ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2014


ამორძალთა ღმერთები


(რომანი)

მსხვერპლშეწირვა

კმაყოფილი იყო დედოფალი მეგი, და ეს კმაყოფილება ცხოვლად ეწერა სახეზე. უკეთეს გასართობს ვერც კი ინატრებდა ამ საზეიმო ღამისთვის. სწორედ რომ ზეციური საჩუქარივით მოევლინა ეს თმაგაბურძგნული ღლაპი. დილიდანვე დასცინოდნენ ახალგაზრდა ამორძალები და გული მაინც ვერ იჯერეს. როცა მოსაღამოვდა, კუპრში ამოვლებული ტომარა ჩამოაცვეს თავზე, თითქოს მემრუშე ამორძალთაგანი ყოფილიყო ვინმე. მერე შუაში ჩაიყენეს ეს ცოცხალი საფრთხობელა, წრეს ცეკვა-ცეკვით უვლიდნენ მის ირგვლივ, ცხვირწინ ორპირ ცულს უტრიალებდნენ, რასაც კარგად ხედავდა ჭაბუკი ტომარაში საგანგებოდ ამოჭრილი ნახვრეტებიდან. ათასნაირი ენამწარე შენიშვნებით პირთამდე აავსეს, არავინ დარჩენილა ამორძალთაგან, ქათმის წამახული ბუმბული რომ არ ეჩხვლიტა მისთვის ზიზღისა და დაცინვის ნიშნად.
შედარებით ხნიერი ამორძალები განზე გამდგარიყვნენ. ენამწარე შენიშვნები არც მათ დაუკლიათ ტყვედ შეპყრობილისთვის. ეს უკანასკნელი ტანად კარგა მოსული ჭაბუკი გახლდათ. ღონიერი, ჯანმაგარი აგებულება ჰქონდა, რასაც ტომარა ვერ ფარავდა. და მით უფრო საზიზღარი ჩანდა ის უძლური სიბრაზე და შიში, რასაც მთელი მისი, ერთი შეხედვით, ვაჟკაცური აგებულება ამჟღავნებდა. თავის მაღლა აწევაც ვერ გაებედა, წელში უძლურად მოკუნტულს, თითქოს ცდილობდა რაც შეიძლება კარგად გამოხვეულიყო კუპრიან ტომარაში. განსაკუთრებით მაშინ იბუზებოდა, თუ რომელიმე ამორძალი ანთებულ ჩირაღდანს დაუტრიალებდა ირგვლივ, ვითომდა ცეცხლის წაკიდების მიზნით.
დედოფალი მეგი ღიმილით ადევნებდა თვალს ამ სანახაობას. იგი კოცონისთვის დაყრილი შეშის გვერდით იდგა, სახეზე ჩირაღდნების შუქი დასთამაშებდა, რომელიც თითქოსდა საგანგებოდ საცნაურს ჰყოფდა შუახანს მიტანებული ქალის ენერგიულ, ცოცხალ გამომეტყველებას. ჩანდა, რომ ეს გამომეტყველება უმეტესად სიმკაცრით, მომთხოვნელობით იყო განზავებული, მაგრამ ახლა საზეიმო განწყობილებას შეერბილებინა. ტანზე მასაც სხვა ამორძალებივით ეცვა, მოკლე ტარიგი უფარავდა სხეულს. მათგან განსხვავებით, მეწამული ფერის მოსასხამი მოეგდო მხრებზე. მოსასხამის ერთერთი კალთა მარჯვენა მხარეს ისეთნაირად გადმოეფინა, რომ მარჯვენა ძუძუს მთლიანად უფარავდა. ისე ჩანდა, თითქოს არარა აკლდა მის მკერდს. რაც შეეხება დანარჩენ ამორძალებს, ერთი შეხედვისთანავე აშკარა იყო, რომ არცერთს არ ჰქონდა მარჯვენა ძუძუ. ტყავის ფართო აზღუდი გადაეჭიმათ მკერდზე ძუძუს ადგილას.
იყო კიდევ ერთი ნიშანი, რაც დედოფალს განასხვავებდა დანარჩენი ამორძალებისაგან: ეს გახლდათ ცეცხლისფრად მოელვარე ქამარი, რომელსაც მხოლოდ საზეიმო დღეებში შემოირტყამდა ხოლმე დედოფალი. სხვა დროს თვითონაც ტყავის უბრალო ქამარს ატარებდა, რომელშიც ორპირა ცული ჰქონდა გარჭობილი ამორძალთა წესისამებრ.
კოცონისთვის დაყრილი შეშის მეორე მხარეს, სწორედ დედოფლის საპირისპიროდ, რაღაც უცნაური ჩვენება აზიდულიყო მაღლა ჰაერში. ჩირაღდნების ბუნდოვანი შუქი საკმარისი არ იყო იმის კარგად შეთვალიერებისთვის. უცნაური ჩვენება ქანდაკებასაც ჰგავდა ამ მეწამულ-ოქროსფერ ბინდბუნდში და ჰაერში მოფარფატე, უფორმო ლანდსაც. ერთი-ორჯერ ისე დაკვირვებით გახედა დედოფალმა მეგიმ იმ ლანდს, თითქოს ვიღაცის ამოცნობას ცდილობსო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ამორძალები ასე გულიანად ერთობოდნენ, ერთი სიტყვაც არ დაცდენია დედოფალს, მაგრამ არცერთი ენამწარე შენიშვნა არ გამოჰპარვია, რითაც ტომარაჩამოფხატულ ჭაბუკს უმასპინძლდებოდნენ ამორძალები, ახალგაზრდები თუ ერთიანად გაჭაღარავებულები.
- პატარძალს მიმიხედეთ, პატარძალს - გაისმა მაღალი, ომახიანი ხმა, რომელმაც ყველა დანარჩენი ხმა დაჰფარა და მაღალი ტანის, თმაჭაღარა ამორძალი გამოვიდა წრის შუაგულში, ტომარაჩამოფხატულს მიუახლოვდა, - კარგად დავარცხნეთ, თვალები მოუხატეთ, ფერებიც გაუგლისეთ სახეზე, სადღესასწაულო კაბაც ჩააცვით, თორემ ზეციური მეომარი არ მიიღებს. უკანვე დაგვიბრუნებს, თუ ისე არ მოვკაზმეთ, როგორც მას ეამება.
ტომარაჩამოფხატულმა ჭაბუკმა თავი მაღლა ასწია, აკანკალებული და თავზარდაცემული მიაჩერდა ამ სიტყვების მთქმელს. ჭაღარა ამორძალმა გულიანად გადაიხარხარა, დანარჩენებიც აყვნენ.
- რაო, გული ხომ არ გადაგიქანდა? - ტომარაჩამოფხატულს სახე ახლო მიუტანა ჭაღარამ. ლოყაზე ნაიარევი აჩნდა, რომელიც წარბამდე ასდევდა. - ხომ არაფერი გაგეპარა შიშისგან, ჰა? მაშინ არაფრის არ გეშინოდა, როცა ჩვენს საძოვრებზე დააგელვებდი ბედაურს. რა სანახავი იყავი, თვალი ვერც კი მოგაშორეთ. ვფიცავ, შენისთანა მეომარი თვალითაც არ მინახავს.
ტომარაჩამოფხატულმა ისევ ჩაღუნა თავი, ხმაც არ გაუღია. მთელი სხეულით ერთიანად ცახცახებდა.
- მამაშენსაც აპოლონი ჰქვია, არა, - განაგრძო ჭაღარამ. - ხმა ამოიღე, რას გაჩუმებულხარ. ერთი ჩამოკაკლე, რამდენი თხა და ცხვარ-ძროხა გარეკე ჩვენი საძოვრებიდან. შორიდან უთვალთვალებდით ტურებივით; შორს რომ გაგვიგულეთ, მაშინ დაესხით თავს. როცა ჩვენმა მწყემსებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თქვენ შუბებით დაერიეთ, დიდი სიმარჯვე გამოიჩინეთ უიარაღო მწყემსებთან.
- მე იქ არ ვყოფილვარ. - თავაუწევლად ამოიხავლა ჭაბუკმა.
- იქ არ ყოფილხარ! - ბრაზით შესძახა ჭაღარამ. - მაგრამ ის ნაალაფარი ვის სასახლეშია ამჟამად? ვის ტახტზე აგია აბრეშუმივით რბილბეწვა თხის ტყავები, ვინ ქეიფობდა გადაბმულად სამი დღე და ღამე, ჰა? თუ შენ აპოლონის შვილი არა ხარ, ბურთივით გაბერილი, ჩაგოდრებული აპოლონის ერთადერთი ვაჟიშვილი... იქნებ ნაბუშარი ხარ! თუ ასეა, თქვი და გაგიშვებთ.
ამორძალები ახარხარდნენ, დედოფალსაც გაეღიმა.
- თქვი! - ჩააცივდა ჭაღარა ამორძალი, - ნაბუშარი ვარ-თქო თქვი და მაშინვე გაგიშვებთ. მაყრულის სიმღერით გაგისტუმრებთ აქედან.
ჭაბუკი ხმას არ იღებდა, კიდევ უფრო დაბლა ხრიდა თავს.
- რას კანკალებ, ხომ არ გეშინია? - დაინტერესდა ჭაღარა და მზურნველ ძიძასავით დაიხარა ჭაბუკისკენ.
- რაო, ეგ რა თქვი, ასინეთ... როდის იყო მამაკაცებს ქალების ეშინოდათ. სცივა ალბათ საბრალოს, - გაისმა ბოხი, ხრინწიანი ხმა და დევივით მოსული ტანის ამორძალმა შემოალაჯა წრის შუაგულში. მისი ფართო, უსწორმასწორო სახე თითქოს პურის ცომისგან უგერგილოდ გამოეძერწა ვიღაცას. გულიანად იღიმებოდა და მსხვილ მეჩხერ კბილებს აჩენდა.
- სცივა და ჩვენ რიღასთვის ვართ აქ? - ხმამაღლა გაიცინა ასინეთმა. - რიღასი მაქნისები ვართ მე და შენ, პირიმზე, თუ ამ ცხვირმოუხოცელ ღლაპს ვეღარ გავათბობთ.
- გავათბობთ და მერე როგორ. იქნებ ცოტათი დასცხეს კიდეც, - ხრინწიანად გადაიხარხარა დევქალმა, რომელსაც სახელად ასეთი შეუფერებელი სახელი, პირიმზე უწოდა ასინეთმა. მისი ეს სიტყვები მაშინვე უდიდესი ხალისით აიტაცეს ამორძალებმა:
- ...ჰო, ჰო, ჰო... იქნებ ცოტათი დასცხეს კიდეც!
- გათბობას როგორ დავამადლით!
- ეს შეშა განა მაგისთვის არ მოვაგროვეთ?..
- რაღას უყურებთ, ზეციური მეომარი გველოდება...
- მეწამული თვალი მოუთმენლობისგან ცახცახებს ცაზე...
- აღარ მჭირდებაო კონკიაჟღარუნა ღმერთი... ცოცხალ მსხვერპლს თხოულობს!..
ყოველი მხრიდან სეტყვასავით აყრიდნენ ტომარაჩამოფხატულ ჭაბუკს, რომელსაც ისე ჩაექინდრა თავი, ლამის კუზიანს დამსგავსებოდა, ხოლო როდესაც ეს ორი სიტყვა ,,ცოცხალი მსხვერპლი~ მისწვდა მის სმენას, არა მარტო ასინეთმა, ყველამ აშკარად შენიშნა, თუ როგორ აკანკალდა მთელი სხეულით.
ამორძალებმა დამცინავი ყიჟინა დასცხეს, რამდენიმე მათგანი ახლოს მიუხტა აკანკალებულ ჭაბუკს, ღონივრად უჩხვლიტეს წვერწამახული ქათმის ბუმბულები, აქაოდა, გული არ წაუვიდეს შიშისგან, გრძნობაზე მოვიყვანოთო. ერთმა ამორძალმა ანთებული ჩირაღდანი მიუტანა ცხვირთან, თან გესლიანად შესცინა, ახლავე გაგათბობ, ნუ გეშინიაო.
თავზარდაცემულმა ჭაბუკმა ამოხედა ჩირაღდნიან ამორძალს, ჯვალოს ნახვრეტებში მკაფიოდ გაიელვა შიშისგან გადმოკარკლულმა თვალებმა... თუმცა მაშინვე სადღაც სხვაგან გადაიტანა მზერა.
სწორედ იმ წამს იყო, სულ ახალგაზრდა ამორძალმა გამოარღვია თავშეყრილ ამორძალთა წრე. ორივე ხელით ფრთხილად მოჰქონდა მოზრდილი ვერცხლის ჭურჭელი. ამორძალს არც კი გაუხედავს აბუჩად აგდებული ჭაბუკისკენ. შეშის გროვასთან მივიდა და ზედ მოაპირქვავა ვერცხლის ჭურჭელი.
ზეთი უხვად დაედინა ხმელი ხის ტოტებს. ჭაბუკმა დაინახა ვერცხლისჭურჭლიანი ამორძალი და უნებურად თვალი დარჩა მასზე.
ეს არ გამოჰპარვია ასინეთს. ხელი მისკენ გაიშვირა და ხმამაღლა შესძახა:
- შეხედეთ, შეხედეთ, ამორძალებო. ნუკრის უყურებს ჩვენი ძვირფასი მეზობელი. მეც არ მიკვირდა, ხმას რატომ არ იღებს-მეთქი! თურმე ჩვენ არ გვთვლიდა ლაპარაკის ღირსად. ეგ მხოლოდ ნუკრის თუ დაელაპარაკება, ალბათ ამისთვის ემზადებოდა.
ტყვემ ისევ ჩაღუნა თავი. ამორძალები ხმამაღლა ახარხარხდნენ, ქილიკი გააბეს ამ ახალ ამბავზე.
- ეტყობა თვალი დაუდგამს...
- ვერაფერს იტყვი, პირის გემო ჰქონია...
- სიყვარულის ახსნას თუ უპირებს ჩვენს ნუკრის.
- სიძე მობრძანებულა, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით...
- მაყრიონი სადღაა, სიძე-ბატონო?
დამცინავი ქილიკი ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ ამორძალებს, ისე მიუმარჯვეს ჩირაღდნები ზეთნაპკურებ შეშის გროვას. ცეცხლი თვალის დახამხამებაში აბრიალდა, იქაურობა მთრთოლავი ძლიერი შუქით განათდა. ამ შუქზე მკაფიოდ გამოიკვეთა უცნაური რამ ჩვენება, თეთრი ლანდივით რომ აზიდულიყო მაღლა, კოცონის მახლობლად. ქანდაკება აღმოჩნდა იგი, ადამიანის სხეულს ამოიცნობდი მასში, მაგრამ რა უმსგავსი, რა საზიზღარი სანახავი იყო! ეს გახლდათ ხისგან უშნოდ გამოჩორკნილი ფიგურა, ადამიანის მინაგვარი... ყოველ მის ნაკვთში თუ იერში დაცინვის და ზიზღის კვალი გამოსჭვივოდა. უცნაური ზიზილ-პიპილებით უხვად შეემკოთ იგი, ფერად-ფერადი ღინჭილებით და მძივებით მოერთოთ, თავზედაც ჭრელი ბუმბულები წამოეკოსებინათ. ცხვირპირი უხვად ჰქონდა საღებავებით მოთხუპნილი. ლოყები წითლად ულაპლაპებდა, და უგვანოდ იღრიჭებოდა ასევე მუქწითლად შეღებილი ფართო პირით. საყრდენიც ხის ბოძკინტებისგან გამოეჩორკნათ, და ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს ოჩოფეხებზე იყო შემდგარი ეს უმსგავსი, კონკიაჟღარუნა ქანდაკება. ასეთ სასაცილო ფიგურად იქცა ეს თეთრი ლანდი, რაც ასე შთამბეჭდავად ინაკვთებოდა ჩირაღდნების ბუნდოვან შუქზე...
ჯერჯერობით არავინ აქცევდა ყურადღებას ამ სასაცილო ფიგურას. ამორძალები ისევ ჭაბუკს შემოხვეოდნენ ირგვლივ. როგორც კი ცეცხლი გაძლიერდა და ნაკვერჩხლებმა წითლად იწყეს ღუილი, ორი ზორბა ამორძალი მიუახლოვდა თმაგაბურძგნულ ჭაბუკს, ღონივრად ჩაავლეს ხელები, კოცონისკენ უბიძგეს. ჭაბუკმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მთელი ტანით იკლაკნებოდა, ბღაოდა, შებრალებას ითხოვდა. ამორძალები დამცინავად აძლევდნენ ბანს და კოცონისკენ მიათრევდნენ. სამიოდ ნაბიჯზე იყვნენ კოცონიდან, როცა ციმციმ აიტაცეს საზარელი ხმით აბღავლებული ჭაბუკი და... იქვე ვირზე შემოასკუპეს უკუღმა. ვირი წინასწარ მოიყვანა ასინეთმა, ახლაც აღვირით ეჭირა იგი.
გაოგნებულმა ჭაბუკმა შეწყვიტა ბღავილი, გადმოცვენამდე მისულ თვალებს აფეთებდა, ცდილობდა რაიმე მოესაზრებინა, ვერ კი მიმხვდარიყო, რომ ვირზე უკუღმა იჯდა. ამორძალები ერთხმად ხარხარებდნენ. ნუკრიც იცინოდა, თან ზიზღი ეხატებოდა სახეზე. დედოფალი მეგიც იღიმებოდა იმავე ზიზღიანი ღიმილით.
ორმა ამორძალმა მოქნილი ღვედებით მაგრად დააკრა უნაგირზე გაოგნებული ჭაბუკი. ახლა მას მობრუნებაც არ შეეძლო, ვირიდან ჩამოსვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
- აბა, გასწი! - უთხრა ასინეთმა ჭაბუკს და თან ღვედები ხელით მოსინჯა, მაგრამდ არის თუ არა დაკრულიო - გასწი და მამაშენს აპოლონს უთხარი, თუ კიდევ გაუბედავს და ჩვენს საძოვრებზე გასანავარდებლად გამოუგზავნიხარ, იცოდეს თვალით ვეღარ გიხილავს მეტად.
ამ სიტყვების შემდეგ ასინეთმა ღონივრად დაჰკრა ვირს სახრე. ვირი დაიძრა ადგილიდან, წააჩაქჩაქა თავის ტვირთი. დამცინავი ყიჟინით გააცილეს იგი ამორძალებმა.
როგორც კი თვალს მიეფარა ვირზე უკუღმა დაკრული ჭაბუკი, სიცილის და ხმაურის ხმა მაშინვე მიწყდა. სახის იერი მყისვე შეეცვალათ ამორძალებს, თითქოს ყველა ერთბაშად დადინჯდა. მჭიდრო რიგებად დაეწყვნენ კოცონის ირგვლივ. მათ შორის სულ ახალგაზრდა ასულების გუნდი გამოირჩეოდა, განცალკევებით მდგარი. სხვა ამორძალებისგან განსხვავებით ტყავის სამკერდული არ ეკეთათ ახალგაზრდა ასულებს. მათი მარჯვენა ძუძუ ჯერაც უვნებელი ჩანდა, მათ მკერდს ჯერჯერობით არა აკლდა რა...
ცეცხლი სულ უფრო მეტი ძალით ეგზნებოდა, მთრთოლავი ალი ანათებდა ამორძალთა მკაცრ, მოზეიმე სახეებს. ისინი რიგრიგობით გამოდიოდნენ წრიდან, კოცონს მიუახლოვდებოდნენ და მკლავის ღონიერი მოქნევით ცეცხლში ისროდნენ, ზოგი რას და ზოგი რას. ათასნაირ რამერუმეს. ერთმა სამაჯური მოიხსნა, მეორემ ტყავის ფართო ქამარი გადაისროლა ცეცხლში, მესამემ ისედაც მოკლე სამოსელს შემოახია კალთა, მეოთხემ საკუთარი თმის ბღუჯა ჩამოიღო თავიდან. ყველა მათგანს რაიმე უნდა გადაეგდო ცეცხლში, თუნდაც სამოსელიდან გამოძრობილი ერთი ძაფი ან თმის ერთი ბეწვი, ასეთი იყო ამ საზეიმო ღამის ერთერთი წესი და ამორძალები დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ ამ წესს, რომელსაც საწინდარის გადაგდებას ეძახდნენ. დედოფალმა მეგიმ თავის წითელ მოსასხამს შეაწყვიტა მოქარგული ფუნჯი. ნუკრიმ წითელი ყვავილი ისროლა ცეცხლში, თმაში რომ ჰქონდა ჩამაგრებული.
კიდევ უფრო გაძლიერდა ცეცხლი. ბრწყინვალე ალმა დღესავით გაანათა იქაურობა. ამორძალთა მწყობრ რიგებს შემოადგა მისი ელვარება. ამას გარდა, რაღაც მეტად ძლიერი, შინაგანი სხივიც ენთო ამორძალთა სახეებზე, ჩანჩქერივით სცემდა მათი ანთებული თვალებიდან.
ტანმაღალმა, უსწორმასწორო სახის მქონე ამორძალმა, რომელსაც ასეთი შეუფერებელი სახელი, პირიმზე ერქვა, სიმღერა წამოიწყო. საოცრად ძლიერი, ბოხი ხმით დასძახა ამორძალთა საომარი ჰანგი. სიმღერის ხმამ კიდევ უფრო აღაგზნო ამორძალები, მკლავებზე ძარღვები დაებერათ, თითქებმა უნებლიედ მოსინჯეს ორპირა ცულის ტარი.
დედოფალ მეგის თავი დაეხარა, სიმღერას უგდებდა ყურს, თან ქვეშქვეშ უთვალთვალებდა ახალგაზრდა ასულთა ჯგუფს. როგორც კი ეს საზეიმო ღამე გაილევა, მარჯვენა ძუძუს დაუდაღავენ ყველა მათგანს, და იმ წუთიდან ამორძალებად ითვლებიან ისინი. უფლება ექნებათ დაწყვილდნენ დროებით სტუმრად მოწვეულ მამაკაცებთან. როგორც კი ფეხმძიმედ იგრძნობენ თავს, მამაკაცები ისევ იქით უნდა გაისტუმრონ, საიდანაც მოვიდნენ. მჭრელი თვალით შეჰყურებდა დედოფალი მომავალ, ჯერაც მკერდაუდაღავ ამორძალებს; ხომ არ არის რომელიმე მათგანი იმდენად აცუნცრუკებული, რომ სტუმრად წვეულ მამაკაცს დაემონოს?.. არიან თუ არა იმისთვის მზად, რომ თვითონვე ბოლომდე დარჩნენ მათ მბრძანებლებად და პირიქით არ მოხდეს. თუ ზედმეტ მგრძნობიარობას ან რაიმე საეჭვოს შეატყობს რომელიმე მათგანს, დედოფალს უფლება აქვს აუკრძალოს მკერდის დადაღვა, შემდეგი ზეიმისათვის გადასდოს იგი, ანდა სულაც უარი უთხრას ამ წმინდა წესის აღსრულებაზე. ახალგაზრდა ასულიც ვეღარ იქცევა ამორძალად. ასეთ შემთხვევაში კი მას ორი გამოსავალი აქვს: ან მთელი სიცოცხლე ამორძალებს უნდა ემსახუროს ხელზე, ანდა საერთოდ უნდა დასტოვოს აქაურობა. ამორძალთა სამეფო მეომარ ქალებს ეკუთვნით, სხვა ვინმე აქ ვერ იგრძნობს თავს ბატონ-პატრონად.
...მე მგონი, ყოველივე რიგზეა, - ფიქრობდა დედოფალი, - ყველა მათგანი მზად არის, რომ ღირსეულად გადაიტანოს ეს დროებითი, აუცილებელი კავშირი. უკვე ნამდვილ მეომარ ქალებს გვანან, მათ ნაბიჯს ავაზისებური სიზანტე ახლავს, შინაგანი ძარღვიც იგრძნობა. გამოხედვაც თამამი, ნათელი და პირდაპირი აქვთ. არა, ესენი არ გვანან კეკლუც ქალებს, თავს რომ დაბლა დახრიან, აქაოდა ძალიან გვრცხვენია შენი დანახვაო. კარგი ამორძალები დადგებიან, ჭეშმარიტი მეომარი ქალები... მკერდის დადაღვაც თავისას შეჰმატებთ. აღარასოდეს აღარ დაავიწყდებათ ეს ტკივილი, კარგად ეცოდინებათ, როა ამაზე მწარეა ის ტკივილი, რასაც მიტოვებული, სახელმოყივნებული ქალი განიცდის ხოლმე...
დედოფალმა თვალი აარიდა ახალგაზრდა ასულთა ჯგუფს, ხელი იფარა კოცონის ალისგან და ზეცას ახედა. ის იყო გაიფიქრა, მგონი უკვე თენდებაო, რომ ასინეთის ხმამაღალი ძახილიც შემოესმა: ,,მზემ უკვე დაანთო პირველი ჩირაღდანი, უკვე თენდებაო, ამორძალებო~, ხმამაღლა გაჰკიოდა ასინეთი.
ამორძალები აღტაცებული ყიჟინით გამოეხმაურნენ ასინეთის ძახილს. რამდენიმე მათგანი, უმეტესად ახალგაზრდები, მაშინვე მიცვივდნენ ოჩოფეხებზე შემოსკუპებულ სასაცილო თოჯას, სასწრაფოდ ჩამოათრიეს ოჩოფეხებიდან. ყველა ამორძალი ეპოტინებოდა თოჯას, უნდოდათ როგორმე ხელით შეხებოდნენ. ამორძალთა ყიჟინასა და ღრიანცელში პირიმზეს მაღალი, ბოხი ხმა გამოირჩეოდა. ,,...სისხლიანი თვალი~ ბრიალებს ცაზე, - გალობდა იგი, - მსხვერპლის მოლოდინში მოუთმენლობისგან თრთის და ცახცახებს ზეციური მეომარი...~
ამორძალებმა კოცონს ირგვლივ სამჯერ შემოატარეს ხელში ატატებული თოჯა. როგორც კი მესამე წრე დაასრულეს, შედგნენ და პამპულა, სამასხარაო ქანდაკება ცეცხლში გადაისროლეს, თან დამცინავად უსტვენდნენ, ომახიანი ხმით დასძახოდნენ ათასნაირ სამასხარაო, აბუჩად ამგდებ შენიშვნებს: ,,...აჰა, დაიწვი და დაიფერფლე... მართეველა...~ ,,არარად იქეც...~ ,,...სხვა რიღასი მაქნისი ხარ, თუ მუგუზლად არ იქცევი...~ ,,...მადლობელიც იყავი, თუ ზეციურმა მეომარმა მიგიღო მსხვერპლად~... ,,...მზემაც დაგხედოს, გარუჯულ მუგუზლად ქცეულს...~
დედოფალმაც შესძახა ორიოდე ძარღვიანი სიტყვა პამპულა თოჯას მიმართ, მთელი გულით და სულით ისურვა მისი ერთიანად დახრუკვა, რათა ზეციური მეომარი მადლიერი დარჩენილიყო. ალბათ ასედაც იქნებოდა... მას ხომ თვით ღმერთს, სიყვარულის ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლად.
- ,,შენ უნდა იყო ჩვენი მადლიერი, - ასე მიმართა დედოფალმა თავის გულში ზეციურ მეომარს, რომელიც იმ წუთას სისხლიანი თვალით დაჰყურებდა ამორძალებს, - ჩვენ ხომ სიყვარულის ღმერთს გწირავთ მსხვერპლად. განა მრავლად არიან ღმერთები, რომელთა სამსხვერპლოზე თვითონ ღმერთი აჰყავდეთ?~.
თოჯას დახრუკვის შემდეგ კიდევ უფრო გამხიარულდნენ ამორძალები. მათი გნიასისგან ყურთასმენა აღარ იყო. დღის სინათლეც მომძლავრდა. ამ დროისთვის თავს დაღლილობა შეატყო მეგიმ, უხმოდ, შეუმჩნევლად გაეცალა იქაურობას, მსუბუქ ეტლში ავიდა და მოსასვენებლად გასწია. ეტლი იქვე ელოდებოდა. თვითონვე მართავდა და ეტლს დედოფალი. ასეთი იყო მისი ჩვეულება, რომელსაც არც ახლა უღალატა, ასეთრიგად დაღლილმა. სიამოვნებას გვრიდა, მოქნილი ტყავის სადავეები მჭიდროდ რომ ეკვროდნენ ხელებზე.

ნუკრი

რბილ საგებზე მიწვა დედოფალი მეგი, თავი მკლავებს დაანდო.
- ნენე, მოდი ერთი, ხელი მომისვი!
ნაბიჯების ფრატუნით მიეახლა სულ ერთიანად გათეთრებული მოხუცი ქალი, ხელი ღონივრად დაუსვა მოშიშვლებულ ზურგზე.
დედოფალს ჟრჟოლამ დაუარა მთელ სხეულში.
- მადლიანი ხელი გაქვს, ნენე, - წაიბუტბუტა თვალდახუჭულმა, - ასე მგონია, პატარა ვარ და ვიღაც მეფერება.
- პატარა როცა იყავი, მაშინაც ასე გეფერებოდი, - მშვიდად გამოეხმაურა ნენე, - უყვართ პატარებს ზურგზე ხელის მოსმა.
დედოფალს აღარაფერი უთქვამს, ნეტარებით განაბულიყო ნენეს მადლიან ხელებს მინდობილი.
- ვბერდებით ალბათ, - ისევ ალაპარაკდა დედოფალი ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, - სულ უფრო მიჭრს ღამის თევა. უწინ კი, მახსოვს, ზედიზედ სამი ღამე რომ არ მძინებოდა, ვერ შემატყობდი.
- რა დროს შენი სიბერეა, აბრეშუმივით რბილი კანი გაქვს, ლერწამივით მოქნილი ძვლები.
- მეტისმეტი მოგდის, ნენე, - ჩაიცინა მეგიმ, - ლერწამთან შედარება რა გამოგვადგება. აი, ნუკრის შესახებ შეიძლება მაგის თქმა. ეგ ალბათ ჩემს ასაკში ლერწამივით მოქნილი იქნება.
- ნუკრი, ვენაცვალე! - აღტაცებით გამოეხმაურა ნენე, - ოო, ნუკრი სულ სხვაა...
დედოფალი მეგი ისევ დაჩუმდა, თვალდახუჭული ნეტარებდა ნენეს მარჯვე ხელებს მინდობილი. ბედნიერი იყო ამ წუთას, ნენეს მოფერება ყოველთვის განსაკუთრებით სიამოვნებდა. მით უმეტეს, რომ დღეს ბევრი მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რათა თავი ბედნიერად ეგრძნო. ასე ცხადად, ასე ხელშესახებად ჯერ არასდროს შეეცნო მეგის თავისი საბრძანებელი; იგი თითქოს ერთი მთლიანი სხეული იყო, რომელიც განუყოფელ ნაწილად, მეორე ცხოვრებად ქცეულიყო. ამისთვის მეგი ლამის საკუთარი სხეულის კიდურებივით აღიქვამდა თავის მიწა-წყალს, ყველა ამორძალს სათითაოდ. და რა საამო იყო, როცა მართლა საკუთარი სხეულის, ჯანსაღი და ძლიერი სხეულის კიდურებივით ემორჩილებოდა ირგვლივ ყველა და ყველაფერი. ხელწამოსაკრავად და ვაგლახად ვეღარავინ ახსენებდა ამორძალთა სამეფოს, მის შემოგარენს ვეღარ ხელყოფდნენ ისე არხეინად. ის ტუტუცი ღლაპი, წუწკი აპოლონის შვილის, ჭკუის სასწავლად გამოადგება ყველას. ეცოდინებათ როგორ უნდა ამორძალებთან თავის დაჭერა.
უკეთესს ვერც კი ინატრებდა დედოფალი, ისეთი მეომარი ქალები ეხვივნენ ირგვლივ. ჯერ მარტო ასინეთი რად ღირდა. მართალია, ცოტათი ასაკმა მოუკაკუნა, სამაგიეროდ სიბრძნე მოემატა. ჯანიც მრთელი აქვს მკაცრი ცხოვრების წყალობით. მასზე უკეთესად ვერავიც გამოიცნობდა, თუ რომელი ამორძალიდან რა მეომარი შეიძლებოდა დამდაგრიყო. და სწორედ ასინეთმა, ბრძოლებში მრავალნაცადმა, სახენაჭრილობევმა ასინეთმა თქვა, სწორუპოვარი მეომარი დადგებაო ნუკრი. ჯერ სულ ბალღი იყო ნუკრი მაშინ, ხის მშვილდისრით თამაშობდა, როცა ასინეთმა ეს უწინასწარმეტყველა.
- გუშინდელ დღესავით მახსოვს ნუკრის დაბადება, - ისევ ალაპარაკდა დედოფალი. - ხის ნედლი ტოტების კარავში გავაჩინე, ტყის პირას.
- ჰო, მაშინ იყო, როცა გახურებული ომი გვქონდა მომთაბარე მეჯოგეებთან, - ფიცხლად გამოეხმაურა ნენე. - ძილი და მოსვენება რა იყო, არ ვიცოდით. შენ აღარც კი გახსოვდა, ორსულად რომ იყავი. მე შეგახსენებდი ხოლმე... მწვანე კარავი მე მოგიწყვე, ბალღიც ჩემს ხელებში ჩაგორდა.
- ძალიან ცოცხალი, ცქვიტი ბავშვი იყო. თავი მაშინვე ყინჩად ეჭირა, აი ასე... - დედოფალმა თავი მაღლა ასწია მკლავებიდან.
- დიდი, ნამიანი თვალები ჰქონდა ნუკრივით, - ხმაში ღიმილი დაეტყო ნენეს.
- ფეხიც მალე აიდგა, ათი თვისაც არ იყო, ნუკრივით რომ დარბოდა.
- ნუკრივით დარბოდა, მართლაც...
- ვამბობდით, ალბათ მუცელში ისწავლა სირბილი-თქო...
- ნუკრი იყო, ნამდვილი შვლის ნუკრი...
სინაზით სავსე ხმებით ესიტყვებოდა ერთმანეთს ეს ორი ქალი. ერთი უკვე ხნიერი, მეორე შუახანს მიტანებული. ისინი ახლაც თვალნათლივ ხედავდნენ იმ პატარა ნუკრის და სახეები იმ წმინდა ნათელი სხივით გაცისკროვნებოდათ, რითაც მხოლოდ პაწია ბალღს შეუძლია დაასაჩუქროს ადამიანი.
მერე დედოფალმა ისევ ჩაღუნა თავი, მკლავებს დაანდო.
- მძიმეა ამორძალთა დედოფლის ხვედრი, - წაიდუდუნა უკვე სხვა სხვა ხმით, - არ ვიცი, შეძლებს თუ არა ნუკრი...
- შეძლებს, - გადაჭრილად თქვა ნენემ და რბილბეწვიანი საგები წამოაფარა მეგის მხრებზე, - ნუკრი იქნება ამორძალთა დედოფალი შენს შემდეგ, ეს ყველა ამორძალმა იცის, და ამას ბავშვობიდანვე არიან შეჩვეულები. ერთი წუთით წარმოიდგინე, ვითომ შენ არ ხარ ნუკრის მშობელი დედა, უცხო თვალით შეხედე და ისე თქვი, თუ მოიძებნება ამორძალებში ვინმე სადედოფლოდ ნუკრიზე უფრო შესაფერისი. ვის აქვს მაგაზე უფრო მჭრელი თვალი, უტყუარი მარჯვენა, გონიერი თავი. განა ვინმეს დაუდებს ტოლს ისრის სროლაში ან ორპირა ცულის ხმარებაში. თუ იმას იტყვი, მშიშარააო. ის ვინღა იყო, ერთი მუჭა ამორძალებით მთელი ხროვა რომ დაიფრინა...
- ოჰ! - ღრმად ამოისუნთქა მეგიმ ამის გახსენებისას. დიდი შიში ჭამა მაშინ. ახლაც სიცივემ დაურბინა ხერხემალში. ეგონა, მეტად ვეღარც ნახავდა ნუკრის. მერე როცა ჰკითხა; ეს როგორ გაბედე, რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ თავზეხელაღებულ ლაშქრობას მოაწყობდიო, ნუკრიმ ასეთი პასუხი გასცა: ვერც ისინი იფიქრებდნენ ამას, სწორედ ამიტომ დაფრთხნენ და გაიქცნენო. ძალიან ეამა მეგის თავისი ღვიძლი შვილის ასეთი სიმარჯვე და გამბედაობა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა სახეზე ცხადად არ დასტყობოდა სიხარული, ანდა ხმას არ გაეცა. აღარაფერი უთქვამს მაშინ ამ მიზეზით. ამორძალებს ერთი ზეიმი ჰქონდათ, დიდი ალაფი იშოვნეს ნუკრის წყალობით. ლამის გააღმერთეს ნუკრი, ხელში აყვანილი დაჰყავდათ.
მხოლოდ მოგვიანებით, მარტომყოფმა დედოფალმა დიდი გულისხმიერებით დაარიგა ნუკრი. თავს უნდა გაუფრთხილდეო, ეუბნებოდა და უჩვეულო სინაზით უსვამდა ხელს თავზე ნუკრის. შენ მემკვიდრე ხარ ჩემი. დღეს არა, ხვალ დედოფალი იქნები, ძლიერ სამეფოს მიიღებ, და იგი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს შენს ხელში. ყველა ღირსება გაქვს მონიჭებული საიმისოდ, რათა შეძლო ქვეყნის გაძღოლა. სწორედ ეს უნდა დააყენო ყველაზე მაღლა, ესაა შენთვის უმთავრესი და უპირველესი. შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის, იგი შენს ქვეყანას, ამორძალთა სამეფოს ეკუთვნის.
მერე იმაზე ალაპარაკდა მეგი, გამარჯვებამ თავბრუ არასოდეს არ უნდა დაგახვიოსო. გამარჯვება და დამარცხება ტყუპი ძმები არიან. როცა ერთი გესტუმრება, გახსოვდეს, მეორე სადღაც არის ჩასაფრებული. შეიძლება ძალიან ახლოსაც იყოს შენთან. გამარჯვების სიხარულმა ისე არასოდეს არ უნდა დაგათროს, რომ ეს დაივიწყო. როცა შენს ირგვლივ ფერხულს ჩააბამენ სიხარულით მთვრალი ამორძალები, შენ ამ დროს იმაზე უნდა დაფიქრდე, თუ ვით შეძლებდი დახვედრას, მეორე ძმა რომ გსტუმრებოდა.
ფართოდ თვალგახელილი ნუკრი ნათელი, პირდაპირი მზერით შეჰყურებდა და უსმენდა. მეგიმ ყურადღებით ჩახედა თვალებში, სახეზე დააშტერდა ერთი წამით და მერე განზე გადაიტანა მზერა. ჭეშმარიტად ასეა! ამორძალთა დედოფლისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია ნუკრის, არაფერს არ აჭარბებს ნენე, როცა ასე გაუთავებლად აქებს და ადიდებს თავის აღზრდილს. ანდა თუ მაინც ოდნავ აჭარბებს რაიმეს, იმდენიც არაფერი... მხურვალე გულს ეპატიება. მართლაც ნამდვილი ამორძალია ნუკრი, თითქოს საგანგებოდ ამორძალთა მოუსვენარი ყოფისთვისაა დაბადებული, მეტისმეტად ლამაზი რომ არ იყოს...
მეგის ყოველთვის აკრთობდა და მოსვენებას უკარგავდა ნუკრის საოცარი სილამაზე. გამომცდელი, მკაცრი მზერით ჩააცქერდებოდა ხოლმე სახეში და მერე თვალს არიდებდა, თითქოს ვეღარ უძლებსო ნაქანდაკარი სახის ნაკვთების მომნუსხველ თანწყობას. ამ დროს შინაგანად ერთიანად აფორიაქდებოდა ხოლმე მეგი. განებივრებით არასოდეს გაუნებივრებია მეგის თავისი ერთადერთი შვილი. მის აღზრდას ყოველთვის მკაცრად ადევნებდა თვალს. ფხიზლად ამოწმებდა, რათა ნენეს თავისდა უნებლიედ ჰარამხანის ყვავილი არ გამოეზარდა მისგან. ბალღობიდანვე შეაჩვია ჭირთა თმენას. სიცივე, სიცხე თუ პირქარი, მთელი დღე მშიერმწყურვალი ყოფნა; არცერთი არ იყო უცხო ხილი ნუკრისთვის. არც სამოსელი ეცვა ოდესმე სხვებისგან გამორჩეული. არც რაიმე სამკაულის ტარების ნებას აძლევდა მეგი. თუმცა არც ნუკრის გამოუთქვამს ოდესმე ამის სურვილი.
როგორც ჭეშმარიტ ამორძალს, მასაც თავისი იარაღ-საჭურველი; ორპირა ცული და ხანევარმთვარის ფორმის ფარი მიაჩნდა ყველაზე დიდ სამკაულად. ერთი ის იყო, ლალის თვალებივით მოაჭედვინა თავისი განუყრელი ორპირა ცულის ტარი, და ამაში არაფერი არ ყოფილა უჩვეულო ან განსაკუთრებული. იარაღ-საჭურველს ყველა ამორძალი ამკობდა რაიმე ძვირფასეულით. ის ლალის თვლებიც თვითონ ნუკრიმ მოიპოვა იმ თავზეხელაღებული ლაშქრობის დროს... სხვა ახალგაზრდა ამორძალებივით, ნუკრისაც ფართო ტყავის ქამარი ერტყა წელზე იარაღის ჩასამაგრებლად, თმას მხოლოდ ყვავილების გვირგვინით თუ დაიმშვენებდა. ისიც უმეტესად დღესასწაულებზე. უკვე ასაკოვან ამორძალებს, რომლებსაც მემკვიდრეებიც ჰყადვათ, შეეძლოთ ოქროს ბალთებით მოერთოთ ტყავის ქამრები, ხოლო თმა ოქროს დიადემით შეეკრათ, რომელსაც შუაში ოქროს ყვავილი ექნებოდა ჩამაგრებული. ახალგაზრდა, მკერდდაუდაღავ ამორძალებს ამის უფლება არ ჰქონდათ...
უკვე ბალღობიდანვე ხვდებოდა მეგის თვალში თავისი ერთადერთი ასულის გამორჩეული გარეგნობა და შესახედაობა. აკვირვებდა ჯერ ისევ მოზარდი გოგონას უცნაურად რბილი, მოქნილი მიმოხვრა, მართლაც ნამდვილი ნუკრივით მეტყველი, ნამიანი თვალები. როცა მოიზარდა, ნამდვილი მზეთუნახავი  შეიქნა. ამ იშვიათ სილამაზეს უკვე ვეღარაფერი ვეღარ ჩრდილავდა და ვერ ვნებდა; ვერც დღენიადაგ მოუსვენარი ყოფა, მსუსხავი ქარი, ვერც მზის მცხუნვარება, ვერც უძილო ღამეები და ჭეშმარიტად ძნელად ასატანი საბრძოლო ნათლობანი, რასაც ჟამიდანჟამს აწყობდნენ ამორძალები ახალბედებისათვის. რა პირგამეხებითაც არ უნდა შებმოდა ნუკრი მოწინააღმდეგეს, გინდ სავარჯიშოდ თავის ტოლსწორებს, გინდ ნამდვილ მტერს, მაინც უნაზესი სხივი დასთამაშებდა სახეზე. ავი სიმკაცრე არასოდეს არ დასტყობია. ჩაუქრობლად ღვიოდნენ მის თვალებში ქალური სინაზის ნაპერწკლები, რომელსაც ერთგვარი ბავშვურობაც თან ახლდა. მეგის აკვირვებდა ნუკრის პირისკანი, ხავერდოვანი და გადატკეცილი, თითქოს პეპლებმა უნაზესი და ურბილესი ფრთებით გადაუწმინდესო ღაწვები. როცა ხშირი სირბილი ან ვარჯიში ფერს შეჰმატებდა ამ ღაწვებს, ვარდის ფურცლებს მოაგონებდნენ მნახველს. რა სიმკვეთრითაც არ უნდა მოექნია ორპირა ცული, ნუკრის მოძრაობა მაინც საოცარი სილბოთი იყო სავსე. ცხენზე ამხედრებულს თუ ვინმე ნახავდა, ვერასდროს ვეღარ დაივიწყებდა; ლერწმის მოქნილ რტოსავით ლაღად ირწეოდა უნაგირზე, ხოლო მისი მარილიანი ფართო თვალები, მაღლით მომზირალნი, კიდევ უფრო მეტყველნი და იდუმალებით მოსილნი ჩანდნენ ამ დროს. ჩუმჩუმად უჭვრეტდნენ ამორძალები, თვალს ვერ აშორებდნენ მოხიბლულები. მეგიც უჭვრეტდა და... თავის გულს ასკდებოდა; ეშინოდა მეგის, ეს საოცარი სილამაზე ჩასაფრებული მტერივით იყო. არ უწყოდა მეგის, როდის ან როგორ უმუხთლებდა ეს მტერი. არა, არ უნდა იყოს ამორძალი ასე ლამაზი! რაში სჭირდება ამორძალს სილამაზე? სილამაზე ზედმეტი ბარგია მისთვის, ხელისშემშლელი. არასოდეს კარგი არაფერი გამოსულა მისგან, ხათაბალას კი, იცოცხლე, ბევრს გადაგყრის... გულში იდუმალ ნატრობდა მეგი, რაიმე ჩრდილი დასცემოდა ამ სწორუპოვარ სილამაზეს, იქნებ ოდნავ გაკაწრულიყო ომში ან შეჯიბრში, სახეზე კვალი დამჩნეოდა... მაშინ უფრო მშვიდად იგრძნობდა თავს მეგი. ეს იდუმალი ფიქრი ერთს გაიელვებდა და უმალ ჰქრებოდა. ალბათ მაინც ქალი იყო მეგი გულის სიღრმეში, ფიქრსაც რომ ვერ ბედავდა ასეთ რამეზე.
ნენემ ფარდები ჩამოაფარა, მზის სხივები მის მიღმა მიიმალნენ. მეგიმ თვალები დახუჭა, თავი უბრუოდა... ,,უნდა დავიძინო, არაფრის მაქნისი არ ვიქნები უძილო, სრულებით ვეღარ ვიტან უძილობას...~ თვალდახუჭულს ცხადად წარმოუდგა ნუკრის სახე, მეტყველი, ნამიანი თვალებით, ვარდის ფურცელივით ნაზი პირისკანით. მეგის უნებურად სახეზე გამოეხატა შიში, ერთხელ აკვიატებული ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. ,,მომავალი წლის სამსხვერპლო ღამეს ნუკრის მოუწევს მკერდის დადაღვა, მსჯელობდა იგი გუნებაში, მერე ვინმე უნდა შევურჩიოთ (ასინეთი შეურჩევს, როგორც სხვებს), ბავშვი ხომ უნდა გააჩინოს, დედოფალი ვერ გახდება, თუ ჯერ დედა არ გახდა. სწორედ ესაა მთელი ხათაბალა, ვინ რა იცის, რა მოხდება...
განსაკუთრებით სახიფათოა ეს ყველაფერი მისი სილამაზის პატრონისათვის, რა კარგი იქნება, თუ გულარძნილობა გამოიჩინეს მის მიმართ... მამაკაცის გულარძნილობა სასურველიც კია ამორძალისათვის, მაგრამ ვაი რომ ნაკლებად მოსალოდნელია. ვერცერთი მამაკაცი ვერ იქნება გულარძნილი ნუკრის მიმართ, ალბათ გააღმერთებს, ქება-დიდებით ცაში აიყვანს (დადაღული მკერდის მიუხედავად), ჰოდა, იქნებ თავბრუ დაახვიოს გამოუცდელ ამორძალს. დიდი სიფრთხილეა საჭირო, შესახედავად ლამაზ ამორძალებს ამ დროისთვის განსაკუთრებით სჭირდებათ მომზადება. ნუკრის ხომ მითუმეტეს... ღმერთქალივით ლამაზია, თან დედოფლის მემკვიდრე...
- ეეჰ, ნეტავი ასეთი ლამაზი არ გამჩენოდი, - წაიბუტბუტა რულმორეულმა მეგიმ, - ვაითუ შეგაცდინოს საკუთარმა სილამაზემ, სათამაშოდ არ უნდა იქცე, ლამაზ სათამაშოდ, თორემ აღარც მეომრად ივარგებ, აღარც ამორძალთა დედოფლობისთვის გამოდგები. გახსოვდეს, შენ ამორძალი ხარ და არა ქალი. შენ ისე უნდა მიიღო იმ ვიღაც გადამთიელის სტუმრობა და ალერსი, როგორც თოვლიანი მთის მწვერვალი ღებულობს მზის მოალერსე სხივებს: ცივად, უგრძნობლად...
ჯერჯერობით ნუკრის ხატებას ეუბნებოდა მეგი ამ სიტყვებს. თითქოს საკუთარ თავს ამზადებდა და აგულიანებდა იმ დროისთვის, როცა მის წარმოსახვაში მოფარფატე ლანდისთვის კი არა, თვითონ ნუკრისთვის უნდა ეთქვა იგი...

ჭრელი ბაღდადი

აგუზგუზებული ბუხრის პირას მიმჯდარიყო ორი ხანდაზმული მეგობარი, აპოლონი და ანანია. წინ ნაირნაირი საჭმელ-სასმელით გაწყობილი ტაბლა ედგათ. დინჯად, აუჩქარებლად მიირთმევდნენ, თან ტკბილად ჭუკჭუკებდნენ. მსუბუქი ნისლივით ეხვია ორივეს საამური ტრაპეზის ოხშივარი და უკვე შორს დარჩენილი ახალგაზრდობის ტკბილნაღვლიანი მოგონება.
სასმელის წრუპვას მოუხშირეს ბოლოს, როცა საჭმელისკენ აღარ მისდიოდათ თვალი. აპოლონს სულ ერთიანად აულაპლაპდა მელოტი თავი, ღიპიც უფრო შთამბეჭდავად გამოეკვეთა ტანსაცმლის ნაკეცებში.
თმაჭაღარა ანანიას თვალები აუწყლიანდა, ხშირ წვერულვაშზეც ისე ჩამოისვამდა ხოლმა ჟამიდანჟამს ხელს, თითქოს გემოს ატანსო.
შუა ქეიფში იყვნენ, როცა მალხაზი წამოადგათ თავს. შველი მოენადირებინა უთენია სანადიროდ წასულს და გვარიანად მოშიებულმა ხორაგით დამძიმებულ ტაბლას დაადგა თვალი.
- ხომ არაფერს შემოუმატებ ჩვენს სუფრას?!. - შესძახა აპოლონმა, ხმამაღალი ლაპარაკისგან ღიპი ერთიანად აუთახთახდა. მან უკვე იცოდა ანანიასგან, მალხაზი სანადიროდ რომ იყო წასული.
მალხაზი მიესალმა სტუმარს და ზრდილობიანად მოახსენა, შველს უკვე ატყავებენ მსახურნი, ახლავე მწვადებს მოგვართმევენო.
- არა, აქ მოიტანე, ჩემი ხელით უნდა შევწვა, - აცმუკდა აპოლონი ბალღივით.
- მართალია, ასე აჯობებს, შვილო. - თქვა ანანიამ და მალხაზისკენ მიაბრუნა სასმელისგან ზომაზე მეტად შევარდისფერებული სახე. სიყვარულით სავსე გამოხედვაც თან ახლდა ამ სახეს და ერთიანად ნათელი გადასდიოდა ხშირი ჭაღარა თმაწვერით დამშვენებულ მოხუცს.
- როგორც ინებებთ, - თქვა მალხაზმა, მსახურებს გასძახა და მერე ტაბლას მიუჯდა.
- ნეტავი შენი ვაჟი წამოგეყვანა, - სტუმარს მიუბრუნდა თმაჭაღარა ანანია.
ამის გაგონებაზე აპოლონი მდუღარეწყლიანი ქვაბივით ათუხთუხდა, ღიპი უარესად აუთამაშდა, წყევლა-კრულვის მთელი ნიაღვარი გადმოანთხია პირიდან: ღმერთმა დასწყევლოს, ყველა წმინდანმა და ავმა სულმა ერთად დასაჯოს ამორძალთა მოდგმა და გასაგისი. ზეციური რისხვა არ ასცილებოდეთ იმ ბნედიან დედაკაცებს. არაფრის პატივისცემა იმ აშაღლარებმა არ იციან, არაფრის რიდი არ აქვთ. ქალი... ქალი კი არა, ალქაჯები არიან, ქალმა ამდენი როგორ უნდა გაბედოს? დაჭრილი მიწევს სახლში ჩემი ბიჭი, საძოვრებზე გადაჰყრია იმ ღვთისპირისგან გადავარდნილებს. მარტოდმარტო იყო და მოერივნენ. წამოვიყვანდი, რატომაც არ წამოვიყვანდი, დაჭრილი რომ არ იყოს. ბალღობის მერე ერთმანეთი აღარ უნახავთ ჩვენს ბიჭებს.
ჭაღარა ანანიას ხმა არ გაუღია. მან მაშინვე იეჭვიანა, რომ აპოლონი რაღაცას მალავდა. მთლად ისე არ უნდა ყოფილიყო საქმე, როგორც აპოლონს გამოჰყავდა. ამორძალებთან ხუმრობა რომ არავის შერჩებოდა, ეს კარგად უწყოდა ჭაღარა ანანიამ, ისიც იცოდა, უმიზეზოდ არავის არ მიაყენებდნენ ვნებას. ამან საშუალება მისცა ფხიზელი თვალით შეეხედა თავისი სტუმრის ნაამბობისთვის და ტყუილის აშკარა ნიშნები დაენახა მასში.
აპოლონი კი, რახან ერთი აფორიაქდა, ვეღარ წყნარდებოდა. ათასნაირ წყევლა-კრულვას უთვლიდა იმ ბნედიან, აშაღლარ ქალებს: რა ქალის საქმეა მეომრობა? ქალი სახლში უნდა იჯდეს, ბავშვებს უვლიდეს. - ცოფებს ყრიდა იგი. შვლის მწვადები სრულებით დაავიწყდა, არც კი შეუმჩნევია, მსახურმა შამფურები მის ცხვირწინ რომ დაალაგა წითლად მღვივარ ნაკვერცხლებზე.
მალხაზი გაოცებული უსმენდა ბრაზით გატენილი მოხუცის უთავბოლო ლაყბობას. ეს ყველაფერი მისთვის ახალი ამბავი იყო. იგი კარგა ხნით მოცილებოდა მშობლიურ ჭერს, ლაშქრად ევლო, ბრძოლის ჰაერი ესუნთქა, მეომრის იერიც მიეღო, რაც კიდევ უფრო ამშვენებდა ისედაც სანდომიან, ტანწყობილ ჭაბუკს და მოსიყვარულე თვალს ხშირხშირად სიამოვნებით შეავლებდა ხოლმე ანანია. ბალღობაში კი მოეკრა ყური მალხაზს, რომ მათ მეზობლად ამორძალები სახლობდნენ, რომ ისინი არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ ქალებს და ძალიან მრისხანე მეომრები იყვნენ, მაგრამ ის ყველაფერი სანახევროდ გადავიწყებული ჰქონდა. და რაც ახსოვდა, უკვე ისიც ზღაპარს ჰგავდა მის წარმოდგენაში.
ამიტომ მალხაზს ძალიან გაუძნელდა ქალის მეომრული ძლიერება წარმოედგინა და დაეჯერებინა. ქალი - მეომარი მის თვალში სრულიად არარეალური რამ იყო. ყველა ქალი, რომელიც კი აქამდე ენახა, შინაური პირუტყვივით თვინიერი იყო. მათ მხოლოდ ცოტა მოფერება სჭირდებოდათ, მეტი არაფერი. ფრიად სწყალობდნენ შესახედად აღნაგ, მოსხლეტილ ჭაბუკს. გამბედაობაც არ აკლდა მალხაზს, თუ საჭირო იყო, ბევრს აღარ დაფიქრდებოდა.
- ...ღვთისგან დაწყევლილები, ადამიანთაგან შერისხულები, ბოროტნი, ღვთის მგმობელნი, ღმერთის ქანდაკებას წვავენ კოცონზე, აქაოდა მსხვერპლად ვწირავთო... სად გაგონილა ღმერთის მსხვერპლად შეწირვა. ვინმე ადამიანთაგანი როგორ მოიფიქრებდა ამას. უწმინდურები, ქვესკნელის ნაშობნი... უკეთურნი...
მალხაზიმ კითხვის თვალით გადახედა მამას. ჭაღარა ანანიამ თავი დაუქნია.
- ასეა. ამორძალები ზეციურ მეომარს სცემენ თაყვანს და მის სამსხვერპლოზე სიყვარულის ღმერთს სწირავენ ხოლმე.
- რაღაც უმსგავსი კონკიაჟღარუნა ყოფილა, ვითომდა სიყვარულის ღმერთიაო, - აქაქანდა აპოლონი, - ჩემმა ბიჭმა მიამბო. ააბრიალებენ კოცონს და იმ კონკიაჟღარუნას ცეცხლში ისვრიან, სამაგიეროდ ზეციური მეომარი წყალობას არ მოგვაკლებსო. ღმერთმა ეს როგორ უნდა შეარჩინოს. ყველა ღმერთმა ერთად მოუვლინოს რისხვა ამორძალთა გასაგისს... როგორ გაბედეს, ეს როგორ მაკადრეს, ჩემი ბიჭი, ჩემი ერთადერთი ბიჭი უკუღმა შესვეს ვირზე...
გაალმასებულ აპოლონს ისე წამოსცდა ეს სიტყვები, არც კი გაუგია. მამა-შვილმა უხმოდ გადახედა ერთმანეთს.
აპოლონი აღარ წყვეტდა ამორძალების წყევლა-კრულვას, ვერა და ვერ მოენელებინა მათი ბოღმა. მალხაზის მოთმინება დაელია.
- ამორძალი უნდა მოვიყვანო ცოლად! - გამოაცხადა უეცრად.
ამის თქმისთანავე ორი ღვინისგან აჟინჟღილებული სახე მიაჩერდა მალხაზის. ანანიას შეშფოთებით უელავდა თვალი, აპოლონს უფრო ცნობისმიყვარეობა ეტყობოდა.
- მოიყვანე! - თქვა ბოლოს ანანიამ, - შენზე საცოდავი კაცი აღარ იქნება.
მალხაზიმ უზრუნველად გაიღიმა.
აპოლონმა ისევ განაახლა წყევლა-კრულვა. ამას უკვე ანანიამაც ვეღარ გაუძლო. შვლის მწვადი აიტაცა ნაკვერცხლებიდან. ზედ ცხივრთან მიუტანა სტუმარს, რათა მისი სუნი ეგრძნო და გემო გახსნოდა.
მართლაც ისე მადისამმძვრელად დაბრაწულიყო შვლის მწვადი, რომ გულგრილად ვერავინ შეხედავდა, აპოლონმაც ხმა გაკმინდა, ორივე ხელი ჩაავლო შამფურს, ყველაზე მსუქან ნაჭერს კბილებით მაშინვე ჩააფრინდა.
მეტად აღარ უხსენებიათ ამორძალები. შვლის მწვადები განსაკუთრებით გემრიელი აღმოჩნდა და გუნება გამოუკეთა აპოლონს. ძველებურად ტკბილი ჭუკჭუკი გააბეს ხანდაზმულმა მეგობრებმა, ამორძალების არსებობა მგონი საერთოდ დაავიწყდათ.
არც მალხაზს ახსოვდა ამორძალები და ალბათ აღარც გაახსენდებოდა, ანანიას საგანგებოდ რომ არ გაეფრთხილებინა მეორე დღეს:
- იცოდე, საბოლოოდ დამკარგავ, როგორც ღვიძლ მშობელს, თუ ამორძალს მოიყვან ცოლად.
- ვიხუმრე, მამა, - თქვა გაოცებულმა მალხაზიმ.
- ვერაფერი ხუმრობაა, შენმა მზემ, - მწყრალად უთხრა ჭაღარა ანანიამ.
გაკვირვებული მალხაზი ჩუმჩუმად იღიმებოდა: ნეტავი ასე რამ დააფრთხო ეს ხალხში? ქალმა ასე როგორ უნდა შეგაშინოს, მართლაცდა, ვინ არიან ეს ამორძალები?
შინაურობაში მიიკითხ-მოიკითხა დაინტერესებულმა, მეომარი ქალები მართლა თუ არსებობენო, თუ მხოლოდ კეკლუცობის ნიშნად ატარებენო საომარ საჭურველს და სამოსელს.
კეკლუცობაო? ამორძალებზე უმეტესად არავის არ ეზიზღება პრანჭვა-გრეხა და კეკლუცობა, ჭეშმარიტი მეომრები არიან და ყოველმა ჭკვიანმა კაცმა მათგან შორს უნდა დაიჭიროს თავიო, ასეთი პასუხი მიიღო მალხაზმა ყველასგან ვისაც მსგავსი კითხვები დაუსვა.
ამორძალთა ბევრი წეს-ჩვეულებაც გაიგო. იმაშიც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მართლაც სწირავდნენ მსხვერპლად სიყვარულის ღმერთს თავიანთ სათაყვანებელი ღვთაების, ზეციური მეომრის სამსხვერპლოზე. ამან ძალიან გააკვირვა, სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს და ჯერ არ გამიგია, რომ ვინმეს ღმერთი შეეწიროს მსხვერპლად მეორე ღმერთისთვისო.
ცალკე ისიც ძალიან აკვირვებდა, ნეტავი უსიყვარულოდ როგორღა ძლებენო? ხოლო როცა იმასაც მოჰკრა ყური, იშვიათი სილამაზის ასული ჰყავსო ამორძალთა დედოფალს, მალხაზის გულში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. ნეტავი როგორია, ერთი თვალით მანახაო, ფიქრობდა.
ერთი პატარა ამბავიც გაახსენდა, ამორძალთა უცნაური ცხოვრების ნირზე ფიქრისას. მაშინ შეემთხვა ეს ამბავი, როცა უკვე მშობლიური სახლისკენ მოეშურებოდა ქვეყანამოვლილი. რომელიღაც პატარა ქალაქში მოხვდა. სახელი აღარც ახსოვდა მისი. მშიერი იყო და ბაზარს მიაშურა სანოვაგის საყიდლად. ბაზარში ხალხმრავლობა იყო, ათასი ჯურის ადამიანები ირეოდნენ ირგვლივ, ზოგი მყიდველი, ზოგი გამყიდველი. ვიღაც ებრაელი აეტორღიალა მალხაზის. ქალები ბუზებივით ესეოდნენ იმ ებრაელს. ჭრელ-ჭრელი ბაღდადები მკლავებზე გადაეფინა გასაყიდად, ზოგიერთ ქალს უკვე თავზე ეხვია ჭრელი ბაღდადი. დაინახა თუ არა მალხაზი, ებრაელი დაბარებულივით გამოქანდა მისკენ.
- იყიდე, მეომარო, საჩუქრისთვის გამოგადგება!
თან ცხვირწინ აუფრიალა ჭრელი მოქარგული ბაღდადი.
არ მინდაო, თავი გვერდზე მიიღო მალხაზიმ.
არ მოეშვა ებრაელი, აქო და ადიდა თავისი ბაღდადი, იშვიათი ნახელავია, ამის მსგავსს ვერსად ვერ იშოვიო. ჯადო-თვალიც არის მასში ჩაწნული, - ამორძალსაც კი მოხიბლავ ამ ბაღდადით, შენი მორჩილი მხევალი გახდებაო, - უთხრა იმ ებრაელმა.
გაბეზრებულმა მალხაზმა იყიდა ბაღდადი. თავიდან რომ მოეშორებინა ებრაელი. იყიდა და აღარც ახსოვდა სად მიაგდო, ახლაღა მოიძია, გაშალა, დააკვირდა. მართლაც ფაქიზად, კოხტად ნახელოვნები აღმოჩნდა, იშვიათი სილამაზის ფერია იყო მასზე ამოქარგული, რომელსაც თავისკენ ეზიდებოდა რაღაც გამოუცნობი, ტყიური არსება. მადლიან ხელებს მოექარგათ ეს სურათი, მისი წყალობით დიდი პეწი და ლაზათი ქონდა ბაღდადს.
მართლაც კარგი რამე ყოფილაო, გაივლო გულში მალხაზმა, სათუთად დაკეცა ბაღდადი, გულისპირში ჩაიმაგრა. იმ ებრაელის ნათქვამი სიტყვა ,,ამორძალი~ შელოცვასავით ჟღერდა მისთვის ამჟამად. იქნება მართლა რამეში გამომადგესო ეს ბაღდადი. და როცა ამას ფიქრობდა, ის უცნობი ამორძალი ჰყავდა მხედველობაში, ვისი სილამაზის შესახებაც, ზღაპრად არ თქმულაო, ასე ამბობდნენ მხილველნი.
და რაც ყველაზე დიდ საოცრებად ეჩვენებოდა მალხაზს, სწორუპოვარი მეომარიც ყოფილიყო თურმე ის უცნობი ღმერთქალი.
გულით ეწადა მალხაზს, თვალით ენახა ეს საოცარი ქალ-მეომარი. და რაც დრო გადიოდა, მით უფრო უღვივდებოდა ეს წადილი.
იმ ხატებასთან შედარებით, როგორიც ის უცნობი ქალ-მეომარი წარმოედგინა, მალხაზს არარად ეჩვენებოდა ქალური სილამაზის რაიმე სხვა ნიშანი. მასში უკვე გულარძნილობას იწვევდნენ შინაური პირუტყვებივით თვინიერი, მორჩილი ქალები.
ნადირობას იმიზეზებდა და გამუდმებით იქით მხარეს დაეხეტებოდა, საითაც საძოვრები ჰქონდათ ამორძალებს. იქნებ ერთი თვალი მოვკრაო იმ მეომარ ღმერთქალს. მერე კი, ვნახოთ... ყველაზე უმთავრესი ხომ შეხვედრაა. არავინ უწყის, რა შეიძლება მოჰყვეს თითქოსდა შემთხვევით, სულ ხანმოკლე შეხვედრას. მალხაზით ძალიან ადვილად იხიბლებოდნენ ქალები, ის ქალ-მეომარიც ხომ ქალია, სანახევროდ მაინც...
ბევრი იხეტიალა მალხაზმა ამორძალთა შემოგარენის მეახლობლად. თვალიც ვერ მოკრა რაიმე იმის მსგავსს, რასაც მისი ოცნების თვალი ხატავდა. ის ამორძალები, რომლებიც მან დაინახა, არ ჰგავდნენ ღმერთქალებს.
მალხაზი არ იშლიდა თავისას, წინ ეწეოდა ახალგაზრდული დაუდგრომლობა, ახლის შეცნობის, ანდა სულაც რაიმე ფათერაკის წყურვილი.
ჭაღარა ანანიას რომ ეჭვი არ აეღო მისი მეტისმეტად მოხშირებული ნადირობის გამო, ცხენების გახედნა მოიმიზეზა მალხაზმა. ცხენების დიდი რემა ჰყავდა ჭაღარა ანანიას, დიდი მოყვარული იყო ამ საქმისა, ამიტომ ფრიად მოხარული დარჩა, როცა მალხაზმა სრულიად მოულოდნელად მის საყვარელ საქმეს მიაპყრო გულისყური. სახეგანათებული შეჰყურებდა, თუ რა მარჯვედ და მოხერხებით ხედნიდა მალხაზი ქედდაუდრეკელ ულაყებს. ერთ ნახვად ღირდა, როცა მალხაზი ქამანდს დაატრიალებდა ჰაერში, მკლავის ღონიერი გაქნევით აუცდენელად ჩამოაცვამდა ფიცხელ ულაყს აღერილ კისერზე. ყალყზე დგებოდა ულაყი, მალხაზი თავისკენ ექაჩებოდა გაწყვეტამდე დაჭიმულ თოკს. და ორივენი, ადამიანი და ცხენი, ერთი წლის ირგვლივ დატრიალდებოდნენ ხოლმე. მათი შემხედვარე გულით ხარობდა ანანია. ქამანდი მუდამ უნაგირზე ჰქონდა დამაგრებული მალხაზს, არც მჭრელ ხმალს და მშვილდ-ისარს იშორებდა. ასე აღჭურვილი დააგელვებდა ცხენს ამორძალთა საძოვრების მახლობლად. 
ლაშქრად ყოფნამ სიფრთხილე ასწავლა; თან ვერავის იახლებდა, როცა ღრმად იჭრებოდა ამორძალთა საძოვრებზე, ანანიას ენა არ მიუტანონო, სამაგიეროდ ირმის რქა ჩამოჰკიდა უნაგირს და მხლებლები გააფრთხილა, თუ ამ რქის ხმას გაიგონებთ, ჩემსკენ დაიჭირეთო გეზი.

დევქალი

ამორძალად არ აღზრდილა პირიმზე, მაგრამ მისებრ მეომარ ქალს ძვირად ნახავდი, სულით და ხორცით ამორძალად იყო დაბადებული. ხოლო მისი მოძახილი, მისი ხრინწიანი, ბოხი ხმა, რითაც იგი ამორძალთა სიმღერას შემოსძახებდა, მეომარ ქალთა ყოფის შეუცვლელ ნაწილად, მის ერთერთ ძირითად გამოხატულებად იქცა თავიდანვე.
ასინეთს ტყეში ენახა იგი, ნადირობისას, და ეს ამბავი ყველამ უწყოდა. როცა პირიმზე წარუდგინა ამორძალებს, მასთან შეხვედრის ყველა წვრილმანიც მოაყოლა.
- მივდივარ ტყეში, - ასე დაიწყო ასინეთმა ამბის მოყოლა, - მგლებისთვის დაგებულ ხაფანგებს ვამოწმებდი. ერთიც ვნახოთ, მობარბაცებს ერთი ვინმე დედაკაცი... თუმცა რის დედაკაცი, ნამდვილი დევქალი, ხორცის და ძვლების ნამდვილი მთა. მობარბაცებს სრულიად უაზროდ, უთავბოლოდ, თავი ჯაგარივით აქვს გაჩეჩილი, თვალები გიჟივით დაუჭყეტია.
პირისპირ შემომხვდა და ვერკი დამინახა, ისე იყო გამოთაყვანებული. ჩამიარა გვერდი, ისევ ისე უაზროდ გააგრძელა გზა.
მოვატრიალე ცხენი, წამოვეწიე, წინ გადავუდექი და ვკითხე, რას ეძებ-მეთქი, ქალო, ამ ტყეში.
თავი ასწია, ყრუმუნჯივით მომაშტერდა.
მე კითხვა გავუმეორე.
როგორც იქნა, დასძრა ენა: სიკვდილს ვეძებო, მითხრა.
- მერედა, რისთვის ეძებ სიკვდილს, რა შეგემთხვა ასეთი.
ეს რომ ვკითხე, ხარივით გააბა ბღავილი, ხმა კი მოსდევდა იმთავითვე; საყვარელმა მიღალატა, სხვა შეიყვარაო, მე აღარ ვუნდივარ, აღარაფრად მაგდებსო. დიდხანს ვითმენდი, არაფერს ვამბობდი მისი სიყვარულის ხათრით, იქნება დამიბრუნდეს-მეთქი. რაც უფრო მეტს ვეფერებოდი და ვემსახურებოდი, მით უფრო მეტდა დამცინოდაო... მოთქვამდა ეს მოარული მთა. სასაცილო სანახავი იყო. ცრემლები ღვარღვარად დასდიოდა ტირილისგან დაღრეჯილ ცხვირპირზე... ბოლოს სულ მთლად აიღო ჩემზე ხელიო. სახლიდან ძაღლივით გამომაგდო, შენი თვალით დანახვაც არ მინდაო. მე კიდევ უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია და აღარც მინდა, სიკვდილი მენატრება. ამ ტყეში მგლები იცისო, გამიგია. იქნება მგლებმა დამგლიჯონ, ამისთვის წამოვედი აქეთ.
ეს რომ გავიგონე, ვიძრე ორპირა ცული და მარჯვენა ძუძუზე დავკარ.
- იმავ წამს ძლივს შევიკავე თავი უნაგირზე, კინაღამ ცხენიდან გადმომიღო. ცოფიანი ნადირივით მეცა შიშველი ხელებით, მაგის ბრჭყალები ახლაც მატყვია. - ასინეთმა სამოსი გადაიღეღა, მართლა გამოუჩნდა ნაკაწრის კვალი, - ძლივს გავუმაგრდი, ნამდვილად გადმომიღებდა ძირს ცხენიდან, მაგრამ ღონე დაკარგა ბოლოს; ბევრი სისხლი დაედინა, მოკვეთილი ძუძუს ძარღვებიდან ნაკადულივით სცემდა სისხლის ღვარი. ვეღარ მომჭიდა ძალაგამოცლილმა ხელები და შემეშვა. კარგა ხანს კი მებღაუჭა, მართლა ნადირის გამძლეობა ჰქონდა. ძირს რომ დაეცა, ისევ ჩემზე ჰქონდა თვალები მოშტერებული, აფთარის სიბრაზე იხატებოდა მათში.
როცა საძრაობა აღარ ჰქონდა და თვალიც მილულა, გავბედე ხელის ხლება. გადავუკარი მკერდი, ცხენს ძლივსძლივობით ავკიდე და წამოვიყვანე, მე თვითონ ფეხით ვიარე იმხელა გზაზე. სიკვდილს დაეძებდა ვითომ, ამ დროს კი მე თვითონ კინაღამ საიქიოს გამისტუმრა ერთი ჭრილობის გულისთვის.
მერე მოვურჩინეთ ჭრილობა, ძაღლივით იღრინებოდა, მე რომ დამინახავდა. შორიშორს ვუვლიდი და ვეუბნებოდი: ქალო, შენ ხომ სიკვდილს ეძებდი ტყეში, ღმერთების ნებით ჩვენთან მოხვდი. იცოცხლე ერთხანს ჩვენთან, ისწავლე საომარი საქმე. მერე კი საომრად წაგიყვანთ. იქნებ სწორედ იქ აგიხდეს ნატვრა და იპოვო სიკვდილი. ბრძოლის ველზე სიკვდილი არ გირჩევნია მგლებისგან დაგლეჯას?
თითქოს ყურს არც კი მიგდებდა, მაგრამ ეტყობა, მაინც ჭკუაში დაუჯდა ჩემი სიტყვები. ჩვენ ხომ მამაკაცებს ვეომებით-მეთქი, ამასაც ვაწვეთებდი ყურში, მეომარი ქალები ჩვენს გარდა ხომ არასად არიან. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიწევს სალაშქროდ წასვლა. შენც წამოხვალ ჩვენთან ერთად, იქნება შენი სულთამხუთავი შეგხვდეს სადმე...
ხშირად ვუმეორებდი ამას, და სულ უფრო მეტი ყურადღებით მისმენდა.
როგორც კი ფეხზე დადგა, მაშინვე ვარჯიშს მიჰყო ხელი. ჯერ ისევ სისუსტისგან ბარბაცებდა, ორპირა ცულს მაინც არ უშვებდა ხელიდან. ზედმეტი ქონი რომ დაყარა, ნამდვილ მეომარს უკვე მაშინვე დაემსგავსა. სულ მალე ერთიანად გადასხვაფერდა, სიარულიც შეეცვალა, მიწა იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ისე მკვიდრად და ღონივრად ადგამდა ფეხებს. თავმომწონედ დააჩხარუნებდა საომარ აღჭურვილობას. მეომრად იყო დაბადებული, თვითონ კი ამის შესახებ არა უწყოდა რა. ჰა, პირიმზე ის როგორ იყო, მგლებთან საომრად რომ ემზადებოდი, მერე კი ამორძალად იქეცი და მამაკაცებთან გააჩაღე ხელჩართული ბრძოლა.
პირიმზე მორცხვად იღიმებოდა, როცა ამ თავგადასავალს გაუხსენებდა ასინეთი. თავისი ადრინდელი ცხოვრება საზიზღარ კოშმარად ესახებოდა, და პირიმზე ისევე ვერ ინატრებდა მის განახლებას და განმეორებას, როგორც ვერცერთი ჭკუათამყოფელი ვერ ინატრებს ერთხელ უკვე ნანახზი საზიზღარი კოშმარის განმეორებით დასიზმრებას. ვერც კი წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ეცხოვრა ისეთი დამდაბლებული, დამცირებული ცხოვრებით, როცა შიშისგან პატარა ბალღივით თრთოდა ვიღაც მექოთნის წინაშე. იმ პირვანდელი ცხოვრების სრულ დავიწყებას ნატრობდა პირიმზე, არ სიამოვნებდა მისი გახსენება, ამ დროს ყველთვის სირცხვილი დარევდა ხელს. თავისი მაშინდელი, თითქოსდა დიდი გრძნობებისა ახლა ვეღარაფერი გაეგო, გაკვირვებული ფიქრობდა, ნეტავი რა ჯადო მჭირდა ისეთი, რომ ისეთი სამარცხვინო ცხოვრებით ვცხოვრობდი, იმ არარაობის წინაშე შიშით როგორ ვცახცახებდიო. რატომ მეჩვენებოდა, თითქოს უიმისოდ ვეღარ შევძლებდი სიცოცხლეს, და მის შესანარჩუნებლად თავს ყოველნაირად ვიმდაბლებდიო.
ასინეთს გაუზიარა ერთხელ თავისი გაკვირვება, თვითონ პასუხი რომ ვეღარ იპოვა ამ კითხვებზე.
- ეს იმიტომ დაგემართა, რომ შენ იმ დროს სულ სხვა ღმერთს, სიყვარულის ღმერთს ემსახურებოდი, - აუხსნა ასინეთმა, - რომელ ღმერთსაც მსახურებ, თვითონაც იმას დაემსგავსები ბოლოს. შენ კი უკვე ნანახი გყავს, თუ როგორია სიყვარულის ღმერთი, ესაა სწორედ ის სასაცილო თოჯა, ზიზილპიპილოებით შემკული, საღებავებით შეთხაპნილი კონკიაჟღარუნა, რომელსაც ჩვენ, ამორძალები ციური ღმერთის სამსხვერპლოზე ვწირავთ ხოლმე. ალბათ გეცოდინება, სიყვარულის ღმერთს სულ სხვანაირად სახავენ სხვა ტომის ხალხი. სწორედ იგი წარმოუდგენიათ ყველაზე ულამაზესად ღვთაებათა შორის, ასე მხოლოდ უბადრუკებს და გონებადახშულებს ეჩვენებათ. მხოლოდ ჩვენ, ამორძალებმა, ვიცით სიყვარულის ღმერთის ჭეშმარიტი იერსახე. ყველაზე უფრო მოყივნებული, ყველაზე უფრო სამარცხვინო და პამპულაა იგი ღმერთებს შორის. და ვინც მას დაემონება, თვითონაც პამპულად იქცევა.
სწორედ ასეთი პამპულა იყავი შენ, როცა იმ მექოთნის წინაშე ცახცახებდი, რადგან იმ პამპულა მოყივნებულ ღმერთს ემსახურებოდი მაშინ. ახლა ზეციურ-მეომარს მსახურებ, მას მიუძღვენი მთელი შენი არსება, მთელი სული და გული. ზეციური მეომარი უმადური არ არის. სწორუპოვარ ჭეშმარიტ მეომრად გაქცია. და მანამდე იქნები ასეთივე ჭეშმარიტი მეომარი, სანამ მის სამსახურს არ შეწყვეტ.
არც შეუწყვეტია პირიმზეს ზეციური მეომრის სამსახური, თანაც ისეთი ფხა და მონდომება გამოჩინა ამ საქმეში, რომ ასინეთის თქმით, ერთ თვეში გაიარა ის გზა, რისთვისაც სხვებს წელიწადი დასჭირდებოდათ.
საჩვენებლადაც მალე გამოიყვანა ასინეთმა იგი, ძველ ჭაღაროსან ამორძალებს წარუდგინა და ბოლოს ახალგაზრდებთან გააჯიბრა. მაშინ იყო, სასტიკად რომ დაჯაბნა პირიმზემ სიჩაუქით და მკლავის ძალით განთქმული ამორძალი მაგული, ჭაღარა ცოქალას აღზრდილი. ცხენდაცხენ გამოექანენ ერთმანეთისკენ პირიმზე და მაგული, პირიმზე ჯერ კიდევ მთლად თავდაჯერებულად და მაგრად ვერ იჯდა ცხენზე, აღვირს მთელი ძალით ჩაფრენოდა. მაგულიმ შორიდანვე აღმართა ორპირა ცული, სახეზე ისეთი იერი ეწერა, თითქოს ერთ მოქნევადაც არ უღირდა ეს ყველასათვის უცნობი, მოუხეშავი ამორძალი. ჩამოუქროლეს ერთმანეთს, მოუქნიეს, და მაგულიმ ვერაფრით ვერ გაიგო, საით გაფრინდა მისი ცული, ცარიელი მარჯვენა ჯერ ისევ მაღლა ეჭირა, როცა ცხენის ორი ნახტომის მანძილზე დაშორდა პირიმზე.
ბრაზისგან გამწვანდა ჭაღარა ცოქალა, მაგულის აღმზრდელი.
- ჰეი, მაჩანჩალავ, ცული როგორ გააგდე ხელიდან! - უკივლა მაგულის ხმამაღლა, გამყინავი ხმით, - აფსუს, სადაა ჩემი ახალგაზრდობა! ერთხელაც არ მახსოვს, ასეთი მარცხი მომსვლოდეს. შეიძლებოდა მარჯვენა ხელი დამეკარგა, მაგრამ ცულს ვინ დამაგდებინებდა.
- ნუ ბრაზობ, ნუ, ცოქალა. - სიცილით უთხრა ასინეთმა, - დიდი ცოდვა არ დამართია მაგულის. მართლა დევის ღონე აქვს ამ დევქალს. მაგის მოქნეულს ბევრი ვერ გაუძლებს. ცოტაც დააცადე, სწორუპოვარი მეომარი დადგება. ახლა კი, თუ გული გერჩის, მოდი, მე და შენ მოვსინჯოთ ერთმანეთი...
ცოქალამ იძრო ორპირა ცული, მაღლა შემართა. ასინეთმაც აღმართა ხელი. შემოურბინეს ერთმანეთს, წრე დაარტყეს, ნავარდით, ხმამაღლა დაჰკივლეს და მიუხტნენ ერთმანეთს. ელვასავით გაიელვეს მოქნეულმა ცულებმა, ამ ელვას ლითონის მკვეთრი წკრიალიც მოჰყვა. აღტაცებული ყიჟინა დასცხეს ახალგაზრდა ამორძალებმა. ჯერ ისევ ჩაუქი იყო ორივე ჭაღაროსანი ამორძალი, თვალიც შეუმცდარი ჰქონდათ. მათი ცულები თითქოს წინასწარ შეთვალირებულ წერტილში შეხვდნენ ერთმანეთს.
ამორძალის მეომრული ღირსების შეფასებაში არ შეიძლებოდა შემცდარიყო ასინეთი; მართლაც სწორუპოვარი მეომარი დადგა პირიმზე, რაც ძალიან ახარებდა ასინეთს, მის ამბავს ხშირხშირად გაიხსენებდა ახალგაზრდა ამორძალების გასაგონად. ,,აჰა, შეხედეთ, - იტყოდა ხოლმე და ხელს დევქალისკენ გაიშვერდა, - აბა ერთი გაბედოს რომელიმე თქვენგანმა და მრუდე თვალით შეხედოს, ან ერთი ზედმეტი სიტყვა აკადროს. ცხენდაცხენ ვერ შეებრძოლები ქვეითად მყოფს, ცხენზე ამხედრებული ხომ ნამდვილ ომის ღმერთს ემსგავსება... ვინ დასცემს ყიჟინას მასზე ხმამაღლა, ვინ დაიფრენს მომხვდურს უფრო თავზეხელაღებულად. ანდა ულაყებს ვინ გახედნის მასზე უკეთესად. ფეხის ერთი დაკვრით თვალისდახამხამებაში მოექცევა ცხენს ზურგზე და ისე ციბრუტივით დაატრიალებს ერთ ადგილზე, რომ ცხენის ფლოქვების ნაკვალევი ერთი გოჯითაც არ გადასცდება წინასწარ შემოხაზულ წრეს. იგი სულით და გულით ემსახურება ზეციურ მეომარს, და თვითონაც მეომარია. ერთ დროს კი, ეს სწორუპოვარი მეომარი, ჩვენი საამაყო დევქალი, ჭიასავით ხოხავდა ვიღაც უბადრუკი მექოთნის წინაშე და რა დამცირებას აღარ იტანდა, ოღონდ მექოთნეს ეკადრებინა და ერთი შეხედვა მაინც ეღირსებინა მისთვის. პამპულა თოჯას ემსახურებოდა მაშინ და მისგან სჭირდა ეს უბედურება. ზეცა გფარავდეთ, ამორძალებო, რომ ოდესმე დაგიმონოთ პამპულა თოჯამ. ამაზე მძიმე და მწარე სასჯელი არ არსებობს ამორძალისათვის.

ამორძალთა სიმღერა

საბრძოლო ნათლობა პირიმზემ ასინეთისგან თუ მიიღო, სიმღერა ელამ ასწავლა, ანუ თვით ელას თქმით, ამშობიარა იმ ველური ფრინველისგან, ყელში რომ ჰყავდა გამომწყვდეული.
არც ელა ყოფილა ამორძალთა ძირეული შთამომავალი, ბერძენი იყო წარმოშობით. მისი თქმით, ამორძალებთან ყოფნა იმიტომ არჩია, მათი სიმღერები მოსწონდა თითქოს. საერთოდ, თავის თავზე ლაპარაკს უფრთხოდა, არც ძალიან ჩასციებია ვინმე. ხედავდნენ, გულით რომ შეეთვისა ამორძალებს. თუ მეომრად მაინცდამაინც ვერ ვარგოდა... ცოტათი მშიშარა იყო, მთელი თავისი არსებით, მთელი სულით და გულით მაინც ამორძალებისათვის იყო, მოსწონდა მათი ცხოვრების ნირი. სიმღერით მართლაც გვარიანად მღეროდა, ლექსების თხზვაც ეხერხებოდა.
ელამ ძირისძირობამდე შეისწავლა ყველა სიმღერა, რომლებსაც ამორძალები მღეროდნენ სიმშვიდის თუ ბრძოლის დროს. უკვე დიდი ხნის მივიწყებული ჰანგებიც კი გამოჩხრიკა, ხანშიშესულ ამორძალებსაც რომ ძლივსღა ახსოვდათ. არც ის სულ პირველი სიმღერა გამორჩენია, დედოფალ თეას დროს რომ მღეროდნენ ამორძალები, ამორძალთა პირველქმნილი სამეფოს პირველ დღეებში. იმ სიმღერის ჰანგი აღარავის ახსოვდა, თვით სიტყვები ძლივს ათქმევინა ერთ მოხუცს ხეიბარ ამორძალს, ჭრილობებისგან ერთიანად სახედაჩეხილს.
ელა დიდხანს, მოთმინებით ელოლიავა იმ ხეიბარ ამორძალს, ბაბალეს სახელად. გაიხსენეო, ემუდარებოდა, ის ძველი ჰანგი. რატომღაც ეგონა, ის უნდა ყოფილიყო ყველაზე საუკეთესო მათ შორის, რასაც ამორძალები მღეროდნენ. ბაბალემაც ბევრი ჩხრიკა თავისი მოცვეთილი მეხსიერება. განსაკუთრებით მაშინ უღრმავდებოდა თავის ბებერ თავს, როცა თვით ელა ეჯდა ცხვირწინ. ამას თვით ელაც ამჩნევდა. ხშირხშირად სტუმრობდა ბაბალეს. მიუსხდებოდნენ ორივენი მოკრძალებულ ტაბლას, სუფრაზე მიყვარს წაღიღინებაო, ამბობდა ბაბალე, ის ძველი საომარი ჰანგიც თვითონვე მოგვაგნებსო.
სულით მხნე და უდრეკი აღმოჩნდა ბაბალე, როგორც ელამ შენიშნა, ქედს არ უხრიდა არც მოუნელებელ დარდს, ორი მეომარი ასული დაჰკარგოდა ბრძოლებში... არც საკუთარ ხეიბრობას. ,,გაჭირვებას თავი არ უნდა წაუდო, არა! - ამბობდა ბაბალე და ყავარჯნის სახელურს ხელს მაგრად უჭერდა, თითქოს მისგან დამატებით ძალას ექაჩებოდა თავისი დაუძლურებული სხეულისთვის - თუ მოიხმარ, გაჭირვებაც იარაღია, სწორედ გაჭირვება გასწავლის რაიმეს, თორემ დალხინებულ ცხოვრებას რა შეუძლია. უძლურ ჭუპრად იქცევი და პირველივე შემხვედრი ფეხს დაგადგამს. აგერ მე, რაღა არ მასწავლა, რაღა არ გამაკეთებინა გაჭირვებამ... საკუთარ თავსაც კი გადავახტი, როცა დამჭირდა, და საკუთარ ფეხებსაც გავასწარი... სიმღერა იყო ჩემი ერთადერთი შემწე და ნუგეში...~
და ღიღინს მოჰყვებოდა ხოლმე ბაბალე, სიბერისგან დანჯღრეული ხმით ამოთქვამდა სასიმღერო სიტყვებს. ასე ნელნელა, ძველისძველი ჰანგების ქექვაში, ამ პირველქმნილ ძველისძველ სიმღერასაც მიაგნო. როგორც კი პირველი ტაეპი გაიხსენა, დანარჩენებიც მიჰყვნენ ერთმანეთს.
...ერთი ჩრდილი გვაქვს ჩვენ ორივეს,
თავისუფლებაც ერთია მხოლოდ...
ასეთი გახლდათ პირველი სიტყვები, რომელიც ხეიბარამა ამორძალმა გაიხსენა იმ ძველისძველი სიმღერიდან. ერთი წაიღიღინა და ისევ დადუმდა.
რომელ ჩრდილზეა აქ ლაპარაკიო, იკითხა ელამ.
ხეიბარმა ამორძალმა გულდაგულ დაუწყო ჩხრეკა საკუთარ მახსოვრობას, თავისუფლების ამაყი ფრინველი ახსენა, რომელსაც ფართოდ გაუშლია ფრთები და ლაღად ლივლივებს ლურჯი ცის თაღზე. მის გვერდით სიკვდილის ფრინველიც დაფრინავს. ღრუბელივით ქათქათა ფერისაა თავისუფლების ფრინველის ფრთები, სიკვდილის ფრინველის ფრთები ღამესავით შავია, მაგრამ ჩრდილი კი ერთი ფერის აქვს ორივეს. ამორძალებს ხშირად ჩამოუქროლებს ლაღად გაშლილი ფრთების ჩრდილი, და მათ არ უწყიან, რომელს ეკუთვნის იგი ამ ორში, თავისუფლების თუ სიკვდილის ფრინველს.
...ზეცას გაჰკვრია ჩემი ფრთები,
თვით ზეცა ხარობს ჩემი სილაღით,
თავისუფლება მქვია სახელად...
ღიღინებდა ხეიბარი ამორძალი და ცრემლები ადგებოდა სიბერისგან უპეებმორღვეულ თვალებზე. ელა სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა და ელოდა, ფრთხილად თუ შეაწევდა სიტყვას აქა-იქ, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს იქვე მის გვერდით დაფრინავდა რომელიღაც ველური ფრინველი, რომელიც სულ ადვილად შეიძლებოდა დაეფრთხო.
...სიმშვიდისა თუ ლაშქრობის ჟამს,
ნურასოდეს ნუ დამივიწყებთ, ამორძალებო...
ჩემი ფრთები თქვენს თავს ზემოთ ლივლივებს მუდამ...
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ აღიღინდა ბაბალე. დიდი გაჭირვებით გაიხსენა კიდევ რამდენიმე ტაეპი, და როგორც მისამღერს, სულ პირველად ნათქვამ სიტყვებს იმეორებდა ხშირ-ხშირად:
ერთი ჩრდილი გვაქვს ჩვენ ორივეს,
თავისუფლებაც ერთია მხოლოდ.
ასე წვალებით, ჯახირ-ჯახირით სულ სათითაოდ ჩამოუკაკლა იმ ძველი სიმღერის სიტყვები ელას მოხუცმა, ხეიბარმა ამორძალმა. უნდა ითქვას, თვითონაც ძალიან მოინდომა, ყოველნაირად ეცადა საკუთარი ბებერი მეხსიერებიდან გამოეჩხრიკა იგი.
ელა დაატყვევა თვით სიმღერის შინაარსმა, ნამდვილმა მეომრულმა სულმა, რაც საოცრად ძლიერად ღვიოდა მასში. მეორე მხრივ კი იმან გააკვირვა, არავითარი რითმა და წყობა რომ არ გააჩნდა იმ ძველ სიმღერას. სიტყვები ისე იყო მიყრილ-მოყრილი, თითქოს მის შემთხზველს სულაც არ ეზრუნოს მათ თანწყობაზე და ისევ ისე დაეტოვებინოს, როგორც პირველად მოუვიდა თავში.
მაგრამ არც ის გამორჩენია ელას, თავისებური შინაგანი ჰარმონია რომ აშკარად იგრძნობდა ამ თითქოსდა უწესრიგო სიტყვების გროვაში. ამ სიმღერაში რაღაც იყო დაჭიმული, უკიდურესად მოზიდული მშვილდის ლამბვით. და ის რაღაცა თითქოს ხელის გამოკვრასღა ელოდა, რომ მთელი ძალით აჟღერებულიყო.
- ამ სიმღერას ვინმე თუ მღეროდა ოდესმე? - იკითხა ელამ.
მოხუცებულმა ამორძალმა დარწმუნებით უთხრა, ამ სიმღერას ნამდვილად მღეროდნენო უწინ. ახლა სხვა სიმღერებს მღერიან, უფრო სიტყვაწყობილ ლექსებზე შექმნილებს. მე ყოველთვის ის ძველი სიმღერის სიტყვები უფრო მხვდებოდა გულზე, ამიტომაც დამამახსოვრდა... ამ ბოლო დროს მიმავიწყდა, ახლა შენ ისევ გამახსენე... ვინ იცის, რამდენჯერ გავუმხნევებივარ, დაჭრილი, დაძაბუნებული, თავბედის მაწყევარი.
მოხუცი ამორძალის სიტყვებმა საბოლოოდ დაუდასტურეს ელას, რომ ნამდვილად იყო ამ ძველისძველ სიმღერაში რაღაც ძალზე ძლიერი მარცვალი, ამ მარცვალს გაღვივება ესაჭიროებოდა, ეს უკეთ თვით ელას უნდა ეკისრა, ამაში ვეღარ დაეხმარებოდა მოხუცი ამორძალის დაშრეტილი სული.
ელამ სცადა რაიმე ჰანგი მიესადაგებინა მისთვის, მაინცდამაინც ვერაფერი შვილი სიმღერა გამოვიდა. დაასკვნა, ურითმობა მიშლის ხელსო. გარითმა სტრიქონები, სიტყვა სიტყვას შეუწყო, კეთილხმოვნად დაალაგა ერთმანეთის მიყოლებით. ამორძალებმა სიამოვნებით აიტაცეს წყობილი სტრიქონები, ხალისიანად მღეროდნენ. ელა ხელმძღვანელობდა სიმღერას, თან უკმაყოფილება ეწერა სახეზე; არა, ეს აშკარად არ იყო ის, რასაც მიელტვოდა, რასაც ასე გულდაგულ ეძებდა იმ ძველისძველ სიმღერაში. ის პირველი მარცვალიც კი გაფერმკრთალდა, თითქოს ჩაკვდა წყობილ სტრიქონდა შორის. არადა, როგორ ძალით ღვიოდა იმ მიყრილ-მოყრილ სიტყვებში!
,,არა, რაღაც სულ სხვა რამაა საჭირო, სულ სხვა~, - ფიქრობდა ელა.
ისევ უბრუნდებოდა მიყრილ-მოყრილ სტრიქონებს, ცდილობდა იმ რაღაცის მიგნებას, მათგან გამოწურვას, მათში ჩამარხული სიმის აჟღერებას. მარცხით მთავრდებოდა ელას ყოველი მონდომება, ყოველ შემთხვევაში, თვითონ არასოდეს დარჩენილა კმაყოფილი. უკვე ეჭვობდა, ვეღარაფერს გავაწყობო. ამ სიმღერის ჯადო-მარცვალი ალბათ სამუდამო თან წარიტანეს იმ პირველმა ამორძალებმა, რომლებმაც შვეს იგი, თან ამოაყოლეს ტკივილნარევ ამოსუნთქვას.
ერთხელ, როცა გარეული ფრინველის სიმღერას (ასე ერქვა იმ ძველისძველ ჰანგს) მღეროდნენ ამორძალები, რაღაც უცხო ხმა გამოერია მასში.
ელა თავდახრილი იდგა, ამ სიმღერის მოსმენა ათას ფიქრს აუშლიდა ხოლმე. ზეაღმართულ მარჯვენა ხელში ვერცხლით მოჭედილი კვერთხი ეჭირა და ასე ხელმძღვანელობდა სიმღერას.
უცხო ხმის გაგონებისას ელამ თავი ასწია, თვალი მიმოავლო ამორძალების გუნდს. ყველა ნაცნობი იყო, ერთი-ორი ახალგამოჩეკილი ბღარტის გარდა. ანუ იმ ახალგაზრდა ასულთა გარდა, რომლებმაც სულ ახლახანს მიიღეს ამორძალთა სახელის ტარების უფლება. ისინი სათვალავში ჩასაგდები არ იყვნენ, ეს უცხო ხმა მათ არ შეეძლოთ აღმოეტევებინათ.
გარეული ფრინველის ძახილივით ბოხი და დაუნაწევრებელი იყო ის ხმა, გამოთქმული ტკივილით და სასოწარკვეთით სავსე.
ელამ შეუცდომლად დაასო თვალი პირიმზეს, სქელი სახვევით მარჯვენა ძუძუაკრულ დევქალს. ტკივილით შებოჭილი მისი მოძრაობაც მოხვდა თვალში.
- აქ მოდი, ქალო! - თავისკენ მოიხმო იგი ელამ, თან გუნდს გაჩუმება უბრძანა.
პირიმზე დევქალი გამოეყო ამორძალებს, ელას წინ წარსდგა.
- იმღერე! - უბრძანა ელამ.
პირიმზემ უნდობლად და დამორცხვებით შეხედა.
- არ ვიცი სიმღერა, - თქვა ბოხი ხმით.
ელამ სიამოვნებით მიუგდო ყური დევქალის სიტყვებს; ნამდვილად ის ხმაა! მათი შინაარსი არც კი გაუგია, ისევ უბრძანა:
- იმღერე!
უარესად დაიმორცხვა პირიმზემ, მეტს აღარ ვიზამო, წაიბუტბუტა. ჩანს, ეგონა მიბრაზდებიანო. ჩემი ხმით სიმღერის წყობას რაღაცა ვავნეო ალბათ. სრულებითაც არ აპირებდა სიმღერას, ადრე თავის დღეში არ უმღერია, მაგრამ ჩააცივდნენ ამორძალები, თუ გინდა მეომარი ქალი იყო, სიმღერაც უნდა იცოდეო... ,,ჩვენ მუდამ სიმღერით მივდივართ საომრად, შენც ხმა უნდა შეგვაწიო ამ დროს~.
პირიმზემაც მათ დაუჯერა, სცადა ემღერა და აჰა, მოიმკო კიდეც.
ელამ გაბრაზებით დაუბრიალა თვალები შეშინებულ დევქალს.
- იმღერე! - დაუყვირა ხმამაღლა.
პირიმზე-დევქალი ხმას ვეღარ იღებდა, დამფრთხალ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. აშკარად ეწერა სახეზე, რომ უდიდესი სურვილი ჰქონდა, როგორმე აქედან გაპარულიყო. ელა ცეცხლს ყრიდა მოუთმენლობისგან, ისე ეჩქარებოდა ამ ხმის გაგონება.
,,იმღერე! იმღერე!~ - უყვიროდა დევქალას.
ამორძალები გაყუჩდნენ, შეცბუნებულები უთვალთვალებდნენ ამ სანახაობას.
- შენგან რა ამორძალი უნდა გამოვიდეს, სიმღერის გეშინია, - მოულოდნელად გაისმა ყველასთვის კარგად ნაცნობი ხმა და ასინეთი წარსდგა ამორძალთა გუნდის წინაშე, პირიმზეს მიუახლოვდა, - პრანჭია დიაცივით უფრთხი და კანკალებ, ვაითუ ვინმეს ვერ მოვაწონო ჩემი ბულბულის ხმაო, ამიტომ ვერ იღებ ხმას. ანდა იქნებ სიჯიუტით და სიკერპით ფიქრობ რაიმე მოიმკა ჩვენში, გეუბნებიან იმღერეო, იმღერე!
პირიმზემ ქვეშ-ქვეშ გახედა ასინეთს, სცადა ძალა მოეკრიბა სასიმღეროდ. ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად და დაიწყო...
სიმღერააო, ვერავინ იტყოდა, ყოვლად უცნაური, ბოხი და ხრინწიანი ხმით აღმოუტევა:
ზეცას გაჰკვრია ჩემი ფრთები,
თვით ზეცა ხარობს ჩემი სილაღით...
თვითონვე შეაშინა საკუთარმა ხმამ, სასწრაფოდ მოკუმა პირი და დაფეთებული თვალებით შეხედა ელას.
ელამ მოუთმენლად აიქნია ხელი, სიმღერის გაგრძელებას ანიშნებდა. ასინეთმა დაიძახა: ,,ჰო, ჰო, კარგია, მიდი!~
დამცინავი იერი ვერავის შეატყო და ისევ გააგრძელა სიმღერა პირიმზემ. თავგანწირვით ცდილობდა, ხრინწიანი ბოხი ხმით გაჭირვებით ჩაათავა სიმღერა.
თვალდახუჭული უგდებდა ყურს ელა. როცა პირიმზე გაჩუმდა, მაშინაც დუმდა ერთხანს, თითქოს რაღაცას უგდებდა ყურს, მხოლოდ მისთვის გასაგონს.
მერე ამორძალების გუნდს დაშლის ნიშანი მისცა ელამ, პირიმზეს უბრძანა, ჩემთან წამოხვალო.
ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თვალით აღარავის უნახავს ისინი. ელამ ჭირის ოფლში გაწურა პირიმზე. ასინეთის თქმით, თავზე სულთამხუთავივით ადგას ელა პირიმზეს, გასაქანს არ აძლევსო. ისეთი ძველისძველი სიმღერების მღერას აძალებს, რომლებსაც ახლა აღარავინ მღერის. პრიმზესაც მეტი რა ჩარა აქვს, დაუღია პირი და დაჭრილ ავაზასავით ბრდღვინავსო.
ეჭვი ჩანდა ასინეთის სიტყვებში, ვაითუ თავი მოაბეზროს ელამ და პირიმზე ისევ იმ მექოთნესთან გამექცესო. თვითონვე შეატყო კოჭებში, სწორუპოვარი მეომარი დადგებოდა მისგან. არ უნდოდა მისი დაკარგვა. დიაღაც გამოადგებოდათ ამორძალებს ასეთი დევქალი, აფთარის სისწრაფე და მოხერხებაც რომ ახლდა თან...
ამიტომ დიდად გაიხარა ასინეთმა, როცა ისევ გამოჩნდენ დაკარგულნი. ელა მხარდამხარ მოჰყვებოდა პირიმზეს, მასთან შედარებით ბალღივით ჩანდა. მისი სახე იმ სიხარულს გაენათებინა, რასაც დიდი ხნის ძებნის მერე სანუკვარის პოვნის დროს განიცდის ადამიანი.
ელა საზეიმოდ იყო გამოწყობილი. თოვლივით თეთრი ტუნიკა ეცვა, თავზე თეთრი ყვავილების გვირგვინი დაედგა.
კვერთხი მაღლა აღმართა ელამ. ამღერდნენ ამორძალები.
ორივე სტრიქონი ამოთქვეს და გაოცებულნი მიჩუმდნენ. ისეთი უჩვეულო ხმა დაირხა მათ გვერდით, რომ ყველას პირზე შეაკვდა სასიმღეროდ წყობილი სიტყვა, ღრმა ამოოხვრა აღმოხდათ მხოლოდ, ხოლო თითებმა თვითონვე მოძებნეს და ჩაბღუჯეს განუყრელი ორპირა ცულები. რა საოცარი სილაღით, თავზეხელაღებული გაბედულებით ჟღერდა ის ხმა! უნებურად ძარღვებს უძაგრავდა მსმენელს, ყოველგვარ ტკივილს ავიწყებდა... ალბათ იმიტომ, რომ თვითონვე იყო ტკივილით სავსე. ეს იყო ხმა სასიკვდილოდ დაჭრილი, გარეული ფრინველისა, როცა უკანასკნელად შეჰკივლებს ზეცას, მიწისკენ ისარივით წამოსული. ერთი ამაო ამოსუნთქვაში მოაქცევს მთელ თავის სიცოცხლეს, სანამ მიწას დაენარცხებოდეს. უსწორმასოროდ მიმოგლეჯილი სიტყვები და ბგერები ჟამიდანჟამს უცხოებივით მტრულად გაურბოდნენ ერთმანეთს, მერე კი ისევ ერთდებოდნენ ომახიან, მძლავრ ამოძახილში. უკიდურესი სასოწარკვეთა და უდრეკი სიმხნევე ერთად ჟღერდა მასში. ეს იყო ველური, ამაყი, უწვრთნელი ხმა, რომელმაც არ იცის, რა არის მყუდროება. ქარიშხლის მძლე სუნთქვას ჰგავდა, მზისგან ალანძულ, თითქოსდა სისხლით გაბერილ ღრუბლებს კიდურებს რომ აგლეჯს და უგზო-უკვლოდ მიერეკება.
ხმაგაკმენდილნი უსმენდნენ ამორძალები ამ უჩვეულო ხმას, ძარღვები ამოებურცათ დაძაგრულ მკლავებზე, თვალებში მხნე, ამაყი იერი ჩაუდგათ. კარგა ხანს არც მაშინ ამოუღიათ ხმა, როცა სიმღერა მიწყდა.
პირიმზე მღეროდა თურმე.
- ესაა თქვენი სიმღერა, ამორძალებო! - გაისმა ელას ხმა. ამორძალები შეირხნენ, ცულებს ხელი უშვეს - ამ ხმას ვეძებდი... ძალიან დიდხანს ვეძებდი და აჰა, ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე. არ ეკარებოდა ჩემს სულს და გულს ის სიმღერები, ადრე რომ ვმღეროდი თქვენთან ერთად.
მე ბევრი სიმღერა გამიგონია, თვით მეფისსწორ დიდებულებთან მიმღერია. თავს არ ვიზოგავდი, ლამის ყელს ვიხლეჩდი, რათა მათთვის მეამებინა. უმადურნი იყვნენ ჩემს მიმართ, ყოველთვის. თუმცა ბევრჯერ შემიმჩნევია მათ თვალებში მოზღვავებული განცხადების კვალი...
სახის ნაკვთები ცვილივით ურბილდებოდათ ჩემი სიმღერის გაგონებისას, მაინც უბადრუკი ტაკიმასხარა, პამპულა მსახიობი ვიყავი მათთვის. თვითონ აპოლონისთვის რომ მეჯობნა სიმღერაში, მაშინაც კი არ მიმიღებდნენ თავიანთ ტოლად და სწორად, რადგანაც მე ქალად შემქმნა ბუნებამ.
დიდხანს ვითმენდი მათ ათვალწუნებას და უმადურობას. მერე კი ვთვქი: ჩემს სიმღერას სხვა გარემო სწყურია, სხვა ზეცა, სხვა მსმენელი... დავტოვე ჩემი წინანდელი ცხოვრება, მოვედი თქვენთან, მაგრამ ის სიმღერა ვერ მოგიტანეთ, თქვენ რომ გჭირდებოდათ. სწორედ თქვენს შორის ვიგრძენი, სულ სხვა ელფერი და ხმა ჰქონდა ჩემს სიმღერას. იგი იმ მყუდრო, კრადაგმანულ ოთახებისთვის იყო შექმნილი, სადაც ხვირპირშეღებილი მხევლები საკუთარ გათიმთიმებულ თეძოებს და მათრობელა სასმელს ერთად მიართმევენ თავიანთ მეუფე-ბატონებს. იმ ოთახების დახშული ჰაერი ახლდა ჩემს სიმღერებს. ისინი თქვენთვის არ იყო შექმნილი, ამორძალებო. აი ესაა თქვენი სიმღერა, პირიმზე მღერის თქვენს სიმღერას...
ასეთი სიტყვა დაურთო ელამ იმ სიმღერას, რომელიც პირიმზესთან ერთად გამოსჭედა. პირიმზეს ბოხმა და ხრინწიანმა, გარეული ფრინველის მინაგვარმა ხმამ გააცოცხლა ის ჯადო-მარცვალი, რაც უკვე მკვდარი ეგონა ელას. და იმ დღიდანვე საგანგებოდ გალესილი ცულებივით განუყრელი გახდა იგი ამორძალებისათვის. გოგონა, რომელიც ამორძალად იზრდებოდა, ფეხის ადგმისთანავე სწავლობდა ამორძალთა პირველ სიმღერას. პირიმზესავით, ცხადია, ვერავინ ვერ იმღერებდა იმ ძველ სიმღერას, მაგრამ ისეთი არავინ არ იყო დარჩენილი ამორძალთა შორის, თავისი ხმა რომ არ შეეწყო მისთვის. ლამის სუნთქვასავით ბუნებრივ მოვლენად ქცეულიყო იგი ამორძალებისთვის. და ყოველთვის, საზეიმო თუ სადაგ დღეებში, ბრძოლისა თუ სიმშვიდის ჟამს, მუდამ გაისმოდა ამორძალთა ომახიანი სიმღერა, გარეული ფრინველის ამაყი ძახილი:
...ერთი ჩრდილი გვაქვს ჩვენ ორივეს,
თავისუფლებაც ერთია მხოლოდ...


გაყვითლებული ეტრატის სუნთქვა

ნენეს გარდა არავინ იცოდა, დედოფალი მეგი დელფოს სამისნოსკენ რომ აპირებდა გამგზავრებას. თვით თავის მარჯვენა ხელს, ასინეთსაც კი სულ ბოლო წუთამდე არ გააგებინა ამის შესახებ. ორჭოფულად ეუბნებოდა, ალბათ ვინმეს გავაგზავნიო. არ უნდა უწყოდნენ ამორძალებმა, თუ მათი დედოფალი შორსაა მათგან, ფიქრობდა მეგი. სჯობია ისევ ახლოს ვეგულებოდე ყველას, იფიქრონ, რომ ისევ მათ გვერდით ვარ, რომ მუდამ უთვალთვალებთ ხანდაზმული დედოფლის მჭრელი თვალი... ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ამორძალებს ეხებოდათ.
ასინეთმა მოუწონა დედოფალს გადაწყვეტილება, ბევრი რამ საოცრება სმენოდა დელფოს სამისნოს შესახებ. უთხრა, მე თვითონ შეგირჩევო იქ წამსვლელს ვინმეს.
- არა, საჩქარო არაფერია, - იუარა დედოფალმა, - თუმცა რამდენიმე ამორძალი მაინც მზად გყავდეს მგზავრობისთვის...
ერთი კვირაც არ იყო გასული ამ საუბრიდან, უთენია დაადგა გზას დედოფალი. ძვირფასი ძღვენი მიჰქონდა თან, სპილენძით შეჭედილი მუხის სკივრიდან ამოალაგა მზესავით მოელვარე ოქროს ბეჭდები, სამაჯურები, მარგალიტის მძივები, ბაჯაღლო ოქროს შუბლსაკრავები, შუაში ოქროს ყვავილით დამშვენებული და სხვა მრავალი. მსხვერპლად შესაწირავი საქონელიც გულდაგულ შეარჩია, საგანგებოდ ნასუქი რქამაღალი ხარები... საჭმელ-სასმელიც ბლომად წაიღო, რათა ზედმეტად არ დაკარგოდათ დრო ხორაგის ძებნაში.
მკლავმაგარ ამორძალთა მოზრდილი ჯგუფი იახლა თან. გზაში ეს ჯგუფი სამად გაჰყო მეგიმ. პირველ ჯგუფს სასმელ-საჭმელი და საგზაო რამ მოწყობილობები მიჰქონდა. მეორე ჯგუფი, დარჩეული ამორძალები, მუდამ გვერდით ჰყავდა მეგის, მესამე ჯგუფი სამსხვერპლო ხარებს მიერეკებოდა. ეს სამი ჯგუფი მხედველობიდან არასოდეს ჰკარგავდა ერთმანეთს. თუ საჭირო იყო, ელვის სისწრაფით შეიკვრებოდნენ ერთ მუშტად. ხშირ-ხშირად ეხმიანებოდნენ ერთმანეთს ხმამაღლი შეძახილით, ცხენებს ფერდებზე უტყაპუნებდნენ დაკუნთულ, ღონიერ წვივებს, ხანდახან ორპირა ცულს დაატრიალებდნენ ჰაერში და ცდილობდნენ პირიმზესთვის მიებაძათ.
შებინდებისას დიდი გულისყურით არჩევდნენ ღამის გასათევ ადგილს. ბევრი რამ უნდა მიეღოთ მხედველობაში; გზასთან სიახლოვე, ადგილმდებარეობა კარვების გასაშლელად... კარვები ისე უნდა განელაგებინათ, რომ ვინმე მომხვდურს ადვილად არ შეძლებოდა მათი შუაში მომწყვდევა. ამას გარდა, ორ თუ სამ კარავს ცოტა მოშორებით, განცალკევებულად გაშლიდნენ და ისე შენიღბავდნენ ხეთა ტოტებით, რომ ძეხორციელს არ მოუვიდოდა აზრად, თუ იგი ადამიანის საცხოვრებელი იყო. ძილფხიზლობდნენ მოსასვენებლად მიწოლილი ამორძალები, საგანგებოდ გალესილ ორპირა ცულებს ხელიდან არ უშვებდნენ. დარაჯის ერთი დაძახილიც საკმარისი იყო მათ ფეხზე წამოსაშლელად. შეჩვეულნი იყვნენ ასეთ ყოფას ბალღობიდანვე. ოდნავადაც არ აკრთობდათ მოგზაურობასთან დაკავშირებული ზოგიერთი უხერხულობანი.
დედოფალი გაართო მგზავრობამ. ყოველდღე ახალ-ახალი სანახები იშლებოდნენ ირგვლივ, რომელთაც იგი სიამოვნებით უჭვრეტდა. თავი ბედნიერად იგრძნო, ცოტა ხნით მოწყდა ჩვეულ გარემოს, თითქოს სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდა. ყველაფერი საინტერესო და მიმზიდველი ეჩვენებოდა; ჰორიზონტზე წარმოჩენილი მთათა მწვერვალები, რომლებიც ნელნელა იცვლიდნენ მოხაზულობას. გახრიოკებული კლდეები თუ მწვანით უხვად შემოსილი ფერდობები. ხიდან ხეზე გადამფრენი ჩიტიც კი ახარებდა მის თვალს. მგზავრებიც საკმაოდ ხშირად ხვდებოდათ, ათასნაირი ჯურის ხალხი, ზოგი ამხედრებული, ზოგნიც ფეხით მოსიარულენი. ისინი ცნობისმოყვარეობით უჭვრეტდნენ ცხენოსან მეომარ ქალებს. ერთმანეთს ანიშნებდნენ საგანგებოდ გალესილ, ლაპლაპა ორპირა ცულებზე და ნახევარმთვარის ფორმის ფარებზე. ზოგი მათგანი აუჩქარებლად, თითქმის სეირნობით მიუყვებოდა მტვრიან შარაგზას, სახეზეც სილაღე ეწერათ. ასეთებს ამორძალები წინ უსწრებდნენ, ისინიც გვერდზე გადგებოდნენ და მოთმინებით იცდიდნენ, სანამ ამორძალთა ცხენების ფლოქვებისგან ადენილი მტვერი დაიკრიფებოდა. ზოგნი ისე ჩქარობდნენ, თითქოს სიკვდილი დადევნებოდათ, მათი იერიც ჭმუნვით და ზრუნვით იყო აღსავსე.
ყველაზე ნაკლებად თვით დედოფალი ხვდებოდა თვალში შემხვედრთ, ძნელი იყო მისი შეთვალიერება, რბილბეწვიანი ტყავებით მოგებულ ეტლში შეყუჟულიყო, მოსასხამიც შემოებურა ტანზე. თვითონ აღარ მართავდა ეტლს ამ შორ გზაზე, საამისო ჯანი აღარ მოსდევდა.
ამას გარდა, მთელი თავისი ყურადღება, მთელი თავისი შინაგანი ძალისხმევა ერთი მიზნისკენ ჰქონდა მიმართული დედოფალს, რაიმე სხვა საზრუნავს არ უნდა დაეფანტა იგი. ის მიზანი იყო ღვთის სიტყვა, მისანის წინასწარმეტყველება, რომელიც დელფოს სამისნოში უნდა მიეღო. რისი გულისთვისაც დაადგა ასეთ შორ გზას. თავის უახლოეს ამოძალებს აღარ ენდო, თვითონვე ეახლა დელფოს სამისნოს; დიდი ხნის ნაფიქრი და ნაოცნებარი, თავისი სანუკვარი სურვილი უნდა განეცხადებინა სახელგანთქმული მისნისთვის: თავისი ქვეყნის, ამორძალთა სამეფოს ბედ-იღბალი აინტერესებდა. ძლიერი იყო ამორძალთა სამეფო, ვაგლახად ვეღარავინ შებედავდა მათ მიწაწყალს, ირგვლივ ერთგული, მკლავმაგარი ამორძალები ეხვია, მომავალს იმედიანად ჭვრეტდა დედოფალი და უნდოდა გაეგო, ღმერთები თუ უყურებდნენ მოწყალე თვალით მის იმედებს.
ისიც იცოდა მეგიმ, ღმერთი ხმას ვერასდროს ვერ მოგაწვდის, თუ თვითონ არ ძალგიძს მისი მიღება. დიდი დამუნჯება სჭირდება ღვთის ხმის გაგონებას, დიდი ძალისხმევა, მთელი შინაგანი გულისყურის თავისკენ მიპყრობა. ,,ჯერ მე თვითონ უნდა მოვუხმო ღვთის ხმას, ფიქრობდა მეგი, რათა მისანმა გაიგონოს და მერე ჩემამდე მოიტანოს იგი~.
მეგი სულ ერთიანად ჩაეფლო იმ წინასწარ, გონებაჭვრეტით ხილვებში, რაც ამორძალთა დღეკეთილობას თუ მისთვის ავბედით ცნებებს უკავშირდებოდა. ამორძალთა სამეფოს უპირველეს საწყისს გადააწყდა მისი ფიქრი ამ მოუსვენარ ხეტიალში... გადააწყდა და ყალყზე შედგა, როგორც მდინარის ჩქერი ტალღა შედგება ყალყზე ჭორომთან შეხვედრისას. ამორძალთა უპირველესი! ვინ იყო იგი... ვინ იპყრა ხელთ სულ პირველად ორპირა ცული, და რატომ მაინცდამაინც ორპირა ცული. ყველა ამორძალმა იცოდა მისი სახელი, დედოფალ თეონას სახელი... ცხადია, თვით მეგის უნდა სცოდნოდა ყველაზე უკეთესად... სპილენძით შემოჭედილ მუხის სკივრში, გრძნეული ქამრის და ძვირფასეულობის გვერდით ელაგა სიძველისგან გაყვითებული ეტრატები. და ეს ეტრატი წარმოადგენდა ყველაზე აღმატებული ფასის მქონე საგანძურს, რამეთუ სწორედ მასზე ამოზრდილიყო ამორძალთა სამეფო, მისი ძლიერება, საერთოდ ყველაფერი, რითაც შეეძლოთ ეამაყათ ამორძალებს. ამორძალთა პირველი დედოფლის თეონას ამბავს ყვებოდა სიძველისგან გაყვითლებული ეტრატი, ყვებოდა როგორც ცოცხალი არსება და არა მკვდარი ნაწერი: თავისი სუნთქვით, ხმებით, ფერებით... რამდენჯერმე ჩაეკითხა იგი მეგის. და ყოველ წაკითხვისას არაჩვეულებრივად ცოცხალ სახეთა მთელი გუნდი შემოეხვეოდა ხოლმე ირგვლივ. ბალღობიდანვე მახლობელი გამხდარიყო მისთვის ის შორეული ამბავი. და თანაც, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხელშესახები ხდებოდა მეგისთვის იგი. მით უფრო ცოცხლად ხედავდა ყველაფერს. მით უფრო აშკარად და ძლიერად, მთელი სხეულით შეიგრძნობდა იმ სატკივარს, რაც უნდა გადაეტანა ამორძალთა პირველ დედოფალს, მეომარ ქალთა სამეფოს შემქმნელს, ამ ბოლო დროს კი თითქმის სულ გაითავისა... სახელოვანი მძლე დიდებულის, ზაალის შთამომავალი ყოფილიყო თეონა... სამი ვაჟიც ჰყოლოდა ზაალს, სამივე ბრძოლაში დაჰხოცოდა. რაკიღა ძე აღარ ჰყავდა, ზაალმა ზედსიძედ შეიყვანა ვინმე მისივე მეზობელი. შესახედავად ჩაუქი და მეომრადაც გამოსადეგი ჭაბუკი. მას ჩააბარა თეონა დარდისგან გატეხილმა მოხუცებულმა ზაალმა და სულ მალე უფალს მიაბარა სული. თეონა მაშინ სულ ახალგაზრდა იყო, თვალტანად საამო შესახედავი, ჯანით მრთელი, ბუნებით მხნე, ალალი და თავნებაც გახლდათ ოდნავ. უფლებისმოყვარე ხასიათი გამოჰყვა მამისგან. გონებითაც გამჭრიახი იყო, დედა ადრე მოუკვდა. ბალღობიდანვე შეეჩვია დამოუკიდებელ მოქმედებას და ჭირთა თმენას. ნათესავთა მთელი წყებაც ჰყავდა თავის სამემკვიდრეოში თეონას. მათგან ერთერთი დაიახლოვა, ასაკით დაახლოებით მისივე ტოლი ქალი, სახელად მზექალა. წელჩაგრძელებული და გაჩხიკული არსება, ცოტად თუ ბევრად ცხვირპირდაწყობილი. მუდამ ძირს დახრილ თვალებში ღვთისმოსავის სათნოება ეწერა; მხოლოდ იმისთვის თუ აღაპყრობდა თვალებს მაღლა, რომ ზეცისთვის საყვედურით შეეხედა, ასეთი უსამართლო რად შექმნაო ეს სამზეო. მოახლედ ემსახურებოდა თეონას, თუმცა თეონა დიდად არ რჯიდა თავის სამსახურად, ღვთის სამსახურიდან არ უნდოდა მოეცდინა. დღე-ღამის გარკვეულ საათებში საგანგებო ლოცვებს აღავლენდა ხოლმე მზექალა... და ამ ლოცვებში, მისი თქმით, მთავარი ადგილი თეონას დღეკეთილობის და ჯანმრთელობის ვედრებას ეჭირა...
მთელი გულით და სულით შეიყვარა თეონამ მის სამემკვიდრეოში ზედსიძედ მოსული ვინმე ჭაბუკი (სახელიც აღარ შემოინახა მისი მერე), უფრო სასურველი და სანატრელი აღარავინ იყო მისთვის. უდიდესი გულისყურით და რუდუნებით ემსახურებოდა, მის მზეს ფიცულობდა, სიბრძნით და კეთილზნეობით მასზე აღმატებული აღარავინ ეგონა მთელს სამზეოზე. მზად იყო ყოველგვარ განსაცდელს შეჰყროდა პირისპირ, თვით პირდაღრენილ ლომსაც წარბშეუხრელად გადაუდგებოდა წინ, ოღონდ თავის სანატრელ მეუფეს და ბატონს გადაჰფარებოდა, მისთვის აეცდინა ხიფათი.
არ გასულა დიდი ხანი ამ სანეტარო ყოფაში, და ერთ მშვენიერ დღეს, სულ რაღაც თვალის ერთი დახამხამების მანძილზე სრულიად შეიცვალა ყოველივე: თეონას თმას უხვევდა თავისი მოხუცი გამზრდელი... იმ დროისათვის ძუძუთა ბალღი, გოგონა ჰყავდა უკვე თეონას, თავისი ძუძუთი ზრდიდა და გვერდიდან არ იშორებდა პაწიას. ახლაც აკვანში ეწვა ბალღი, რომელსაც გულიანად ეძინა, მაძღრად, მშვიდად მყოფს. იქვე მაყალზე რკინის წნული ხურდებოდა. მოხუცებული ძიძა ჟამიდანჟამ იღებდა იმ წნულს და თმაზე ნელა უსვამდა თეონას.. თმის ბოლოები ტალღებივით იგრაგნებოდნენ მის მარჯვე ხელებში. თეონა დაბალ სკამზე იჯდა, თავი უძრავად ეჭირა ძიძის მზრუნველ ხელებს მინდობილს. თვალი მოპირდაპირე ოთახში გამავალ კარზე ჩამოფარებული ფარდისთვის მიეშტერებინა.
უეცრად დაჰბერა ნიავმა, კარი შემოაღო, ფარდა ააფრიალა და თეონამ თვალი მოჰკრა: მისი საფიცარი, მისი მეუფე და ბატონი მის ღვთისმოსავ შინამოახლეს, მზექალას ეხვეოდა... თან ისიც აშკარა იყო, იმწამსვე შეატყო თეონამ, რომ პირველი არ უნდა ყოფილიყო მათთვის ეს თამაში...
გველნაკბენივით ზეწამოიჭრა თეონა ამის დანახვისას, ორიოდე წამის მანძილზე ქანდაკებასავით იდგა და ფართოდ გახელილი თვალებით მისციებოდა კარზე ჩამოფარებულ ფარდას, რომელიც ოდნავღა ირხეოდა... თითქოს ისევ შეჰყურებდა მის მიღმა მიჩქმალულ სურათს. მერე დასწვდა მაყალზე დადებულ გავარვარებულ რკინის წნულს, გადაიწია გულისპირი და გავარვარებული რკინა მარჯვენა ძუძუზე დაიდო. ოთახში მაშინვე დატრიალდა დამწვარი ხორცისა და რძის სუნი, ერთმანეთი არეული. ძიძა ოთახის კუთხეში ჩაჯდა მუხლმოკვეთილივით, დაზაფრული თვალებით მიაჩერდა, ვერც ხმა ამოიღო, ვერც რაიმე სხვა გაარიგა...
მანამდე არ აიღო ხელი თეონამ, სანამ ბოლვა არ შეწყვიტა ხორცმა, მერეღა უშვა ხელი რკინის წნულს, უკვე გაგრილებულს. რკინის წნული ჟღარუნით დაეცა ძირს, მძინარე ბავშვი შეაკრთო.
- ეს რაა... რა ჰქენი... რისთვის... - ძლივს ალუღლუღდა დაზაფრული ძიძა.
- მეორე ძუძუსაც ამოვიშანთავდი, მაგისთვის რომ არ მჭირდებოდეს. - თქვა ბალღისკენ ხელგაწვდილმა თეონამ და ძირს დაეცა, ტკივილისგან გონდაკარგული.
იმის მერე თვალითაც აღარავის უხილავს არც ზედსიძედ მოსული ჭაბუკი და არც ქვემძრომი და ქვებუდანი მოახლე. არავინ იცოდა, თეონამ დაირეკა ისინი ძუკნა ძაღლებივით თუ თვითონვე უშველეს თავს და გაიქცნენ. ვერავის გაებედა რაიმე ეკითხა ამის შესახებ თეონასთვის. თვითონ კი არც ერთხელ აღარ უხსენებია ისინი, თითქოს არც არსებულიყვნენ ოდესმე.
როგორც კი ოდნავ მოუშუშდა იარა, თეონამ მაგრად გადაიხვია მარჯვენა ძუძუ გამოქნილი ტყავის აზღუდით, გადააგდო ქალური რამ სამკაული თუ გააჩნდა, მეომარივით შეიმოსა და ნელ-ნელა, დღესხვალიობით დაირეკა თავისი სასახლიდან ყველა მამაკაცი. დიდი გულისყურით და შეუპოვრობით მოჰკიდა ხელი თავისი განზრახვის განხორციელებას. სწორედ აქ იჩინა თავის მისმა უფლებისმოყვარე, პირდაპირმა და გაბედულმა ხასიათმა. დაჭრილი გული რასაც უკარნახებდა, მხოლოდ იმას იქმოდა ყოველთვის. სწორედ დაჭრილმა გულმა უკარნახა, თავისი სასახლე რომ ერთიანად გაეწმინდა მამაკაცებისგან. ირგვლივ შემოიკრიბა მხოლოდ ქალები, ტანით მრთელნი, ძლიერნი. სამდურავი ყველას მრავლად ჰქონდა მამაკაცთა მიმართ. ხალისით უგდებდნენ ყურს თეონას ლაპარაკს, რომელიც მამაკაცთაგან თავისუფალი სამფლობელოს შექმნას შთააგონებდა მათ. ამ სამფლობელოში ისინი თავისუფალნი, ლაღნი, ამაყნი იქნებოდნენ, აღარ მოუხდებოდათ იმ უამრავი საზიზღარი წყენის, დამცირების და ტკივილის გადატანა, რომელთაც ასე ადვილად იმეტებენ მამაკაცები ქალებისთვის. რად უნდა გვმბრძანებლობდესო ვინმე გადამთიელი, განა არ აჯობებს ჩვენ თვითონვე ვიყოთ საკუთარი ყოფის და ბედიღბლის განმგებელნი? - ამბობდა თეონა. განა არ გვეყოფა იმ უთვალავი ტკივილის და წყენის თმენა, რასაც მამრნი მოგვაწევენო. აწონვა რომ შეიძლებოდეს იმ ტკივილების და წყენისა, განა იმ ტკივილზე ნაკლები გამოვა, რასაც მეომარი ითმენს მტრის პირისპირ, მისი ბასრი იარაღით დაჭრილი. რად უნდა ვმონებდეთ მამაკაცებს, განა ისინი ჩვენზე ძლიერნი შექმნეს ღმერთებმა? მამაკაცებმა თვითონვე გამოსჭედეს თავიანთი ძლიერება ქალების დამონების ხარჯზე. ჩვენც უნდა შევძლოთ იგივე, სხვა გზა არ გვაქვს... აკი ჩვენ ვშობთ მამაკაცსაც და დედაკაცსაც, ჩვენი საკუთარი ძლიერებაც უნდა ვშვათ.
არც ერთი ჭრილობა არ აღემატება იმ სატკივარს, რასაც მამრთა მონობა მოგვაწევს, მოვიშოროთ იგი და თავისუფალნი, ბედნიერი ვიქნებით.
დაე, ძალა იმ სიყვარულისა, რასაც მამაკაცებს ვახარჯავთ, სულ სხვა მხარეს შემოვაბრუნოთ, როგორც საალყო იარაღს შეატრიალებენ ხოლმე უფრო მოხერხებულ მხარეს. საომარ საქმეს მივუძღვნათ ჩვენი სიყვარული, და მაშინ ჩვენ ვერ დაგვჯაბნის ვერც ერთი მამრი მეომარი, რამეთუ უდიდესია ძალა ქალის სიყვარულისა, მასზე აღმატებული ამქვეყნად არაფერი შეუქმნიათ ღმერთებს.
უდიდესი მოწონებით ეხმაურებოდნენ ამ სიტყვებს ქალ-რძალნი. ყველაფერი, რასაც თეონა ამბობდა, მთელი სისრულით ესადაგებოდა მათი გულის პასუხს. მათი ოცნებაც ეს იყო... ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ასე ეჩვენებოდათ, როცა თეონა გაუბამდა მუსაიფს მამაკაცებისგან თავისუფალი სამეფოს შექმნაზე. მოქნილობაც ჭარბად აღმოაჩნდა თეონას, იცოდა თუ როგორ უნდა მოეპოვებინა მსმენელთა კეთილგანწყობა. ქალებმა ღირსეული წინამძღოლი ცვნეს მასში. თუ ყველამ არა, ბევრმა მიაპყრო გულისყური მის შეგონებას, მისი გამჭრიახი ჭკუაც სათანადოდ შეაფასეს.
როგორც პატარა, ცელქი ნაკადული იქცევა დიდ, მძლავრ მდინარედ დროთა განმავლობაში, ზუსტად ასევე, ეს თითქოსდა გულისჯავრის მოსაოხებლად წამოწყებული ბუტიაობა ბოლოს ძლიერ ნაკადად, ნამდვილ საქმედ იქცა. თეონას ირგვლივ თავი მოიყარა მეომარ ქალად გარდასახვის ბევრმა მსურველმა. სახელიც თვითონ თეონამ შეურჩია მეომარ ქალებს, ამორძალები უწოდა.
სისხლისფრად მოკიაფე ვარსკვლავისკენ მიუთითა ერთ ღამეს დედოფალმა თეონამ პირველ ამორძალებს და აუწყა, ზეციური მეომრის თვალიაო იგი. იმ წამიდან ზეციური მეომარი იწამეს თავიანთ ღმერთად ამორძალებმა. მას შესთხოვდნენ ძლიერებას. მისთვის აწყობდნენ საზეიმო ღამისთევას, როცა სისხლიანი თვალი განსაკუთრებული სიკაშკაშით კიაფობდა ცაზე.
,,ღმერთს უნდა ემსახურო, - მოძღვრავდა თეონა ამორძალებს, - სწორედ შენი სამსახურით უნდა გააძლიერო იგი, რათა თვითონაც შეიძლოს შენი დახმარება. მაშინ თვითონაც დაგეხმარება და უძლეველნი იქნებით~.
ეს სიტყვები დიდი გულისყურით მიიღეს და აიტაცეს ამორძალებმა, ხშირად უმეორებდნენ და შეახსენებდნენ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც, რათა არ დავიწყნოდათ ღმერთის სამსახური.
ხოლო ამორძალთა ღმერთის, ,,ზეციური მეომრის~ სამსახური სხვა არა იყო რა, თუ არა მკაცრი, სალაშქრო ცხოვრება, გამუდმებული წვრთნა და ვარჯიში. ამორძალებიც თავს არ იზოგავდნენ თავიანთი ღმერთის სამსახურში, და ზეციური მეომარიც უხვად წყალობდა მათ. ჭეშმარიტ, მძლე მეომრებად გარდაქმნიდა ხოლმე გუშინდელ შინჯდომია, კრუხივით დაკუტებულ ქალებს.
თანდათან შეიკრა, შედუღაბდა ეს უჩვეულო ქვეყანა, ამორძალთა სამეფო. ნამდვილმა მეომარმა ქალებმა მოიყარეს თავი თეონას ირგვლივ, იგი იმთავითვე აღიარეს საკუთარ დედოფლად. თვითონაც სწორედ ამ საქმისთვის, ამორძალთა დედოფლობსითვის მოვლინებულად თვლიდა საკუთარ თავს ამქვეყნად. ვეღარ წარმოედგინა სხვაგვარი ცხოვრება. იღბალმაც ხელი მოუმართა. იცოდა თეონამ, რა მძლე და შეუპოვარი ხელიც არ უნდა წარმართავდეს ხომალდის საჭეს, მუდმივ პირქარს მაინც ვერ შეებრძოლება. ზეცა უნდა მომყუდროვდეს ბოლოს, ზურგის ქარმაც დაჰბეროს... შემწენი გამოუჩნდნენ თეონას ამ ძნელ საქმეში. იქნებ ხელიც ჩაექნია ყველაფერზე, თავის სანუკვარ ოცნებაზე უარიც ეთქვა, აიდა რომ არ ყოფილიყო მის გვერდით, მართლაც მეომრად დაბადებული ქალი, ჭეშმარიტი ამორძალი. უდიდესი ღვაწლი დასდო აიდამ ამორძალთა სამეფოს, მამაკაცურ ღონესთან ერთად იშვიათი გამჭრიახი გონება მოემადლებინა მისთვის განგებას. აიდამ შექმნა ორპირა ცული, იმის ნიშნად, რომ ერთი მეომარი ქალი ორგზის მეომარ მამაკაცს უდრისო, ყველა მიმართულებით ერთნაირად უნდა სჭირდესო თქვენი იარაღი. აიდა ამხნევებდა თეონას სასოწარკვეთილების ჟამს, როცა ამ უკანასკნელს ლამის აღარ ჰქონდა იმედი. მან ისე ირწმუნა, ისე გაითავისა თეონას მიერ ჩაფიქრებული სამეფო, თვითონ თეონას, მის ჭეშმარიტ შემოქმედს აჯობა სიმტკიცესა და გამძლეობაში.
არც მთავრის გრძნელუ ღმერთს მიუძღოდა ნაკლები ღვაწლი ამორძალთა ძლიერების გაფურჩქვნა-აყვავებაში, რომელიც სწორედ აიდამ დააწესა. საზეიმო საგალობლებს გალობდნენ ყოველ ახალმთვარეობისას, ყველა გულდაგულ ასრულებდა ამ წესს. ყველამ კარგად იცოდა, რა გულთამხილავიც იყო მთვარის გრძნეული ღმერთი. იგი ჭვრეტდა ამორძალთა გულისგულს. ,,შეხედეთ, რა ნაღვლიანი სახე აქვს მთვარეს, - ამბობდნენ ამორძალები, - ეს იმიტომ, რომ იგი კარგად ხედავს ყოველივე დაფარულს. იმასაც კი ხედავს, რაც ჩვენ თვითონ ვერ დაგვინახავს საკუთარ გულში, ამიტომაა ასე სევდიანი~.
,,სიმართლე და გულწრფელობაა მთვარის ღმერთის მეორე სახელი. მუდამ სიმართლეს უნდა ამბობდე, თუ გინდა მთვარის ღმერთს ემსახურო და დიდ ძალას შეგძენს სამაგიეროდ იგი. სიცრუე ჯაბანთა იარაღია, ასევე ჯაბანად გაქცევს. ჭეშმარიტ მეომარს არ უნდა ეშინოდეს სიმართლის. ამას გვასწავლის და შეგვახსენებს მთვარე თავისი სევდიანი სახით~.
ნახევარ მთვარის ფორმა მისცეს თავიანთ ფარებს ამორძალებმა. ზეციურმა მეომარმა ორპირა ცულის ტარება შთაგვაგონა, მთვარის გრძნეულმა ღმერთმა კი ნახევარ მთვარის ფორმის ფარები გვისაჩუქრაო. ასე სწამდათ მათ.
ამას გარდა, ყვავილთა დაბადების დღეს ზეიმობდნენ ამორძალები. ეს ხდებოდა ყოველ გაზაფხულზე, ვარდის ყვავილობის დროს. ამ ლამაზი ზეიმის დაწესება მოგვიანებით მოხდა, თეონას დედოფლობიდან კარგა ხნის შემდეგ. აღარც კი იცოდნენ ამორძალებმა, ვინ იყო მისი დამფუძნებელი... მაგრამ თვით ამბავი, თუ როგორ დაიბადნენ ყვავილები, ყველა ამორძალმა ზეპირად იცოდა: ერთხელ თურმე მიწაზე დასეირნობდა ზეციური მეომარი... საერთოდ, მიწაზე სეირნობა ძალიან უყვარდა ამ მოუსვენარ ღმერთს. შემთხვევით ეკლიან ბუჩქზე გაიკაწრა ხელი, სისხლის წვეთები დაედინა მწვანე ეკლიან ბუჩქს. ზეციურ მეომარს გაეღიმა წამახული ეკლების დანახვაზე, შეაქო მწვანე ბუჩქი, რა კარგად შეიარაღებულხარო. და იმ წამსვე ალისფერ ყვავილად იქცა მისი სისხლის წვეთი. ასე დაიბადა ალისფერი ვარდი... მომდევნო დღეებში სხვა ყვავილებიც გაჩნდნენ, სხვადასხვა ფერისა. ყვავილები უყვარდათ ამორძალებს, ამბობდნენ, რომ ყვავილების გვირგვინი ერთნაირად უხდებაო ჭეშმარიტ მეომარს თუ პრანჭია ქალს. მაგრამ გამორჩეულ პატივის მეწამული ფერის ვარდებს მიაგებდნენ. მკერდის დადაღვისთვის გამზადებული ახალგაზრდა ასულებიც მეწამული ვარდების გვირგვინით იმკობდნენ თავს. ყვავილთა დაბადების დღე დიდად ახარებდა ამორძალებს, მათ სწამდათ, რომ ამ დღეს ყველა ავადმყოფობა უკუიქცეოდა მათგან, რამეთუ ყვავილნი ჯადო-მკურნალებიც არიან იმათთვის, ვისაც მათი პატივისცემა და სიყვარული შეეძლო.
ანდა ვინ იცის, იქნებ ვერც მაშინ აყვავებულიყო ამორძალთა სამეფო, პირმთვარისა რომ არ გამოსჩენოდათ მეხოტბედ და მომღერლად. სწორედ პირმთვარისამ შეთხზა ის პირველი სიმღერა, რასაც შემდეგ დიდი გაჭირვებით მიაკვლია ავლეტრიდა ელამ: თავისუფლების ამაყი სიმღერა, ძარღვებს საომრად რომ უძაგრავდა ამორძალებს მკლავებზე, და თითები თვითონვე მიილტვოდნენ ორპირა ცულისკენ. სწორედ ასეთი სიმღერა უნდა ეთქვათ ამორძალებს, რომ ჭეშმარიტ მეომარ ქალებად ქცეულიყვნენ. უამსიმღეროდ ვერ შობდნენ ისინი საკუთარ ძლიერებას.
ეს ყველაფერი, ჭკუით და ღონით გამორჩეულ ამორძალთა ენერგია, თვით დედოფლის თეონას ძალისხმევა, მისი შემდგომი თაობების ღვაწლი, ერთ მძლავრ ნაკადში იყრიდა თავს შემდგომში. ცხოვრებას ამორძალთათვის უკვე მდოვრე წყნარ დინებასავით მოჰქონდა კარგი თუ ავი. ბევრი რამ სიძნელე თუ შეხვდებოდათ, მის გვერდით საამური სიახლეც იჩენდა თავს: ქალური სილამაზე უარყვეს ამორძალებმა. პრანჭია, კოკობზიკა ქალი სალანძღავ სიტყვად ითვლებოდა მათში, მაგრამ მათდა უნებურად სილამაზის ახალ, სულ სხვა სახეს მიაგნეს; მეომარი ქალის სილამაზეს. ეს წინასწარ არავის არ უფიქრია, მათ შორის არც თეონას. მათ თვალწინ თვითონვე გაიფურჩქნა ეს უჩვეულო მკაცრი სილამაზის მქონე ყვავილი, მეომარი ქალის სილამაზე. სხვა ჩვეულებრივი ქალებისგან განსხვავებით, უფრო თამამად, ლაღად დააბიჯებდნენ ამორძალები. ავაზას მინაგვარი სიზანტე ეტყობოდათ მოსვენების ჟამს, ბრძოლისას ჭეშმარიტ ავაზასავით იბრძოდნენ. ოდნავადაც არ კეკლუცობდნენ, მაგრამ კეკლუც ქალებზე ნაკლებ როდი იზიდავდნენ მამაკაცთა ყურადღებას, თუკი ეს უკანასკნელნი სადმე მოჰკრავდნენ თვალს ამორძალებს. მაგრამ თვითონ ამორძალებს ჩირადაც არ უღირდათ მამაკაცთა ყურადღება, ქალთათვის ასე ღირებული რამ. ამორძალები წყვილდებოდნენ დროებით სტუმრად მოწვეულ მამაკაცებთან, რათა შთამომავლობა გაეჩინათ, მხოლოდ გოგონებს იტოვებდნენ თავისთან, ბიჭებს ისევ მამებს უგზავნიდნენ.
ყველაზე მეტი თავსატეხი სწორედ ამ ,,დრეობითმა სტუმრობამ~ გაუჩინა ამორძალთა უპირველეს დედოფალს. მან იცოდა, რაოდენ საშიში იყო იგი მეომარი ქალებისთვის, საშიში იმდენად, რამდენადაც ქალის ბუნებას გააღვიძებდა მათში, ასეთი ქალი კი მეომრად აღარ ივარგებდა, სტუმარი მამაკაცის სამუდამო ყურმოჭრილ მონად დარჩებოდა მთელი სიცოცხლე. ბევრი იფიქრა, ბევრი იმტვრია თავი დედოფალმა თეონამ, და ბოლოს გადაწყვიტა, ამორძალთა ნათლობის წესი შემოეღო. ეს ნათლობის წესი იგივე ტკივილი იყო, რაც თვითონ მან მიაყენა საკუთარ თავს, როცა მარჯვენა ძუძუ დაიდაღა გახურებული რკინით. იმ დღეს მან საკუთარი ხელით ამოსწვა ქალი საკუთარ თავში. იმ დღიდან იქცა იგი ამორძალად. სწორედ ეს წესი უნდა აღესრულებინა ყველას, ვინც ამორძალად ყოფნას მოინდომებდა. გულს გადაიღეღავდა ხოლმე დედოფალი თეონა, მომწვარ მარჯვენა ძუძუს გამოაჩენდა, რათა მომავალ ახალგაზრდა ამორძალებს დაენახათ:
- აი, ასე უნდა ამოშანთოთ თქვენს გულში ქალი, თორემ ვერ იქცევით ამორძალებად.
პირველი ამორძალებიც დაჰყვნენ მის ნებას, და იმ დღიდანვე მკერდის ამოშანთვა უპირველეს მოვალეობად იქცა ამორძალთა შორის. ყველა გოგონას, ვინც კი ზრდასრულ ასაკს მიაღწევდა, მარჯვენა ძუძუ უნდა დაედაღა. უამისოდ მას არ ჰქონდა უფლება, დროებით სტუმართან დაწყვილებულიყო და ვერც ამორძალად იქცეოდა. ,,მხოლოდ ამგვარად თუ ამოიშანთება სიყვარულის შხამი, - შეაგონებდა თეონა ამორძალებს და ისინიც სიტყვასიტყვით იმახსოვრებდნენ, რათა შემდეგ სხვებისთვის ეთქვათ: - მხოლოდ ჩვენ, ამორძალებმა ვუწყით, რომ სიყვარული იგივე შხამია, ოღონდ თავდაპირველად ტკბილი გვეჩვენება ეს შხამი. მისი სიმწარე მოგვიანებით იჩენს თავს. სწორედ მომწვარი ძუძუ შეგვახსენებს ამ სიმწარეს~. ვინც ამ ტკივილს უძლებდა, სწორედ ის იქცეოდა ამორძალად.
მიუხედავად ამისა, დედოფალ თეონას მაინც არ ჰქონდა გული საგულეს. კარგად იცოდა სიყვარულის ძლიერების ამბავი, იცოდა, რომ არც ისე ადვილია მისი ამოშანთვა, რომ სიყვარული ხანდახან ყოველგვარ ტკივილს აღემატება. ამიტომ მოიფიქრა ის მეტად უცხო, ერთი შეხედვით უჩვეულო წესი: ღმერთისთვის ისევ ღმერთის შეწირვა. თვითონ დედოფალმა საკუთარი ხელით გამოძერწა სამასხარაო რამ თოჯა, უწოდა მას სიყვარულის ღმერთი და მერე თვითონვე გადაისროლა ზეციური მეომრის სამსხვერპლოზე დანთებულ კოცონში. ყველა ახალგაზრდა გოგონას, ვინც ამორძალად გახდომას ლამობდა (და სხვებსაც, უკვე ჭეშმარიტ ამორძალებს), რაიმე უნდა გადაეგდო იმ კოცონში, სადაც თოჯა იწვოდა, თუნდაც სამოსიდან გამოძრობილი ძაფი. ამას საწინდარის გადაგდებას ეძახდნენ. მასთან ერთად იმ ცეცხლში უნდა ჩამწვარიყო ყველა გულისთქმა, რომელიც ზეციური მეომრის გარდა სხვა მხარეს იქნებოდა მიმართული. სამაგიეროდ ზეციური მეომარი დაეხმარებოდა მათ, რათა ჭეშმარიტი ამორძალები, მეომარი ქალები ყოფილიყვნენ, მუდამ გამარჯვებულნი მობრუნებულიყვნენ საომარი ველიდან, ხოლო სტუმრად წვეული მამაკაცები ისევე განურჩევლად, ცივად მიეღოთ და გაესტუმრებინათ, როგორც თოვლიანი მთის მწვერვალი ღებულობს და ისტუმრებს ჩამავალი მზის მოალერსე სხივებს. კარგად იცოდა დედოფალმა თეონამ, ამორძალთა უპირველესმა დედოფალმა, თუ რა საშიში იყო ეს სტუმრობა ამორძალთათვის, ამიტომ განსაკუთრებით აფრთხილებდა ყველას, ცივნი და გულგრილნი ყოფილიყვნენ მათ მიმართ, ყველა ჭირზე უარესად მორიდებოდნენ სიყვარულს. ,,ერიდეთ სიყვარულს, ამორძალებო! - ასე უანდერძა თეონამ ამორძალების მომავალ თაობებს, - უარყოფილმა სიყვარულმა შექმნა ამორძალთა სამეფო, და მხოლოდ სიყვარულს შეუძლია მისი იავრქმნა. ერიდეთ სიყვარულს და უძლეველნი იქნებით~.
მეგიც ზუსტად იმავე სიტყვებით მიმართავდა ამორძალებს, ,,ერიდეთ სიყვარულს, ერიდეთ ჭირზე უფრო უმეტესად~... განსაკუთრებული ყურადღებით სწორედ ახალგაზრდა, ამორძალად გახდომის მსურველ გოგონებს ადევნებდა თვალს, არიგებდა, წვრთნიდა... ,,მკერდის დადაღვა ისე უნდა აიტანოთ, სახეზე ტკივილის კვალიც არ უნდა გემჩნეოდეთ, - ეუბნებოდა მათ მეგი, - მხოლოდ მაშინ იქცევით ჭეშმარიტ ამორძალებად~.
თუ რომელიმე მათგანი ვეღარ გაუძლებდა და ტკივილისგან სახე დაეღრიცებოდა, როცა გახურებულ რკინას დაადებდნენ მარჯვენა ძუძუზე, მაშინ მეგი ასე ეტყოდა: ამაზე უფრო მწარეაო მიტოვებული, მოყივნებული ქალის ტკივილი.
და ახლა დადგა ჟამი, როცა ღვიძლი შვილისთვის უნდა ეთქვა იგივე სიტყვები, მკერდის დადაღვის დროს, ზეციური მეომრის ზეიმზე, სამსხვერპლოდ დანთებული კოცონის გვერდით, რომელშიც სიყვარულის პამპულა თოჯას გადააგდებდნენ, და მეგის სწორედ ეს მოეჩვენა ყველაზე სამძიმოდ. თუმცა ამას საკუთარ თავსაც არ უმხელდა. დედოფლისათვის ერთი უნდა იყოს ყველა ღირსეული ამორძალი. მაგრამ მეგის ვერაფერი მოეხერხებინა საკუთარი თავისთვის. როგორღაც მოუსვენრობა იპყრობდა, როცა თვალნათლივ წარმოიდგენდა მკერდის დადაღვის სცენას. მერე კი ვიღაც გადამთიელს უნდა მიჰგვარონ. როგორც რაიმე არმაღანი... მეგის ზიზღით ეჭმუხნებოდა სახე, უკვე აქედანვე მთელი არსებით ჭირივით სძულდა ჯერაც თვალით უხილავი გადამთიელი. მაგრამ ვაი რომ ეს გარდუვალი იყო. ნუკრის მემკვიდრე უნდა ეშვა, სხვანაირად ვერ გახდებოდა ამორძალთა დედოფალი... ეჰ, ნეტავი ასე ლამაზი არ იყოს ნუკრი...
და მეგის ფუტკრებივით დაეხვია თავისი ძველი ფიქრები, ათასგზის განცდილი შიში დაეუფლა ახლაც. ძალიან აკრთობდა ნუკრის სილამაზე, ეს რომ არა, იქნებ არც დადგომოდა ამ შორეულ გზას დელფოს სამისნოსკენ. ნუკრის მომავალი და ამორძალთა სამეფოს მყობადი ერთად შერწყმულიყო მის წარმოდგენაში. ერთის ბედნიერება და მეორის აღზევება უერთმანეთოდ ვერ წარმოედგინა. ,,ნუკრი იქნება ამორძალთა დედოფალი, - ფიქრობდა მეგი, - იშვიათი გამბედაობა და გამჭრიახი თვალი მოუმადლებია მისთვის განგებას, მაგრამ ეს სილამაზე კი მეტისმეტია... რამდენჯერ შემიმჩნევია, თვალს ვერ აშორებენ ხოლმე ამორძალები. იგია მისთვის პირველი მტერი, ვაითუ იმ ვინმე გადამთიელს, ნუკრისთვის სტუმრად მოწვეულს მემკვიდრის გასაჩენად, ფრიად მოჭარბებული სიფიცხე და მგზნებარება შესძინოს ნუკრის უჩვეულო სილამაზემ, ეს კი შხამზე უფრო სახიფათოა.
ერთხელ თუ მოიწამლა, მთელი სიცოცხლე ვეღარ განთავისუფლდება მისგან. იმ შხამის ძალას ის მწარე ტკივილიც კი ვერ აბათილებს, მარჯვენა ძუძუს წინასწარ რომ ამოუშანთავთ ხოლმე დასაწყვილებლად გამზადებულ ამორძალებს.
ღმერთებმა დაგვიფარონ ამ შხამისგან, ღმერთებმა მიგვანიშნონ მისგან თავის დაღწევის გზები... და მაშინ ყველაზე უფრო ღირსეული და გონიერი დედოფალი ეყოლებათ ამორძალებს, ვინც კი ოდესმე ჰყოლიათ. ამორძალთა სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდება მის ხელში~...

წინასწარმეტყველება

პირდაპირ ბავშვივით გაიხარა დედოფალმა მეგიმ, როცა ცისკიდურზე პარნასის მწვერვალმა გამოანათა. ეს ადრიან დილით მოხდა, მოწმენდილ ცას ლურჯად გაჰქონდა კამკამი, ერთი ღრუბელიც კი არსად ჭაჭანებდა. ასეთი შემთხვევა კი თურმე იშვიათი იყო, როგორც აღნიშნეს გზაში შემხვდურებმა. პარნასის მწვერვალს უმეტესად თეთრი ღრუბლები ეხვია ირგვლივ. დედოფალმა მეგიმ ეს კეთილის მაუწყებელ ნიშნად ჩათვალა.
იმ დილით მეგი კიდევ უფრო მჭიდროდ გაეხვია წამოსასხამში, შეანელა ყურადღება გარემოს მიმართ, თუმცა ირგვლივ ერთიმეორეზე ულამაზესი სანახები იშლებოდნენ. მთელი თავისი ფიქრი და გულისყური თავისი სანუკვარი ოცნებისკენ მიმართა. ,,მინდა, მუდამ ჰყვაოდეს ამორძალთა სამეფო, - იმეორებდა მეგი გულში დელფოს სამისნოში. სათქმელ სიტყვებს, - მინდა, რომ ავაზასავით ძლიერი და მოქნილი ამორძალები ამაყად დააბიჯებდნენ ჩვენს მიწაზე, მათი ომახიანი ყიჟინა აკრთობდეს მეზობელ ქვეყნებს. მინდა, დრომ ვერაფერი დააკლოს ამორძალთა ძლიერებას. მითხარით, მანიშნეთ, მოწყალე ღმერთებო, რა გზით ვეწიო ჩემი ქვეყნის ძლიერების კიდევ უფრო აღზევებას, ისიც მანიშნეთ, თუ რაიმე საშიშროება და ხიფათი გველის. არავითარ მსხვერპლს არ დავიშურებ ამორძალთა მარადიული ძლიერების სანაცვლოდ... და მათი მომავალი დედოფლის, ნუკრის დღეგრძელობისთვის. მისი სახელოვანი, ამაყი ყოფისთვის. ჩემი სიცოცხლე მიითვალე მათდა სანაცვლოდ, ოდნავადაც არ მენანება...~
მთელი დღე ასეთ ფიქრებში იყო მეგი ჩაფლული, მონდომებით უხმობდა მთელ თავის სულიერ ძალას, ღმერთებთან შესახვედრად ემზადებოდა. საღამო ხანს კლდოვან ფერდობს მიადგნენ, ფერდობზე ვიწრო ბილიკი მიიკლაკნებოდა. ამ ბილიკს ,,ავბედითი საფეხური~ ეწოდებაო, აუწყეს მეგის დაწინაურებულმა ამორძალებმა. მეგიმ ცნობისმოყვარეობით მოათვალიერა იქაურობა, ავბედითი საფეხურის შესახებ ადრეც გაეგონა. იცოდა, რომ აქ რაღაც თავისებური ღვთისმსახურება სრულდებოდა, რის დროსაც თითქოს გიჟდებოდნენ ყველანი. მათ თეადები ეწოდებოდათ; და სწორედ ამ საფეხურიდან იწყებდნენ თავიანთი უცნაური ღვთისმსახურების აღსრულებას.
თითქოს ამის დასტურად, მალე ფლეიტის ხმაც მოესმათ. ხმა თანდათან ძლიერდებოდა, ბოლოს მთელი ძალით დაიჟღერა და ამორძალებმა საოცარი სანახაობა იხილეს: ბილიკზე ზორბა, მზემოკიდებული ჭაბუკი მიაბიჯებდა. თეძოებზე ცხენის ძუა შემოახვია. ამის გარდა სხვა არაფერი უფარავდა დაკუნთულ სხეულს. თავზე სუროსა და ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ედგა. ,,ბრომიოსი, ბრომიოსი, თეადები მიჰყავს მთებში...~ ატყდა ჟრიამული მნახველთა შორის.
ფლეიტას გამყინავი ხმით აჟღერებდა ჭაბუკი, ფართო მკერდი ძალუმად ებერებოდა. ჟამიდანჟამს მოიცილებდა ფლეიტას და მაღალი ხმით დასძახებდა: ,,აბა, მომყევით, მომყევით, არავინ არ ჩამორჩეთ~, თან ხელებს ღონივრად იქნევდა.
უცნაურად შემოსილი ჭრელი ჯგუფი მიჰყვებოდა ცხენისძუიან ჭაბუკს: ახალგაზრდა ჭაბუკებს ნადირის ტყავები წამოესხათ, ქალებსაც ძალზე შილიფად ემოსათ, თავზე ყველას ყვავილების გვირგვინი ედგა. სხვადასხვა ასაკის ადამიანები იყვნენ ამ ჯგუფში. ყოველ მათგანს უჩვეულო აღტაცება ეწერა სახეზე, თვალები ცეცხლივით უელავდათ. მათი მზერა არ სცილდებოდა ფლეიტით აღჭურვილ, დაკუნთულ ჭაბუკს, ერთი ღრიანცელით მისდევდნენ უკან, თან ცდილობდნენ ხმები აეყოლებინათ ფლეიტის ჰანგისთვის. ზოგი ახალგაზრდა ასულიც შენიშნა ამ ჭრელ ჯგუფში მეგიმ, დანანებით შეჰყურებდა მათ მოქნილ, სხარტ მიმოხვრას, ფართო ნახტომებს, როცა კლდოვან ბილიკზე ჩარბოდნენ. ,,აფსუს, რა დიდებული ამორძალები დადგებოდნენ ამათგან, - ფიქრობდა მეგი, - რა ფუჭად, და უაზროდ დაეხეტებიან მთებში ბრომიოსის კვალს აყოლილები ათასგვარ სისულელეს სჩადიან, ამქვეყნად ყოველივეს ივიწყებენ ცხოველთა დარად, უსარგებლოდ ხარჯავენ განგებისგან უხვად მონიჭებულ ძალას და სისხარტეს, იმის ნაცვლად, რომ ისრის სროლაში და მტერთან ორპირა ცულით კვეთებაში ივარჯიშონ~
ამორძალები განზე გადგნენ, გზა დაუთმეს ამ ხმაურიან, ჭრელ ჯგუფს. მათ ზედაც არ შეუხედავთ ამორძალებისათვის, თითქოს არც კი შეუნიშნავთ ისინი. ქარიშხალივით ჩაიქროლეს და თვალს მიეფარნენ. ფლეიტის შორეული ხმა უხილავი ძაფებით თავისკენ ეწეოდა მათ.
ფლეიტის ხმა ძლივსღა ისმოდა, როცა ვიღაც კიდევ გამოჩნდა დაცარიელებულ ბილიკზე. ნავარდით მორბოდა, არც კი უყურებდა, ისე ახტებოდა საფეხურებს. სულ ახალგაზრდა ასული იყო, მხრებზე ალისფერი მოსასხამი წამოესხა, გრძელი თმა სწრაფი სირბილისგან უფრიალებდა, ნახევრადდაშლილი ყვავილების გვირგვინი ჩამოწეწოდა შუბლზე. ერთი წამით ასე მოეჩვენა მეგის, ნუკრი ხომ არ ასდევნებიაო ამ შეშლილ ჯგუფს... რაღაც საერთო აშკარად ჩანდა მათში.
სულ ახლოს ჩაურბინა უცნობმა ასულმა. ერთი წამით მეგიმ თვალი მოჰკრა მის თვალებს, მათი მზერა თითქოს უნდა შეხვედროდა ერთმანეთს, მაგრამ ასულის მთელი ყურადღება იქითკენ იყო მიმართული, საიდანაც ოდნავღა მოისმოდა ფლეიტის ხმა. თავგაკლული მიილტვოდა იქითკენ, მას არც კი დაუნახავს მეგი. თანაც, რა შემაძრწუნებლად მოეჩვენა მეგის უცხო ასულის თვალების გამომეტყველება! თითქოს აზრიც კი აღარ ღვივოდა მათში. ერთადერთი, მხოლოდ ლტოლვა ჩანდა ამ თვალებში, უგონო, განუსჯელი, დაუოკებელი ლტოლვა. მხოლოდ და მხოლოდ იმ შმაგი, ველური ღვთაების ფლეიტის ხმა ესმოდა ამ თვალების პატრონს, სხვა აღარაფერი, ვერც ვერაფერს ხედავდა სხვას.
საკმაოდ საშიშარი ნახტომი გააკეთა გზის შესამოკლებლად ბილიკზე, ერთი წამით ცეცხლის ალივით გაიელვა მისმა სამოსმა და გაქრა... ფლეიტის ხმაც მიწყდა.
- აი, ამისგან მართლა სწორუპოვარი ამორძალი დადგებოდა! - ხმამაღლა გაამჟღავნა მეგიმ ფიქრი. ამორძალებიც დაეთანხმნენ.
მალე სულ მთლად ჩამობნელდა. ის ღამე წმინდა წყაროს პირას გაატარეს ამორძალებმა. ინათა თუ არა, დედოფალი მეგი განიბანა წყაროს წყალში, მსხვერპლად შესწირა თან გამორეკილი ხარები. ამის შემდეგ ორი ამორძალი იახლა თან, რომლებსაც განძეულის ყუთები მიჰქონდათ. დანარჩენებს წყაროსთან დაცდა უბრძანა, ფეხდაფეხ აიარა კლდოვანი ბილიკები. ტაძრის წინ ქურუმი გამოეგება. ერთ მყუდრო სენაკში შეიყვანა მეგი.
მეგიმ მხლებელ ამორძალებს უბრძანა და მათ მაშინვე გახსნეს ყუთები. თან წამოღებული საგანძური გადმოშალეს. ,,თქვენს ღვთაებას მიართვით და პასუხს ნუ დამამადლის ჩემს კითხვებზე~. თავმდაბლად მოახსენა მეგიმ.
ქურუმმა ყურადღებით დახედა საგანძურს, მცოდნე თვალით შეაფასა მათი ღირებულება. თავი გამგონედ დახარა, შენი სათხოვარი მითხარიო...
მეგიმ ჩამოუთვალა თავისი ვედრება და სათხოვარი, რაც საგულდაგულოდ მოამზადა გზაში.
ქურუმმა ყურადღებით მოუსმინა, აქ დამიცადეო, უთხრა. თვითონ სადღაც წავიდა. კარგა ხანს ალოდინა, მეგის კინაღამ ჩაეძინა. როგორც იქნა, გამოჩნდა. წავიდეთო, ხელით ანიშნა კარებიდან.
მეგი უჩუმრად აედევნა. ქურუმი სწრაფად და უკანმოუხედავად მიაბიჯებდა ვიწრო, კლდოვან ბილიკზე. მეგის მთელი ძალღონის დაძაბვა დასჭირდა, რათა არ ჩამორჩენილიყო. ,,ეტყობა, არაერთხელ აუვლია ეს ბილიკი, - აღნიშნა მეგიმ გულში ქურუმის შესახებ, - მისი ფეხები ისე შეჩვევია ყოველდღე ერთიდაიგივე სავალ გზას, რომ თვითნებურად მიისწრაფვიან წინ~.
ქურუმი მოულოდნელად შედგა. აქოშინებულმა მეგიმ მიიხედ-მოიხედა. საკმაოდ მაღლა ასულიყვნენ, აქედან მთელი ხეობა ხელისგულივით მოჩანდა. აქა-იქ გოგირდოვანი კვამლის ბოლქვები იგრაგნებოდნენ. მათ ცხვირწინ გამოქვაბული იყო, იქედანაც სცემდა გოგირდოვანი კვამლის ბოლქვები. იქვე მისანი ქალი იჯდა სამფეხზე, მათი დანახვისას მისანი წამოდგა და გამოქვაბულში შევიდა, ქურუმიც მიჰყვა.
მეგიმ იქვე ჩაიმუხლა, კედლის შვერილზე ჩამოჯდა და ქურუმს დაელოდა. უცნაური გრძნობა დაეუფლა; ცდილობდა გულისყური მოეკრიბა, თვითონაც მოეხმო ღმერთის ხმა, რათა მისანს უკეთესად შეეცნო და გაეგო იგი, ვერ კი ახერხებდა. ვერა და ვერ შეძლო შინაგანად დაუნჯება, არადა გასაკვირი იყო! მეგის აზრით, სწორედ აქ, ღვთაებასთან ასე ახლოს, კიდევ უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო შინაგანი გულისყურის მოკრეფა და პირიქით კი მოხდა. მეგიმ სცადა გონებაში გაეცოცხლებინა ამორძალთა ცხოვრების სურათები; ლაშქრობა, ყოველდღიური ყოფა, სიხარული თუ ჭირვარამი, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწია, ყველაფერი ისე გაბუნდოვანებულიყო, თითქოს ხეობიდან ამომავალ გოგირდოვანი კვამლის ბოლქვებმა დაბურესო. თვით ნუკრის სახეც კი ვერ წარმოიდგინა ცოცხლად და მკაფიოდ, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ ეს სცადა. თვით საკუთარი წარმოსახვაც აღარ ემორჩილებოდა მეგის. ერთი წამით ისიც კი მოეჩვენა, თითქოს ისევ ეტლში იჯდა, სადავეებს ვიღაცის უცხო ხელი წარმართავდა მისთვის სრულიად უცნობი, ჯერაც თვალით უხილავი გზებით. და ამ გზაზე ვეღარაფერს გააწყობდა ვერც მისი ძალისხმევა, ვერც ვედრება...
გონებადაფანტულმა მეგიმ, ბოლოს ყველაფერი დაღლილობას მიაწერა და აღარ ცდილობდა ნაცნობი ხილვების მოხმობას, გულისყურის დაუნჯებას ღმერთებისადმი.
კარგა ხნის მერე ჩაესმა ფეხის ხმა. მეგიმ თავი ასწია, მის წინ ქურუმი იდგა. ფირფიტა გაუწოდა ქურუმმა და მისნის წინასწარმეტყველება ამცნო: ,,მანამდე იქნებით ამორძალები უძლეველნი, სანამ ოჩოფეხებზე შემდგარ ღმერთს შესწირავთ ზეციური მეომარის სამსხვერპლოზე.
ამის გაგონებაზე მეგი სახტად დარჩა; ოჩოფეხებზე შემდგარი ღმერთი... ეს ხომ თოჯაა, პამპულა ღმერთი... ნუთუ მხოლოდ მისი მსხვერპლად შეწირვაა საკმარისი? ამაზე ადვილი რაღა უნდა იყოს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თოჯა ხომ მაინც მეგის ხელშია! თუნდაც საკუთარი ხელით გადაისვრის ცეცხლში მხსვერპლშეწირვის დროს, სხვებს აღარ დაანებებს. ახალგაზრდა ამორძალებს დიდ სიამოვნებას ჰგვრის თოჯას ცეცხლში გადაგდება. აწი მეგი მოჰკიდებს ხელს. მაგრამ ნუთუ სულ ესაა ყველაფერი? ნუთუ ასეთი უბრალო პასუხი გასცა მისანმა მის ძნელ შეკითხვებს. ყოველ შემთხვევაში, თვითონ მეგიმ მშვენივრად იცის იმ შეკითხვების წონა და ფასი... ამიტომ უჭირს ამ პასუხის დაჯერება...
მეგის ეჭვების პასუხად ქურუმმა ისევ დახედა ფირფიტას და ისევ გაუმეორა ცნობილი ფრაზა: მანამ იქნებით უძლეველნი ამორძალები, სანამ თოჯას შესწირავთო მსხვერპლად ზეციური მეომრის სამსხვერპლოზე.
შვებით ამოსუნთქა მეგიმ, ღიმილმა გაუნათა სახე. ეს ჩემთვის ძალზე იოლია, და მარად უძლეველნი იქნებიან ამორძალები, გაიფიქრა გულში.
ფრიად კმაყოფილი მობრუნდა მეგი თავის მომლოდინე ამორძალებთან. მათ შეკითხვაზე, თუ რა გითხრაო მისანმა, ასეთი პასუხი გასცა: ,,უძლეველნი იქნებიან ამორძალები მარადის!~ პამპულა თოჯა არ უხსენებია, არ ჩათვალა საჭიროდ. ვინ იცის, იქნებ ვინმეს აზრად მოუვიდეს და რაიმე ხრიკი მომიწყოსო. ან გართობის, ანდა რაიმე უფრო ბნელი მიზნით. არ ივარგებდა ხმამაღლა განეცხადებინა, კონკიაჟღარუნას სათამაშოს თუ ამხელა წონა და მნიშვნელობა ექნებოდა. სჯობდა, მას ერთადერთს სცოდნოდა ამ წინასწარმეტყველების შესახებ, რომელსაც შემდეგ თავის მემკვიდრეს, ამორძალთა დედოფალს გაუმჟღავნებდა, სხვას არავის.
იმ დღეს უკვე გვიანი იყო და ღამე იქვე გაათიეს ამორძალებმა, წყაროს პირას დაცემულ კარავში. მეორე დღეს კი უთენია დასტოვეს იქაურობა. ახლა უკვე ერთ ჯგუფად შეკრულნი მიაგელვებდნენ ცხენებს ამორძალები. განძი თან აღარ ჰქონდათ, იმდენი სიფრთხილე აღარ იყო საჭირო. არც ღამის გასათევ ადგილს ირჩევდნენ დიდი ყურადღებით, ამიტომ თითქმის ორჯერ მეტი სისწრაფი ბრუნდებოდნენ უკან, ვიდრე მაშინ, როცა დელფოს სამისნოსკენ ედოთ გზა.
ამას გარდა, საკუთარ სახლში მიბრუნება ძალიან ეჩქარებოდა მეგის. ზეციური მეომრის სადიდებელი ღამისთევა კარზე იყო მომდგარი. ამ ჯერზე ნუკრისაც უნდა დაედაღა მკერდი და ამორძალად დალოცვილიყო... არც საკუთარ თავს, არც სხვას ზოგავდა დედოფალი, აუცილებლად უნდა ჩაესწრო ამ მისთვის გამორჩეული მსხვერპლშეწირვისთვის. დასვენებას მერეც მოასწრებდა, საკუთარ სახლში, ნენეს მადლიან ხელებს მინდობილი.

ასკინკილა

ეს სასეირო სანახაობა ასინეთმა მოაწყო (უყვარდა ასეთი რამეები, ჭკუის სასწავლია თქვენთვისო, ეტყოდა ხოლმე ახალგაზრდა ამორძალებს). კვიცების საჩიხში შეიტყუა გულიკო, ჯერ კარგად მოასუფთავებინა იქაურობა, მერე ერთი ხელის მოსმით გადააძრო ისედაც შილიფი სამოსელი, აართვა ორპირა ცული და მათრახიანი ხელი მაღლა შემართა:
- აბა, ასკინკილა!
ამის გაგონებაზე გულიკომ ცივი ხმით მორთო კივილი. გაქცევა სცადა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ასინეთმა მაგრად ჩაკეტა საჩიხიდან გამოსასვლელი. მეორე მხარეს მიაწყდა გულიკო, ასინეთმა ფართო ნახტომებით ელვისებურად შემოურბინა საჩიხს და მათრახი გამეტებით გადაუჭირა ღობეზე აფოფხებულ შიშველ ამორძალს, რომელსაც ზურგზე ირიბი წითელი ზოლი დააჩნდა. ისიც მაშინვე ჩახტა მიწაზე, სხვა მხარეს მიაწყდა გასაქცევათ. აქა მიწვდა ასინეთის მათრახი, მეორე წითელმა ზოლმა ჯვარედინად გადაკვეთა პირველი. ძალზე გრძელკუდიანი მათრახი იყო ასინეთის მათრახი, ლამის საჩიხის ერთი ბოლოდან მეორემდე უწევდა. საგანგებოდ დაეწნა იგი ასინეთს სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის.
მიხვდა გულიკო, ვეღარსად გაიქცეოდა, იკადრა ცალ ფეხზე ასკინკილა ხტუნვა. როგორც კი ორივე ფეხს დააგამდა მიწაზე, მაშინვე ასინეთის მათრახი გაიშხუილებდა ჰაერში. ყოველ ამ გაშხუილებას გულიკოს წკმუტუნი ახლდა თან.
მალე ამორძალებიც მოცვივდნენ, ირგვლივ შემოერტყნენ საჩიხს. ერთი ღრიანცელი და სიცილ-ხარხარი ატეხეს.
- გეუბნებოდი, ნაკლები ჭამე-მეთქი...
- ჭამით ეჭამა, რამდენიც უნდოდა, ოღონდ მეტი ერბინა და ემოძრავა...
- ეგეც მართალია, გორაობის მეტს არაფერს არ აკეთებდა.
- ცხენზე შემჯდარი რა ხანია აღარ გვინახავს.
- აღარც ისრის სროლაში ვარჯიშობს.
- ორპირა ცულს ხომ მაიც არ იშორებდა...
- ცულის ტარებას რა ჭკუა აქვს, თუ მეომრად აღარ ვარგიხარ.
აქოშინებულმა გულიკომ შეწყვიტა ცალ ფეხზე ასკინკილა ხტუნვა, ორივე ფეხი დაადგა მიწაზე. მაშინვე მიწვდა ასინეთის მათრახი, ორ წითელ ზოლს მესამეც შეემატა.
- გეყოფა, თავი დამანებე. - აწკმუტუნდა გულიკო.
- ჯერ სადა ხარ! - ომახიანი ხმით დასძახა ასინეთმა და კიდევ მოუნაცვლა მათრახი, - იმედნი ქონი გაქვს აკრული, მაგის დაყრას კაი ხანი ვერ შეძლებ, მათრახი ხელში შემომაცვდება. აბა, ჰა!
გულიკო ისევ მოჰყვა ცალ ფეხზე ხტუნვას. ასინეთმა თვალი მოავლო თავშეყრილ ამორძალებს. ნახა, მსმენელი ბევრი მყავსო და ცეცხლი შეუკეთა საბრალო გულიკოს:
- ერთი უყურეთ, კარგად უყურეთ, როგორც უთამთამებს მთელი სხეული. წინ თუ უკან, ზევით თუ ქვევით, ყველაფერი ცალცალკე ხტუნავს, ყველაფერი თავისთვის თამაშობს ასკინკილას... აბა, აბა! არ გაბედო! - მათრახმა გამაფრთხილებლად გაიშხუილა ჰაერში, - ვინ იცის, რამდენი ხანი იმრგვალებდი თეძოებს. აფსუს, აფსუს! ამ საღამომდე ჩხირივით გაგხდი. მათრახი თუ გამიცვდა, სხვასაც ვიშოვი. მაინც ასე რისთვის ცდილობდი, ჰა? ვინმე ხომ არ ჩაგივარდა გულში? ალბათ გინდოდა, თავი მოგეწონებინა მისთვის, წინ გაუვლ-გამოუვლიდი თეძოების რხევით. კი მაგრამ, იქნებ მსუქანი ქალები არ უყვარს იმ დალოცვილს, ამაოდ ჩაგიარა ამდენმა მონდომებამ. არ გაბედო-მეთქი!
მათრახმა ძლიერად გაიშხუილა ჰაერში, თეძოებზე გველივით შემოეხვია გულიკოს:
- მეტი აღარ შემიძლია! - იკივლა გულიკომ.
- არ შეგიძლია? - ხმას კიდევ უფრო აუმაღლა ასინეთმა - მერედა, რატომ აღარ შეგიძლია? მე გეტყვი, რატომ... იმიტომ რომ ხელში მათრახი მიჭირავს და არა ორლესული ცული ან ხანჯალი. მათრახი უკანალს აგიჭრელებს მხოლოდ და მეტი არაფერი. ტკივილსაც კი ვერ იგრძნობ, როგორც საჭიროა, ქონის სქელი ფენა დაგიფარავს. ორპირა ცულით თუ გამოგიდექი, მაშინ აღარ იტყვი, არ შემიძლიაო. აი მაშინ იხტუნავებ როგორც საჭიროა, ახლანდელზე ბევრად უფრო ცქვიტად. აბა, მიდი!
მათრახმა კიდევ ერთი ზოლი აღბეჭდა გულიკოს თეძოებზე, ისიც მაშინვე ისევ მოჰყვა ასკინკილას.
- მეომარს დამიხედეთ, მეომარს! - განუწყვეტლივ გაისმოდა ასინეთის ომახიანი ხმა, - სანამ ეგ ერთი ფეხიდან მეორეზე გადაინაცვლებდეს, ერთ გამოძინებჰას მოასწრებ. მომხვდურს როგორღა უნდა დახვდეს, როგორ უნდა გამოუდგეს და დაეწიოს. ანდა გაქცევით როგორღა გაექცევა, ხომ მაშინვე დაიჭერენ და შუბზე ააგებენ კარგად ნასუქი საკლავივით...
ნუკრიც გულიანად იცინოდა საჩიხის ირგვლივ თავშეყრილ ამორძალებთან ერთად, თავდაპირველად მასაც ართობდა გულიკოს უგერგილო ძუნძული; რა სასაცილოდ იფარებდა ხელებს წითელი ზოლებით აჭრელებულ შიშველ სხეულზე. ცალკე სიშიშვლის რცხვენოდა, ცალკე ტკივილისგან იტანჯებოდა...
მაგრამ მერე და მერე რაღაც უსიამოვნო გაუკრვეველი გრძნობა გაუჩნდა ნუკრის. ზედმეტად სისასტიკედ მოეჩვენა ასინეთის საქციელი, თუმცა საბოლოოდ მაინც აუცილებლობად, დიდად საჭირო რამედ ჩათვალა იგი. გულიკოს ყურებამაც ზიზღი აღუძრა. ის უკვე სასაცილო და გასართობი კი არადა, რაღაც მეტად უბადრუკი რამ სანახაობა იყო მის თვალში, უბადრუკი და საზიზღარი. სიცილადაც რომ აღარ ღირდა. სწორად იქცევა ასინეთი, ასე დაუზოგავად რომ უტლაშუნებს მათრახს ქონმორეულ, მოუქნელ სხეულზე გულიკოს. ასე მოუხდება! ღირსია! ამ ზომამდე როგორ უნდა დაემონო საკუთარ სტომაქს, ქონს როგორ უნდა მისცე იმის ნება, რომ მოგერიოს. განა შენი სხეული შენს ხელთ არაა? შენს ნებას ვეღარ უნდა დაუმორჩილო? ასეთ მდგომარეობაში ხომ საბოლოოდ უნდა შეგძულდეს საკუთარი თავი; მეომრად აღარ ვარგიხარ. ვერც გაექცევი მტერს, ვერც შენ დაესხმი თავზე, ვერაფერს ვერ გააწყობ, თან ყველას სამასხარო უნდა გახდე. ამაზე დიდი უბედურება ამორძალისთვის აღარ არსებობს. ამორძალს უნდა ახსოვდეს, რომ იგი ამორძალია, ამას მსხვერპლად უნდა შესწიროს სხვა ყველაფერი, ჭამა-სმა იქნება თუ სხვა ამქვეყნიური სიამენი. მეომრის სახელზე უფრო წმინდა და ამაღლებული არაფერი არ უნდა იყოს ამორძალისთვის, ამის დავიწყება არ შეიძლება. არც ის შეიძლება, ვინმეს აპატიო მისი დავიწყება.
სახეზე ზიზღიანი ღიმილით, ნუკრი მოსცილდა იქაურობას, აღარ შეეძლო გულიკოს ძუნძულის ყურება. ცხენს მოახტა და გააქროლა. კარგა ხანს ჩაესმოდა საჩიხის ირგვლივ თავშეყრილი ამორძალების გნიასი, მოძუნძულე გულიკო და ახარხარებული ამორძალები ისევ თვალწინ ედგა. მიაჭენებდა ცხენს ნუკრი. ცდილობდა თავიდან მოეცილებინა ეს უსიამოვნო ხილვა...
მართლაც უშველა ქროლვამ, თითქოს შემხვედრმა ნიავმა გაჰფანტა ის ზიზღიანი სანახაობა, გულიდანაც გადაჰყარა უსიამოვნო რამ განცდა და სევდა. ნუკრიმ სრბოლა შეანელა, ცხენს მიანება სვლა, ნელა, მშვიდად ირწეოდა უნაგირზე, თავს სხარტად არიდებდა ხეების მწვანე ტოტებს. ამორძალთა სიცილ-ხარხარის ხმა ჩიტების ჭიკჭიკმა შეცვალა, რომელსაც ნუკრიმ სიამოვნებით მიუგდო ყური, სახიდანაც გაუქრა კუშტი გამომეტყველება.
მალე ხეები ერთმანეთს დასცილდნენ, ტყე შეთხელდა. ამასთან ერთად ჩიტების გნიასიც გაძლიერდა. ცოტა ხნის შემდეგ ნუკრიმ ტყის განაპირას ამოჰყო თავი. ათასფერ ყვავილებს გადაეჭრელებინა თხემმომრგვალებული დაბალი ბორცვები.
სადავემიშვებულმა ცხენმა დინჯად შეაბიჯა ამ მშვენიერ ყვავილოვან ხალიჩაზე. ნუკრი აქ კიდევ უფრო გახალისდა, სიამის გამომხატველი უნებური ღიმილი აესახა სახეზე. აქეთ-იქით ავლებდა გაცისკროვნებულ თვალებს. სიმსუბუქის და სილაღის უჩვეულო გრძნობა გაუჩნდა, მოეჩვენა, თითქოს საცაა პეპელასავით უნდა აფრენილიყო ჰაერში.
ეული ჩიტუნია შემომჯდარიყო ხის კენწეროზე. რა ხმატკბილად ჭიკჭიკებდა... თან ყოველ წამს ცვლიდა ჰანგს. მაინც, სად ჰქონდა ამ უტკბილეს ჰანგთა ასეთი მარაგი. მერედა, რა გულუხვად ჰფანტავდა...
ნუკრიმაც სცადა სიმღერა, თითქოს გაცხარებით მოჭიკჭიკე ჩიტუნიას აჰყვაო, ამორძალთა სიმღერის სტროფი წამოიწყო:
,,სიმშვიდისა თუ ლაშქრობის ჟამს,
ნურასოდეს ნუ დამივიწყებთ, ამორძალებო~.
წამოიწყო და მაშინვე გაჩუმდა, როგორღაც უადგილოდ, შეუფერებლად მოეჩვენა ამორძალთა სიმღერა. იფიქრა, რომ იგი არ უხდებოდა აქაურობას. ამ ულამაზეს ყვავილოვან სანახებს რაღაც სხვა სიმღერა, სხვა ჰანგი სჭირდებოდა, იმ ეული ჩიტუნიას გალობის მსგავსი. ,,ერთი ავლეტრიდა ელა უნდა წამოვიყვანო აქეთ, - გაივლო გულში ნუკრიმ, - ელა შეარჩევს შესაფერის ჰანგს ამ ულამაზესი ადგილებისთვის~.
სულ ერთიანად ავარდისფერებული, ჯერ სწრაფი სრბოლისგან, მერე კი საამური, ზეაღმტაცი განცდებისგან, ნუკრი ნება-ნება ირწეოდა უნაგირზე. თვალები შინაგანი სხივით უელვარებდნენ და ბაგეებს არ შეეძლოთ სიხარულის ღიმილის შეკავება. ცხენიც თითქოს გრძნობდა მის განწყობილებას, თავმომწონედ და მსუბუქად ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს მიცურავდა ყვავილოვან ბილიკებზე.
აღვირი მყისიერად მოქაჩა ნუკრიმ, ცხენი ადგილზე გაიყინა; ყვავილებით აფერადებული ბორცვის თავზე ვიღაც ცხენოსანი გამოჩნდა. მონადირეს ჰგავდა, სანადირო აბგა ჰქონდა თან, საიდანაც ფრინველის ბუმბული მოჩანდა. ისრები უხვად ელაგა კაპარჭში. ხმალ-ხანჯლითაც შეიარაღებულიყო. მკერდზე ნიამორის მორკალული რქა ეკიდა, ალბათ ჩასაბერად. დახვეული თოკი უნაგირზე დაემაგრებინა.
ერთი თვალის გადავლებით შეაფასა ნუკრიმ უცნობის შეიარაღება და საომარი მზადყოფნა, თვითონაც ორპირა ცული მოსინჯა. სახეზე მკაცრი, თან მომლოდინე იერი აისახა, აგრძნობინა უცნობს, ახსნა-განმარტებას ველიო; ეს ყვავილოვანი ბორცვები ამორძალთა სამფლობელოებს ეკუთვნოდა.
უცნობმა ცხენოსანმა ჩაიღიმა, ცხენს დეზი ჰკრა, ორიოდე ნახტომით მიუახლოვდა ნუკრის და ჩაულაპარაკა:
- ამორძალთა სამოსელი რომ არ გეცვას, ვიფიქრებდი, თვით ქალღმერთი ჩამოსულა მიწაზე, რათა თავისი ხილვით გაგვახაროს და გაგვაკვირვოს უბრალო მოკვდავნი.
ნუკრის ხმა არ გაუღია პასუხად, მხოლოდ ზიზღი გამოუკრთა თვალებში, ისევ მომლოდინედ შესცქეროდა ცხენოსანს.
- შევცდი, ღმერთქალი არ უნდა მეხსენებინა, - განაგრძო მალხაზმა, რომელსაც ალბათ მკითხველი უკვე ამოიცნობდა. - აბა, ამორძალთან რა სახსენებელია გასათუთებულ-განებივრებული ღმერთქალები. შენ სულ სხვა სილამაზე გაქვს; გარეული ნადირის თუ ფრინველის სილამაზეა ეგ სილამაზე. ლერწამივით მოქნილი და სათუთია შენი სხეული, მაგრამ ავაზისებური ძალა და მოქნილობა იგრძნობა მასში. პირქარი ალბათ უცხო არ უნდა იყოს შენთვის, მაგრამ ყვავილის ფურცელივით ნაზი და ელვარეა შენი პირისახე...
- ამორძალისთვის ერთი სილამაზე არსებობს, უცხოელო, - მხარიღლივ გახედა და უთხრა ნუკრიმ, - მეომრის სილამაზე: მიზანში ისარს კარგად უნდა ახვედრებდე და ორპირა ცულის ხმარებაც უნდა შეგეძლოს ისე, რომ მის არცერთ პირს არ მოედოს ჟანგი. ის სილამაზე, შენ რომ ამდენი ილაპარაკე, არაფრად არ ფასობს ჩვენში. არც ბევრ ლაპარაკს აქვს რაიმე ფასი ამორძალებისთვის. დროზე თქვი, თუ რაიმე საქმეს გამოუხმიხარ ჩვენსკენ.
- სახელი რა გქვია? - ყურიც არ ათხოვა მალხაზმა ნუკრის მკვახე ხმას - ალბათ სახელიც ლამაზი გერქმევა, ლამაზი და ველური...
- სიტყვას ბანზე ნუ აგდებ, - წარბები შეჭმუხნა ნუკრიმ, - თქვი, აქეთ რა დაგრჩენია...
ამ წუთში ისინი თითქმის მხარდამხარ მიაგელვებდნენ ცხენებს, ირგვლივ ყვავილოვან ველს გაჰქონდა ღაღანი, იშვიათი სურნელი იკმეოდა ჰაერში, ყველაფერი სიზმარივით ლამაზი იყო...
- შენს მოსატაცებლად მოვსულვარ, - თქვა მოულოდნელად მალხაზმა და ცხენდაცხენ მიიჭრა ნუკრისთან, სცადა წელზე შემოეხვია მისთვის  ხელი, ქალებთან თამამ, მოურიდებელ ქცევას მიჩვეულმა. იმავე წამს იგრძნო, როგორ ჩაეჭიდა ნუკრის ხელი მაჯაში. რამდენიმე წამს ორივენი გარინდებულნი ცდილობდნენ გადაეძლიათ ერთმანეთი, ბოლოს კი ორივემ ერთდროულად უშვეს ხელი ერთმანეთს.
ცხენებსაც დეზი ჰკრეს. ორიოდე ნახტომზე დასცილდნენ ერთმანეთს და პირისპირ დადგნენ. ნუკრი მშვიდად გამოიყურებოდა, მალხაზს გაოცება ემჩნეოდა.
- ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, თუ ასეთ ნაზ ლერწამივით სხეულში ამხელა ძალა იქნებოდა, - თქვა მალხაზმა - მართლა ავაზას ჯიშის ყოფილხარ...
- გასწი, უცხოელო, მშვიდობიანად გაერიდე აქაურობას, - უთხრა ნუკრიმ.
- მეომარი მეომართან მოვსულვარ, მშვიდობიანად ვერ დაგცილდები!
ამ სიტყვებით ხმალი იძრო მალხაზმა და გამოექანა ცხენდაცხენ. ნუკრიმაც ჰკრა ცხენს დეზი, ორპირა ცული შეაგება ხმალს. ლითონის ლითონზე დარტყმის ხმამ წამით გაჰკვეთა ჰაერი... ცხენებმა ერთმანეთს ჩაუქროლეს და დასცილდნენ. მალხაზმა ხმალი ჩააგო, ნუკრიმაც ტყავის სარტყელში ჩაიმაგრა ორპირა ცული.
- მარჯვე დარტყმა გცოდნია, - თქვა მალხაზმა, - ჩემმა მკლავმა აშკარად კარგად იგრძნო შენი დარტყმის ძალა, როცა ორპირა ცული დასცხე ჩემს ხმალს. ალბათ არც ისრის სროლაში გეყოლება ვინმე ბადალი. არა, გვეყოფა ორთაბრძოლა, სჯობია კეთილი მეზობლები ვიყოთ...
ამას რომ ამბობდა, თან ჩუმად თოკის გრაგნილი გამოაძრო უნაგირს მალხაზმა, ხელში მოიმარჯვა: - ...ჰო, ასე აჯობებს, ამორძალთა ასულო, შენთან საომრად როდი მოვსულვარ...
მყისიერად გაშალა გავარჯიშებული ხელი მალხაზმა და თოკის მარყუჟი მოიქნია, რათა ნუკრის ცხენისთვის ჩამოეცვა კისერზე. ნუკრიმ მშვიდად აღმართა ხელი, ჰაერში მბრუნავ თოკის გრაგნილს ჩაეჭიდა. თოკი დაიჭიმა და ორივე მხედარმა წრეზე იწყო ბრუნვა.
რამდენიმე წრე დაარტყეს აქეთ-იქიდან თოკს ჩაჭიდებულებმა, მერე ორივემ ერთდროულად უშვა ხელი თოკს. თოკი ჰაერში აიტყორცნა და ბოლოს ყვავილებში ჩაიმალა ჩუმი შრიალით.
- გაფიქრებასაც ვერ მოასწრებ, შენ უკვე ყველაფერს ხვდები, - აღტაცებით ამბობდა მალხაზი, - დახვედრას ვერავინ ვერ გასწავლის. არა, მე აზრადაც არ მომივა, ასეთ მეომარს დავესხა თავზე. არც შენი მოტაცება მიფიქრია, მაგრამ... სწორუპოვარო და მშვენიერო მეომარო, ნუთუ მუდამ ასეთი უცხო და მოუწვდომელი უნდა დარჩე ჩემთვის, პატარა სამახსოვრო რამ საჩუქარი მაინც მიიღე ჩემგან, მიიღე როგორც ტოლმა ტოლისგან, მეომარმა მეომრისგან...
ხელი გულისპირში ჩაიყო მალხაზმა და ის ჭრელი ბაღდადი ამოიღო, ებრაელისგან ნაყიდი. იმ ებრაელმა ხომ ჯადოსნურად მონათლა ეს ბაღდადი და თვით ამორძალთა მოხიბვლა აღუთქვა მისით, მხევალი გახდებაო შენი.
ნუკრიმ მშვიდად გადაავლო თვალი ათასფერად მოლივლივე ბაღდადს, სახეზე არაფერი დასტყობია. ასეთ რამეებს არ დაგიდევენ ამორძალები... აღვირმოზიდული ელოდა კიდევ, რას მოიფიქრებდა ეს მოუსვენარი გადამთიელი. მალხაზმა ცხენი დასძრა, ჭრელბაღდადიანი ხელი წინ გაიწვდინა. ნუკრიმ ცხენს დეზი ჰკრა და გვერდზე გახტა, ეჭვით შეჰყურებდა მალხაზს.
- ვხედავ, არ მენდობი, - გაეღიმა მალხაზს, - ღირსი ვარ, ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ საჩუქარზე უარს მაინც ნუ მეტყვი...
ამ სიტყვებით მალხაზმა ხელით მაგრად მოკუმშა ჭრელი ბაღდადი და ნუკრისკენ გასტყორცნა. ნუკრიმ ხელი გაიწოდა მისკენ, მაგრამ ვეღარ მიწვდა; ჰაერში უცხო ფრინველის ფრთებივით გაიშალა ბაღდადი და ცხენს გადაეფარა თვალებზე. ცხენი ძალიან დააფრთხო ამან, ყალყზე შედგა, ტორები ჰაერში აჰყარა. ნუკრის ამ დროს აღვირი არ ეჭირა, ცალი ხელი ორპირა ცულის ტარზე ჰქონდა ჩავლებული საყოველშემთხვეოდ, მეორე ბაღდადისკენ გაეწვდინა, ამიტომ თავი ვერ შეიმაგრა და ძირს გადმოვარდა ცხენის ყალყზე შედგომისას. მიწაზე დაცემულს კვნესა აღმოხდა, ტკივილის გამომხატველი.
მალხაზი მაშინვე ჩამოქვეითა, ნუკრისთან მიიჭრა.
- ფეხი გაქვს ნაღრძობი, - დაასკვნა მაშინვე, როგორც კი დახედა ნუკრის, შეამჩნია, ხელს როგორ ისვამდა კოჭზე. - მომიტევე კადნიერება და, შენი ბედაურიც შენსავით უკარება ყოფილა. არა, აღარ დაგაძალებ ჩემს საჩუქარს. ვხედავ, უსიამოვნების მეტი არაფერი მოუტანია შენთვის, მაგრამ ნება მომეცი, სწორედ ამით შეგიკრა ნატკენი ფეხი. უკვე შესიებას იწყებს, ახლავე უნდა მიხედვა. ბრძოლის ველზე ხშირად ხდება ასე, მეომარი ეხმარება მეომარს...
სრულიად გულწრფელი, უანგარო სახით ამბობდა ამ სიტყვებს მალხაზი. მართლაც გულით უნდოდა, რაინდული დახმარება გაეწია ამ მშვენიერი, უკარება ამორძალისათვის, ორპირა ცულს რომ ერთი წუთითაც არ უშვებდა ხელიდან და ეჭვიანი, თან მშვიდი თვალებით უყურებდა ჩასფრებული ავაზის დარად. ეს შეუცდომლად იგრძნო ნუკრიმ, უარი არ უთქვამს გადამთიელის დახმარებაზე, მიანება ფეხი მაგრად გაეკრა მისთვის იმავე ჭრელი ბაღდადით, რისი წყალობითაც შეემთხვა ეს ფათერაკი. თუმცა ორპირა ცულისთვის ერთი წამითაც არ გაუშვია ხელი, თან მთელი სხეულით მშვილდივით იყო მომართული.
მალხაზმა ჯერ ღვინოში დაასველა ჭრელი ბაღდადი. ღვინო პატარა, მაგრად თავდაცობილ თიხის ბრტყელ დოქში ჰქონდა, რომელიც უნაგირზე დაემაგრებინა. უამისოდ ფეხსაც არ ვდგამო არსად, ასე აუწყა ნუკრის ღვინის შესახებ. დიდად საჭირო რამეა, გზაში ათასი რამე შეიძლება შეგემთხვეს... ყოველთვის გამოგადგება... ჭრილობისთვის ხომ უებარი წამალია. ღვინით განბანილი ჭრილობა ერთ გამოძინებაში მოშუშდებაო.
- ორ დღეში ნუკრივით ირბენ, - დაასრულა რა თავისი საექიმო საქმიანობა, გულითადი ღიმილით თქვა მალხაზმა და წელში გაიმართა - ახლა კი, ამორძალთა ღმერთქალო, თუ ინებებ, შეგსვამ ცხენზე და თვითონ მიგაცილებ საითაც მიბრძანებ, ოღონდ თუ ჩემს საექიმო გამოცდილებას ენდობი, შემიძლია დარწმუნებით გითხრა, შენთვის უმჯობესია ცოტა ხნით დაასვენო ნატკენი ფეხი, ჯერ გაგიჭირდება ცხენზე შეჯდომა. თან ერთი საქმეც მაქვს მოსაგვარებელი... ის საქმე, რისთვისაც მოვდიოდი ამოძრალებისკენ. მაგრამ ვერ გითხარი, ისე გამაოცა შენმა დანახვამ.
სიტყვა აღარ გააგრძელა მალხაზმა, ქვეშქვეშ გახედა ნუკრის. მიხვდა, რომ სწორ გზას ადგა: ნუკრი მზად იყო მოესმინა მისთვის. სრულიად დაუფიქრებლად დააყოლა ეს ბოლო წინადადება მალხაზმა, ვითომდა რაღაც საქმის შესახებ, გუმანმა არ უღალატა, ზუსტად განსაზღვრა ნაირგვარ სატრფიალო თავგადასავლებში გამორბძმედილმა ჭაბუკმა, თუ რა უნდა ეთქვა, როგორ სჯობდა თავის დაჭერა ამ უცხო, უკარება არსებასთან: ერთი სიტყვაც არ უნდა დასცდენოდა სიყვარულზე, სილამაზეზე და ამისთანებზე... ეს იყო უმთავრესი, სხვაზე რაზედაც გინდა...
- ცხენების რემა დაუდის მამაჩემს უთვალავი, მთელს ჩვენს მხარეში განთქმული მეჯოგეები გვყავს. რა ჯიშის ცხენი გინდა ინატრო, რომ ჩვენ არ გვყავდეს. სწორედ წელიწადის ამ დროს უნდა გადაგვერეკა ერთი ძველი მუშტრისთვის. მაგრამ გავიგეთ, ომი ამტყდარა თურმე იმ მხარეს, სახიფათოა ამხელა რემის იქითკენ გარეკვა. დალალებმაც პირი გვიშალეს, ვითომდა ცხენებს ფასი აღარ აქვთო. ჰმ, ამ გახურებული ომიანობის დროს რა დასცემს ცხენის ფასს? მაგ ფასად გატყავებულ ვირსაც არ მოგყიდითო, ასე უთხრა მამაჩემმა და ეზოდან დაიფრინა დალალები. მერე ისევ მოგვაკითხეს, ბევრიც გვეხვეწნენ, მაგრამ ახლოსაც აღარ გაიკარა მამაჩემმა, ისე გააბრაზა დალალების მუხანათობამ. თუმცა კაცმა რომ თქვას, მეტს რას უნდა მოელოდე მათგან? ახალ მუშტრებს ვეძებთ ამჟამად. ამორძალებს ვიცი, ცხენები ზედმეტი არასოდეს არ დაურჩებათ. თუ ინებებდა თქვენი დედოფალი, ორ დღეში მოვუყრი თავს ცხენების ჯოგს და მოგართმევთ, აი, ამის სათქმელად მოვდიოდი ამორძალებთან...
ნუკრის ტკივილი თანდათან დაუამდა, ბოლოს სულ მთალ გაუყუჩდა, ყვავილოვან მდელოზე მშვიდად მიწოლილი, თვალმოუცილებლად შეჰყურებდა ენად გარკეფილ მხედარს. ყურადღება ერთი წამითაც არ მოდუნებია, არცერთი სიტყვა არ გამორჩენია, რასაც ეს უცხო მხედარი ეუბნებოდა. ცხენების შესახებ ნათქვამი თვითონაც მოეწონა. კარგად იცოდა კარგი ცხენის ფასი, როგორც ჭეშმარიტ მეომარს შეეფერება. მგონი სარფიანი საქმე უნდა იყოს, ამორძალებს ცხენებზე უარი ჯერ არასოდეს უთქვამთ, დედოფალი კმაყოფილი დარჩებაო, გულში გაივლო.
- შენთვის ცალკე შევარჩევ ბედაურებს, - ენამზეობდა მალხაზი, - შვიდ სხვადასხვა ფერის ბედაურს მოგგვრი, ერთი თეთრი იქნება, მეორე ყორნისფერი, დანარჩენები ლეგა, თაფლა, ლურჯა, ნისლა და წაბლა. შვიდივეს ხშირი ფაფარი ექნება და მოზიდული მშვილდივით აღერილი ქედი. ყოველდღე სხვადასხვა ფერის ბედაურს გააგელვებ ამ ყვავილოვან ხალიჩაზე და ღმერთები ზეცას მიატოვებენ შენს საყურებლად...
გულწრფელი გზნებით წარმოთქვა მალხაზმა ეს სიტყვები და ასევე გულწრფელი, ალალი სიხარულით შეჰღიმა ნუკრის. ნუკრის თვითონაც არც კი შეუმჩნევია, თუ როგორ აისახა ეს ღიმილი მის სახეზე. იმავე გულწრფელმა სიხარულმა გაუცისკროვნა თვალები თავისდაუნებურად, რასაც მისი მოსაუბრის თვალებში ხედავდა. ჯერაც აქამდე უცნობი, გაურკვეველი რამ განცდა აკვიატებოდა: ასე ეჩვენებოდა, თითქოს უკვე დიდი ხანია იცნობდა ამ მხედარს. ძალიან აკვირვებდა ეს გრძნობა ნუკრის, თავის თავს ჰკითხა კიდეც შეფიქრიანებულმა, მართლა ხომ არ მინახავსო ოდესმე ეს მხედარი, იქნებ შორით მაინც მომიკრავსო თვალი... მოჩხრიკა თავისი მეხსიერება, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მეხსიერებამ ვერაფერი ამის მსგავსი ვერ უკარნახა. მაგრამ ეს უცნაური გრძნობა ერთი წამითაც არ ტოვებდა ნუკრის, პირიქით, კიდევ უფრო ძლიერდებოდა იგი. და ასე ეჩვენებოდა ყვავილოვან მდელოზე ნებივრად მიწოლილ ასულს, თითქოს ყველაზე ახლობელ, უსაყვარლეს ადამიანს ვემუსაიფებიო. თვით დედოფალ მეგიზე ანდა მოხუც აღმზრდელზე ნაკლებად ახლობელი როდი იყო მისთვის ეს მხედარი. როგორც დედოფლის ანდა ნენეს გვერდით შეეძლო მშვიდად ყოფილიყო, ზუსტად ასევე მშვიდად და აუღელვებლად გრძნობდა თავს ნუკრი ამ უცხო და თან ახლობელი მხედრის გვერდით. ხოლო როცა მალხაზმა ხელი შეაშველა, რათა ერთ მხარეს წოლისგან დაბუჟებული ფეხი გაემართა, ასე მოეჩვენა ნუკრის, მართლა ნენემ მომისვა ხელი მხარზეო. მაშინ ნუკრის მაღალი სიცხე ჰქონდა, ნენე უსვამდა ხელებს მხრებზე, ეფერებოდა, რათა სიცხე გასცლოდა, ისევ ჯანსაღად ყოფილიყო. ეს განცდა საოცარი სიცხადით აღდგა ნუკრის მეხსიერებაში, ოღონდ ერთი განსხვავება აღმოაჩინა ნუკრიმ: ნენეს ხელების შეხება იქით ერეკებოდა სხეულიდან სიცხეს, სულს და გულს უამებდა დაუგრილებდა, მხედრის ხელებმა კი პირიქით, თვითონ მოჰგვარეს სიცხიანის მსგავსი შეგრძნება, ცეცხლოვანმა ტალღამ თავით ფეხებამდე დაურბინა ნუკრის.
- იქნებ მოგშივდა? - ეუბნებოდა მალხაზი, - ახლავე ცეცხლს ავანთებ და ნანადირევს შევწვავ, აბგაში ორი გნოლი მაქვს, გნოლი ხშირად იცის აქ.
მალხაზმა თავისი მოსასხამი გაუფინა, ამაზე მოისვენეო. თვითონ ცეცხლის დასანთებლად შეუდგა მოხაზირებას, ხმელი ტოტების საძებრად გასწია...
ნუკრი წყნარად ისვენებდა. სიხარულის განცდა და რაღაცნაირი შეცბუნება ერთმანეთს ერწყმოდა მის სახეზე. ვერ გარკვეულიყო ნუკრი, თუ სად იყო წყარო ამ უცნაური განცდებისა, ასე რომ ეხვეოდნენ თავზე. რაიმე საშიშროება თითქოს არსაიდან არ ჩანდა, უცხო მხედარი, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი გულწრფელი და თავაზიანი იყო, მაგრამ ნუკრი მაინც გრძნობდა რაღაცას მისთვის უცნობს მის გამოხედვასა და ლაპარაკში. და ეს გარემოება სწორედ ახლა გამოიკვეთა განსაკუთრებული სიცხადით, როცა თვალს მიეფარა ფიჩხის საძებრად წასული მხედარი. ნუკრი მიხვდა, რომ მხედრის თვალები, მისი იერსახე რაღაცნაირად მოქმედებდნენ მასზე, თითქოს მონუსხვას უპირებსო.
ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო შეაშფოთა ნუკრი, თავი ისე იგრძნო, თითქოს ჩასაფრებული უთვალთვალებდა ვიღაც. იმან, იმ ვიღაცამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და ასავალ-დასავალი, თვითონ კი არაფერი არ უწყოდა მის შესახებ.
ნუკრიმ მუხლებზე წამოიჩოქა, გაფაციცებული თვალი მოავლო ყვავილოვან ველს...
უცბად რაღაც ჩრდილმა გადაუქროლა თავზე. გადაუქროლა და გაჰქრა. ეს ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაგრამ თვალებგაფაციცებულმა ნუკრიმ მოასწრო მისი დანახვა. მაღლა აიხედა და ფართოდ ფრთაგაშლილი ფრინველი დაინახა. ქორი ან ძერა იქნებოდა, ლაღალ ლივლივებდა ჰაერში, რა ზვიადი სიამაყე და თავისუფლება გამოსჭვიოდა მისი ფრთების ნელ, მდვრე რხევაში, თითქოს თვით ზეცა ხარობდა ამ ფრთებით, ზეცას ეკუთვნოდა ეს ლაღი ფრთები და ამ ფრთებს ეკუთვნოდა ზეცა, ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები.
ნუკრი გულის სიღრმემდე გამსჭვალა მის თავზე მოლივლივე ფრთების ხილვამ. მიხვდა, რომ რაღაც გამორჩა მხედველობიდან, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაავიწყდა. სულ ერთი წუთის წინ იყო, საკუთარ მეხსიერებას რომ ჩხრეკდა. მერედა რისთვის, იმისთვის, რომ ამ უცხო მხედრის სახე გაეხსენებინა... ამ დროს კი ეს ფრინველი, ეს თავისუფალი ამაყი არსება, სწორედ მის თავს ზემოთ შლიდა თავის ამაყ, მშვენიერ ფრთებს. როგორ შეეძლო ნუკრის მისი დავიწყება? ამაზე სამარცხვინო რაღა უნდა იყოს ამორძალისთვის, ,,სიმშვიდისა თუ ბრძოლის ჟამს, ნურასოდეს ნუ დამივიწყებთ, ამორძალებო...~ ასე იწყება ამორძალთა ჰანგი, მათი უსაყვარლესი სიმღერა. ამ სიმღერას მღერის პირიმზისა, დედოფალი ელა, ყველა ამორძალი... მათ იციან, რომ არ შეიძლება მისი დავიწყება. ნუკრის დაავიწყდა ამორძალთა სიმღერა, თითქოს რაღაც ჯადომ შეიპყრო. დაავიწყდა თავისუფლების ამაყი ფრინველის ლაღად გაშლილი ფრთები და მანამდე ვერ გაიხსენა, სანამ გვერდით არ ჩამოუქროლა მისმა ჩრდილმა. ხოლო ყველა უბედურებათა სათავე სწორედ იქაა ამორძალებისთვის, სადაც თავისუფლების ამაყი ფრინველის ძახილს ივიწყებენ. სწორედ აქაა ჩასაფრებული ყველაზე საშიში მტერი, რომლის ძებნაშიც ასე უაზროდ აცეცებდა ნუკრი თვალებს ყვავილოვან ველზე. ამორძალიც ასეთი უნდა...
ლოყებზე ცეცხლი წაეკიდა ნუკრის. გრძნობდა რომ რაღაც მეტად უსიამოვნო, უხეში შეცდომა დაუშვა. ჯერ კიდევ ძალზე ბუნდოვანი იყო მისთვის ყველაფერი, მაგრამ ის კი განსაზღვრა, რომ აქედან უნდა წასულიყო. უნდა მოსცილებოდა ამ ენამოქარგულ მხედარს, თან რაც შეიძლება ჩქარა!
ნუკრის მთელი სხეული ისე აეწვა, თითქოს მათრახი გადაუჭირეს. ნუკრიმ წამოიწია. საღ ფეხს დაეყრდნო და ხტუნვა-ხტუნვით, ასკინკილა გასწია ცხენებისკენ. აქ კიდევ გაახსენდა ერთი რამ: ასკინკილა... სულ ახლახანს არ იყო, გულიკოს სასაცილო ძუნძულს რომ უყურებდა... სწორედ მას გაექცა ზიზღით გულამღვრეული და თვითონვე მოუწია ცალ ფეხზე ასკინკილა ხტუნვამ.
ნუკრის მთელი სხეული ისე აეწვა, თითქოს მათრახი გადაუჭირესო, ამორძალების სიცილ-ხარხარიც ჩაესმა, ასინეთის ომახიანი ძახილი ფარავდა ყველაფერს: ჰა, ჰა, ჰა, ეს ხომ ნუკრია, ასკინკილას რომ ხტუნავს, ჩვენი მომავალი დედოფალი~...
მკვდარივით გაფითრებულმა ნუკრიმ მეორე, მტკივანი ფეხიც დაადგა მიწაზე. მწარე ტკივილმა გულის სიღრმემდე გამსჭვალა, მაგრამ ერთი წამითაც არ შეფერხებულა. თანაბარი, აჩქარებული ნაბიჯით გაემართა ცხენებისკენ, უზანგშიც მტკივანი ფეხი შეჰყო. ერთი კვნესა აღარ დასცდენია, ისე მოახტა ცხენს.
მალხაზმა ამ დროისთვის უკვე მოასწრო ფიჩხის მოგროვება, ცალ მუხლზე ჩაცუცქულიყო და ცეცხლს უბერავდა. ცხენების ფლოქვების ხმაზე თავი ასწია, და ასევე გაშეშდა, ცალ მუხლზე წამოჩოქილი: ნუკრის მშვილდი მოეზიდა და ისარს უმიზნებდა.
დიდად არ შემკრთალა მალხაზი, სულის სიღრმეში არ აფორიაქებულა, თუმცა სრულიად მოულოდნელი იყო მისთვის ეს ამბავი, მოუმზადებელი დახვდა ამ თავდასხმას. მიხვდა, რომ აჯობებდა არაფრით არ გამოემჟღავნებინა შეშფოთება, უშიშრად უნდა დაეჭირა თავი. თვალს არ აცილებდა ნუკრის და მშვიდად ელოდა...
ნუკრიმ გულდაგულ დაუმიზნა ისარი, უნდოდა მოეკლა იგი, როგორც მისი სირცხვილის მოწმე, როგორც არასასიკეთოდ მოსული გადამთიელი. სულ ტყუილი იყო ყველაფერი, ცხენების რემაც და შვიდფერა ბედაურებიც. უნდოდა მოეკლა, როგორც უცნობი ჯადო-თილისმის წყარო.
მაგრამ თითქოს მართლა ჯადომ შეუკრა მკლავებიო, ვერაფრით ვერ დასხლიტა ლამბი ნუკრიმ, ვერა და ვერ ესროლა ისარი მალხაზს.
მალხაზს თვალიც არ დაუხამხამებია, სწორად უკარნახა გუმანმა, უშიშრობა რომ იფარა ფარად. კიდევ უფრო დინჯი იერი მიიღო. ერთგვარი ღიმილიც კი გამოეხატა სახეზე.
სულ ერთიანად გაფითრებულმა ნუკრიმ ბოლოს დასხლიტა ისარი, მაგრამ შვილდი ამ დროს სულ სხვა მხარეს, ზეცისკენ იყო აღმართული. ისარიც ზეცისკენ აიჭრა. ნუკრიმ იმწამსვე შეაბრუნა ორივე ცხენი და ჭენებით გასწია ყვავილიან ველზე.
- სახელი მაინც მითხარი, ამორძალთა ღმერთქალო! - მიაძახა მალხაზიმ.
- ნუკრის მეძახიან!
ამ სიტყვებთან ერთად ისარგარჭობილი ქორი დაეცა მალხაზის მიერ დანთებული ცეცხლის გვერდით.

რისი ეშინია სიყვარულს

ამაოდ ელოლიავებოდა ხანდაზმული დედოფალი გულში იმ იმედს, ჩემს სასახლეში მისვლისას დავისვენებო. ისეთი ამბავი დაახვედრეს, დასვენება კი არა, საჭმელის ჭამაც დაავიწყდა.
თუმცა თავიდანვე როდი უჩანდა ისეთი საგანგაშო პირი ამ ამბავს...
ასინეთი სასწრაფოდ ეახლა სამგზავრო ეტლიდან გადმოსულს და აუწყა, ვინმე მეჯოგე შევიპყარით, რაღაც საეჭვოდ უტრიალებდა ჩვენს ჭალაკებს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ცხენების გარეკვას აპირებდაო.
მგზავრობისგან დაღლილი დედოფალი ცალი ყურით უსმენდა ასინეთს. მეჯოგე შეიპყარით? ძალიან კარგი, ზეციური მეომრის სადიდებელი ღამისთევა კარზეა მომდგარი, ამორძალებს გასართობი მოემატებათ.
ბოლოს კი, ხმამაღლა აღარ უთქვამს, მხოლოდ გულში გაივლო დაღლილ-დაქანცულმა: რა ისეთი საჩქარო იყო ამის თქმა ჩემთვის.
ორიოდე წამით იყუჩა ასინეთმა და მერე, სულმოუთქმელად დააყოლა: მე თვითონ რამდენჯერმე ვნახე ის მეჯოგე, სხვებმაც ნახეს, ნუკრი დამდუღრულივით გარბოდა მის დანახვაზეო.
დედოფალი მეგი ამ დროს უკვე თავისი მოსასვენებლის კარში იყო. ნუკრის სახელის გაგონებაზე ერთბაშად შედგა, ისე რომ კინაღამ ზედ მიაწყდა ასინეთი, რომელიც ფეხდაფეხ მისდევდა თავის დედოფალს. მეგიმ თვალი თვალში გაუყარა ასინეთს, რომელმაც სადღაც გვერდზე გადაიტანა მზერა.
ნენე მიეახლა ამ დროს დედოფალ მეგის, მგზავრობით დამტვერილი ტანსაცმლის გახდას და ტანის დაზელვას უპირებდა. უკმეხად მოიცილა მეგიმ და ისევ ასინეთს დაუბრიალა თვალები.
ხმის ამოღება აღარ დააცადა ასინეთმა, სადღაც გვერდზე გადახრილი თვალებით გადმოულაგა, რაც იცოდა და რაც არ იცოდა. დიახ, ყველამ ვნახეთ ის მეჯოგე, ჰმ, ნუკრი გაურბოდა, ყოველთვის გაიქცა, თითქოს ეშინია მისიო... არა, მეჯოგე ადრე არავის არ უნახავს, მხოლოდ იმის შემდეგ გამოჩნდა, რაც ნუკრი ფეხნაღრძობი დაბრუნდა ერთხელ საძოვრებიდან, თან მეორე ცხენიც მოიყვანა, იმ მეჯოგის ცხენი...
- მერე, არ დაუბრუნეთ ცხენი? - როყიოდ წამოისროლა დედოფალმა. ო, რა შესანიშნავად იცოდა, რომ აქ ცხენის დაბრუნებას არ ეხებოდა საქმე...
- როგორ არ დავუბრუნეთ, ორ ამორძალს საგანგებოდ გავაყოლეთ, სულაც არ გვინდოდა რაიმე საშარო ამბავში გავხვეულიყავით...
- მერედა, რაო? - სულწასულად მიაძახა დედოფალმა, როცა ასინეთი დადუმდა, თითქოს რაღაცის თქმას ვეღარ ბედავსო.
- მეჯოგეს ეთქვა, ახლა ჩემი ჯერიაო. ნუკრიმ ჩემი ცხენი უმხედროდ წაიყვანა, მე ნუკრის ცხენს მხედრიანად წავიყვანო, - თვალები ახლა სადღაც სხვა მხარეს გადაიტანა ასინეთმა.
ასინეთის მიკიბულ-მოკიბულმა და თვალების არიდებამ საშინლად გააღიზიანა დედოფალი მეგი. ცხადია, ყველაფერ ამის მიღმა რაღაც იმალებოდა, რაღაც მეტად არასასიამოვნო. მტრული... და ეს რაღაც სწორედ ახლა უნდა გამოექექა მეგის, დაენახა, შეეცნო, მისთვის თვალებში ჩაეხედა. უამისოდ ერთი წამითაც ვერ მოისვენებდა. ნენე ისევ მტვრიან ტანსაცმელზე ექაჩებოდა. ერთი ისეთი უკივლა მეგიმ, დაფეთებული ქალი უკან მიაწყდა.
მეგი ისევ ასინეთს მიუბრუნდა:
- ნუკრიმ თუ იცის მეჯოგის შეპყრობის ამბავი?
- არა, ჯერ არაფერი გაუგია...
თავი მოწონებით დაუქნია მეგიმ, ერთი ის მეჯოგე ბარემ დამანახეთ თვალითო, დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა. ასინეთი ხმისამოუღებლად გაიძურწა მისი ბრძანების შესასრულებლად.
მეგი ტყავგადაფარებულ ტახტზე ჩამოჯდა, თავს აქეთ-იქით აქნევდა დანანებით და ჩუმად ბუტბუტებდა: - აი, ჩემი მოსვენება ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ. აი, მისნის წინასწარმეტყველების ახდენა... ესღა მაკლდა, სწორედ ამაზე ვოცნებობდი...~
ერთი გეზად გახედა შემოსულს, თვალი წესიერად არ გაუმართავს მისთვის მაშინვე რაღაც საშინელი, დაუოკებელი ზიზღი და სიძულვილი იგრძნო მის მიმართ. მზად იყო მივარდნოდა და შიშველი ხელებით სცემოდა კისერში. ძლივს შეიკავა თავი, რომ მართლა არ აღესრულებინა ეს განზრახვა.
მეჯოგემ თავაზიანი სალამი მიუძღვრა დედოფალს, საკუთარი თავი გააცნო, მალხაზი მქვიაო. მშვიდად, ღირსეულად აღნიშნა: სულ ტყუილად დამდეს ბრალი ამორძალებმა, თითქოს ცხენების გარეკვა მინდოდა, ასეთი რამ არასოდეს არ მიკადრებია და არც არასდროს ვიკადრებო. მე ვერც კი გავიგე, საიდან გაჩნდა ცხენების ჯოგი ჩემს წინ. უნებურად ისე გამოვიდა, თითქოს სწორედ ცხენებს მივდევდი კვალში. გარეშე თვალს მართლა შეიძლებოდა ასე მოჩვენებოდაო.
მერე თავისი ოჯახის ამბავი მოაყოლა, ,,მამაჩემს ანანიას ეძახიან, შეიძლება გაგებული გქონდეს, - აქ მალულად შეხედა დედოფალს, მეგი არც შერხეულა, - დიდძალი ჯოგები დაგვიდის, ხარ-ძროხა, ცხენების რემა, სახნავ-საძოვარიც ბევრი გვაქვს. ამის გარდა, ძაფის სართავიც გვაქვს გამართული. იმისთანა წმინდა ძაფს ვერავინ ართავს ამ მიდამოში. მთელი ქვეყნის ულამაზესი ქალები სულ ჩვენგან ეზიდებიან საქსოვ ძაფს. ერთიორად ალამაზებს ქალს ჩვენი ძაფისგან მოქსოვილი სამოსი...
მეგიმ ღიმილი ძლივს შეიკავა; რა ჰგონია ამ უბედურს, ჭრელა-ჭრულა ძონძებით გვიპირებს მოხიბვლას? კარგად არ უნდა გვიცნობდეს ამორძალებს... ვფიცავ ზეციურ მეომარს, ახლა ნუკრიზე დაიწყებს ლაპარაკს.
ასედაც მოხდა, მაშინვე ნუკრი ახსენა მალხაზმა.
- როგორც გავიგე, შენი ასული ყოფილა. მის სანახავად მოვდიოდი თქვენს ჭალაკებში. მინდოდა შორიდან მაინც მომეკრა თვალი მისთვის. მიწიერი არსება არ უნდა იყოს ნუკრი. ღმერთქალს ჰგავს იგი და სწორედ ღმერთქალის დარი პატივით სჭირდება მოპყრობა. ასეც მოხდება, თუ ჩემი სახლეულის დედოფალი იქნება, თქვენი ნებართვით და ლოცვით. პირისფარეშად ეყოლება მთელი ჩემი სახლეული. ჩემს გარდა მემკვიდრე არ ჰყავს ანანიას, მამაჩემს. ვიცი, რომ ამორძალებს რაღაც სხვა წესები გაქვთ, ისე აწყვილებთ ერთმანეთისთვის უცხო ქალ-ვაჟს, როგორც საჯიშე ბედაურებს... ნუთუ ყოველთვის აუცილებელია მაგ წესის დაცვა? ვითომ ნუკრი უფრო ბედნიერი იქნებოდა?
თანაც, არა მარტო ღმერთქალი, დიდებული მეომარიცაა ნუკრი. იგი ტოლი და სწორი იქნება ჩემი. წყვილი ირემივით მხარდამხარ ვინავარდებთ მწვანე ჭალაკებში. ნიავივით ლაღია ბუნებით ნუკრი, იცხოვროს თავისი ჩვეული ცხოვრებით, თუკი მისი სურვილი იქნება. ატაროს ამორძალის საჭურველი და სამოსი, ვინ დაუშლის...
თავდახრილი უსმენდა დედოფალი, შეუმჩნეველი ირონიული ღიმილი ტუჩებზე შეჰყინვოდა: აი, დახვედრაც ამას ჰქვია, თურმე ამისთვის მოიჩქაროდა დამდუღრულივით. მალულად გახედა მეჯოგეს. მისმა იერმა ბრომიოსი გაახსენა; ცხენისძუიანი ჭაბუკი, ფლეიტას რომ არაკრაკებდა. სწორედ მასავით იყო დაკუნთული, გამომეტყველებაც კი ისეთივე ჰქონდა, ლაღი და უტიფარი, ნამდვილი აჯილღაა, თავისნაირების გასამრავლებლად მოვლინებული აჯილღა...
ერთი დამიხედეთ, როგორ ზრუნავს ნუკრის ბედნიერებისთვის.
მისი დუმილი ყოყმანად ჩათვალა მალხაზიმ. ისევ გააგრძელა ლაპარაკი. აქო და ადიდა თავისი სამოსახლო თუ ტყე-მინდვრები, იშვიათი სიმაგრის და სილამაზის სახლები გვიდგასო, მსგავსს ვერსად ნახავო სამი კვირის სავალზე. ჩვენსავით ჯიშიანი ცხენები და ხარ-ძროხა არავის დაუდისო. უთვალავი მონა-მხევალი გვყავს, რომელთაც მზე და მთვარე ჩვენზე, მათ პატრონზე ამოსდითო, ისე ვუყვარვართ, ჩვენს მზეს ფიცულობენო...
- სად ნახე ნუკრი? - შეაწყვეტინა მეგიმ.
ამ შეკითხვას ხანმოკლე სიჩუმე მოჰყვა. მალხაზმა თვალი ღირსეულად გაუსწორა დედოფალს და ნამდვილი ვაჟკაცური უბრალეობით უთხრა:
- ღმერთმებმა სრულიად შემთხვევით მარგუნეს მასთან შეხვედრის სიხარული. არა მარტო ჭეშმარიტი მეომარი და ღმერთქალივით ლამაზია ნუკრი, იგი წმინდაა იმ თოვლის ფიფქივით, მიწასთან შეხება რომ ვერ მოუსწრია ჯერაც...
და მალხაზი დაწვრილებით მოჰყვა ნუკრისთან შეხვედრის ამბავს ზღაპარივით ლამაზ ყვავილოვან ველზე. მეგი ყურადღებით უსმენდა, თან ჩაციებით შეჰყურებდა სახეში. აშკარა იყო მისთვის, სიმართლეს რომ ჰყვებოდა მალხაზი, არც არაფერს აჭარბებდა, არც ამატებდა რაიმეს. იმ ნაამბობიდან ისიც კარგად განჭვრიტა მეგიმ, თუ რა დღეში უნდა ყოფილიყო ნუკრი, თუ რას უნდა გაეოცებინა და მოეჯადოებინა საბრალო, სრულიად გამოუცდელი ასული იმ ყვავილოვან ველზე, რომელიც თითქოს საგანგებოდ შეექმნათ ღმერთებს სიყვარულის ზეობისთვის. საწყალი ნუკრი ვერაფრით ვერ გაერკვა, თუ რა ხდებოდა მის თავს, იგი ამ ჭაბუკის ლაპარაკს კი არა, მის ხმას უმენდა, მონუსხული ჩიტივით სულგანაბული. ერთი ისღა ახსოვდა ნუკრის, რომ სიტყვა ,,სიყვარული~ არ უნდა ეხსენებინა ვინმეს მასთან, რომ არავისთვის არ უნდა მიეცა ამის ნება. მთელი ყურადღებაც სწორედ ამ ერთ სახიფათო სიტყვისკენ ჰქონდა მიმართული. ცხადია, მაშინვე გამოფხიზლდებოდა და გაფაციცდებოდა, თუ სიყვარულზე გაუბამდა ლაპარაკს ეს დახელოვნებული მოარშიყე. ჰმ... ამ ჭაბუკს ვერავინ ასწავლის თავის დაჭერას, შესანიშნავად მიმხვდარა, თუ რა უნდა ეთქვა, რაზე უნდა ელაპარაკა, რა არ უნდა ეხსენებინა... დიახ, სწორედ სიყვარულზე არ დასცდენია სიტყვა. საბრალო ნუკრისაც ასე ეგონა, ყველაფერი რიგზეაო, რაკი არსაიდან არ ჩაესმოდა ეს სახიფათო სიტყვა. მერე კი ალბათ რაღაცამ დააფრთხო ნუკრი, შეიძლება წუთით გამოერკვა და იგრძნო თავისი მდგომარეობის არაბუნებრივობა და შეუსაბამობა, ანდა რაღაც დაინახა ისეთი, რამაც შეახსენა ამორძალის ჭეშმარიტი ღირსება. ისიც ისე შეშინებული გაექცა იქაურობას, თითქოს ცეცხლი უკიდიაო. ერთი წამით მეგიმ ცხადად დაინახა დაფეთებული ასული, დაინახა თუ როგორ გაურბოდა იგი დამტკბარი ენით მოქადაგე მალხაზს, რომელსაც ხელები დამცინავი თავდაჯერებით გაეწვდინა მისკენ. ამ ხილვაში უკვე ნამდვილი ბრომიოსი იყო მალხაზი... იგი კი არ ლაპარაკობდა, არამედ ფლეიტას აჟღერებდა, და ამ ფლეიტის ხმას მოჯადოებულივით ასდევნებოდა მისი ერთადერთი ასული... სულ სხვა მხარეს მისი გაქცევა ბევრს არაფერს ნიშნავს, მისი სული უკვე იმ ფლეიტის ჰანგზეა მიჯაჭვული.
მეგის მწარედ გაეღიმა ამ სურათის წარმოდგენისას. აი თურმე სად უდარაჯებდა ის სასაცილო, პამპულა თოჯა. სიყვარულის მოყივნებული ღმერთი. ნუთუ იმისთვის გაემგზავრა ასე შორს მისანთან, ამისთვის შესწირა უხვი ზვარაკი დელფოს სამისნოს, რომ ბოლოს სწორედ ყველაზე უფრო მოწყვლად, მტკივნეულ ადგილას ჩასაფრებოდა და ეჩხვლიტა მისთვის ამ პამპულა ღმერთს.
მალხაზმა სიკეთის მაცნედ მიიღო მეგის ღიმილი. კიდევ უფრო დაიშაქრა ენა, ისევ მოჰყვა ენამზეობას:
- ...ბედნიერი იქნება ნუკრი, და შენც, მისი მშობელი დედა, ბედნიერი იქნები, როცა მის ლაღ, უზრუნველ ყოფას იხილავ...
მეგიმ ფრჩხილები ხელისგულს ჩაუჭირა, რათა ყელში არ სცემოდა ამ მატრაბაზს, რომელიც მის სანუკვარ, წმინდათაწმინდა ოცნებას თელავდა ფეხებით ისე, რომ ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ. თავს არც კი იწუხებდა, ძირს დაეხედა, დაენახა თუ რა იდგა მის ფეხქვეშ. აშკარა იყო, ჭაბუკი ხეირიანად არ იცნობდა ამორძალთა წეს-ჩვეულებებს, რაც იცოდა, ისიც მხოლოდ ყურმოკვრით. არც კი ჰკითხა ალბათ რაიმე ვინმეს, მასზე ჭკუადამჯდარს, თორემ იქნებ გაეფრთხილებინათ, რომ ამ გამოადგება ამორძალებთან ხუმრობა. თუმცა, ალბათ არც კი დაუჯერებდა ვინმეს, ისეთი თავდაჯერებულია. თავხედობაც არ აკლია, ახლაგზრდული ქარაფშუტობაც დამხმარედ მოევლინა და გამოადგა ამ საქმეში. ერთი მოჰკრა თვალი ლამაზ ამორძალს და მორჩა, იმწამსვე გადაწყვიტა ჩემი უნდა გახდესო... ნუკრი ბედნიერი იქნებაო, ამბობ, მერედა, როგორია ეს ბედნიერება! საცოდავო მეჯოგევ. რა გესმის შენ ამორძალთა ჭეშმარიტი ბედნიერებისა! ღმერთებს მამაკაცად გაუჩენიხარ და ფიქრობ, საკმარისია ხელი გაიწვდინო, მოინდომო, ყველა ნუგბარი ლუკმა მაშინვე შენი იქნება. შენთვის ღაღანებენ ყვავილები იმ დახატულ მთა-ველზე, შენთვის გალობენ ფრინველნი, ღმერთქალებიც მხოლოდ შენი გულისთვის ეშვებიან ციდან. ერთი შენი მოწყალე ნიშანი, და ღმერთქალი მაშინვე შენს მხევლად უნდა იქცეს. ჩემი ტოლი და სწორი იქნებაო ნუკრი! მერედა, სანამდე გაგრძელდება ასე? მანამ, ვიდრე სხვას ვინმეს არ გადაეყრები. მაშინ უკვე ის მოგეჩვენება ღმერთქალად. აი, როგორია ის ბედნიერება, რასაც შენ ნუკრისთვის იმეტებ. სანამ პირში სული მიდგას, სწორედ მაგას ვერ ეღირსები. ნუკრი ამოძალია, თან ამორძალთა დედოფალი იქნება. მისთვის, ერთადერთი ბედნიერება არსებობს, ესაა ჭეშმარიტი ამოძალის, მეომარი ქალის ბედნიერება! ეს ბედნიერება არ არის მხევალი ქალის ბედნიერებასავით მოყივნებული და წარმავალი. იგი სახელოვანია და მარადიული, ვარსკვლავებიან ცაზე მოკიაფე სისხლიანი თვალივით.
მეგიმ თითები ერთმანეთს გადააჭდო, სახეზე თავაზიანი ღიმილი აესახა:
- ძალიან მასიამოვნე შენი ენამზეობით, - ფარული ირონიით უთხრა მალხაზის, - შენზე უკეთეს სიძეს ვერც კი ვინატრებდი, მაგრამ ალბათ გეცოდინება, მეტისმეტად ფრთხილნი ვართ ამორძალები. ამიტომ ნება უნდა მომცე, გავიკითხ-გამოვიკითხო შენს შესახებ, მართლა ხარ თუ არა ის, თავს როგორც სახავ. იქნება ვინმე ბოგანოთაგანი ხარ, ნუკრი ხომ ჩემი შთამომავალია... ყველაფერი დაწვრილებით უნდა გავიგო. ამ ხნის მანძილზე კი ჩემთან გამყოფებ სტუმრად.
თქვა თუ არა ეს სიტყვები, ასინეთი მოიხმო მეგიმ. უბრძანა, ზეციური მეომრის ჭალაკში დააბინავე ჩვენი სტუმარიო. ასინეთმა ერთი გაუსწორა თვალი თავის დედოფალს და მაშინვე მიუხვდა; სტუმრის სადგომები არ იყო ზეციური მეომრის ჭალაში, იქ მხოლოდ სატუსაღო დილეგი იყო, რომელშიც მასხრად ასაგდებ ტყვეებს ამწყვდევდნენ ხოლმე ამორძალები.
მეგი მარტო დარჩა თავის საძინებელში, მაგრამ დაძინება აზრადაც არ მოსვლია. ნენეც გარეთ გაისტუმრა, შენი ბუზღუნი ხელს მიშლისო და ფიქრებს მიეცა. სასწრაფოდ უნდა მოესაზრებინა, თუ რა ზომები უნდა მიეღო, რა ღონე ეხმარა, რათა ერთი კარგად გასწორებოდა ამ დაუპატიჟებელ სტუმარს. უკვე საღამო ახლოვდებოდა, ღამით კი ზეციური მეომრის სადილებელი მსხვერპლშეწირვა უნდა გამართულიყო.
მეგიმ ხელები შუბლზე შემოიწყო, მრავალნაირი ვარაუდი თუ განზრახვა ქარიშხალივით ერთად დაუტრიალდა თავში. პირველი ფიქრი, რომელსაც აზრად მოუვიდა, ის იყო, ხომ არ აჯობებს ახლავე მზე დავუბნელო ამ არამკითხე მატრაბაზს, რომელსაც საკუთარი ბრიყვული უტიფრობა დიდ ვაჟკაცობად მიუჩნევიაო. მაგრამ ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ იქვე უარყო ეს განზრახვა. ჯერ ერთი, რომ დიდად მოსაწონი არაა სამშვიდობო მიზნით (ჰმ! თუ ეს სამშვიდობოა!) მოსული ადამიანის მოკვლა. მან შეიძლება დიდხანს გაუფუჭოს ამორძალებს მეჯოგეებთან ურთიერთობა, რომლებთან ომსაც სულ ახლახან მორჩნენ. თანაც, მეჯოგის სიკვდილით დასჯა სხვა მხრივაც საფრთხილოა. ვინ რა იცის, ნუკრის რა უდევს გულში! არა, რა თქმა უნდა, ისეთს არაფერს ჩაიდენს ნუკრი, რაც ამორძალის ღირსებისთვის შეუფერებელი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს მის გულში ანთია სიყვარულის ცეცხლი, თუმცა თვითონ წარმოდგენაც არ აქვს ამის შესახებ. სხვათა შორის, ეს მეჯოგემაც კარგად იცის. ასე რომ არ იყოს, ამდენს და ასე თამამად ვერ ილაპარაკებდა... ო, როგორ ეამაყებათ, როგორ უხარიათ და მოსწონთ თავი აჯილღებად დაბადებულებს, თუ სიყვარულის ცეცხლი დაუნთეს გულში ვინმეს, საკუთარი თავი ღმერთებად ესახებათ მაშინ. ჰოდა, ვინ იცის, რას ჩაადენინებს ნუკრის ეს ცეცხლი. იქნებ თვითონაც აღარ ინდომოს სიცოცხლე მალხაზის სიკვდილის შემდეგ. ანდა იქნებ მე შემიძულოს, ამითვალისწუნოს, მისი მშობელი დედა, როგორც ბრალეული მალხაზის სიკვდილში. ნუკრი ხომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის ახლა, პამპულა თოჯა დაუფლებია მის სულს და გულს. არავინ იცის, რას უბრძანებს, რას ჩაადენინებს სიყვარულის მოყივნებული ღმერთი, ამორძალების პირველი მტერი... სახიფათოა მისი ძლიერება, სწორედ ეს სახიფათო მტერი იღრინება მალხაზის დაშაქრულ სიტყვებში, როგორ სჯობს მოვიქცე, რა ღონე ვიხმარო, რომელი საშუალებით ამოვძირკვო და ამოვშანთო იგი ნუკრის გულიდან.
რომ ვაწამო მალხაზი, დავასახიჩრო? ტკივილებს ვერ გაუძლებს და ხარივით აბღავლდება, ასინეთს არ ესწავლება ამისთანები, უსულო ქანდაკებასაც ააცეკვებს. მაგრამ ვაი რომ არც ესაა უხიფათო, როგორ მიიღებს ნუკრი ამას, იქნებ საკუთარ ტკივილზე უფრო მწარედ მალხაზის ტკივილი მოეჩვენოს, იქნებ თვითონაც აუტეხოს თავს რაიმე...
მეგი დამჯდარი ვეღარ გაჩერდა, წამოხტა და დამწყვდეული ნადირივით მოჰყვა ბორგვას ოთახში. რაც უფრო მეტად უფიქრდებოდა, მით უფრო საშიშრად მოეჩვენა ყველაფერი. პამპულა თოჯა, სიყვარულის მოყივნებული ღმერთი არა მხოლოდ ბრიყვულად იღრიჭებოდა, იგი კბილებსაც უხრჭიალებდა მეგის. ბევრი სიმწარე იწვნიეს მისგან ამორძალებმა, ტყუილუბრალოდ არ მიუჩნევიათ თავიანთ პირველ მტრად. ბევრს დაუბნელა გონება, ქვეყნის სამასხარაოდ აქცია... ახლა ნუკრისკენ გაეწვდინა ხელი, მასზე აპირებდა მეუფებას, რათა იგივე დღე მოეწია მისთვის.
საკმარისია ერთხელ დაეუფლოს, სამუდამოდ მისი მონა დარჩება ნუკრი, ამორძალების მომავალი დედოფალი. ერთხელ თუ მოიწამლა სიყვარულის სენით, მერე შეუძლებელია მისგან განკურნება. აღარ ივარგებს აღარც დედოფლად, აღარც ამორძალად. მთელი სიცოცხლე მოყივნებული და თავლაფდასხმული იქნება. ახლავე, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, პამპულა ღმერთის მეუფებას უნდა გამოჰგლიჯოს თავისი ერთადერთი ასული.
მეგი ისევ ჩამოჯდა ირმისტაყვიან ტახტზე. ფიქრებს უფრო დამშვიდებით ჩაუღრმავდა... ჰო, ბევრი სიმწარე იწვნიეს ამორძალებმა პამპულა თოჯასგან, და ამ სიმწარემ ბევრი რამ ასწავლათ მათ. ასწავლა, თუ რა საშუალებებით უნდა ებრძოლათ მის წინააღმდეგ, თუ როგორ ამოეძირკვათ სიყვარული, ეს არამკითხე დაუპატიჟებელი სტუმარი, მეომარი ქალების გულებიდან.
მტერს რომ შეებრძოლო და გაიმარჯვო, უნდა იცოდე მისი ძლიერებაც და სუსტი, მოწყვლადი ადგილიც. ამორძალებმა ზედმიწევნით ზუსტად შეაფასეს სიყვარულის ღმერთის ძლიერება, კარგად იცოდნენ, რომ მას ისეთი გრძნობის გამოწვევა შეუძლია, რომელსაც არავითარი ტკივილის არ ეშინია. სიყვარულის გრძნობა ხანდახან თვითონვე იქცევა ყველა ტკივილზე უფრო აღმატებულ ტკივილად, და სიკვდილსაც იშვიათი სითამამით უსწორებთ თვალს. მაგრამ არის ერთი რამ საშუალება, რომელსაც ვერ უძლებს იგი და მაშინვე იმსხვრევა მყიფე ჭურჭელივით...
ამორძალებში ერთი სასაცილო, ძველი ამბავი იყო შემონახული, რომელიც ერთერთ მათ შორეულ წინაპარს, შესახედავად ძალიან ლამაზ ქალს შემთხვეოდა. სახელად ლელა რქმევია იმ ქალს. კარგა შეძლებული ოჯახის შვილი იყო ლელა, სულითა და ხორცით ჯანსაღი, სიყვარულისთვის ზრდასრული, ჰოდა, მომხდარიყო მოსახდენი: ერთი ახალგაზრდა ჭაბუკი შეჰყვარებოდა, ისიც კარგი ოჯახის შვილი, შესახედავად საამო, ვაჟკაცური და ტკბილმოუბარი, სასიყვარულოდ მზად მყოფი.
თავტანი დაჰკარგა თურმე ლელამ მისი სიყვარულით, ხორცშესხმულ ღმერთად ესახებოდა იგი. არც ჭაბუკი დარჩენილა გულგრილი, მშობლებმაც აღარ დაახანეს თანხმობა და ლოცვა-კურთხევა მათთვის. ანკი ვის მოუვიდოდა თავში რაიმე საწინააღმდეგო ამ უმშვენიერესი წყვილი ქალ-ვაჟის ხილვისას, ქორწილის დღეც მალე დანიშნეს, და მომავალი ბედნიერებით გულანთებული ჭაბუკი ხშირხშირად სტუმრობდა ასევე დიდად გულანთებული საპატარძლოს მშობლებს, საამურად საუბრობდნენ ახალგაზრდები, თან სანთელივით დნებოდნენ ერთმანეთის ჭვრეტაში.
ერთხელაც ბაღში გაისეირნეს, ფრიად საამო, გულისგამხარებელ საუბარში გართულებმა. ეს იყო სწორედ ქორწილის წინა დღეს. ჭაბუკი დიდებულად გამოიყურებოდა, მის ტანსაცმელს სულ ქათქათი გაუდიოდა. თმაც დაეხუჭუჭებინა (იმ ხუჭუჭა თმის დანახვაზე სულ ელეთმელეთი მოსდიოდა ლელას). ცხადია, არც ლელა გამოიყურებოდა ჭაბუკზე ნაკლები პეწით. მსხლების ხეივანში შევიდნენ ნელი მუსაიფით, ერთერთი ხის ძირში შედგნენ, მგონი კოცნა დაუპირა ლელას ჭაბუკმა, ყოველ შემთხვევაში ისეთი გრძნობამორევით უყურებდა, კოცნის იმედი ნამდვილად შეიძლებოდა ჰქონოდა ლელას. უეცრად, თხლაშ! ერთი დიდი, მწიფე... არა, გადამწიფებული, უკვე ნახევრად დამპალი მსხალი პირდაპირ თავზე დაებერტყა ჭაბუკს, კულულები სულ გაუთხუპნა, შუბლზე ჩამოეწუწა, მხარზემოდაც... და მგონი ტანსაცმლის სულ ბოლო ქობამდეც მიაღწია. ჭაბუკი შეშინებული შემხტარა ადგილზე, ერთიანად სახემოთხუპნულს ლელასთვის მიუშტერებია დაფეთებული თვალები. ლელას სიცილი წასკდა თურმე, სახეზე აიფარა ხელები.
მერე ჭაბუკი გონს მოეგო, თავი უცბად მოიყვანა წესრიგში, დამპალი მსხის ნარჩენები მოიწმინდა სახიდან და ისევ ღირსეული იერი მიიღო, მაგრამ ლელა ვერ იქნა და ვერ გაჩერდა, იცინოდა გიჟივით. ჭაბუკი განაწყენებული შეჰყურებდა ლელას, რომელსაც კიდევ უარესი ემართებოდა ამაზე. ბოლოს სულაც მიატოვა ჭაბუკი იმ მსხლის ძირში და გაიქცა.
მეორე დღეს ქორწილი აღარ შემდგარა, ლელამ გადაჭრილი უარი შეუთვალა იმ ჭაბუკს. დამპალი მსხლის თავში დაბერტყებამ სასაცილო არსებად აქცია ჭაბუკი, გაამასხარავა იგი და ამან თვალის ერთ დახამხამებაში განკურნა ლელა სიყვარულისგან.
აი, სწორედ ამისი ეშინია სიყვარულს. საკმარისია ერთი იხილო სასაცილო მდგომარეობაში შენი გაღმერთებული არსება, რომ მაშინვე ისე გაჰქრეს ყოველივე ხიბლი, თითქოს არც არასოდეს არსებულაო. გაოცების და ზიზღის გრძნობა დარჩება მის სანაცვლოდ.
ეს მიშველის, თუ მიშველის... ფიქრობდა მეგი. იმ მატრაბაზის გაპამპულება, გამაიმუნება... ყველამ უნდა კარგად ნახოს, პირველ რიგში კი, ცხადია, ნუკრიმ, როგორ იხტუნავებს კოცონთა კუპრში ამოსვრილი ჯვალოს ტომრით შემოსილი... კიდევ ბევრ რამეს მოვიფიქრებთ მისთვის... ზეციური მეომარი ჩამაგონებს რამეს, ცოტაც მოითმინე, ნუკრი, სულ ცოტა ხანს კიდევ გაუძელი მაგ ჯადოს, რომელსაც შეუპყრია შენი სული და გული, მალე, სულ მალე გაიფანტება ეგ ჯადო. მე, შენი ღვიძლი დედა და ამორძალების დედოფალი, გპირდები ამას, თვალის დახამხამებაში განიკურნები მაგ საზიზღარი სენისგან, იმ პამპულა თოჯამ რომ შეგყარა, ძველებურად ამაყი და ლაღი იქნები. ჭეშმარიტი ამორძალი, მომავალი დედოფალი. მერე გამოგიძებნით ვინმე ტოლს, მაგრამ არა სიყვარულისთვის. შენ მემკვიდრე უნდა გააჩინო, როცა გაიზრდება, რასაც მე გეუბნები ახლა, სწორედ იმავეს ეტყვი მასაც...

ფიცი

შუბლზე ხელი მოისვა მეგიმ, დაძაბული ფიქრისგან თავი სტკიოდა, ,,არაფერი გამომრჩეს - უკიჟინებდა საკუთარ თავს, - არაფერი გამომეპაროს მხედველობიდან, თორემ მერე გვიანღა იქნება~.
რაც უფრო უღრმავდებოდა, მით უფრო მოსწონდა ეს გადაწყვეტილება. მეჯოგის გამასხარავება აჯობებსო ყველაფერს, საბოლოოდ დაასკვნა. ამ საქმეს ასინეთი გაუძღვება. ო, ასინეთმა ბევრი რამ იცის. ასინეთი უდაღავს ახალგაზრდა ამორძალებს მარჯვენა ძუძუს, ეხმარება ტკივილის გადატანაში. ასინეთმა იცის ადამიანის სხეულის იდუმალი წერტილები. ერთს შეხედავს თუ არა, მაშინვე მიხვდება, ვინ როგორი გამძლეობისაა, ვინ რა სახის ტკივილმა შეიძლება შეაწუხოს ყველაზე მეტად. ასინეთის ხელში თვით მკვდარიც კი აცეკვდება...
ასინეთს მოუხმეთო, ნენეს გასძახა დედოფალმა. მერე დიდხანს ეთათბირა კარჩაკეტილში. ასინეთს სიტყვაც არ დაუძრავს ნუკრიზე, მაგრამ ისეთი მზადყოფნით ეხმაურებოდა მეგის ყოველ სიტყვას, აშკარა იყო, კარგად ესმოდა მისი გულის პასუხი. ,,შენ ნურაფერზე ინაღვლებ, დედოფალო, - ეუბნებოდა ასინეთი და თვალებში შეჰყურებდა მეგის, - მე უკვე ვუბრძანე, კარგად ასვან და აჭამონ მეჯოგეს, არც ღვინო მოაკლონ, არც რბილი საგებ-საბანი. ვერავინ ვერ დაგვწამებს ცილს, რომ ჯეროვანი ყურადღებით არ ვექცევით სტუმარს. მერე კი ვნახოთ, რა თავდაჭერას გამოიჩენს კოცონთან. ამორძალებმა კარგად იციან, ცხენების რემის გარეკვას რომ აპირებდა მეჯოგე. ბუმბულის საგების დაფენას უპირებენ.
ამას რომ ამბობდა, ისეთი ღიმილი აესახა სახეზე ასინეთს, მის დანახვაზე თავისუფლად ამოისუნთქა მეგიმ. უდიდესი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან; ასინეთის იმედი ნამდვილად შეუძლია ჰქონდეს, უთქმელად ესმის მისი. რა წინდახედულად მოიქცა, ცხენების ჯოგის გარეკვის ბრალდება რომ აჰკიდა მალხაზს. უკეთესად რომ არ შეიძლება, ისე მოაწყო საქმე. აკი თვითონ მალხაზმა აღნიშნა, გარეშე თვალს ისე ეგონებოდა, თითქოს მართლა ცხენების გარეკვას ვაპირებდიო... ჰოდა, მეტი არც არაფერია საჭირო, ცხენების ქურდებს საკადრისად ეპყრობიან ამორძალები... სწორედ მაგისთანებისთვის აქვთ შემონახული ქათმის წვერწამახული ბუმბულები... აბა, იარაღს ხომ არ გაისვრიან მაგაზე...
თანაც ამ სიტყვებს, ,,ამორძალებმა კარგად იციან, ცხენების რემის გარეკვას რომ აპირებდა მეჯოგე...~ ისეთი ფარული ჟღერადობა მიანიჭა ასინეთმა, აშკარად იგრძნობდა მის მიღმა დაფარული უფრო იდუმალი აზრი. ,,ამორძალებმა კარგად იციან...~ ესე იგი, რაღაც იციან ამორძალებმა ისეთი, რაც ნუკრის შეეხება, რაღაცა იგუმანეს, სრულიად უმნიშვნელო, არახელჩასაჭიდი, მაგრამ ამორძალისთვის შეუფერებელი და მიუღებელი. მით უმეტეს, როცა საქმე მომავალ დედოფალს ეხება...
ამასობაში კარგად მოსაღამოვდა, საზეიმო სამზადისის დათვალიერება ინება დედოფალმა, ასინეთთან ერთად ჩამოუარა მწვანე ჭალაკს, სადაც ზეციური მეომრის სადიდებელი ღამისთევა და მსხვეპლშეწირვა უნდა შემდგარიყო. ამორძალები უკვე ანთებდნენ ჩირაღდნებს, მათი მოცახცახე ალი სულ უფრო და უფრო ხშირდებოდა და ასევე შესქელებულ ბინდს აფერადებდა მეწამლ-ოქროსფერად. ამ მეწამულ-ოქროსფერ ბინდბუნდში ხშირ-ხშირად გაკრთებოდა ამორძალთა სილუეტები, გაფაციცებით მიმორბოდნენ, დიდ მზადებაში იყვნენ. ზეციური მეომრის სადიდებელი მსხვერპლშეწირვა გამორჩეული ზეიმი იყო ამორძალებისთვის, ამაღამდელი ღამე კი უფრო მეტად განსაკუთრებული გახლდათ, რამდენადაც თვით დედოფლის ასული, ნუკრი იყო ამ ზეიმის ერთერთი მთავარი გმირი. ღამისთევის შემდეგ, გათენებისას ნუკრისაც უნდა დაედაღა მკერდი მის ტოლ რამდენიმე ახალგაზრდა ასულთან ერთად. ავლეტრიდა ელას თოვლივით თეთრი სამოსი ეცვა, თეთრ მოჩვენებას ჰგავდა ამ ოქროსფერ-მეწამულ ბინდბუნდში, ხელში თავისი მოვერცხლილი კვერთხი მოემარჯვებინა, თავი ყავილების გვირგვინით შეემკო. ხმელი შეშაც უხვად დაელაგებინათ კოცონისთვის, ჩირაღდნის მიმარჯვებასღა ელოდა, რათა ცეცხლის ზღვად აბურბურებულიყო. პამპულა თოჯაც იქვე ბრძანდებოდა, ოჩოფეხებზე შემოსკუპებული. მისი სამასხარაო იერი თვალით უხილავი იყო ჯერაც, მას მხოლოდ კოცონის ელვარე შუქი გაამჟღავნებდა. არც ოჩოფეხები ჩანდა ოქროსფერ-მეწამულით შეფერადებულ სიბნელეში და პამპულა თოჯა უფორმო, ბუნდოვან ლაქას ჰგავდა, რაღაც სასწაულით ჰაერში გამოკიდებულს.
მეგი შეჩერდა პამპულა თოჯას წინ, დააშტერდა, თითქოს მისი სახის დანახვა უნდაო. ცხადად წარმოიდგინა, თუ როგორ გადაისვრიდნენ აბრიალებულ კოცონში ამ სამსახარაო ქანდაკებას და მის გონებაში გახმიანდა მისნის მიერ ნათქვამი წინასწარმეტყველება: ,,მანამდე იქნებით ამორძალები უძლეველნი, სანამ სიყვარულის ღმერთს შესწირავთ მსხვერპლად ზეციური მეომრის სამსხვერპლოზე~.
სიამოვნებით გაეღიმა დედოფალს ამ წინასწარმეტყველების გახსენებაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პამპულა თოჯა ნამდვილად მის ხელშია, თუნდაც საკუთარი ხელით გადაისვრის ცეცხლში, ზეციური მეომრის სამსხვერპლოზე. ზეციური მეომრის სისხლიანი თვალიც იხილავს ამ სხვერპლშეწირვას, და თავის წყალობას არ მოაკლებს ამორძალებს, მაგრამ ალბათ მაინც სჯობია სიფრთხილის ყველა ზომა მიიღოს მეგიმ, რათა არაფერმა დააბრკოლოს მსხვერპლეწირვა.
მეგი ასინეთს მიუბრუნდა და უბრძანა, პამპულა თოჯაზე თვალი გეჭიროსო. ,,ერთი ბეწვიც კი არ უნდა დააკლდეს იმ დრომდე, სანამ ცეცხში გადავისროდეთ~. მკაფიოდ, ხმამაღლა უბრძანა დედოფალმა. ასინეთმა თავი მდაბლად დახარა, ბატონი ბრძანდებიო და ხელი ორპირა ცულის ტარზე დაიდო.
მერე პირიმზე მოძებნა დედოფალმა. პირიმზეს მოძებნა არ იყო ძნელი, მისი ბოხი, მაღალი ხმა ჭალაკის ერთი ბოლოდან მეორეში ისმოდა, ,,შენი ხმა ამაღამ განსაკუთრებით მჭირდება, პირიმზე, - უთხრა დედოფალმა, - გათენებისას მკერდი უნდა დაუდაღონ ნუკრის და მინდა შენი სიმღერა ესმოდეს ანთებული კოცონის გვერდით. ოღონდ მანამდე ტყვეს უნდა უყარაულო, იმ მეჯოგეს, ცხენების გარეკვას რომ აპირებდა...~
- მე მთლიანად შენ გეკუთვნი, დედოფალო, ჩემი ხმით თუ სხეულით, - უთხრა პირიმზემ თავისი როხროხა ბოხი ხმით და მსხვილი კბილები გამოაჩინა ღიმილის ნიშნად. - შენ მაქციე მეომრად. ასეთ უბრალო სამსახურს როგორ დაგზარდები...
მეგის ძალიან ესიამოვნა ეს გულითადი სიტყვები. სწორედ მოვიქეცი, მეჯოგის ყარაულობა პირიმზეს რომ მივანდეო, გაივლო გულში. უდიდესი იყო პირმზეს ერთგულება.
ამორძალებმა აქციეს პირიმზე მეომრად, და იგი მათი დიდად მადლიერი იყო. იმ ცხოვრებას, რითაც ადრე ცხოვრობდა, სრულ არარაობად თვლიდა ახლა. ასე მგონია, მკვდარი ვიყავი და თქვენთან მოსვლის მერე გავცოცხლდიო, ეტყოდა ხოლმე პირიმზე. სწორედ ამიტომ უნაპირო ზღვას დაემსგავსებოდა მისი ერთგულება დედოფალ მეგის მიმართ. ამ საქმეში იგი დიდად აჭარბებდა იმ მეომარ ქალებს, რომლებიც ამორძალებად დაიბადნენ და არა უწყოდნენ რა იმ ცოცხალ-მკვდარი, უაზრო და მოყივნებული ყოფისა, რაც პირიმზემ იწვნია.
უკვე შუაღამე იყო... სისხლისფერ თვალს კარგად შეემაღლებინა ცაზე, როცა დედოფალი მეგი თავის საძინებელში მიბრუნდა. მთელი დღე მუხლჩაუხრელად გაატარა, ხანგრძლივი მოგზაურობისგან ისედაც მოქანცულმა. მიუხედავად ამისა, იოტისოდენა დაღლილობასაც არ გრძნობდა. ბევრი რამ გაითვალისწინა, განსაჯა და მოისაზრა, მაგრამ მთავარი რამ ჯერ წინ იყო...
ნუკრი მიხმეთო, ბრძანა...
მშვიდად შემოვიდა ნუკრი, თავზე ალისფერი ყვავილების გვირგვინი ედგა, როგორც მკერდის დადაღვისთვის გამზადებულს.
მეგიმ ყურადღებით ჩახედა თვალებში. პირდაპირი, ნათელი მზერა შეაგება ნუკრიმ. და მეგი მიხვდა, რომ სწორედ განსაზღვრა ნუკრის მდგომარეობა, მისი შინაგანი ყოფა. ახალგაზრდა, სრულიად გამოუცდელმა ასულმა არ უწყოდა რა საკუთარი განცდებისა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის თავს, რატომ აფრთხობდა მეჯოგის დანახვა და რატომ გარბოდა დამდუღრებულივით, სრულიად არაფერი ესმოდა ნუკრის საკუთარი თავისა, მისთვის ყოველივე სქელი ბურუსით იყო მოცული...
მაგრამ გინდა თუ არ გინდა, ბურუსი უნდა გაიფანტოს, სხვა გამოსავალი არაა, მუდამ ჯანღი და ნისლი ხომ არ იქნება...
,,თუმცა ვინ იცის, იქნება თვალთმაქცობს კიდეც, - გაივლო მეგიმ გულში. - ცბიერია სიყვარულის პამპულა ღმერთი, და სწორედ ცბიერებაა პირველი საჩუქარი, რითაც თავის მსახურთ ასაჩუქრებს. ესაა მისი უპირველესი წყალობა, სხვა რა შეუძლია... თვით გულუბრყვილო ბალღთაც კი სიცრუის უდიდეს უნარს შთააგონებს~.
და მაშინვე ასე გადაწყვიტა მეგიმ, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაეწყო ნუკრისთან საუბარი. ბურუსსაც უფრო ადვილად გაჰფანტავდა ასე და მის გულსაც უფრო მოინადირებდა. გულს, რომელიც შეიძლება დახშული ყოფილიყო მისთვის.
- ამაღამდელი ზეიმი და მსხვერპლშეწირვა განსაკუთრებით საზეიმოა შენთვის, - წამოიწყო მეგიმ დაღლილი ხმით, - ალისფერი ვარდების გვირგვინს გადააგდებ ზეციური მეომრის სადიდებლად ანთებულ კოცონში, დილით კი მკერდს დაგიდაღავთ...
ცოტა ხნით შეყოვნდა მეგი, შეფარვით შეხედა შუკრის. ნუკრი არ შერხეულა, არც ხმა გაუღია. მშვიდი, ნათელი მზერით პირდაპირ შეჰყურებდა მეგის და ელოდა...
- მკერდის დადაღვის მერე ტოლს ამოგირჩევთ, - განაგრძო მეგიმ იმავე დაღლილი ხმით, - როგორც კი ბავშვის სუნთქვას იგრძნობ, მაშინვე განშორდები. კლდის ვეფხვიც ცოტა ხნით ისტუმრებს წყვილს, მერე კი ისევ განშორდება, რათა ძალა და მოქნილობა არ მოაკლდეს. იგი უამისოდ ვერ იქნებოდა კლდის ვეფხვი, უჯიშო, ძუკნა ძაღლად იქცეოდა, ქვების სროლით და სტვენით რომ დასდევენ ბიჭბუჭები.
კიდევ ცოტა ხნით შეყოვნდა მეგი, ნუკრის არც ახლა გაუღია ხმა.
- მკერდის დადაღვის მერე ქმარს ამოგირჩევთ, - გაიმეორა მეგიმ უფრო მკვეთრი, შეუვალი ხმით, - და შენი ქმარი ყველა შეიძლება იყოს, იმ მეჯოგის გარდა, დილეგში რომ გვყავს გამომწყვდეული. გეცოდინება... მალხაზი ჰქვია სახელად. თურმე ცხენების გარეკვას აპირებდა და ასინეთს შეუპყრია...
ამას რომ ამბობდა, ერთი წამით გადაჰრა თვალი მეგიმ სახეზე ნუკრის და მის მიღმა, გვერდზე გაიხედა. ნუკრიმაც აარიდა თვალი მეგის, სადღაც მის მიღმა მიაპყრო მზერა, ორი ქალის მზერა ერთ წამში აცდა ერთმანეთს და სხვადასხვა მხარეს გაფრინდა, როგორც ერთი სამინზისკენ სხვადასხვა წერტილებიდან ნასროლი და აცდენილი ისრები.
ძირფესვიანად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ეს ორი თვალთმზერა: მეგის თვალებში ერთმანეთს ერწყმოდა დაღლილობა და შეუვალი, უტეხი ნება. ნუკრის თვალები თითქოს ბურუსს შესჭიდებოდნენ და რაღაცის, მეტად ბუნდოვანის დანახვას ცდილობდნენ მის მიღმა.
მეგი მიუხვდა და მოინდომა დახმარებოდა ნუკრის, ერთი ძლიერი მოქნევით სცადა ამ ბურუსის გაფანტვა.
- ნუთუ მეჯოგეს გაუბა არშიყობა ამორძალების მომავალმა დედოფალმა?
სიანჩხლე ვეღარ დამალა მეგიმ, მეტისმეტი სიბრაზით და სიმკვეთრით დაიჟღერა ამ სიტყვებმა. ნუკრის თვალები კიდევ ურფო გაუფართოვდა და გაეყინა, ერთი წამით თითქოს სახეც მოერღვაო...
მეგიმ იმწამსვე შეცვალა ხმის კილო.
- შენ კარგად იცი, რას ნიშნავს ამორძალისთვის მეომრის სახელი და ღირსება, - განაგრძო უფრო რბილი ხმით. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უფსკრულზე გადებულ ბეწვის ხიდზე გადიოდა და სულ მცირე რამეს შეეძლო გადაეგდო იმ ხიდიდან, - ისიც კარგად იცი, რომ გამარჯვება და დამარცხება ტყუპი ძმები არიან. ეს ბევრჯერ მითქვამს შენთვის, მეორე ტყუპისცალის არსებობა შემიხსენებია გამარჯვებით გახარებულისთვის. იმას კი ვეღარ მიმხვდარხარ, რომ სწორედ მეორე ტყუპისცალი გეწვია ახლა. შენ დამარცხებული ხარ, ნუკრი.
რახან ერთი აარიდა თვალი, მეგის აღარ შეუხედავს ნუკრისთვის, მის მიღმა სივრცეში მიბჯენილი მზერით ელაპარაკებოდა... ჟამიდანჟამს შეყოვნდებოდა ხოლმე, რათა ნუკრის ბოლომდე კარგად გაეაზრებინა მისი სიტყვები.
- შენზე მითხრეს, მეჯოგის დანახვაზე დამდუღრულივით გარბისო. ოდესმე თუ დაფიქრებულხარ, რატომ გარბოდი? გამარჯვებული ხომ არასოდეს არ გარბის, გარბის მხოლოდ დამარცხებული.
რომელიღაც ღამის ფრინველის ხმა შემოიჭრა ოთახის კედლებში, თითქოს რაღაც ჩაიკვნესა გაურკვევლად და სევდიანად.
მეგიმ ისე აიქნია ხელი, თითქოს აბეზარ კოღოს იშორებსო, თავი დახარა და დინჯად, აუჩქარებლად გააგრძელა ლაპარაკი: - დამარცხებული ხარ და არა უწყი რა ამის შესახებ, - ამბობდა იგი, - არც ის უწყი, ვინ დაგამარცხა, ვინ დაგძლია... სიყვარულის ღმერთია შენი მძლეველი... აი, სწორედ ის პამპულა თოჯა, ზეციური მეომრის სადიდებლად დანთებულ კოცონში რომ გადაისვრიან ამორძალები.
აქამდე შენ არ იცოდი ამ მოყივნებული ღმერთის ძალა... მხოლოდ ახლა შეიცან იგი, ისიც ძალიან ბუნდოვნად. ძლიერება კი დიდია მისი. თუ ერთხელ დაგიმონა, ვეღარასოდეს ვეღარ დააღწევ თავს, მისი მხევალი იქნები მუდამ.
მან მხოლოდ ხელი გამოიწოდა შენსკენ, მძლე და ღონიერი ხელი. ეს იყო იმ დღეს, როცა პირველად შეხვდი იმ მეჯოგეს ყვავილოვან ველზე, საბოლოოდ კი მაშინ დაგიმონებს, თუ ის მეჯოგე იქნება შენი ქმარი.
შენ ჯერ კიდევ არ იცი, რას ნიშნავს ამ მოიყვნებული ღმერთის მონობა, თუმცა ბევრჯერ დაგისხამს წმინდა ზეთი იმ კოცონზე, რომელზეც პამპულა თოჯა იხრუკებოდა. იგი მხოლოდ თავდაპირველად გვეჩვენება ლამაზი, მერე კი შეგზარავს, ისეთ სახეს გიჩვენებს, მხოლოდ ჩვენ, ამორძალებმა ვიცით მისი ჭეშმარიტი სახე და ბუნება...
სიყვარულის ღმერთი ჯერ რიდეს ჩამოგაფარებს თვალებზე, მერე კი, როგორც თვითონ მოეპრიანება, ისე მოგაჩვენებს ყველაფერს იმ რიდეს მიღმა. ისაა მისი უპირველესი იარაღი.
სწორედ ის რიდე გაქვს აფარებული ახლა თვალებზე.
შენც კარგად იცი, რომელ ღმერთსაც მსახურებ, სწორედ იმას დაემსგავსები ბოლოს. ქვეყნის მასხრად იქცევი, თუ სიყვარულის ღმერთს დაემონები. ზეციური მეომარიც ხელს აიღებს შენზე, აღარც მეომრად ივარგებ.
ასეთ დროს კი ორი გზა დაგრჩენია; ან ხელზე მოსამსახურე უნდა იყო ამორძალებისთვის, რომლებიც თავის ტოლად არასოდეს არ მიგიღებენ, ანდა საერთოდ უნდა დატოვო აქაურობა, უცხოობაში გადაიხვეწო...
ამორძალთა უბოროტესი მტერია ოჩოფეხებზე შემდგარი ორსახოვანი მოყივნებული ღმერთი, სიკვდილზე უფრო უმეტესად უნდა ერიდო... რამეთუ სწორედ მის უარყოფაშია ჩვენი ძლიერება, ზეციური მეომარი არ გვაკლებს თავის წყალობას, რადგანაც სიყვარულის ღმერთს ვწირავთ მის სამსხვერპლოზე.
ამორძალი, რომელიც სიყვარულის ორსახოვან ღმერთს დაემონება, ბალღივით უძლურია.
ამორძალი, რომელიც თვითონ დაიმონებს სიყვარულის მოყივნებულ ღმერთს, უძლეველია ზეციური მეომრის მსგავსად.
ყველაფერს ამას იმიტომ გეუბნები, რომ მერე შენ თვითონვე იგივე უთხრა შენს შთამომვალს, რომელიც მალე გეყოლება... შენ წელზე ორპირა ცული გკიდია, იმის ნიშნად, რომ ამორძალი უნდა გახდე, პირველი მეომარი მეომართა შორის... ეს დილისთვის აღსრულდება, მკერდის დადაღვის შემდეგ. ჯერჯერობით კი ეს საზეიმო ღამე მწვთანე ჭალაკში უნდა გაატარო. მეჯოგეს გამოიყვანენ ამორძალები ზეციური მეომრის სადიდებლად ანთებულ კოცონთან, კუპრში ამოვლებულ ტომარას ჩამოაცვამენ თავზე, მან თურმე ცხენების მოპარვა სცადა და ტყვედ ჩაიგდეს ამორძალებმა... სხვებთან ერთად შენც უნდა დასცინო მეჯოგეს, გააპამპულო, ქათმის წვერწამახული ბუმბულით დაჩხვლიტო, მერე კი ვირზე უკუღმა შევსვამთ და ისე გავისტუმრებთ აქედან. სხვას არაფერს ვავნებთ. მისი სიკვდილი არაფრად გვჭირდება ამორძალებს.
მეგი შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო და გააგრძელა...
- გახსოვდეს, ერთი წამითაც არ უნდა მოსცილდე ზეციური მეომრის სადიდებლად ანთებულ კოცონს, ყველას თვალი შენ შემოგყურებს... ამორძალებმა რაღაც იციან... მათ იეჭვიანეს, რომ მეჯოგე სწორედ შენი გულისთვის მოდიოდა ჩვენთან. ასეთი რამე კი არ ეპატიება არც ერთ ამორძალს, მით უმეტეს მომავალ დედოფალს, შენ ყოველი ღონე უნდა იხმარო, რათა გაჰფანტო ეს სრულიად უსაფუძვლო ეჭვი. დედოფლის სახელი დილის ცვარივით წმინდა უნდა იყოს.
ხმამაღლა წარმოსთქვა ეს სიტყვები დედოფალმა მეგიმ, სცადა რაც შეიძლება მეტი ძალა და სიმკვეთრე მიენიჭებინა მისთვის და ხელით ანიშნა ნუკრის, შეგიძლია წახვიდეო. ნუკრი მიტრიალდა, გასასვლეს მიაშურა.
როგორღაც დამძიმებული მოეჩვენა მისი ნაბიჯები მეგის. ელვასავით გაკენწლა ფიქრებმა: ,,როგორ გაიგო, როგორ მიიღო ჩემი სიტყვები... რა განიცადა, რას ფიქრობს ახლა? გარკვევით ვუთხარი, რომ არაფერი არ ემუქრება მეჯოგის სიცოცხლეს, მაგრამ მაინც... ვინ იცის... როგორ გაიგო... და რას აპირებს...~
თან ისიც გაახსენდა ერთბაშად მეგის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა, ნუკრის ერთხელაც არ ამოუღია ხმა.
დაიცადეო, შესძახა. ნუკრი გამგონედ მობრუნდა, ისევ წინ დაუდგა. გამომცდელი მზერა შეაგება მეგიმ. არა, რაიმე განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა ნუკრის სახეზე. ახალგამოღვიძებულისთვის ალბათ შეიძლებოდა შეგედარებინა იგი, მეტს ვერაფერს იტყოდი.
გრძნეული ქამარი შეიხსნა მეგიმ, ნუკრის შემოარტყა წელზე, მხრებზედაც ალისფერი მოსასხამი მოახურა, ამორძალთა დედოფლის გამორჩეული სამკაული. ორივე ხელი მხრებში მოჰკიდა ნუკრის, სცადა ღრმად ჩაეხედა მისთვის თვალებში.
- თვითონ ზეციური მეომრის საჩუქარია ეს გრძნეული ქამარი და ჯერ ამორძალთა არც ერთ დედოფალს არ შეურცხვენია იგი...
პირდაპირი, ნათელი მზერა გაუსწორა დედოფალს ნუკრიმ, მის თვალებში ერთბაშად გაჰქრა, თუ რამ ბუნდოვნება სჩანდა ახლადგამოღვიძებულის მსგავსად. რაღაც მეტად ძლიერმა, გულწრფელმა გრძნობამ ერთიანად გაუნათა სახე.
- ვფიცავ ზეციური მეომრის სახელს, ამორძალთა უპირველეს ღმერთს და საფიცარს, ვფიცავ მთვარის გრძნეულ ღმერთს, ყოველი ჩვენგანის გულში რომ იხედება, ვფიცავ ყვავილთ დაბადების დღეს და ამორძალთა ყველა ძველ ღვთაებას, არც მე შევარცხვენ ამ გრძნეულ წმინდა ქამარს, თუნდაც ცეცხლში ცოცხლად ვიწვოდე.
ამ სიტყვების შემდეგ მაშინვე გატრიალდა ნუკრი და კარს მიაშურა მეწამული მოსასხამის ფრიალით.

ცხადად ახდენილი სიზმარი

გულზე მოეფონა დედოფალ მეგის, როცა ასეთი მტკიცე, შეუვალი ფიცი გაიგონა ნუკრისგან და მისი თვალების ნათელი, პირდაპირი გამოხედვა იხილა, რომელნიც აღარ გაურბოდნენ ღვიძლი დედის და დედოფლის თვალებს. აშკარა იყო, ნუკრი არ უღალატებდა თავის სიტყვას და საფიცარს, ისეთი სიმართლით ჟღერდა მისი ხმა. არაფერს არ ჩაიდენდა ისეთს, რაც სულ ოდნავ ლაქად შეიძლებოდა დამჩნეოდა ამორძალთა მომავალ დედოფლის წმინდა სახელს. თავისი თავისაც ფრიად კმაყოფილი დარჩა მეგი; რა სწორად მოიფიქრა, ზეციური მეომრის გრძნეული ქამარი რომ შემოარტყა წელზე, თუმცა ჯერ კიდევ არაა ნაკურთხი დედოფლად. ასეთი ჭკვიანური საქციელით მეგიმ საბოლოოდ მოინადირა ნუკრის გული, აშკარად თავისკენ გადმოხარა ეს ნორჩი ნერგი, რომელმაც კინაღამ დაჰკარგა სიმყარე და სისწორე ქარიშხალში მოხვედრილ ნედლ ზროსავით.
ისიც სწორად განსაჯა მეგიმ, ხაზგასმით რომ აგრძნობინა ნუკრის, საფრთხე არ ემუქრებაო მალხაზის სიცოცხლეს. ასე რომ არა, ვინ იცის, რას ჩაიდებდა ნუკრი გულში. მეჯოგეს ცოტათი გაეხუმრებიან ამორძალები, მეტი არაფერი... ერთი ვნახოთ, როგორ გაუძლებს ასინეთის მოწყობილ ბუმბულის საგებს ეს ახალგაზრდა, ყოჩაღი ბედის მაძიებელი. ო, ერთი ღიმილი დასცდეს ნუკრის... ერთხელ მაინც გაიღიმოს იმის დანახვაზე, თუ როგორ იხტუნავებს კოცონის ირგვლივ მისი გულის რჩეული კუპრში ამოსვრილი ტომრით... მეტი არც არაფერია საჭირო, ღამის სიზმარივით თვალის დახამხამებაში განქარდება ყოველი ხიბლი და თილისმა, რომელსაც შეუპყრია ნუკრის გული. ,,ცოტაც, სულ ცოტაც დაიცადე, თვალაბმულო ბალღო... სულ მალე საბოლოოდ განიკურნები იმ მაცდურის ჯადოსაგან. შენ თვითონვე დამპალი მსხალივით მოისვრი იმ გრძნობის სულ უმცირეს ნარჩენსაც კი, რაც სახელმოყივნებულმა ღმერთმა აანთო შენს გულში და რომელიც დამპალ მსხალზე მეტი არცა ღირს. ჩვენ, ამორძალებმა, ამქვეყნად ყველაზე უკეთესად ვიცით მისი ფასი და სამკურნალწამლო საშუალებაც. სულ ცოტა ხანსაც მოითმინე, შენ ჯერ მხოლოდ გამოფხიზლებული ხარ და არა საბოლოოდ განკურნებული... დილით კი, როცა ცეცხლში დაიფერფლება სიყვარულის მოყივნებული ღმერთი, შენ პირნათელი და წმინდა გულით წარსდგები ჭაღარა ამორძალთა წინაშე, რათა მკერდის დადაღვის წესჩვეულება აღასრულონ. ამის შემდეგ შენთვის აღარ იქნება საშიში ვინმე გადამთიელის სტუმრობა. შენ ისე მიიღებ მის ალერსს, როგორც თოვლიანი მწვერვალი ღებულობს ჩამავალი მზის ოქროვანი სხივების კონებს; ცივად, უგრძობლად...~
როგორც კი დამშვიდდა, დაღლილობამაც მაშინვე შეახსენა თავი მეგის. მეტისმეტად დაძაბული დღეები ჰქონდა ამ ბოლო დროს, ერთხელაც არ დაუსვენია, ისე ზედიზედ მიჰყვნენ ერთმანეთს არასასიამოვნო ამბები. ყველაფერმა ამან ერთბაშად იჩინა თავი, როგორც კი იფიქრა, საშიში აღარაფერიაო.
რბილ საგებზე მიწვა და ნენეს უხმო. ო, რა ფაციფუცით შემოიჭრა ნენე, როგორც კი ოთახში შემოსვლის ნებართვა მიიღო. მგზავრობისკან დამტვერილი ტანსაცმელი გაჰხადა დედოფალს, თან უსაყვედურა, ამის თავიდან მოცილებას რა დიდი ამბავი უნდოდაო. ფეხები მზრუნველობით ჩაუთბუნა, ზურგზე მიუსვ-მოუსვა თავისი მადლიანი ხელები, მშვიდად დაგეძინოსო.
- უთენია გამაღვიძე, მსხვერპლშეწირვას უნდა დავესწრო, - უბრძანა მეგიმ.
ახლა ამაზე აბუზღუნდა ნენე, უთენია გაღვიძება რაღაში გეჭირვება, ისედაც რამდენი ღამეა, წესიერად არ გძინებია. იმ ოჩოფეხებიან თოჯას უშენოდაც კარგად გადაუძახებენ ცეცხლშიო.
- რა აუცილებელია იმ დროს შენი იქ ყოფნა? - გულმტკივნეულად ეუბნებოდა ნენე, - ერთი დაგანახა, რა ფერი გადევს. საკუთარი თავი სრულებითაც არ გეცოდება. მთელი სიცოცხლე მოსვენება რა არის, არ იცი...
მეგი ყურს არ უგდებდა ნენეს ბუზღუნს. მისი ფიქრები ისევე განვლილ, შფოთიან დღეს უტრიალებდა. ყოველივე კარგა მიაწყო და მოიხაზირა, მგონი არაფერი გამორჩენია მხედველობიდან: მეჯოგე პირიმზეს ჩააბარა საყარაულოდ, ამორძალთა შორის უერთგულესს. პამპულა თოჯა ასინეთს მიანება. ცხადია, არავის დაუთამობს ცოცხალი თავით. ჰოდა, ხელსაც ვეღარაფერი შეუშლის მეგის, ზეციური მეომრის სამსხვერპლოზე რომ შესწიროს სიყვარულის ღმერთი. ზეციური მეომარიც არ მოგვაკლებს წყალობას, მარად უჭკნობი იქნება ამორძალთა ძლიერება, როგორც მისანმა გვიწინასწარმეტყველა...
,,მძლევარნი არიან ამორძალთა ღმერთები, - ფიქრობდა ნენეს მზრუნველ ხელებს მინდობილი მეგი, ბურანი თანდათან ითრევდა თავის წიაღში, - უძლეველია ზეციური მეომარი და ამ უძლეველობას უხვად უწილადებს თავის ერთგულ მსახურთ. დიდია მთვარის გრძნეული ღმერთის, გულთამხილავის ძალაც, მუდამ სიმართლის თქმას რომ აჩვევს ამორძალებს... ასე თამამად ვერ გამისწორებდა ნუკრი თვალს, წრფელი გულით რომ არ ემსახურებოდეს მთვარის გრძნეულ ღმერთს. სულ პატარაობიდანვე სიმართლის ლაპარაკსაა მიჩვეული, სძულს სიცრუე. დიდია ძალა და ხიბლი ალისფერ ყვავილთა, რომელიც თვით ზეციური მეომრის ღიმილმა შვა... რომელიც ერთნაირად ამშვენებს მძლე მეომარს თუ პრანჭია ქალს... ო, როგორ უხდება ნუკრის ალისფერი ყვავილების გვირგვინი, თვითონაც ხომ ყვავილივით ლამაზია, ვარდის ფურცელივით ნაზი სახე და შვლის ნუკრის ნამიანი თვალები...
ნენე მორჩა პირისფარეშის მოვალეობას, ოთახში მოჰყვა ფრუტუნს, ისევ გაუთავებლად ბუზღუნებდა, რასა ჰგავს აქაურობაო, ფარდები გაასწორა ფანჯრებზე, რომელიღაც ნივთებს ადგილი მოუნაცვლა. ბოლოს სანთელი ჩააქრო და ოთახიდან გაფრატუნდა. მეგის აღარაფერი ესმოდა, ერთი კიდევ გაიელვა მის თვალწინ ალისფერი ყვავილების გვირგვინით თავშემკულმა ნუკრის სახემ და ყოველივე ბნელ ბურუსში ჩაინთქა. მკვდარივით დაეძინა დაღლილ-დაქანცულ დედოფალს.
სიზმარი ნახა დედოფალმა მეგიმ; ვითომ ეტლში იჯდა, რომელშიც იშვიათი სილამაზის იორღა ცხენები იყო შებმული, მეგის სადავეები ეპყრა ხელთ. ცხენები დამჯერად მიგოგმანებდნენ. შეწყობილად ისმოდა მათი ფლოქვების დინჯი თქარუნი, გრძელი ფაფარი უფრიალებდათ, თავმომწონედ არხევდნენ აღერილ კისრებს. მათი შემყურე გულით ხარობდა მეგი, მთელი არსებით განიცდიდა მწყობრი, აუჩქარებელი რონინის სიამეს. მთელ სხეულში სილაღის საამური გრძნობა უვლიდა.
ნელნელა ნაბიჯს უმატეს ცხენებმა. ჰაერში ჩანჩქერივით ალივლივდა მათი ხშირი, აფრიალებული ფაფრები, ფლოქვები უფრო ხმამაღლა ათქარუნდნენ. მეგი კიდევ უფრო გახალისდა, თითქოს საცაა ჰაერში უნდა აფრინდესო, ისეთი სიმსუბუქე იგრძნო მთელ სხეულში. ცხენებიც უფრო გალაღდნენ, სისწრაფეს კიდევ უფრო უმატეს. ოღონდ მათი ნაბიჯის სიმწყობრე ოდანავადაც არ დარღვეულა, ისევ შეწყობილად მიბაკუნებდნენ და დამჯერად ემორჩილებოდნენ სადავეებს, რომელთაც ერთი წამითაც არ უშვებდა მეგი ხელიდან.
თუმცა ბოლოს მეგიმ მაინც იფიქრა, მგონი ზედმეტია ეს სისწრაფეო და სადავეები მოსწია, რათა შეენელებინა სრბოლა. თავისდა გასაკვირად შეამჩნია, რომ ცხენებს ნაბიჯი ოდნავადაც არ შეუნელებიათ. პირიქით, უმატეს კიდეც სისწრაფეს. შეშოფთებულმა მეგიმ კვლავ სცადა ცხენების შეკავება, მაგრამ ამ ცდას არც ახლა მოჰყოლია სასურველი შედეგი; ეტლის სიჩქარე ისევ მატულობდა. მთელი ძალღონე უკიდურესობამდე დაძაბა მეგიმ, დაკრუნჩხული ხელებით მაგრად ჩააფრინდა სადავეებს, თავისკენ მოქაჩა, რაც კი შეეძლო. ცხენები სრულებით აღარ ემორჩილებოდნენ სადავეებს. თავაწყვეტილები მიჰქროდნენ, მიჰროდნენ სულ უფრო და უფრო სწრაფად. ჭექა-ქუხილივით გრიალებდა მათი ფლოქვები, ჰაერში იწეწებოდა გაფრიალებული ძუა-ფაფარი. საზარელი შიში იგრძნო მეგიმ, მიხვდა, რომ ამაოდ ექაჩებოდა სადავეებს, უკვე ვეღარ დააურვებდა ცხენებს, რომლებიც ბრმად, უგზოუკვლოდ მიჰქროდნენ სადღაც...
საკუთარმა ხმამ გამოაღვიძა, უნებურად ხმამაღლა შეჰყვირა სიზმარში.
როგორც კი თვალი გაახილა, უსიამო რამ ჩვენება იხილა, მის თავს ზემოთ ჰაერში გამოკიდებული. კინაღამ ისევ შეჰყვირა შიშისგან და უცბად იცნო: ნენე იყო, სანთლით ხელში ადგა თავზე, მოცახცახე ალი ქვემოდან ანათებდა მის მომჭკნარ, დაფეთებულ სახეს და დაჭყეტილ თვალებს...
- სანთელი მაღლა ასწიე, ნენე! - დაუყვირა მეგიმ.
- ძალიან შფოთავდი ძილში, - შემკრთალი ხმით უთხრა ნენემ, - შემოვედი, დაგხედე...
მეგიმ ისევ მილულა თვალი, რამდენიმე წამს გაუნძრევლად იწვა, ცდილობდა ხელფეხის ცახცახი დაეოკებინა.
უცბად თვალი გაახილა და წამოჯდა, ღია სარკმელში გაიხედა. ცისკიდურს უკვე შეჰპარვოდა განთიადის მაუწყებელი სიფითრე.
- უკვე თენდება, - დაფაცურდა მეგი, - რატომ არ გამაღვიძე უფრო ადრე?
- ისეთი დაღლილი სახე გქონდა, - წუხანდელივით წინანდებურად აბუზღუნდა ნენე, - რაო, იმ ოჩოფეხებიან თოჯას უშენოდ ვეღარ გადაუძახებენ ცეცხლში?
მეგი ყურს აღარ უგდებდა, სასწრაფოდ ჩაიცვა და ეტლში ცხენები შეაბითო, ბრძანა. ძილში განცდილი შიშისგან ახლაც ძლიერ უცემდა გული, უსიამოვნო ფიქრები კენწლავდნენ, რად მომივლინესო ღმერთებმა ასეთი სიზმარი... თუ ჩვენება... რაიმე საშიშროებას ხომ არ აუწყებენ ამით... არადა, თითქოს ყოველივე რიგზე იყო, ყოველივე ჭკვიანურად განსაჯა და მოიხაზირა...
ერთი წამით თვალწინ წარმოუდგა ნუკრის სახე, ალისფერი ვარდებით შუბლდამშვენებული. გაურკვეველი ბუნდოვანი ეჭვი მრუმე ჩრდილივით წამოეფარა ამ მშვენიერ ხატებას, ვაი თუ... გაივლო მეგიმ გულში და თვითონვე ვეღარ დაამთავრა, ვეღარ განსაზღვრა, რისი ეშინოდა. მაგრამ აქვე გაახსენდა ნუკრის წრფელი, პირდაპირი გამოხედვა, მისი ურყევი ალალმართალი ფიცი, შეუვალი ხმით წარმოთქმული და იქვე უარყო, მაშინვე განდევნა ის რაღაც შავბნელი ეჭვის აჩრდილი, ისე რომ არც კი უცდია მისი გამოკვეთა მრუმე საბურველიდან. არა, თუკი მართლა რაღაც უსიამოს მოასწავებდა ეს სიზმარი, ის რაღაც სხვაგან იყო საძებარი.
როცა მიმყუდროვებულ გზას დაადგა, გუნება თანდათან გამოუკეთდა მეგის. სუფთა ჰაერმაც საბოლოოდ გამოაფხიზლა და სიმკვეთრე დაუკარგა ძილში ნანახ ხილვას. ცხენების ფლოქვების თანაბარმა თქარუნმაც გაახალისა. ისეთი სიჩუმე იდგა, განთიადის წინ რომ იცის ხოლმე. ცისკიდურს თანდათან ეძალებოდა სიფითრე, თუმცა ზემოთ, ცარგვალზე, ისევ სიბნელე მეფობდა და ვარსკვლავები მთელი თავისი ბრწყინვალებით ელავდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა სისხლოვანი თვალი, მეწამული ფერით მოკაშკაშე. ზეციური მეომარი გამომცდელად ჩამოჰყურებდა მაღლიდან თავის ერთგულ მსახურთ, აღთქმულ მსხვერპლს ელოდა მათგან.
მეგი კიდევ ურფო გახალისდა, ერთგვარი შვებაც იგრძნო: ამაოდ როდი ბრიალებს ასეთი ძალით სისხლიანი თვალი. აღთქმულ მსხვერპლს სულ მალე მიიღებს ზეციური მეომარი და თავის წყალობას აღარ მოაკლებს ამორძალებს. ასეთია წინასწარმეტყველება, ნეტავი რამ უნდა შეუშალოს ხელი მეგის, რომ ცეცხლში გადაუძახოს სიყვარულის პამპულა ღმერთი...
ასეთ ფიქრებში და ვარსკვლავიანი ზეცის თვალიერებაში გართული მეგი შეუმჩნევლად მიუახლოვდა მწვანე ჭალაკს. ღამისმთეველი ამორძალების ხმებიც ჩაესმა. მათ შორის პირიმზეს ხმა გამოირჩეოდა. ,,ო, პირიმზე, მუდამ კარგად მიმყოფოს შენი თავი ღმერთებმა, ფასდაუდებელი განძი ხარ ამორძალებისთვის, შენი ხმის გაგონება ხის კუნძსაც კი მეომრად აქცევს. - გაივლო მეგიმ გულში, - ნეტავი რა ჯადო სცხია შენს ხმას ისეთი... აი მეც კი, ძარღვები მეძაგრება შენი სიმღერის გაგონებისას, ხელები თვითონვე ეძებენ ორპირა ცულს, ჩემს დაუკითხავად... ცხადია, მეჯოგეც აქ არის ახლა..~
სადავეები დაიქნია მეგიმ, ცხენებმა ნაბიჯს აუჩქარეს. მალე ცეცხლის წითელი ანაბზენი გამოკრთა ჩაბნელებული ხეების მიღმა, ნამწვის სუნმაც მიაღწია. ,,ოჰო, კოცონი უკვე აუნთიათ, - გაიფიქრა მეგიმ და ცას ახედა, - მაგრამ ასე რატომ აჩქარდნენ? განთიადამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, სისხლიან თვალთან ერთად ამომავალმა მზემაც უნდა დახედოს პამპულა ღმერთის გარუჯულ მუგუზლებს... თუმცა იქნებ პამპულა თოჯა ჯერ არ გადაუგდიათ ცეცხლში და მე მელოდებიან...~
მალე ისეთი შეძახილები მოესმა მეგის, რომ დარწმუნდა, თოჯა უკვე ცეცხლში იწვისო~. ,,...აჰა, დაიწვი და დაიფერფლე, მათრეველავ...~ ,,...სწორედ ამის ღირსი ხარ...~ ,,...სხვა რისი მაქნისი უნდა იყო...~
,,ახალგაზრდა ამორძალებს უფრო ეხალისებათ ასეთი რამეები, - გაიფიქრა მეგიმ, სრულებითაც არ გაბრაზებულა, ოჩოფეხებზე შემდგარ ღმერთი უიმისოდ რომ გადაუძახეს ცეცხლში, - ჩემთვის ისიც საკმარისია, საკუთარი თვალით რომ ვნახო მისი დამხრუკავი ცეცხლი. მისნის წინასწარმეტყველება ხომ ასრულდება! მთავარია ზეციური მეომრის სამსხვერპლოს არ აცდეს სიყვარულის ღმერთი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გადაუძახებს ცეცხლში...~
მეგიმ სადავეები ისეთი ძალით მოსწია, ცხენები გაქვავებულებივით შედგნენ: კოცონის ალი გამოიჭრა ხეებს მიღმა და პირველი, რაც მის შუქზე დაინახა მეგიმ, ეს იყო პამპულა თოჯა, სიყვარულის მოყივნებული ღმერთი. სრულიად უვნებლად წამოსკუპებულიყო მაღალ ოჩოფეხებზე და უტიფრად იღრიჭებოდა ყურებამდე.
მთელი ძალით გიზგიზებდა კოცონი. ამორძალები ფერხულს უვლიდნენ მის ირგვლივ, ათას რამერუმეს ყრიდნენ ცეცხლში მხიარული შეძახილებით. მკერდის დადაღვისთვის გამზადებული ახალგაზრდა ასულებიც აქ იყვნენ, მათ მეგის თვალწინ გადაყარეს ცეცხლში ალისფერი ვარდის გვირვგინები. ნუკრი არ იყო მათ შორის... და არც მეჯოგე ჩანდა.
მეგი ეტლიდან ჩამოხტა და კოცონს მიუახლოვდა. ისეთ შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ისევ სადავეები ეპყრა ხელთ, უხილავი სადავეები, და მეგის ეშინოდა მათი მოქაჩვის, ვაითუ აღარ დამორჩილებოდნენ...
პირველმა პირიმზემ შეამჩნია კოცონისკენ მომავალი მეგი, მისკენ გამოქანდა.
- შენც გადააგდე ცეცხლში საწინდარი, დედოფალო, - უზრუნველი ხმით შესძახა პირიმზემ, - ფრთხილად იყავი, ვინმე სტუმართაგანმა არ დაგადგას თვალი, სიყვარულის ღმერთმა არ მოგნუსხოს.
მეგი დაკვირვებით ჩააცქერდა სახეში პირიმზეს. გულწრფელი და ხალისიანი იყო პირიმზეს თვალები, არა ეტყობოდა რა... თუ მაინც მოხდა რაიმე საბედისწერო, პირიმზემ ალბათ არა უწყოდა რა ამის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, სხვებზე მეტი არაფერი არ ეცოდინებოდა.
- იქნებ უკვე გადავაგდე კიდეც საწინდარი ცეცხლში, პირიმზე, - უთხრა მეგიმ და თვითონვე შეაკრთო საკუთარმა სიტყვებმა, - ოღონდ ჯერ გამაგებინა, რაიმე წინააღმდეგობა ხომ არ შეგხვდა, ჩემი ნება რომ აგესრულებინა...
- ამ ღამით მე ნუკრის ნება ავასრულე, დედოფალო. და არა შენი, - იმავე უზრუნველი სახით უთხრა პირიმზემ, - მისთვის შემოგირტყამს ზეციური მეომრის ნაჩუქარი გრძნეული ქამარი და ძოწეულის მოსასხამიც გიბოძებია, თუმცა მაინც დედოფალს გიწოდებ, ასე ვარ დაჩვეული. შენ ახლა დედა ხარ ჩვენი დედოფლისა.
- მერედა, როგორი იყო მისი ნება, პირიმზე...
- ოჩოფეხებზე შემდგარი ღმერთის ნაცვლად მეჯოგე უნდა აგვეყვანა ზეციური მეომრის სამსხვერპლოზე...
ხის ტოტს დაუდევრად ჩამოეყრდნო აწოწილი დევქალი და ასეთი რამ უამბო მეგის: ნუკრი გათენებამდე დაადგა თავზე დილეგის წინ მოდარაჯე პირიმზეს და მეჯოგის კოცონზე აყვანა მოითხოვა, ღმერთები სწორედ ამ ტყვეს თხოულობენო მსხვერპლად. ხელში კუპრით მოსვრილი ტომარა ეჭირა, მეჯოგისათვის გამზადებული. როდესაც მე უარი ვუთხარი, დედოფლის გარეშე მაგის ნებას ვერ მოგცემ-მეთქი, ძოწეულის მოსასხამი გადაიწია და სადედოფლო გრძნეული ქამარი დამანახა, მე ვარო შენი დედოფალი.
- შენ თვითონ აიყვანე კოცონზე მეჯოგე? - ჰკითხა მეგიმ.
- არა, ნუკრიმ მიბრძანა, ამორძალებს მოუყარე თავიო. ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო სამსხვერპლო ცეცხლის დასანთებად. როცა უკან მოვბრუნდი, კოცონი უკვე გიზგიზებდა...
პირიმზემ მხოლოდ ახლა იგრძნო თავისი ნაამბობის მთელი უცნაურობა და შეუსაბამობა. უზრუნველობა ერთ წამში გაუქრა, გაოცებისგან პირდაღებული მიაჩერდა დედოფალს, თითქოს მის სახეში უნდოდა ამოეკითხა რაიმე. როდის-როდის ისევ დასძრა ენა და ძლივს გასაგონად წაიბურდღუნა ხმაწართმეულმა: ,,მე ვიცოდი, თუ როგორ გძულდა მეჯოგე, დედოფალო, ამიტომ არ გამკვირვებია, მისი ცოცხლად დაწვა რომ განიზრახე~.
მეგის ხმა არ ამოუღია, კიდევ უფრო გაუძლიერდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ისევ სიზმარში იყო, ეტლში მჯდარი. ცხენები თავაწყვეტით მიჰქროდნენ, საცაა რაღაც საზარელს, უფსკრულივით გადაულახავს უნდა გადაჰყროდნენ, და მეგი უძლური იყო, როგორმე გვერდი აექცია მისთვის.
ამორძალები აწრიალდნენ, შეშფოთებული ხმები ჩაესმოდა ქანდაკებასავით უძრავად მდგარ მეგის, მიახლოებას და რაიმეს შეკითხვას ვეღარავინ უბედავდა. ნუკრის სახელი გაისმა რამდენჯერმე. ასინეთი ბრძანებდა, ნუკრი მოძებნეთო. თვითონ ნუკრი არსად ჩანდა, ოღონდ მისი ორპირა ცული იპოვეს ამორძალებმა, ლალის თვლებით მოჭედილი. ოჩოფეხებზე შემდგარი პამპულა ღმერთის ფეხთით ეგდო, ტარზე ნაირფრად მოელვარე ჭრელი ბაღდადი ჰქონდა შებმული. ბაღდადი გაშალეს ამორძალებმა. იქნებ რაიმე ნიშანი იყოსო შიგნით. ვერაფერი იპოვეს... ბაღდადზე რაღაც ტყიური არსება იყო ამოქარგული, რომელიც თავისკენ იზიდავდა შემკრთალ და დამორცხვებულ ფერიას... კრინტი არავის დაუძრავს ამის შესახებ, მაგრამ ყველამ იცნო: სწორედ ამ ბაღდადით ჰქონდა ნუკრის შეხვეული ნაღრძობი ფეხი.
კოცონი ნელნელა ჩაიღვენთა, მოძალებულმა განთიადმა ალისფერი ჩირაღდანი დაანთო ცისკიდურზე. ჩიტების ჭიკჭიკი გაისმა, ამომავალ მზეს ესალმებოდნენ. ნუკრის ასავალ-დასავალიც არ ჩანდა სადმე. შეშფოთებული ამორძალები აქეთ-იქით აწყდებოდნენ მის ძებნაში, ხმამაღლა ვერ გაებედათ მისი სახელის ხსენება, ჩუმჩუმად ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. ალბათ ერთად გაიქცნენო ნუკრი და მეჯოგე... ჭრელი ბაღდადიც თითქოს ამაზე მიანიშნებდა... მაგრამ ის ვინღა იყო, ჩვენ რომ კოცონზე ავიყვანეთო, ჰკვირობდნენ. მისი სახე არავის დაუნახავს კუპრში ამოსვრილი ტომრის მიღმა, დაჩხვლეტით კი კარგად დაჩხვლიტეს, და უნდა ითქვას, ერთხელაც არ დასცდენია რაიმე კვნესის მსგავსი. კოცონზეც თავისი ფეხით ავიდა, მიძალება არ დასჭირვებია, ის კი არადა, თითქოს ეჩქარებოდა კიდეც ცეცხლში დახრუკვა. თვითონ ნუკრი არსად არ ჩანდა იმ წუთებში, მხოლოდ ახლა დაფიქრდნენ ამაზე ამორძალები. ვერც ერთმა ვერ გაიხსენა, რომ ნუკრის თუნდაც ერთხელ ეჩხვლიტა ტყვისთვის, ანდა ერთი გამკილავი სიტყვა ეთქვა...
უკვე კარგად გათენებული იყო, როცა რამდენიმე ამორძალმა მოაგდო გაქაფული ცხენები და ამბავი მოიტანეს, ძოწისფერმოსასხამიანი მხედარი ვნახეთო მეჯოგეებთან. ყველას ნუკრი გვეგონა, მისკენ გავაქროლეთ ცხენები, ყვირილიც კი ავტეხეთ გახარებულებმა: ,,ნუკრი, ნუკრი~. ძოწისფერი მოსასხამი მაღლა ააფრიალა მხედარმა, მეჯოგე აღმოჩნდა იგი. ასე დაგვიყვირა: თავისი მოსასხამი მაჩუქა ნუკრიმ, როცა დილეგიდან გამომიყვანა, მე სამაგიეროდ საპატარძლო სამოსელს გამოვუგზავნიო. თვითონ ნუკრი არსად ჩანდა.
მოღუშვით მოისმინეს ამორძალებმა ეს ახალი ამბავი. მერე ყველამ მეგის შეხედა. მეგის ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს არც არაფერი ესმისო, მყესები გათეთრებოდა ხელებზე, ისეთი ძალით შეეკრა მუშტები. მონუსხულივით ჩაშტერებოდა უკვე ჩაფერფლილ კოცონს.
დილისთვის ნიავმა იწყო ქროლვა, რომელიც თანდათან იკრებდა ძალას. ნაცარს აცლიდა უკვე მინავლებულ ნაკვერცხლებს, რომლებიც განახლებული ძალით იწყებდნენ ბზინვას და საბოლოოდ თვითონაც იფერფლებოდნენ. მომძლავრებული ქარი ამ ფერფლსაც დაუზარებლად აცლიდა და ჰაერში ფანტავდა. ნაცრის ბუღი კიდევ უფრო ავბედით იერს აძლევდა კოცონის ირგვლივ დატრიალებულ ამბავს... და საბოლოოდ, ქარის კიდევ ერთი ძალუმი დაქროლვისას მინავლებულ ნაკვერცხლებზე გველივით დაკლაკნილმა ოქროს ქამარმა გაიელვა...
ხმამაღლა გმინვა ერთხმად აღმოხდათ ამორძალებს მისი დანახვისას; ყველამ კარგად იცინო ზეციური მეომრის ნაჩუქარი გრძნეული ქამარი, რომელიც ნუკრის ერტყა წელზე ამ ღამით...
მეგი ადგილიდან დაიძრა, კიდევ უფრო მიუახლოვდა ჩაფერფლილ კოცონს, ოღონდ გრძნეული ქამრისთვის ზედაც აღარ შეუხედავს. კოცონის მიღმა, მის საპირისპიროდ ოჩოფეხებზე შემოსკუპებულ ყურებამდე გაღრეჭილ პამპულა ღმერთს მიაპყრო მზერა. ამორძალები ქანდაკებებივით გარინდულიყვნენ, თითქოს რაღაც ჯადო-თილისმამ ჩამოუქროლა და ყველა იმ პოზაში გააქვავა, რომელშიც მოუსწრო. თვალები დაბლა დაეხარათ, უკვე შეხედვასაც ვეღარ უბედავდნენ მეგის. ყოველივე ჩამკვდარიყო, ყოველივე გაქვავებულიყო ირგვლივ, პამპულა ღმერთის ბრიყვული და უტიფარი სიცილის გარდა... იგი იცინოდა, იცინოდა გულიანად, არხეინად, დამცინავად... ო, როგორ აცოცხლებდა ეს უტიფარი სიცილი ამ პამპულა ღმერთს. ერთადერთი ცოცხალი არსება სწორედ ის იყო ახლა, სიყვარულის მოყივნებული ღმერთი. და მეგიმ სწორედ მას გაუბა მუსაიფი.
- ნუთუ შენ ყველა ღმერთზე ძლიერი ხარ! - ხმამაღლა მიმართა მეგიმ, - მსხვერპლად გწირავდით სხვა ღმერთის სამსხვერპლოზე, შენ კი თურმე შორიდან დაგვცინოდი. აჰა, ინებე მობრძანება და შენთვის გამზადებულ კოცონზე აიყვანე ყველა ჩვენი სალოცავი ღვთაება. ქვეყნის მასხარავ, პამპულა ღმერთო, ვინ მოგანიჭა ეს ძლიერება...
მეგი დადუმდა, ისე მიაჩერდა ყურებამდე გაღრეჭილ თოჯას, თითქოს მართლა ელოდა მისგან პასუხს. ქანდაკებებივით უძრავდა მდგარი ამორძალები შეირხნენ, სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყოთ, რამდენიმე მათგანი მიცვივდა თოჯას, ცდილობდნენ ოჩოფეხებიდან ჩამოეთრიათ იგი, რათა ცეცხლში დაეწვათ მერე...
- შეჩერდით! - ხმამაღლა შეჰყვირა მეგიმ. ეს იყო სიზმრისეული ამოძახილი, რომელიც უკვე სიცხადედ იქცა. - ვეღარაფერს დააკლებთ მაგ პამპულა ღვთაებას, ეს თვითონ მან, სიყვარულის ღმერთმა დაანთო ყოველ თქვენგანში ისეთი ცეცხლი, რომლის დაფერფლვაც არ ძალუძს არც ერთ კოცონს, თუნდაც ზეცამდე წვდებოდის მისი ალი.
ამორძალებმა თავი ანებეს ოჩოფეხებზე შემოსკუპებულ ღმერთს, რომელიც თავისი უტიფარი ღრეჭვით თითქოს პირში დასცინოდა მათ, აინუნშიც არ აგდებდა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა.
მზე ამოვიდა, გაანათა ისედაც ნათელმოფენილი სურათი... უკვე ყველაფერი გარკვეული იყო საბოლოოდ. დანახშირებულ ძვლებსაც გადააცალა ფერფლი ქარმა, ყველამ კარგად იცოდა, ვისიც იყო ეს ძვლები: ის ხომ მკერდის დადაღვისათვის ემზადებოდა, ალისფერი ვარდების გვირგვინით თავდამშვენებული, ამის ნაცვლად კი მთელი სხეული მიუძღვნა სამსხვერპლო ცეცხლს. ისიც კარგად იცოდნენ ამორძალებმა, რომ არავინ არ დააბიჯებდა მათ შორის მისი ბადალი, ასეთი ამაყი, წმინდა და ძლიერი სულის პატრონი, სულით და ხორცით ამორძალი. ამორძალთა დედოფლის ამაყი სახელი არავის არ დაამშვენებდა მასზე ღირსეულს.
პირიმზე გამოეყო ქვადქცეულ, დამუნჯებულ ამორძალებს, მეგის მიუახლოვდა. მარჯვენა ხელში ნუკრის ორპირა ცული ეჭირა, ჭრელი ბაღდადით გამოსკვნილი. თავისი ზორბა იაბო მოჰყავდა აღვირით. სახეზე მიწისფერი ედო.
- მე ერთხელ უკვე გადავედი შენს ნებას, დედოფალო, - თქვა პირიმზემ ჩვეულებრივზე უფრო ხრინწიანი ხმით, - ახლა კიდევ ერთ თვითნებობას იხილავ ჩემგან.
ცხენს მოახტა ამ სიტყვების შემდეგ პირიმზე, აღვირი ღონივრად მოზიდა, ცხენის ქედი ლამის მკერდზე მიეკრა, ისე დაამოკლა აღვირი. ცხენს მძლავრად ჰკრა ქუსლი, ყალყზე შეაყენა და ადგილზე დაატრიალა. ციბრუტივით დატრიალდნენ ორივენი, ცხენიც და მისი მხედარიც, აქეთ-იქით მიმოქროდნენ ფლოქვებისგან გადათხრილი მიწის ბელტები, ჭრელბაღდადიანი ორპირა ცული მაღლა შემართა პირიმზემ, თან ისეთი ხმით დაკივლა, მისი გაგონებისას ცივმა ჟრუანტელმა დაურბინა ამორძალებს. თვალი ვეღარ გაუსწორეს ერთმანეთს, სახეზე აიფარა ხელები ზოგიერთმა. რა განწირულება და ტკივილი, რა თავზეხელაღებული სიშმაგე და უკიდურესი ნაღველი ისმოდა ამ ხმაში! ეს მართლაც მომაკვდავი მძლავრი ფრინველის უკანასკნელი ამორძალი იყო, ზეცას რომ უძღვნის მიწისკენ ისარივით წამოსული.
ამორძალთა სიმღერა მიაყოლა პირიმზემ იმ ამოძახილს, კიდევ უფრო ომახიანი, მძლე ხმით შემოსძახა, ვიდრე ოდესმე უმღერია სალაშქროდ მიმავალს. თავიდან ბოლომდე უკლებლივ ჩაათავა. ცამდე უწვდინა ამორძალთა საყვარელი სიტყვები, გარეული ფრინველის ძახილი:
...ერთი ჩრდილი გვაქვს ჩვენ ორივეს,
თავისუფლებაც ერთია მხოლოდ...
მერე ისე ერთბაშად გააქვავა ყალყზე შემდგარი ცხენი პირიმზემ, თითქოს ქანდაკებად იქცნენო ცხენიც და მხედარიც. როგორც კი მიწას შეეხო ცხენის წინა ფეხები, პირიმზემ მაშინვე ქუსლი ჰკრა და ადგილიდან მოსწყვიტა. შემდეგ კი ჩორთით გააგრძელა სვლა, დინჯად, აუჩქარებლად. ჭრელბაღდადიანი ორპირა ცული ყველას დასანახად ეჭირა ხელში, ჭრელ ბაღდადს მიაფრიალებდა. არც ერთ ამორძალს არ გაუცილებია იგი თვალებით, თავდახრილები იდგნენ.
ყველამ კარგად იცოდა, საითაც მიდიოდა პირიმზე: აქედან სულ რაღაც ორი საათის სავალზე ცხენების რემა დათარეშობს, რომელსაც ომახიანი ყიჟინით დასდევენ ცხენების დაურვებაში ხელგაწაფული მეჯოგეები. მათ შორის ერთერთს ძოწეულის მოსასხამი ამშვენებს. გამარჯვებული ღიმილი არ ცილდება სახიდან. ირგვლივ სიზმარივით ლამაზ ყვავილებს გააქვთ ღაღანი. ამ ყვავილოვან ველს ასევე აუჩქარებლად, დინჯი ჩორთით გადაივლის პირიმზე, ძოწეულის მოსასხამიან მხედარს უახლოვდება. ჭრელბაღდადიანი ცული მაღლა შეუმართავს. მხედარი ცნობს ჭრელ ბაღდადს და სასიამოვნო ამბის მოლოდინში კიდევ უფრო გულიანად იღიმება... თავისი ძველი საჩუქრის დანახვა გამარჯვების უეჭვე:ლ მაცნედ მიუჩნევია. ეტყობა, მართლაც მორჩილ მხევლად ქცეულა ის ღმერთქალივით მშვენიერი ამორძალი და სწორედ ამის ნიშანს უგზავნის ეხლა. რა ზუსტად ასრულდა იმ ებრაელის წინასწარმეტყველება, ეს ჭრელი ბაღდადი რომ შეაჩეჩა...
უკვე მიჯრით მიუახლოვდა პირიმზე ძოწეულის მოსასხამიან მხედარს, ერთი წამით შედგა, თითქოს მართლა აპირებსო რაღაცის თქმას, სახეზე სრული სიმშვიდე აწერია...
მოულოდნელად ჰაერში გაიელვებს ჭრელბაღდადიანი ცული და ძოწეულისმოსასხამიანი მხედარი თავგაჩეხილი ვარდება ცხენიდან. უკვე მკვდარია და სახეზე კიდევ ღიმილი აწერია, ისე სწრაფად ხდება ეს ყველაფერი!
წამიერი გაოგნება, და პირიმზეს ირგვლივ რგოლივით შეიკვრებიან დანარჩენი მეჯოგეები. ეს რგოლი აქეთ-იქით იწევს და ფუთფუთებს, თითქოს ერთიანი ცოცხალი არსებააო. მის თავზე ჟამიდანჟამს ფრიალებს ორპირა ცულზე შებმული ბაღდადი...
მერე ბაღდადი ჰქრება... ცოცხალი რგოლიც იშლება. მხედრები ჰკრეფენ დახოცილ და დაჭრილ ამხანაგებს, ცხენებზე აჰკიდებენ და მიდიან. ერთერთი ცხედარი ძოწეულის მოსასხამშია გახვეული. ყვავილოვან ველზე ასო-ასოდ დაჩეხილი პირიმზეს გვამი რჩება მხოლოდ. მაღლა, ლურჯ ცის თაღზე რომელიღაც დიდ ფრინველს ლაღად გაუშლია ვეება ფრთები, მისი ჩრდილი ჟამიდანჟამს ჩამოუქროლებს ხოლმე იმის საცოდავ ნაშთს, რომელსაც ერთ დროს ასეთი ამაყი სახელი, ამორძალი ერქვა...
ეს ყველაფერი თვალითაც არ უხილავთ ამორძალებს. ყვავილოვან ველზე მომხდარი ამბავი კარგა ხნის შემდეგ მიაღწევს მათთან, მაგრამ ყოველივე ისე კარგად იციან წინასწარვე, თითქოს ეს-ესაა მათ თვალწინ მოხდაო.
სწორედ ამ სურათს ჭვრეტდნენ თავდახრით მდგარი, მიწისკენ თვალმიციებული ამორძალები და თითოეული მათგანის წარმოსახვაში დახატული ყველა სურათი მეტნაკლებად ჰგავდა ერთმანეთს.
მეგი მთელი ტანით ისე შეირხა პირიმზეს ომახიანი ხმის გაგონებაზე, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო. აღარავისთვის აღარ შეუხედავს, კოცონს ზურგი შეაქცია. აქ უკვე აღარაფერი ესაქმებოდა. მთელი მისი თავგამოდება, ტვინის ჭყლეტა, თითქოს ყველაფრის ჭკვიანური განსჯა და წინასწარ მოხაზირება სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა თავის მოტყუება. თურმე სინამდვილეში პამპულა თოჯა განაგებდა ყველაფერს, სიყვარულის მოყივნებული ღმერთი. სწორედ მისი ნება იყო თუნდაც ის, რომ პირიმზეს ჩააბარა მეჯოგე სადარაჯოდ მეგიმ. უნაპიროა პირიმზეს ერთგულება, მაგრამ ცოტათი გულუბრყვილოცაა ეს სწორუპოვარი მეომარი ქალი, ამორძალების პირველი მომღერალი. ასინეთისთვის რომ ჩაებარებინა მეჯოგე, იქნებ თავიდან აეცდინა ასეთი რამ... თუმცა ალბათ მაშინაც გამოძებნიდა რაიმე გზას და გამოსავალს სიყვარულის მოიყვნებული ღმერთი, დიდი ყოფილა მისი ძალა, ბევრად მეტი, ვიდრე მეგონა...
მთვარეულივით ავიდა ეტლში მეგი, ხელები მოუფათურა სადავეებს. მის მიხვრა-მოხვრაში ჩანდა, რომ სრულიად გაუაზრებლად იმეორებდა უკვე დიდიხნის შეჩვეულ მოძრაობებს.
ცხენები დაიძრნენ, სადავეები დაიჭიმა...
მაშინღა გაიაზრა მეგიმ, რომ ეტლში იჯდა და სადავეები ეპყრა ხელთ. თითქოს ხელები დაეწვაო, ისე დაყარა ისინი. უღონოდ ჩამოეკიდნენ სადავეები, ხერხემალგადამსხვრეული გველების მსგავსად. ცხენებმა მაინც გასწიეს ნაცნობ გზაზე. მეგი გაუნძრევლად იჯდა, მკვდარ ფრინველს ჰგავდა, მხრებჩამოყრილს და თვალდაშრეტილს...
კიდევ უფრო მომძლავრდა ქარი, ძალუმად ჩამოუქროლა მინავლებულ კოცონს, ნაცარი და ხმელი ფოთლები ერთად აიტაცა, მიმავალ ეტლს მიაყარა, კვამლსა და მტვრის ბუღში გაახვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები