ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2014


ნივთი, რომელიც ნდობას იწვევს



გვიან ღამით, მაღლივი კორპუსის მტვრიან სადარბაზოში შუახნის კაცმა შეაბიჯა. იგი იმდენად უბრალო, ჩვეულებრივი შესახედაობის გახლდათ, რისი აღწერაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ჭირს. ერთადერთი, ჭაღარა თმა თუ მოგხვდებოდათ თვალში, კისერზე ბარაქიანად ჩამოშლილი... ხელში ხის მომცრო სახელოსნო ყუთი ეჭირა ხისსავე სახელურით. ლიფტისკენ არც კი გაუხედავს, ისე შეუყვა ვიწრო, დაქანებულ კიბეს. რამდენადაც დაბლა სართულის მცხოვრებნი ლიფტით იშვიათად სარგებლობენ, ამიტომ ისიც შეიძლებოდა მეორე, მესამე ან მეოთხე სართულის მცხოვრებად ჩაგვეთვალა, შეიძლება მეხუთესიც.
შუახნის კაცმა დინჯად აათავა ყველა ჩამოთვლილი სართული. მეექვსეც მიაყოლა, მეშვიდეც, მერვეც და მეცხრეზე შეჩერდა.
უჩვეულო არც ამ სანახაობაში ყოფილა რაიმე. ქალაქის მცხოვრებნი, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, არც ისე იშვიათად ამბობენ უარს ლიფტით სარგებლობაზე, ფეხით ამჯობინებენ კიბეზე ასვლას. ფიზიკური ვარჯიშის ერთერთი ძალზე აქტიური სახეა კიბეებზე სიარული.
როგორც კი ჭაღარამ მეცხრე სართულის ბოლო საფეხურზე შედგა ფეხი, ლიფტიც, თითქოს საგანგებოდ, იმავე სართულზე შეჩერდა. იქიდან დაახლოებით მისივე ხნის კაცი გამოვიდა. ცხადია, იგი უფრო გვიან შევიდა სადარბაზოში, ლიფტის წყალობით დაეწია პირველს, დაასწრო კიდეც. უკვე თავისი ბინის კართან იყო მისული და მის გასაღებად ჯახირობდა, როდესაც ფეხით ასულმა კიბის მოედანზე შეაბიჯა და გამარჯობა, მეზობელოო, უთხრა.
- თარხანს გაუმარჯოს! - მხარიღლივ დაუბრუნა მან და ღია კარში საჩქაროდ მიიმალა. არც ეს საპასუხო სალამი იყო რაიმეთი ღირსშესანიშნავი. ჩვეულებრივი, ნელთბილი სალამი გახლდათ, რომელიც, გინდა თუ არ გინდა, უნდა გაიმეტო გზად შემხვედრისათვის.
ჭაღარა კაცმა, რომელსაც თარხანი უწოდეს, ორიოდე წუთით სული მოითქვა. შუახნის კაცისთვის მეცხრე სართულზე შეუსვენებლად ასვლა არც ისე სახუმარო საქმეა. დინჯად მიუახლოვდა საკუთარი ბინის კარს. ძირს დაფენილ ტილოზე საგულდაგულოდ გაიწმინდა ფეხები, კარგი გააღო და შევიდა...
აქ კი, რომელიც გნებავთ გარეშე მაყურებელი, დიდი თუ პატარა, ქალაქის თუ სოფლის მცხოვრები, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, საცხოვრებელი ადგილისა და ა.შ. და ა. შ., ყველა შენიშნავდა ერთ უჩვეულო ამბავს: შუახნის კაცმა ისე გააღო თავისი ბინის კარი, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში გასასვლელ კარს გააღებს ხოლმე ადამიანი თვით საიმედოდ დაკეტილი ბინის შიგნით. გააღო სრულიად არხეინად, ხელისკვრით, გასაღებები არ უძებნია ჯიბეებში და არც საკეტის გაღებაზე უჯახირია. ბინაში შესვლა ხომ წარმოუდგენელია მსგავსი სურათის გარეშე: ჯერ ჯიბეების მოჩხრეკა გასაღებების მოსაძებნად. სხვადასხვა მიზეზის გამო ეს პროცესი შეიძლება ძალიან გაჭიანურდეს. შეიძლება ყველა ჯიბის გადმობრუნება დაგვჭირდეს, ანდა პატარა ხელჩანთის ძირისძირობამდე ამოქექვა გახდეს საჭირო, მთელი შიგთავსის გადმოყრა და გაჩიჩქვნა. მერე თვით საკეტის გასაღებად ჯახირი, რასაც გულიანი ,,ლოცვა-კურთხევაც~ შეიძლება მოჰყვეს.
ბინა ადამიანებით სავსე დახვდა თარხანს. ხის სკამებზე ჩამორიგებულიყვნენ მრგვალი მაგიდის ირგვლივ, ყველა მათგანს ეძინა, ზოგი იდაყვს დაყრდნობოდა, ზოგსაც გვერდზე გადაეგდო კისერი. მოშვებული, უაზრო სახეები ჰქონდათ. იქაურობა ფშვინვის, ხვრინვის, ქსუტუნის და ძილისმიერი უაზრო ლუღლუის ხმებს აევსო.
თარხანმა გვერდზე მიდგა სახელოსნო იარაღებით სავსე ხის ყუთი, წელში გაიმართა და იქაურობას გაოცებული მზერა მოავლო.
- კაცმა რომ თქვას, საკმაოდ გვიანია. - ჩაილაპარაკა თავისთვის. - მაგრამ ასე ერთნაირად როგორ დაეცა ძილქუში ყველას. ჰეი, უცხვიროვ, გაიღვიძე.
ამ სიტყვებთან ერთად ხელი მხარზე მსუბუქად ჩამოარტყა ერთ-ერთ მათგანს. მან გაუგებრად ჩაიბურტყუნა და თავი მეორე მხარეს გადააგდო.
თარხანი შეეშვა, მის მეზობელს მიუბრუნდა, ერთიანად თეთრთმიანს. უფრო ხმამაღლა შეეხმიანა მას თარხანი, თან ენერგიულად უბიძგა:
- თვალი გაახილე, ყაჭილა!
ყაჭილა არც კი შერხეულა, ბარაქიანი ამოხვრინვა დაუბრუნა პასუხად.
თარხმანმა მხრები გაოცებით აიჩეჩა და მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლა.
- შენც დაგეძინა, ღამურავ?
- ჰა, რომელი ხარ, - თვალი ჭყიტა ღამურამ და თარხანს მიაჩერდა.
- მე ვარ, თარხანი. კაცმა რომ გკითხოს, ღამღამობით არასოდეს არ მძინავსო, ჩემისთანა ღამის დარაჯი სანთლით საძებარიაო. ახლა რაღამ დაგაძინა, ნეტავი ვიცოდე...
თარხანმა ლაპარაკი შეწყვიტა, შენიშნა, რომ ღამურას თვალღია ეძინა.
ორიოდე წამს ჩუმად უყურა თარხანმა ღამურას, მერე ისევ ოთახს მოავლო მზერა, თან ხმამაღლა დასჭექა:
- რა დაგემართათ, თქვე უჯიშოებო! ახლავე გაიღვიძეთ ყველამ, გესმით თუ არა?
ამ დაძახილთან ერთად ორივე ხელი ჩაავლო ერთ-ერთ მძინარეს, ზღარბივით თმააბურძგნულს და ნჯღრევა დაუწყო. არც ამ ენერგიულ მცდელობას მოჰყოლია სასურველი შედეგი. თმაგაბურძგნული სკამიდან ფუთასავით გადავარდა და იატაკზე გააგრძელა ძილი.
თარხანს არც კი დაუხედავს ძირს, არც ცარიელ სკამზე დაჯდა. გესმით თუ არა?
დაბნეული ათვალიერებდა იქაურობას, ვერაღერი ვერ გაეგო. ბოლოს მაგიდაზე დადებული ბოთლი დასუნა, რაიმე საეჭვო ხომ არ დალიესო. არა, ბოთლს რაიმე განსაკუთრებული სუნი არ ასდიოდა. ირგვლივ კი ისეთი ძილქუში დასცემოდა ყველას, თითქოს ან რაღაც შხამი დაელიათ, ანდა თვით ძილის ანგელოზი დაუფლებოდათ. ეს იმ დროს, როცა თარხანს ძალიან უნდოდა მათთან მუსაიფით გული ეჯერებინა, ენა მოეფხანა. თავისი ბოლოდროინდელი კლიენტი უნდოდა გაეჭორა. იმ კლიენტს ,,ზოლიანი პიჟამო~ შეარქვა თარხანმა. ასეთი ჩვეულება ჰქონდა, ყველასთვის რაიმე მეტსახელი უნდა მიეკერებინა. თავიდანვე არ მოეწონა თარხანს ,,ზოლიანი პიჟამო~. ,,ნამდვილი ლეშია, კაცი კი არა. - ენაზე ჰქონდა ეს სიტყვები მომდგარი და ვერავისთვის ვერ ეთქვა. - ისე როგორ უნდა წახდე ადამიანი, რომ ერთი ხელის დადება ფანერის ნაჭერი ვეღარ გამოთალო. მისი ცოლი ხახვის აცმას ჰკიდებს აივანზე, ჰოდა, წვიმისგან რომ არ დაუსველდეს, პატარა საფარი გამაკეთებინა. ერთი მითხარით, იმის გაკეთებას რა უნდოდა! ხელოსანს როგორ დავუძახებდი იმის გულისთვის. აქაოდა, სამსახურში ვმუშაობ და ფულს ვაკეთებო, ამის გამო ხელი აღარაფერს უნდა ახლო? ეგეც არ იყოს, ერთმა ღმერთმა იცის, რა საქმეა ის საქმე, რასაც ეგ სამსახურში აკეთებს. ამ ხალხმა, ეტყობა, არ იცის ძველი ანდაზა: ვისი ხელიც ხელს და მიწას ეხება, ცოდვების ნახევარი ეხსნება. ხანდახან მაინც რაღაცას უნდა შენი ხელით აკეთებდე, თორემ დაუმარხავი მკვდარი ხარ და ეგ არის...~
უკანვე ჩააბრუნა ენაზე მომდგარი ეს სიტყვები თარხანმა. საამდროოდ დაღლილობამაც თავი შეახსენა. ერთი გამოძინება არც მე მაწყენსო. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახის ერთ-ერთ კუთხეს მიაშურა, სადაც ყვავილებით მოჩითული ფარდა იყო ჩამოფარებული.
ხელით ფრთხილად გადასწია თარხანმა ყვავილებით მოჩითული ფარდა. გადასწია და ასევე გაშეშდა, უკიდურესი გაოცება გამოეხატა სახეზე...
როგორც ამ მოთხრობის დასაწყისში აღვნიშნეთ, სრულიად ჩვეულებრივი შესახედაობის გახლდათ ჭაღარა თარხანი. მის გარეგნობაში რაიმეს გამორჩეულს ვერ აღმოაჩენდით, ბევრიც რომ გეთვალიერებინათ და გეკირკიმალათ. მხოლოდ ერთი უცნაური, მართლაცდა არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა დაბადებიდანვე თანდაყოლილი: მისი ხელის შეხებისგან რკინა იღუნებოდა, ანდა სულაც იმსხვრეოდა. თვითონ როდი ცდილობდა ამას შეგნებულად. არა, ეს უჩვეულო მოვლენა მისი ნების გარეშე ხდებოდა, თავისთავად. მოჰკიდებდა თუ არა ხელს, ნებისმიერი საგანი, რომელიც რკინისგან იყო დამზადებული, ანდა რომელიმე ლითონისგან, მაშინვე ან გაიღუნებოდა, ანდა შუაში გადატყდებოდა. თარხანის ხელის მიკარებისთანავე მწყობრიდან გამოდიოდნენ ელექტროხელსაწყოები, გამოთვლელი მანქანები თუ ათასგვარი რკინის საეშმაკო მოწყობილობები. რომელიმე სხვა ეპოქაში, ვთქვათ, ქვის ხანაში რომ დაბადებულიყო თარხანი, მისი ასეთი იშვიათი უნარი არავითარ ხათაბალას არ შეჰყრიდა, საერთოდ შეუმჩნეველიც დარჩებოდა ყველასთვის, მათ შორის თვითონ მისთვისაც. მაგრამ რკინის საუკუნეში დაბადებულ ადამიანს ეს თვისება არავითარ შემთხვევაში არ ჩაუვლის შეუმჩნევლად. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ჩაეფშვნა ხელში ბოქლომი, როცა კარის დაკეტვა სცადა, რამდენჯერ გადაუტყდა ხელში ჩანგალი ჭამის დროს, რამდენჯერ გაეჩხირა ლიფტში და მერე იქიდან ცოცხალ-მკვდარი ძლივს გამოიყვანეს. ვიღაც-ვიღაცები დაინტერესდნენ თარხანის არაჩვეულებრივი ფენომენალური უნარით. ზოგი მეცნიერი, ზოგი პარაფსიქოლოგი, ზოგიც მსახიობ-გასტროლიორი. ამ სასწაულებრივი მოვლენის ძირისძირობამდე გამოკვლევა, შესწავლა და მერე კეთილი მიზნებით გამოყენება მოინდომეს. ათასნაირ უცნაურ აპარატურას შემოუყწობდნენ ხოლმე ირგვლივ, თავზე და ხელებზე ყოველნაირი ფერის მავთულებს და სპირალებს ახვედნენ. თარხანი ხალისით ემორჩილებოდა, ფიქრობდა, იქნებ მეც შევიტანო რაიმე წვილი მეცნიერების განვითარებაშიო. ამას გარდა, თვითონაც აინტერესებდა საკუთარი სასწაულებრივი უნარის ბუნება, რომლის შესახებ მანაც ზუსტად იმდენივე იცოდა, რამდენიც მის გარშემო მყოფებმა. არც მასობრივ სცენებზე და საჯარო ექსპერიმენტებზე უთქვამს უარი, სასწაულმოქმედის სახით გამოდიოდა ხოლმე, აფიშებზე ზუსტად ასე ეწერა. ამ გამოსვლებში ჰონორარსაც უხდიდნენ, რაც თავისუფლად ჰყოფნიდა საჭმელისთვის, ტანსაცმელზე ზრუნვა კი, სულერთია, არ სჭირდებოდა თარხანს: მსახიობები ზრუნავდნენ მის მაგივრად, სცენაზე გამოსლვის წინ ნაირნაირ ჭრელაჭრულა ნაჭრებში გაახვევდნენ, რომლებშიც საკუთარ თავს ძლივსღა სცნობდა. მეცნიერებიც და მსახიობებიც, მომავლისთვის ყველა ერთხმად პირდებოდა გამდიდრებას და სახელის განთქმას. საერთოდ, მომთმენი კაცი იყო თარხანი. ბევრ რამეს იტანდა, რაც ასეთმა დაულაგებელმა, უწესრიგო ცხოვრებამ მოიტანა თავისთავად. ითმენდა იმ ყოვლად უცნაურ აპარატურას, გამუდმებით ირგვლივ რომ ეხვია. სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდა მკაცსახიანი მეცნიერების მითითებებს, რაც არ უნდა უაზრი და უცნაური სჩვენებოდა. ყურადღებით უსმენდა ნაირნაირ სულელურ თუ ჭკვიანურ შეკითხვებს და მთელი მონდომებით ცდილობდა მათზე ნათელი, ამომწურავი პასუხის გაცემას. ითმენდა, როცა ყოვლად საეჭვო სუბიექტები დაუწყებდნენ ჩხრეკას. ძირისძირობამდე გაქექავდნენ, სხეულის არცერთ კუნჭულს არ უტოვებდნენ შეუმოწმებელს, ხომ არ თაღლითობსო. ერთი-ორჯერ ზონდიც კი გადააყლაპეს, იმის გამოსარკვევად, კუჭში ხომ არ ჰქონდა რაიმე საიდუმლო გენერატორი. რენტგენზე იმდენჯერ გადაუღეს სურათი, უკვე შიშობდა, დასხივება არ მიეღო. იმასაც მოთმინებით იტანდა, როცა ვინმე ჭკუამხიარული წინასწარ გათვალისწინებელ ცდებს უწყობდა მოულოდნელი ეფექტის მისაღებად. ყველაფერს განგებ აურევ-დაურევდნენ ხოლმე. სულმთლიანად შეცვლიდნენ გამოსვლის პროგრამას, რათა მისი თაღლითობა გამოეაშკარავებინათ... წლების მანძილზე ითმენდა ყველაფერ ამას თარხანი, ითმენდა მეცნიერებისთვის ახალი ჰორიზონტების გახსნის და ადამიანებისთვის სიკეთის მოტანის სახელით... კარგად იცოდა, რომ უმსხვერპლოდ არაფერი არ მოდის, მეცნიერებას ზოგიერთები სიცოცხლესაც სწირავენ, თარხანს რომ ოჯახური მყუდროება შეეწირა მისთვის, ამით ბევრი არაფერი დაშავდებოდა. თუმცა ყოველივეს თავისი საზღვარი აქვს და მისი მოთმინებაც წვეთწვეთობით ილეოდა, სულ უფრო და უფრო აღიზიანებდა ის გაუთავებელი ექსპერიმენტები, რომლებსაც მან თავი და ბოლო ვერასოდეს გაუგო. აღიზიანებდა დაუსრულებელი გამოკითხვები, მეცნიერთა სამსაათიანი გამოსვლები. დღეს რომ ერთი ამას ამბობდა, სხვა დროს მეორე სულ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და ორივე, როგორც ეჭვმიუტანელ ფაქტს, თარხანის ფენომენალურ უნარს ასახელებდა ერთხმად.
ბოლოს, როცა ერთ-ერთი წარმოდგენის დროს სასწაულით გადაურჩა უეჭველ სიკვდილს (ვიღაც ჭკუამხიარულს საცდელ აპარატში მაღალი ძაბვის დენი ჩაერთო, აბა, რა მოხდებაო, კიდევ კარგი, სადენები გადაიწვა. დარეტიანებული სასწაულმოქმედი მაყურებლებით სავსე დარბაზის წინ დაებერტყა სცენაზე), თარხანმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი ყოველგვარ საჯარო გამოსვლებსა და ექსპერიმენტებზე. ჯერ კიდევ საავადმყოფოში მყოფმა საზეიმოდ მისცა ფიცი თავის თავს. ეს მოხდა შუაღამისას, როცა მთელ პალატას ეძინა. მწოლიარე თარხანმა მაღლა აღმართა ბანდით შეხვეული, დამწვარი ხელები, და ხმადაბლა მიმართა პალატის ღამის სიბნელეს, ანუ მთელ კაცობრიობას მისი სახით: ,,მენ შენთვის არ მენანებოდა ჩემი სასწაული, - ასე დაიწყო თარხანმა თავისი მონოლოგი, - მაგრამ ძალზე უკეთური არსება აღმოჩნდი. შენ თურმე არავითარი სასწაული არ გჭირდება, არაფერი არ გაინტერესებს საკუთარი სტომაქის ამოყორვის და გართობის გარდა. რაღაც უჩვეულო უნარი გაქვს, რომ ყველაფერი გაამასხარავო, არარად აქციო, ზედ მიაფურთხო. არაფერს არ ინდობ, ყველაფერი ტალახში უნდა ამოსვარო, თუნდაც ყველაზე ამაღლებული და წმინდა. თვით ყველაზე უწყინარი სათამაშოც კი შენს ხელში ჯოჯოხეთის მანქანად იქცევა, რადგან შენ თვითონ ,,ჯოჯოხეთის ქმნილება ხარ, ამიტომაც ვეღარაფერს ეღირსები ჩემგან...~
- ჩუმად, თორემ მიგაბრძანებთ აქედან, - დაჰკივლა თავზე ვიღაცამ.
თურმე თავისდა უნებურად, მეტისმეტი სიცხარისგან ხმას აუწია თარხანმა. ხმადაბლა დაიწყო და ჭექა-ქუხილივით დაამთავრა. თვით საღათას ძილით ჩაძინებული მორიგე ექთანიც კი გააღვიძა. თარხანმა თავი მოიმძინარა, ვითომ მაბოდებსო. ექთანმაც ასე ირწმუნა და ცოტა ხნის შემდეგ გაშორდა. მით უმეტეს, ვერაფერი ვერ გაიგო თარხანის აბდაუბდა ლაპარაკისგან.
ის იყო და ის, თარხანს ერთხელაც აღარ გაუხედავს არც მეცნიერებისკენ, არც პარაფსიქოლოგებისკენ და არც იმ კოხტაპრუწა არტისტებისკენ, არც სიმდიდრე მინდა, არც სახელი და დიდებაო. საჩქაროდ გადაცვალა ბინა. ფართობში ერთი-ორად წააგო, მაგრამ ამაზე არ უდარდია, არც განსხვავება აუღია, ოღონდ ყველაფერი სწრაფად მოხერხებულიყო და არავის არაფერი გაეგო. სახელიც მაშინ გამოიცვალა, თარხანი დაირქვა. მის აფიშებზე სულ სხვა სახელი ჰქუხდა სასწაულმოქმედის ზედწოდებით, მაგრამ რადგანაც ადრინდელი სახელი ერთ-ერთი იმგვარი თოფია, რომელიც არასოდეს არ გაისვრის, ამიტომ მისი მოხსნიებაც არაა საჭირო.
ასე ერთბაშად, ერთი ხელის დაკვრით შეცვალა თარხანმა თავისი ცხოვრების ნირი, მაგრამ თავის სასწაულმოქმედ უნარს ვერაფერი მოუხერხა. აქ რაიმეს შეცვლა, როგორც საბოლოოდ დარწმუნდა, არ შეეძლო, თუმცა კი ბევრს ეცადა. ხან ხელთათმანები გაიკეთა, ხან ათასნაირი მალამოებით დაიზილა ხელები. მაინც არაფერმა უშველა. მისი ხელის შეხებისას ძველებურად იღუნებოდნენ ან მთლიანად იმსხვრეოდნენ რკინის საგნები და ხელსაწყოები. ხელში ეფშვნებოდა ბოქლომები. თარხანიც ყოველნაირად ცდილობდა, ახლოს არ გაკარებოდა ლითონის საგნებს თუ ხელსაწყოებს. ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთა ლიფტით სარგებლობა. ფეხით დაბრძანდებოდა მეცხრე სართულამდე. ლითონისგან დამზადებულ დანა-ჩანგალს თუ კოვზს ჭირივით უფრთხოდა, თვითონვე გამოთალა ხისგან ერთი ბარაქიანი კოვზი. ხის მასალა არ იფშვნებოდა თარხანის ხელის შეხებისგან. თარხმანმაც ნელ-ნელა, დღეს-ხვალეობით მიჰყო ხელი ხის დამუშავებას. არც კი შეუმჩნევია, ისე გაიწაფა ამ საქმეში. არცერთ დურგალს ტოლს არ დაუდებდა. სადურგლო იარაღები, მართალია, რკინისა იყო, მაგრამ უმეტესობას ხის ტარი ჰქონდა, ანდა თუ მაინც გაიღუნებოდა რომელიმე მათგანი, არც მისი გასწორება წარმოადგენდა დიდ სიძნელეს, რაიმე კატასტროფა აქ გამორიცხული იყო, რამდენადაც მეტად მარტივი კონსტრუქცია ჰქონდათ.
მხოლოდ საკეტებს ვერ მოუხერხა თარხანმა ვერაფერი; ბევრი კი ეძება, იქნებ ერთი ისეთი შემხვდეს, ხელში არ ჩამეფშვნასო. ამგვარად, მისი ბინის კარი მუდამ ღია იყო, დღისით თუ ღამით, თარხანი სულ უბრალოდ, ხელის კვრით აღებდა, როცა სამუშაოდან ბრუნდებოდა. ასევე არხეინად აღებდნენ მას სხვები. მაინცდამაინც ძვირფასი ნივთები თარხანს არასოდეს ჰქონდა. თუ რაიმე ჰქონდა, ისიც თვალსა და ხელს უშა გაჰქრა. თარხანმაც მოისვენა, აღარ დაეძებდა საკეტებს. ბოლოს კმაყოფილიც კი დარჩა. ბინაში მოსაპარავი აღარაფერი იყო და დაკეტვაც არ სჭირდებოდა.
ცნობილია, რომ წეს-ჩვეულებებს გარემოებანი ქმნიან. თარხანი ძალაუნებურად შეეჩვია ზედმეტად უბრალო, უპრეტენზიო ცხოვრებას, რაც ამგვარმა პირობებმა თავისთავად მოიტანა. ოღონდ საჭმელ-სასმელი ჰქონოდა, მეტს აღარ დაგიდევდათ. არც ნაცნობ-მეგობრების სიახლოვე აკლდა. ეს ფაქტი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: თარხანს ოდნავადაც არ აწუხებდა მარტოობა, ამას კი დღეისდღეობით ბევრი ვერ დაიკვეხნის, თუნდაც ბედის ნამდვილი ნებიერი. ირგვლივ მუდამ სულზე უტკბესი ძმაკაცები ეხვივნენ, რომლებიც მისთვის თვით სულსაც არ დაიშურებდნენ, ერთი პატარა ბანი ან მოძახილი რა სათქმელია... თარხანს წაღიღინება უყვარდა ხოლმე და ძმაკაცებისგან ხმის შეწყობას მოითხოვდა; საკმარისი იყო, რა მძიმე ჭაპანიც გასწია მეცნიერული მოღვაწეობის დროს, მის სანაცვლოდ აწი გუნებიერად და მოლხენილად უნდოდა ცხოვრება. ვინ მოსთვლის, რამდენი სასიამოვნო საღამო გაუტარებიათ ამ პატარა ოთახში თარხანს და მის მეგობრებს. აქ თავს ყველა ძალიან მყუდროდ გრძნობდა, იმისდა მიუხედავად, თვითონ მასპინძელი იყო შინ თუ არა. შემოუსხდებოდნენ მრგვალ მაგიდას, გაიხსენებდნენ აქეთურ-იქითურს, გულს გადაუშლიდნენ ერთმანეთს. თუ ვინმე ახალი გამოერეოდათ, მაშინ იმას ეცნობოდნენ, თავგადასავალს აამბობინებდნენ. რამდენჯერ გახმიანებულა ამ ოთახის კედლებში რაიმე გულისშემძვრელი ისტორია, ისეთნაირად ჩახლართულ-ჩახვეული, რასაც ვერცერთი მწერალი-ფანტაზიორი ვერ მოიფიქრებდა, თუნდაც მთელი თავისი სულიერი ძალები ჩაექსოვა მასში. ანდა რამედნი ხუმრობა ან ნაკვესი დაკარგულა ტყუილუბრალოდ, ბუხარში გადაყრილი ძვირფასი თვლებივით. თუ საჭირო იყო, რჩევა-დარიგებაც ეხერხებოდათ. ერთ-ერთ ამდაგვარ საღამოს ურჩიეს უცხვიროს, რომელსაც მეტსმეტად გრძელი ცხვირი ჰქონდა და ამას მტკივნეულად განიცდიდა, ხელი აეღო პლასტიკურ ოპერაციაზე და სპეციალური ფხვნილი ეხმარა, რაც მის ცხვირს ერთი-ორად დააპატარავებდა. უცხვირომ ყურად იღო მათი რჩევა, წაისვა ცხვირზე ფხვნილი (ფხვნილი თვითონ ძმაკაცებმა გაუმზადეს თეთრი თიხის და კბილის ფხვნილის ნარევისგან). მაშინვე ყველამ ერთხმად შესძახა: ,,ვაჰ, ცხვირი სრულებით აღარ აქვს, ფხვნილი მეტისმეტად ბევრი მოგვსვლიაო~. აქედან შერჩა სახელად უცხვირო. სწორედ აქ ურჩიეს ღამურას, თავი დაენებებინა შოფრობისთვის და ღამის დარაჯად ემუშავა. ღამურას საჭეზე სულ ეყვინთებოდა, ყველას მთვრალი ეგონა. ისნეპქტორები გულს უწყალებდნენ გაუთავებელი შემოწმებებით. საქმე კი იმაში იყო, რომ დღე-ღამის რიტმი ჰქონდა დარღვეული... დღისით ეძინებოდა, ღამე კი ფხიზლობდა. ასეთი იყო დაბადებიდანვე. ღამურამაც დაუჯერა ძმაკაცების რჩევას და მერე სულ მათ ლოცვაში იყო, ძლივს ადამიანურად დავიწყე ცხოვრებაო. ყაჭილაც ერთ-ერთ ასეთ საღამოს გააფრთხილეს, თუ თმის გალილავებას არ შეეშვები, ერთ-ორ წელიწადში სულ მთლიანად ამოიწურება მინერალ ლაზურიტის მარაგი და ბუნებაში წონასწორობა დაირღვევაო. ყაჭილამაც ყაჭის პარკივით თეთრი თმით სიარული ამჯობინა ბუნების წონასწორობის დარღვევას. აქ გაეცვნენ მეგორბრები აჩი-ბაჩის, საოცრად დაუზარელ ადამიანს. როცა მრგვალი მაგიდის წევრებს ყელი გაუშრებოდათ ლაპარაკისგან, აჩი-ბაჩის აგზავნიდნენ საჭმელ-სასმელის მოსატანად. ისიც ხალისით გარბოდა, მაგრამ ჯერ არასოდეს მომხდარა (ამაზე ყველას ერთხმად შეეძლო დაეფიცა), რომ აჩი-ბაჩის რაიმე არ დავიწყებოდა მათი დანაბარებისგან. სასმელს თუ მოიტანდა, მისაყოლებელი ავიწყდებოდა, ანდა პირიქით. მაგრამ როგორც კი შეახსენებდნენ, მაშინვე დაუზარელად გარბოდა უკან და იმასაც მოარბენინებდა.  ამგვარად, მრგვალი მაგიდის წევრები მშიერ-მწყურვალნი არასოდეს დარჩენილან აჩი-ბაჩის გულმავიწყობით და ამიტომ ძალაუნებურად ურიგდებოდნენ მის თავისებურებას... დიახ, თარხანის ბინის ღია კარი თითქოს ანდამატი იყო, ისე იზიდავდა ყველას და თარხანის ირგვლივ ფრიად ჭრელი საზოგადოება იყრიდა თავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ისე შეეძლო თავის დაჭერა, როგორც მოეპრიანებოდა. თარხანმა აქ მკაცრი წესრიგი დაამყარა. ,,ბინა რომ არ იკეტება, თავი ქუჩაში არავის გეგონოთ. - ასე გააფრთხილა ძმაკაცები. - ჯერ ერთი, შემოსვლის წინ ფეხები კარგად გაიწმინდეთ ტილოზე, კარწინ რომ აფენია. მეორეც, არ დავინახო ვინმემ სიგარეტის ფერფლი ან რაიმე ნაგავი დაყაროს, თორემ მასვე ავახვეტინებ~. ყოველთვის ფხიზლად ადევნებდა თვალს, ვინმეს არ დაერღვია მის მიერ შემოღებული წესები. თუ მაინც მოხდებოდა რაიმე ამდაგვარი, არავის არ შეარჩენდა. მაგალითად, ერთ ფეთხუმს, რომელსაც წითელი ფერის სასმელი დაეღვარა, მთელი იატაკი მოახეხინა და თან ჭერის გაწმენდაც აიძულა. თუ ძალიან მოაბეზრებდნენ თავს, სრულიად უცერემონიოდ ისტუმრებდა ყველას გარეთ; აბა, აქედან დაიკარგეთ, მეც მჭირდება მოსვენებაო. თუ აუცილებელი იყო, ფრიად ენერგიულ ზომებსაც იღებდა. კარგა ლაზათიანი ჯიკავ-ჯიკავი და მუჯლუგუნები სჭირდებოდა ხანდახან. ამ უნებურ ჭიდაობაში ისე გამოიწვრთნა და გაკაჟდა, ორი კაცი ერთად ვერ მოჰკიდებდა ხელს.
შემდეგ კი ცივ წყალს შეისხამდა ხოლმე თავპირზე თარხანი, რათა ძიძგილაობისას შემთხვევით მიღებულ დაჟეჟილობას არ ეჩინა თავი. მიწვებოდა კუთხეში მყუდროდ მიდგმულ საწოლზე და უშფოთველი ძილით იძინებდა. მის მომცრო, კოხტა საწოლი თავისი ხელით გამოთალა თარხანმა. კარგი ბიჭი იყო, ვინმე ახლოს გაეკარებოდა თუნდაც სუფთაო მოქათქათე გადასაფარებელს, მასზე ფაქიზად გადაფენილს.
ეს ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომლის დარღვევასაც არავის აპატიებდა თარხანი. ,,არ ვნახო ვინმემ ჩემს საწოლში დაძინება გაბედოს, თორემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადმოვათრევ ძირს~. ასე ჰქონდა ნათქვამი და ეს ყველამ კარგად იცოდა, არავინ ახლოსაც არ ეკარებოდა მის მოსასვენებელს. თუ ვინმე უცხო, გამოერეოდა, იმასაც მაშინვე აფრთხილებდნენ, რათა არაფერი შეშლოდა...
აი, რატომ გაოცდა თარხანი, იმდენად, რომ ქანდაკებასავით გაშეშდა, როცა ყვავილებით მოჩითული ფარდა გადასწია: მის საწოლში ვიღაცა კაცი გაშხლართულიყო და გულიანად ეძინა.
როგორც კი გაოცების ელდამ გადაურა, თარხანი არც კი დაფიქრებულა, მაშინვე ზეაღმართა მარჯვენა, რათა ეს თავხედი ლოგინიდან გადმოებრძანებინა, მაგრამ თავისდა მოულოდნელად, ზეაღმართული მარჯვენა მოჭრილივით ჩამოუვარდა.
გაკვირდა თარხანი, ეს რა მემართებაო. უფრო მეტი ყურადღებით დახედა ლოგინში მძინარე კაცს. ახლაღა განსაზღვრა, რომ სრულიად უცნობთან ჰქონდა საქმე. თანაც რა ლაღი, ბედნიერი და უზრუნველი სახით ეძინა დალოცვილს. უკიდურესი თავდაჯერება და თავხედური სიამაყე იკითხებოდა მისი სახის ყოველ ხაზში; აქ მე ვარ ბატონ-პატრონი და ბუზსაც ვერ ამიფრენო.
უცნობის საოცრად თავხედურმა გამომეტყველებამ ერთი წამით შეაკავა თარხანი, გაანელა მისი გულფიცხობა, მაგრამ იმავე წამს თვითონვე გაბრაზდა თავის თავზე, როცა გონს მოვიდა: არა ერთი და ორი გადმომიბრძანებია აქედან, სანამ ჭკუას ისწავლიდნენ, ეგეც ერთი იმათგანი იქნებაო, ჩაილაპარაკა და ისევ სცადა უცნობის გადმოთრევა ლოგინიდან.
ახლაც ამაოდ ჩაუარა მცდელობამ, ხელი ოდნავადაც ვერ შეახო უცნობს.
მესამეჯერაც აღმართა მარჯვენა თარხანმა, მესამეჯერაც იგივე განმეორდა. მაღლა აღმართული ხელი მოჭრილივით ჩამოუვარდა.
თანაც ამ დროს, მესამე მცდელობისას, უცნობს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ოდნავ ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ძლივს შესამჩნევად დაიკლაკნენ ტუჩის კუთხეები, მაგრამ იმდენი ირონია, ისეთი ქედმაღლური ზიზღი და იქედნური დაცინვა იგრძნობოდა მასში, რომ თარხანს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. მუხლებშიაც წაერთვა ღონე. პირი იბრუნა თავისი საწოლიდან. ძლივს მილასლასდა სკამამდე, საიდანაც ის თმაგაბურძგნული გადმოვარდა და ჩამოჯდა...
- ცოტას დავისვენებ. - ბუტბუტებდა ნირწამხდარი და შუბლზე ცივ ოფლს იმშრალებდა, - ალბათ ძალიან დავიღალე, დილიდანვე ვმუშაობ... ცოტას დავისვენებ და ახლავე გადმოვაბრძანებ ძირს. ბოლოს და ბოლოს ვისი ბინაა? ჩემია თუ სხვისი? ახლავე... ახ... ახ... ახ.. ახ..
სრულებითაც არ შეუმჩნევია, ისე ამოუშვა ხვრინვა.
როცა თვალი გაახილა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ აღარავინ იჯდა, ყველა ფეხზე იყო. ფანჯრებიდან მზე მხიარულად იჭვრიტებოდა.
იმწამსვე გაახსენდა თარხანს იმღამინდელი თავგადასავალი. სასწრაფოდ წამოხტა და ოთახის კუთხეს ეცა. საწოლში აღარავინ იწვა.
თარხანმა თვალი მოავლო თავის სამწყსოს.
- ვინ იყო ის ვაჟბატონი? - იკითხა სუსხიანად.
- ვისზე გვეკითხები? ჩვენ არაფერი ვიცით. - დაუბრუნეს შეკითხვა.
- ერთი ამათ დამიხედე, არაფერი ვიცითო - გაცხარდა თარხანი, - გვიან ღამით მოვდივარ სახლში, დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვდგები. ვხედავა, ჩემს საწოლში ვიღაც უცნობი გაშხლართულა. თქვენს მეტი ვინ მიასწავლიდა იქ...
- რას ამბობ, თარხან. აქ არავინ მოსულა ისეთი, ვისაც არ ვიცნობთ. - სიტყვა აიღო ღამურამ. - საღამოს თავი შევიყარეთ. ცოტა წავიმუსაიფეთ. შენი ნახვა გვინდოდა ყველას, მაგრამ შეგაგვიანდა და ისე ჩაგვეძინა, არაფერი გაგვიგია. პირადად მე სულაც არ ვაპირებდი აქ ღამის გათევას, სამსახური გავაცდინე. ახლა არ ვიცი, რა დღეს დამაყრიან.
- არც მე ვაპირებდი აქ ღამით დარჩენას, მიცვალებულისთვის უნდა მეთია ღამე, - თქვა ყაჭილამ.
- არც მე, სახლში ავადმყოფი მყავს...
- არც მე...
ყველა ერთხმად არწმუნებდა თარხანს, აქ ვინმე უცნობი თვალითაც არ გვინახავსო. იგრძნობოდა, რომ სიმართლეს ამბობდნენ. ამას კარგად ხვდებოდა თარხანი, მოხარშულს ცნობდა თავის სამწყსოს. გაშტერებული ჩამოჯდა სკამზე, შუბლს ისრესდა და დაძაბულად ფიქრობდა, ხომ არ მომეჩვენა, ეს რა დღეში ვარო. მეგობრები გარეს შემოერტყნენ თანხანს, იგრძნეს მისი მძიმე მდგომარეობა. ყველა თანაგრძნობით დუმდა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
ანაზდად ამ სიჩუმეში ვიღაცის ხვრინვის ხმა გაისმა.
იქაურობას მჭრელი თვალი მოავლო თარხანმა. არავის არ ეძინა, ყველა თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა. ხვრინვის ხმა კი ცხადად ისმოდა, თანაც სადღაც ქვევიდან მოდიოდა ეს ხმა.
თარხანი დაიხარა, მაგიდის ქვეშ შეჰყო ხელი და იქიდან აჩი-ბაჩი გამოათრია. სხვებმაც სტაცეს ხელი. გაქაჩეს აჩი-ბაჩი, ფეხზე დააყენეს. როცა მისკენ მიპყრობილი მრისხანე თვალთა მზერა დაინახა, აჩი-ბაჩი მაშინვე გამოფხიზლდა, ხელი სასწრაფოდ ჩაიყო უბეში, რაღაც ბრჭყვიალა ნივთი ამოიღო და თარხანს გაუწოდა:
- ეს იმან დაგიტოვა...
- ვინ იმან?
არც ისე ადვილი იყო აჩი-ბაჩის ოკრო-ბოკრო ნალაპარაკევიდან რაიმე აზრის გამოტანა, მაგრამ მისმა მრავალნაცადმა მეგობრებმა შეძლეს შეუძლებელი; ვიღაც უცნობმა კარზე დააკაკუნა და ღამის გათევის ნება ითხოვა, სასტუმროში ნომერი ვერ ეშოვნა. იმ დროს ბინაში სხვა არავინ იყო. აჩი-ბაჩიმ მაშინვე თარხანის ლოგინი შესთავაზა იმ პატივსაცემ კაცს... როგორ არა... იცის რომ ეს აკრძალულია, მაგრამ იმ წუთებში არ გაახსენდა. უცნობმა მადლობის ნიშნად საკეტი გადასცა, თარხანს გამოადგებაო. აჩი-ბაჩის უთქვამს, თარხანს საკეტი რაში სჭირდება, მაშინვე  ხელში ჩაეფშვნება, როგორც კი ხელს ახლებს. უცნობმა კი ასეთი უცნაური სიტყვები უთხრა: ,,დარდი ნუ გაქვს, თარხანს ეგ საკეტი არ ჩაეფშვნება ხელში, მაგის დაკეტვას ბავშვიც კი შეძლებსო...~
აჩი-ბაჩიმ გამოართვა საკეტი, სკამზე ჩამოჯდა და მაშინვე დაეძინა.
აქ მკითხველის ყურადღებას ერთ დეტალს მივაპყრობ: როგორც ზემოთ ითქვა, აჩი-ბაჩის გულმავიწყობა საანდაზოდ იყო ქცეული. რასაც დაუბარებდნენ, ნახევარი აუცილებლად ავიწყდებოდა. ამ შემთხვევაშიც, საიდუმლოებით მოცულო უცნობთან დიალოგის გადმოცემისას, აჩი-ბაჩის ერთი წინადადება დაავიწყდა. თუ რა შინაარსის იყო ეს წინადადება, ამას მკითხველი თავის დროზე შეიტყობს...
ამგვარად, აჩი-ბაჩის სკამზე ჩამოეძინა. სხვებმაც დაადასტურეს, როცა შემოვედით, აჩი-ბაჩის სკამზე ეძინაო. თარხანის საწოლს კი არავინ არ გაკარებია და არ იციან, იქ ნამდვილად ეძინა ვინმეს თუ არა... არც ის დაუნახავს ვინმეს, თუ როდის გავიდა ბინიდან უცნობი, არც აჩი-ბაჩიმ იცოდა რაიმე მისი წასვლის შესახებ.
თარხანი დაფიქრებული ატრიალებდა საკეტს ხელში, სიბრაზემ როგორღაც თავისთავად გაუარა. მართლაც მშვენიერი რამ აღმოჩნდა, რაც მეტს ათვალიერებდა, მით უფრო მოსწონდა. ეს იყო ,,ნივთი, რომელიც ნდობას იწვევს~, რომლის ყიდვაზეც მყიდველი ერთი წამითაც არ შეყოყმანდება, რაც არ უნდა გამოცდილი და მჭრელი თვალის პატრონი იყოს: დახვეწილი ნაკეთობა, უზუსტესი ხაზებით, უნაკლოდ დამუშავებული პრიალა ზედაპირით. სულერთიანად ლაპლაპი გაჰქონდა. ციფრები ნულიდან ცხრამდე მიჯრით იყო ჩაწიკწიკებული. ოთხივე მხარეს პატარა, კოხტა კაუჭები ჰქონდა, ეტყობა, კარზე მოსარგებად. ეს კაუჭები რომელიღაც საცეცებიან ცოცხალ არსებას ამსგავსებდნენ საკეტს. უცხოს, აწ გადაშენებულს. მხოლოდ ლითონისებური ბზინვარება ამჟღავნებდა მის რკინის ბუნებას. იქ კი, სადაც ნაკეთებას შტამპი უნდა ჰქონოდა, რაღაც გაუმოუცნობი ნიშნები იყო ამოტვიფრული. თარხანი ვერაფრით ვერ გაერკვა მათში, მაგრამ ამას ხელი ოდნავადაც არ შეუშლია, რომ უდიდესი პატივისცემით გამსჭვალულიყო ამ უცხო ნივთის მიმართ. ერთდერთი, იმასღა ნატრობდა, ნეტავი ხელში არ ჩემფშვნასო. საქმესაც მაშინვე შეუდგა. მოარგო თავის ბინის კარს ახალთახალი, პრიალა საკეტი. პატარა კაუჭები მართლა ცოცხალი არსების საცეცებივით ჩაებღაუჭნენ კარს. თარხანმა დაკეტა საკეტი, გააღო, კიდევ დაკეტა, კიდევ გააღო...
ძლივს! თარხანის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. როგორც იქნა, ეღირსა მის ბინას დაკეტვა. ეს საოცარი საკეტი არ იფშვნება თარხანის ხელის შეხებისგან. მაშინვე იღება და იკეტება, ოდნავადაც არ ჯიუტობს. თან ისეთი საამური ხმით ტკაცუნებს, მუსიკალური ინსტრუმენტი გეგონება. ამიერიდან თარხანი ისე იცხოვრებს, როგორც ყოველ წესიერ ადამიანს ეკადრება: ჯერ კარგად დაათვალიერებს ყოველ მომსვლელს საგანგებო ჭუჭრუტანიდან და თუ მოეპრიანა, გაუღებს კარს, თუ არადა, კარს ფეხაკრეფით მოსცილდება, ვითომ სახლში არავინ არ არის.
მისმა ძმაკაცებმაც, ეტყობა, მაშინვე იყნოსეს თარხანის შეცვლილი გუნება-განწყობილება, ცხოვრების ახლებურად მოწყობის უდიდესი სურვილი. იმ საღამოს არავინ არ გაჰკარებია იქაურობას. თარხანმა ნეტარებით დაკეტა კარი და უშფოთველ ძილს მისცა თავი...
თუმცა მთლად ასეც არ ყოფილა: ერთი სიზმარი აეკვიატა. თავიდან სულ უბრალოდ დაიწყო, ვიღაც მოლეული კაცუნა სულ ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. თარხანს მაინცდამაინც არ ეშინოდა მისი, მაგრამ არც დიდად ეხატებოდა გულზე. სცადა ხელიდან დასხლტომოდა, და ამ მიზნით რომელიღაც კარს მიადგა, კარები დაკეტილი აღმოჩნდა. და სწორედ იმ დროს, როცა თარხანი მის გაღებას ცდილობდა, მოლეულმა კაცუნამ ერთი იქედნურად ჩაიხითხითა. ამ ხითხითმა თარხანს იმ დაუპატიჟებელი სტუმრის ღიმილი გაახსენა და ძალიან უსიამოვნოდ დაურჩა. ნაბიჯს უფრო აუჩქარა და ახლა სხვა კარს მიადგა. ისიც დაკეტილი აღმოჩნდა. კაცუნამ აქაც იქედნურად ჩახითხითა. თარხანს ცივი ჟრუანტელი უვლიდა ტანში იმის გაგონებისას. თავდაუზოგავად გარბოდა, აწყდებოდა ხან ერთ, ხან მეორე კარს. ყველა დაკეტილი იყო, ყველგან იქედნური ხითხითის ხმა ჩაესმოდა ზურგს უკან... ვერცერთი კარები ვერ გააღო თარხანმა, ვერა და ვერ შეძლო ამ აბეზარისგან თავის დაღწევა... ცივ ოფლში გაწუწულს გამოეღვიძა შუაღამისას. სცადა ისევ დაძინება და ვეღარ შესძლო. მთელი დღე ნაცემივით გრძნობდა თავს... 
მეორე ღამესაც იგივე სიზმარი ნახა. ის მოლეული კაცუნა მთელი ღამე ფეხდაფეხ დასდევდა. ვერა და ვერ დაემალა თარხანი მის იქედნურ ღიმილს, ყველა კარი დაკეტილი იყო.
ასე გაგრძელდა შემდგომშიც. მოხუჭავდა თუ არა თვალს, მაშინვე ის აბეზარი აეკვიატებოდა თავისი საზიზღარი სიცილით. თარხანი თავს ინუგეშებდა, შეუჩვევლობის ბრალიაო. სიცოცხლეში პირველად მძინავს დაკეტილ კარში და ნერვიული სისტემა ამას მძაფრად აღიქვამს, დრო გაივლის და შეეჩვევიო.
დრო გადიოდა, მაგრამ თარხანი ვერა და ვერ შეეჩვია ახალ ცხოვრებას. ყოველ ღამით ერთი და იგივე კოშმარი აწამებდა. დაძინებისას წინასწარ შიშით უსკდებოდა გული, ისევ ის მოლეული კაცუნა არ გამომეცხადოსო. თავისთავს ვერაფრით უშველა, ვერც დასაძინებელი წამლებით, ვერც თვითშთაგონებით. გახდა, გაყვითლდა. თვალები ისე გაუგანიერდა, როგორც შეშინებულ კაცს სჩვევია. ხელების კანკალიც დასჩემდა. ლამის ხეც კი იფშვნებოდა ახლა მის ხელებში, ისე უგერგილოდ აკეთებდა საქმეს.
ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, მეტს ვეღარ გაუძლებდა და ფარხმალი დაყარა: ,,უკვე ორმოცდაათს გადავაბიჯე, გვიანღაა... აწი ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც აქამდე მიცხოვრია~. თქვა და ის ბედუკუღმართი საკეტი ისევ ჩამოხსნა თავის ბინის კარიდან. ერთი წამით დახედა ხელისგულზე დადებულ ლამაზ, პატარა ნივთს. რა მშვენიერი რამ იყო, რაიმეში რომ გამოსდგომოდა. მოდი, ვინმეს ვაჩუქებო, იფიქრა, მაგრამ იქვე უარყო ეს განზრახვა. ერთიც ვნახოთ და ვინმემ ბინა გაუტეხოს, მაშინ ხომ ჩემზე გადატყდება ჯოხი?
ზუსტად ამავე მიზეზით არც გაყიდვა ივარგებდა.
მეტი ფიქრით და ვარაუდებით თარხანს თავი არ გაუცხელებია, ისედაც ძალიან ეჩქარებოდა იმ საკეტთან განშორება. აიღო და პირდაპირ ტროტუარზე მოისროლა ღია ფანჯრიდან, ან ბავშვები იპოვნიან, ითამაშებენ, ჯართის სახით ჩააბარებენ, ანდა თვით უფროსებიც გამოიყენებენ რაიმეში, ეს მე აღარ მეკითხებაო.
როგორც კი საკეტი მოიშორა თავიდან, მაშინვე დაწვა და დაიძინა. ეღირსა თარხანს დიდი ხნის ნანატრი, უშფოთველი ძილი. უსიზმროდ არც ახლა დარჩენილა, მაგრამ საშიშარი და უსიამოვნო სულაც არ ყოფილა ის სიზმარი. ახლაც დაკეტილ კარს მიადგა სიზმარში, გაღება უნდოდა... და მაშინვე გაიღო, როგორც კი ხელი ჰკრა. თარხანმა უკან მოიხედა, ისევ ის დაგვალული კაცუნა ხომ არ მომდევსო თავისი იქედნური ხითხითით. კაცუნა არსად სჩანდა, მისი ჭაჭანებაც არ იყო. თარხანმა არხეინად შეაბიჯა ღია კარში. მერე კიდევ მიადგა სხვა კარს, ისიც დაუბრკოლებლად გაიღო... ასე, მთელი ღამე აღებდა და აღებდა კარებს. თავისუფლად და ამაყად მიმოდიოდა ერთი კარიდან მეორემდე და ნატრობდა, ერთი ის მოლეული კაცუნა გამოჩნდეს, აბა, ახლა თუ იქნება სიცილის ხასიათზეო.
ოთახი ძმაკაცებით სავსე იხილა, როცა სანეტარო ძილიდან გამოფხიზლდა თარხანი. უცნაურია, ასე ერთბაშად როგორ გაიგეს, რომ ისევ ღია იყო მისი ბინის კარი. თითქოსდა არც არასოდეს ყოფილა დაკეტილი, თითქოს არც ის საკეტი არსებულიყო ოდესმე... თარხანმა ისიც კი გაიფიქრა, იქნებ ის ყველაფერი სიზმარში ვნახეო. ჰოდა, მით უკეთესი, კოშმარს ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო. ყველაფერი ისევ ძველებურადაა, ირგვლივ სულზე უტკბესი ძმაკაცები ახვევია, რომლებიც მისთვის სულსაც არ დაიშურებდნენ. უცხვირომ ერთი აცმა ნედლი თევზი მიართვა დილის საუზმისთვის. ,,მაღაზიაში ნაყიდი არ გეგონოს, მე თვითონ დავიჭირე~. ღამურამ მაშინვე კვერი დაუკრა: ,,მართალს ამბობს, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ თევზაობდა, წყალში ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი ანკესის მაგივრად~. თარხანი ნეტარებით იღიმებოდა.
მერე თარხანმა ანგელოზები დაუფრთხო თავის ძმაკაცებს, სულ პანტაპუნტით დაიფრინა ყველანი, განა გაბრაზდა რაიმეზე... არაფერი მაგის მსგავსი არ ყოფილა. უნდოდა ბოლომდე შეეგრძნო ძველი ბედნიერი ცხოვრების გემო. ამდენი მღელვარების მიუხედავად, რაც სულ ახლახანს გადაიტანა, ძალ-ღონეს ოდნავადაც არ ეღალატა მისთვის. სულ წყვილ-წყვილად გაყარა ყველანი გარეთ. ყველაზე ბოლოს ყაჭილას სტაცა ხელი ყაჭის პარკივით თეთრ თმაში, მეორეთი კი აჩი-ბაჩი დაითრია, რომელიც თავის საყვარელ ადგილას, მაგიდის ქვეშ აპირებდა შეძრომას.
ამასობაში კი ახალთახალი, პრიალა საკეტი, ,,ნივთი, რომელიც ნდობას იწვევს~, თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობდა. თხუთმეტი წუთიც არ გასულა, რაც იგი თარხანმა მოისროლა ფანჯრიდან, რომ ახალი პატრონი დაეუფლა. ეს გახლდათ კარგად ჩამრგვალებული, სახელაპლაპა ქალაქელი, თავზე მჭიდროდ მორგებული, ლილისფერი ქუდი ეხურა. მან აიღო საკეტი, შეფარვით მიიხედ-მოიხედა და ჯიბეში სასწრაფოდ დამალა. ძვირფასი ნივთების შეფასებაში ლილისფერქუდიანი არ შეიძლებოდა შემცდარიყო. ამის შესახებ არათითზე გაკეთებული ძვირფასთვლიანი ბაჯაღლო ოქროს ბეჭედიც მოწმობდა. ლილისფერქუდიანმა საკეტი რამდენჯერმე დაკეტა და გააღო. ნახა, რომ უნაკლოდ მუშაობდა. მაშინვე ასე დაასკვნა, რომ თუ რაიმე აკლდა მის კეთილდღეობას, მხოლოდ და მხოლოდ ეს მშვენიერი, ლაპლაპა ნივთი. იმ დღესვე გაუკეთა თავისი ბინის კარს. ისე მოერგო, საგანგებოდ მისთვის გაკეთებული გეგონებოდათ. თითქოს რომელიღაც ცოცხალმა არსებამ ჩაავლო საცეცები ძვირფას, მკვიდრ კარს, რომელსაც უკვე ეკეთა ექვსიოდე სხვადასხვა სახის საკეტი, ზოგი ხილული, ზოგი უხილავი.
ლილისფერქუდიანმა მოქალაქემ, რომელიც კმაყოფილი ღიღინებდა რაღაც სიმღერას, ერთიმეორის მიყოლებით საიმედოდ ჩაკეტა ექვსივე საკეტი, მეშვიდეც მიაყოლა. ცარიელი ბოთლებით სავსე ბადურა აიღო და რძის მოსატანად გაეშურა მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით.
მალე ისევ მობრუნდა. ცალ ხელში სავესე ბოთლებიანი ბადურით. ღიღინ-ღიღინით შეუდგა საკეტების გაღებას. დაუბრკოლებლად გააღო ექვსივე საკეტი, მეშვიდეს, ახალს მიადგა.
აქ ლილისფერქუდიანი მოქალაქე შეფერხდა, ახალი საკეტი ჯიუტობდა.
ხელში რძის ბოთლებიანი ბადურით, ისე, რომ ღიღინი ერთი წამითაც არ შეუწყვეტია, ლილისფერქუდიანი მოქალაქე  დაჟინებით ცდილობდა ახალი საკეტის გაღებას.
ასე გავიდა ნახევარი საათი.
ამ ხნის განმავლობაში ლილისფერქუდიანმა მოქალაქემ არათუ ღიღინი შეწყვიტა, არამედ რძის ბოთლებით სავსე ბადურაც ძირს დადგა. სახე უარესად აულაპლაპდა ოფლისაგან. ერთი ქშენით და ბუტბუტით, რომელშიაც აქა-იქ მაგარ გამოთქმებსაც ურევდა ხოლმე, ისევ ჯახირობდა ახალი საკეტის გასაღებად.
საკეტი არა და არ იღებოდა.
ლილისფერქუდიანს ღვარად ჩამოსდიოდა ოფლი, ხელებსაც წესიერად ვეღარ იმორჩილებდა, მაინც არ ეშვებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, არაფერი გამომივაო. რძის ბოთლებიანი ბადურა კარის გვერდით მიდგა და თვითონ სადღაც წავიდა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მობრუნდა, თან კაფანდარა ყმაწვილი ახლდა, მომცრო ტყავის ჩანთით აღჭურვილი. კაფანდარამ ჩანთიდან ნაირნაირი სახელოსნო გასაღებები ამოალაგა. შეერთებული ძალებით ორივემ კარგა ხანს იჯახირა სრულიად უნაყოფოდ, პრიალა საკეტი არა და არ აპირებდა გაღებას.
ბოლოს ხელოსანმა ჩანთიდან ბურღი ამოიღო.
- არ მინდა ამ მშვენიერი საკეტის გაფუჭება. - წინააღმდეგობის გაწევა სცადა ლილისფერქუდიანმა.
- სხვანაირად არ გამოვა. - გადაწყვეტით უთხრა კაფანდარამ. - დაკეტილი კარიდან ვერ ამოაგდებ. ხომ ხედავ, კაუჭებით გამჭოლად არის ჩამაგრებული. ან თვით საკეტი უნდა გავჭრა, ანდა კარში უნდა ამოიჭრას ირგვლივ ღრმული.
ძალიან უნდოდა ლილისფერქუდიანს ისე მოევლო საქმისთვის, რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანდა. უხალისოდ დაეთანხმა კაფანდარა ხელოსანს, ოღონდ თვით კარს არაფერი ავნოო, გააფრთხილა, მთლიანი მუხაა ვოლფრამ-ვანადიუმის კარკასით.
კაფანდარა ხელოსანი მაშინვე შეუდგა საქმეს. ელექტრობურღი მოიმარჯვა და საკეტს დაუმიზნა, მაგრამ რამდენიც არ ეცადა, ვერაფრით ვერ შეძლო ბურღის წვერი საკეტის ზედაპირზე შეეკავებინა. ყინულზე დაცურებლივით სხლტებოდა გვერდით და საბოლოოდ კარს ხვდებოდა. მთელი ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ მუხის ძვირფას კარს რამდენიმე ნახვრეტი გაუჩნდა.
ამის დანახვაზე ლილისფერქუდიანს თავის ქუდის ფერი დაედო სახეზე. კაფანდარას უკივლა, არაფრის მაქნისი ხარ, აქედან დაიკარგეო. სხვა ხელოსანი მოიყვანა, მეტალის საჭრელით აღჭურვილი, თან მკაცრად გააფრთხილა: იცოდე, კარს არაფერი ავნო, თორემ შენვე გაზღვევინებო.
- კართან მე რა მესაქმება. - უპასუხა ხელოსანმა. - მე საკეტთან მაქვს საქმ. ახლავე შუაზე გავჭრი ვაშლივით.
ხელოსანმა შავი სათვალე გაიკეთა და თვალისმომჭრელად მოელვარე ნაპერწკალი საკეტს მიუშვირა...
როცა ნაპერწკალი ჩააქრო, აღმოჩნდა, რომ საკეტის ირგვლივ კარზე ნაპრალები გაჩენილიყო, თვითონ საკეტს კი ერთი წერტილი ან ნაკაწრი არსად არ ემჩნეოდა.
- არა, თქვენგან არაფერი გამოვა, ერთმანეთზე უარესები ხართ ყველანი. - თქვა გამწარებულმა ლილისფერქუდიანმა და მთელ ქალაქში ცნობილი ქურდის, სეიფების გამტეხის მოსაძებნად გაეშურა. არც ისე ადვილი იყო იმ ,,ყოჩაღი ბიჭის~ მოძებნა, მაგრამ ლილისფერქუდიანი ისეთთა რიცხვს არ ეკუთვნოდა, რომლებიც სიძნელეების წინ უკან იხევენ. ოღონდ ციხეში ნუ იქნებაო, ერთი იმასღა ნატრობდა. გაუმართლა ლილისფერქუდიანს, ყოჩაღი ბიჭი თავისუფალი ცხოვრებით ტკბებოდა.
ყოჩაღმა ბიჭმა კარგახანს უტრიალა პრიალა საკეტს. ცხადად ეტყობოდა, რომ მასში პროფესიულმა ინტერესმა გაიღვიძა. ჯერ საგულდაგულოდ დაზეთა, მერე განსაკუთრებული კაუჭებით ეცადა მისი გაღება, აბრეშუმის ძაფებიც მოიშველია, დაყნოსა კიდეც.
ბოლოს წელში გაიმართა და ლილისფერქუდიანს ასეთი რამ უთხრა:
- იცი, რას გეტყვი, ბიძაჩემო... ჩამოხსენი ეგ კარი და საკეტიანად გადააგდე. რაღაც საეჭვო სუნი ასდის. მაგას ეშმაკის მეტი ვერავინ ვერ გააღებს, ვერც გატეხავს.
- ამ კარის გაკეთება იცი რა დამიჯდა? - დაიღრიჯა ლილისფერქუდიანი. - სუფთა მუხაა ვოლფრამ-ვინადიუმის კარკასით...
- მე ჩემი მითქვამს, შენი საქმისა შენ იცი...
თითქოსდა მართლა არ ჩანდა საშველი, ლილისფერქუდიანმა მაინც არ დაიხია უკან. თვით ყოჩაღი ბიჭის ავტორიტეტულმა ნათქვამმაც ვერ გაანელა მისი გულფიცხობა. სასწრაფოდ იშოვნა ძლიერი ქიმიური გამხსნელი, რომელიც ყველა ლითონს ხსნის, მათ შორის კეთილშობილ ლითონებსაც. სხვებს უკვე აღარ ენდობოდა. კარი სულმთლად დამიმახინჯესო. სცადა, საკუთარი ხელით მოევლო ამ საქმისთვის. საკეტს ფრთხილად ასველებდა გამხსნელში. როგორც წვიმის წვეთები დაცურდება გაპოხილ ზედაპირზე, ისე ცურდა გამხსნელი სითხე პრიალა საკეტზე. ლილისფერქუდიანი მოეშვა, მთელი სავსე ჭურჭელი მოაპირქვავა საკეტზე, თან ძლიერ ფრთხილობდა, რომ კარს არ მოხვედროდა მისი წვეთები.
ჭურჭელი დაიცალა, საკეტს არაფერი დატყობია, ისევ ისე პრიალებდა, ოდნავადაც არ შეცვლია პეწი. გაოგნებულმა ლილისფერქუდიანმა ხელების გამშრალება იწყო, შემთხვევით ხელზე გადასხმოდა გამხსნელი...
უცებ დაზაფრულივით იღრიალა, თითზე აღარ ეკეთა ძვირფასთვლიანი ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი. გამხსნელს სწორედ მისი ბეჭედი გაეხსნა ბოქლომის ნაცვლად. გაცოფებულმა ლილისფერქუდიანმა, რაც ხელში მოჰყვა, ყველაფერი დაუშინა საკუთარი სახლის კარს. სულ ადვილად ჩამოგლიჯა იგი, ისეთი ღონე მოემატა სიბრაზისგან. როგორც კი კარი ძირს დაეცა, საკეტმა ერთი გაიტკაცუნა და თავისთავად გაიღო...
ამაო აღმოჩნდა ლილისფერქუდიანის მცდელობა, რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. ვოლფრამ-ვანადიუმის კარკასიანი მუხის კარი სულერთიანად დაიმტვრა, ძვირფასი ბეჭედი გაქრა, თან რძეც აიჭრა... თვითონ ლილისფერქუდიანს წნევამ აუწია. ისე ცუდად გახდა, კინაღამ თქვენი ჭირი წაიღო, მაგრამ აქ ერთი რამ მოიფიქრა და იმით ინუგეშა თავი: დამტვრეულ კარს მოაცილა ლამაზი, პრიალა საკეტი... ჯერ შეამოწმა, ხომ არაფერი დააჩნდაო. საკეტი ისე ლაპლაპებდა, თვალს მოგჭრიდათ, არაფერი არ დასტყობოდა გადატანილი დავიდარაბისგან. იგი ისევ იყო ,,ნივთი, რომელიც ნდობას იწვევს~, და იმავე დღეს მიუგდო ერთერთ ,,უსაყვარლეს ნაცნობს და მოკეთეს~. შორიდან უთვალთვალა: დაინახა, როგორ აიღო უსაყვარლესმა ნაცნობმა საკეტი, შეფარვით მიიხედ-მოიხედა და ჯიბეში სასწრაფოდ დამალა. ლილისფერქუდიანმა ცხადად წარმოიდგინა, თუ რა უნდა მოჰყოლოდა ამას. ძლივს შეიკავა თავი, რომ სიხარულისგან ხმამაღლა არ გადაეხარხარა... მაშინვე დაუწია წნევამ, თავი სრულიად ჯანსაღად და მხნედ იგრძნო... მართლაცდა უებარ საშუალებას მიაგნო, თუ როგორ უნდა ემკურნალა საკუთარი თავისთვის.
პრიალა, ლამაზი საკეტის ირგვლივ იმავე დღეს დაიწყო ახალი თავგადასავალი... დაიწყო და აღარ შეწყვეტილა... მეორე დღესაც გაგრძელდა იმ უსაყვარლესი ნაცნობის ,,მოკეთესთან~, მესამე დღეს იმ ,,მოკეთის მოკეთესთან~ და ასე დაუსრულებლად. ვინ იცის, ვის ხელში აღარ მოხვდა ლამაზი, პრიალა საკეტი, ,,ნივთი, რომელიც ნდობას იწვევს~. ამბებიც ბოქლომის ირგვლივ სულ სხვადასხვანაირად, ჭრელ-ჭრელად ვითარდებოდნენ. მაგრამ იმ ამბებს სამი რამ ჰქონდათ საერთო; ერთი ის რომ, როგორი მრავალნაცადი, ჭკვიანი და თვალმახვილი უნდა ყოფილიყო მისი მპოვნელი, მაინც აუცილებლად გაუკეთებდა საკუთარ კარს. ისე ჩქარობდნენ ამას, დანარჩენი ყველაფერი ავიწყდებოდათ. საკეტის ლამაზი, დახვეწილი შესახედაობა ყველაზე ერთნაირად მოქმედებდა. მეორე, რაც უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, რათა არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური, რაც შეიძლება უნაკლოდ ამოეცილებინათ საკეტი კარისაგან, მით უფრო მეტ ზარალში ვარდებოდნენ ლილისფერქუდიანის მსგავსად. მაგალითად, ერთ მოქალაქეს წყალი დარჩენოდა მოშვებული. სანამ თვითონ საკეტთან ჯახირობდა, მეზობლის ბინა გაუხდა გასარემონტებელი. მეორეს იშვიათი ჯიშის თუთიყუში კატამ შეუჭამა, შემთხვევით გალიის კარი გაღებულიყო... მესამეს ხანძარი გაუჩნდა და კარის შემტვრევა აუცილებელი გახდა ისედაც... ყველაზე ნაკლებად იპოქონდრიით დაავადებული მოქალაქე დაზარალდა. მან მაშინვე დაამტვრია კარი, როგორც კი საკეტის გაღება გაუჭირდა. მესამე კი ის გახლდათ, რომ, როგორც კი კარი დაიმტვრეოდა, ანდა ანჯამებს მოწყდებოდა, საკეტიც თავისთავად იღებოდა. რომ სცოდნოდა თარხანს, რა ამბავს დააწევდა ქალაქში ის უწყინარი სათამაშო, რომელიც მან თითქოსდა ბავშვებისთვის გადააგდო, ასე არხეინად ხომ არ მოისვრიდა ღია ფანჯრიდან... არა, თარხანი მზის სინათლეს არ აღირსებდა იმ საკეტს, ალბათ მიწაში დამარხავდა, რათა არავის თვალი არ მისწვდენოდა, ანდა როგორმე მოძებნიდა ღამის იდუმალ სტუმარს და უკანვე დაუბრუნებდა ამ საეჭვო საჩუქარს. ზუსტად ასევე მოიქცეოდა მაშინაც, ისევ მის ხელში რომ მოხვედრილიყო საკეტი ამდენი მოგზაურობის შემდეგ...

* * *
,,მაინც ვიწროა სამყარო~, ასეთ დროს იტყვიან ხოლმე ბრძენნი.
იმ საღამოს თარხანმა ჩვეულებისამებრ დინჯად შეაბიჯა მტვრიან სადარბაზოში. ლიფტისკენ არც კი გაუხედავს, ისე შეუყვა ვიწრო დაქანებულ კიბეს. დინჯად აათავა კიბის საფეხურები, მეცხრე სართულზე შეჩერდა.
თითქოს მას ელოდა, ლიფტიც იმავე სართულზე შეჩერდა. იქიდან დაახლოებით მისი ხნის კაცი გამოვიდა. ცხადია, მან უფრო გვიან შეაბიჯა სადარბაზოში, ლიფტის საშუალებით დაეწია თარხანს, დაასწრო კიდეც. იგი უკვე საკუთარი ბინის კართან იყო მისული და მის გასაღებად ჯახირობდა, როცა თარხანმა კიბის მოედანზე შედგა ფეხი და გამარჯობა, მეზობელოო, უთხრა.
- თარხანს გაუმარჯოს! - მხარიღლივ გადმოუგდო მან და საკეტთან ჯახირი განაგრძო. წელში წახრილს ლამის ცხვირი დაედო საკეტზე, ოდნავ გვერდზე რომ გაწეულიყო, ანდა ნახევრად მაინც მობრუნებულიყო მისალმებისას, იქნებ თარხანს მაშინ დაენახა, რომ ეს იყო სწორედ ის საკეტი, იდუმალმა ღამის სტუმარმა რომ დაუტოვა. პრიალა, ლამაზი, დიდი ხელოვნებით გამოჩარხული ,,ნივთი, რომელიც ნდობას იწვევს~.
სამწუხაროდ ასე არ მომხდარა. თარხანს აღარ გაუხედავს კარის მეზობლისკენ, არც მისი საქმიანობით დაინტერესებულა. აკი იცოდა საკუთარი თავის ამბავი, რკინის ნივთებს არ უნდა გაკარებოდა, თორემ გაკეთების მაგივრად ყველაფერს გააფუჭებდა. ხელისკვრით შეაღო საკუთარი ბინის კარი და შევიდა.
კარის მეზობელი ისევ საკეტის გაღებაზე ჯახირობდა. ჯერ კიდევ არ გასწყვეტოდა მოთმინება, დიდი გულისყურით და მონდომებით ლამობდა მის გაღებას, ერთი ,,მაგარი~ სიტყვაც არ დასცდენია.
ახლა კი, დადგა ჟამი მკითხველს გავუმხილოთ იმ წინადადების შინაარსი, საიდუმლოებით მოცულმა ღამის სტუმარმა რომ უთხრა აჩი-ბაჩის იმ დაუვიწყარ ღამას: ,,ამ საკეტით დაკეტილ კარს თარხანის გარდა ვერავინ გააღებს~, ასეთნაირად ღაღადებდა იგი...
მკითხველს ალბათ ახსოვს, აჩი-ბაჩის რასაც ეტყოდნენ, ნახევარი აუცილებლად ავიწყდებოდა. მით უმეტეს, უკვე კარგა ხანი გავიდა იმ იდუმალი უცნობის სტუმრობიდან, აჩი-ბაჩის თავში კვალიც აღარაა დარჩენილი იმის ნათქვამი სიტყვებიდან. არც ვინმე სხვას მოუკრავს ყური, ასე რომ, თარხანს ვერავინ ვერ ეტყვის იმ მაგიურ სიტყვებს, ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება მისთვის.
ლამაზი, პრიალა საკეტი, ,,ნივთი, რომელიც ნდობას იწვევს~, დღესაც მოგზაურობს ქალაქში, კარიდან კარზე, მოკეთიდან მოკეთემდე. მის მოგზაურობას განუყრელად თან სხევს ათასგვარი ხათაბალა, დავიდარაბა და ნაირნაირი სუპერსპეციალისტების ძებნა, რაც ყოველთვის სავალალოდ მთავრდება... და არცერთხელ არავის, თვით თარხანის კარის მეზობელსაც კი, აზრადაც არ მოუვა, თარხანს სთხოვოს ამ საქმეში დახმარება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები