| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 7 ნოემბერი, 2014 |
ისინი ერთმანეთს საცეკვაო საღამოზე შეხვდნენ. ერთიც და მეორეც დიდი ვერაფერი შვილი მოცეკვავე იყო, ერთად მაინც მოაბეს თავი რაღაცას, გაურკვეველ მოძრაობებს, რაც გარეშეთა თვალში შეიძლება ძალზე სასაცილო ჩანდა. მაგრამ მათ არაფრით არ შეეძლოთ ამის წარმოდგენა. ორივენი იცინოდნენ, იცინოდნენ მანამდე, სანამ თვალზე ცრემლი მოადგებოდათ, ოღონდ საკუთარ თავზე კი არა, ყველაფერ დანარჩენზე, რაც მათ ირგვლივ ტრიალებდა და მართლაც ტრიალებდა მთელი სამყარო, უთვალავ ნაირფერ ნაპერწკლებად ფეთქდებოდა, რაც დიდად ახალისებდა მოცეკვავე წყვილს. როცა ერთმანეთს შეჰყურებდნენ, გრძნობდნენ, რომ თვითონაც ფეთქებადი სამყაროს ნაწილი იყვნენ. მერე დაქორწინდნენ და ბინა გაუხდათ საძებარი. ასე ადვილად ვერ იშოვეს და მატარებლის ვაგონში დაიწყეს ცხოვრება დროებით. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, დიდად არც გამოუდვიათ თავი ბინის მოსაძებნად. მათ მოსწონდათ მატარებლის ვაგონში ცხოვრება. განსაკუთრებით ოჯახის უფროსი გახლდათ კმაყოფილი, მემანქანე იყო პროფესიით, მატარებლის ვაგონი მისთვის მშობლიური სტიქიის მსგავს სამყაროს წარმოადგენდა. ვაგონი იმედივით მწვანე ფერისა იყო, ოღონდ უკვე კარგად გაეხუნებინა დრო-ჟამს. დღე და ღამ ჩიხში იდგა უძრავად. მის გარდა იმ ჩიხში არაფერი ყოფილა მწვანე, ირგვლივ რუხი-ჭუჭყიანი ფერი გაბატონებულიყო, ერთი-ორი გაღლეტილი ხე ბოგინობდა შორი-ახლოს. ისინიც ისე მოეწამლა ქალაქის შხამსა და ჭუჭყს, ფოთოლსაც ვეღარ ისხამდნენ წესიერად. ცოტა ხნით გაზაფხულზე თუ გამოიღებდნენ საცოდავ დაჭმუჭნილ ფოთლებს. ისინი სულ მალე იცვლიდნენ ფერს სადგურის ბოლის და ჭუჭყისგან, მელანში ამოვლებულებს ემსგავსებოდნენ. ასე იყო თუ ისე, ვაგონში ცხოვრება შეიძლებოდა. ცოლ-ქმარს ერთი ისღა აფიქრებდა... ვაითუ ვინემს დასჭირდეს ეს ვაგონი, სანამ ბინას ვიშოვიდეთო. გადიოდა დრო, ვაგონი არავის დასჭირვებია. ჩანდა, თითქოსდა განუსაზღვრელი დროით დაივიწყეს იგი. ცოლ-ქმარსაც ეს უნდოდა, მათ იშოვეს თავშესაფარი და ეს იყო მათთვის უმთავრესი. ცხოვრობდნენ ასე, სადგურის ორომტრიალში, ვაგონის ფანჯრებიდან შეჰყურებდნენ ქვეყანას. ვაგონის ერთ მხარეს საცხოვრებელი კვარტალი იყო, სკების მინაგვარი მრავალსართულიანი სახლებით, ტელეგრაფის ბოძებით, თოკზე გაფენილი სარეცხებით და სხვა ათასგვარი ხარახურით. მეორე მხარეს განუწყვეტლივ მიმოდიოდნენ მატარებლები. ორივე მხარე თავისებურად საინტერესო იყო. ცოლ-ქმარს ეჩვენებოდა, თითქოს მთელი მათი ცხოვრება იმ საცეკვაო საღამოს გაგრძელება იყო, მთელი სამყარო ტრიალებდა მათ ირგვლივ და მათთან ერთად თავგამეტებით მიისწრაფვოდა სადღაც. მერე ბავშვი შეეძინათ. ცოლ-ქმრის ყოფა-ცხოვრების მდინარემ განშტოების მსგავსი რაღაც განიცადა. ქალის გულისყური უფრო მეტად ბავშვისკენ იყო დაუნჯებული. კაცმა კიდევ თავისი საქმიანობისკენ გადაიტანა მომეტებული ყურადღება. ამას თხოულობდა მისგან ოჯახიც, გარემოც და თვითონაც ასეთი აზრისა იყო ამქვეყნად არსებობის დანიშნულებაზე. მისთვის ყველაზე უმთავრესი იყო თავისი საქმე გაეკეთებინა, ყოველდღე გადაეყვანა მატარებლები ერთი სადგურიდან მეორემდე. სხვა დანარჩენი თვითონვე მიაგებდა ადგილს მის ირგვლივ. როგორც საკუთარ სხეულს, ისე შესჩვეოდა თავის საქმესაც. დინჯად, მყარად იჯდა სამართავი პულტის წინ, ყურადღებით შეჰყურებდა რკინიგზის რელსებს. ეს რელსები ხან ლარივით გაჭიმულიყვნენ მის წინ, ხან რკალივით უხვევდნენ, ხან მარტოდმარტონი იყვნენ, ხან ერთმანეთს ხვდებოდნენ და ისევ შორდებოდნენ. კაცს მათი ცქერა არ ბეზრდებოდა, რელსები მისთვის მარადიულ სრბოლას განასახიერებდნენ. კაცი მიჰყვებოდა ამ სრბოლას და ისე აღიქვამდა მას, როგორც საკუთარი არსებობის განუყოფელ, აუცილებელ ნაწილს. მუდამ გრძნობდა, რომ იგი იყო `მსრბოლავი სხეული მსრბოლავ სამყაროში~ და ეს უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებდა. ასეთი ცხოვრება არასოდეს არ მომბეზრდებაო, ფიქრობდა. რა სჯობია, როცა შენს ირგვლივ ყოველივე სადღაც მიჰქრის გამაყრუებელი გრუხუნით და შენც მასთან ერთად მიჰქრიხარ, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა კაცი და თავს ბედნიერად გრძნობდა. მაგრამ აი, ერთ მშვენიერ დღეს უცნაური რა მოხდა: კაცი ხალისით შეუდგა თავის საყვარელ საქმეს, ხელის ჩვეული მოძრაობით მისწია ბერკეტი, რათა მატარებელი ადგილიდან დაეძრა, მაგრამ რატომღაც ეს ვერ შეძლო, მატარებელი უძრავად იდგა... ყურადღებით დააცქერდა რელსებს, რომლებიც ნელა მოისწრაფვოდნენ მისკენ. ვაგონის ორივე მხარეს აუჩქარებლად იცვლებოდნენ ხედები... სიჩქარის მაჩვენებელიც შეამოწმა... ეჭვი არაფრისა იყო. მატარებელი ნამდვილად დაიძრა ადგილიდან, მაგრამ კაცმა ეს ვერ შეიგრძნო. ბერკეტი ბოლომდე მისწია, მატარებელი ლამის ზღვრული სიჩქარით მიჰქროდა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, კაცი თავს ისე გრძნობდა, თითქოს ჩიხში მდგარ უძრავ ვაგონში იჯდა. თვალი ხომ არ მატყუებსო, ისიც კი იფიქრა, მაგრამ მერე, როცა დანიშნულების ადგილას მიიყვანა მატარებელი, დარწმუნდა, რომ თვალის არ ატყუებდა, ნამდვილად განვლო რაღაც მანძილი, მაგრამ თვითონ მას არაფერი შეუგრძვნია. ირგვლივ ყველაფერი ისევ ისე მოძრაობაში იყო. მიგრუხუნებდნენ მატარებლები სადგურიდან სადგურამდე., თვალი ხედავდა მათ მოძრაობას, მაგრამ სხეული ვეღარ აღიქვამდა, სხეულისთვის მოძრაობა იგივე უძრაობად ქცეულიყო. მხოლოდ მაშინ ხვდებოდა კაცი, სადღაც მოვსულვარო, როდესაც ახალი სადგურის სახელი აუწყებდა ამას და როდესაც რელსები, უსასრულობაში გაზიდული რკინის ორი ძელი გადაკვეთდა სხვა რელსებს. დიახ, მოძრაობა, როგორც სხეულებრივი შეგრძნება აღარ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ გადაკვეთის წერტილი. ამ წერტილში ხვდებოდნენ ერთმანეთს მატარებლები, მხოლოდ ეს შეხვედრა ამჟღავნებდა კაცისთვის, რომ ნამდვილად განვლო რაღაც მანძილი დროსა და სივრცეში, სხვა არაფერი. მისი სხეული უგრძნობი გამხდარიყო ამ გადაადგილებისადმი. თვალი ადასტურებდა, სხეული უარს ამბობდა, თითქოს საბოლოოდ დავიწყებოდა სწრაფად სრბოლის სანეტარო შეგრძნება. მძიმე იყო ეს განცდა და ძალიანაც შეაწუხა კაცი. ოჰ, რა აუტანელია ეს უმოძრაობა, თითქოსდა გაყინული სამყარო, რა იქნება, რომ ისევ ძველებური სისწრაფით იწყოს ქროლვა ამ მატარებელმა და მეც თან წამიყვანოსო, ნატრობდა ყოველდღე, როცა თავის ჩვეულ საქმეს შეუდგებოდა, მაგრამ მატარებელი ისევ ისე უძრავი იყო, ოღონდ უძრავი მისი სხეულისთვის და არა თვალისთვის. და ახლა კაცი აღარ იყო `მსრბოლავი სხეული მსრბოლავ სამყაროში~, იგი იყო `უძრავი სხეული მსრბოლავ სამყაროში~. ასე გრძელდებოდა ყოველდღე და ამას დასასრული არ უჩანდა. ბოლოს კაცმა ოცნება დაიწყო. თვალწინ წარმოუდგებოდა ლარივით გაჭიმული რელსები, რომლებიც სადღაც შორს, უსასრულობისკენ მიისწრაფვოდნენ. ამ რელსებზე თავაწყვეტილი სიჩქარით მიჰქროდა მატარებელი, და კაცი ოცნებაში გრძნობდა მატარებლის სრბოლას. გრძნობდა მთელი არსებით, მთელი სულით და გულით. მატარებელი მიჰქროდა, სულ უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს, ფანჯრების წინ გაელვებული ელექტრონათურები მოწყვეტილ ვარსკვლავებს ემსგავსებოდნენ. კაცი მათ შეჰყურებდა და ნატრობდა, კიდევ უფრო სწრაფად ექროლა მატარებელს. მატარებელიც კიდევ უფრო სწრაფად მიჰქროდა. ახლა ნათურები კი არა, რაღაც ცეცხლოვანი წვიმა ჩანდა ვაგონის ფანჯრებში, ხოლო თვით რელსები ორ ცეცხლოვან ხაზს ემსგავსებოდნენ და ეს ორი ცეცხლოვანი ხაზი სადღაც უსასრულობისკენ მიიწევდნენ. ბოლოს, სადღაც, შორს, თითქოს თვით იმ უსასრულობის მიღმა, ჩნდებოდა რაღაც წერტილი, საითკენაც მიისწრაფვოდა ეს თავაწყვეტილად მსრბოლი მატარებელი. რელსების ცეცხლოვანი ხაზები იმ წერტილში ერთდებოდნენ. რა იყო ეს გადაკვეთის წერტილი, რას წარმოადგენდა, ვის ან რას უნდა შეხვედროდა იქ, რა მიზნით მიიწევდა იქითკენ, ამაზე კაცი არ ფიქრობდა. მას მხოლოდ ერთი რამ სურდა: მთელი სისწრაფით ექროლა ამ ცეცხლოვან რელსებზე და ძველებურად მთელი სხეულით შეეგრძნო ეს სისწრაფე. შეეგრძნო, რომ იგი ძველებურად იყო `მსრბოლი სხეული მსრბოლ სამყაროში~. ამ ოცნებიდან გამოფხიზლების შემდეგ კიდეც უფრო მწვავედ შეიგრძნობდა თუ რა უძრავი იყო ყოველივე მის ირგვლივ, რომ ეს განუწყვეტელი სრბოლა, რასაც ყოველდღე შეჰყურებდა, მხოლოდ თვალის მოტყუება იყო და მეტი არაფერი. მოძრაობა გაიყინა, დროც გაიყინა მასთან ერთად. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ მჯდარა თავისი მწვანე ვაგონის ფანჯარასთან. იყურებოდა გარეთ და ნატრობდა, ნეტავი რაიმე ისეთი სასწაული მოხდებოდეს, რომ ეს ვაგონი როგორმე ამოძრავდებოდესო. ცხადია, ამის ნატვრა ნამდვილი უაზრობა იყო, ვაგონი ხომ ჩიხში იდგა, მისი ამოძრავება არავის არაფერში ჭირდებოდა... კაცი მაინც ვერ ელეოდა თავის ოცნებას, იმედს არ კარგავდა, რომ ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდა მომხდარიყო რაღაც სასწაული და ჩიხში მდგომი ვაგონი დაძრულიყო ადგილიდან. ესღა იყო მისი სანატრელი, რამენაირად შეეგრძნო სწრაფად სრბოლის ნეტარება. სხვა დანარჩენმა მისთვის მთლიანად დაჰკარგა ფასი. ეს უმოძრაო მოძრაობა, ანუ მოჩვენებითი გადაადგილება წერტილიდან წერტილამდე, კოშმარივით აუტანელი გახდა მისთვის. და აი, ერთხელ, როცა ფანჯარასთან იჯდა თავის მწვანე ვაგონში, ოდნავ შესამჩნევი რწევა შეიგრძნო, თითქოს ვაგონი ამოძრავდაო. მთელი სხეული ერთნაირად დაიძაბა. ხომ არ მომეჩვენაო, გულში გაივლო. ისევ შეიგრძნო სუსტი გაქანება, ისიც შეამჩნია, რომ ფანჯრის წინ გადაშლილი უღიმღამო ხედი ნელა, სულ ნელა გაცურდა გვერდზე. კაცმა სუნთქვა შეიკრა, თითქოს მის სუნთქვასაც შეეძლო, ხელი შეეშალა ნანატრი ოცნების ახდენისთვის. გაქანებას ძალა მოემატა. უკვე თვლებიც გადაგორდნენ რელსებზე, ხედმაც მთლიანად გადაინაცვლა. ეჭვი არაფრისა იყო, ვაგონი აშკარად მოძრაობდა. კაცი მონუსხულივით გაუნძრევლად იჯდა ფანჯარასთან. ერთი წამითაც არ მოსვლია აზრად გამოერკვია, გაეგო, ვინმესთვის ეკითხა, თუ რატომ მოძრაობდა ეს ვაგონი, ამდენ ხანს ჩიხში მდგომი. ვის დასჭირდა იგი და საერთოდ, როგორ და რა საშუალებით მოძრაობდა. საითკენ ეჭირა გეზი და ბოლოს, იქნებ რაიმე საშიშროებაც იმალებოდა ამაში. არა, არცერთი ამ კითხვათაგანი არც კი გახსენებია. ერთი იმასღა ნატრობდა, სიზმარი არ ყოფილიყო ეს ყველაფერი. მართლა დაძრულიყო ადგილიდან ჩიხში მდგომი ვაგონი, რომ ბოლოს და ბოლოს, ამოძრავებულიყო ეს გაქვავებულ-გაყინული სამყარო და ისევ შეეგრძნო სწრაფი სრბოლა ძველებურად, მეტი მას არაფერი უნდოდა. ვაგონი კი ნამდვილად მოძრაობდა. იგი ისე ნელა, ისე შეუმჩნევლად დაიძრა ადგილიდან, თითქოს გამოცდილი მემანქანე იჯდა პულტთან და ძალიან ფრთხილობდა, ჩაძინებული ხალხი არ დაეღვიძებინა. ვაგონის მოძრაობის სიჩქარემ თანდათან მოიმატა, თვლები თანაბარზომიერად აკაკუნებდნენ რელსებზე. ფანჯრების წინ ხედებმაც კინოკადრებივით იწყეს მონაცვლეობა. ვაგონის შიგნითაც ყველაფერი ამოძრავდა, მაგიდა, სკამები, ჭურჭელი. დიდი ხნის განმავლობაში უძრავად მდგარ ვაგონში არაფერი არ იყო მკვიდრად დამაგრებული, სწრაფი სრბოლისთვის გამიზნული. ცოლი საწოლის თავს ჩაეჭიდა, ბავშვი მყუდროდ მოკალათდა კუთხეში, სადაც მისთვის მანეჟი იდგა. მანეჟი კედელზე იყო მიბმული, რათა უკვე ღონემოკრებილ ბავშვს არ გადაებრუნებინა და ახლა ეს გარემოება ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა. კაცი ფეხმოუცვლელად იჯდა ფანჯარასთან, თვალებით ჭამდა კინოკადრებივით მიმქროლავ ხედებს. სახეზე უდიდესი კმაყოფილება და შვება ეხატა. იგი შეიგრძნობდა სრბოლას, შეიგრძნობდა მთელი სხეულით, სულით, გულით, იგი ახლა ისევ იყო `მსრბოლი სხეული მსრბოლ სამყაროში~ და ეს უდიდესი ბედნიერება იყო მისთვის. რამდენი ხანია ამასღა ნატრობდა. თანაც, მისდა სასიხარულოდ, ვაგონი შეუჩერებლად მოძრაობდა, კაცს კი შეჩერებები, ეს ხანმოკლე უმოძრაობანი, მაშინაც უწუხებდა გულს, სანამ მოძრაობის შეგრძნების უნარს დაკარგავდა. ეს თითქოს ბედნიერებაზე მეტიც იყო. სულ უფრო და უფრო მეტი სიმძაფრით შეიგრძნობდა სრბოლას, ფანჯრის წინ გადაშლილი ხედებიც სულ უფრო მეტი სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ოღონდ არ შევჩერდეთ, ოღონდ სულ ასე ვიაროთ წინ, გაუჩერებლად, ნატრობდა კაცი და სიხარულით ამჩნევდა, რომ მისი ნატვრა არ რჩებოდა ნატვრად, იგი სინამდვილედ იქცეოდა. ვაგონი კვლავ და კვლავ მიჰქროდა... მიჰქროდა მზარდი სიჩქარით, მგონი მართლა აღარ აპირებდა გაჩერებას. ამასობაში დღეც მიიწურა, ფანჯრებში ბინდი შემოიპარა, აქა-იქ ანთებულმა ნათურებმაც გაიელვეს. დაბინდებისას კიდევ უფრო უმატა სრბოლას ვაგონმა, რომელიც ამ დროისთვის ისედაც ძალიან სწრაფად მიჰქროდა. კაცმა ჯერ ეს დაბინდებას გადააბრალა. იცოდა, რომ ღამით უფრო მძაფრად შეიგრძნობა სიჩქარე, ვიდრე დღისით. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ასე არ ყოფილა, რომ ვაგონი განუწყვეტლივ უმატებდა სიჩქარეს. ახლა ისინი უკვე თავბრუდამხვევი სიჩქარით მიჰქროდნენ. ფანჯრიდან შემოჭრილი შუქის კონა ელვისებური სისწრაფით გადარბოდა საგნიდან საგანზე. თითქოს აფრთხილებდა კაცს, ძალიან, ძალიან სწრაფად მივქრივართო. მაგრამ კაცს ეს სრულებით არ ადარდებდა. პირიქით, სწორედ ეს უნდოდა. გაფაციცებით იყურებოდა ფანჯარაში. ხანდახან ცოლს და ბავშვს გადახედავდა. ცოლი ორივე ხელით ჩაფრენოდა საწოლის თავს. კაცმა მისი თვალები დაინახა და შეებრალა. `ყოჩაღად იყავი, არ დაეცე~, დაუყვირა. ვაგონში უკვე ისეთი ხმაური იდგა სწრაფი სრბოლისგან, რომ ძნელი იყო რაიმე გაეგონებინა მისთვის. ცოლმა პასუხად ტუჩები ააცმაცუნა. კაცმა ვერაფერი ვერ გაიგონა. `რა სთქვი?~ ხმამაღლა დაუყვირა. ქალმა ისევ გააღო პირი, მაგრამ კაცმა ვერც ახლა გაიგონა რაიმე. `ნუ გეშინია, მალე მივალთ~. ისევ დაუყვირა კაცმა და თვითონვე გაუკვირდა, საკუთარი ნათქვამი. სად მივალთ, როდის მივალთ... კიდევ კარგი, არაფერი ისმის, ^თორემ რომ მკითხოს, სად მივდივართო, რა უნდა ვუთხრა? მერე ბავშვზე გადაიტან მზერა. მზის ღუნღულა, მრგვალ თავს მნათი რკალივით ევლებოდა გარედან შემოჭრილი შუქი, თითქოს მთვარისებურიმცხრალი შარავანდედი ედგა თავზე. `მაგრად მოეჭიდე~. მასაც დაუყვირა კაცმა, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ვერაფერს გააგონებდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია კაცმა, ის შორეული წერტილი, საითკენაც ცეცხლისფრად მოელვარე რელსები მიემართებოდნენ, იმ წერტილში სხვა ცეცხლოვანი ხაზებიც იკვეთებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იყო გადაკვეთის წერტილი. გამაყრუებლად აგრუხუნებული ვაგონი სწორედ მისკენ მიჰქროდა. `ნეტავი რა უნდა მოხდეს იქ, იმ წერტილში, ხომ არ სჯობს შევჩერდე.~ გაიფიქრა კაცმა და თავის გულს მიაყურადა. არა! ოღონდ ნუ შევჩერდები, ოღონდ ნუ იქნება ისევ ის გაქვავებული, გაყინული უმოძრაობა, მინდა ვიყო `მსრბოლი სხეული მსრბოლ სამყაროში~. სხვა დანარჩენი სულერთია... ვაგონმა თითქოს კიდევ უფრო უმატა სრბოლას. გადაკვეთის წერტილი ახლოვდებოდა, ახლოვდებოდა რაღაც აღუწერელი, განუზომელი სიჩქარით. კაცმა ხელი გაუშვა ფანჯრის ჩარჩოს, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე ეჭიდებოდა. დამჯდარმაც ვეღარ აგძლო, ფეხზე წამოდგა. ახლა იგი არაფერს ებღაუჭებოდა. თითქოს ვაგონის იატაკიც გაჰქრა სადღაც, ყოველ შემთხვევაში, საყრდენის მსგავსს ვეღარაფერს შეიგრძნობდა ფეხქვეშ. ხელები გაშალა, რათა როგორმე წონასწორობა დაეცვა და ასე მიჰქროდა თავაწყვეტილი, გიჟური სისწრაფით გადაკვეთის წერტილისკენ. სხვა ვერაფერს ხედავდა იმ ცეცხლოვანი წერტილის გარდა, სადაც ცეცხლისფრად მოელვარე რელსები ხვდებოდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ბავშვის თავზე მორკალული სინათლის მცხრალიშარავანდედი თუ გაიელვებდა ხოლმე სადღაც გვერდით ჟამიდან ჟამს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა :)) მადლობა :))
1. ფიქრი და ემოცია შემოიტანა თქვენმა მოთხრობამ, თუმცა რის თქმა გინდოდათ, ბოლომდე ვერ ჩავწვდი...ეს კია, თქვენეული მარადიული სწრაფვის იდეა სრბოლისკენ რაღაც უცნაური ძალით მუხტავს სულს...სულ სასიამოვნოდ მიკვირს, საიდან იბადება თქვენი ესოდენ უცნაური მოთხრობების ფაბულები. ფიქრი და ემოცია შემოიტანა თქვენმა მოთხრობამ, თუმცა რის თქმა გინდოდათ, ბოლომდე ვერ ჩავწვდი...ეს კია, თქვენეული მარადიული სწრაფვის იდეა სრბოლისკენ რაღაც უცნაური ძალით მუხტავს სულს...სულ სასიამოვნოდ მიკვირს, საიდან იბადება თქვენი ესოდენ უცნაური მოთხრობების ფაბულები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|