მოთხრობა გადაუღებლად წვიმდა, ზანტად, გაჭიანურებულად. ალბათ ყველაფერი სწორედ ამ წვიმის ბრალი იყო, გაწუწულს და შემცივნებულს თვალში შემეჩხირა ნეონით გაჩირაღდნებული წარწერა ,,ნატვირისთვალი~. ძალზე მიმზიდველად ბრკიალებდა, თითქოს აღთქმული ქვეყნის ნაპირი გამოჩნდაო. დიახ, ასეა. მეტად მიმზიდველი წარწერა იყო, მრავლისაღმქმელი შინაარსის მქონე. მის მიღმა ალბათ ან მაღაზია იქნებოდა ან კაზინო. კიდევ უფრო უკეთესი, კაფე ან ღამის კლუბი თუ აღმოჩნდებოდა. ჩემისთანა გზადაბნეულისთვის პირდაპირ ზედგამოჭრილი იყო. თავს ავარიდებდი წვიმას, ცოტა ხნით შევისვენებდი, შევთბებოდი და კვლავ გავაგრძელებდი ჩემს გზას. სრულიად შემთხვევით შემოვეხეტე ამ ქუჩაზე, ქალაქის ამ მხარეს თითქმის არ მიწევს სიარული. როგორც კი კარის ზღურბლს გადავაბიჯე, საკმაოდ მოზრდილ დარბაზში ამოვყავი თავი. სრულიად ცარიელი იყო იქაურობა, და ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა. წვიმაში ხომ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, მაღაზია იქნება თუ კაფე. შემთხვევითი გამვლელები შემოვლენ ვითომდა რაიმეს შესაძენად ანდა თითო ფინჯარი ყავის დასალევად. ამასობაში შეიძლება წვიმამ გადაღიოს, ანდა შესუსტდეს მაინც და ისინიც გააგრძელებენ თავიანთ გზას. აქ კი, როგორც უკვე ვთქვი, გადასაწვიმებლად შემოსულთაგანი არავინ ჭაჭანებდა. არც ისეთი ჩანდა ვინმე, შინაურს მგვანებოდა. ოღონდ მეტი ყურადღებით რომ მოვათვალიერე იქაურობა, ასე ათიოდე წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარტო არ ვიყავი: ჩია ტანის კაცუნა დაბალ სკამზე მიმჯდარიყო შესასვლელთან, პირით დარბაზისკენ. სწორედ ამიტომ ვერ შევამჩნიე შემოსვლისთანავე. კაცუნა თვლემდა. ჭაღარა თხელი თმა ჩაქინდრულ თავზე წამოშლოდა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. დარბაზის შუაგულში მწვანე მაუდგადაკრული ფართო მაგიდა იყო გამართული. ერთი შეხედვით ბილიარდის მაგიდას წააგავდა, რადგან ჩარჩოთი იყო შემოსაზღვრული. ოღონდ მისგან განსხვავებით, ოვალური ფორმისა გახლდათ. მაგიდის შუაგულში რაღაც ციმციმებდა. ბრჭყვიალა თვალი აღმოჩნდა, როცა უფრო კარგად დავაკვირდი. ზომით ასე კაკლის ტოლა იქნებოდა. მგონი კაზინოში მოვხვდი, გავივლე გულში. ოღონდ ეს მაგიდა არ ჰგავს რულეტს, არც კარტის სათამაშოდ გამოდგება, არც ჩემთვის ცნობილი რომელიმე გასართობისთვის. ერთი ბრჭყვიალა თვალი დევს და მეტრი არაფერი. ამას გარდა, არც სხვა მაგიდები ჩანს, არც სათამაშო ავტომატები. როგორ, ამოდენა დარბაზი ერთი მაგიდისთვის მოცდება? მოთამაშეც რომ არავინ ჩანს? სხვა მხრივ თვითონ დარბაზი მშვენივრად გამოიყურებოდა; იატაკი, კედლები, ჭერი, ყოველივე ჯეროვნად მოერთოთ და აღეჭურვათ ფერებით, ფიგურებით, განათებით. ირგვლივ ყოველივე ჩახჩახებდა და ელავდა. ეს უცნაური სიცარიელე რომ არა, კაზინოს ნამდვილად შეეფერება აქაურობა. იქნებ ეს ჩემთვის აქამდე უცნობი რომელიმე თამაშია, რაიმე ახალი ტიპის გასართობი, დიდად გათვითცნობიერებული არ გახლავართ ასეთ საკითხებში. - ერთი მითხარით, თუ შეიძლება, - მივუბრუნდი კაცუნას, იგი ისევ თვლემდა, სანამ მე აქაურობას ვეცნობოდი, - ეს რაიმე ახალი თამაშია? კაცუნამ თვალი დააჭყიტა, ორიოდე წამს ჩუმად მიყურებდა, თითქოს ჩემი ნათქვამის გააზრებას ცდილობსო. - თამაში? - როგორც იქნა, ამოიღო ხმა, - შეიძლება ასედაც ითქვას. - რას გულისხმობთ? - ეს ხომ ნატვრისთვალია! - ისეთნაირად მითხრა, თითქოს ამით ყოველივე გასაგები იყო. - რაო, რა ბრძანეთ? ნატვრისთვალი? - დიახ, დიახ, ნატვრისთვალი. ახლა ჩემი გაჩუმების ჯერი დადგა. ალბათ ათიოდე წამი მაინც ვდუმდი, სანამ ხმას ამოვიღებდი. - მეხუმრებით? არაო, კაცუნამ ენერგიულად გაიქნია თავი, თხელი თმა აეშალა. - კი, მაგრამ ნატვრისთვალი განა მართლა არსებობს? - განა არ გსმენიათ მის შესახებ? - კითხვა დამიბრუნა. - მხოლოდ ზღაპარში... - რომელი ზღაპარია თვით ცხოვრებაზე უფრო ზღაპრული? - კვლავ კითხვა შემომაგება მან, თან თავისთვის ჩაიღიმა, თბილად, უბოროტოდ. - მართალია, მაგრამ მაინც მიჭირს დავიჯერო, - ვთქვი მე, - ნატვრისთვალმა ხომ რაიმე ნატვრა უნდა შეასრულოს... - ცხადია, ეს მისი პირდაპირი დანიშნულებაა. - მერე, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ნატვრა იქცეს იმად, რასაც ვინატრებ, ანუ უსხეულო იქცეს სხეულად... ვთქვათ, ვინატრე ოქროს ზოდი... კაცუნა წამოდგა, მაგიდას მიუახლოვდა და მოპირდაპირე მხარეს დადგა. - წონა მითხარით, - საქმიანი სახით მითხრა, - აქ სიზუსტეა საჭირო. - ჰმ, ვთქვათ, ათკილოგრამიანი... - სინჯი! - ასე, ოთხმოცდაათამდე. - რაოდენობა! - ვთქვათ, ასი ცალი... ჰოდა, სანამ მე ის მენატრება, იგი უსხეულოა, ნავტრას ხომ სხეული არ აქვს. ოქროს ზოდს კი ნამდვილად აქვს სხეული, თუკი არსებობს საერთოდ. აქედან გამოდის, რომ უსხეულო უნდა იქცეს სხეულად. განა ასეთი რამ შესაძლებელია? ეს ხომ ბუნების კანონების დარღვევაა. - ეს ყველას უკვირს, - კვლავ ჩაიღიმა კაცუნამ, - არადა სულ უბრალო ამბავია; ნატვრისთვალის მეოხებით სივრცის გადაკეტვა ხდება... - ეს რაღას ნიშნავს? - გაკვირვებით ვკითხე. - ...რაც შეეხება დროს, იგი ზამბარასავით შეიკუმშება, - ყური არ მათხოვა კაცუნამ, - თუმცა თქვენ ალბათ არც ის იცით, რომ სივრცე მყიფეა, როგორც ბროლის სარკე, დრო კიდევ ფოლადის ზამბარასავით დრეკადია. დიახ, სივრცე და დრო სრულიად განსხვავებული ბუნების არიან. უფრო მეტიც, შეუთავსებელნი არიან. ამის მიუხედავად, მთელი სამყარო მათი შეთანაწყობისგან შედგება... - გამაგებინე, რას ამბობ... მან როგორც იქნა, შემომხედა. - ძნელია თქვენთან ლაპარაკი, არც არაფერი იცით, არც რაიმეს დაჯერება შეგიძლიათ. ნებისმიერი სხეული ბოლოს უსხეულო ენერგიად გარდაიქმნება ხოლმე და პირიქით, უსხეულო ენერგია სხეულით შეიმოსება. სხეული და ენერგია, ეს ორი უძველესი მოცეკვავე, განუწყვეტლივ ადგილმონაცვლეობენ. სკოლიდან მაინც გაიხსენეთ ენერგიის მუდმივობის და გარდაქმნის კანონები... - ეს სულ სხვა რამეა, - შევესიტყვე მე. - ზუსტად იგივე ამბავი, - გაფიცხებით ჩამომართვა სიტყვა, - ბუნების კანონები არსად არ ირღვევა. აი, შემომხედეთ, - მან ორივე ხელი ფართოდ გაშალა, ხელისგულებით მაღლა, - ერთ ხელისგულზე თქვენი ნატვრა მიდევს, მეორეზე ნატვრის საგანი. მათ შორის ძალზე ფართო სივრცე - დროის რკალია, იმდენად ფართო, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. თქვენი სასიცოცხლო დრო მაგ რკალში რამდენჯერმე ჩაეტევა. მინდა იცოდეთ, თუ აქამდე არ იცოდით: როცა იქნება, თქვენი ნატვრა აუცილებლად ასრულდება, იგი აუცილებლად იქცევა სხეულად. ნატვრა იგივე ენერგიაა და არც ის დაიკარგება, როგორც სხვა უსხეულო ენერგიები. საქმე იმაშია, რომ ვერაფრით ვერ მიწვდებით, სივრცე-დროის უფართოესი რკალი გადაულახავი დაბრკოლებაა თქვენთვის. მაგრამ აი, ნახეთ, - მან გაშლილი ხელები ერთმანეთს დაუახლოვა, მაღლა მიმართული ხელისგულები ერთმანეთის გვერდით მოაქცია, - სივრცე გადაიკეცა, დრო შეიკუმშა, მანძილი ნატვრასა და მის საგანს შორის ნულის ტოლი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნატვრა ასრულდა, იგი იქცა იმად, რაც ინატრეთ. უსხეულომ სხეული შეიძინა. აი რა შეუძლია ნატვრისთვალს, ეს ყოველივე მისი წყალობით ხდება. ახლა ხომ გაიგეთ... - თითქმის... კაცუნამ ცნობისმოყვარეობით შემომხედა და ოდნავი დაყოვნებით მითხრა: - მინდა ბარემ აქედანვე იცოდეთ, მხოლოდ ერთი ნატვრის უფლება გაქვთ.
*** ათიოდე წამით სიჩუმე ჩამოვარდა, კაცუნა მომლოდინე სახით შემომყურებდა. მე ჩემთვის ვფიქრობდი. თავი ოდნავ მიბრუოდა, გაგონილი საკმაოდ დამაჯერებელი მომეჩვენა. ყოველ შემთხვევაში მე მისი შემოწმება არ შემეძლო და არც სურვილი მქონდა ამისი. თუ ყველაფერი ნაღდად ასეა, როგორც ახლახანს მოვისმინე, მაშინ ეს ბრჭყვიალა თვალი მართლა შემისრულებს რაიმეს. ჰოდა, რატომ გავუშვა ასეთი შანსი ხელიდან? მხოლოდ ერთი ნატვრაო, ის ერთიც წყალს გავატანო? არადა, რამდენი რამაა სანატრელი... ნეტავი ასე რატომ დაუწესებიათ, ერთის გარდა მეტის უფლება არ გაქვთო. იქნებ მეორის უფლებაც მომცეს. ვიკითხავ, კითხვას წინ რა უდგას... - არ შეიძლება, მეორეჯერაც ვინატრო რაიმე? - ვკითხე კაცუნას. - მაშინ აქ მეორეჯერ უნდა მობრძანდეთ, - იყო პასუხი. - აჰა,- ვთქვი მე, ძალიან გამახარა გაგონილმა, აქ კიდევ შემოსვლაზე ადვილი რაღა უნდა იყოს (თურმე როგორ ვცდებოდი!) - ბარემ ისიც მითხარით, ნატვირისთვალი მხოლოდ აქ, ამ დარბაზში მოქმედებს თუ სხვაგანაც? ძალა ხომ არ ეკარგება ამ კედლების მიღმა. - რა საკითხავია! ნატვრისთვალი ყველგან ნატვრისთვალია. - თუკი ვთქვათ, ნატვრისთვალი ჩემი საკუთრება იქნებოდა, სიტყვაზე... ასეთ შემთხვევაში რამდენი ნატვრის უფლება მექნებოდა? მეგონა, ამ შეკითხვის მერე კაცუნა დაცვას გამოუძახებდა (თუ ასეთი რამ არსებობდა ბუნებაში), მან კი სრულიად უბრალოდ მიპასუხა. - ასეთ შემთხვევაში ნატვრათა რიცხვი უსასრულოა, - მან თავშეკავებულად დაამთქნარა და დაუმატა, - ეს კი იგივეა, რაც ნატვრათა სრული არარსებობა, ან თითქმის იგივე...
*** ახლა კი სხვა აღარაფერი დამრჩენია, უნდა ვინატრო რაიმე, უკვე დროა. კაცუნას თავშეკავებული დამთქნარებაც ამას მიმანიშნებს, თავი მოვაბეზრე ნაღდად. რა ვინატრო? არაა საჭირო ამაზე დიდი ფიქრი და თავის მტვრევა, ისედაც ბევრი ვიფიქრე უკვე, რაც აქ შემოვდგი ფეხი. ოქროს ვინატრებ, ეს ყველაზე საიმედოა, უფრო მაღალ ფასეულობებს ვერ შევბედავ, მეშინია რაიმე ხათაბალაში არ გავეხვიო. რაც არ უნდა იყოს, სიფრთხილეა საჭიროა, ეს უცხო თამაშია ჩემთვის, უნდა გავფრთხილდე. უცბად ერთმა აზრმა გამიელვა. - ერთი ესეც მითხარით, თუ შეიძლება, - ვკითხე კაცუნას, - რაიმე წინასწარი პირობა ხომ არ არის საჭირო, სანამ, ასე ვთქვათ, ნატვრისთვალი ამოქმედდებოდეს, თუნდაც პირობა, გარიგება ანდა ფსონის ჩამოსვლა, რაც გარკვეულ თანხასთან იქნება დაკავშირებული. არაო, მაშინვე გადაჭრით შემომაგება კაცუნამ, არავითარი წინასწარი პირობა, არაფერი მაგის მსგავსი არ არის საჭირო. არავითარი თანხა, თუნდაც სულ უმცირესი, თქვენ სრულიად ხელგახსნილი ხართ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ოღონდ აი, როდესაც ყოველივე დასრულდება და წასვლას დააპირებთ, სასურველია, აქ დატოვოთ თქვენი ნანატრის რაღაც ნაწილი, ჩვენც ხომ ცხოვრება გვინდა... მაგრამ თუ მთლიანად თან წაიღებთ თქვენს ნანატრს, არც ამაზე შეგედავებათ ვინმე. იგი თქვენია, მთლიანად თქვენი. - გასაგებია, - ვთქვი მე, თუმცა ერთმა ღმერთმა იცოდა, რა იყო ჩემთვის გასაგები, - მაინც რამდენ ნაწილს ტოვებენ ხოლმე ნანატრიდან? რამდენი უნდა დავტოვო? - რამდენსაც ინებებთ. ესეც მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. - მე გარკვეულობა მიყვარს, - ვუთხარი კაცუნას. - მინდა ვიცოდე, სხვები როგორ იქცევიან; რამდენს ირგუნებენ თავისთვის და აქ რამდენს ტოვებენ, როგორ ხდება უმეტეს შემთხვევაში. - უმეტეს შემთხვევაში? - გაიმეორა კაცუნამ ჩემი სიტყვა, - უმეტეს შემთხვევაში აქ ტოვებენ თითქმის ყველაფერს, რასაც კი ინატრებენ, მხოლოდ უმცირესი მიაქვთ თან. ასეც მომხდარა, - აქ კაცუნამ ისევ დაამთქნარა წინანდელივით თავშეკავებულად, - მთლიანად აქ დაუტოვებიათ თავიანთი ნანატრი, უმცირესიც კი აღარ ერგებათ, სრულიად ცარიელნი დარჩენილან. ამ პასუხმა ძალიან გამაკვირვა. ერთ ხანს ჩუმად ვუყურე და მერე ისევ ვკითხე. - რატომ რჩებიან ცარიელნი, როცა ნანატრის მთლიანად წაღებას არავინ უშლით. დავიჯერო, ერთხელ მაინც ვერავინ ირგუნა მთლიანად თავისი ნანატრი? - ასეთი რამ ნამდვილად არ მაგონდება. - თქვა კაცუნამ. მერე შუბლზე თითი მიიდო და დაფიქრდა, - თუმცა, მოცია... აქ ერთხელ ვიღაც კაცი შემოეხეტა, ძალზე შიოდა, ხაჭაპური ინატრა და აქვე შეჭამა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა აქ შემოსულმა სრულად მიიღო თავისი ნანატრი. მსგავს შემთხვევას სხვას ვერ ვიხსენებ. აქ კაცუნამ ისეთი იერით შემომხედა, თითქოს მეკითხებოდა, დარჩა კიდევ რაიმე გასარკვევიო?
*** - ვინატრებ რაიმეს, - ვთქვი გადაჭრილად, თან გულში ვფიქრობდი; ბოლოს და ბოლოს რატომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა ამ თამაშში. თუ ვერაფერს მოვიგებ, არც არაფერს დავკარგავ. კაცუნა მაშინვე თაგვივით წაცუნცულდა შესასვლელისკენ, მე თვალი მივადევნე... დაიხარა, შლიაპა აიტაცა ჯორკოდან... არც ჯორკო და არც შლიაპა მანამდე არ შემინიშნავს, სკამი ეფარებოდა უცხო თვალისგან. ფართოფარფლებიანი შავად მბზინავი შლიაპა იყო, ზუსტად ისეთი, ილუზიონისტები რომ იყენებენ ფოკუსებისთვის. კაცუნას ამობრუნებული ეჭირა იგი. როგორც აღმოჩნდა, ქაღალდის ნაკუწებით იყო სავსე. - ხელი ამოურიეთ და ერთ-ერთი ქაღალდი ამოიღეთ, - მეუბნება კაცუნა. ასედაც მოვიქეცი. ქაღალდი გავშალე, აი რა ეწერა მასზე: ,,მარჯვენამ აიღოს მარჯვნიდან, მარცხენამ - მარცხნიდან~. - ეს რაღას ნიშნავს? - ვიკითხე გაოცებულმა, ვერაფერი გამეგო. - ესაა კეთილი რჩევა, რითაც უნდა ისარგებლოთ ნანატრის სრულად მისაღებად. თუ ამ რჩევას უგულებელყოფთ, უმცირეს ნაწილს მიიღებთ, ანდა სულაც ცარიელზე დარჩებით. - კი მაგრამ, არ მესმის ამ სიტყვების აზრი. - მაგაზე მე ვერ დაგეხმარებით. ეს სიტყვები თქვენთვისაა და არა ჩემთვის. გაოგნებული დავყურებდი ქაღალდის ნაკუწს, მისი აზრის ამოცნობას ვცდილობდი. კაცუნა ფუსფუსს განაგრძობდა. შლიაპა ჯორკოზე დააბრუნა და ახლა ქვიშის საათი დააძრო საიდანღაც. - აბა, - მკითხა ომახიანი ხმით, - მზადა ხართ? - დიახ! - ვუპასუხე და ქაღალდს თვალი მოვწყვიტე. - ძალიან კარგი. ნატვრისთვალს უყურეთ და ინატრეთ რაიმე. ნატვრა მთელი სისრულით სწორედ თვალებში ცხადდება. სივრცე გადაიკეცება, დრო ფოლადის ზამბარასავით შეიკუმშება, თქვენ მის ცენტრში მოექცევით. აი ასე, - მან ქვიშის საათი ამოაბრუნა და დიდის ამბით დადო მაგიდის განაპირას. - სანამ ქვიშა ჩამოიცლებოდეს, ნატვრისთვალი თქვენს განკარგულებაშია, შეგიძლიათ გონების თვალით ერთხელ კიდევ გადახედოთ თქვენს ნატვრას.
*** კაცუნამ ისევ თავის სკამს მიაშურა შემოსასვლელთან, მარტო შემატოვა ნატვრისთვალს და ქვიშის საათს. მაშინვე თავში ქარიშხალივით დამიტრიალდა ფიქრები, სულ რამდენიმე წამის წინ კი ასე მეჩვენებოდა, თითქოს მზად ვიყავი ამ უცხო თამაშისთვის. თურმე სადა ხარ... ჯერ იყო და ქვიშის საათს მივაჩერდი მოჯადოებულივით. ქვიშა იყრებოდა, იყრებოდა შეუჩერებლად. და ამ დროს რატომღაც ძალიან მკაფიოდ გავიგონე წვიმის ხმა. არ ვიცი, მანამდე არ მესმოდა თუ ყურადღებას არ ვაქცევდი. ქვიშის საათს წვიმის წვეთების შხაპუნი დაეფინა, რაღაც საოცრად კი მოუხდნენ ერთმანეთს. წვიმის შხაპუნი და უხმო ჩამოფენა ქვიშისა, უხილავი დროის ხილული და კეთილხმოვანი დინება... მერე გამახსენდა, რომ შემეძლო გონების თვალით გადამეხედა ჩემი, უკვე მოფიქრებული ნატვრისთვის, ქარიშხალიც სწორედ ამან გამოიწვია. ეეჰ, სათქმელი სულ მებნევა, როცა ამ წუთებს ვიგონებ. უცნაურია, მაინც რა გვემართება ხოლმე სწორედ მაშინ, როდესაც მართლა ძალიან გვჭირდება სწორი განსჯა, აზრების მოკრეფა. სად ქრება ჩვენი სწავლა-განათლება, გამოცდილება, უამრავი წაკითხული წიგნი, ფილმი, უამრავი ბრძნული გამონათქვამი, იგავი... სულ ტყუილია, სრულიად უსარგებლონი ხდებიან ისინი, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება გზის გაკვლევა მოულოდნელობათა ლაბირინთებში. არადა, თითქოს არაფერი შემშლია, არც არაფერი გამომრჩენია. თავიდანვე ძალზე ზუსტად შევაფასე ჩემი მდგომარეობა. გონებაში განუწყვეტლივ ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ ეს ჩემთვის უცხო თამაშია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებს. არც იმის გამორკვევა დამვიწყებია, რომ არავითარ ფსონს არ ჩავდიოდი. ანუ თუ არაფერს მოვიგებდი ამ უცხო თამაშიდან, წაგებითაც არაფერს წავაგებდი. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მენახა ამ თამაშიდან. დიახ, მე არაფერი შემშლია, არაფერი გამომრჩენია, სულ უმცირესი წვრილმანიც კი გავითვალისწინე... და მაინც, ერთხელ კიდევ კარგად დავფიქრდეთ. დრო გვაქვს, ქვიშის საათის ზედა კონუსში ბევრად მეტი ქვიშაა, ვიდრე ქვედაში. ალბათ ისევ ამ ოქროს ზოდებს ვინატრებ, რა დაწვრილებით გამომკითხა მათ შესახებ კაცუნამ. დიახ, სიზუსტეა საჭირო, წონა, სინჯი. ეს ჩემს ხელთაა, ვერსად გამექცევა, მაგრამ მინდა კია? როდესაც საქმე ნატვრისთვალთან გაქვს, ოქრო როგორაც უფერულდება. ოქრო, ანუ სიმდიდრე, ეს ისეთი რამეა, რაც ნატვრისთვალის გარეშეც შეიძლება მოიპოვო. იგი გადადის ხელიდან ხელში, მეტად არამყარია. დავფიქრდეთ, რაც შეიძლება კარგად დავფიქრდეთ, არაფერი გამოგვრჩეს. სიმდიდრეს ინატრებ? მაშინ ხანგრძლივი სიცოცლეც გინდა, რათა მოასწრო მისით ტკბობა. ამასთან ერთად ჯანმრთელობაც აუცილებელია, თორემ სიცოცხლე ჯოჯოხეთად გექცევა, რაც არ უნდა მდიდარი იყო. ეს ყველაფერი თუ მოგეცა, მაშინვე იმის სურვილიც გაგიჩნდება, გამორჩეული გარეგნობა და ღირსებები გქონდეს, რათა ვერავინ დაგხედოს მაღლიდან. ...აი, ხომ ხედავთ, ნატვრათა მთელი თაიგული მივიღეთ. ძნელია, მეტად ძნელია ამოარჩიო ამ თაიგულში ერთადერთი ნატვრა, რომელიც ყველაზე სასარგებლო და შესაფერისი იქნება თქვენთვის. ქვიშის საათი კი იცლება, იცლება შეუჩერებლად. არა, ერთი ნატვრა აქ საქმეს ვერ უშველის, რამდენიმეა საჭირო. მეუბნებიან, შეგიძლია კიდევ მოხვიდეო, რაღაც ეჭვი მეპარება. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული არა ვარ მაგაში. ვინ იცის, იქნებ ეს ერთადერთი შანსია... იქნებ მერე მთელი სიცოცხლე სანანებლად გამიხდეს, თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებ და შესაძლებლიდან უდიდესს არ მივიღებ მისგან. ქვიშის საათი კი იყრება, იყრება შეუჩერებლად, მგონი, სულ უფრო და უფრო სწრაფად. რა კარგად მესმის იმ მოჭადრაკეებისა, უცნაურ სვლებს რომ აკეთებენ მძიმე ცაიტნოტში, მერე თვითონ უკვირთ... იფიქრე, იფიქრე, თავო... არა, ერთი ნატვრა საქმეს ნამდვილად ვერ უშველის. თვითონ ნატვრისთვალი რომ გავიტანო აქედან? აი, ეს იქნებოდა ყველაზე ნაღდი. ჰო, ეს მართლაც ყველაფერს აჯობებდა. აი, მაშინ მოევლებოდა ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ, რაც ცხოვრებას მიწამლავს. ო, რა სწრაფად იყრება ქვიშა. როგორ მოვიქცე? ნაღდად ასეა, ნატრვისთვალის აქედან გატანაა ერთადერთი საუკეთესო სვლა ამ უცხო თამაშში. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ცხადი ხდება ეს ჭეშმარიტება. კი მაგრამ, როგორ შევძლო მისი აქედან გატანა? ჰოო, მოვიფიქრე! რაიმეს ისეთს ვინატრებ, რაც ნატვრისთვალის აქედან გატანაში დამეხმარება. ასეთი რა შეიძლება იყოს? ალბათ ალმასის თვლები, ისეთივე ზომის, როგორიც ნატვრისთვალია. ოჰ, ეს მართლაც კარგად მოვიფიქრე; ვინატრებ ალმასის თვლებს ზომით ნატვრისთვალის ტოლს. ჯიბეში ჩავიყრი და ვითომ შემთხვევით, ნატვრისთვალსაც მივაყოლებ, მის ადგილას კი ალმასის თვალს დავტოვებ. კაცუნას გავხედე. შესასვლელთან სკამზე ჩამომჯდარი ყვინთავდა. მაგის მოტყუებას რა უნდა. მით უმეტეს, ჩემსკენ არც კი იხედება. აბა, კიდევ დავფიქრდეთ, ხომ არაფერი გამომრჩა მხედველობიადნ. ვთქვათ, წავიღე ალმასის თვლები და მათთან ერთად ვითომ შეცდომით ნატვრისთვალიც. იქნებ მერე ქურდობა დამწამონ, როცა აქედან უჩუმრად წავალ. ვინ რა იცის, რა მიდარაჯებს. თითქოს არაფერი სჩანს, მაგრამ მაინც... იფიქრე, თავო! ო, რა სწრაფად იყრება ქვიშა... მოდი ასე მოვიქცევი; ვინატრებ უბრალო შუშის ბურთულებს, ზომით ნატვრისთვალის ტოლს, მათ სანაცვლოდ ნატვრისთვალს წავიღებ. თუ გამომიჭირეს, ასე ვეტყვი; უბრალო შუშის ბურთულის გამო რა ამბავს ტეხთ-მეთქი. უწყინარი ხუმრობის სახე ექნება ყველაფერს. დიახ, ასეა, ალმასის თვლები სულ სხვა რამეა, შუშის ბურთულა კი თითქმის არაფერი ღირს. მისი წყალობით სულ ადვილად გავიმართლებ თავს, მე ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა და მეც გაგეხუმრეთ-მეთქი, ასე ვიტყვი. მგონი, კარგად მოვიფიქრე... რა კარგი იქნებოდა, გონების თვალით ერთხელ კიდევ გადამეხედა ყველაფრისთვის, უფრო საგულდაგულოდ გამეთვალა ვარიანტები ნატვრისთვალის აქედან გასატანად, მაგრამ მეტი დრო ნამდვილად არ მრჩება, ქვიშის საათის ზედა კონუსში სულ ცოტა ქვიშა დარჩა. წესიერად ვერაფრის მოფიქრება ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად ჩამოიცალა, არა და, მეგონა, ქვეყნის დრო მქონდა მარაგში. რაც არის, არის! აღარც დროა დარჩენილი საამისოდ, აღარც ფიქრები მემორჩილებიან. გადაწყდა, შუშის თვლებს ვინატრებ, მეტის განსჯა მე აღარ შემიძლია. თვალი გავუშტერე ნავტრისთვალს, იდუმალი პეწით რომ ციმციმებდა ამ უცნაური მაგიდის შუაგულში. ასი ცალი უბრალო შუშის თვალი ვინატრე, ზომით მისი ტოლსწორი. ქვიშის საათიც ჩამოიცალა. ჩამოიცალა და ჩემი ნატვრაც აღსრულდა, მთელი მაგიდა ბრჭყვიალა შუშის თვლებით დაიფარა. მართლაც საოცრად გავდნენ ნატვრისთვალს, სულ ადვილად შეიძლებოდა აგრეოდა ერთმანეთში. ამის თავიდან ასაცილებლად ნატვრისთვალს წამითაც აღარ ვაცილებდი მზერას. მაშინაც კი, როცა ხელი ამოვურიე თვლებს და ისინი მსუბუქი ტკაცანით გაგორდნენ მაგიდაზე, ჩემი მზერა ნატვრისთვალზე იყო მიჯაჭვული. დიახ ნატვრისთვალი არცერთხელ არ გამსხლტომია მზერიდან. ის ჩემგან ხან მარჯვნივ მოექცა, ხან მარცხნივ, ორივე ხელით მოვხვეტე თვლები, თითქოს ყველას ერთად აღებას ვაპირებდი, ამ დროს ნატვრისთვალი ჩავბღუჯე. წამით კაცუნას გავხედე, კვლავინდებურად ყვინთავდა. თავი კიდევ უფრო დაბლა დაეხარა. კიდევ ერთი წამიც და... ნატვრისთვალი ჯიბეში მედო. ,,მარჯვენამ აიღოს მარჯვენა~, თითქოს ცეცხლოვანი ასოებით აენთო სადღაც ჩემს თავში ეს სიტყვები. კეთილი რჩევაა მართლაც, ნატვრისთვალი ზუსტად მარჯვენა მხარეს იყო ჩემგან მოქცეული და სწორედ მარჯვენა ხელით ავიღე. ესეც კარგი ნიშანი უნდა იყოს, მგონი გაამართლა ჩემმა განსჯამ, ალბათ, ყველაფერი რიგზეა... გულდაარხეინებული გავემართე კარისკენ, კაცუნა ისევ ყვინთავდა თავის სკამზე. როცა გვერდით ჩავუარე, თავი ოდნავ ჩამოკრა კიდეც, თითქოს დამემშვიდობაო. ისევ წვიმდა. რამდენიმე ნაბიჯი აუჩქარებლად გადავდგი, კარგია, სიდინჯემაც არ მიღალატა. თანდათან მოვუმატე ნაბიჯს, მერე კი... მერე მგონი გავრბოდი, ზუსტად ვერ გეტყვით. ის კი ნამდვილად მახსოვს, ჩემს ოთახში ვდგავარ და იდუმალი შუქით მოციმციმე ნატვრისთვალი დიდის ამბით მესვენა ხელის გულზე. საკუთარი თავით უაღრესად კმაყოფილი ვიყავი. რა უბრალო გეგმა იყო და რა კარგად იმუშავა, განსაკუთრებული სირთულით სულაც არ გამოირჩეოდა. კარგი ინჟინერი მხოლოდ მარტივ კონსტრუქციას ქმნის, აბა ვინ ინატრებს შუშის თვლებს. ვინ მოაცდენს ამ მიზნით ნატვრისთვალს? ეს მე, მხოლოდ მე შევძელი, მიზანსაც მივაღწიე...
*** აი, ახლა კი მოემზადეთ დიდი ამბებისთვის. ნატვრისთვალი ჩემს ხელშია, მე ის დამსახურებულად მოვიპოვე. რასაც მინდა, ვინატრებ და უმალ ამისრულდება. როგორც კაცუნამ თქვა, სივრცე გადაიკეტება, დრო ფოლადის ზამბარასავით შეიკუმშება და ნატვრაც ხორცს შეისხამს, რა უნდა იყოს ამაზე მშვენიერი. არც მეტი, არც ნაკლები, უკვე აღთქმულ ქვეყანაში ვიმყოფები, და მთლიანად ჩემს ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა. დიახ! ჩემი ნებასურვილი, ეს ყველაფერია ახლა. ნუ ვიჩქარებთ, სულ უბრალო რამით დავიწყოთ, ერთი კარგი სუფრა არ მაწყენდა, ძალიან მომშიებია... არ მინდა თავი შეგაწყინოთ, მოკლედ და გასაგებად ვიტყვი; ერთი, სულ ერთადერთი, სულ უბრალო ნატვრაც კი არ შემისრულა ნატვრისთვალმა, პურის ნამცეცსაც ვერ ვეღირსე მისგან. ასეთი გახლდათ პირველი ნაბიჯი ჩემს აღთქმულ ქვეყანაში. მომდევნო დღეები სრულ გაუგებრობაში გავატარე, არცერთ ნატვრას არ ეხმიანება ჩემი ნატვრისთვალი, ნეტავი რატომ? მე ხომ ყველაფერი საგულდაგულოდ გამოვარკვიე წინასწარ, სანამ რაიმეს ვინატრებდი იმ კაზინოში (მაინც ასე ვუწოდებ), დავაზუსტე, რომ ნატვრისთვალი ყველგან და ყოველთვის ნატვრისთვალია, ვის ხელშიც არ უნდა მოხვდეს. კაცუნას თავიც კი მოვაბეზრე, იმდენი შეკითხვა დავუსვი. იქ ამისრულა ნატვრა ნატვრისთვალმა, დამაჯილდოვა შუშის ბურთულებით. ჩემს სახლში რაღა დაემართა? აღარაფერი მინდოდა სხვა, ოღონდ კი გამეგო, რაში იყო საქმე. ამის გამოსარკვევად, ცხადია, იმ პატარა კაზინოს ვეღარ ვესტუმრებოდი, როგორმე თვითონ უნდა ამომეხსნა ეს საიდუმლო. ამ მიზნით ბოლოს საიუველირო მაღაზიას მივაკითხე, რამეთუ სხვა ვერაფერი გავარიგე. - ერთი ეს თვალი შეამოწმეთ, - ვთხოვე იუველირს და ნატვრისთვალი მივაწოდე, თან დავუმატე, ფრთხილად მოექეცით, ძალიან ძვირფასი, უნიკალური თვალია. გასინჯეს, შეამოწმეს და მომახსენეს, უბრალო შუშის თვალიაო. - როგორ! უბრალო, სულ უბრალო? - სულ, სულ უბრალო. თუმცა უნდა ითქვას, ძალზე დახვეწილი რამაა. ისეთი ზუსტია, თითქოს უწონადობაში შექმნილაო. ჩემს გაოგნებას კიდევ ესღა უნდოდა? გარკვევის მაგივრად სულ მთლად დამებნა თავგზა. შუშის თვალი? რანაირად... მე ხომ ნატვრისთვალს დავავლე ხელი, იგი ჩემგან მარჯვნივ იდო, მზერა წამითაც არ მომიცილებია მისთვის, არც კეთილი რჩევა დამვიწყებია, ,,მარჯვენამ აიღოს მარჯვნიდან~, ერთი სიტყვით, არაფერი დამიკლია, ნატვრისთვალი სწორედ მარჯვენა ხელით ავიღე. საინტერესოა, ასეთი რა მოხდა, როგორ შემრჩა ხელში ეს უბრალო შუშის თვალი ნატვრისთვაის მაგივრად. ამას ნამდვილად არ ველოდი. ცხადია, ნატვრისთვალს იუველირები ვერ ამოიცნობდნენ (ამას ვერც ვერავინ შეძლებს, რაც არ უნდა მახვილი თვალი ქონდეს), მაგრამ მეგონა იმას მაინც იტყოდნენ, ჩვენთვის გამოუცნობი ძვირფასი, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, საინტერესო თვალიაო. ამათ კი, სულ უბრალო თვალიაო. იქნებ რაიმე ეშლებათ, ანდა განგებ, ასედაც ხდება... ერთი სიტყვით, დავყევი და სადაც კი საიუველირო მაღაზია თუ ფარდული იყო, სულ ყველგან შემოვატარე ჩემი ნატვრისთვალი. ყველგან ერთი და იგივე პასუხი მესმოდა, უბრალო შუშის თვალიაო. არც კი ვიცი, რამდენ ხანს მომიწია ამ გაუგებრობაში ყოფნამ, დღე და ღამე ერთი ფიქრი მიბურღავდა თავს. აღარაფერი მინდოდა, აღარაფერს ვნატრობდი ერთი რამის გარდა, გამეგო თუ როგორ შემრჩა ხელში უბრალო შუშის თვალი. და აი ერთხელ ავტობუსით მივემგზავრებოდი ერთ-ერთ მორიგ საიუველირო მაღაზიაში ჩემი განუყრელი ,,ნატვრისთვალით~. ჩემი ფიქრები, ცხადია, გამუდმებით მას დასტრიალებდნენ, ავტობუსში ადგილი არ იყო, ფეხზე ვიდექი. ფიქრებში გართულს მოულოდნელად ვიღაცამ ყურში ჩამყვირა ცივი, მკივანა ხმით: - ...მარჯვენა მხარე, გესმის, მთელი მარჯვენა მხარე აქვს წართმეული, მარჯვენა ხელს სრულებით ვერ ამოძრავებს. ხომ გესმის, დამბლა დაეცა, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში მოხდა გაჟონვა... მოვიხედე, ვიღაც ქალი თავის დაქალს ელაპარაკება, საერთო ნაცნობის ამბავს ამცნობს. მე ზედაც არ მიყურებს, მაგრამ ამ ჭედვაში პირი ისე აქვს მომართული, ლამის ყურის ბიბილოზე მეხება... ვაი შენ, ჩემო თავო?.. რა უცბად გაიხსნა გაუგებრობათა გორგალი. ყველაფერს სინათლე მოეფინა, დიახ, ,,მარჯვენამ აიღოს მარჯვნიდან~. თითქოს ასედაც ვიქცევით, მაგრამ იმ მარჯვენა ხელს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მართავს. ასეა ადამიანი მოწყობილი. მეც თითქოს მარჯვენა ხელით ავიღე ჩემგან მარჯვნივ მყოფი ნატვრისთვალი, მე ხომ მაშინ გადაკეცილ სივრცეში ვიმყოფებოდი. ჰოდა, იქ პირიქით მოხდა, ამერია ყველაფერი. მეგონა ნატვრისთვალს ვიღებდი და შუშის უბრალო თვალს ჩავავლე ხელი. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავში გავიხლართე. ხომ დასანანია, არა? რა ახლოს ვიყავი ნატვრისთვალთან, რა ახლოს... წამი რაა, წამითაც არ გამსხლტომია მზერიდან, და სულ ამაოდ, ხელი ვერ მისწვდა, თვალი მოტყუვდა. მეტისმეტად ადვილად ტყუვდება ჩვენი თვალი თუნდაც ჩვეულებრივ ბუნებრივ სივრცეში, კინოფილმი გავიხსენოთ, რაღა მოგივა მაშინ, როდესაც სივრცე რაიმეთი შეიცვლება, ანუ როცა გადაიკეტება, იმ კაცუნას თქმისა არ იყოს. მე იმ ,,კაზინოში~ ფეხის შემდგმელი აღარ ვარ, მიუხედავად იმ კაცუნას სტუმართმოყვარული მიპატიჟებისა, რამდენჯერაც გნებავთ, მობრძანდითო. არ მინდა კიდევ ერთხელ გავიხლართო საკუთარ თავში. მთელი გზა მთვარეულივით ვიარე, ამ ფიქრებში გართულმა. არც კი გამიგია, ისე მივედი იმ მაღაზიამდე. დახლს რომ მივადექი, მაშინღა მოვედი აზრზე. აქ რაღა მინდა-მეთქი, ვიფიქრე. გამობრუნებას ვაპირებდი და ვხედავ, კარი იღება, შემოდის ჩემთვის კარგად ნაცნობი კაცუნა ხელში შავი ჩანთით. მაშინვე გვერდზე მივბრუნდი, თავი ისე დავიჭირე, ვითონ ძვირფას ნაკეთობებს ვათვალიერებდი. თან თვალი მისკენ მეჭირა. კაცუნამ ჩანთა გახსნა და იქიდან შუშის თვლები წამოყარა. - იქნებ რაიმეში გამოგადგეთ, - იუველირს მიმართა, - ერთმა მუშტარმა დამიტოვა, სულ ოთხმოცდაცხრამეტი ცალია. იუველირმა გასინჯა და თავი დაუქნია, ვიღებო. რაღაც პატარა თანხაც გამოუწერა. მე ჯიბისკენ გავაპარე ხელი, ჩემი ,,ნატვრისთვალი~ ამოვიღე. მინდოდა დახლზე დახვავებული თვლებისთვის მიმემატებინა, ოღონდ ისე, რომ მე თვითონ შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. თავს ვიმტვრევდი, ეს როგორ მოვახერხო-მეთქი. ამ დროს შემთხვევა დამეხმარა, ერთი თვალი ძირს დაუვარდა კაცუნას. მეც მაშინვე მოფარებულად ძირს დავაგდე ჩემი ,,ნატვრისთვალი~. დინჯი ნაბიჯით გავდექი განზე, მერე კარისკენ გავემართე სასხვათაშორისო იერით. როცა გავდიოდი, დავინახე, როგორ აიღო კაცუნამ შუშის თვალი და ჩემს ,,ნატვრისთვალსაც~ დასწვდა. ალბათ ეგონა, ორი ცალი დამივარდაო. კარს მაშინვე მოვცილდი, სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. მივდიოდი და ყურებში მედგა კაცუნას სიტყვები: ვინც აქ შემოდის, აქვე ტოვებენ თავისი ნანატრის უდიდეს ნაწილს, ისედაც ხდება, რომ მთლიანად აქ რჩება, რასაც ინატრებენ, სრულიად ცარიელი მიდიანო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესოდ წერთ ძალიან... :) საინტერესოდ წერთ ძალიან... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|