| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 14 ნოემბერი, 2014 |
პატარა, ლურჯი ტალღა ისეთი ანცი და მოუსვენარი იყო, წამითაც არ შეეძლო მშვიდად ყოფნა. როდესაც დიდ, მრისხანე ზვირთებს გულის ძილით ეძინათ სადღაც სიღრმეში მიმალულებს, ზღვის მოსარკული ზედაპირი ხან აქ, ხან იქ ამოიბურცებოდა ხოლმე. ეს პატარა, ლურჯი ტალღა იყო. თევზივით შეჰკრავდა კამარას ჰაერში და იქვე ჩაყვინთავდა კვლავ ახალი ნახტომისათვის გამზადებული. - დაწყნარდი, დაიძინე, - ეუბნებოდნენ დიდი ზვირთები, - აცალე ზღვას დაწყნარება, ჩვენც ნუ გვიფრთხობ ძილს. როცა ქარიშხალი ამოვარდება, მაშინაც მოასწრებს ანცობას. ეს სიტყვები თითქოს სულაც არ გაუგონიაო, პატარა, ლურჯი ტალღა უკანმოუხედავად მისრიალებდა ზღვის ბილიკზე და უამრავ ოინბაზობას ასწრებდა ამ ერთი გარბენის დროს; ხან თავზე გადაევლებოდა წყალზე არხეინად გაწოლილ მოცურავეს, რომელსაც ტალღების არსებობა თითქოს საერთოდ დაევიწყებინა და სიცილით კვდებოდა, როცა წონასწორობადაკარგული მოცურავე უთავბოლოდ მოჰყვებოდა ხელების ფართხალს. ხან რეზინის გასაბერ ლეიბს გადააყირავებდა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუ ლეიბის პატრონი წყალში ამოჰყოფდა თავს. ხან მოსეირნეებით სავსე ნავს შეანჯღრევდა და მოსეირნეებს გულებს უხეთქავდა. უფრო ხშირად კი პატარა, ლურჯ ტალღას ნაპირთან ცელქობა უყვარდა. აქ უფრო ფართო ასპარეზი იყო გაშლილი მისი დაუცხრომელი ფანტაზიისათვის. ერთი ფართიფურთით და ფორიაქით მოაწყდებოდა ნაპირს და გრილი შხეფებით წუწავდა მზეზე გამთბარ ფერად-ფერად კენჭებს. საკმარისი იყო მობანავეებს სულ ოდნავ მოედუნებინათ ყურადღება, მაშინვე უბოდიშოდ უტყაპუნებდა ცხვირ-პირში. მკლავს მიუწვდენდა და ზღვის სიღრმისაკენ მიაქანებდა ყველაფერს, თუ რამეს მოიხელთებდა ახლომახლო. სწრაფი სირბილით წამოეწეოდა სასაცილოდ მობაჯბაჯე პატარა ბავშვებს და ცხვირს თეთრ ქაფში წაარგვევინებდა, ანდა რეზინის ჭრელ ბურთს წაართმევდა და მერე შორიდან აჯავრებდა, აბა, თუ ბიჭი ხარ, მოდი და წაიღეო. და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენ ოინს და გასართობს იგონებდა პატარა, ლურჯი ტალღა, მათ ჩამოსათვლელად არც დრო ეყოფა ვისმეს, არც ფურცელი და მელანი. ასეთი თავნება და ხუშტურებიანი ხასიათის მიუხედავად, ბავშვებს ძალიან უყვარდათ პატარა, ლურჯი ტალღა და მასთან თამაშს არაფერი ერჩივნათ. თოლიები ხომ მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ, თევზაობაშიც დაუზარლად ეხმარებოდა თოლიებს. არც მზე ყოფილა გულგრილი პატარა, ლურჯი ტალღის მიმართ, მუდამ გულიანად ეღიმებოდა მის გაუთავებელ ოინბაზობაზე. მაგრამ ყველაზე კარგად მაშინ გრძნობდა თავს პატარა, ლურჯი ტალღა, როცა ზღვა ღელვას იწყებდა, როცა დიდი, მრისხანედ მოგუგუნე ზვირთები ნელ-ნელა ატორტმანდებოდნენ და მუქარით დაიძვრებოდნენ ნაპირისაკენ. ამ დროს პატარა, ლურჯი ტალღა ქეჩოზე შემოასკუპდებოდა ყველაზე დიდ ზვირთს და მასთან ერთად თავაწყვეტილი მოექანებოდა ნაპირისაკენ. როცა ზვირთი საკმაო მანძილს გაირბენდა ქვიშაზე და უკან დახევას იწყებდა, მაშინვე ჩამოხტებოდა და კიდევ ასწრებდა რამდენიმე ნაბიჯის გარბენას, მერე თვითონაც უკან იხევდა. ამრიგად პატარა, ლურჯი ტალღა ყველაზე შორს იჭრებოდა ნაპირის სიღრმეში ღელვის დროს და ეს იყო მისთვის ყველაზე სანუკვარი გასართობი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ზეიმი. სიხარულისაგან პირდაპირ დაფრინავდა ჰაერში ქაფის თეთრი არშიებით მორთული. ერთხელაც, ძალიან დიდი ღელვის დროს პატარა, ლურჯმა ტალღამ ბევრი ისეირნა ნაპირზე. ისეთ ადგილებამდე მიაღწია, სადაც ადრე ქაფის შხეფებიც კი ვერ მიეწვდინა. გული მაინც ვერ იჯერა. ისევ და ისევ მოექანებოდა ნაპირისაკენ ზვირთების ქეჩოზე შემოსკუპული. მოულოდნელად, ყველაზე დიდი ნახტომის დროს, ქვისკედლებიან აუზში მოადინა ტყაპანი. შეშფოთებული მიაწყდა აუზის კედლებს პატარა, ლურჯი ტალღა, სცადა უკანვე ზღვაში დაბრუნება, ამაოდ. ქვის ჯებირებში საიმედოდ იყო მომწყვდეული. შორიახლოს ზვირთებს გაჰქონდათ გუგუნი. ო, როგორ უნდოდა ისევ მათ ქეჩოზე წამოსკუპება და თავაწყვეტილი სრბოლა. ყურს უგდებდა და ელოდა, იქნებ მომაწვდინოს მკლავი დიდმა ზვირთმა და ისევ ზღვაში დამაბრუნოსო. ვეღარ მიუწვდინეს მკლავები დიდმა ზვირთებმა. ზღვა უკვე დამშვიდებას იწყებდა და ისინი ნელ-ნელა ისევ სიღრმეებში ეშვებოდნენ, რათა გულისძილით გამოეძინათ მომავალი ღელვის დაწყებამდე. სულ მალე ზღვა მთლიანად დაწყნარდა. რაკი აღარაფერი აშფოთებდა, მისი ზედაპირი ადრინდელზე უფრო მეტად მოისარკა. ისე გლუვი და უძრავი იყო, როგორც წყალი ვედროში. ღელვის დროს დაცარიელებული ნაპირი ისევ აივსო მობანავეებით. პატარა, ლურჯ ტალღას რა დააწყნარებდა. დიდი თევზივით მოუსვენრად წრიალებდა და თავ-პირის მტვრევით აწყდებოდა აუზის ქვის კედლებს. ბოლოს მისმა განუყრელმა მეგობრებმა თოლიებმა აღმოაჩინეს მისი ადგილ-სამყოფელი. თოლიები ხომ მუდამ თავზე დასტრიალებენ მთელ სანაპიროს და მათ მხედველობიდან არაფერი გამორჩებათ. პატარა, ლურჯი ტალღა ქვის აუზში მომწყვდეულაო, ცა და მიწა გნიასით შეძნეს თოლიებმა. მათი წყალობით ყველამ გაიგო ეს ახალი ამბავი. მობანავეებმა მიატოვეს მზით გამთბარი ქვიშა და ქვის კედლებიან აუზს მიაშურეს, უნდოდათ საკუთარი თვალით ენახათ დატყვევებული პატარა ტალღა. ისინი მჭიდრო წრედ შემოერტყნენ ირგვლივ აუზს. პატარა, ლურჯ ტალღას ესმოდა მათი ხმა, დანახვით კი ვერ ხედავდა, აუზი მეტად ღრმა იყო. მას მხოლოდ მზის დანახვა შეეძლო იქიდან. მზე ახლაც ისევ გულიანად უღიმოდა, როგორც ძველ კურთხეულ დროს, ზღვის ლურჯ ბილიკებზე თავისუფლად ნავარდისას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. თავშეყრილი ხალხი გაუთავებდა უზიარებდა ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ამიტომ აუზის ირგლივ გაურკვეველი გუგუნი იდგა. ხანდახან გამოიკვეთებოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები: ,,საწყალი... როგორ წრიალებს... ეტყობა ისევ ზღვაში უნდა დაბრუნება~... - მობუზღუნე ხალხი ხომ ყველგან არის, აქაც თვალისდახამხამებაში გაჩნდნენ: ,,ახია რაც მოუვიდა... დიდი მოუსვენარი იყო... მაგის შიშით ვეღარ ვბანაობდით... ნაპირზეც არ გვასვენებდა, ერთხელ ცივი წყალი გადამავლო და გამომეღვიძა... მე შემწვარი სიმინდის ტარო ამაცალა პირდაპირ ცხვირწინ...~ ბავშვის ხმაც მოისმა, პატარა, ლურჯ ტალღასთან თამაში მომენატრა, ისევ ზღვაში გაუშვითო, - მოითხოვდა. ამ ლაპარაკში ერთი მაღალი ხმა გამოიკვეთა. იგი ისე რიხიანად ჟღერდა, პატარა, ლურჯმა ტალღამ ტირილი შეწყვიტა და ყური მიუგდო. სამწუხაროდ, დანახვა არ შეეძლო, რიხიანი ხმის პატრონს გარეგნობაც ფრიად შთამაგონებელი ჰქონდა. კარგად ნაპატივებ, ჩასუქებულ ტანზე ჭრელი ხალათი წამოესხა, ხელიდან საპლაჟო ჭრელ ქოლგას არ იშორებდა. - ზღვაში დავაბრუნოთო? - თქვა მან, - ასეთი საჭოჭმანო საკითხის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტა სად გაგონილა. ჯერ გულდასმით მოვიფიქროთ, ავწონ-დავწონოთ და მერე გადავწყვიტოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი ზღვაში დაბრუნება. პატარა, ლურჯი ტალღა, ანუ ლურჯი, პატარა ტალღა, მე თუ მკითხავთ, ჩვენთვის ძალიან საშიშია. მე მხედველობაში მაქვს მისი, ასე ვთქვათ, მეტად სახიფათო თვისება, მოულოდნელი გამოჩენის უნარი. იგი თავს გვესხმის მაშინ, როცა ზღვა წყნარია და ტალღებს არსაიდან ველით. თვალებს ქაფით გვიბრმავებს და დახრჩობით გვემუქრება. ხოლო როდესაც ზღვა ღელავს, ჩვენ ზღვაში არ შევდივართ საბანაოდ, ამიტომაც დიდი ზვირთები ჩვენთვის სულაც არ არიან საშიშნი. რიხიანი ხმის პატრონმა ცოტა შეისვენა, მინერალური წყალი მოსვა და ისევ გააგრძელა: - გარდა ამისა, პატარა, ლურჯ ტალღას ანუ ლურჯ, პატარა ტალღას, შეიძლება ჰქონდეს სხვა, კიდევ უფრო სახიფათო თვისებები, რომლებზედაც ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რადგან იგი მათ ჯერ არ ამჟღავნებს, აქედან გამომდინარე პატარა, ლურჯი ტალღის ზღვაში დაბრუნება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, უფრო მეტიც, დაუშვებელია, მე შემიძლია დამაჯერებელი არგუმენტებით დაგიმტკიცოთ, რომ... ვინაიდან... რადგან... მაშასადამე... პატარა, ლურჯ ტალღას ჯერ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა მისი სიტყვები, მერე სულაც ჩაეძინა და არ მოუსმენია ჭრელხალათიანის დამაჯერებელი არგუმენტები, თუმცა კი ძალიან აინტერესებდა გაეგო, რას უპირებდა ეს ამდენი ხალხი. რა ექნა, არ იყო მიჩვეული ერთი და იგივე ტონალობის ბგერების დიდხანს მოსმენას. იგი ისეთ სამყაროში დაიბადა და გაიზარდა, სადაც ყოველ წამს სულ სხვადასხვა ტონალობის, აუწერლად მრავალფეროვანი ბგერები იბადებოდნენ და იქვე ქრებოდნენ, რათა ახლებისათვის დაეთმოთ ადგილი. აუზის ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა გამოაღვიძა. ხმაური ვიღაც პოეტის გამოსვლას გამოეწვია. - პატარა, ლურჯი ტალღა, პატარა ლურჯი ტალღა, - წამღერებით თქვა მან, - მე ლექსი მინდა დავწერო პატარა, ლურჯ ტალღაზე. ცოტა ხნით მაინც გაუშვით ზღვაში და მერე თუ გინდათ, ისევ დააბრუნეთ უკან. - გესმით თუ არა, რას ამბობთ? - პირში ეცა ჭრელხალათიანი. - იცით, ეს რა ხარჯებთან არის დაკავშირებული? თქვენ, პოეტები ამაზე არ ფიქრობთ. მე შემიძლია დამაჯერებელი არგუმენტებით დაგიმტკიცოთ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე გაწეული ხარჯები მიაღწევს რიცხვს, რომელიც ექვსნიშნა ციფრით გამოიხატება. და ზარალი ამით გამოწვეული... მაშასადამე... აქედან გამომდინარე... პატარა, ლურჯ ტალღას ისევ ჩაეძინა და აღარ გაუგონია ჭრელხალათიანის მიერ მოყვანილი ციფრების კორიანტები. მერე ისევ გააღვიძა ატეხილმა ხმაურმა. კამათმა ახლა ისეთი ძალით იფეთქა და ისეთი ამბავი ატყდა, პატარა, ლურჯმა ტალღამ იფიქრა, ასეთი რამ დიდი ღელვის დროსაც არ გამიგონიაო. სეტყვასავით მოდიოდა ერთმანეთის გამომრიცხველი არგუმენტები, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ, საქმე კინაღამ მუშტი-კრივამდე მივიდა, ბევრი არაფერი დაჰკლებია. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მოწინააღმდეგენი ყოველ წამს იცვლიდნენ შეხედულებებს. რასაც ორიოდე წუთის წინ ცას და ქვეყანას თავგამოდებით უმტკიცებდნენ, ახლა სწორედ მის საწინააღმდეგოს გაიძახოდნენ. და ამას დასასრული არ უჩანდა. პატარა, ლურჯ ტალღას ეჭვი შეეპარა, მართლა აპირებდა თუ არა ხალხი მის შველას, სასოწარკვეთით მორთო აუზში წრიალი. რა მეშველებაო, შესჩივლა ცაზე გულიად მომღიმარ მზეს. უეცრად მოეჩვენა, მოეჩვენა კი არა, ნამდვილად ასე იყო, მზემ მხიარულად ჩაუკრა თვალი. ისე დღე ასე დაღამდა. მოკამათეებმა ვერ მოასწრეს რაიმე გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. ზღვა იყო წყნარი და უძრავი. როგორც წყალი ვედროში. ბავშვები მოწყენით ჭყუმპალაობდნენ და პატარა, ლურჯ ტალღას ნატრობდნენ, მაგრამ, სად იყო... მეორე დღეს დილაადრიანად დაიწყო ქვისკედლებიან აუზთან საწინააღმდეგო არგუმენტების გაცვლა-გამოცვლა. მოკამათეთა რიცხვი ახლა უფრო გაიზარდა. საიდან აღარ მოვიდნენ კამათში მონაწილეობის მისაღებად. ჭრელხალათიანი აუზის კიდესთან, გასაშლელ სავარძელში იჯდა, ხელში თავისი განუყრელი ქოლგით. თუ ვინმე ეტყოდა, ჯერ დაისვენეთ, იბანავეთ და მერე შეუდექით საქმესო, წამებული სახით შეხედავდა და ასე უპასუხებდა: სად მცალია დასასვენებლად, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დაუყონებლივ მოელის გადაწყვეტასო. პატარა, ლურჯი ტალღა, ანუ ლურჯი, პატარა ტალღა, ასედაც შეიძლება ითქვას, ძალიან საშიშია, უფრო მეტიც, მავნებელია რადგან... ვინაიდან... აქ როგორც წესი, პატარა, ლურჯ ტალღას ჩაეძინებოდა ხოლმე. როცა კამათი ახალი ძალით იფეთქებდა, ისევ ეღვიძებოდა და აუზში დიდი თევზივით მოჰყვებოდა წრიალს. და როცა გულიანად მომღიმარ მზეს შეხედავდა, მზე ყოველთვის ეშმაკურად უკრავდა თვალს. რამდენ დღეს გაგრძელდა ასე, ეს არაა ცნობილი. დღეებს არავინ არ ითვლიდა, სად ეცალათ, თავგადაკლულები მსჯელობდნენ თუ როგორ მოქცეულიყვნენ, გაეშვათ პატარა, ლურჯი ტალღა ზღვაში თუ არ გაეშვათ. პატარა, ლურჯი ტალღა მაშინ თუ შეირხეოდა ოდნავ, როცა რომელიმე მოკამათეთაგანი თხილის ნაჭუჭს ან მზესუმზირის ჩენჩოს დააბერტყავდა ზურგზე. და ერთ მშვენიერ დილას, როცა მოკამათეები ჩვეულებისმებრ მიადგნენ აუზს საკამათოდ, იქ პატარა, ლურჯი ტალღა აღარ დახვდათ. - სად გაქრა პატარა, ლურჯი ტალღა? - გაიოცა ყველამ ერთად. - ალბათ, აორთქლდა. - ივარაუდა ვიღაცამ. დაათვალიერეს აუზი და მარილიანი შრეების მიხედვით დაასკვნეს, მართლა აორთქლებულაო. დაცარიელებული აუზის პირას ნაკლები სიმძაფრით და მღელვარებით როდი გაჩაღდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვიდრე ამას უწინ ჰქონდა ადგილი, ყველა უკმაყოფილო იყო მისი უსაქციელობით. რამ უბიძგა, რომ ასეთ საეჭვო გზას დასდგომოდა? რისთვის მოგვექცა ასე უპატივცემლოდ ამდენ ხალხს, განა არ იცოდა, რომ მისი კეთილდღეობისათვის ვზრუნავდით? - აი, იმ კითხვების არასრული სია, რაც აგრერიგად აწუებდა და აფორიაქებდა აუზის ირგლივ თავშეყრილ ხალხს. - უჯობდა ასე უდროოდ არ აორთქლებულიყო და ჩვენთვის ეგდო ყური, - თქვა რიხიანი ხმის პატრონმა, - დღეს აუცილებლად გამოვიტანდით რაიმე გარკვეულ გადაწყვეტილებას და მაშასადამე, გადამჭრელ ზომებსაც დროზე მივიღებდით, ახლა კი თავის თავს დააბრალოს, რაც მოუვა. უკმაყოფილო იყო ბუზღუნა ხალხიც, აბა რაღაზე უნდა ებუზღუნათ? აღარსად ჩანდა პატარა, ლურჯი ტალღა. მზე, როგორც ყოველთვის, ახლაც გულიანად იღიმებოდა და ოქროვან შარავანდედს აფრქვევდა ლაპარაკში გართულ ხალხს. მერე მზემ, თითქოს თავის ღიმილის დაფარვა სურსო, თეთრი ღურბლის პირბადე ჩამოიფარა და მის მიღმა იცინოდა თავისთვის. უცბად იმ ღრუბლიდან შხაპუნა წვიმა წამოვიდა. მოკამათეებმა ახლა კი იკადრეს დაშლა, აქეთ-იქით გაიქც-გამოიქცნენ თავის შესაფარებლად. სანაპიროც ერთ წამში დაცარიელდა. მალე გადაიღო წვიმამ. პირდაბანილმა, უფრო გასხივოსნებულმა მზემ გამოანათა და ნამიანი ქვიშა თვალისმომჭრელად ააბრჭყვიალა. მოკამათეებმაც ზღვას მიაშურეს და პირველი, რაც მათ იქ იხილეს, ეს იყო პატარა, ლურჯი ტალღა. ისევ ძველებურად დგაფადგუფით აწყდებოდა ნაპირს და ყირაზე გადადიოდა მისი ნახვით უზომოდ გახარებულ ბავშვებთან ერთად. მართლაც რა დიდი სიხარული იყო მათთვის. რახანია ნატრობდნენ და აუსრულდათ კიდეც ნატვრა, ისევ მათთან იყო პატარა, ლურჯი ტალღა, ერთად იგონებდნენ ათასგვარ ოინბაზობას. ყველას ესიამოვნა მზეზე მოციმციმე პატარა, ლურჯი ტალღის დანახვა და ბედნიერი ბავშვების გახარებული სიცილი. ერთ მობუზღუნესაც კი გაეღიმა, იმას, ვინც სულ მის ძაგებაში იყო. - კარგად მოვიქეცით, რომ ზღვაში დავაბრუნეთ პატარა, ლურჯი ტალღა. - თქვა მან, რეზინის ლეიბზე გაწოლილიყო და ნეტარებით ნებივრობდა. - თქვენ ასე ფიქრობთ? - გამოეპასუხა რიხიანი ხმის პატრონი, - რისთვისაა საჭირო პატარა, ლურჯი ტალღა? რა სარგებლობა მოაქვს? მე თუ მკითხავთ, შემიძლია დამაჯერებელი არგუმენტებით დაგიმტკიცოთ, რომ... რიხიანი ხმის პატრონმა ვეღარ დაამთავრა სათქმელი, საიდანღაც პატარა, ლურჯი ტალღა გამოჩნდა და პირი წყლით აუვსო. როცა რიხიანი ხმის პატრონმა სახიდან თეთრი ქაფი მოიცილა და ისევ გააგრძელა ლაპარაკი, პატარა, ლურჯი ტალღა უკვე შორს იყო და აღარ მოუსმენია მისი დამაჯერებელი არგუმენტები. გალაღებული მისრიალებდა ზღვის ლურჯ ბილიკზე და ლამის ჰაერში ამხტარიყო თავის მეგობარ თოლიებთან. მოწმენდილი ციდან მზე ეშმაკურად უკრავდა თვალს
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე მომეწონა პატარა, ანცი ტალღა :)
მე მომეწონა პატარა, ანცი ტალღა :)
1. აქ სულ პატარა მინიატურაც საკმარისი იქნებოდა, კი, მეც ვიგრძენი პატარა ლურჯი ტალღა მაგრამ, ძალიან წაგრძელებულია, ზედმეტი ფრაზებით, აქ სულ პატარა მინიატურაც საკმარისი იქნებოდა, კი, მეც ვიგრძენი პატარა ლურჯი ტალღა მაგრამ, ძალიან წაგრძელებულია, ზედმეტი ფრაზებით,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|