ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2014


ჯადოქარი



თითქოს გუშინ მომხდარიყოს, ისე ცხადად მახსოვს ჯადოქართან პირველი შეხვედრა: მე და დედაჩემი სოფლის ორღობეში მივდიოდით. უცებ დედაჩემმა ხელი მაგრად ჩამავლო და წინ დამიყენა, ვიღაცასთან წარსადგენად მომამზადა.
- ესაა ჩვენი ბარტყი? - მომესმა მაღალი, მკაფიო, საკმაოდ მკვეთრი ხმა. ერთი კი ავიხედე ცნობისმოყვარეობით. ძალზე ხნიერი ქალი დავინახე, ალბათ ჭაღარა კავები ქმნიდნენ ამ შთაბეჭდილებას, შავი თავსაფრის ქვემოდან ბარაქიანად გადმოშლილები. წარბებს შუა ღრმა ღარიც მომხვდა თვალში. თუმცა ეს ღარი ახალგაზრდობაშიც ჰქონდა, როგორც სოფელში ამბობდნენ, თვალები ახალგაზრდული ჯანით და ენერგიით უბრწყინავდნენ. თვალების უჩვეულო ელვარება სიმკაცრის ნიშნად მომეჩვენა. წარბებს შუა ღრმა ღარიც აძლიერებდა ამ შთაბეჭდილებას. მივტრიალდი და დამალვა ვცადე დედაჩემის კალთის უკან. დედაჩემმა მიბიძგა, ისევ წინ დამიყენა. ჯადოქარმა შემათვალიერა, შემაფასა და მგონი მოვეწონე, ღიმილით უხმოდ დაიქნია თავი.
დედაჩემმა წუწუნი გააბა, ღამით ცუდად სძინავს, ძილში ყვირისო; რაც მოვიზარდე, ბებიასთან მეძინა ღამღამობით. დიდი მეზღაპრე ქალი იყო, ჩამიწვენდა ლოგინში და ეს ჭინკაო, ის ოჩოპინტრეო. მანამდე არ გაჩუმდებოდა, სანამ ავსულების მთელ ამალას არ ჩამომითვლიდა სათითაოდ. მეც ყურდაცქვეტილი ვუსმენდი, ხანდახან შიშისგან ბალიშქვეშ შევყოფდი ხოლმე თავს. მერე ძილში დამესეოდნენ ხოლმე ის ჭინკები და ოჩოპინტრეები, თავს მაბეზრებდნენ, მაშინებდნენ. ხშირად, გამოღვიძებულს, თვალი გამიხელია ღამით და ყოვლად უცნაური არსება დამინახავს საოცარი სიცხადით. რამდენჯერ მარულა გაუჩაღებიათ ჩემი საწოლის გვერდით. ყირაზე გადადიოდნენ, ათასნაირად იგრიხებოდნენ და იმანჭებოდნენ. უნებურად თუ შევყვირებდი ხანდახან, თორემ შიშისგან ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი.
დედაჩემის წუწუნზე ჯადოქარმა ბამბის ძაფით შეკრული ქაღალდის პაკეტი ამოიღო ჯიბიდან.
- ეს წყალში გაულესეთ და ძილის წინ დაალევინეთ, ზღაპრებიც ნაკლები მოუყევით.
ამ სიტყვებმა ეკლესიის ზარებივით დარეკეს, ჯადოქარი ძალიან ახლოს იდგა ჩემთან, თავზე ხელს მისვამდა. შუბლზე რამდენიმე წამით შეაჩერა ხელი. ვიგრძენი საფეთქლებზე როგორ შემომეჭდო ბალახ-ბულახის ჩხრეკისა და ხარშვისაგან გაუხეშებული თითები. ახლაც, ამდენი ხნის გავლის შემდეგ, საოცარი სიცხადით ვგრძნობ შუბლზე და საფეთქლებზე მისი თითების შეხებას.
- ანგელოზები დაუდგებიან დარაჯად შენს ძილს! - მომესმა ისევ ის მკაფიო, მაღალი ხმა.
იმ ღამეს, როცა ისევ გამომეცხადა ბებიაჩემის ზღაპრიდან გადმოსული ჭინკა, მაშინვე გამახსენდა ეს ნათქვამი და გულმაგრად შევხედე, არ მეშინია შენი, ანგელოზები მდარაჯობენ-მეთქი. ჭინკამაც გადმომხედა, სრულიად უბოროტოდ, უწყინრად გამიღიმა. სულაც არ აღმოჩნდა საშიში, არც მახინჯი იყო, კარგად რომ დავაკვირდი.
თანდათან სულ უფრო იშვიათად მეცხადებოდნენ. ბებიაჩემსაც იმდენად აღარ შემორჩა ზღაპრების მოსაყოლი ენერგია, შუა თხრობაზე ეყვინთებოდა, მეც უფრო და უფრო ნაკლებად მეშინოდა ჭინკების. საბოლოოდ სულაც დაიფანტნენ.
შემდგომ წლებში მხოლოდ მაშინ თუ გამახსენდებოდა ჯადოქრის არსებობა, როცა შემთხვევით მოვკრავდი თვალს, სოფლის ორღობეში ტუსტუსით მიმავალს. ხელში თითქმის ყოელთვის რომელიმე სამკურნალო ბალახის კონა ეჭირა. ანდა დედაჩემი დამიდგამდა წინ ჩემთვის საყვარელ, ნუგბარ საჭმელს და მეტყოდა, ბოლომდე უნდა შეჭამო, შელოცვილიაო. მეც ბოლომდე მივირთმევდი იმ საჭმელს და დარწმუნებული ვიყავი, ჯადოქრის შელოცვის მადლი ჩემზე გადმოდიოდა. ბავშვი არ გაზრდილა ჩვენს სოფელში, მისი გალესილი წამალი რომ არ დაელია ანდა მისი გულიანი ლოცვა-კურთხევა არ მიეღო. ჭიპი ხომ ყველას მისი ოქროხელებით ჰქონდა შეკრული.
ერთხელ პარკს ვარჩევდით. დედაჩემმა მეზობლის ქალებს დაუძახა მოსახმარებლად. დასხდნენ ქალები, თან პარკს არჩევდნენ, თან ცის და ბარის ამბები გაიხსენეს. ისე გაერთნენ, სულ დაავიწყდათ, მეც რომ იქ ვიჯექი, ათასნაირ საჩოთირო საკითხებზე ალაპარაკდნენ. მერე ერთმა ფაშფაშა, ფართოსახიანმა ქალმა ელისაბედი ახსენა (ჯადოქარს ასე ერქვა); რძალი მოსალოგინებელი შეგვექმნა და ელისაბედს დავუძახეთო, ყვებოდა ფაშფაშა ქალი. მიუჯდა გვერდით მშობიარეს, უსვამს ხელს მუცელზე, თან ეფერება, რას ეფერება, ენაც კი მოუჩლიქა, ამაზე აღარ იფიქრ, შვილო, აღარ იფიქრო, ვითომ არ ყოფილაო, ეუბნება. ახლავე ყველაფერი სიზმარივით გაივლის, გაისად ამ დროს მოვალ და ანგელოზს ჩაგიგორებ კალთაშიო. გაგვიკვირდა ყველას ეს ნათქვამი, ჰოდა, როცა დაიბადა... არც კი ვიცი, რა ვთქვა, ბავშვს არც კი ჰგავდა, ორი საათიც არ უცოცხლია, მისმა შეხედვამ შემზარა... მაშინ მივხვდით, თუ რატომ ეუბნებოდა ასე. გესმით? ქალებო, ერთი მოუსვა ხელი მშობიარეს მუცელზე და უკვე იცოდა, რაც იყო... ნამდვილი სასწაული ვიხილე. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, სხვას არაფრით დავუჯერებდი.
იქ შეკრებილ ქალებს ეს ამბავი სულაც არ გაკვირვებიათ. ოქროს ხელი აქვს ჩვენს ელისაბედსო, ერთხმად თქვეს. ჯერ მაგას მშობიარე არ შემოკვდომიაო. თვითონ ფაშფაშა ქალი სტუმრად იყო ჩვენს კუთხეში, ჯადოქარი პირველად ენახა.
- ელისაბედის იმედით ვარ, ღმერთმა მაგის თავი მიცოცხლოს, - თქვა შავტუხა, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც წინსაფრის ქვეშ მალავდა წამოზრდილ მუცელს.
- ელისაბედისგან რა უნდა გიკვირდეს, ნამდვილი კუდიანია, - მოისმა ხმა სადღაც კუთხიდან. კარგად ვერ გავარჩიე, ვინ იყო ამის მთქმელი. ქალებმა ამაზეც დაუმოწმეს, ღამღამობით ცოცხზე გადამჯდარი დაფრინავს, ტყეში სულ მარტო დადის და ხეებს ადამიანებივით ელაპარაკებაო, ატყდა ლაპარაკი.
- მაგისთანას ახლოსაც არ უნდა გაეკაროს ადამიანი. - წვრილი ხმით წამოიძახა ვიღაც ცხვირწაწვეტებულმა ქალმა. მას მგონი აქამდე ხმაც არ ამოეღო, თავჩაღუნული არჩევდა პარკს.
- შენ არ იყავი, ბავშვს რომ მიარბენინებდი მასთან? - პირზე დაადგა შავტუხა.
- ეგ იყო და ეგ, მეტად აღარ მივსულვარ.
- არ დაგჭირვებია, ჩემო დაო, თორემ საკუთარ ფეხებს გაასწრებდი.
- გინდა ხეებთან ილაპარაკოს, გინდა ქაჯებთან, რას დავეძებ, მე თუ რაიმეში გამომადგება. - დააზუსტა ფართოსახიანმა ქალმა.
და საერთო შეთანხმებით ქალებმა მოწყალედ დართეს ნება ელისაბედს, ხეებთან კი არადა, თუნდაც ეშმაკების უსტაბაშთან ელაპარაკა, ოღონდ მათი სატკივარისთვის ეწამლა.
მე არასოდეს მინახავს ხეებთან მოლაპარაკე ჯადოქარი, ერთი შემთხვევა კი კარგად მახსოვს: ვიღაცამ ჩამავლო ხელი ზურგიდან შეუმჩნევლად წამოპარულმა. მივიხედე, ჯადოქარი დავინახე, სინათლე კიდევ უფრო შემატებოდა მის ელვარე თვალებს და საითკენღაც მითითებდა; ერთი შეხედე, როგორაა გაოცებული, ეს სად ამოვსულვარო. მეც გავიხედე იქითკენ, საითაც ჯადოქარი მითითებდა და ბებერი, გამოფუღუროვებული ხე დავინახე. ფუღუროში ჭიოტა ყვავილი ამოსულიყო. ჯადოქრის სიტყვების დასტურად, თითქოს მართლა გაოცებით შემომხედა იმ ყვავილმა. გაოცებას თუ ჭვრეტდა, ალბათ ბევრ სხვა რამესაც დაინახავდა მწვანე მცენარეებში ჩვენი ჯადოქარი. ალბათ ხანდახან ეფერებოდა კიდეც მათ, საკუთარ შთაბეჭდილებას ისევ მათ გაუზიარებდა, თუ გვერდით ვინმე არ ჰყავდა მოსაუბრედ. აკი ასედაც იყო, სულ მარტო დადიოდა ტყე-ველად ჩვენი ჯადოქარი, რათა სამკურნალო მცენარეები შეეგროვებინა. ამ დროს შეიძლება ვინმეს მოეკრა მისთვის თვალი, ჰოდა, მეტი არც უნდოდათ.
მგონი ყველაზე კარგად ისევ ჯადოქარს ესმოდა, რა ფასიც ჰქონდა მის საქმიანობას. გუშინდელ ღლაპთან არ დაიწყებდა ამაზე ჩივილს და ლაპარაკს, მაგრამ ერთხელ ისეთ ამბავს შევესწარი, რამაც ცხადად დამანახა მისი გულისტკივილი. დედაჩემმა ნამცხვარი გამატანა მასთან. მალამოს საფასური იყო. თვალს ვერ ვახელდი და როგორ მიშველა, ღმერთმა უშველოსო, დედაჩემი ამბობდა. სახლამდე რომ მივატანე, ჯადოქრის გაავებული ხმა შემომესმა, უჩვეულოდ მაღლი, წყევლა-კრულვით უხვად შეზავებული. მივხვდი, უდროო დროს რომ მომიწია მისვლამ. ვეღარ გავბედე გამოჩენა, ხეს ამოვეფარე და უნებურად თვალ-ყურს ვადევნებდი ჩემს წინ გადაშლილ სურათს. თუმცა არც ისე საინტერესოდ მეჩვენებოდა, რასაც იმ წუთში ვხედავდი. მიწაზე გაფენილ ფარდაგზე ბალახ-ბულახის კონები ელაგა. იქვე იდა ხისგან გამოთლილი ქვიჯა. კეცზე რომელიღაც მცენარის თესლი შრებოდა. - ,,...ისედაც ცეცხლი მიკიდა, წვიმამ არ მომისწროს, თქვენ კიდევ უარესს მიკეთებთ~, - ბობოქრობდა ერთიანად გაალმასებული ჯადოქარი. - ყველა ასე გამოუსადეგარი რანაირად გამიჩნდით, ერთი ბალახის ღერი ვეღარ მოგიტანიათ. რამდენჯერ დაგანახეთ, რამდენჯერ გითხარით, ესაა-მეთქი ლომისპირა ბალახი...
სახლიდან ვიღაცა გამოეპასუხა გარეთ გამოუსვლელად:
- შენ რომ დაგვანახე, ის სულ სხვა იყო, მაგას არ ჰგავდა.
- ჰო, ცოტა შეცვლილია, - მიაყვირა გულმოსულმა ჯადოქარმა, - ცოტა ფერი გაკრთომია, ფოთოლიც უფრო წამახული აქვს. გაიგეთ, ხალხო, მცენარეც ცოცხალი არსებაა. როგორც ადამიანი არაა ყოველთვის ერთნაირი, ისე არც მცენარეა უცვლელი. ხევში და კლდეში ამოსული სხვანაირია, ტყეში კიდევ - სხვანაირი. წლის რომელი დროა, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ამან როგორ უნდა შეგაცდინოს. ამ ხნის ქალი ვცნობ, აღარც თვალი მიჭრის ძველებურად, აღარც მუხლი. ახალგაზრდები რამ დაგაბრმავათ. ვფიქრობდი, ლომისპირას მაინც მომიტანენ-მეთქი. ეგეც ჩემი საძებარი გახდა...
ველოდი ჯადოქრის დაწყნარებას, რათა ჩემი ძღვენი მიმერთმია. ვერა და ვერ დაწყნარდა. ჩანდა, დიდი ხნის დაგროვილმა ჯავრმა ამოხეთქა მაშინ. მის ხელობას ფასი ეკარგებოდა, აღარ აგდებდნენ რამედ. არც საკუთარი ნაშიერი უსმენდა, აღარც სხვა. მთლად მათი ბრალიც არ იყო, დრო შეესწროთ ასეთი. სოფელში ხალხს სატრაბახოდ ჰქონდა, ქალაქში ვიყავი და იქ შლიაპოსანი მეცნიერი კაცი ვნახეო. ასე ეგონათ, იმ შლიაპოსანმა მეცნიერმა ყველაფერი იცოდა ამქვეყნად. მისთვის აღარაფერი იყო დამალული და შეუძლებელი. ბუნდოვანი წარმოდგენა მეცნიერებაზე სულაც არ უშლიდათ ხელს, რომ მისი რიდი და მოწიწება ჰქონოდათ.
აღარ აპირებდა ჯადოქარი გაჩერებას, მეც მომბეზრდა იმ ხის უკან დგომა. უცბად მივირბინე, ნამცხვარი ფარდაგის კიდეზე დავდე და უკანმოუხედავად გავიქეცი, მივრბოდი და ჯადოქრის სიტყვები მიმაცილებდა: მცენარის კი არა, ერთმანეთის ცნობას დაკარგავთ, ასე უგულისყუროდ თუ ივლითო.
მეტნაკლები სიცხადით დგანან ჩემს თვალწინ ჯადოქრის ახლობლები. მისი თანამეცხედრე ყველაზე უფერულია მათგან. რა სახე ჰქონდა, რა საქმიანობას ეწეოდა, ერთიანად ბურუსშია ჩემთვის დანთქმული. ორი ქალი ჰყავდა, ორივე ქვიჯასავით მკვრივი და ჩადგმული. მგონი გამძლეობაც ქვიჯის შესაფერისი უნდა ჰქონოდათ. ორივე სადღაც მოშორებით გათხოვდა. მხოლოდ მაშინ თუ მოაკითხავდნენ დედამისს, როცა რაიმე წამალი დასჭირდებოდათ, ძალზე ყოჩაღი ქალები გამოდგნენ. ისეთი ოჯახები მორთეს, ჩვენს სოფლამდე მოაღწია მათმა ქებამ, მაგრამ მაინც ქვიჯად დარჩნენ ჩემთვის. ორ უგრძნობელ, გულამოღრუტნულ ქვიჯად. ვაჟიშვილი იასონი, თავმომწონე ყმაწვილი გახლდათ. თავზე მაღალი ბოხოხი ეხურა, სწორედ მასზე იყო ნათქვამი, მიწაზე ფეხსაც არ აკარებსო, ლამის საკუთარ ეზოშიც კი ცხენით დაბრძანდებოდა. რძალი, სულით ხორცამდე ბაზრობა დღისთვის დაბადებული. პირველი ის იყო ჩვენს სოფელში, ვინც ჩურჩხელა ძმრიან შაქარწყალში ამოავლო გასაყიდად. შემოიდებდა მხარზე კალათას და ჰერი, გაენთებოდა შარას, ბაზრობაზე სიარული იასონსაც უყვარდა, ოღონდ ისე, გულის გადასაყოლებლად. ერთი ძირი ნიახურიც არ გაუყიდია თავის დღეში, არც თანამეცხედრეს მიხმარებია მძიმე კალათის თრევაში. სწორედ ბაზარში აჰყვა ვიღაც-ვიღაცებს, ქალაქში გაემგზავრა. იქ ორიოდე თვე დაჰყო და ისევ გამოგვეცხადა...
ერთი ნამეხარი მუხა იდგა ჩვენი სოფლის შუაგულში. ისე უცნაურად ჩასდევდა მეხის ნაკვალევი, თითქოს ვიღაცას მისი შუაზე გაჩეხვა უცდიაო. სხვა ვერაფერი დაეკლო მისთვის მეხს, ყოველ გაზაფხულზე ბარაქიანად იმოსებოდა სიმწვანით. სხვა ხეებს თითქოს მოკრძალებით დაეხიათ უკან მის წინაშე და ასე ეულად მდგარი, ძლევამოსილად ტოტებგაბარჯღული, იშვიათი სანახავი იყო. როგორღაც გაგამხნევებდა, ძალას შეგმატებდა მისი ხილვა. მიწასაც უფრო მკვიდრად შეიგრძნობდი ფეხქვეშ. ხალხს თავისებური რიდი და მოწიწება ჰქონდა იმ მუხის, ზეციური ცეცხლი შეხებიაო. ყოველთვის ნახავდი მის ტოტებზე შებმულ ფერად-ფერად ნაჭრებს, მძივებს, ყვავილების გვირგვინებს. ყველაფერი ეს უმეტესად გასათხოვარ გოგოებს ანდა ჩვილი ბავშვის დედებს ეკუთვნოდათ, ვერცერთი ბავშვი გაბედავდა თუნდაც კენჭი ესროლა მუხის ტოტზე შემომჯდარი ჩიტისთვის. ესეც ჩიტის ბუდეს აძლებდა ხელს. მთლიანად ის მუხა პატარა ნაკრძალი იყო.
იმ ნამეხარ მუხას შეუჩნდა ქალაქიდან ახლადჩამოსული იასონი, ეს ცრუმორწმუნეობააო, გაიძახოდა. არ ვიცი, რას მოჰკრა ყური ქალაქში ყოფნისას, რა ჩაუტენეს თავში. თუმცა ცარიელ ადგილას, რასაც გინდა იმას ჩატენი. მგონი თვითონაც არ ესმოდა, რას ამბობდა ან რა უნდოდა. ყური არავინ ათხოვა მისი ენის ჭარტალს. გაბრაზდა ამაზე და ღამით ჩუმად ცეცხლი წაუკიდა მუხას. თვითონვე დაიტრაბახა მერე მასავით თავცარიელ ძმაკაცებთან. ჯერ გული გამოუღრუტნია მუხისთვის, უნდოდა მთელი ხე ერთბაშად აეფეთქებინა ყუმბარასავით. ნაშალს ვაგროვებდი და ვყრიდი, რომ ვერავის შეემჩნიაო. მთელი ორი კვირა უღრღნია ასე მუხის გული, კარგა დიდი ფუღურო გაუკეთებია და ცეცხლი მერე მოუმარჯვებია. შიგნიდან უჩუმრად გაღვივდა ცეცხლი. როცა გამოაღწია და ხალხმაც დაინახა, უკვე შეუძლებელი იყო მისი ჩაქრობა. ხე კვარივით ერთბაშად აბრიალდა, ეს მართლაც აფეთქებას ჰგავდა. მთელი სოფელი მოგროვდა მის ირგვლივ. რაღას უშველიდნენ. ერთი იმასღა ცდილობდნენ, სხვა ხეებსაც არ გადასდებოდა ცეცხლი. ვედროებით მოარბენინებდნენ წყალს და ახლო-მახლო ასხამდნენ. თვალიც ფხიზლად ეჭირათ, თუ სად დაეცემოდა ალმოდებული ტოტი. შორს ისროდა მუხა ნაპერწკლებს და ალმოდებულ ტოტებს.
ახლაც თვალწინ მიდგას ის ალმოდებული მუხა. ძალზე ძლიერად იმოქმედა ჩემს ბავშვურ წარმოსახვაზე. კარგა ხანს უკიდურესად მეშინოდა ცეცხლის. რამდენი იტირა მაშინ რუსუდანმა, ჩემმა დამ. თურმე მასაც შეება მუხის ტოტზე წითელი ნაჭერი. ეშინოდა საწყალს, ბედი დამეწვებაო. დედაჩემი ამშვიდებდა: იმისთანა წუპაკის ხელით დანთებულ ცეცხლს შენს ბედთან რა ხელი აქვს, რომელი ღმერთი მიაქცევსო ყურადღებასო. მაგრამ ვატყობდი, გულში იმასაც ხინჯად ჰქონდა ეს ამბავი. კიდევ კარგი, იმავე შემოდგომაზე ბედნიერად გათხოვდა ჩვენი რუსუდანი, ბავშვიც მშვენიერი, ჯანმრთელი ეყოლა.
საყვედური არავის უთქვამს მაშინ იასონისთვის იმ ჭიაკოკონის მოწყობის თაობაზე, რაზე უნდა ესაყვედურათ, კაცი ცრუმორწმუნეობას ებრძოდა... ზიზღით კი ყველა ერთნაირად არიდებდა პირს. აღარც გაჩერებულა ჩვენს სოფელში, მე დიდი ასპარეზი მელის და აქ ვერ ჩავკვდებიო, ასე უბრძანებია. ისევ გაემგზავრა ქალაქად, იქ ზედსიძედ შევიდა და მეორე წყება ცოლშვილი გაიჩინა, თავისი ერთადერთი გოგო თინია უპატრონოდ დაადგო. მერე მისი აღარაფერი სმენიათ ჩვენს სოფელში. არავინ იცის, რომელ ასპარეზზე გააჩაღა მოღვაწეობა.     
ისევ თინია გამოისკვნა კუდში ჯადოქარმა, როგორც ჩვენს სოფელში იცოდნენ ხოლმე თქმა. თან დაჰყავდა სამკურნალო ბალახ-ბულახის ძებნისას, რათა მათი გამოცნობა ესწავლებინა. რაიმე სხვა საქმისთვის არც იყო მაინცდამაინც გამოსადეგი თინია. ვერც სიმარჯვით დაიკვეხნიდა, ვერც შეხედულებით. ელამი იყო, თვალები აქეთ-იქით გაურბოდნენ. მგრძნობიარე ბუნებისა კი იყო თინია, უყვარდა ლამაზი ყვავილები. მაისის თვეში მუდამ ვარდი ჰქონდა თმაში ჩაბნეული. ტურის ბეწვივით ჟღალი თმა ჰქონდა. ცდა არ დაუკლია თინიას, თვითონაც ჯახირობდა თავისი ჭკუის კვალობაზე. აითვისა ზოგიერთი სამკურნალო ბალახის ცნობა, წამლების ხარშვა. ყველაზე უკეთესად მაინც შელოცვა ისწავლა. საერთოდ, ბოლო დროს უფრო მორწმუნეობისკენ გადაიხარა, უფრო საამისო მიდრეკილება აღმოაჩნდა.
ის დროც დადგა, როცა ბოლომდე უნდა გაეგო ჯადოქრის ხელობის საიდუმლო უკვე ასაკოვან, მოწიფულ ქალიშვილს. ალბათ უმჯობესი იქნებოდა, ჯერ მისი გათხოვებისთვის დაეცადა, მაგრამ მაინცდამაინც არ ჩანდა თინიას გაბედნიერების იმედი, მაჭანკლები არ უმტვრევდნენ ჭიშკარს. გარდა ამისა, თავზე წამომდგარი სიბერის შიშიც ექნებოდა ჯადოქარს. დრო აღარ ჰყოფნიდა, სიცოცხლის მეგზურობა დროზე უნდა გადაელოცა ვინმესთვის. სიცილით კვდებოდნენ მერე ქალები იმ ფათერაკზე, რაც თინიას შეემთხვა. როგორც კი სისხლი დაუნახავს, წასვლია გული და ბრახვანი გაუდენია ძირს. ელისაბედი მშობიარეს ადგა თავზე. ბრახვანის გაგონებისას გადმოაბრიალა თვალები, ხედავს თინია გდია გულწასული.
- მომაშორეთ აქედან ეს ღვთის გლახა. არაფერში უქნია ღმერთს, არც ამ საქმეში ივარგებს.
სტაცეს ქალებმა თინიას ხელი და სასწრაფოდ გაიყვანეს მეორე ოთახში. ასხეს წყალი თავპირზე, მოასულიერეს. ერთი დარბაისელი ქალი დაადგა თავზე უკვე გონმოსულს და დარიგება დაუწყო:
- აბა, რამ შეგაშინა, თინია? სისხლის დანახვამ რანაირად დაგაფრთხო? ყველანი ასე მოვსულვართ ამსოფლად, შენც ასე გაჩნდი...
სწორედ ამ დროს გვერდით ოთახიდან ახალშობილის სხავილი გაისმა.
- აი, ხომ გესმის. მოვა დრო, შენც ასე გააჩენ შვილს და ყველაფერი დაგავიწყდება. - სიცილით უთხრა იმ დარბაისელმა ქალმა.
სანამ ის ქალი ლაპარაკობდა, თინია თავგადაგდებული, თვალდახუჭული იწვა. ბოლო სიტყვებზე გველნაკბენივით წამოიწია, თვალები ფართოდ დააჭყიტა.
- არასოდეს, არასოდეს, არასოდეს... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად წამოიძახა დაზაფრული ხმით. თან ხელებს ასავსავებდა უარის ნიშნად.
შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა თინიამ. თითქოს განგებ, იმ დღეებში მოუვიდა სწორედ მთხოვნელი, თანაც ორი ერთად. ცივი უარი სტკიცა თინიამ ერთსაც და მეორესაც. ბევრი არიგეს ჭკუაზე, უჩიჩინეს, შეაშინეს კიდეც, მაშინ არაფერმა გაჭრა. დედამისმა თმებითაც კი ითრია, რაზედაც თინიამ ცივი ხმით მორთო კივილი და მთელი სოფელი შეყარა.
ამან ის შედეგი გამოიღო საბოლოოდ, რომ თუ აქამდე სამკურნალწამლო ბალახებს მაინც ეძებდა თინია, ახლა იმაზეც აიყარა გული, ათას რამეს მოიმიზეზებდა, ოღონდ როგორმე თავი აერიდებინა და თან არ გაყოლოდა ჯადოქარს ბალახ-ბულახის საძებრად. ახლა უმეტესად ისევ მარტოკას ვხედავდი ჯადოქარს, ოღონდ უკვე ჯოხი ეჭირა ხელში და იმას დააკაკუნებდა. ადამიანთაგან არავინ ამოუდგა მხარში, ისევ მცენარემ გამოუწოდა ხელი, ერთგული მეგობრის ხელივით სანდო და ღონიერი.
ცხოვრება მიდიოდა თავისი გზით და რიგით. ბალღები იბადებოდნენ და იზრდებოდნენ, ხანშიშესულები კიდევ უფრო ბერდებოდნენ. წარბებშუა ღრმა ღარი კიდევ უფრო ღრმავდებოდა ჯადოქრის შუბლზე, იერი უფრო გაუმკაცრდა, უკვე წელშიც მოიხარა. მაინც არ ღალატობდა ერთხელ არჩეულ გზა-კვალს. როცა არ უნდა გამევლო მისი სახლის წინ, სახლის სვეტებზე ყოველთვის ეკიდა ბამბის ძაფით შეკრული ბალახ-ბულახის კონები გასაშრობად. თუმცა იმდენი კი ვერა, როგორც უწინ. დალოცვა კი ძველებურად გულიანი იცოდა, მკაფიო და ჯავარიანი ხმით. ჯადოქრის მაღალ, გულიან ხმას სიბერემ ვერაფერი დააკლო. თათულიც გულიანად დალოცა, როცა პირველად ნახა...
მე და თათული ჩვენს ნისლა ძროხას მივდენით. ნისლა მაკედ იყო, თათული ტირიფის მოქნილ ტოტს უცაცუნებდა ფერდებზე და ისე მიერეკებოდა. მეც ვეხმარებოდი. ერთი უფერული, ჩხინკორა გოგო იყო თათული, როცა პირველად შემოვიდა ჩვენს ოჯახში. სულ თავჩაღუნული დადიოდა, როგორც მორცხვ პატარძალს შეეფერება. ყველას გვიკვირდა, მისი რა უნდა მოსწონებოდა ბესოს, ჩემს უფროს ძმას. თავი მოიკლა, სანამ ცოლად მოიყვანა. შემოდგომამდე აღარ დაიცადა, აპრილის თვეში გავაჩაღეთ ქორწილი, დედაჩემი გულნაკლული დარჩა, მართლა ბრმაა ბედიო, ბუტბუტებდა თავისთვის.
გავიდა სამი თვე და თათული სასწაულებრივად გარდაიქმნა. ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მენახა; თითქოს რაღაცა აინთო მასში და რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი ძალით ასხივებდა ის რაღაცა. უფერული პირისკანი გაუმქრქალდა და თითქოს გამჭვირვალე გაუხდა. თვალებიც საოცრად მეტყველი და შუქიანი გამოუჩნდა. თუმცა თვალები შეიძლება ადრეც ჰქონდა ასე შუქიანი, მაგრამ ვინ შეიწუხებდა თავს მათში ჩასახედად მისი ჩხინკორა ტანისა და უფერული პირისახის დანახვისას. ალბათ ბესომ მოახერხა მათი ხილვა. ქალი გაივსო, გაიბადრა, მისი დანახვისას ჩვენს ეკლესიაში ხატზე გამოსახული ღვთისმშობელი მაგონდებოდა. ოღონდ ჩვენს თათულის ჯანსაღი, ცოცხალი ელფერი ედო სახეზე, ღვთისმშობელს კი სანთლისფერი. - ნიამორივით იმშობიარებ, ნიამორივით, - რიხიანი ხმით შეუძახა ჯადოქარმა თათულის, - შენი ნაშიერიც ნუკრივით ხტუნვა-ხტუნვით აგედევნება.
მადლიერი ღიმილით გაეღიმა თათულის ამ სიტყვების გაგონებაზე. მე მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო თათულის სხივმოსილების მიზეზი.
უცნაური ის იყო, თინია რომ შეეთვისა თათულის. არ ვიცი, ასე რამ მოაჯადოვა. შეიძლება თათულის ქალურმა სილამაზემ, დღითი დღე რომ იფურჩქნებოდა. მისმა მომავალმა დედობამაც მიიზიდა ალბათ. იქნებ ამ სიახლოვით იმის შევსებას ცდილობდა, რაც თვითონ დააკლო ბუნებამ. როგორ შესციცინებდა თვალებში, რა უნდა ენატრა თათულის, რომ თინიას არ ეშოვნა და არ მოერბინინებინა: ეს მჟავეო, ის ხილიო, ზოგი მწიფე, ზოგიც მკვახე. მის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, თუ თათული მადიანად შეჭამდა მის მირთმეულ ხილს. გაფაციცებით შეჰყვრებდა და ლამის ცრემლები ადგებოდა თვალებზე. როგორი მონდომებით ცდილობდა მის გვერდით ყოფნას. სულ ახლომახლო ტრიალებდა. თავკერძა და დიდგულა რომ ყოფილიყო ჩვენი თათული, ალბათ ფეხის ტილოდ გაიხდიდა თინიას. მაგრამ ამდაგვარი არაფერი ყოფილა მის ბუნებაში. უწყინარი და თავმდაბალი  ხასიათისა იყო. ეს სახეზეც ეწერა. მტრედისებური სიმშვიდე გამოკრთოდა მისი სახის ყოველ ხაზში.
თვითონაც რომ გალამაზდა თინია... თითქოს იმასაც მოეფინა ის შუქი, რაც თათულის წიაღიდან ასხივებდა. ახლაღა შევამჩნიე, რა მეტყველი და შუქიანი თვალები ჰქონოდა იმასაც. სახეზე მოფენილმა ჭორფლმა, ადრე ციცრის კვერცხს რომ მაგონებდა, ახლა ყვავილის ფურცლებზე დარჩენილი წინკლები გამახსენდა. ჟღალ თმაში ყოველთვის რომელიმე ყვავილი ებნია.
ერთ დღეს თინია აღარ გამოჩნდა ჩვენთან. გაგვიკვირდა, ხმამაღლაც გამოვთქვით ჩვენი გაკვირვება, მაგრამ არ შევშინებულვართ. ალბათ რაიმე საქმე გამოუჩნდა და მერე ისევ მოგვაკითხავს-თქო, ასე ვიფიქრეთ. მართლაც საღამო ხანს მოირბინა ჩვენთან. ხმის ამოღებაც არ გვაცალა, ისე გვკითხა აჩქარებით:
- ელისაბედი ხომ არ არის თქვენთან?
- არა, ჩვენთან არ არის. რა იყო, მოხდა რაიმე? - მიაყოლა შეკითხვა დედაჩემმა, როცა თინია ამის გაგონებაზე საჩქაროდ გატრიალდა და გაიქცა.
- მგონი რაღაც ამბავი უნდა იყოს, - ჩაილაპარაკა დედაჩემმა. ერთი პირობა დააპირა გადასვლა და ამბის გაგება, მაგრამ ამ დროს მეზობელმა შემოგვძახა, თქვენ ნისლას მიხედეთო. მაშინვე გავიქეცით. ეზოდან ცოტა მოშორებით გვება ნისლა, ამიტომ ვერ გავიგონეთ მისი ბღავილი. თეთრლაქებიანი ხბო დაგვახვედრა ჩვენმა ნისლამ, უკვე ლოკავდა ხაოიანი ენით. ამით გამოწვეულმა სიხარულმა ყველაფერი დაგვავიწყა. ბავშვებმა ხომ ერთი ჟრიამული ავტეხეთ. მაშინვე შევურჩიეთ ხბოს სახელი, ნიშა დავარქვით. შუბლზეც ჰქონდა თეთრი ნიშანი. ხეირიანად არც იყო გამშრალი, ფეხზე რომ წამოდგა. ჯერ კარგა შესამჩნევად უკანკალებდა მუხლები. ერთი-ორჯერ ჩაიჩოქა კიდეც. მაგრამ მალე გამართა ნაბიჯი.
მეორე დღეს მთელ სოფელს მოეფინა ჯადოქრის ამბავი, თურმე რომელიღაცა ბალახის საძებრად წასულა და უკან აღარ მობრუნებულა. მთელი სოფელი გამოეფინა მის საძებრად. სულ გადაჩხრიკეს ახლო-მახლო შემოგარენი ტყე-ღრე, კლდის ნაპრალები, ჯადოქრის სიტყვით, იმ ნაპრალებში იშვიათმა მცენარეებმა იცოდა ამოწვერა. მისი კვალიც კი ვერსად ნახეს. ყველა გაოცებით იჩეჩავდა მხრებს, ასე როგორ გაქრა, რომ ერთი ნაფეხურიც კი არსად დატოვაო.
შერცხვა ჯადოქრის ოჯახი, ერთ მოხუცს ვეღარ მოუარეს. თავჩაღუნულები დადიოდნენ და ისე აცეცებდნენ თვალებს, თითქოს ჯადოქარი სადმე ღობის ძირას შეიძლებოდა ყოფილიყო დამალული. თავს იმართლებდნენ: ,,სულ ვუშლიდით, ნუ დადიხარ იმ ბაალახბულახის საძებრად, ნუ დადიხარ, ჩვენი არა და არ ესმოდა. ამ სიბერეში ჭკუა სულ გამოელია საცოდავს~. ეს ისე ჟღერდა, თითქოს მთელი სიცოცხლე ჭკუანაკლები ყოფილიყო და სიბერეში უარესი დაემართა.
რაღაც წესების შესრულება კი სცადეს პირის მოსაწმენდად, მღვდელს წააკითხეს ლოცვა სულიან-ხორციანად ერთიანად უხილავი მიცვალებულისთვის.
ყველაზე მეტად თინია შეწუხდა ჯადოქრის გამო, ღვთის წინაშე. ისე იყო დარცხვენილი, თითქოს თვითონ ყოფილიყო რაიმეში დამნაშავე. თავი მაღლა ვერ აეწია. რამდენიმე დღე არ გამოჩენილა ჩვენთან. მერე გულმა არ მოუთმინა, მაინც მოირბინა და ველურ არსებასავით დამფრთხალი თვალით შეხედა თათულის. შემდეგშიც ხშირად დამიჭერია თინიას შეშფოთებული და თან უცნაურად მავედრებელი მზერა; ვერ იყო მშვიდად, როცა თათულის შეჰყვერებდა. თათული, როგორც ყოველთვის, ახლაც მტრედივით მშვიდად გამოიყურებოდა, ნაზი, მწყაზარი სახით.
საშემოდგომოდ კიდევ უფრო გაივსო და გასხივოსნდა ჩვენი თათული, სახეც თხუთმეტი დღის მთვარესავით შეევსო. დედაჩემი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, მზეთუნახავი რძალი შემხვდა, ხასიათითაც უწყინარი და დაუზარელიო, თან ლამაზ შვილიშვილსაც უმზადებდა. ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, თათულის შვილიც მასავით ლამაზი უნდა ყოფილიყო. ჩემი უფროსი ძმა ბესო ნეტარი სახით დაბრძანდებოდა. ოჯახის საქმეებზე გული მოიცა. ადრე მიანცდამაინც არაფერზე იწუხებდა თავს, ახლა უქმად მყოფს ძვირად ნახავდი. ხერხს და შალაშინს ხელიდან არ იშორებდა, სულ რაღაცას ჩხირკედელობდა. ჩვენი ოდა-სახლი შეაკეთა, აივანი გააფართოვა, რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი ხელმარჯვე იყო. თავის ღვიძლ შვილს, რუსუდანს არ ევლებოდა დედაჩემი თავზე ისე, როგორც თათულის. სხვისი შვილია, მეტი მორიდება მმართებსო. საერთოდ კი, ისე ირჯებოდა დედაჩემი, როგორც დღესასწაულის მოლოდინში იცოდა ხოლმე, სახლ-კარი და ეზო-ყურე დააკრიალა. სიმინდის ნაქურჩალს ვერ დავაგდებდით ბავშვები სადმე, მაშინვე გამოიძიებდა ვინ დააგდო და მისთვის ადგილს მიგვაჩენინებდა. ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, ჯამ-ჭურჭელი, ყველაფერი გამოამზეურა და გადაახალისა. აკვანიც მოვიძიეთ, სახლის სახურავზე წლობით შენახული. ამ დროს აზრი წამოიჭრა, ახალი ხომ არ შევიძინოთო, მაგრამ ხანმოკლე ბჭობის შემდეგ, ყველანი ამ აკვანში გავზრდილვართ, ბედნიერად დაცდილი აკვანიაო, ისევ ძველი, ნაცადი ვარჩიეთ. გაწმენდით კი ისე გავწმინდეთ, სარკესავით გაჰქონდა ლაპლაპი. ლამაზი, ჭრელი მძივი შევაბით, ბესოს ეყიდა ბაზრობაზე.
ასეთ საამურ, მშვიდ მოლოდინში გაილია შემოდგომა. დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს, ვხედავ, თავისი საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვა ბესომ და სადღაც გაემგზავრა. ორიოდე საათის შემდეგ მობრუნდა, ბებიაქალი ახლდა, მეზობელი სოფლიდან მოეყვანა. ტანმაღალი, ცხვირკეხიანი ქალი იყო. გრძელი შავი კაბა ეცვა. ეზოში რომ გაიარა, ჩვენი შავი ინდაური გამახსენდა, გაფხორილ ფრთებს რომ ჩამოუშვებს და მიწაზე გაახოკიალებს ფეხების მრავალმნიშვნელოვანი ფხაკუნით, თინიაც იქვე ტრიალებდა, გვერდიდან არ შორდებოდა თათულის. ოჯახის დანარჩენი წევრები წინა ოთახში შეგვრეკეს. ზამთარი იყო, გარეთ ხომ არ გავჩერდებოდით.
ფანჯარასთან ვიჯექი. ცაზე დეკემბრის უძალო მზე ენთო. მზე, რომელიც სინათლეს ასხივებს, სითბოს კი ვეღარ. გვერდითა ოთახიდან კანტი-კუნტად მოისმოდა თათულის წამოკივლება. მესმოდა ქალების ხმამაღალი ლაპარაკი. მათში ბებიაქალის ხმა გამოირჩეოდა. ასეთ ამბებს მე უკვე შევესწარი ერთხელ, რუსუდანის მშობიარობისას.
გავიდა დრო, მიიწურა დეკემბრის ხანმოკლე დღე. ლამპა აანთეს და შეიტანეს გვერდითა ოთახში. იქ რაღაც ჩემთვის გაუგებარი ამბები ტრიალებდა. მგონი ყველაფერი ვერ იყო რიგზე. ქალების ლაპარაკი სულ უფრო აღელვებული და შფოთიანი მეჩვენებოდა. ხშირად რაღაცაზე დაობდნენ. მესმოდა კარების ჯახუნი, აჩქარებული ფეხის ხმა. შუაღამემაც მოატანა, მაგრამ იმ შფოთიან ამბავს გვერდითა ოთახში დასასრული არ უჩანდა. რაღაც მეტისმეტად გაგრძელდა, უსაშველოდ და უსასრულოდ გაჭიანურდა, სანამ ბოლოს ნამდვილ ჯოჯოხეთად არ იქცა. ჩემს სიცოცხლეში მგონი ჯერაც არ მსმენია ისეთი ხმა, რაც იმ ღამით გავიგონე იმ კედლის მიღმა. ახლაც კი, ამდენი ხნის გავლის შემდეგ, როცა საკუთარი თვალითაც ბევრჯერ მინახავს, თუ როგორ შეიძლება გარდაქმნას აუტანელმა ტკივილმა ყველაზე სათუთი, ნაზი არსება და რა ხმით აიძულოს ყვირილი, მაინც ვერაფრით დამიკავშირებია ერთმანეთთან თათულის მტრედივით მშვიდი, სათნო იერი და ის საზარელი ხმა, გვერდითა ოთახიდან რომ მოისმოდა. ასე მეგონა, ვიღაცა სხვა ყვიროდა აუტანელი ტკივილისაგან. სულ სხვა, ჩვენთვის სრულიად უცხო არსება, თვალითაც რომ არ გვენახა ოდესმე...
ოთახში ვეღარ ვძლებდი. ათიოდე წუთით თუ გავჩერდებოდი, ისევ გარეთ, ეზოში გავრბოდი. ამ დღეში იყვნენ სხვებიც, ბრმებივით ვაწყდებოდით ერთმანეთს. უმთვარო ღამე იყო, მოწმენდილი. მახსოვს, თვალი რომ შევაჩვიე სიბნელეს და პირველად ავიხედე ზევით რა საოცარი ძალით ბრდღვიალებდნენ ვარსკვლავები ზამთრის ცივ, სარკესავით კრიალა ცაზე. ასე მომეჩვენა, თითქოს ჩვეულებრივზე უფრო დაბლა იყვნენ ჩამოწეულები. თითქოს იმათაც გაეგონათ ის უჩვეულო ხმა და ამბის გასაგებად მოიჩქაროდნენ. იმ წუთში სულაც არ მიმაჩნდა შეუძლებლად, რომ ვარსკვლავებამდე აეღწია იმ არაადამიანური ტანჯვით სავსე ხმას. არც ის ვიცოდი, თუ ასე უსაშველოდ შორს იყვნენ ჩვენგან ვარსკვლავები. ერთი ხომ მაინც ისე ბრწყინავდა, ნამდვილი პატარა მზე გეგონებოდა. ის სამი ვარსკვლავიც ერთ სწორ ხაზზე გამწკრივებულები, სამი მოგვი რომ ჰქვიათ სახელად, მაშინ შევამჩნიე პირველად. გამაოცა მათი ურთიერთდაშორების სიზუსტემ, რა ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან, თითქოს აღლუმზე მიიჩქარიან-მეთქი, ვიფიქრე.
მახსოვს ბესოს უცნაურად გამოთაყვანებული თვალები, ვერაფრით შეკაზმა ცხენი, ვიღაცის მოსაყვანად სჭირდებოდა სასწრაფოდ. ხელები უკანკალებდა. ლამპის შუქით დამფრთხალი ცხენი თავს უკმაყოფილოდ აქნევდა და ფრთხვინავდა. გომურის კედლებზე ლანდები მიმორბოდნენ. გამოართვეს ხელიდან მოსართავი, ჯარა-ექიმი მოიყვანეს საიდანღაც. მერე კიდევ აფრინეს კაცი უფრო შორს. ყველა ისე იყო სახეშეცვლილი, ცნობა მიჭირდა. ალბათ მეც ასე ვიქნებოდი. დედაჩემმა რამდენჯერმე ჩამიარა ცხვირწინ და ვერ მიცნო...
მერე, როგორც იქნა, შემამჩნია დედაჩემმა და მეზობლის ქალს პირდაპირ ხელებში მიუგდო ჩემი თავი. ერთი ეს ბავშვი წაიყვანე და დააძინეო, გამარიდა იმ კეთილმა ქალმა, თავის შვილებთან დამაწვინა. იმათ უკვე ეძინათ. თავი ხეირიანად არც კი დამედო სასთუმალზე, რომ ღრმა და უშფოთველმა ძილმა მიმიტაცა. ხუთი მოსახლის იქით ცხოვრობდა ის მეზობელი, იქამდე ვერ აღწევდა ის საშინელი ხმა.
სამაგიეროდ დილით ადრე, როგორც კი გამოვერკვიე ბურანიდან, მაშინვე გამახსენდა, რა ამბებიც ტრიალებდა ჩვენთან წინა ღამით და თვალები ხელად დავაჭყიტე. საჩქაროდ წამოვხტი. ჯერ ისევ ბნელოდა, ყველას ეძინა. ჩუმად ჩავიცვი და ჩვენი ეზოსკენ გავქანდი.
ჩვენს ეზოში კაციშვილი აღარ ჭაჭანებდა. ყველაფერი მიწყნარებულიყო. ნაცრისფერი ღრუბლების ჯგრო მძიმე ფარდებივით ეკიდა ცაზე. მათ მიღმა მიჩქმალული ლეგა განთიადი უღონო შუქს ჰფენდა იქაურობას. ასეთი უცხო ჯერ არასოდეს მომჩვენებია საკუთარი კარ-მიდამო. ჭიშკარს რომ მივუახლოვდი, იქიდან ვიღაცის შავი ლანდი გამოფართხუნდა და შარაგზას გაენთო. თავი ისე წაეღუნა, თითქოს მიწაში ჩაძრომას ლამობსო. კინაღამ შევყვირე შიშისგან და უცბად ვიცანი: ბებიაქალი იყო.
ალბათ ყველაფერი დამთავრდა, გავიფიქრე შვებით. ფეხაკრეფით შევედი წინა ოთახში, არც იქ აღმოჩნდა ვინმე. ორიოდე წამს დავიცადე და იმ ოთახის კარი შევაღე, სადაც თათული უნდა ყოფილიყო. რუსუდანმაც ღამით იმშობიარა, დილით შევედი სანახავად. თვითონ რუსუდანს მშვიდად ეძინა... ნაჭრებში გამოხვეული ახალშობილი გვერდით ეწვა. მე იგი პირველად მუთაქა მეგონა.
ოთახში ისეთი ქაოსი სუფევდა, გამიჭირდა რაიმეს გარჩევა. ხუთიოდე წამს მაინც ვაცეცე თვალები, სანამ თათულის დავინახავდი. თვალდახუჭული იწვა, ჩემსკენ სახემობრუნებული. ეს უკვე სულ სხვა თათული იყო. ერთიანად გამქრალიყო ის ჯანსაღი ელფერი, რაც ადრე ჰყვაოდა მის სახეზე. მისი ადგილი სანთლისფერს დაეჭირა. თვალები ჩამუქებული ჰქონდა. და ეს სიმშვიდეც, ახლა რომ ეფინა სახეზე, სულ სხვა სიმშვიდე იყო, არც ის ჰგავდა წინანდელს. ახლა უკვე ძალიან ჰგავდა ჩვენი თათული მარიამ ღვთისმშობელს. ახალშობილს თვალით დავუწყე ძებნა, მაგრამ არსად ჩანდა. მის ნაცვლად სულ სხვა რაღაც დავინახე, შაქრის თაგვივით თეთრი და წოწოლა, ბოლოში მოგლუვებული და წაფერდებული, სისხლით მოსვრილ ძონძებს შუა ქათქათებდა. ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო. უცბად ვხედავ, შეთრთოლდა და წაფერდებული შაქრის თავი, ცოცხალ არსებასავით შეძიგძიგდა და ერთ მხარეს გამოიბურცა. მაშინვე იმ ძონძების გროვიდან სისხლში ამოსვრილი ხელები გამოცოცდნენ და იმ შაქრის თავს მიეფერნენ, ზელვა დაუწყეს. თვალი გავაყოლე ხელებს და თინიას ჟღალი თმა დავინახე. სოფელში ხალხი გულმტკივნეულად ყვებოდა მერე, დედა უკვე აღარ იყო ამსოფლის, ბავშვი კი ისევ ფართხალებდა მუცელში, დაბადება უნდოდაო. იმის ყურებას ვერავინ გაუძლო, ყველა მიმოიფანტა. თინია ერთი წამითაც არ მოშორებია, მუცელს უზელდა თათულის, სანამ ბავშვმა საბოლოოდ არ შეწყვიტა ფართხალი.
თინიას ხელებმა მიმახვედრეს, რა უნდა ყოფილიყო ის რაღაცა, ასე გაოცებით რომ შევყურებდი. ადვილი წარმოსადგენია, როგორ იმოქმედებდა ბავშვზე ამის შეცნობა. მაშინვე გამოვტრიალდი და სადღაც უმისამართოდ გავიქეცი. დედაჩემი შემომხვდა ეზოში და რაღაცა მომაძახა. უკან არც მომიხედავს, კისრისტეხით გავრბოდი და მგონი არც მესმოდა რაიმე, ვერც ვერაფერს ვხედავდი. ასე ვირბინე, სანამ უღელში შებმული დაღლილი ხარივით არ დავიწყე ქშენა.
როცა შევჩერდი, სოფლის გარეთ ტყისპირას აღმოვაჩინე ჩემი თავი. ზამთრის ძილში ჩაფლული, ტანგაშიშვლებული ხეები მდუმარედ შემომეჯარნენ ირგვლივ. კუნძზე ჩამოვჯექი. ვისვენებდი და ხანდახან თავს ღონივრად გავქნევდი ხოლმე სახლიდან გამოყოილი კოშმარული ზმანების მოსაცილებლად. გულისრევის მსგავსი გრძნობა ჟამიდანჟამს მაწვებოდა კისერში.
ნელ-ნელა დავწყნარდი, გულისრევამაც გამიარა. ირგვლივ უფრო ყურადღებით მიმოვიხედე... და პირველად მაშინ გავიგონე ხეთა დუმილი. მაშინ ვიფიქრე, რა უმოწყალოდ ჩუმად არიან-მეთქი. იქნებ, რაიმე ეთქვათ, ლაპარაკი რომ შესძლებოდათ. ანდა, უფრო სწორად, მე არ შემეძლო მათი მოსმენა, ჯადოქარს შეეძლო. ახლა აქ რომ ყოფილიყო, ალბათ დაელაპარაკებოდა ამ მდუმარე ხეებს. ვინ იცის, იქნებ ამ წუთშიც დააბიჯებს სადმე მწვანე ბილიკზე, თავისებურად კოპებშეკრული. ჯადოქარი ხომ არავის უნახავს მკვდარი, მიწა არავის მიუყრია მისთვის...
ამ ფიქრებში გართულს, ერთი ტოტებდაშვერილი ხე მომხვდა თვალში, ჯადოქრის პირისკანს მიუგავდა მოგლუვებული ქერქი. ჯერ ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე, ხომ არავინ მიყურებს-მეთქი, მერე იმ ხეს ხელი ფრთხილად მოვუცაცუნე მოგლუვებულნაოჭიან ქერქზე და ხმადაბლა შევეხვეწე:
,,უშველე ჩვენს თათულის, უშველე...~

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები