ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2014


შემოდგომა

იდგა შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი დღე, ეზოში ლამაზად მოფანტულა ყვითელი ფოთლები. ასეც შეიძლება წერის დაწყება, თან მართლა ასეთი დღეა. თუ ძირს არ დაიხედავ მხოლოდ იმით მიხვდები შემოდგომის შემოსვლას, ჰაერი რომ აღარ არის ჩახუთული. ახლა შეგიძლია ფანჯარა გამოაღო და ხარბად ჩაისუნთქო ჰაერი, თან გონებაში ფიქრმა გაგიელვოს, სად იყო ამდენი ხანი ეს არაჩვეულებრივი ჰაერი? თითქოს ვიღაცას გამოკეტილი ჰქონდა, მაგალითად უზარმაზარ ჭურჭელში, ახლა კი თავი მოხსნა და მთლიანად გამოუშვა. შენც ბედნიერი დგახარ ღია ფანჯარასთან და სუნთქვით ვერ ძღები, თითქოს აქამდე არც გისუნთქია.
არა, ეს შემოდგომა განსხვავებულია. აღარ დგას ფანჯარასთან და სულაც არ ეწაფება მონატრებულ ჰაერს. ახლა სარკის პირისპირ შეჩერებულა უკვე რამდენიმე საათია და იქიდან რაღაცას ელოდება. ისე ჩაშტერებია სარკეს გაგეცინებოდათ, რომ არა მისი უცნაურად შეცვლილი ზურგი. მხრები აქვს ჩამოშვებული, გეგონება  აურაცხელი სიმძიმე ჩამოჰკიდეს და ამიტომ გავს მისი მხრები დაღლილს, ძალა გამოცლილსო.
გოგონა იქნება 25 წლის. ღია წაბლისფერი თმა რაც შეიძლება მაღლა დაუმაგრებია, მაგრამ რამდენიმე კულულს მოუხერხებია და თავი დაუღწევია, კისერზე ჩამოკონწიალებულან.  სარკემ მისტიური დატვირთვა შეიძინა მისთვის, იქ ვიღაცას ელაპარაკება, უხმოდ ეჩხუბება და ტუქსავს. სახე გაფითრებია, მიმიკები გაჰქრობია, საერთოდ არაფერს აღარ გამოხატავს მისი თვალები. ვხედავ დიდ ნაცრისფერ თვალებს, სარკეს ჩაშტერებია და უემოციოდ დგას. არ ტირის, მაგრამ პერიოდულად შეკრთება, შემცივნებულივით აკანკალდება, თუმცა დიდი ძალისხმევით აჩერებს სხეულს და ვიღაცასთან უხმოდ საუბარს აგრძელებს.
-როგორ არ გრცხვენია? აქამდე როგორ მოხვედი? ახლა რისი იმედი გაქვს? თუმცა ვიცი, გგონია ვიღაც მოვა და შენს დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს. როგორი უნამუსობაა. მშიშარა ხარ, ნამდვილი მხდალი. მე ყოველთვის გეუბნებოდი რომ თვითმკვლელობა საშინელება იყო, აგიღწერდი როგორი საცოდავები და საწყლები არიან თვითმკვლელები. არა, ნუგეშად ნუ იღებ ჩემს სიტყვებს, ამას შენს დასამშვიდებლად არ ვამბობ. სულაც არ მეცოდები. ბოლო წუთს ყოველთვის უკან იხევ და იწყებ იმაზე ფიქრს, თუ რამდენი კარგი რამის გაკეთება შეგეძლო, როგორ შექმნიდი ყველაზე ღირებულსა და დაუვიწყარს. სასაცილო ხარ. (ამას ამბობს მაგრამ მისი სახე ნამდვილად არ იცვლება, არ იღიმის).
რამდენიმე წამით გონს მოდის, გავგიჟდიო ფიქრობს. თითქოს გრძნობს ჩემ იქ ყოფნას და უკან იხედება. ვერაფერს ვერ ხედავს და ფიქრობს მართლა გავგიჟდი, მოჩვენებები დამეწყოო.  ისევ სარკეს უბრუნდება.
-რა გგონია ახლა რა იქნება? არაფერი აღარ იქნება, საერთოდ აღარაფერი. შენ ყველაზე საცოდავი არსება ხარ ვისაც კი შევხვედრივარ. შუაში ხარ გამოჩრილი, ვერც სიკვდილის გამბედაობა გიპოვნია საკუთარ თავში და ვერც სიცოცხლის. საკუთარ ცხოვრებას ამწარებ, სისხლს უშრობ საკუთარ თავს და სიკვდილსაც ვერ ბედავ. შენნაირ ადამიანებს არც კი შეიცოდებენ, მათ გამართლებასაც კი არავინ ცდილობს. არც კი მეცოდები.
მოწყვეტით ეცემა ცივ, წყლით დანამულ იატაკზე და სახეზე ხელებს იფარებს.
უცბად ხმას იღებს და მეც შევკრთი.
-მეც დამტანჯე და თავიც დაიტანჯე! არარაობა ხარ!
საკუთარი თავისგან შეშინებული მე მაშტერდება, რამდენიმე წამი მგონია ხომ არ მხედავს-მეთქი. დგება, ისევ არაფრის მთქმელი და გაშეშებული სახე აქვს. ოთახში შედის და ბლოკნოტს იღებს. სახეზე ფერი უბრუნდება.
დიდი ასოებით წერს ”შუაში” და ამ სიტყვას მისჩერებია.
ახლა ვხვდები რომ საკუთარ თავთან ომმა ძალიან დაღალა, ვეღარ წერს და მისი მთავარი ტკივილიც ეს არის. ბლოკნოტის წინა გვერდები სავსეა იმაზე წუწუნით რომ სული სადღაც დაკარგა და აღარ შესწევს უნარი რამე დაწეროს. უკვე წლებია მასში გამჯდარია შეგრძნება რომ ძალიან ღირებულის, სულის შემძვრელის დაწერა შეუძლია, მაგრამ ვერაფრით მოერია რაღაც არარსებულს.
თვალები ისევ უშეშდება ერთ წერტილზე, და მე მომმართავს:
-რას ვეჩხუბები ამ საწყალს? რაში სჭირდება თავის მოკვლა ის ხომ უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. წარმოგიდგენია? საკუთარ პერსონაჟს ვეჩხუბები, საკუთარ თავს. ახლა კი ვზივარ და სივრცეს ველაპარაკები. ნამდვილად გავგიჟდი. მე კი მეგონა იმდენს დავწერდი ფურცლები ჩემს კალამს ვეღარ აიტანდნენ.
მას ვერ წარმოუდგენია რომ ვიღაცას მისი ესმის, მე კი ვდგავარ გაკვირვებული და ძალიან მინდა ჩემი არსებობა დავანახო.
ერთი წამით ვფიქრობ მართლა არ მოიკლას თავი-მეთქი, მაგრამ მერე მახსენდება რომ სანამ არ დაწერს მანამ იცოცხლებს, ხოლო თუ ვერ დაწერა მის სიცოცხლეს მხოლოდ არსებობა ჰქვია.
ისევ დგება, სიგარეტს უკიდებს და ფანჯარას აღებს, მე კი მივდივარ და ვფიქრობ, იქნებ შემოდგომა მასთანაც მოვიდეს. იქნებ იგრძნოს რომ ჰაერი ახლა ძალიან ბევრია და შეუძლია დაუსრულებლად ისუნთქოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები