| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 15 ოქტომბერი, 2014 |
ციდან ჩამოვარდაო, ასეთ დროს იტყოდნენ ალბათ: ბავშვი იპოვა, სულ ქორფა, სახვევებში მუთაქასავით გამოკრული. იპოვა თავისი სახლის კართან, ადრიან დილით რძის საყიდლად გამოსულმა. აიყვანა და ოთახში შეარბენინა მაშინვე. კარგად იცოდა, ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო. ვთქვათ, განგებ მიუგდო ვინმემ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ჩვენს დროში ბავშვებს ასე უფასდ (?) აღარ არიგებენ. ზოგიერთი აჯილღა (დედა არ შეიძლება ეწოდოს, თუმცა მისი სხეულიდან გაჩნდა) სარგებლობასაც კი ნახულობს ამით... ჰო, თუ განგებ მიუგდო ვინმემ, ესმასთვის სულერთია, მაშინაც ვერ აიყვანს ამ ბავშვს. დღესვე საბავშო სახლში ჩააბარებს აღსაზრდელად. ესმა ბავშვზე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იტყვის უარს, თუ მისი ღვიძლი შვილი იქნება. ანდა ვთქვათ, დაავიწყდა ვინმეს. მაგრამ რაღა ჩემი სახლის კართან? მაინც, თუკი დავუშვებთ ასეთ რაიმეს, ცხადია, ძებნას დაუწყებენ. ესმაც ახლავე დარეკავს მილიციაში, აღნიშნავს ბავშვის გარეგნულ ნიშნებს და მხოლოდ ამის მიხედვით ჩააბარებს პატრონს, რათა ბავშვი ვინმე არამკითხემ არ მიისაკუთროს. ჯერ ისევ თბილ ლოგინზე დააწვინა ბავშვი, თვითონ ხელახლა გავიდა სახლიდან რძის მოსატანად. კიბე სულ სირბილით ჩაირბინა, ბავშვი მყავს მარტო დატოვებულიო. რძე აუდუღა პატარას, სახვევებიც გამოუცვალა. ყველაფერ ამას ნახევარი საათი მაინც დასჭირდა. მერეღა აიღო ყურმილი და ბავშთა სახლში დარეკა, მილიციასაც შეატყობინა თავისი ამდილანდელი თავგადასავალი. რაც შეიძლება ჩქარა მოაგვარეთ ყველაფერიო, შეეხვეწა მორიგეს. მაშინვე გამომიგზავნეთ, თუ ვინმე გამოჩნდეს. დღეს მთელი დღე სახლში ვარ, ყველაფერი ხვალამდე უნდა მოესწროს, თუ არადა, მე არ მცალია, თვითონვე ჩავაბარებ ბავშვთა სახლშიო. მორჩა რა ამ გაწამაწიას, ბინის დალაგებას შეუდგა. საგულდაგულოდ გააპრიალა პარკეტი, მტვერი გადაწმინდა. თავიც მოიწესრიგა. თავდაპირველად დინჯად ირჯებოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მოუთმენლობა ეტყობოდა მის მოქმედებას. თითქოს უმიზნით მიმოდიოდა ოთახში, საათისკენაც ხშირ-ხშირად გაურბოდა თვალი. საუკეთესო კაბა ჩაიცვა, რომელიც ჯერ საგულდაგულოდ დაათუოვა. მერე გაიხადა, ხალათით შეიმოსა (არ იფიქროს, თითქოს საგანგებოდ ველოდები). ხალათშიაც პეწიანად გამოიყურებოდა. საყოველდღეო არ იყო ის ხალათი, ხანდახან თუ წამოისხამდა ხოლმე, ათიოდე წუთის შემდეგ ისევ გადაიძრო, ისევ კაბა ჩაიცვა და მერე აღარ გაუხდია. სადა, მაგრამ კოხტად შეკერილი თეთრი კაბა იყო... თეთრი ფერი საიმედოა. თუ გაგიძნელდეს ფერების შერჩევა, თეთრს დაადგი თვალი, იშვიათად გიმტყუნებს. თეთრი ფერი ყველას ალამაზებს და აახალგაზრდავებს. ყველას უხდება, განურჩევლად კანის ფერისა. იდაყვზე დაყრდნობილი იჯდა სავარძელში, ისე კოხტად და მსუბუქად, თითქოს პეპელა დააფრინდა ყვავილსო. ორიოდე წუთის შემდეგ წამოხტებოდა და კედლებს აწყდებოდა ვიწრო ოთახში: სად არის ამდენ ხანს, სად? გაზულუქებული ბერბიჭა, ნამდვილი არამზადა, ნამდვილი, საერთოდ ვერ ამჩნევს, რა ზვარაკიც არ უნდა გაუფინო ფეხქვეშ... მოვალეობად გითვლის, მოვალეობად. ვაითუ არც დღეს მოვიდეს... ამის გაფიქრებაზე ცხადად გრძნობდა, თუ რა არაბუნებრივად უფართოვდებოდა თვალები და შეშინებული, თვითონვე იწყებდა საკუთარი თავსი დამშვიდებას: მოვა, აუცილებლად მოვა, რისი გეშინია? მაშინდელივით, გესმის? (სამი თვის წინანდელ ამბავს იხსენებდა) მოვა და შენც სულ ტყუილუბრალოდ შეგრჩება ამდენი ნერვიულობა. ძალიან ცოტა ხანს ჰყოფნიდა ეს თვითდამშვიდება. ოჰ, ნეტავი შენ არ გაჩენილიყავი ამქვეყნად - კვნესოდა მეორე წუთს ხურვებაშეყრილივით და ხელებს სიმწრით უჭერდა ერთმანეთს, - ანდა მე თვითონ არ გავჩენილიყავი. უკეთესი იქნებოდა. როგორმე ავცდენოდით ერთმანეთს, სხვადასხვა დროში და სივრცეში დავბადებულიყავით... დარეკოს მაინც, დარეკოს იმ ჩემი ცოდვით სავსემ. ასე რად მაწამებს. გამაგებინე მაინც, მოხვალ თუ არ მოხვალ... ბავშვის ტირილმა რამდენჯერმე გამოაფხიზლა ამ ყოფიდან. ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც მიემატაო, ბუტბუტებდა უაზროდ. ერთი შენღა მაკლდი, ნეტავი რაში მჭირდებოდი? რაღა ჩემს კართან მოგაგდეს... ფათიფუთით უცვლიდა სახვევებს, ნაღდად არ ჰქონდა მისი თავი, მაინც ეცოდებოდა უმწეო პატარა. ფაფაც მოუმზადა, აჭამა; საწოვარას მოძებნა დასჭირდა საამისოდ, საწებლის ბოთლს ააძრო და საგულდაგულოდ გარეცხა. მაძღარ, დამშვიდებულ პატარას საწოლზე მიაგდებდა და ისევ თავიდან იწყებდა ოთახში უთავბოლო წრიალს წვრილქუსლებიანი ფეხსაცმელების ხმამაღალი ბაკუნით: ვიცოდე მაინც, მოხვალ თუ არ მოხვალ, სახლში არ დავჯდებოდი მთელი დღე... სადმე წავიდოდი, იქნება გული გადამეყოლებინა, თორემ ასე შეიძლება გაგიჟდე ადამიანი. ზღვაზე მაინც წავიდოდი. ჩემი ზღვა, ჩემი აღთქმული ქვეყანა... კიდევ კარგი, ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ... როგორც ცოცხალ, მსუნთქავ არსებას, ისე აღიქვამდა ესმა ზღვის მარად მოძრავ, მოუსვენარ ტალღებს, არ ბეზრდებოდა მათ გვერდით ყოფნა, მათთან მუსაიფი. როგორც კი დროს იშოვიდა, მაშინვე ზღვისკენ გარბოდა. უმეტესად საღამო ხანი ერჩივნა თავისი აღთქმული ქვეყნის საჭვრეტად, უღრუბლო, წყნარ ამინდში, როცა მზის ბრიალა დისკო დაუბრკოლებლად მიცურავს ერთიანად ავარდისფერებულ, მოსარკულ ცაზე (ღრუბლები არ უშლიან ხელს) და სანამ ტალღებს იქით ჩაეშვება, სხივოსან ოქროსფერ ბილიკს მოისვრის ზღვის მერწევ ზედაპირზე. განსაკუთრებით საამო იყო თვალისთვის ეს სანახაობა, მდინარის ოქრო და ლაჟვარდი, ერთმანეთში ათქვეფილი... ამ სხივოსანი ბილიკის ჭვრეტისას ესმას ათასნაირი ფიქრი გაუელვებდა ხოლმე თავში. ასე ეჩვენებოდა, აუცილებლად რაღაცას უნდა ნიშნავდესო ეს საოცარი, ღვთაებრივი ნიშნით აღბეჭდილი სანახაობა, ეს ცეცხლოვანი ნიშნები, უხილავი ხელით ცაზე წარწერილნი იდუმალი იეროგლიფებივით... ერთ საღამოს სუსხიანი ქარი ქროდა. ესმა გაზიანი წყლის გასაყიდ ფარდულს მოეფარა, იქიდან უნდოდა მზის ჩასვლის ყურება. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო; ცისკიდურს ალისფრად გაჰქონდა ბრიალი, როგორც ქარიან დღეში იცის ხოლმე. როცა ესმა ფარდულთან მივიდა, იქ უკვე დახვდა ვიღაც ქალი, ისიც მასავით გამორიდებოდა სუსხიან ქარს. ესმა იმ ქალის მხარმიღმა შეჰყურებდა ზღვაში ჩამავალ მზეს და მასზე დაფენილ სხივოსან ბილიკს. ო, როგორ გააღიზიანა ესმა იმ ქალის იქ ყოფნამ. ნატრობდა, ნეტავი არ არ იყოსო, ამასთან ერთად მკაფიოდ გრძნობდა, თვით ის ქალი როგორ ღიზიანდებოდა მისი იქ ყოფნით. ორივე თავის საკუთარ სამყაროში იყო ჩაღრმავებული. ხელს უშლიდნენ ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, საშინლად სუძლდათ ერთმანეთი. მაინც ვერ სცილდებოდნენ იმ ფარდულს, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. იქაურობა ყველაზე ხელსაყრელი ადგილი იყო ზღვის საყურებლად. მაშინ ასე იფიქრა ესმამ, ადამიანები, ანუ მათი სხეულები რა ძალიან ავიწროვებენ ერთმანეთსო. ხანდახან იქამდეც კი მიდის საქმე, სასიკვდილოდაც იმეტებენ ერთმანეთს. მხოლოდ ამ სხივოსან ბილიკზე დაეტევა ერთად უთვალავი ადამიანი... უფრო სწორედ, მათი ოცნებები, მათი ფიქრები, სულის სამყარო... ოცნებით რამდენიც გინდა ინავარდე ამ სხივოსან ბილიკზე. წინ არავინ გადაგეღობება, არავის დაეჯახები. ჩვენი ოცნებებით უსასრულოდ ბევრნი ერთად დავეტევით ამ ბილიკზე. სხეულით კი ორნივ როგორ ვავიწროვებთ ერთმანეთს. და იქნებ სულაც არაა შემთხვევითი ამბავი, როცა მზე ას სხივოსან ბილიკს გვიფენს ფეხქვეშ, იქნებ რაღაცას გვანიშნებს. სადაც არ უნდა გადაინაცვლო, ეს სხივოსანი ბილიკიც თან მოგყვება. თითქოს გეუბნება, რომ იგი შენთვისაა, მხოლოდ შენთვის... და მავე დროს ყველასთვისაა. ყველას (გეყოფათ, ყველანი დაეტევით, ამ ბილიკზე თქვენ ერთმანეთს აღარ შეაწუხებთ)... სანამ მთლიანად არ აფრქვევდა მზე თავის ოქროვან სხივებს, მანამდე თვალმოუცილებლად შეჰყურებდა ესმა ამ სხივოსან ბილიკს და ყოველთვის მოწესრიგებული, ანუ დამშვიდებული სტოვებდა ზღვის სანაპიროს. დღესაც წავიდოდა, ზღვას მიანდობდა თავის აბორგებულ ფიქრებს. ასე აღარ გაუჭირდებოდა მაშინ. ზღვა ყოველთვის დაუზარებლად ეხმაურება მის ფიქრებს, ზღვას მისი ესმის. სხივოსანი ბილიკიც ეტყოდა თავის სათქმელს. თითქოს განგებ, დღეს ცა დილიდანვე მოწმენდილია, საღამოს სულ მთლად მოისარკა. მზის ჩასვლა ამ საღამოს მაცხოვრის გარდამოხსნას ემგვანებოდა. დაღამებისას ესმის ვიწრო ოთახში, სიბნელესთან ერთად სიწყნარეც დამკვიდრდა, აღარ გაისმოდა ქუსლების აჩქარებული ბაკიბუკი. მაგრამ ამ სიწყნარეს სიმშვიდესთან არაფერი ჰქონდა საერთო. ესმა დაიღალა, სიარულის თავი აღარ ჰქონდა. ფიქრიც კი აღარ შეეძლო რაიმეზე, თვალგაშტერებული, გაუნძრევლად იჯდა საწოლზე. ერთადერთი ისღა რიალებდა მის თავში, ამ ღამეს რა გაათენებსო. მგონი ყველაფერს სჯობია, საძინებელი ტაბლეტების დიდი დოზა მიიღოს და მოისვენოს ერთხელ და სამუდამოდ. ბავშვის ტირილის ხმამ გამოიყვანა ამ გარინდებიდან. ძლივს წამოწია საწოლიდან. შუქი აანთო. ჰო, მართლა, ამ ბავშვსაც არავინ მოაკითხა. ,,დაგვივიწყეს მე და შენ, ორივენი დაგვივიწყეს~. უღონოდ გაეღიმა ამის გაფიქრებაზე. პატარასკენ დაიხარა, ისეთი ბრაზი აღარ ედგა თვალებში, უფრო შესაბრალისი ეთქმოდა მის იერ-სახეს. - ისევ მოგშივდა? ახლავე... სანამ ბავშვი საჭმელს ჭამდა, ესმას სახიდან არ მოსცილებია გაურკვეველი, შესაბრალისი გამომეტყველება. ,,დაგვივიწყეს, ორივენი დაგვივიწყეს~. უხმოდ, ტუჩების მოძრაობით იმეორებდა. მაძღარმა პაწიამ მაშინვე დაიძინა, ესმა დაფიქრებული შეჰყურებდა ბავშვის ქორფა, სათუთ სახეს, რაღაცას მახლობელს, რაღაც საერთოს გრძნობდა მის მიმართ. სცადა სახელი მოეძებნა ამ გამაერთიანებელი გრძნობისთვის. ჩაუკვირდა და ასე განსაზღვრა: უმწეობა აერთიანებდათ მათ ამ წუთას. საკუთარი თავიც ამ პაწიასავით უმწეო მოეჩვენა, თვითონაც ბავშვის გამომეტყველება მიიღო უნებურად. ცრემლიც კი მოადგა თვალზე. გაიგე? მე და შენ ორივენი დაგვივიწყეს, საწყალობელი ბავშვური ხმით გაუმეორა პაწიას. სახე ახლოს მიუტანა, მათი გამაერთიანებელი უმწეობა უნდოდა ახლოან დაენახა. რაღაც უჩვეულოდ მიესალბუნა ეს პაწია, ქორფა სახე. ვეღარ მოსწყვიტა თვალი. სიმშვიდე, მომაჯადოებელი სიმშვიდე შემოჰყურებდა პაწაწინა სახიდან. მაგრად დახუჭულ, სიფრიფანა ქუთუთოებზე ეფინა, სათუთ, ნაზ პირისკანზე, კოკორივით მოკუმულ ვარდისფერ ტუჩებზე. ესმას უნებურად მიცვალებულის შუბლზე აღბეჭდილი მშვიდი იერი გაახსენდა: არაამქვეყნიური ნათლით მოსილი, ყოველგვარი ვნებისგან დაწმენდილი და თავისუფალი. ოღონდ იმ სიმშვიდეს უკვე ჩავლილი ცხოვრების მღვრიე ნალექიც ახლდა თან, აქ კი მხოლოდ გამჭირვალება იყო. აუმღვრეველი წმინდა სიმშვიდე, სასოება... ეს სიტყვები თავისთავად ამოცურდნენ სადღაც ფიქრების გორგალიდან: სხვას ვერაფერს უწოდებ. აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება, თურმე რა მომხიბლავი სიმშვიდე ახლავთ პაწიებს, თუკი არსებობს საერთოდ სასოება და სიწმინდე, ამ ბავშვის სახეზეა ახლა აღბეჭდილი. თითქოს პირველად დაინახაო, თვალხარბად შეჰყურებდა ესმა პაწია, მძინარე სახეს. შეჰყურებდა და გრძნობდა, ამ პაწია, უმწეო სხეულიდან როგორ გადმოდიოდა მასში სიმშვიდე. თითქოს უხილავ ნაკადი იღვრებაო ერთი ჭურჭლიდან მეორეში. გრძნობდა, წამიდანწამს როგორ ლაგდებოდა მასში, რაც ასე აბორგებული იყო აქამდე. დაშოშმინდნენ თითები, კრუნჩხვისებური მოძრაობით აღარ ეხლართებოდნენ ერთმანეთს. თვალებიც ჩაჯდნენ თავიანთ ბუდეებში, გულმა შეანელა სრბოლა. ნელა, მაგრამ შეუჩერებლად უბრუნდებოდა ესმა თავის თავს. უეცრად ბავშვმა გაიღიმა. სათუთი ბაგეები ამოძრავდნენ, საოცრად მეტყველად გამოხატეს ღიმილი. ესმა სახტად დარჩა, თითქოს რაღაც საოცრება იხილაო. - ვის უცინი, პაწია, ვის უცინი? - წაიჩურჩულა და თავისდა უნებურად, თვითონაც გამოეხატა სახეზე ისეთივე ღიმილი. ამ გაუცნობიერებლმა ღიმილმა საბოლოოდ მოაჯადოვა ესმა. იგი განაცვიფრა მისმა სრულიად განსაკუთრებულმა გულწრფელობამ და სიცისკროვნემ. ეს იყო ყოველგვარი ზედმეტისგან თავისუფალი, პირველქმნილი სიხარულის ყველაზე ცხადი გამოხატულება, რაც კი ოდესმე ეხილა ესმას. უსასოობა ამ ღიმილსაც განუყრელად ახლდა თან, მაგრამ რაღაც მიუწვდომელი, სიღრმისეული ძალაც იგრძნობდა მასში. თითქოს ნათელმა იელვაო, და იმ ნათელის მიღმა თვალჩაუწვდენი სიღრმის უფსკრული გამოკრთა წამით. პაწიამ ხომ არ იცის, ვის უღიმის და საერთოდ, რისთვის იღიმება. განა სასწაული არაა ღიმილი, რომელიც არავისკენაა მიმართული, და ამავე დროს ყველასთვისაა. არავის ეკუთვნის, თან ყველას აქვს უფლება თავის საკუთრებად ჩათვალოს. ასე მხოლოდ მზე იღიმება. მხოლოდ მზეს შეუძლია ასე გულწრფელად და დაუნანებლად აჩუქოს ღიმილი ყველას, ყველას განურჩევლად, მიუხედავად იმისა, თუ ვისი თვალი შეჰყურებს, ურჩხულის თუ ანგელოზის. - კიდევ მაჩუქე ერთი ღიმილი, პაწაწინავ, - ჩაიჩურჩულა ესმამ. - ერთხელ კიდევ გამიღიმე. როცა შენ იღიმები, ასე მგონია, მთელი სამყარო მე მიღიმის, მხოლოდ მე. თითქოს მისი თხოვნა გაიგოო, მართლა გაიღიმა პაწიამ. კიდევ უფრო ფართოდ გახსნა პაწია ბაგე. თვალგაშტერებული შეჰყვრებდა ესმა, თითქოს მისი თვალებით ჩანთქმა სურსო. მის სახეზეც, თითქოს სარკეაო, მაშინვე აისახა ისეთივე ღიმილი, რომელსაც თან განცვიფრებაც ერთვოდა, ძალიან დიდი განცვიფრება. მერე ცრემლიც ჩამოუგორდა სახეზე. ხელებით საწოლის თავს დაეყრდნო, ზედ თავი დადო და ჩუმად ასლუკუნდა, ოდნავადაც არ გაუწევია წინააღმდეგობა ცრემლების ღვარისთვის, ერთბაშად რომ მოასკდა. გამოცდილებით იცოდა: ეს იყო უკანასკნელი საზღაური სიმშვიდის მოსაპოვებლად. ესმამ უკვე აიარა უსასრულო აღმართი, ახლა ვაკე იწყება. ქარიშხალი ჩადგა. სიწყნარის ჟამმა მოაწია. ცრემლებმა ქარიშხლის ნაკვალევი უნდა გადარეცხონ. ამ ღამით ესმა კარგად გამოიძინებს, არავითარი ძილისმომგვრელი საშუალება არ დასჭირდება. ხვალ დილით კი ისეთი უზრუნველი სახით წავა სამსახურში, თითქოს მისი დარდი თვით პეპელასაც არ გაუხდება მძიმე ტვირთად... ,,და ეს ყველაფერი შენი წყალობით ჩემო პაწაწინავ. რა გაათენებდა უშენოდ ამ ღამეს. დალოცვილ საათს გიპოვნე ჩემს კართან. რა ძალა ყოფილა ამ ერთი ბეწო, უმწეო სხეულში. რაღაც საოცრად დიდი, ყოვლისშემმუსვრელი ძალის შემცველია ეს უმწეობა, როგორ მედლის მეორე მხარე, მისი საპირისპირო წერტილი~. დილით ესმამ ბავშვთა სახლში დააპირა დარეკვა, აკრიფა კიდევ ნომერი და მერე გადაიფიქრა. ერთი-ორი ღამით კიდევ იყოს ჩემთან ეს პაწაწინაო. როგორ მიშველა, როგორ მომაწესრიგა, იქნებ მართლა რაიმე ამეტეხა საკუთარი თავისთვისო. მადლიერი თვალით შეჰყურებდა ესმა პაწიას. როცა იქნება, ესმა შეძლებს, როგორმე თავი დააღწიოს ამ კოშმარს. ადამიანის ცხოვრება მდინარესავითაა, არასოდეს არ დგას ერთ ადგილას. ხან აჩქარდება, ხან მდოვრდება, ხანაც ღვარცოფად იქცევა, როგორმე უნდა გაუძლო და ეს ღვარცოფი გადაიტანო, მისი გადატანისთვის კი ეს პაწია დაეხმარება... კიდევ ცოტა ხანს. საბავშვო სახლის ნაცვლად საყოფაცხოვრებო მომსახურების ბიუროში დარეკა ესმამ, ძიძა ითხოვა. დაახლოებით საათნახევარში სასიამოვნო გარეგნობის შუახანს მიტანებული ქალი გამოცხადდა. ანიკო მქვიაო, კარშივე აცნობა. ესმამ სიამოვნებით მოისმინა ანიკოს სიტყვები, ნუ გეშინია, არხეინად წადი სამსახურში, შენს პაწიას ცივ ნიავს არ მივაკარებო. უჩვეულო განცდა გაუჩნდა, სისავსის გრძნობა. თითქოს რაღაც აკლდა და ახლა აივსო, მთელი დღე არ მოსცილებია ეს განცდა, სიამოვნებით იღიმებოდა, როცა წარმოიდგენდა, თუ როგორ ეძინა პაწიას მის საწოლში და შეუცნობლად უღიმოდა ვიღაცას, ამ შემთხვევაში ესმას... სახლში მისული, ჯერ ტანსაცმელიც არ გამოეცვალა, საჩქაროდ მიიჭრებოდა პაწიასთან, რათა ერთი წამით დაეხედა მისთვის. დაღამებისა აღარ ეშინოდა. დააძინებდა პაწიას, თვითონ საწოლის გვერდით ჩამოჯდებოდა და დააცქერდებოდა მის მშვიდ სახეს. თვალხარბად მომზირალი ესმა ისე ეწაფებოდა ამ სიმშვიდეს, როგორც დაჭრილი ნადირი დაეწაფება წყაროს ცივ წყალს. მართლაც წყალივით იღვრებოდა მასში ეს სიმშვიდე. მერედა, პაწიები თურმე როგორ გრძნობენ მზერას. ესმასთვის ესეც ახალი აღმოჩენა გახლდათ. პაწიას თვალის ქუთუთოები აუთრთოლდებოდა ხოლმე, თავსაც შეარხევდა. თუ ამ დროს არ მოაცილებდი მზერას, აუცილებლად გაახელდა თვალს. ამიტომ ესმამ სიფრთხილეს მიმართა. რამდენიმე წამს შეჰყურებდა პაწიას, მერე განზე გადაჰქონდა მზერა. მისი თვალები ინახავდნენ სიმშვიდის ულუფას, მერე ისევ შეხედავდა ფრთხილად, ფრთხილად... თითებსაც სათუთად მოუცაცუნებდა ქორფა ლოყებზე. მთელი ღამე მშვიდად ეძინა. ხანმოკლე გამოფხიზლებები, ბავშვისთვის სახვევების გამოსაცვლელად, სულაც არ უფრთხობდნენ ძილს. დილით მხნედ გრძნობდა თავს, ფრთაშესხმული გარბოდა სამუშაოზე, საღამოობით კი ,,პირთამდე სავსე~ გულით მოიჩქაროდა სახლისკენ. და რა დიდი იყო მისი შეცბუნება, როცა ერთ დილას ვიღაც სამი ქალი დაადგა თავზე, ბავშვის თაობაზე გეახელითო. ესმა კუშტად შეეგება, ზარის ხმამ მისი პაწია გააღვიძა. რამდენი ხანია აპირებდა ადგილის შეცვლას ზარისთვის და ერთი ვეღარ მოაბა თავი. - ამდენ ხანს სად იყავით? - უნებურად მოსწყდა ეს კითხვა. - რა, თქვენ გგონიათ, სხვა საქმე აღარაფერი გვაქვს? - შემოუღრინა ჭოტივით თვალდაკუსულმა ქალმა, როგორც ჩანდა, უფროსმა ამ სამში. - ჩაგვაბარეთ ბავშვი, მალე, ახლაც ძლივს მოვიცალეთ აქ მოსასვლელად. ძალაინ ცოტა დრო გვაქვს. ესმა გაუნძრევლად იდა და შეჰყურებდა: და ამ ჭოტმა უნდა მოუაროს მის პაწიას. უნდა უყუროს მის აუმღვრეველ, წმინდა სიმშვიდეს. მისი ღიმილის ენითგამოუთქმელ სიცისკროვნეს. რაში სჭირდება მერე ეგეები ამ ჭოტისთვალებიანს. დაინახავს კი რაიმეს? ნეტავი რას ხედავს საერთოდ ეს უბედური. დავურეკე, სასწრაფოდ მოდით, უპატრონო ბავშვი ვიპოვე-მეთქი. ყურიც არ შეიბერტყა. ფეხებზეც არ ეკიდათ, მოკვდებოდა თუ ცოცხალი დარჩებოდა ეს ბავშვი. კარგი, ვთქვათ, მე მოვუარე, ღვთის ანაბარა არ დამიტოვებია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ისეთ ვინმეს ჩავარდნოდა ხელში, თავი არ შეეწშუხებინა მისი მოვლით. ესმას ცივად გააჟრჟოლა ამის წარმოდგენაზე... უმეთვალყროდ მიგდებული უმწეო პატარა... უმწეობა, რომელიც ესმამ დაინახა და შეიგრძნო, როგორც სასწაულმოქმედი ძალის მქონე. და ეს სასწაული ამ საქმიანი ქალის ხელში ჩავარდნილი... - უკაცრავად, - თქვა ესმამ, - დარეკვით მე დავრეკე, მაგრამ ის სხვა ბავშვია, ვიღაცამ წაიყვანა, ჩემთვის უცნობმა ადამიანმა. მე ჩემი შვილი მყავს. სამი წყვილი თვალი ეჭვით მიაჩერდა ესმას. - მართლა თქვენი შვილია? - ჩემია. - აბა, ერთი საბუთები გვიჩვენეთ. - კიდევ რას ინებებთ! - ირონიულად შესცინა ესმამ. - ამდენი ხნის დაგვიანებით საქმე გააფუჭეთ და ჩემზე აპირებთ ჯავრის ამოყრას. ბოლოს და ბოლოს ჭოტების შემოტევა მოიგერია. მათი წაბრძანების მერე ესმა დიდხანს ვერ დამშვიდდა. ,,მირჩევნია ძუ მგელს ჩავაბარო ბავშვი, ვიდრე ამ ჭოტებს ჩავუგდო ხელში~. იმეორებდა და ხელებს ისე გამწარებით იფშვნეტდა, თითქოს ვიღაცასთან საჭიდაოდ ემზადებაო. ამ წუთებში ესმა არც ამის წინაშე დაიხევდა უკან, კინწისკვრით გაჰყრიდა გარეთ იმ სამეულს. ძალ-ღონის საოცარ მოზღვავებას გრძნობდა მთელ სხეულში. ,,ძუ მგელიც გაზრდის ბავშვს, ყოფილა ასეთი შემთხვევბიც. ძე მგელსაც ათვინიერებს ამ პაწია საოცრების უმწეობა და ღიმილი, მხოლოდ ამ საქმიან ჭოტებს არაფერი ეშველებათ. მთელი სიცოცხლე ჭოტებად დარჩებიან. სიცოცხლით კი, იცოცხლე, დღეგრძელნი არიან ჭოტები. მაგათ რა მოკლავს, რა მოერევა~. მაგრამ საბუთების ხსენება ხიწვივით ჩარჩა გულში ესმას. გადაწყვიტა ამ საქმისთვის მოევლო, რათა ვინმეს ასე არხეინად არ შეძლებოდა მის პაწიაზე ენის მოქავება. სულ რაღაც ორიოდე კვირაში მოაგვარა ყველაფერი. არავინ კითხულობდა ამ პაწიას, ამიტომაც დიდი წინააღმდეგობა არსად შეხვედრია. პატარ-პატარა საჩუქრების შემდეგ (ორიოდე კოლოფი ლიქიორიანი შოკოლადი და უცხოური სუნამო) დამჯერედ ამოქმედდა კანცელარიული აპარატი, რომელმაც ეს პაწია მის ღვიძლ შვილად აღიარა. ორიოდე კვირაც არ გასულიყო, რაც ესმა კანცელარიულ წვრილმანებს მორჩა, როცა ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაუფრთხო მის პაწიას ძილი ზარის ხმამ. ესმა საჩქაროდ გაქანდა კარისკენ, თან თავის თავს წყევლა-კრულვა შეუთვალა, რომ ამდენ ხანს ვერ მოაბა ამ საქმეს თავი და ეს უხეირო ზარი ვერ გამოცვალა. ამ ფიქრებით ისე იყო შთანთქმული, ხეირიანად არც კი შეუხედავს, თუ ვინ რეკავდა ზარს, როცა კარი გააღო, კინაღამ ჰკითხა, რა გნებავთო. როცა იცნო, ჩუმად მიდგა გვერზე. ,,შემოდი~ - ძლივს ჩაილაპარაკა. შემოვიდა... ესმა ხმაამოუღებლად იდგა, უნდოდა ეგრძნობინებია, თუ რა გაბრაზებული იყო. რამდენხანს ალოდინა, არც დარეკა, არც შემოუთვალა რამე... ეს უკვე მერამდენეჯერ გაიმეორა... სრულებითაც არ ენაღვლება, ესმა მის ლოდინში ჯავრისგან კედელს თუ მიახლის თავს. ალბათ გულში ხარხარებს კიდეც მსგავსი სურათის წარმოდგენისას. ეს უკვე აბუჩად აგდებაა, ამის ადვილად პატიება აღარ შეიძლება... ასე ფიქრობდა ესმა, თან იმასაც აკვირდებოდა თავის თავში, რომ რაღაც ახალი, აქამდე უცნობი გრძნობა გასჩენოდა... გრძნობა სიმშვიდის, სიმყარის, თავდაჯერების... მგონი უწინდელივით არ უნდა ემართებოდეს ელეთმელეთი ამ გაზულუქებული ვაჟბატონის დანახვაზე. უწინ ლამის გული მისდიოდა, ოღონდ ერთი მისი ხმა გაეგონა, ოღონდ ხელი მოეხვია მხარზე, იმწამსვე უკვალოდ ავიწყდებოდა მისგან მიყენებული ყოველგვარი ტკივილი და წყენა. რა გაბრაზებულიც უნდა ყოფილიყო ესმა, როგორც უნდა შეემზადებინა საკუთარი თავი, ახლა კი მაგრამ დავხვდებიო, მისი ხმის ერთი გაგონებაც კი ისე გაფანტავდა მთელ ამ წინასწარ თადარიგს, როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს ბზის უღონო გროვას. თან აკვირვებდა, თან ახარებდა ესმას თავის თავში მომხდარი ცვლილება. ის კი... მგონი არაფერი უგრძვნია, არ შეუმჩნევია მასში მომხდარი ცვლილება. ვერ ამჩნევს, რომ ახლა ფხიზელი, დინჯი თვალებით შეჰყურებენ, რაც აგრერიგად განსხვავდება წინანდელი, შიშით და მღელვარებით სავსე გამოხედვისგან. ანდა რას შეამჩნევს, საკუთარ ცხვირს იქით ვეღარ იხედება. მამაკაცური გულუბრყვილო ეგოიზმის სრული ხორცშესხმაა. შემომხედე, ეს მე ვარ, მე... უფლებას გაძლევ, გიყვარდე. რაღა გინდა ამაზე მეტი? - გაბრაზებული ხარ ჩემზე? - გაბრაზებული? რისთვის? - იმ დღეს რომ... - რას ბრძანებ, რას ბრძანებ... მგონი რაღაც იგრძნო, ხელი მოაცილა მხრიდან და დაკვირვებით შეხედა. - გეფიცები, არ შემეძლო. - ცხადია... - ვერც დაგირეკე, ვერ მოვიცალე, იმდენი საქმე მქონდა... - რა საჭიროა ამდენი ახსნა-განმარტება... - სამაგიეროდ, დღეს საღამომდე თავისუფალი ვარ. - ნუთუ? - ჰმ... თუ გინდა, სადმე გავიაროთ. - ახლა მე აღარ მცალია. აქ ბავშვზე ანიშნა ესმამ, რომელიც მას აქამდე არ შეუმჩნევია, ,,რას შეამჩნევს, საკუთარ ცხვირს იქით ვეღარ იხედება~. - ეს რაა... ბავშვია? - როგორც ხედავ... - შენია? - ოჰ, ღმერთო ჩემო! - თეატრალურად ამოიხვნეშა ესმამ. - მე მინდოდა მეკითხა, რომ... ჰმ... - ვერ გავიგე... - არა, არაფერი... ისე, კარგად გამოიყურები. ბავშვი ქალს ძალიან ალამაზებს. - ვცოცხლობთ ჩვენც... - ჰო, მართლა, გამახსენდა. ქვეყნის გადაუდებელი საქმე მაქვს. აბა, დროებით... როცა მოვიცლი, აუცილებლად დაგირეკავ. - რა თქმა უნდა, აუცილებლად დარეკავ. კარი მაგრამ მიაჯახუნა ესმამ, ორიოდე წუთს ქანდაკებასავით იდგა, მერე ისტერიული სიცილი აუვარდა. თავს ძლივს იმაგრებდა, ხმამაღლა არ ახარხარებულიყო და ბავშვი არ გაეღვიძებინა. - ღმერთივით ყოვლისშემძლე ყოფილხარ! - მძინარე ბავშვს წაუჩურჩულა ესმამ, როცა ძლივს მოითქვა სული, სიცილისგან მოგვრილი ცრემლები სახეზე შეჰყინვოდა. - ნამდვილი ღმერთი ხარ, ეს რა შემაძლებინე. რას წარმოვიდგენდი, თუ ამდენს მოვახერხებდი ოდესმე. მისი დანახვისას მთელი სხეული მერღვეოდა, თითქოს ბამბის ძაფით ვიყავი დაბლანდული. ბავშვმა გაიღვიძა, ტირილით ამცნო ესმას ეს მნიშვნელოვანი ამბავი. - რა გატირებს, სულო? - გამოეხმაურა იმწამსვე ესმა. - ალბათ მზეს ღრუბლები მოეფარა... აბა, როგორ გინდა, სულ მუდამ დარი ხომ არ იქნება, ხანდახან წვიმაც მოდის... მოდის და მერე როგორ. აბა, მოდი ჩემთან, უნდა ვიჭყუმპალაოთ მე და შენ. მერე საჭმელს მოგიმზადებ. ბავშვის მოვლა ადვილი არასოდეს ეჩვენებოდა ესმას. იქნებ ვერასდროს შევძლო, ასე ფიქრობდა, როცა სხვებს შეჰყურებდა შორიდან. მართლაცდა, არც ისე ადვილი იყო, ათასგვარი წვრილმანი საზრუნავი ეხვია მუდამ თავს, მაგრამ პაწიას საოცრად ნათელი, გულუბრყვილო და მიმდობი ღიმილი ერთი ასად ანაზღაურებდა ყველაფერს. თანდათან მოიზარდა ესმას პაწია, აზრი აუკიაფდა თვალებში, და ეს აზრი ისეთივე წმინდა და ნათელი იყო, როგორც ნამის წვეთში აციაგებული მზის სხივი. ესმა ასე თვლიდა: თუ ეს ღიმილი მე მეკუთვნის, ეს უფრო მეტიცაა, ვიდრე ჩემი ღვაწლიო. ,,მე ვალში ვარ შენთან, - ჩაუჩურჩულებდა ხოლმე პატარას, - შენ უფრო მეტს მაძლევ, ვიდრე მე ვცდილობ შენთვის~. თანაც დღითი დღე უფრო და უფრო ლამაზდებოდა ეს პატარა ეშმაკუნა. პირდაპირ მთვარესავით ივსებოდა და მშვენდებოდა: ესმამ დაასკვნა (ამაში ერთი წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი), რომ მის პაწიაზე ლამაზი ბავშვი არსად მოიძებნებოდა მთელი დედამიწის ზურგზე. ძიძამაც, ქალბატონმა ანიკომ, ღიმილით დაუდასტურა, ნამდვილად ასეაო, როცა ესმამ თავისი აღმოჩენა გაუზიარა... ძალიან გაუმართლა ესმას ისეთ საეგებიო და საჭოჭმანო საქმეში, როგორიცაა ბავშვისთვის ძიძის შერჩევა. როგორც კი ქალბატონმა ანიკომ გადმოაბიჯა მისი ბინის ზღურბლს, ესმას სხვა ძიძა აღარ უძებნია, პირველი დანახვისთანავე მოეწონა და არც შემცდარა ვარაუდში: ეს იყო კოხტა აღნაგობის, ტანმომცრო ქალი, ფართო ხორბლისფერი სახით და გძრელკილოიანი თვალებით. განსაკუთრეით მისმა ღიმილმა მოხიბლა ესმა; ღიმილი თითქოს ჩქარობდა, თავად მას უსწრებდა წინ, უფრო ადრე გამოიჭრებოდა მისი სულის სიღრმიდან, სანამ სახის კუნთები გაამჟღავნებდნენ თავიანთ შეკუთშვა-გაფართოებით. ამ გულიანი, ფართო ღიმილით ხვდებოდა ანიკო ესმას ყოველ ახალ აღმოჩენას, რაც მის პაწიას შეეხებოდა, და მაშინვე ბანს დააწევდა ხოლმე. ესმასაც, იცოცხლე, აღმოჩენები აღარ ელეოდა. ერთ საღამოს, დაძინების წინ ზედიზედ სამჯერ გამოუცვალა ბავშვს სახვევები, მთელი გროვა სარეცხი დაუგროვდა, სულ ღიღინით დარეცხა ესმამ, თან სახვევების ყოველი გამოცვლისას ასე ემუსაიფებოდა პაწიას: - ისევ ჩაიფსი, დათვის ბელო, საძაგელო... აბა, ამოსკუპდი საწოლიდან, უი, თურმე მეტიც გიქნია... აბა, ახლა რისი ღირსი ხარ, თუ იცი? მგონი გასატყეპი ხარ არა? მაგრამ შენისთანა ბატის ჭუკს რა უნდა მოსთხოვო... თანაც... ოოო, ჩემო თვალისჩინო, ჩემო მზეო და მზისთვალო. ეს ხომ სულაც არაა რაიმე უსიამოვნო და შესაზიზღი... ჭუჭყიანი საფენები. ჭუჭყიანიო? არაფერიც, ჭუჭყიანი კი არა და... ეს ხომ იისა და ვარდის სურნელია, მისი შეზიზღება კი ვინ სთქვა... მე სულელს, ადრე რა ხშირად მიფიქრია, ნეტავ დედები როგორ რეცხავენ თავიანთი პაწიების ჭუჭყიან საფენებს, როგორ არ ეზიზღებათ-მეთქი. რას წარმოვიდგენდი მაშინ, თუ ჩემს პაწიას საფენებს სულ სხვა სურნელი ექნებოდა. ამათი რეცხვა როგორ მომბეზრდება, თუნდაც დილამდე ვრეცხო... ძალიან მიკვირს, ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიე... ანიკო, ანიკო, ია-ვარდის სუნი ასდის ამ საფენებს, ჩემი პაწია ნამდვილი ანგელოზია... ქალბატონი ანიკოც მაშინვე გამოეხმაურა თავისი ბარაქიანი ღიმილით: - ...ნამდვილად ასეა, ია-ვარდის სუნი ასდის შენი პაწიას საფენებს, ნამდვილი ანგელოზია შენი პაწია. მალე პაწიამ ფეხიც აიდგა, სასაცილოდ მიბაჯბაჯებდა ესმასკენ, ისიც ხელგაწვდილი ელოდა: აბა, მოდი სულო, ერთი-ორი... ნუ გეშინია... ფეხი მაგრად დაადგი მიწაზე... იცი, რამდენ რამეს უძლებს ეს დალოცვილი მიწა? შენ გაგიძლებს, მიწას არ დაამძიმებ... აბა, ერთი კიდევ ვცადოთ...
არა უშავს, რა გატირებს სულელო? როცა დაეცემი, ტირილი არ უნდა მორთო. უნდა წამოხტე და გზა გააგრძელო, ასეა ჩვენი ცხოვრება მოწყობილი. აი ასე... ყოჩაღ. ახლა უკვე ქვიშაზე სიარულსაც შევძლებთ. ზღვის პირას გავისეირნოთ, ჩემო სიხარულო... სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ. მერე კარგად დაგვეძინება, ძილში ოქროს სიზმრებს ვნახავთ. ქვიშაზე სიარული ცოტა უფრო ძნელია, არა უშავს, ამასაც მიეჩვევი. ჯერჯერობით დაისვენე, დაჯექი თბილ ქვიშაზე და ჭრელი კენჭებით ითამაშე. ნახე, ყველა შენ გიყურებს, ეს რა სასაცილო დათვის ბელიაო, ამბობენ. ყველას თვალი რჩება შენზე, ჩემო სიხარულო, აგერ ის ქალი გიყურებს, თვალს ვერ გაშორებს. მზეც შენ გიყურებს. მზესაც შენზე რჩება თვალი. დღეისთვის გვეყოფა, საყვარელო, საირნობა, არ დაგწვას მზის ბრიალა თვალმა. შენი ფეხით წამობაკუნდი, შენ ხომ უკვე დიდი ხარ, სიარული შეგიძლია. ხომ ხედავ, ორივე ხელი დაკავებული მაქვს, ფეხით წამობრძანდი-მეთქი. ჰო, კარგი, ნუ იტირებ. დაიღალე ალბათ, ოჰ, რა მძიმეა ეს ოხერი ჩანთა, შენც აგიკიდებ, როგორმე მივაღწევთ სახლამდე. ესმამ ცალ ხელში გადაიტანა ორივე ჩანთა, ბავშვი აიტაცა, რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა და გაოცებული შეჩერდა: - ეს რაა, ჩემო სიხარულო, შენ აგიყვანე თუ ჩიტის ბარტყი? სრულებითაც არ დამამძიმე. პირიქით, ეს ჩანთაც უფრო გამსუბუქდა, როცა შენ დამასკუპდი მკლავზე. რა დაუკვირვებელი ვარ, სულო. ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიე ასეთი ცხადზე უცხადესი რამ. წონა თურმე სრულებითაც არ გქონია. თუმცა რა მიკვირს, შენ ხომ ანგელოზი ხარ, ნამდვილი ანგელოზი. როგორ შეიძლება ანგელოზი მძიმე იყო, შენ კი არ მამძიმებ, როცა ხელში გიყვან, პირიქით, კიდევ უფრო მამსუბუქებ. შენთან ერთად ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადავივლი, სიყვარულო, შენთან ერთად არასოდეს დავიღლები... ქალბატონო ანიკო, წონა სრულებით არ ჰქონია ჩემს პაწიას, უწონადო ყოფილა ნამდვილი ანგელოზივით. ანიკოც თავისი ფართო, გულიანი ღიმილით უქნევდა თავს, რა თქმა უნდა, უწონადოა შენი სიყვარული... იგი არასოდეს დაგამძიმებს, თუნდაც მთისოდენა ტვირთი გეკიდოს ზურგზეო. ზღვაში ბანაობასაც შეაჩვია ესმამ თავისი პაწია. პირველად პატარა, მწვანე ტაშტში ჩაუყარა მზის სხივებზე გახურებული კენჭები და ამგვარად შემთბარ წყალში აბანავა, მერე ნელ-ნელა თვით ზღვის პატარა ტალღაშიც გააგორა. ტალღები მაინცდამაინც არ სიამოვნებდა პატარას, ისე ხმამაღლა მორთავდა ჭყივილს; აბა, სწრაფად მოუსვი მკლავი და გათბები. - გულდინჯად არიგებდა ესმა. - სწრაფად, სწრაფად, ზღვის წყალსაც უნდა შეეჩვიო. მთელ ზღვას ხომ არ გაგითბობენ. აი, ასე, კიდევ უფრო სწრაფად. უნდა შეეჩვიო, უნდა გამაგრდე. ამოხვალ თუ არა ზღვიდან, მაშინვე გათბები მზის სხივებზე, ნახე, როგორ გიცინის მზე... ოქროს ბილიკს გიფენს ფეხქვეშ. თავისთან გეპატიჟება, შენთან თამაში უნდა. არა, მზეო, არა, შენთან ვერ გამოვუშვებ ჩემს პაწიას. შენ თვითონ მოდი მასთან. ორივემ ერთად ირბინეთ ამ ოქროსფერ ბილიკზე. ეს თქვენთვისაა, ორივესთვის. ჩემი სიყვარული არ ჩაიძირება ზღვაში, შენთან ერთად ირბენს ოქროსფერ ბილიკზე. ყოველთვის ჭრელი ხალხი ირეოდა პლაჟზე. ესმა თითქოს ვერავის ვერ ამჩნევდა, იმდენად იყო შთანთქმული თავის პაწიასთან თამაშით და მუსაიფით. მხოლოდ ერთი ქალი ეჩხირებოდა თვალში უსიამოვნოდ. ზღვის პირას გაფენილ ჭრელ ფარდაგზე იწვა ხოლმე, იქ სადაც ზღვა და ხმელეთი ჰკოცნიდნენ ერთმანეთს (ესმაც ასე იქცეოდა, რაც შეიძლება ზღვასთან ახლოს ირჩევდა ადგილს, ნამიან ქვიშაზე ჩაიმუხლებდა, ტალღები ჟამიდანჟამს უწვდენდნენ წინწკლებს)... იმ ქალს ერთხელაც არ შემოუხედავს მისთვის ჯიქურ, მაგრამ მის შეუნელებელ ყურადღებას ყოველთვის აშკარად გრძნობდა ესმა. კარგად იცოდა, ვერაფერს გამოაპარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჭრელფარდაგიანი ქალბატონი მეტისმეტად იყო გართული საკუთარი თავის მოვლით, ზრუნვით და სამსახურით. მზის სხივებისგან დამცავ კრემს ისე ისვამდა, თითქოს საკუთარ სხეულს ეფერებაო. გვერდით ედო ლურჯი ფერის ფლაკონი, დაზეთილი თითებით იღებდა კრემს, იზელდა და იზელდა გულდაგულ... რომ შესძლებოდა, ალბათ, ასევე ამოხაპავდა მთელ ზღვას და წაისვამდა თეძოებზე, ერთ გრამსაც არ დაუტოვებდა ესმას და მის სიყვარულს... თვითონაც არიდებდა იმ ქალს თვალს, თუმცა ყოველთვის ფხიზლად კი იყო. თუ მისი პაწია სიხარული, თამაშობაში გართული, ცოტად თუ ბევრად მიუახლოვდებოდა ჭრელ ფარდაგს, ესმას მღელვარება იპყრობდა. მაშინვე შესძახებდა, ჩემთან მოდიო. ისიც, პაწია ანგელოზი, მაშინვე მისკენ გამორბოთა თავისი ფუნთუშა ფეხებით. ესმა ჩაისვამდა კალთაში, დღეისთვის გვეყოფაო, წაულაპარაკებდა და მასთან ერთად დამშვიდებით უჭვრეტდა ზღვას. იმ საღამოს ზღვა რაღაც განსაკუთრებულად წყნარი იყო, მისი მოსარკული ზედაპირი სულ ოდნავ ხუჭუჭდებოდა ნაპირთან. ვარდისფრად აბრდღვიალებულ ცაზე ღრუბლის ერთი ფთილაც არ ჭაჭანებდა. მზე ენთო დიდი, ბრიალა თვალივით, დაუბრკოლებლად მიცურავდა ზღვასთან შესახვედრად. ესმა იჯდა მზით გამთბარ ქვიშაზე, იქ, სადაც ზღვა და ხმელეთი ჰკოცნიდნენ ერთმანეთს. კალთაში თავისი პატარა სიხარული ეჯდა, თითებით ფრთხილად ეალერსებოდა მის ღუნღულა თავს და თვალწინ გადაშლილი მშვენიერი სანახაობით ტკბებოდა. მზის ბრიალა თვალი ნელ-ნელა მიუახლოვდა ზღვას, ცეცხლოვანი კიდით შეეხო და ოქროსფერი ბილიკი მოისროლა ლაჟვარდოვან, ოდნავ მერწევ ზედაპირზე. მისი დანახვისას ესმას ჩვეული ფიქრები აეშალა: ოქროსფერი ბილიკი, გზა ზღაპრული სამყაროსკენ, სინათლის სამყაროსკენ... გზა, რომელიც ყველასთვისაა, ყველას ერთნაირად ეკუთვნის... თანაც ჯერ არასოდეს მინახავს ასე მკვეთრად გამოხატული ეს ოქროვანი ბილიკიო, აღნიშნა ესმამ გულში. ისე მგონია, მართლა შეიძლება მასზე სიარული. ალბათ ასე იმიტომ ჩანს, ამინდი ძალზე წყნარი რომაა, მზის სხივებს წინ არაფერი ეღობება... უეცრად ბავშვმა თავი გაინთავისუფლა ესმას ხელებისგან, წამოდგა და ზღვისკენ გადაადგა ნაბიჯი. ესმას წინააღმდეგობა არ გაუწევია. შეიძლება ერთხელ კიდევ იბანაოს, სანამ მზე არ ჩასულაო, იფიქრა... მაგრამ პაწია, როგორც ჩანს, არ აპირებდა ბანაობას. მან ორიოდე ნაბიჯი კიდევ გადაადგა და ესმას წინ შეჩერდა. ზღვის ხუჭუჭა ქაფი ლამის ეხებოდა მის ფეხებს. ესმას ანაზდად თვალები ისე გაუფართოვდნენ, თითქოს ქუთუთოების მიღმა აპირებდნენ გადმოცოცებას: ბავშვი ხომ მასა და მზეს შუა ჩადგა, წესით მზე უნდა მოეჩრდილა მისთვის. ასე სრულიადაც არ მომხდარა. პირიქით, ბავშვის სხეულის მიღმა ისევ დაინახა ესმამ მზე, დაინახა კიდევ უფრო ბრწყინვალე, უფრო ბრიალა და ცეცხლისფრად განფენილი, ვიდრე ოდესმე ენახა. თვით ოქროსფერი ბილიკიც დაუბრკოლებლად დაიანახა ესმამ, უჩვეულო ძალით. აბრდღვიალებულ, საოცრად დიდ მზეს უერთდებოდა ამ პატარას არსების მიღმა. მზის სხივების სითბოსაც აშკარად გრძნობდა ესმა, გრძნობდა, როგორ ელამუნებოდნენ ბავშვის სხეულში გაცრილი სხივები... ზღაპრულად მოელვარე თბილი ათინათი მოეფინა მისგან. ხმაამოუღებლად შეჰყურებდა ესმა თავის პატარა სიყვარულს და მზეს, ერთმანეთში ჩამდნარს. მას არაფერი არ გაკვირვებია, არც ეუცხოვა რაიმე, მხოლოდ და მხოლოდ მოიხიბლა ამ მართლაცდა ლამაზი, მიმზიდველი სანახაობით. ,,როგორ შეიძლება ჩემმა სიყვარულმა მზე მომიჩრდილოს, - საკვირველი სწორედ ის იქნებოდა, მზე რომ მოეჩრდილა ჩემთვის - წაიჩურჩულა გულზე მლოცველივით ხელდაჭდობილმა. - ,,შენ მზის სხივი ხარ, მისი ნაწილი. სხივი მზეს კი არ დაჩრდილავს, პირიქით, ბრწყინვალებას და სინათლეს შემატებს. შენ ამ ოქროვან ბილიკზეც შეძლებ სიარულს, სულაც არ გაგიძნელდება~. მაგრამ მე შევძლებ?.. შენ ანგელოზი ხარ, უწონადო, ალბათ სწორედ შენ გაგიფინა მზემ ოქროვანი ბილიკი ფეხქვეშ, მე ვინღა ვარ, როგორ უნდა შევძლო შენს გვერდით მაგ ბილიკზე სიარული... როცა ეს გაიფიქრა ესმამ, ბავშვმა თავი მოაბრუნა მისკენ და შემოხედა ნდობით სავსე, აციაგებული თვალებით... შემოხედა და აღარ მოაცილა მზერა, თითქოს რაღაცას ელოდაო მისგან. ამ დროს ესმამ ვიღაც სხვა თვალის მზერაც იგრძნო. მიიხედა, ის ქალი დაინახა, ჭრელ ფარდაგზე მოკეცილი, დაჟინებით შემოჰყურებდა. ესმა შეაკრთო ამ ჯიქურმა შემოხედვამ, როგორც ჩანს, ამ ქალმა ყველაფერი დაინახა; დაინახა საოცრად დიდი ბრიალა მზე, ესმას პატარა სიყვარულის სხეულში გაცრილი, მისგან მოგვრილი უჩვეულოდ ელვარე ათინათი, რომელიც მთელ სხეულზე მოეფინა ესმას და ასე საამოდ მოელამუნა. ყველაფერი კარგად დაინახა, არაფერი გამოპარვია... და ესმამ ხელები გაიწოდა ბავშვისკენ, თავისკენ ხმამაღლა მოუხმო: - მოდი ჩემთან, ჩემო სიხარულო... უკვე გვიანია, ბანაობას სხვა დროსაც მოასწრებ. ბავშვი გამგონედ მოტრიალდა, მივიდა მასთან და კალთაში ჩაუჯდა. სანამ მზე არ მიიმალა, გაუნძრევლად იჯდა ესმა, თითებით ეფერებოდა თავის პაწიას თავს. მერე ჩუმად გააპარა თვალი ,,იმ ქალისკენ~. ისიც ფეხმოუცვლელად იჯდა ზღვის პირას, იქ სადაც ზღვა და ხმელეთი ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, და ისეთი სახით გაჰყურებდა ზღვას, თითქოს სხვა არაფერი აინტერესებს ამქვეყნადო. იმ საღამოს ჩვეულებრივზე დიდხანს შეყოვნდა ესმა ბავშვის საწოლთან; ფრთხილად დაჰყურებდა მის მშვიდ, მიძინებულ სახეს. ,,ხალხი სასწაულს სადღაც სულ სხვაგან, შორს დაეძებს, მე კი აქვე, გვერდით მყავს ჩემი სასწაული. განა ვინმეს თვალს უხილავს ოდესმე ამაზე მეტი საოცრება? პაწია ანგელოზს დაუტოვებია ანგელოზთა საკრებულო და ჩემდან დაუდევს ბინა. ოღონდ, სულ მუდამ შენ მყავდე გვერდით, ჩემო სიყვარულო. ცივ ნიავს არ მოგაკარებ, შენთვის ვიცოცხლებ მხოლოდ, ძალა მუდამ მექნება შენს სამსახურად, ისევ შენგან მონიჭებული ძალა~. უხმოდ იმეორებდა გულში საწოლის თავზე ხელებდაყრდნობილი ესმა. მერე ასევე ჩაეძინა, მკლავებზე თავჩამოდებულს. ესიზმრა, ვითომ ზღვის პირას დასეირნობდა თავის პატარა სიყვარულთან ერთად. მზე ჩასვლას ეპირებოდა, ოქროვანი ბილიკი იყო გაფენილი ზღვის მერწევ ზედაპირზე. ესმა ნათლად ხედავს მზის დიდ, ბრწყინვალე ბადროს მისი პაწიას სხეულის მიღმა... ზუსტად ისევე, როგორც ცხადში იხილა. სულ ერთიანად ბრიალებს პატარა სხეულში გავლილი მზე, ესმა იმ მზის სხივების სითბოსაც გრძნობს მთელ სხეულზე. ოღონდ ცხადისგან განსხვავებით, ნამიან ქვიშაზე როდი დგას ესმას პაწია სიყვარული. არა, იგი თვით იმ ოქროვან ბილიკზე შემდგარა, მზეს რომ გაუფენია ცის დასალიერამდე. - ნუ, ჩემო სიყვარულო. - ეუბნება ესმა და მისკენ იწვდის ხელებს. - ნუ მიუახლოვდები მზეს. დაგინახავენ, წამართმევენ შენს თავს. ესმას სულისდგმამ, პაწია სიყვარულმა, გაიგონა მისი ნათქვამი, მაგრამ მისკენ არ გამოქცეულა. ისევ ისე დგას იმ მერწევ, ოქროვან ბილიკზე, შეჰყურებს ესმას და უღიმის, უღიმის იმ მიმნდობი, მშვიდი ღიმილით, რითაც სულ თავიდანვე მოაჯადოვა იგი. ესმა იმასაც ამჩნევს, რომ მის პაწიას, ამ საოცარ ბავშვს, რაღაც უცნაურად შეცვლია სახე: ესმასთვის დღემდე უცნობი, მუქი ჩრდილები ჩაფენია თვალებში, რაც მის სახეს ნაღვლიან იერს აძლევს. ტკივილის აშკარა კვალი დაინახა ამ სახეზე ესმამ, მისთვის კარგად ნაცნობი, და საერთოდ ყველასთვის კარგად ნაცნობი და მახლობელი ტკივილის კვალი, ვისაც კი ოდესმე ფეხი დაუდგამს მიწაზე. თითქოს ბავშვსაც აღარ ჰგავს; ეს მუქი, ნაღვლიანი ჩრდილები ხანმოთეულ ადამიანს ამსგავსებს, რომელმაც გაიარა ადამიანური ცხოვრების, ტანჯვის და მწუხარების ყოველი ბილიკი, იტვირთა ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი, რაც კი შეიძლება იტვირთოს ძე-ხორციელმა. თითქოს უფრო გამაღლებულა კიდეც. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იგი მაინც ესმას საყვარელი პაწიაა, მისთვის კარგად ნაცნობი სათუთი უმწეობაც განუყრელად თან ახლავს, და ესმაც ისევ და ისევ უხმობს თავისკენ: მოდი ჩემთან, ჩემო საყვარელო, თორემ წამართმევენ შენს თავს... ამაოდ იწვდის მისკენ ხელებს ესმა. ბავშვი არ იძვრის ადგილიდან, უხმოდ შეჰყურებს ესმა ტკივილნარევი, ნათელი ღიმილით. მაშინ ესმამ თვითონვე შედგა ფეხი ოქროვან ბილიკზე, რათა მიახლოებოდა თავის სიყვარულს, დაემალა თავის კალთაში, უცხო თვალისგან მოეფარებინა. ხელებგაწვდიდი მიეშურებოდა მისკენ, სწრაფად ადგამდა ნაბიჯებს იმ მერწევ, ოქროვან გზაზე... მაგრამ უცნაური იყო, ერთი გოჯითაც ვერ მიუახლოვდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თავიდანვე ძალიან ახლოს იყო მასთან მისი სიყვარული, სულ ახლოს... და თვით ესმაც დიდი მონდომებით და ძალისხმევით მიილტვოდა მისკენ... კიდევ უფრო დაატანა თავს ძალა ესმამ, რათა ნაბიჯი უფრო აეჩქარებინა, ახლა იგი კი არ მიდიოდა, მირბოდა იმ ოქროვან ბილიკზე... უფრო სწორად, უდიდესი სურვილი ჰქონდა ამისი, მაგრამ ვერ შეძლო. პირიქით, რაც უფრო მეტი მოინდომა, მით უფრო დაუმძიმდა ნაბიჯი. უკვე სიარულსაც ვეღარ ახერხებდა, კიდურები სულ ერთიანად შეებოჭა, ტყვიასავით დაუმძიმდა მთელი სხეული, ოდნავადაც ვერ მიწევდა თავისი სიყვარულისკენ, რომელიც იმავე ადგილას იდგა იმ ოქროსფერ ბილიკზე, ასე ახლობელი და თან მიუწვდომელი. შეჰყურებდა ესმას უმწეო ბავშვის და ხანიერი მოხუცის ერთმანეთში ათქვეფილი, ნაღვლიანი მზერით... თან რა საოცარი ძალით ენთო მის სხეულში გავლილი მზე, სულ უფრო და უფრო მეტი სხივმოსილებით ენთებოდა, კოცონივით გიზგიზებდა, ესმა უკვე თვალსაც ვეღარ უსწორებდა მის ცეცხლოვან გიზგიზს... თან ახლოსაც ვერ ეკარებოდა, ვერა და ვერ მიუახლოვდა, თუმცა მეტისმეტი ძალისხმევისგან უკვე კრუნჩხვები უვლიდა ტყვიასავით დამძიმებულ სხეულში... ბოლოს ერთი ძლიერად შეკრთა... და გამოეღვიძა. ისევ ცეცხლოვანი მზე ბრიალებდა მის თვალებში, ღია ფანჯარაში შემოჭრილიყო მისი ნათელი. წამით ვერ გაერკვა, ისევ სიზმარი ეგონა თავი, - მოდი ჩემთან, ჩემო სიხარულო, - ხმამაღლა მოუხმო და მისკენ გაიწოდა ხელები. როცა საბოლოოდ გამოერკვა და საწოლს დახედა, იქ ვეღარ დაინახა თავისი პაწია. თვალები მოიფშვნიტა ესმამ, ისევ ხომ არ მძინავსო, ისევ ცარიელი საწოლი დაინახა, ფაქიზად გასწორებული, საფენგადაფენილი, თითქოს არც არავინ წოლილიყო მასში... ესმა ბორძიკით მივიდა ტელეფონთან, თითქოს ისევ მაჯლაჯუნა აწევსო და ყურმილი აიღო... - ქალბატონო, ბავშვის გარეგნული ნიშნები აგვიწერეთ. სახეზე ხელებაფარებული ესმა თავს უღონოდ იქნევდა აქეთ-იქით. დილიდანვე ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს რომელიღაცა მანქანის კბილანებში მოჰყვა, ნაწილ-ნაწილ რომ აგლეჯდნენ სხეულის ნაწილებს. ესმა სრულიად უღონო იყო, წინაღდგომოდა ამ მანქანას, შეეჩერებინა მისი კბილანების უაზრო ტრიალი. გარეგნული ნიშნები? რატომ ეკითხებით გარეგნულ ნიშნებზე, რა უნდა გითხრათ? როგორც უნდა აუწეროს მათ თავის პაწია სიყვარული, მისი ნათელი, მიმნდობი ღიმილი, ნამის წვეთში აციაგებული მზის სხივივით წმინდა. ბუმბულისებური სიმსუბუქე. მის პატარა სხეულში გაცრილი და განფენილი ბრწყინვალე მზე, ციურ მნათობზე ორჯერ უფრო დიდი სხივმოსილი... - ქალბატონო, ჩვენ ამდენი დრო არა გვაქვს, საქმე... ჰო, რა თქმა უნდა, საქმე... საქმე უპირველეს ყოვლისა... ახლავე... შემდეგ უკანვე გააბრუნა ანიკო. კეთილ ქალს აშკარად შეებრალა იგი, ღმერთმა გაპოვნინოსო, თანაგრძნობით უთხრა ესმას, მეც თვალს დავიჭერ, მე ხომ კარგად ვიცნობ შენს პაწია სიყვარულს, იქნებ სადმე შევამჩნიოო. საერთოდ კი, ყველამ იმედი მისცა ესმას, ნუ გეშინია, არ დაიკარგებაო, მის მოსაძებნად ყველა ზომას მივიღებთო. მიუხედავად ამისა, ესმა დამშვიდებიდან ახლაც ისევე შორს იყო, როგორც დილით, გაღვიძებისას: მოძებნიან? რა ვიცი, განა ადვილია დაკარგულის პოვნა... ყველაზე მეტად ის აშფოთებდა, რომ, როგორღაც დარწმუნებული იყო, იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროაო. არა, იმათ სადღაც სხვაგან უჭირავთ თვალი, ჩემი პატარა სიყვარული კი სადღაც სხვაგანაა, სულ სხვაგან. ის კეთილი ქალი, ანიკო უფრო იპოვის, ვიდრე ესენი თავიანთი მანქანებით, გადამცემებით თუ ათასგვარი ტექნიკური ხარახურით. ანდა ისევ მე თვითონ, თვითონ... თავის აღთქმულ ქვეყანას, ზღვას მიაშურა. იქაურობა ახლაც ხალხით იყო გაჭედილი. ყველაფერი ისევ ისეა, თითქოს არაფერი მომხდარა, არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ესმას გვერდით აღარ მობაკუნობს მისი პაწია სიხარული... ის ქალიც ისევ ისე გაწოლილა ჭრელ ფარდაგზე იქ, სადაც ზღვა და ხმელეთი ჰკოცნიან ერთმანეთს. ლურჯი ფერის ფლაკონიდან დაზეთილი თითებით იღებს კრემს და მზემოკიდებულ სხეულზე ისვამს, ისვამს ისე, თითქოს საკუთარ თავს ეფერებაო, რომ შეიძლებოდეს მთელ ზღვასაც ასევე ამოხაპავს და თეძოებზე წაისვამს, ისე რომ წვეთსაც არავის დაუტოვებს... აი, დაამთავრა საკუთარი სხეულის ფერება, ჭრელ ფარდაგზე პირქვე გაწვა, სახით ზღვისკენ და ზურგი მზეს მიუფიცხა. ესმა მივიდა, თვითონაც მის გვერდით დაწვა სახით ზღვისკენ, ლურჯ, მშვიდ ტალღებს სულ ახლოს გაჰქონდათ დგაფუნი. გრილი წვეთები ჟამიდანჟამს სახეზე ეფრქვეოდათ ორივეს. - რატომ წამართვი სიხარული... - მე მეუბნებით? - თავი გაოცებით მოატრიალა ქალმა. ჰმ, მე მეუბნებიო, როგორ გაიკვირვა, აბა, ვის უნდა ვეუბნებოდე. - არაფერს დავიტოვებ, სულ შენი იყოს, რაც გამაჩნია. ოღონდ დამიბრუნე ჩემი საყვარელი პაწია, ჩემი შვილი... - ხომ არ გაგიჟდი, ჩემთან რა უნდა შენს პაწიას, არც კი ვიცოდი, თუ შვილი გყავდა. - იცოდი, იცოდი... შორიდან გვითვალთვალებდი, იმ დღესაც დაინახე, როცა მზეს მოეფარა ჩემი სიყვარული და მზე არ მომიჩრდილა, დაინახე მასში გაცრილი დიდი, ბრიალა მზე... - ვთქვათ, დავინახე. მერე რა? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, თითქოს მის წართმევას ვაპირებდი... - კი არ აპირებდი, წამართვი უკვე... - რისთვის? რა მიზნით... - შეგშურდა ჩემი... - მე... შენი შემშურდა? რა გაქვს ჩემი შესაშური. - სხივმფინარი იყო ჩემი პატარა სიყვარული, თვით მზეზე უფრო ბრწყინვალე და აღმატებული. მთელი ქვეყნის ყვავილები რომ დაკრიფო და ერთ კონად შეკრა, მისი სილამაზის მკრთალ აჩრდილად თუ გამოდგება... - ყველა დედიკოს ასე ეჩვენება. - იქედნურად გაიღიმა ქალმა. ესმამ ეს ნათქვამი გადაკრულ სიტყვად მიიღო, ქალს ეჭვით გახედა. - დავუშვათ, ის ჩემი ღვიძლი შვილი არაა, მის გაჩენაზე სამშობიარო ტკივილები არ განმიცდია, მაგრამ ეს გრძნობა, რომლითაც მე იგი მიყვარს, ხომ ჩემშდი დაიბადა? სიყვარულის დაბადება კი ხორციელ მშობიარობაზე უფრო ადვილი ნუ გეგონება. მე ღვიძლ დედაზე ნაკლებად არ მეკუთვნის ჩემი პაწია. არ არსებობს ტკივილი ამ ცის ქვეშ, რომელზეც უარს ვიტყოდი, ოღონდ ისევ მობაკუნებდეს ჩემს გვერდით, ოღონდ ისევ შემომცინოს თავის მიმნდობი, ნათელი ღიმილით. როცა იღიმება, ასე მგონია, მთელი სამყარო მე მიცინის მაშინ. ჩემი სიცოცხლე, ჩემი სულისდგმა... ის ხომ ნამდვილი ანგელოზია, მის ჭუჭყიან საფენებს ია-ვარდის სურნელი ასდიოდა, სულაც არ მეზიზღებოდა მათი რეცხვა, პირიქით... ნეტარება იყო ჩემთვის მისი სამსახური, როცა ხელში ვიყვანდი, წონა სრულებითაც არ ჰქონდა, თითქოს ჩიტის ბარტყი დამაფრინდა მკლავზე... - ნამდვილი გიჟია, ეს უბედური, - ჩაილაპარაკა ქალმა და ზიზღით მიაბრუნა თავი. ესმა გველნაკბენივით შეკრთა. ისეთი გულისგამყინავი სიცივე და აბუჩად ამგდები სიძულვილი იგრძნობოდა ამ ნათქვამში. მიხვდა, ამ ქალს სულ არაფრად, ფრჩხილის ნაკვნეტადაც არ უღირდა არც თვითონ, არც მისი პაწია სიყვარული... - უბედურიო? - წამოიძახა გააფრთხრებით. - თან გიჟადაც მთვლი, არა? მაგრამ შენ რომ ჩემზე უბედური ხარ, თუ ატყობ ამას? სულ ნამცეცა, უგულო არსება, რომელიც ამქვეყნად ვეღარაფერს ამჩნევს საკუთარი თეძოების გარდა... შენ ხომ მარტო სხეულით არ ხარ ბერწი. შენ სულითაც ბერწი ხარ. შენში არასოდეს დაიბადება ისეთი სიყვარული, რომელიც მზეს არ მოგიჩრდილავდა, პირიქით, მასზე მეტიც იქნებოდა სხივმოსილებით. შენ ვერც საკუთარ შვილს გააჩენ, ვერც სხვის შვილს შეიყვარებ. ბერწი სული ვერაფერს შობს, მხოლოდ შური და ბოღმა შეჭამს. ამის გაგონებაზე ქალმა თავი მოაბრუნა. ესმამ დაინახა, რა დაუნდობელი გაბოროტებით აენთო თვალები, უფრო კი იმან შეაძრწუნა, რომ საკუთარი სახე დაინახა იმ თვალებში არეკლილი, და ეს სახეც ორი წვეთი წყალივით ჰგავდა თვით იმ ქალის სახეს, გამომეტყველებაც ერთნაირი ჰქონდათ, მასავით ბოღმით და მძულვარებით იყო დაღდასმული და დასახიჩრებული. შეშინებულმა ესმამ თვალები დახუჭა... - ამბობ, შეგშურდაო... - შოლტივით გაისისინა ჰაერში ქალის ხმამ. - მაგრამ შენ... შენ არავისთვის არაფერი არ გშურს? არა? ერთი ამას დამიხედეთ, თავი ანგელოზად და წმინდანად რომ მოაქვს. განა შენ არაფერი გენანება სხვისთვის? ისიც კი ვერ აიტანე, შორიდან დამენახა შენი სიხარული, შორიდან მეყურებინა, როგორ ბრიალებდა მის სხეულში გაცრილი მზე. მაშინვე თვალს მოაფარე, დამალე ჩემგან. არადა, რა იცი, როგორ მჭირდებოდა მე თვითონ იმ ნათელის ხილვა, შენ ასე უხვად რომ ტკბებოდი. შენ მხოლოდ შენთვის გინდა მზის ნათელი, მისი ყოველი სხივი, გინდა სადმე მყუდრო ადგილას ჩაჰკეტო, რათა არავის თვალი არ მისწვდეს. ერთი მითხარი, ეს რითაა შურზე უკეთესი... - მერე, მაგისთვის მსჯი ასე მწარედ? - თვალგაუხელელად წაიჩურჩულა ესმამ. - ...რატომ არ მიჰყევი, როცა სინათლის ბილიკზე მიგიხმო? შეგეშინდა, ვინმეს არ დაენახა შენი სიხარული, მასში გაცრილი საოცრად სხივმფინარი მზე... შენ ვერასოდეს მიჰყვები მის ნაკვალევს, ვერასოდეს ივლი იმ სინათლის ბილიკზე, საცოდაობაა მშიშარა ადამიანის სიყვარული. - გაჩუმდი, ნუღარაფერს მეტყვი... - შეეხვეწა ესმა და ხელები აიფარა ყურებზე. მაგრამ ხმა ისევ სისინებდა; - ...შენ გინდა, მუდამ თვალებში შემოგციცინებდეს, მაგრამ ის ხომ თვალს მიეფარება ხოლმე ხანდახან. ასე ძალიან რატომ გეშინია სიბნელის... შენი სხეული ინარჩუნებს მზისგან მიღებულ სითბოს, სულს რაღა დაემართა... შენ იმ ბუხარს ჰგავხარ, რომელიც იმწუთშივე ცივდება, როგორც კი ცეცხლი ჩაქრება. მთელი სამყაროს მზეები რომ გაერთიანდნენ ერთ სხივის კონად, ისიც კი ურგებია შენთვის. ვერავინ გიშველის, ვერავინ... - გაჩუმდები თუ არა!.. - წამოიყვირა ესმამ და ხელები წინ წაიწოდა. უნდოდა პირზე აეფარებინა ამ ქალისთვის ხელი, იქნებ როგორმე გაეჩუმებინა. მხოლოდ გრილი ტალღა გადაევლო ხელებზე... ესმამ თვალები გაახილა. მის გვერდით ლურჯი, ცარიელი ფლაკონი ეგდო, ზღვის ღელვა საგრძნობლად მომატებულიყო. ცისკიდურს ვარდისფრად გაჰქონდა ღაჟღაჟი. მზის ბრიალა თვალი დაუბრკოლებლად მიისწრაფვოდა ზღვასთან შესახვედრად. ლაჟვარდოვან ზედაპირზე გაფენილი ოქროვანი ბილიკი ჩვეულებრივზე უფრო მეტად იბურცებოდა და ირწეოდა. ესმამ უკან დაიხია სანაპიროდან, გამოერიდა ზღვის მომძლავრებულ ტალღებს. ,,ამ ოქროვან ბილიკზე სიარული ამჟამად უფრო ძნელი იქნება, ვიდრე სიწყნარის დროს, - ფიქრობდა გულში. - ჰო, ადვილი სულაც არ იქნება, თუკი საერთოდ შეძლებს ვინმე~...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი იყო. მაგრამ არ ვიცი ამის გაყოფა რამდენად შეიძლებოდა ,მაგრამ ალბატ აჯობებდა რომ ცოტამცირე ნაწილებაი დადოტ, (სხვა ტქვენ ნაწრებზე უფრო ვამბობ ეხლა მას)ხომ წასიკიტხად დებტ და აჯობებს ნაწილებად დადოტ, მკიტხვე;ლიც მეტი იქნება ტქვენც გესიამოვნებატ და მკიტხველსაც კარგი იყო. მაგრამ არ ვიცი ამის გაყოფა რამდენად შეიძლებოდა ,მაგრამ ალბატ აჯობებდა რომ ცოტამცირე ნაწილებაი დადოტ, (სხვა ტქვენ ნაწრებზე უფრო ვამბობ ეხლა მას)ხომ წასიკიტხად დებტ და აჯობებს ნაწილებად დადოტ, მკიტხვე;ლიც მეტი იქნება ტქვენც გესიამოვნებატ და მკიტხველსაც
|
|
მონაცემები არ არის |
|
|