერა, თუ როგორ გამოიყურებოდა მანამდე სოლო იმ სამი საათის განმავლობაში. უფრო ზუსტი შედარება იქნება თუ ვიტყვით, რომ სოლო პატარა მხიარულ მაიმუნად იქცა. დახტოდა, ფეხებს აბარტყუნებდა და ყირაზე გადადიოდა ფულის დასტებით მოფენილ ნოხზე. მერე პირდაპირ ნოხზე მიეძინა დაღლილ-დაქანცულს, გაშლილ ხელებში ფულებჩაბღუჯულს. დილით გაუკვირდა, როცა ნოხზე აღმოაჩინა თავისი თავი, მაგრამ როცა ცხვირში ფულების სუნმა შეუღიტინა, მაშინვე გაახსენდა წინა დღის თავგადასავალი და ფრთაშესხმულობის გრძნობა ტალღასავით მოაწვა მთელ სხეულში. ბუმბულივით მსუბუქად წამოხტა. რა ყოჩაღად გააცურა ის მართლაცდა მთვარეული, ასეთი რამისთვის ჯერ არავის მიუღწევია, ამდენი ფული არაფერში. მართლაც ჭკვიანი ბიჭი ხარ. ჰა, რას იტყვი, შე ძველო... ეს სიტყვები სოლომ სარკის წინ წარმოთქვა, თანაც თვალი ჩაუკრა სარკეს, თავისი ჩვეულების მიხედვით. მაგრამ სარკეში საკუთარი გამოსახულება ვერ დაინახა. ალბათ სარკის ფოკუსში ვერ ვხვდებიო, მიიწ-მოიწია სოლო, სარკეც შეასწორა, მაგრამ მაინც ვერ დაინახა ნაცნობი ფიზიონომია. იდგა პირდაპირ სარკის წინ და საკუთარ ოთახს შეჰყურებდა მის მიღმა, ნაცნობ ნივთებს. რაშია საქმე? გაჰკვირდა სოლო და უცბად გაახსენდა: ჰო, მე ხომ ანარეკლი გავყიდე. ჯერ გაოცება არც ეთქმოდა იმ გრძნობას, რაც სოლოს გაუჩნდა ამის აღმოჩენისას. ანარეკლის გაყიდვა! არა, ეს რაღაც მეტად უცნაური და დაუჯერებელი რამეა. ანარეკლი იმიტომ შესთავაზა იმ მთვარეულს, რომ ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა. ეს სრულიად ჩვეულებრივი ფანდი იყო, რასაც ალბათ ყველა გამოიყენებდა ჩემს ადგილას. მაგრამ გამოდის, თურმე შეუძლებელი არაფერია ამქვეყნად, ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. მათ შორის ანარეკლისაც. შეიძლება და ძალიანაც კარგი. მე გავყიდე ანარეკლი, თანაც არც ისე იაფად, მე მგონი. რაც არ უნდა იყოს, ანარეკლი მაინც ანარეკლია... თითქოს დაიმშვიდა ამ სიტყვებით თავი, მოსცილდა სარკეს, მაგრამ შფოთვარების ბუნდოვანი გრძნობა ერთი წამითაც არ სცილდებოდა. რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყოველთვის სარკისკენ გაურბოდა თვალი. რატომღაც მეტად არასასიამოვნო იყო ის სიცარიელე, რაც ყოველი მხრიდან შემოსცქეროდა, ყველა სარკიდან, ყველა გაპრიალებული ნივთიდან. ჩაის დალევის დროსაც, ჭიქა იქნებოდა, დანა-ჩანგალი თუ კოვზი, ყველგან საკუთარ ანარეკლს ეძებდა და ვერ პოულობდა. აშკარა იყო, ანარეკლი სამუდამოდ გაქრა მისი ბინის სარკეებიდან. სოლო მაინც რაღაცის ბუნდოვან მოლოდინში იყო, ბოლომდე ვერ გაეცნობიერებინა თავს დამტყდარი ამბავი. ,,ანარეკლის გაყიდვა ვის გაუგია~. - უმტკიცებდა თავის თავს. ,,ეს რაღაც მეტისმეტად დაუჯერებელია. ალბათ მეჩვენება, გადავიღალე... ხვალ ყველაფერი გაირკვევა...~ მანამდე კი სოლომ ფული საიმედო ადგილას შეინახა და სამუშაოზე გაეშურა. ქუჩაში მიმავალიც, მაღაზიის ვიტრინა იქნებოდა თუ ავტობუსის მინა, ყველგან საკუთარ ანარეკლს ეძებდა. თავისი ერთ-ერთი თანამშრომელიც, ვინც პირველი შემოხვდა წინ სამსახურში მისულს, კინაღამ შეაშინა, ისე დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში, იქაც საკუთარ ფიზიონომიას ეძებდა. - რა მოგივიდა, რას მიყურებ, თვალში რაიმე ხომ არ ჩამვარდნია, - ჰკითხა გაოცებულმა. - არაფერი... ჰო, მგონი ბეწვი უნდა გქონდეს. უკვე ამოვარდა. - გამოერკვა სოლო. მერე გული გადააყოლა სამუშაოს და ცოტათი გაერთო. გადაიღო ასისტენტის მიერ გულმოდგინედ დამუშავებული სცენა, თავისი შესწორებებიც ბლომად შეიტანა მასში, რაც მეტად მიზანშეწონილი აღმოჩნდა და კმაყოფილს სრულიად გადაავიწყდა ანარეკლის ამბავი. ხმამაღლა იძლეოდა განკარგულებებს, მსახიობები პლასტილინისგან გამოძერწილებივით ემორჩილებოდნენ მის ყოველ სიტყვას. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. გადაღების დამთავრების შემდეგ კორესპონდენტი ეწვიათ და სურათი გადაიღეს ქალაქის გაზეთისათვის. სოლო შუაში ჩაიყენეს, მთავარი როლების შემსრულებლებმა გადახვიეს ხელი. სოლო ბავშვურად იღიმებოდა. ხვალ ამ სურათს მთელი ქალაქი ნახავს. მაგრამ ამ ამბავს სავალალო დასასრული მოჰყვა. ერთი საათის შემდეგ ისევ მოირბინა იმ კორესპონდენტმა და სოლო საყვედურებით აავსო: - ასე რანაირად გაიპარე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. თვით ფოტოგრაფსაც არაფერი შეუმჩნევია. არც იმ მსახიობებს, ხელები მხარზე რომ გადაგხვიეს. ახლა ორივე ხელები ჰაერში აქვთ გამოკიდებული. სურათი არაფრად არ ვარგა, ხელახლა უნდა გადავიღოთ. ჰეი, აქეთ! - გასძახა კორესპონდენტმა ფოტოგრაფს, თავი ერთი წამით მიატრიალა და როცა ისევ სოლოსკენ მობრუნდა, მისი კვალიც კი აღარსად ჩანდა. ფოტოგრაფი მოვიდა, კორესპონდენტი დაბნეულად იჩეჩდა მხრებს. - რა უცნაური ვინმეა. ახლაც ისე გაქრა, თვალიც ვერ მოვკარი. ამ დროს კი სოლო თავქუდმოგლეჯილი გარბოდა სახლში. მიირბინა გულამოვარდნილმა, შევარდა ბინაში. გამოაღო უჯრები, სადაც მისი ფოტოსურათები ინახებოდა, ყველა ერთად მოაქუჩა... და საოცრება, არცერთ სურათზე აღარ ჩანდა სოლო. არც მისი ბავშვობა, არც შემდგომი წლები. - სურათი რაღა შუაშია. - აღმოხდა გამწარებულს. თუმცა სურათიც ხომ ანარეკლია... იგივე ანარეკლი, ობიექტივში მოხვედრილი. სურათები ხელიდან დაუცვივდა, ღონეგამოლეული ჩამოჯდა სკამზე. პირველად აქ გაიფიქრა სოლომ, მგონი არც ისე სარფიანად მივაჭრია, როგორც აქამდე მეგონაო. მგონი, მართლა გამიყიდია რაღაც... იმ დღეს სხვა არაფერი უკეთებია სოლოს. იქექებოდა ჟურნალებში, ძველისძველ საბუთებში, ქაღალდებში. ეძებდა, იქნებ ერთი პატარა სურათი მაინც გადარჩენილიყო იმ სარფიან გარიგებას. ვერსად ვერაფერი იპოვა, თითქოს არც არასოდეს არსებულიყო ამქვეყნად. არც ბავშვობა, არ შემდგომი წლები... საღამოს დაღლილ-დაქანცული და ამდენი ძებნისგან თვალებაჭრებული დაწვა დასაძინებლად იმ ბუნდოვანი იმედით, რომ იქნებ ხვალ დილით რაიმე შეიცვალოსო. დილით, როგორც კი თვალი გაახილა, მაშინვე უსიამოვნოდ გაახსენდა წინა საღამოს ამბავი და სარკეს მივარდა. ისევ არაფერი... არაფერმა შემოხედა საკიდან... სოლომ სამსახურში დარეკა, შეუძლოდ ვარ და ვერ მოვალო. მერე დალილას მოუხმო ტელეფონით. ისეთი ხმით შეჰკივლა დალილამ ამ მიპატიჟების საპასუხოდ, სოლომ თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა, ასე გუნებაწამხდარმა. ოცი წუთიც არ იქნებოდა გასული, ერთი ფართი-ფურთით შემოიჭრა დალილა მის ბინაში. თავისი საუკეთესო ტანსაცმელი, წითელ-მწვანედ აჭრელებული შარვალი ეცვა. სუნამოც მგონი მთელი შუშა გადაესხა, მაგრამ მაინც ფეთხუმივით გამოიყურებოდა. ალბათ გაშლილი თმები აძლევდა ასეთ იერს, აქაოდა ტყის ფერიას ვგავარო. - ვიცი, რისთვისაც მეძახი. - კარებშივე შესჭყივლა დალილამ, - როლი უნდა გავაკეთოთ, ხომ? - რაო? როლი? ჰო, როლი უნდა გავაკეთოთ, - მოწყალედ დაეთანხმა სოლო. დალილამ სიხარულით შეჰკივლა და სოლოს კისერზე ჩამოეკიდა. ცოტა შვებით ამოისუნთქა სოლომ, ახლაღა იგრძნო, თურმე რამდენად დაჭიმული ჰქონდა ნერვები ამ ანარეკლის გადამკიდეს. დალილამ მთელი ბინა ჭყივილით და კისკისით აავსო. თავბრუდამხვევ ვარჯიშებს აკეთებდა, ნაირ-ნაირ პოზებში დგებოდა: ,,აჰა, შემომხედე, რომელი როლიც გინდა, შეგისრულებ~. სოლო შეჰყურებდა და მტვერსასრუტი აგონდებოდა. როგორც რეზინის მოქნილ შლანგს შეეძლო ნებისმიერი ფორმის მიღება და განურჩევლად ნთქავდა ყველაფერს, რასაც კი მიწვდებოდა, ასევე დალილაც, ყოველდღიური ვარჯიშით გამოქნილი სხეულით ნებისმიერ პოზას მიიღებდა, ნებისმიერ როლს ჩანთქავდა და მოინელებდა, ოღონდ მიწვდენოდა როგორმე: ,,ჩემზე ნიჭიერს ვის გადაიღებ? აბა, კარგად შემომხედე~. დალილამ ყავა აადუღა. სოლომ კონიაკი გადმოიღო ბუფეტიდან, თან ცდილობდა გაპრიალებულ ზედაპირისთვის არ შეეხედა. დასხდნენ, დალიეს, იჭუკჭუკეს, დალილა ენას არ აჩერებდა. - კარგია, ოღონდ ილაპარაკოს. - შვებით ფიქრობდა სოლო. - ჩვენ ახალ როლს გაუმარჯოს, - ჟღურტულებდა დალილა. - გაუმარჯოს. - სად იყურები? - უკვირდა დალილას. თავისი თავისთვისვე შეუმჩნევლად გამუდმებით კისერს იღრეცდა სოლო, თავის ანარეკლს ეძებდა სარკეში. - შენ გეძებ. - მე აგერ, შენს ცხვირწინ ვზივარ... დალილამ მაინც მოახერხა მისი გამხიარულება. სოლოს ერთი წუთით დაავიწყდა საკუთარი ანარეკლის ძებნა. დალილა ხელში აიტაცა. კმაყოფილი დალილა ხმამაღლა კისკისებდა. უცბად ზარდაცემულივით იკივლა, ხელი გამიშვიო. შეშინებულმა სოლომ მაშინვე გაუშვა ხელი. როგორც კი ფეხქვეშ იატაკი იგრძნო, დალილამ დაფეთებული თვალებით შემოხედა. - რა დაგემართა? - ჰკითხა სოლომ. დალილამ უხმოდ მიუთითა სარკეზე. თურმე თავისი თავი ჰაერში გამოკიდებული დაუნახავს, როცა სოლომ ხელში აიტაცა. შეშინებულა, ეგონა ეს-ესაა ძირს დავებერტყებიო. ახლაც შეშფოთებით ეძებდა სარკეში სოლოს ანარეკლს. - მოგჩვენებია რაღაცა, - ცალყბად უთხრა სოლომ და სარკეს თავი აარიდა. თან გუნებაში შეუკურთხა საკუთარ თავს, ასე რამ გამომაშტერაო. თითქოს დამშვიდდა დალილა, ყოველ შემთხვევაში თავს მონდომებით აჩვენებდა დამშვიდებულად. მაგრამ მდგომარეობა ვერა და ვერ გამოსწორდა. ახლა ორივეს ყოველ წუთში მოჯადოებულივით სარკისკენ გაურბოდა თვალი. ლაპარაკობდნენ და არც კი იცოდნენ, რაზე... უცებ წამოხტა დალილა, მეჩქარებაო და უკან მოუხედავად გაიქცა. როლი არც კი გახსენებია. მარტო დარჩენილი სოლო სარკეს შეაჩერდა, ცარიელ სარკეს, რომელშიც მისი ბინა ირეკლებოდა და უცბად შიში იგრძნო, ლამის მთელი სხეული დაუდამბლავა ამ საზიზღარმა გრძნობამ. ის სიცარიელემ შეაშინა, სარკიდან რომ შემოჰყურებდა. - თითქოს ვარსებობ ამქვეყნად, ვარსებობ მგონი, არა? - თავის თავს შეეკითხა და სხეულზე ხელები მიისვ-მოისვა. - სარკეში კი არაფერი არ ჩანს. ვარსებობ და არც ვარსებობ, ეეჰ, მგონი არც ისე იღბლიანად მივაჭრია, როგორც აქამდე მეგონა. ვინ რა იცის, როდის რას მოიგებ. მართალია, არაფერი გავყიდე, მაგრამ... ჰოდა, სწორედ ერ არაფერი მიყურებს ახლა სარკიდან... ალბათ, ასე არ შემაშინებდა, რა სახეც უნდა მქონოდა; როგორც უნდა შემცვლოდა სახე; ეს არაფერი ყოველგვარ სიმახინჯეზე უარესია... ბოთლი ბოლომდე გამოწრუპა სოლომ და მერე მაგიდაზე თავჩამოდებულმა დაიძინა. რაღაც უნდა ვიღონო, გადაწყვიტა მეორე დილით, როცა ისევ არაფერმა შემოხედა სარკიდან უჩინო ხედვით. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს, თორემ ჭკუაზე შემშლის. საგულდაგულოდ გამოეწყო და პროფესორ ვარსკვლავთმრიცხველს მიაკითხა. რეჟისორი ვარო, რომ თქვა, პროფესორს სახე გაუბრწყინდა. ,,დაბრძანდით, მოხარული ვარ, მოხარული~. - ერთი ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე გეახელით. - დაიწყო სოლომ. - ფილმი გვინდა გადავიღოთ მეცნიერულ-პოპულარულ თემაზე. რამდენადაც ვიცი, თქვენი ბოლოდროინდელი აღმოჩენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (პროფესორი სიამოვნებით შეიშმუშნა), - უმეტესად მის ირგლივ უნდა შევკრიბოთ მასალა. ძირითადი ბირთვი თქვენი აღმოჩენა იქნება, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ... - რას ამბობთ, პირიქით... - მაგრამ ისეთი ფაქტებიც უნდა გამიმხილოთ, რაც თქვენს გარდა ჯერ არავინ არ იცის, არც პრესაში გამოქვეყნებულა. შეიძლება არც კი გამოვიყენო ეს საიდუმლო მასალა. ისე მოვიქცევი, როგორც თქვენ მეტყვით. მაგრამ მაინც უნდა ვიცოდე იგი. ეს იქნება მთელი მასალის ფარული, წყალქვეშა ნაწილი, რაც მიწას და მდგრადობას ანიჭებს წყალზედაც. ძალიან დამეხმარება, რათა კარგი ფილმი შევქმნა... თქვენს შესახებ. - გასაგებია, სულ ახლახანს მივიღე პულსარის ნეიტრონული გამოსხივების მეტად საინტერესო... - მე უფრო მთვარის შესახებ მაინტერესებს. - მთვარის შესახებ? მთვარეზე რა უნდა იყოს ისეთი... - მთვარე ხომ ძალიან იდუმალი ობიექტია. - ეს პოეტებისათვის. - გაეღიმა პროფესორს. - ჩვენთვის, მეცნიერებისათვის კი მთვარე უსიცოცხლო უდაბნოა, მტვრის პატარა გუნდა... - მთვარეზე სიცოცხლე არ არსებობს? - რა თქმა უნდა, არა. - რაიმე ეჭვი ამ მხრივ... - გამორიცხულია. - იქნებ არსებობს და ვერ ვამჩნევთ. პროფესორს გაეღიმა. - ჩვენ ისეთი ტელესკოპები გვაქვს, რომ... - თვალის ცდომილების შესახებ რას იტყვით? - თვალის ცდომილება რა შუაშია. - რა შუაშია და მთვარეზეც შეიძლება იყოს სიცოცხლე, იყვნენ მოაზროვნე არსებები, ჩვენზე ჭკვიანებიც კი. ჩვენ კი ვერ ვამჩნევდეთ. - ეს დაუშვებელია. - ასე რატომ ხართ დარწმუნებული? - ჩვენი ტელესკოპი... - იქნებ ყველაფერი გეჩვენებათ, იქნებ ყველაფერი სულ სხვანაირადაა... მთვარეზე არიან მთვარეულები, ნამდვილი მთვარეულები. ხანდახან დედამიწაზეც ჩამოდიან. - რაო, რას ამბობთ? - თქვენ თუ იმათ ვერ ამჩნევთ, ნამდვილი ბრმა ყოფილხართ. - მიბრძანდით აქედან... ერთი-ორჯერ კიდევ სცადა სოლომ ბედი მეცნიერული აზროვნების ხალხთან, შედეგი ყოველთვის სავალალო აღმოჩნდა. იქამდეც კი მივიდა, ექსპერიმენტის სახით დაუმტკიცა ერთ-ერთ სწავლულს თავისი სასწაულებრივი ფათერაკი; სარკის წინ დადგა, ნახეთ და დარწმუნდით, ანარეკლი აღარ მაქვსო. ფოკუსებისთვის არ მცალიაო, უთხრა სწავლულმა და გარეთ გამოისტუმრა. ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდა სოლო, ხმასაც ვეღარ ამოიღებდა ვინმესთან ამის თაობაზე, თორემ შეიძლება საგიჟეთში ეკრათ მისთვის თავი. რაკი საშველი აღარ ჩანდა, როგორმე უნდა შევეგუო ჩემს ამბავსო, გადაწყვიტა სოლომ. ცდილობდა არ ეფიქრა ანარეკლზე. ამ მიზნით ფარდებიც კი ჩამოაფარა სახლში სარკეებზე, მაგრამ ამან უარესედ დააფრთხო. სარკეზე ფარდებს მაშინ აფარებენ, როცა სახლში მიცვალებულია, მე ხომ ჯერ არ მოვმკვდარვარო, თქვა და ისევ ჩამოხსნა ფარდები. არა, როგორმე სხვა გზით უნდა უშველოს თავს. უნდა დაივიწყოს საერთოდ სარკის არსებობა. არსად არ უნდა ეძებოს თავისი ანარეკლი. რაც უნდა იყოს, ანარეკლი მაინც არაფერია, არავითარი ფასი არ აქვს. გინდა ყოფილა და გინდა არა. ასე ფიქრობდა, მაგრამ სადაც უნდა ყოფილიყო, ქუჩაში, სახლში თუ ბაღში, ყველგან საკუთარ ანარეკლს ეძებდა, სარკე იქნებოდა, მაღაზიის ვიტრინა თუ ქუჩაში წვიმის შედეგად გაჩენილი წუმპე. თან ყოველთვის უკვირდა გულში: ეს რა საოცარი ამბავი დამემართაო, ნეტავი ვიცოდე, მსგავსი რაიმე კიდევ თუ შემთხვევია ვინმეს. ჩემსავით სარფიანად თუ გაუყიდია არაფერი... კვირა დილით ტელეფონის ზარმა ისევ დაუფრთხო ძილი. თვალგაუხელელად დაწვდა ყურმილს. ვიღაცამ ბოხი ხმით აუწყა, ძალუა ლულუ გარდაიცვალაო. ,,რას მეუბნებით~, - შეიცხადა სოლომ. თან გუნებაში შეუკურთხა იმ ვიღაცას. მხოლოდ ძილში ვისვენებ და იმასაც არ მაცდიანო. ,,დღეს ასაფლავებენ~. - უთხრა ბოხი ხმის პატრონმა და ყურმილი დაკიდა. ვინ მელაპარაკება? უნდოდა ეკითხა სოლოს, მაგრამ ვერც ახლა მოასწრო. წვიმიანი დღე იყო. სოლოს ჭირივით ეზარებოდა სახლიდან გასვლა, მაგრამ გუნებაში გაუელვა, იქნება ის მთვარეულიც იქ იყოსო. ის მთვარეული თითქოს რაღაც გამოუცნობი გზებით იყო დაკავშირებული ძალუა ლულუსთან. თუ მისი ავადმყოფობის დროს გამოჩნდა, ხომ შეიძლება დასაფლავების დღესაც ინებოს მიწაზე დაშვება? ოჰ, ერთი თვალი მოვკრა როგორმე, მეტი არაფერი მინდა. ცხვირ-პირში მივაყრი იმ ფულს. წაიღოს და დამიბრუნოს ჩემი ანარეკლი. სოლომ პირი გაიპარსა, საგულდაგულოდ გამოეწყო. გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა და მოზრდილი გვირგვინი იყიდა. გვირგვინი ფრთხილად დადო ძალუა ლულუს ფერთხით. ,,ეეჰ, ძალუა ლულუ, მაინც დაუძვრიათ შენთვის ბეჭდები თითებიდან...~ თავზე დაადგა მიცვალებულს და ფეხი არ მოიცვალა. შეფარვით უთვალთვალებდა ხალხს, იქნებ ის მთვარეულიც გამოჩნდესო. ისეთი მოჟამული სახე ჰქონდა, მომსვლელები პირველ რიგში მას უცხადებდნენ თანაგრძნობას. გასვენების დროს წვიმამ გადაიღო. მიაბიჯებდა სოლო და თავისი ბოლოდროინდელი ჩვეულების მიხედვით საკუთარ ანარეკლს ეძებდა ნაწვიმარ გუბეებში. სასაფლაოზეც ტალახი იყო, ყოველ ნაბიჯზე წუმპეები იდგა. ამ წუმპეებშიც საკუთარ ანარეკლს ეძებდა. ყველაზე ბოლოს გამობრუნდა სასაფლაოდან. უკან მიჩანჩალებდა ხალხს და უთავბოლოდ აცეცებდა თვალებს. ,,როგორც ჩანს, ვერასოდეს ვეღარ ვნახავ იმ მთვარეულს~. - მწუხარედ ფიქრობდა გულში. ,,მთელი ცხოვრება ანარეკლის გარეშე უნდა გავატარო. მინდა თუ არ მინდა, უნდა შევეგუო ამ ამბავს. სხვა გზა არაა. ის მაინც მაცოდინა, ჩემს გარდა სხვასაც თუ შეემთხვა ასეთი რაიმე ამ ქალაქში. სხვებმაც თუ გაყიდეს ანარეკლი ჩემსავით~. უცებ კინაღამ თავდაყირა გადაეშვა ახლადგათხრილ საფლავში, რომლის ფსკერზე ნაწვიმარი წყალი დამდგარიყო მღვრიე გუბედ. თავი შეიკავა სოლომ, არ ჩავარდნილა, მაგრამ ერთი ისეთი რაღაცა შენიშნა, გაუნძრევლად დაერჭო იმ საფლავის პირას... სამარეს ჩააშტერა გადმოცვენამდე მისული თვალები. საფლავის ფსკერზე მღვრიე გუბეში რაღაც ლანდი ირხეოდა. სოლოს წაბორძიკების დროს რამდენიმე გოროხი ჩავარდა წყალში, ამიტომ ახლა მისი ზედაპირი თრთოდა და ცახცახებდა. მასთან ერთად თრთოდა მისი ლანდიც. სოლო ისე გაფაციცდა, როგორც მონადირე გაფაციცდება ნადირის შემჩნევისას. ჩაიჩოქა ტალახში, სახე დაუახლოვა საფლავის ფსკერზე მოძიგძიგე მღვრიე სარკეს. სულწასული ელოდა, როდის დამშვიდდებოდა მისი ზედაპირი, როდის დაინახავდა საკუთარ ფიზიონომიას. რა ბედნიერებაა, დამიბრუნდა ანარეკლი... და ის ფულიც შემრჩა, დაუმატა გუნებაში უფრო ხმადაბლა. ეს იყო ჩუმი ფიქრი, ანუ ფიქრის ფიქრი. გაბადრული სახით ელოდა წყლის სარკის დაწყნარებას, ალბათ ჯერ არავის არ გადაუხედავს ახლადგათხრილ სამარეში ასეთი ბედნიერი სახით. ბოლოს, დამშვიდდა წყლის მოცახცახე ჭავლი, სარკესავით გასწორდა. ,,სადა ხარ ამდენ ხანს, - ნეტარებით წაიჩურჩულა სოლომ - რა ხანია...~ - და ვეღარ გააგრძელა, ბედნიერი, მომღიმარე სახე სულელურად გაღრეჭილ ნიღბად ექცა: მღვრიე სარკიდან სულ სხვა, სრულიად უცხო სახე შემოჰყურებდა. - ეს ვინღაა... - უნებურად წამოიძახა. მიიხედ-მოიხედა, იქნებ ვინმე ამომიდგა მხარშიო. კაციშვილი არ ჭაჭანებდა ახლო-მახლო. დაცარიელებული სასაფლაოს მიღმა ქალაქის ხედი გაშლილიყო. ისევ სამარეს ჩააშტერდა სოლო... ვისი სახეაო, ცდილობდა ამოეცნო... იქნებ სხვამაც გაყიდა ჩემსავით ანარეკლი... ანდა... იქნებ ჩემი სახეა და მე ვეღარ ვცნობ... რა ხანია აღარ მინახავს ჩემი ფიზიონომია, არც სარკეში, აღარც ფოტოსურათში. ამის გაფიქრებამ სოლო შეაძრწუნა, უფრო მეტად გადაიხარა სამარისკენ, დაკვირვებით ჩააშტერდა მოცახცახე ლანდს. და ამ დროს კიდევ ერთი ლანდი შეამჩნია... ის იყო... მთვარეული... მისი უფერული სახე და ვერცხლისფერი კოსტუმი ძალიან მქრქალად მოჩანდა მღვრიე წყალში. ხელმკვლავი გამოსდო იმ უცხო ანარეკლს და საფლავის კიდისკენ წაიყვანა წყლის სარკის მიღმა. სოლოს ისევ სიცარიელემ, მღვრიე, უძირო სიცარიელემ შემოხედა საფლავის ფსკერზე დამდგარი გუბიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. პასუხი ნ-ი-კ-ი-ს: არ გეშინია სარკეში რომ შენს ანარეკლს ვერ დაინახავ? გგონიათ იოლია და საკუთარი თავი არ მოგენატრებათ? პასუხი ნ-ი-კ-ი-ს: არ გეშინია სარკეში რომ შენს ანარეკლს ვერ დაინახავ? გგონიათ იოლია და საკუთარი თავი არ მოგენატრებათ?
4. ძალიან კარგი თხრობაა გამოსაცემი მოთხრობაა ნამდვილად, ცოტა ფინალი რომ დაიხვეწოს, უკეთესი იქნებოდა ცოტა ბუნდოვანია ( ჩემთვის ყოველშემთხვევაში )
უკაცრავად და შემთხვევით მაგ მთვარეულის მისამართი ხომ არა გაქვთ? სიამოვნებით მივყიდდი ჩემს ანარეკლს
ჭკუა ვერ მოიხმარა სოლომ, თორემ ასჯერ და ათასჯერ მეტ ფულს გააკეთებდა მაგ საქმით თავად, ვიდრე მთვარეულმა გადაუხადა თან როგორც ჩანს ნერვებიც არ ჰქონდა წესრიგში :)
მოკლედ თუ გამოჩნდა ეგ მთვარეული ჩემსკენ გამოაგზავნოს სოლომ უთხარით :))
5 ქულა ძალიან კარგი თხრობაა გამოსაცემი მოთხრობაა ნამდვილად, ცოტა ფინალი რომ დაიხვეწოს, უკეთესი იქნებოდა ცოტა ბუნდოვანია ( ჩემთვის ყოველშემთხვევაში )
უკაცრავად და შემთხვევით მაგ მთვარეულის მისამართი ხომ არა გაქვთ? სიამოვნებით მივყიდდი ჩემს ანარეკლს
ჭკუა ვერ მოიხმარა სოლომ, თორემ ასჯერ და ათასჯერ მეტ ფულს გააკეთებდა მაგ საქმით თავად, ვიდრე მთვარეულმა გადაუხადა თან როგორც ჩანს ნერვებიც არ ჰქონდა წესრიგში :)
მოკლედ თუ გამოჩნდა ეგ მთვარეული ჩემსკენ გამოაგზავნოს სოლომ უთხარით :))
5 ქულა
3. საინტერესოდ იკითხება...++ საინტერესოდ იკითხება...++
2. ავატარზეც უნდა ვთქვა ორი სიტყვა- სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამის გამოც მომეწონებოდით :)
ავატარზეც უნდა ვთქვა ორი სიტყვა- სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამის გამოც მომეწონებოდით :)
1. იყო აქ რაღაც ფაუსტისებური :)
ძალიან მომეწონა.
და საერთოდ, კარგად წერთ- ჩამოყალიბებული ხელწერაა, აშკარად.
იყო აქ რაღაც ფაუსტისებური :)
ძალიან მომეწონა.
და საერთოდ, კარგად წერთ- ჩამოყალიბებული ხელწერაა, აშკარად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|