ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2014


მისტერ ბანკნოტის უცნაური სიზმარი


           
 



სიზმარი ნახა მისტერ ბანკნოტმა, ვითომ მართლა ბანკნოტი იყო, ანუ ადამიანიც და ბანკნოტიც ერთსა და იმავე დროს. ოქროს სარკეში შეჰყურებდა საკუთარ ორბუნებოვან გამოსახულებას... არც ის სარკე ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ სარკე, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, კარიბჭეც იყო, რა თქმა უნდა, ოქროსი.
ჯერჯერობით ამაში უცნაური არაფერი ყოფილა. მისტერ ბანკნოტი სწორედ ასეთნაირად, კეწკეწა, კრიალა, ტკიცინა ქაღალდის ფულის სახით აღიქვამდა საკუთარ თავს. მეტსახელიც ,,მისტერ ბანკნოტი~ ძალიან მოსწონდა. იმდენად მოსწონდა, ნამდვილი სახელი მიავიწყდა კიდეც... ასე შეარქვეს ფულის გარეცხვა-გათეთრების რაღაც არაჩვეულებრივი უნარის გამო. მოხვდებოდა თუ არა ფული მის ხელში, მაშინვე თოვლივით იწყებდა ქათქათს, თუნდაც ჯოჯოხეთის ფსკერიდან ყოფილიყო ამოღებული. ფული ხომ ისედაც ხელის ჭუჭყია, ასე მსჯელობდა მისტერ ბანკნოტი. სადაც ჭუჭყია, სარეცხი საშუალებებიც იქაა, თანაც მეტად მრავალფეროვანი. თანამედროვე ტექნოლოგია საამისოდ უამრავ არჩევანს გვთავაზობს. ჰოდა, ერთი მითხარით, რატომ უნდა ვთქვათ უარი იმ სიკეთეზე, რომელიც თვითონ გვივარდება ხელში?
ჭეშმარიტად, მისტერ ბანკნოტს ყოველთვის ჰყოფნიდა ჭკუა, უარი არ ეთქვა იმ სიკეთეზე, რომელიც მისკენ თვითონ იკვლევდა გზას. ფულის გათეთრების მსურველებს რა გამოლევს, ყოველთვის მრავლად იყვნენ, ახლაც არიან, უფრო მეტნი იქნებიან მყობადში. მუდამ დასჭირდებათ მისი სამსახური. ამდენად, არც ზემოთმოყვანილი მსჯელობა ჩაითვლება რაიმე უცნაურობად. ზუსტად ასე მოიქცეოდა მის ადგილას ყველა, ანდა თითქმის ყველა...
უცნაური ის იყო, რომ მისტერ ბანკნოტი არ შეუშვეს ოქროს სარკე-კარიბჭეში, როდესაც მასში გაღწევა სცადა და ამ მიზნით წინ წადგა ნაბიჯი. თეთრხელთათმიანი ხელი წინ გაიშვირა ნეხვის სოკომ... მაინც ასე უცებ საიდან გაჩნდა ის ჯეელი, მისტერ ბანკნოტს იგი არ შეუმჩნევია, როცა საკუთარ ორბუნებოვან გამოსახულებას ესიყვარულებოდა ოქროს სარკე-კარიბჭეში. ჯეელი რაღაც საოცრად ჰგავდა სოკოს, მკრთალი ქამა სოკოსფერი დაჰკრავდა გაბუშტულ ლოყებზე, ისე კარგად კი იყო ჩასკვნილ-ჩამრგვალებული. მუქი ფერის თმა შუბლზე ჩამოსწეწოდა, ნეხვის სქელ ფენას რომ ამოარღვევს სოკო და მოზრდილი გუნდა თავზე რომ შერჩება, სწორედ იმას გაგახსენებდათ. ერთიანად შავებით იყო შემოსილი... ამრიგად, თეთრხელთათმიანი ხელი წინ გაიშვირა ნეხვის სოკომ, თოვლივით რომ ქათქათებდა, ისეთი თეთრი... და არც მეტი, არც ნაკლები, უფსკრული დაინახა მისტერ ბანკნოტმა, როცა თეთრხელთათმიანს მიადევნა თვალი. სწორედ ოქროს სარკე-კარიბჭის წინ დაეღო პირი.
არც ეს უფსკრული შეუმჩნევია აქამომდე მისტერ ბანკნოტს (კიდევ ერთი უცნაურობა...) თანაც ასეთი საზარელი, ჩაწყვდიადებულ-ჩაკუპრისფერებული, მასზე გადაბიჯება ანდა გადახტომა სრულიად გამორიცხული იყო, ვერც კი იოცნებებდა. არადა, ოქროს სარკე-კარიბჭეში აუცილებლად უნდა გაეღწია მისტერ ბანკნოტს, ამაში დარწმუნებული იყო რატომღაც.
რა გზას დავადგეო, საგონებელში ჩავარდა მისტერ ბანკნოტი. უცბად ხედავს, ბილიკი მიიკლაკნება უფსკრულს გადმოღმა. ალბათ ეს შემოვლითი გზააო, გაივლო გულში და დაადგა იმ ბილიკს. მიდის, მიაბიჯებს მისტერ ბანკნოტი ბილიკზე, იმედი აქვს, ოქროს სარკე-კარიბჭემდე მიაღწევს ამ გზით. ჰოდა, თავისნაირი ბანკნოტები შემოხვდნენ, მასავით ორი ბუნების მქონენი, ანუ ადამიანები და ბანკნოტები ერთსა და იმავე დროს. მაგრამ მხოლოდ ამით ამიწურებოდა მათი მსგავსება. სხვა მხრივ არაფრით არ ჰგავდნენ მისტერ ბანკნოტს, არც კი გაიფიქროთ, ამით დიდად შეარცხვენთ ფულის გათეთრების დიდოსტატს. ჭუჭყიანები, ტურტლიანები, გაღლეტილები, დაცვეთილები... აი, როგორები იყვნენ გზად შემოყრილი ადამიანი-ბანკნოტები. მაინც სად ნახეს ამდენი ნაგავი, ლაფი, სიბილწე, სიბინძურე... ასე ჩურჩხელებივით როგორ ამოევლნენ მასში...
- ერთი ხელში ჩამივარდებოდეთ ოდესმე, - ინატრა მისტერ ბანკნოტმა, - მე ვიცი როგორ გაგათეთრებდით და გაგალამაზებდით.
მაგრამ ისინი გვერდს უვლიან მისტერ ბანკნოტს, ჭუჭყსა და ნაგავში დააბოტებენ თვითონაც ჭუჭყიანები. ნაგავს ნაგავი ემატება, კიდევ უფრო ეფლობიან მასში, არა და არ ჩანს მათი საშველი.
და რა საწყენიც არ უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა რომ თვითონ მისტერ ბანკნოტიც სწორედ იმ ჭუჭყსა და ლაფში მიაბიჯებს, რომელშიც გზად შემხვედრნი დატოპავენ, არადა, უცნაურია, ის ბილიკი დასაწყისში არ ჩანდა ასე ჭუჭყიანი და უმსგავსი.
როგორ არ ცდილობდა მისტერ ბანკნოტი, თავი აერიდებინა ამ ლაფისა და ჭუჭყისათვის, მაინც არაფერი გამოსდიოდა... უბრალოდ არა ჩანდა სხვა გზა.
როგორც იქნა, გაილია ეს საშინელი, ჭუჭყიანი ბილიკი, ისევ გამოჩნდა ოქროს სარკე-კარიბჭე. ჩაიხედა მასში მისტერ ბანკნოტმა და რას ხედავს, უნიშნოდ არ ჩაუვლია მისთვის ამ მართლაცდა მეტად უსიამოვნო მოგზაურობას, თვითონაც მოსცხებია ლაფი და ჭუჭყი. კიდეებიც ოდნავ შემოსძენძია. ეჰ, სადღაა ის ტკიცინა, კეწკეწა, კრიალა ბანკნოტი, სულ პირველად რომ დაინახა ამ ოქროს სარკე-კარიბჭეში. უკვალოდ გამქრალა ძველებური პეწი, სულ მთლად შეცვლია იერი.
- არა უშავს რა, - გული გაიკეთა მისტერ ბანკნოტმა, - სხვებს თუ ვშველი და ვათეთრებ, განა საკუთარ თავს ვერ გავათეთრებ. სულ მალე დავიბრუნებ ძველებურ პეწს, ოღონდ აქედან გავაღწიო...
და მისტერ ბანკნოტმა კვლავ წინ წადგა ნაბიჯი, რათა ოქროს სარკე-კარიბჭეში გასულიყო, მაგრამ საიდანღაც ისევ გაჩნდა ნეხვის სოკო, წინ გაიშვირა თეთრხელთათმიანი ხელი, თოვლივით რომ გაუდიოდა ქათქათი, პირაკშმულ უფსკრულზე მიუთითა, და როგორც თავდაპირველად, ახლაც სწორედ რომ ოქროს სარკე-კარიბჭესთან დაუღია ხახა ამ საზარელ უფსკრულს, ძეხორციელი ვერ შეძლებს მასზე გადაბიჯებას, გულშიაც ვერ გაივლებს.
დიდად შეშფოთდა მისტერ ბანკნოტი. ვერ გაუგია, რა ხდება, რატომაა ასე მიუწვდომელი მისთვის ოქროს სარკე-კარიბჭე, უწინ არასდროს გადაჰყრია ასეთ გარდაუვალ დაბრკოლებას, მის წინაშე ყველა კარი მაშინვე იღებოდა, თუკი ამის სურვილი გაუჩნდებოდა. კიდევ კარგი, ბილიკი ახლაც მიუყვება უფსკრულს გადმოღმა.
და მისტერ ბანკნოტი ისევ გაუყვა იმ საშინელ ბილიკს, იმედი აქვს, იქნებ ახლა მაინც ვუშველო თავსო. საუბედუროდ, ეს ბილიკი წინანდელზე უფრო ჭუჭყიანი და ლაფიანი აღმოჩნდა. ცდილობს მისტერ ბანკნოტი, როგორმე თავი აარიდოს ჭუჭყსა და ლაფს, მაგრამ არაფერი გამოსდის, უბრალოდ, არ ჩანს რაიმე სხვა გზა. აქაც კვლავ ხვდებიან ორბუნებოვანი არსებანი, ადამიანი-ბანკნოტები, ხედავს მისტერ ბანკნოტი, რომ ისინი წინანდელებზე ბევრად უფრო ჭუჭყიანები და ჩამოფლეთილები არიან. ზოგიერთ მათგანს კიდურებიც აკლია, ხეიბრებივით მოხანხალებენ, თან ხმამაღლა გოდებენ, ვიღუპებითო, ჩვენი საშველი არსად არ ჩანსო, ცრემლის და სისხლის ნაკადულები დასდით დასახიჩრებულ სხეულებზე, ლაფსა და ჭუჭყს ერევა, აქა-იქ გუბეებად გროვდება. ო, რა მწარედ აუწვა გვერდები მისტერ ბანკნოტს ამ გუბეებმა, როდესაც მათში გატოპვა მოუწია. ასე ეგონა, ათასი ხანჯალი ერთად მატაკესო.
ბოლოს და ბოლოს, ეს საზარელი ბილიკიც გაილია, ისევ გაბრწყინდა ოქროს სარკე-კარიბჭე. ჩაიხედა მასში მისტერ ბანკნოტმა, ვეღარც კი იცნო საკუთარი თავი. ჭუჭყსა და ნეხვში ხომ ერთიანად იყო ამოვლებული... ამას გარდა, ერთიანად გაცრეცოდა გვერდები, სულ მთლად დაძენძილიყო, თითქოს საფანტით დაუცხრილავთო.
- არა უშავს, მაინც ვუშველი თავს, - გულს არ იტეხს მისტერ ბანკნოტი და ისევ ცდილობს გააღწიოს ოქროს სარკე-კარიბჭეში, მაგრამ ისევ საიდანღაც გაჩნდა ნეხვის სოკო და უფსკრულისკენ მიუთითა თოვლივით მოქათქათე თეთრხელთათმიანი ხელით. და ასე გაგრძელდა დაუსრულებლად. არც კი იცოდა მისტერ ბანკნოტმა, მერამდენეჯერ აღმოჩნდა უფსკრულთან, მერამდენეჯერ დაადგა იმ ლაფიან, ჭუჭყიან ბილიკს... ოქროს სარკე-კარიბჭის ნაცვლად მუდამ იმ საშინელ ბილიკზე უწევდა სიარული.
საბოლოოდ კი ისე დაიძენძა და გასაცოდავდა მისტერ ბანკნოტი, რომ მისგან თითქმის აღარაფერი დარჩა; აბლაბუდის უღონო ძაფისებური ნაწყვეტი დაინახა, როცა სულ ბოლოს ჩაიხედა ოქროს სარკე-კარიბჭეში, ისიც ერთიანად ნეხვში ამოსვრილი... თითქოს შეუძლებელი იყო, საკუთარი თავი ეცნო მასში, მაგრამ იცნო კია, ამაში ეჭვი ნამდვილად არ შეპარვია.
მაგრამ ერთი სიკეთე ნამდვილად გამოვიდა აქედან; გაუგებარი იყო, როგორ და რანაირად... ნიავმა დაუბერა თუ რა მოხდა, აბლაბუდას ნაწყვეტმა დაუბრკოლებლად გააღწია ოქროს სარკე-კარიბჭეში. ნეხვის სოკო აღარ გამოჩენილა თავისი ქათქათა ხელთათმანით... შეიძლება ვერ შეამჩნია აბლაბუდას ნაწყვეტი... ანდა შეამჩნია, მაგრამ არად ჩააგდო, ვინ იცის...
გააღწია და... საკუთარ კაბინეტში ამოჰყო თავი მისტერ ბანკნოტმა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ საწერ მაგიდასთან, რომელზედაც, ვინ იცის, რამდენი ბანკნოტი გაუთეთრებია...
რა საწყენი იყო, ძველებურად მყუდროდ ვეღარ მოიკალათა საკუთარ სავარძელში, ამის ძალა აღარ შესწევდა. მაგიდის კუთხეს ჩამოეკონწიალა... კედლის მხარეს და გაინაბა, იქნებ როგორმე გადავრჩე, სულ მთლად არ გავქრეო, ამასღა ფიქრობდა.
უცბად ფანჯარა ქარმა შემოგლიჯა, ფარდები ააფრიალა. საწერ მაგიდასაც კარგად დაუბერა, ქაღალდის ფურცლები ააფორიაქა. გული გადაუქანდა მისტერ ბანკნოტს, ვაითუ ქარმა აქედან გადამკარგოსო, კიდევ კარგი, მოსამსახურე ქალი დროზე შემოვიდა და ფანჯრები მიხურა.
მერე ბავშვები შემოცვივდნენ, დამალობანას თამაში გააჩაღეს. მისტერ ბანკნოტი კიდევ უფრო დაფრთხა, ამ ეშმაკისფეხებს როგორღა გადავურჩეო. ვაითუ სულმთლად აურდაურიონ აქაურობა, იქნებ გადააყირავონ კიდეც ეს მაგიდა, რომლის კუთხეში აბლაბუდა იმალება. კიდევ კარგი, ბავშვები ოთახიდან გაცვივდნენ, სხვაგან გააგრძელეს თამაში.
მერე კი, აი მერე მოხდა მოსახდენი; მეუღლე შემოვიდა კაბინეტის დასალაგებლად. იატაკის საწმენდი ჯაგრისი შუბივით მოემარჯვებინა. მისტერ ბანკნოტს ამჯერად თავზარი დაეცა. კარგად იცნობდა ამ ქალბატონს, რომელი აბლაბუდა გადაურჩებოდა მის მსახვრალ მარჯვენას. აბლაბუდას კი არადა, მტვრის ერთ ნამცეცსაც ვეღარ მიაგნებდი იმ ადგილებში, სადაც იგი გაითარეშებდა სველი ტილოებით და ჯაგრისებით აღჭურვილი. მეუღლემ მაგიდა გადაწმინდა, გააკრიალა მთელი მისი აღჭურვილობა. ბოლოს მაგიდის კუთხესაც მიწვდა. მისტერ ბანკნოტი შიშისგან აცახცახდა, აი მეუღლემ მაღლა აღმართა მარჯვენა, რომლითაც სველი ტილო ჩაუბღუჯავს. საცაა დაბლა დაეშვება სველი ტილო და მისტერ ბანკნოტი ისე გაქრება, თითქოს არც კი არსებულიყოს ამქვეყნად.
- ხელი არ მახლო, მე ვარ, მე! - აყვირდა მისტერ ბანკნოტი, მაგრამ მეუღლეს მისი არ ესმის. სველი ტილოთი აღჭურვილი ხელი ეშვება დაბლა, სულ დაბლა. მისტერ ბანკნოტმა ერთი ხმამაღლა იღრიალა და... გამოეღვიძა.
ისევ საკუთარ კაბინეტშია, საკუთარ საწერ მაგიდასთან. თურმე ჩასძინებია სავარძელში მყუდროდ მოკალათებულს. მეუღლე თავზე დადგომია და რაღაცას ეკითხება.
- რაო, რა მკითხე? - ძლივს გამოერკვა მისტერ ბანკნოტი.
- რატომ ყვიროდი, მე ვარ, მეო, - ეკითხება მეუღლე.
- ჰოო, - გააგრძელა მისტერ ბანკნოტმა. მთელი სიზმარი ერთბაშად გაახსენდა.
- მგონი რაღაც დაგესიზმრა, არა? - ისევ შეეკითხა მეუღლე.
მიხვდა მისტერ ბანკნოტი, თავს ვეღარ დაიძვრენდა. როგორც ყველა ქალს, მის მეუღლესაც უყვარდა სიზმრების მოსმენა.
- მესიზმრა, ვითომ... - წამოიწყო მისტერ ბანკნოტმა და ენაზე იკბინა. კინაღამ წამოსცდა, ნეხვში ამოსვრილი აბლაბუდა ვიყავიო, - ვითომ ოქრო ვიყავი...
- კი მაგრამ, რაღა გაყვირებდა?
- ვიღაცეები მოპარვას მიპირებდნენ და ვყვიროდი, ხელი არ მახლოთ-მეთქი...
აი ასე გაათეთრა საკუთარი უცნაური სიზმარი მისტერ ბანკნოტმა, თავისი თავით ფრიად კმაყოფილიც დარჩა, ეს რა კარგი რამ მოვიფიქრეო, თანაც ასე სასწრაფოდ... თურმე სიზმრების გათეთრების ნიჭიც ჰქონია, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად. და ეს მეტად სასიამოვნო აღმოჩენა იყო მისთვის. ახლა უკვე არანაირი კოშმარის აღარ ეშინია მისტერ ბანკნოტს, ფულის გათეთრების დიდოსტატს. წამში გაათეთრებს, თუნდაც ჯოჯოხეთი დაესიზმროს თავისი ცხრა გარსით.
ოღონდ ერთი პატარა უცნაურობა დასჩემდა იმ უცნაური სიზმრის მერე; დასანახად ვერ იტანს აბლაბუდას. იტყვით, აბლაბუდა არც ჩვენ გვიყვარსო, მაგრამ მისტერ ბანკნოტი ზედმეტად მგრძნობიარეა მის მიმართ... საკმარისია თვალი მოჰკრას სადმე, ლამის კრუნჩხვები ეწყება... სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მისტერ ბანკნოტს, ფულის გათეთრების დიდოსტატს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები