ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
18 ნოემბერი, 2014


მოხარხარე შადრევანი

მოხარხარე შადრევანი

ფრინველივით ჟღურტულებდა პატარა შადრევანი, ჰაერში ნარნარად ირწეოდა, მშვიდ ბგერებად და ბროლის წინწკლებად იფრქვეოდა. შადრევნის გვერდით გაშლილ ჭილობზე ვიღაც ხმელ-ხმელი აღნაგობის ჟღალწვერიან კაცს ჩაემუხლა. იფიქრებდი ლოცულობსო, თვალები ისე მიელულა, მაგრამ მე უკვე ვიცოდი, რაშიც იყო საქმე: ოქროპირი შადრევანს უსმენდა... და არა მარტო უსმენდა, არამედ ემუსაიფებოდა კიდეც. ამ დროს სულაც არ ენაღვლებოდა, თუ შემთხვევით ვინმე გახდებოდა ამ უჩვეულო საუბრის მოწმე. ეს ყველაფერი უკვე გაგებული მქონდა ნიაზის წყალობით. ამიტომ არ გამკვირვებია, როცა ჟღალწვერიანმა უეცრად, თითქმის დაწყებულ საუბარს აგრძელებსო, ასეთი რამ თქვა:
-...ჰო, მაგრამ მე მინდოდა გამეგო, ახსოვს თუ არა საკუთარი თავი. ჩვენ ხომ არაფერი გვახსოვს ჩვენი წინანდელი ცხოვრებიდან, არ გვახსოვს არაფერი... არ გვახსოვს არაფერი...
სიტყვა შუაზე გაწყვიტა, ისევ წინანდებურად გაირინდა თვალებმილულული. მე და ნიაზი შესასვლელში შევჩერდით. თუ დამსწრეებს არად აგდებდა ჟღალწვერიანი ოქროპირი, იმას კი ვეღარ იტანდა, თუ ვინმე ჩაერეოდა მათ საიდუმლო საუბარში. ესეც ნიაზისგან მქონდა გაგებული. ძალზე ენაწყლიანი ყმაწვილი გამოდგა. ერთი საათიც არ იყო გასული, რაც ერთმანეთი გვენახა და იმდენი რაიმე ჩამიკენჭა აქაურობის შესახებ, თითქმის ყველაფერზე მქონდა ზოგადი წარმოდგენა. უპირველეს ყოვლისა, გამარფთხილა ნიაზმა, არამც და არამც თვალში არ შეეჩხირო ოქროპირს, დაიცადე სანამ თვითონვე შეგამჩნევდესო.
-...მუმია დიდებულად იყო შენახული, რას ვიფიქრებდი, ასე კარგად თუ შეინარჩუნებდა სიცოცხლის უნარს. ხუმრობა ხომ არაა სამიათასი წლის წინათ გარდაცვლილი სხეული... ძველმა ქურუმებმა იცოდნენ თავიანთი საქმე. მკვდარ სხეულში უამრავი ცოცხალი უჯრედი იყო...
როყიოდ დაიჟღერა ამ სიტყვებმა ირგვლივ გამეფებულ მდუმარებაში. სიტყვებმა, რომლებიც არავისკენ არ იყო მიმართული. შადრევანი ვერ ჩაითვლებოდა ანგარიშგასაწევ მოსაუბრედ. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი... ჯერ კიდევ ბევრ წყალს უნდა ჩაევლო (თუნდაც ამ პატარა შადრევნის მიერ ამოფრქვეულ წყალს თუ ვიგულისხმებთ), სანამ ყოვლად უცნაურ მოვლენათა მთელი ჯაჭვი თავისთავად არ ცხადყოფდა ამ ჭეშმარიტებას, რომ ხანდახან, მოცალეობის ჟამს, შადრევანთანაც შეიძლება გასაუბრება. თურმე ბგერათა რა ამოუცნობი რებუსები იმალება ამ მშვიდ ჟღურტულსა და ჩურჩულში, რამდენი უცნაური ქარაგმაა მათში ჩაქსოვილი. და ვინ იცის, რათმდენ საოცრებას უამბობს, ვისაც მისი მოსმენა ხელეწიფება. ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, თუ ყურს გულდადებით მიაპყრობ მის იდუმალ მუსაიფს და სიცილს, დიახ, სიცილს... თურმე სიცილიც შეეძლო ამ პატარა შადრევანს, ასე მშვიდად მოჟღურტულეს. მერე როგორი სიცილი! ნამდვილი მეფისტოფელური, ეშმაკთან წილნაყარი სიცილი, ძარღვებში სისხლს რომ გაგიყინავს და სიკვდილ-სიცოცხლის მიღმა გადაგახედებს... თურმე სწორედ მისი მოსმენა უნდა მხდომოდა წილად.
ისევ დადუმდა ოქროპირი. ახლა შადრევნის ჯერი იყო, მას მიაპყრო ყურადღება... ჩამოვარდნილი სიჩუმე ისევ შეავსო შადრევნის ჟღურტულმა. იქაურობას თვალი მოვავლე: წრესავით, მრგვალ ფართო დარბაზში ვიმყოფებოდით, თავს მაღალი თაღი დაგვყურებდა, ნაცრისფრად შეფეთქილი. საერთოდ ირგვლივ ყველაფერს ნაცრისფერი ედო, ქვის გლუვ იატაკსაც და იმ მომცრო აუზსაც, რომელშიც ჩქეფდა შადრევანი. კედლების გასწვრივ რამდენიმე ღრმა წალო იყო გამოყვანილი, რომლებსაც შავი ხავერდის ფარდები ეფარა. ეს მრუმე ღამისფერი ლაქები როგორღაც ავბედით იერს აძლევდა ამ ნაცრისფერ გარემოს, თუმცა უნდა ითქვას, ერთგვარ პეწსაც არ იყო მოკლებული აქაურობა. ყველაფერს მზრუნველი ხელი ეტყობოდა. ხავერდის ფერდებზე მტვრის ნასახსაც ვერ შენიშნავდი. ჭილობს ოქროსფრად გაუდიოდა ბზინვა. ჟღალწვერიან ოქროპირსაც ახალთახალი ხალათი ემოსა, ოქროსფერი ნაყშენით მოხატული და ოქროსფერივე შესაბნევით შემკული. ჭილობი და ხალათი ერთგვარად ამსუბუქებდა იმ მძიმე შთაბეჭდილებას, რასაც ეს პირქუში ნაცრისფერი სენაკი ტოვებდა მნახველზე. ამასთან ერთად, ძალზე შეხამებულიც იყო აქაურობასთან ეს წვერიანი პატრიარქი. რაღაცნაირი მოშვებულობა თუ მოღვენთილობა იგრძნობოდა მთელ მის გარეგნობაში და იერშიც. როცა ჭილობზე გართხმულს დავყურებდი, უნებურად ხვიარა მცენარე გამახსენდა, დამოუკიდებლად წელს რომ ვერ იმაგრებს და აუცილებლად სხვა ცოცხალ არსებაში უნდა ჰპოვოს საყრდენი.
-...თუ ამასთაც არაფერი ახსოვს, მაშინ არ ყოფილა საშველი და ესაა, არ ჰქონია ადამიანის სულს მეხსიერება, ისე როგორც ცეცხლის ალს არ აქვს მეხსიერება...
ამას რომ ამბობდა, თავი სევდიანად გადააქნია ოქროპირმა, ჟღალმა ფთილებმა გაიფრიალეს, თავსაც ხშირი ჟღალი თმა უფარავდა. თითქოს მისი სიტყვების პასუხად, საოცრად მუსიკალური, ჰარმონიული ხმით დაიღჟურტულა შადრევანმა, გეგონებოდა ხმადაბლა კისკისებსო. იმავე წამს, გაავებულმა, გამყინავი ხმით წარმოთქმულმა სიტყვებმა დაფარა ჰარმონიული ნარნარი ბგერების კონა; შეწყვიტა შადრევნის იდუმალი კისკისი.
-...ნუ მეკამათები, თუ ღმერთი გწამს, ნუ მეკამათები. თავი მოიკლა მისი გულისთვის, ისე ძალიან უყვარდა. რაო, ესეც დაავიწყდებოდა? არა მგონია, რაღას უყურებთ, შემოიტანეთ.
ბოლო ორმა სიტყვამ სულ სხვა კილოთი დაიჟღერა. ნიაზი მაშინვე ადგილს მოსწყდა და გარეთ გავარდა, მეც მივყევი. თურმე ჩვენ გვეკუთვნოდა ის ორი სიტყვა. ნიაზიმ ფაციფუცით გააღო მანქანა. ორივემ შეერთებული ძალით გადმოვათრიეთ ჭრელ ნოხში საგულდაგულოდ შეხვეული მუმია, მომცრო კატაფალკაზე დავდეთ და ნაცრისფერ სენაკში შევაგორეთ. ჩემდა გასაოცრად, ამჯერად სენაკში კიდევ ერთი ადამიანი დაგვხვდა; ეს გახლდათ ათლეტური აგებულების, თითქოს ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ჭაბუკი. გრძელი შავი თმები მხრებზე ეფინა, ყურებში ოქროს რგოლები გაეყარა. წელამდე შიშველს, მუქი წითელი ფერის შარვალი ემოსა. ყველაფერ ამას, ალბათ, მორკალული სპარსული ხმალი დაამშვენებდა, მაგრამ ხმალზე რატომღაც უარი ეთქვა. ჭაბუკს ხელები ისე ჩამოეშვა, თითქოს მზადაა, ვიღაცას ეს-ესაა ყელში სწვდესო. ცისფერგარსიანი თვალები ჟღალი პატრიარქისთვის მიეშტერებინა.
როცა გარეთ გამოვდიოდით, მე ბევრად გავუსწარი ნიაზს. ამას მოგვიანებით მივხვდი, მაშინ, როცა სამიოდე წამი ველოდე, სანამ ნიაზს ისევ დავინახავდი. ხაზგასმული სიდინჯით გამოვიდა კარებიდან, სახეზე დამცინავი ღიმილი უკრთოდა.
- შენ თუ ასე დაფეთდი ყველაფერზე, სად წახვალ თუ იცი? - მითხრა და მანქანის კაბინაში მოკალათდა.
ღრმად ამოვისუნთქე და მის ამ სიტყვებზე უნებურად თვალი ჰორიზონტისაკენ გამექცა. მართლაცდა, სად წახვალ... უდაბნოს შუაგულში ვიყავით, უდანობს ყვითელი რკალი გვერტყა ირგვლივ, ერთიანად ქვიშისა და ბარხანებისაგან შეკრული ყვითელი რკალი, თავზე მზის გავარვარებული დისკო დაგვნათოდა...
ოაზისი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თვალს შეეძლო დაესვენა და სულს შვება ეგრძნო ამ ქვიშის უსაზღვრობაში ჩაკარგულს. აქ მოჩქეფდა პატარა მდინარე და მის ნაპირას ღვიოდა სიცოცხლე. ხავერდივით ღაღანებდა სიმწვანე, ჰარმონიული მუსიკასავით ტკბილი ხმით ჩქაფუნებდა პატარა შადრევანი ნაცრისფერ სენაკში. ამ წუთას, როცა უდაბნოს უსაღზვრობას გავცქეროდი, განსაკუთრებით მომესალბუნა შადრევნის ხმა...
არა, წასასვლელი არსად მქონდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში მაინც. ექსპედიცია, რომელსაც მე გამოვყევი ვითომდა უდაბნოს ქანების შესასწავლად (სინამდვილეში კი უფრო უდაბნოს ეგზოტიკა მიზიდავდა), ახლა უკვე შორის იყო აქედან. ჩემდა სავალალოდ უნდა ვაღიარო, რომ ვერ გამოვდექი მოგზაურად. ვერ ვივარგე უდაბნოსთვის. ერთია, როცა ეკრანზე ანდა ფერადნახატებიან წიგნში შეჰყურებ უდაბნოს, მაგრამ თუ მართლა მოინდომეს ქვიშის ბარხანებზე გასეირნებას, ეს სულ სხვა რამეა. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს და გულში ჩაიბეჭდოს, რათა ჩემნაირ დღეში არ აღმოჩნდეს. ჩემს დღეში არ დამელია იმდენი წყალი, რაც მაშინ დავლიე. მუცელში წყლის ჭაპაჭყუპი გაუდიოდა, მე ისევ მწყუროდა და წყალს მოვითხოვდი. ბოლოს უარი მითხრეს, გეყოფაო. ლამის ტკიპასავით ვიყავი იმ ბალონზე მიკრული, რითაც წყალი მიგვქონდა, მოჯადოებულივით ვეღარ ვშორდებოდი, სხვა რამეზე ფიქრი აღარ შემეძლო... ის იყო ჩემს უკანვე გაგზავნას აპირებდნენ, როცა პალმების მწვანე კენწეროები გემის აფრებივით ამოცურდა ყვითელი ქვიშის ზღვაში... ასე უდავიდარაბოდ მომიშორეს თავიდან, დამტოვეს მზის ოაზისში, თანაც დამპირდნენ, აქეთობას ისევ თან გაგიყოლებთო.
სიტყვაც არ მითქვამს საწინააღმდეგო. ისედაც კმაყოფილი ვიყავი, საქმე რომ ასე შეტრიალდა. სამოთხეს ჰგავდა აქაურობა. ნიაზიც იმავე დღეს გავიცანი; მდინარის პირას შევხვდი, მანქანით მოგრიალდა და ბალონს წყლით ავსებდა, გამომელაპარაკა, ამ პატარა ოაზისში თურმე ყველა იცნობდა ერთმანეთს და ჩემი გაცნობაც მოინდომა. მერე კი შემომთავაზა, დამხმარედ აგიყვანო, მეც მეტი რა მინდოდა. მართალია, ჩემი სამყოფი საკვები თან მქონდა, ჩემი წილი კონსერვების (და უფრო მეტიც) მარაგი დამიტოვეს, მშვენიერი პატარა კარავიც, ცოტაოდენი ფულიც მიჩხრიალებდა ჯიბეში, მაგრამ სამუშაოზე უარის თქმა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. დრო უფრო სწრაფად გავიდოდა, ცოტა შემოსავალიც მექნებოდა; რა იცი, რამდენ ხანს დააგვიანებდა ექსპედიცია? მით უმეტეს სამუშაო დიდად საძნელო არ იყო. მე და ნიაზი ყოველდღე მივემგზავრებოდით მზის ოაზისიდან (ასეთი პოეტური სახელი ერქვა აქაურობას) აღმოსავლეთით, ამომავალი მზის მიმართულებით. დაახლოებით ორი საათის სავალ მანძილზე დიდი გათხრები მიმდინარეობდა, მთელი ქალაქი აღმოეჩინათ, ძალზე მდიდარი სამარხები, დიდი ხნის წინათ ქვიშის ზღვაში შთანთქმული. სამარხების უმეტესობა ადრევე დაეძარცვათ, მაგრამ გაუძარცვავიც ბევრი გადარჩენილიყო და იქ აღმოჩენილი სიმდიდრე ძალზე შთამაგონებელი ციფრებით განისაზღვრებოდა. გაუძარცვავ სამარხებში საგულდაგულოდ შემურული მუმიები ესვენა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ახლად აღმოჩენილი მუმიების შემურვის წესი რაღაცით ენათესავებოდა საყოველთაოდ ცნობილ ძველეგვიპტურ წესებს, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავდებოდა კიდეც ბევრი რამით მისგან. თუ რაში მდგომარეობდა ეს განსხვავება, მომავალი კვლევა-ძიების შედეგები გვიჩვენებსო, ამბობდნენ. ზუსტად ასეთივე აზრს გამოთქვამდნენ აკლდამებში აღმოჩენილ ნივთებისა და ძვირფასეულობის შესახებ. ხალხი ფუტკარივით ეხვეოდა იქაურობას, გასაშლელი კარვების მთელი რიგები იდგა, რამდენიმე ასაწყობი სახლიც დავინახე... მე და ნიაზს მანქანიდან გადმოგვქონდა ახალი ხილი, წვენები, პროდუქტები და თავშეყრილ მკვლევარებს ვურიგებდით. უკან დაბრუნებისას თან მოგვქონდა ზოგიერთი აღმოჩენილი ნივთი, ანდა რომელიმე მუმია, სქელ ნოხში საგულდაგულოდ შეფუთული.
გულზე მძიმე ტვირთი მეხსნებოდა, როცა ისევ დავინახავდი მწვანე თაღებივით აღმართულ პალმებს. როგორ ესალმუნებოდა სულს და გულს მათი ხილვა იმ ქვიშის ზღვაში მოგზაურობის შემდეგ. ნიაზი რაღაცას უსტვენდა და მშვიდად ატრიალებდა საჭეს, მანანის ფართო საბურავები წყნარად შრიალებდნენ. ცოტაც და, სამოთახისებურ სიმწვანეში შევგრიალდებოდით... მართლაც სამოთხესავით მშვენიერი იყო აქაურობა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მომწონდა. პალმების ხეივანი როგორღაც განსაკუთრებული სიმშვიდის და სიმყუდროვის განწყობილებას ქმნიდა, რასაც კიდევ უფრო აძლიერებდა ძველისძველი ტაძრის ნანგრევები. პალმების ხეივნიდან ამ ნანგრევების გარდა არაფერი მოჩანდა, აქედან ვერც ერთ სხვა ნაგებობას ვერ დალანდავდი, ნაგებობანი კი მზის ოაზისში მრავლად იყო, აქაურობა უამრავ მკვლევარ-მეცნიერს აევსო. თეთრ, მომცრო კოტეჯებში ცხოვრობდნენ, პალმების ხეივნიდან კარგა მოშორებით. აქედან მათ თვალსაც ვერ მოკრავდი. ალბათ ამიტომაც სუნთქავდა აქაურობა რაღაც განსაკუთრებული სიმყუდროვით. მე და ნიაზი აქ ხშირად ვსეირნობდით.
ერთხელ ნიაზიმ გაიხსენა, თუ როგორ დავფრთხი იმ დღეს ნაცრისფერ სენაკში და ასეთი რჩევა-დარიგებით ამავსო: არასოდეს შეიმჩნიო, თუ რაიმე გაგიკვირდება ან გეუცხოვება, ანდა ვთქვათ, სასაცილო გეჩვენება, თორემ იმ დღიდანვე, იცოდე, ფეხსაც ვეღარ შემოდგამ მზის ტაძარშიო, ოქროპირს ეგეთები არ უყვარსო.
მზის ტაძარში! რა ამაყად, რა მშვენივრად ჟღერს. მერედა რას წარმოადგენს ამჟამად, რა არის მისგან დარჩენილი?.. ვინ იცის, ერთ დროს რა დიდებული ნაგებობა უნდა ყოფილიყო, ხუროთმოძღვრების ნამდვილი სასწაული. მის წარსულ დიდებაზე ერთი სვეტის ნაშთიც აშკარად მეტყველებს, რომელსაც ხუთი კაციც ძლივს შემოაწვდენს ხელს ირგვლივ... მთელი ამ დიდებულებიდან ერთადერთი ნაშთი გადარჩენილა უვნებლად, სწორედ ის, რადაც ახლა ოქროპირის ნაცრისფერი სენაკი გახლავთ, შიშველი ნაცრისფერი კედლები, ქვის იატაკით... ერთ დროს თურმე აუწონელი სიმდიდრე ყოფილა თავმოყრილი ამ ტაძარში. აქ მზის ხატება სუფევდა, მზის ხატებას კი ოქროს გარდა სხვა რაიმე მასალას ვერ შეჰკადრებდნენ. ოქრო იგივე მზის სხივია, ოღონდ მყარ მდგომარეობაში, ასე ღაღადებდნენ მზის ტაძრის ქურუმნი. მათ ერთიანად მოოქროვილი სამოსი ეცვათ, თმაზე და გრძელ წვერ-ულვაშზე ოქროს მტვერი ეყარათ ღვთისმსახურების აღსრულების დროს (აქ უნებურად ოქროპირი გამახსენდა თავისი ჟღალი თმებით და წვერ-ულვაშით. აი, ვის მოუხდებოდა ოქროს ფხვნილის დაფრქვევა!). განსაკუთრებით ნაცრისფერი სენაკი ამიწერა ნიაზმა დაწვრილებით. ისე აღწერდა ყველაფერს, თითქოს საკუთარი თვალით ენახა. იგი თურმე საიდუმლო ღვთისმსახურებისთვის ყოფილა განკუთვნილი და მისი მიმართულებაც იშვიათი სინატიფით და სიმდიდრით გამოირჩეოდა. იატაკზე ეგო წმინდა ვერცხლის ფილები, თითქოს ყინულზე დადიოდი, კედელზე ბაჯაღლო ოქროს ფიგურები და ბარელიეფები იყო გამოყვანილი. მაღლა კი, თაღქვეშ, პატიოსან თვალთა თაიგული ყოფილა ჩამოკიდებული. და ეს წნული ნამდვილ მზესავით ბრწყინავდა, რამეთუ მუდამ განათებული იყო გუმბათში საგანგებოდ დატოვებული ღრიჭოებიდან შემოჭრილი მზის სხივების კონებით. ღრიჭოები ისე ყოფილა განლაგებული, რომ თუ ერთი მათგანიდან მზის სხივი გადაინაცვლებდა, მაშინვე მეორედან შემოიჭრებოდა და იკავებდა მის ადგილს. სარკეების მთელი სისტემსაც უწყობდა ხელს, რათა მუდამ განათებული ყოფილიყო ძვირფასი თვლების თაიგული. ამიტომაც მზის ტაძარში მუდამ ენთო მეორე მზე, ნამდვილ მზესავით მბრწყინავი და დიდებული. ის პატარა შადრევანი მაშინაც ჩქეფდა, ოღონდ აუზის ნაპირები ზურმუხტით იყო მოპირკეთებული, ხოლო მის ფსკერზე ნამდვილი მარგალიტები ეყარა. აქ გაისმოდა მზის ღვთაების სადიდებელი საგალობლები, აქ იმართებოდა საზეიმო ღვთისმსახურებანი, მრავალი საოცრებანი ისხამდა ხორცს ადამიანის თვალის სახილველად, რომელთა საიდუმლოც თან წარიტანეს ოქროს მტვერდაფრქვეულმა ქურუმებმა.
- იმ ძველ ქურუმებს მუმიის გაცოცხლება და ალაპარაკება შეეძლოთ, - თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა ნიაზი, - თუმცა ჩვენს ორ მუგუზალსაც ნუ ეხუმრები, მაგდენი მაგათაც შეუძლიათ და უფრო მეტიც...
მე სიტყვა შევაწყვეტინე, ვკითხე, რომელი მუგუზლები ჰყავდა მხედველობაში.
- ოქროპირი და სოლომონი, - მითხრა სიცილით, - აბა, ერთი კარგად შეხედე, მუგუზლებს არ ჰგვანან? ოღონდ ოქროპირი ანთებული მუგუზალია, სოლომონი - ჩამქრალი...
- სოლომონი ვინღაა, ბრინჯაოს ქანდაკება?
- სწორედ ეგაა, - თავი დამიქნია ნიაზმა, - თუმცა იგი მეორეხარისხოვანი ფიგურაა ამ ამბავში, იგი ეხმარება ანთებულ მუგუზალს თავისი კუთნების ძალით და კიდევ... სასიცოცხლო ძალით, ეს მხოლოდ მათთვისაა ცნობილი. მთავარი გმირი ოქროპირია, საკმარისია ორიოდე ცოცხალი უჯრედი მაინც აღმოაჩინოს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილ სხეულში, მეტიც არ უნდა. ისე წამოახტუნებს ფეხზე, თითქოს ღრმა ძილიდან გამოაფხიზლაო.
აქ მე შევნიშნე, რომ მსგავსი ცდები დიდი ხანია მიმდინარეობს სუფთა მეცნიერულ საფუძველზე. ამის შესახებ პერიოდულ პრესაშიც იბეჭდება.
- ეგ არაა მთავარი, - ცხარედ შემესიტყვა ნიაზი, - ოქროპირი ამას სულ სხვანაირად ახერხებს, რაღაც განსაკუთრებული მეთოდები აქვს. ამბობენ თითქოს, - აქ ირგვლივ მიმოიხედა ნიაზმა, - სწორედ იმ ძველი, მზის ტაძრის ქურუმების საიდუმლო მიეკვლიოს... ეგ და სოლომონი რაღაც ქაჯურ ფხვნილებს ამზადებენ, ერთი წითელი ფერისაა, მას სიცოცხლეს ეძახიან, მეორეს, თეთრი ფერისას, სიკვდილი ჰქვია. მერე ამ ფხვნილებს ცეცხლში ყრიან... ერთი სიტყვით, როცა იქნება, შენი თვალით ნახავ, ჩემი ნაამბობი შეიძლება არ დაიჯერო...
- მერედა, როდის ვნახავ?
- მალე, სულ მალე. ამას წინათ აკლდამაში ერთი ისეთი მუმია აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან აინტერესებდა ჩვენს მუგუზალს, ხვალ თუ ზეგ სწორედ ჩვენ მოგვიხდება მისი გამოტანა...
- საინტერესოა, რაზე ლაპარაკობს მკვდრეთით აღმდგარი მუმია, - ვთქვი მე, თან გამაჟრჟოლა ამის წარმოდგენაზე, - ნეტავი თუ ახსოვთ რაიმე...
- შეიძლება მთელი გავლილი ცხოვრება გაიხსენონ, ანდა ნაწილობრივ ახსოვდეთ რაიმე. არც ისაა გამორიცხული, რომ სულაც ვერაფერი გაიხსენონ. ტვინი ყველაზე უფრო მოწყლვადი ორგანოა ადამიანის სხეულში, - ნიაზმა უნებურად შუბლი მოისრისა, - ტვინი და მხესიერება... მუგუზალს ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებს, რა ახსოვთ და რა არა... თუ მუმიამ ვერაფერი გაიხსენა, შეუძლია მის ტვინში სხვა რამე ჩაწეროს, ისეთი რამ, რაც თვითონ აინტერესებს, სულ სხვა ცხოვრება... ვთქვათ, დღევანდელი, თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ჰოდა, სამიათასი წლის წინათ გარდაცვლილი მუმია თანამედროვე ადამიანად იქცევა...
- ეგეთებიც ეხერხება ანთებულ მუგუზალს?
- ეხერხება, ნამდვილად ეხერხება, ადამიანის ტვინი, თავისებური მაგნიტური ლენტია. მასზე რასაც გინდა, იმას ჩაწერ. ისიც შეიძლება, ძველი შთაბეჭდილებები წაშალო და ახალი ჩაწერო, როგორც ძველი სიმღერის წაშლა და ახლის ჩაწერა ხდება მაგნიტურ ლენტზე. შეიძლება ერთგვარი სინთეზი გააკეთო ძველსა და ახალს შორის, კომბინაციათა რიცხვი აქ თითმის უსასრულოა. ჩვეული და ახალი ცხოვრება ერთმანეთისაგან სულაც არაა მოწყვეტილი, როგორც გვეჩვენება. ჩვენ უსასრულოდ ვმეორდებით, მეორდება ჩვენი სხეული, სახელი, ცხოვრება... მხოლოდ შთაბეჭდილებებია სხვადასხვა. ყველას გვაქვს ჩვენი წინანდელი ცხოვრება, რომლიდანაც არაფერი არ გვახსოვს. გვყავს ორეულები ჩვენს წინა ცხოვრებაში.
- ეს ყველაფერი ალბათ იმ შადრევანმა ჩააგონა ოქროსთმიან ოქროპირს, - შევაწყვეტინე ნიაზს ფილოსოფიური მსჯელობა. შევატყვე, მეტისმეტად სერიოზულად ეკიდებოდა ამ ძველთაძველ ,,განმეორებათა~ იდეებს, - ნეტავი მაცოდინა, კიდევ რა ეხერხება თქვენს მოლაპარაკე შადრევანს, მაგალითად, სიცილი თუ შეუძლია...
ნიაზმა ალმაცერად შემომხედა.
- აქ არაფერია სასაცილო, - მითხრა მკაცრად.
- არც მიფიქრია... მაგრამ...
- გეუბნები, არაა-მეთქი სახუმარო ამბავი. მართლა ელაპარაკება შადრევანს. შადრევანიც რაღაცეებს ამბობს, შენ ერთი ყური კარგად დაუგდე.
რამდენიმე წამს ორივენი ვდუმდით. ვცდილობდი მოსმენილი გამეაზრებინა. შეიძლება ეს ყოველივე წმინდა წყლის ჯამბაზობა იყოს, მაგრამ ვინ იცის, ვნახოთ, ერთი რამ კი ეჭვგარეშეა, მართლაც საინტერესო გარემოში ამოვყავი თავი...
აქ ერთმა აზრმა გამიელვა.
- ვთქვათ ჩვენმა ჯადოქარმა ისეთი მუმია აღადგინა, რომელსაც ზუსტად შენნაირი გარეგნობა ექნება, - ვუთხარი ნიაზს, - აკი ამბობ, რომ ჩვენი სხეულები უსასრულოდ მეორდებიან, ყველას გვაქვს ჩვენი წინა ცხოვრება.
- შეიძლება, - დამიდასტურა მან.
- ვთქვათ, ამ მუმიას სახელიც შენი ერქვა...
- ეგეც შეიძლება.
-....მაგრამ ვერაფერიც ვერ გაიხსენა თავისი წინა ცხოვრებიდან.
ნიაზმა კითხვის თვალით შემომხედა.
- და ჩვენმა ჯადოქარმა მის ტვინში შენი დღევანდელი ცხოვრების წესი და შთაბეჭდილებები ჩაწერა, - ვაგრძელებდი მე, - მაშინ ხომ ორეული გეყოლება! არა წარსულში, არამედ დღევანდელობაში.
ორიოდე წამს კიდევ მიყურა ნიაზმა და მოულოდნელად გადაიხარხარა:
- გგონია, რამე ახლაი თქვი? - მითხრა უზრუნველი ტონით, - მუგუზალს მაგისთანები არ ეშლება. ზუსტად რაღაც მაგდაგვარი მოხდა ამას წინათ, მაგრამ დროზე იზრუნა, რათა ორეულები ერთმანეთს არ შეხვედროდენ. დღევანდელი ორეული სხვაგან გააგზავნა სამი თვით, აღდგენილი კი თავისთან დატოვა დაკვირვებებისათვის.
- რაღა მაინცდამაინც სამი თვით?
- აღდგენილი მუმია მხოლოდ სამ თვეს ცოცხლობს. მუგუზალს ჯერჯერობით არ შეუძლია უფრო ხანგრძლივი სიცოცხლე მიანიჭოს მას.
ისევ პაუზა ჩამოვარდა რამდენიმე წამით და მერე მე ჩავილაპარაკე ჩემთვის, ნეტავი ვის რაში სჭირდება-მეთქი ასეთი ფოკუსები, მაინცდამაინც გულზე არ მეხატებოდა საკუთარ ორეულთან შეხვედრის პერსპექტივა. ეშმაკმა უწყის, ჩაიბუტბუტა ნიაზმა და მე ვიფიქრე, რომ სიტყვა ,,ეშმაკი~ ჯერ არასოდეს შემხვედროდა ასეთ ზუსტად შესაფერის ადგილას.

...

ნიაზმა თავისი შეყვარებულიც გამაცნო, ნაზი ერქვა სახელად. ძალიან მომეწონა. ნაზი და ნიაზი! მართლაც რომ შესანიშნავად ჟღერს, თვით სახელებიც კი იმაზე მეტყველებს, რომ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები, ვთქვი აღფრთოვანებული ხმით. ნაზიმ გულიანად გაიცინა, ყველანი ასე გვეუბნებიანო. ნიაზიც ნეტარი სახით იღიმებოდა. ნაზი გარეგნულადაც საამურ შთაბეჭდილებას სტოვებდა, საშუალო სიმაღლის იყო, ზომიერად ჩამკვრივებული. შავი თმის ტალღისებურად ჩამოშლოდა მხრებზე. ელვარე შავი თვალები ჰქონდა. თეთრი ქათქათა ხალათი ეცვა, სამუშაოზე წარმადგინა მასთან ნიაზმა. საერთოდ, საქმიანი ქალის იერი ჰქონდა ნაზის და ასედაც იყო. მეცნიერული დაწესებულების ლაბორატორიაში მოღვაწეობდა და არც თუ უშედეგოდ, როგორც თანდათან გახდა ჩემთვის ნათელი.
თეთრად შეფეთქილი კედლების გასწვრივ ჩარიგებული მინის კარადებში ნაირ-ნაირი ფორმის გამჭირვალე ქილები ეწყო, რომლებშიც რაღაც ცოცხალი მინიატურული ორგანიზმებლი თუ კიდურები პულსირებდნენ. აქ, ამ თეთრ კედლების შიგნით, მეცნიერ-მკვლევართა კარგა მოხრდილი ჯგუფი მოღვაწეობდა ნიაზის ჩათვლით. ნამდვილი მეცნიერული კვლევა-ძიება იყო გაჩაღებული, აქ ატარებდნენ ცდებს და ერთი ცოცხალი უჯრედიდან მთელი ორგანიზმის აღდგენიას ახერხებდნენ. ნაზიმ თვითონ მაჩვენა რაღაც გასაოცარი, აკვარიუმივით გამჭვირვალე ბალონები, რომლებშიც თითქოს თვალდათვალ იზრდებოდა რაღაც გამოუცნობი ფორმის ორგანიზმი. ამის ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ბევრი დრო უნდაო, მითხრა ნაზიმ. კაცმა რომ თქვას, ოქროპირიც ხომ იმავეს აკეთებდა, როცა მუმიას მკვდრეთით აღადგენდა, ოღონდ სულ სხვა, მხოლოდ მისთვის (და სოლომონისთვის) ცნობილი არქაული მეთოდებით და საშუალებებით. როგორც მერე გამოირკვა, ესოდენ განსვავებულ მოღვაწეობას და მეთოდებს ბევრი საერთო რამ, ანუ როგორც იტყვიან, შემხები წერტილები ჰქონდა. ისინი ერთმანეთს ხელს სულაც არ უშლიდა. პირიქით, როცა საჭირო იყო ყველა ხალისით ეხმარებოდა ერთმანეთს, გამოცდილებასაც უზიარებდა, მეცნიერული ენთუზიაზმი ყოველგვარ ცრურწმენას სძლევდა. მკვლევარები მომცრო თეთრ კოტეჯებში ცხოვრობდნენ მზის ტაძრიდან მოშორებით. პალმების ხეივნიდან მათი საცხოვრისები არ მოჩანდა, რაზეც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. მზის ოაზისისა უცნაური მკვიდრნი, შეიძლება ითქვას, რომ ერთ ეშმაკს ემსახურებოდენენ, ოღონდ სხვადასხვანაირად. ჩემს მიმართ ყველა განურჩეველი იყო, ოქროპირის მსგავსად. მე მათთვისაც აჩრდილი ვიყავი. საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ მეცნიერებაზე თავგადაკლული ხალხი ძალზე ეგოცენტრულები არიან. ძნელია მათთან ურთიერთობა, მათთვის მეცნიერება ყველაფერზე უმთავრესია. როცა მიყურებდნენ, ასე მეგონა ნაწილ-ნაწილ მჭირდნენ და სათითაოდ იკვლევდნენ ჩემი სხეულის შემადგენელ უჯრედებს. გეფიცებით, ამის მეტი არაფერი უტრიალებდათ თავში. ერთი ის მიკვირდა, ამ უდაბნოში რად გადმოხვეწილან-მეთქი, მაგრამ როგორც ვივარაუდე, და ნიაზმაც დამიდასტურა მათი სამუშაოს ხასიათი ასე მოითხოვდა. მათთვის საჭირო იყო მყუდროება და სისუფთავე, ჰოდა, უდაბნო მყუდროც არის და წმინდაც... თუ წყალი არ შემოგაკლდება, საერთოდ არა უშავს რა და კიდევ ვინ იცის, რა იყო მიზეზი მათი უდაბნოში გადაწვეწისა. იქნებ აკრძალული ცდები... თუმცა, რა ჩემი საქმეა.
ერთდაერთი ნიაზი იყო მათ შორის გამონაკლისი, ვისაც შეიძლებოდა ადამიანურად დალაპარაკებოდი. მეც მეტად მადლიერი ვიყავი მისი. ნაზისთან ერთად, ჩვენ სამნი, საკმაოდ სასიამოვნო საზოგადოებას ვქმნიდით და ეს დიდად გვეხმარებოდა, რათა უდაბნოს უდაბურება გადაგვეტანა. მართალია, მზის ოაზისი ნამდვილი ბაღნარი იყო, მაგრამ მის მიღმა უდაბნო ყოველთვის რჩებოდა მრისხანე სტიქიად, რაც ჩვენ არასოდეს გვავიწყდებოდა.
მომწონდა ნაზის და ნიაზის ურთიერთდამოკიდებულება, მათი მშვიდი სიყვარული. ისინი დინჯად, დალაგებით, მოფიქრებულად ემზადებოდნენ საიმისოდ, რათა სანიმუშო, ბედნიერი ოჯახი შეექმნათ. ნაზი რაღაცას იკვლევდა იმ თეთრკედლებიან ლაბორატორიაში და მეტად დიდ იმედებს ამყარებდა იმ კვლევის შედეგებზე. სამომავლოდ რამდენიმე შესაძლებლობა დაასახელა ჩვენთან საუბარში: ან უმცროს მეცნიერ-თანამშრომლის ხარისხს მიმიღებდა, შემდგომში თემას უფრო განავითარებდა და ფართო გამოკვლევას დასწერდა, რაც ჭეშმარიტ მეცნიერულ სახელს მოუტანდა, ანდა სულაც ვინმეს გადაულოცავდა დაწყებულ სამუშაოს რაიმე ფულადი კომპენსაციის ხარჯზე და რომელიმე უფრო თანამედროვე მოხერხებულ ქალაქში გაემგზავრებოდა საცხოვრებლად, სადაც უფრო შესაფერისი პირობებია განათლებული ადამიანისთვის. პირდაპირ გაგეხარდებოდათ, როგორი დალაგებით მსჯელობდა ამ ყოფით მეცნიერულ წვრილმანებზე. ყველაფერი გათვალისწინებული ჰქონდა და ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარებოდა, რომ სარგებელსაც კარგს ნახავდა მისგან.
ნიაზიც დიდად ნათელი და ამავე დროს, მკაფიოდ გამოკვეთილი გეგმებით იყო სავსე. ფულს კარგად დავაგროვებთ (უდაბნოს მძღოლებს კარგად უხდიდნენ), მერე ახალ მანქანას ვიყიდი და ბინას ვიქირავებ სადმე დიდ ქალაქში, ანდა შეიძლება კოტეჯიც ვიყიდო, რა ჯობია ვარდებში ჩაფლულ, კოპწია კოხტა სახლს, რომელიც თავიდან ბოლომდე შენია, დაწყებული შესასვლელი ჭიშკრიდან მერცხლის ბუდით დამთავრებული (ჩვენი სახლის აივანზე მერცხლები აუცილებლად გაიკეთებენ ბუდეს, ხომ მართალია, ნაზი? ნაზიმ გაბრწყინებული სახით დაუქნია თავი), ეზოში ბავშვები თამაშობენ, სამი ან ოთხი... ნაზიმ თავი გააქნია, ორიო, ნიაზმა სამიო, მერე გაიცინეს და თქვეს ამაზე როცა იქნება მოვრიგდებითო. მათ ყურებას მართლაც არაფერი სჯობდა. ეს ორი ჯანსაღი, მშვენიერი ახალგაზრდა რომ არა, ალბათ ერთ მშვენიერ დღეს თავს დავადებდი და სადღაც შორს, იმ ყვითელი ჩაკეტილი რკალისკენ გავწევდი, სადაც მზის ცეცხლოვანი ბურთი ეშვებოდა ყოველდღიურად. საკმაოდ დამთრგუნველად მოქმედებდა ჩემზე ეს უცხვირპირო მეცნიერებაში გადავარდნილი ხალხი და ნაცრისფერი სენაკის კოშმარული იდუმალი იერი. არა, უამათოდ ალბათ ვეღარ გავძლებდი... ხშირად ბადმინტონს ვთამაშობდით და რიგრიგობით ვენაცვლებოდით ერთმანეთს. მე ხანდახან შეგნებულად ვტოვებდი მათ მარტო. ხატვას მოვიმიზეზებდი ხოლმე, თუმცა ჩემს დღეში ფანქარი არც გამევლო ქაღალდზე. თვითონვე მომძებნიდნენ ხოლმე და მთვარიან ღამეში სასეირნოდ წამიყვანდნენ. რაც გინდათ თქვით და სავსე მთვარეს უდაბნოში არაფერი შეედრება... საოცრებაა ეული გიგანტური თვალი, საყვედურნარევი გაოცებით მოშტერებული...
ერთ დღეს ნიაზი სადღაც გაქრა. მთელი ოაზისი მოვიარე მის ძებნაში, მისი კვალიც კი აღარსად ჩანდა. არც ნაზიმ იცოდა რაიმე, პირიქით, აქეთ მეკითხებოდა ნიაზის ამბავს. მეც დაწვრილებით ვყვებოდი ერთად ყოფნის უკანასკნელ წუთებზე. თავს ვიმტვრევდი, იქნებ რაიმე საეჭვო გამეხსენებინა. არა, ნიაზი ისეთივე იყო იმ დღეს, როგორც სხვა დროს მენახა. რაიმე განსხვავება არ შემიმჩნევია. არც არაფერი უთქვამს ისეთი, რომ უჩვეულოდ მომჩვენებოდა. ბოლოს ისევ ნაზიმ გაარკვია ყველაფერი. ოქრო          პირისთვის ეკითხა (მეც ვაპირებდი, მაგრამ დამასწრო), იმას ეთქვა, ცოტახნით საქმეზე გავაგზავნე და მალე დაბრუნდებაო.
ასე მეგონა თითქოს გუნდს ჩამორჩენილი ფრინველი ვიყავი. არ ვიცოდი, დრო რაში მომეკლა, დავეხეტებოდი მთელ ოაზისში. ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია, მეც ვერ ვბედავდი ამ უცხვირპირო ხალხთან საქმიანი ურთიერთობა გამება, არ მეხალისებოდა. ხანაც ნაცრისფერ სენაკში შევძვრებოდი ხოლმე. იქ, გრილ მყუდროებაში, საამო იყო ყოფნა. ტკბილხმოვნად ჩქაფუნებდა შადრევანი და ისე დანაწევრებული მეჩვენებოდა ხანდახან ეს ჩქაფუნი, რომ სრულიად შესაძლებლად მიმაჩნდა მასთან ლაპარაკი. ზუსტად ისე, როგორც ოქროპირი მუსაიფობდა. ეს მარტოობის ჟამს აღმოვაჩინე, ოქროპირი და სოლომონი არც ისე იშვიათად სადღაც იკარგებოდნენ ხოლმე ამ ბოლო დროს, მეც მათი არყოფნის დროს აქაურობის სრულ ბატონ-პატრონად ვგრძნობდი თავს. როცა ისინი შემოვიდოდნენ, მე კუთხეში მივიკუნჭებოდი და საჩქაროდ ვცდილობდი იქიდან შეუმჩნევლად გამოსვლას. რა უცნაური სანახავი იყვნენ ორივენი: ოქროპირი პატარა ტანისა იყო, ოდნავ კუზიანიც, ისე დადიოდა თითქოს ძლივს ერეოდა საკუთარ კაფანდარა სხეულის წონას. სოლომონს კიდევ პირიქით, სხეული ისე დაჰქონდა, როგორც საასპარეზოდ გამოყვანილ, ჯიშიან ულაყს. არ მიშლიდნენ ცნობისმოყვარე ხეტიალს და მეც თანდათან გავთამამდი, ყველგან ცხვირს ვყოფიდი.
ის შავი ხავერდის ფარდები გადავწიე ერთ დღეს, ყოველთვის მაინტერესებდა, რა უნდა ყოფილიყო მათ მიღმა. ღრმა წალო აღმოჩნდა ფარდის მიღმა, მოქნილი ტყავის ღვედებიც შევამჩნიე, რკინის კაჭებზე ჩამოკიდებული. როცა შავი ხავერდის ფარდა დავუშვი, აღმოჩნდა თურმე სოლომონი მედგა გვერდით. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, ისე ჩამიარა, მივიდა შადრევანთან და ფეხმორთხმით ჩაჯდა. თავი ერთგვარად შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მერჩივნა შენიშვნა მოეცათ, რაიმე აეკრძალათ, ეთქვათ, არ შეიძლებაო. ეს ხალხი ისე მექცეოდა, თითქოს აჩრდილი ვყოფილიყავი და არა ხორცშესხმული ადამიანი.
რახან არავინ არ მამჩნევდა, მეც ძველებურად ვცხოვრობდი ნახევრად აჩრდილის, ნახევრად ადამიანის ცხოვრებით. არ ვიშლიდი აქეთ-იქით ცნობისმოყვარე ხეტიალს, ყველგან ცხვირს ვყოფდი. დღე არ გავიდოდა, რამდენჯერმე არ მომენახულებინა ნაცრისფერი სენაკი და მთელი მისი კუთხე-კუნჭული არ დამეზვერა, ხავერდისფარდებიანი წალოების ნათელით.
და ერთ დღეს, როცა აღნიშნული ხავერდისფარდა გადავწიე, თავი ვეღარ შევიკავე, რომ კარგა ხმამაღალი შეძახილი არ აღმომხდომოდა, შიშის და გაოცების გამომხატველი; წალოში ნიაზი დავინახე, მაგრამ... ო, მზის და მთვარის ღმერთებო, რა ყოფაში. შემზარავად ჰქონდა თვალები დაჭყეტილი, ცარიელი არაფრის მთქმელი თვალები. თავით ფეხებამდე შებურვილი იყო ღია ფერის ქსოვილში, ალბათ სუდარაში და მოქნილი ღვედებით ეკიდა რკინის კაუჭზე. ერთი შეხედვით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ფეხზე დგასო.
დამდუღრულივით ვუშვი ხელი იმ ხავერდის ფარდას, დაფეთებულმა მივიხედ-მოვიხედე. შიშს დიდი თვალები აქვს და ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს იქაურობა ხალხით იყო სავსე და ეს-ესაა ყელში მწვდებოდნენ. მაგრამ როგორც კი დაკვირვებით მივიხედ-მოვიხედე, დავრწმუნდი, რომ მარტო ვიყავი. ნაცრისფერ სენაკში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. უკანმოუხედავად გამოვვარდი გარეთ. კარგა ხანს ვირბინე, სანამ ჩემი აზრით მყუდრო სამალავს მივაგნებდი და ჩემს მიერ ნანახ საოცრებაზე დავფიქრდი.
ცხადია, ნიაზი მკვდარია, ტრიალებდნენ ფიქრები თავში, მკვდარია და მის სიკვდილი ხელი ალბათ ოქროპირს ურევია, რადგან გვამი სწორედ მის სენაკში იმყოფება. იგი ცდებს ცოცხალ ადამიანებზე ატარებს, ალბათ სწორედ ესაა ის საიდუმლო ცდები, რაზედაც ამდენს ყბედობდა ნიაზი, ამ დროს კი თვითონვე აღმოჩნდა საცდელი გოჭის მდგომარეობაში. საბრალო ნიაზი... მაგრამ მე, მე რაღა მეშველება, მეც ხომ ზუსტად იმავე დღეში ვარ...
შიშისგან ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, ამის გაფიქრებაზე. ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ჯერიც დადგება და მეც ზუსტად იმდაგვარ წალოში ამოვყოფ თავს, ზუსტად იმგვარ მდგომარეობაში, როგორშიც საბრალო ნიაზი ვიხილე. ვინ რა იცის, რამდენი წამება გადაიტანა, სანამ სულს უფალს მიაბარებდა. რა უკუღმართ, ქაჯურ ცდებს ატარებს ეს ჟღალწვერა ეშმაკი თავისნაირ ეშმაკებთან ერთად, ირგვლივ ჯგროსავით რომ ახვევია... სანამ ჯერ კიდევ გვიან არაა, სანამ შიშისაგან ლამის დამბლადაცემულივით არ დამკარგვია მოძრაობის უნარი, სასწრაფოდ უნდა გავეცალო აქაურობას.
დიახ, ნამდვილად ასე ჯობდა, მაგრამ სათქმელად ადვილია, საქმნელად კი, როცა მივიხედ-მოვიხედე, თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ირგვლივ ქვიშის გაუვალი ზღვა მერტყა. იმ ზღვაში მარტოკა რომ დავდგომოდი გზას ფეხით, ეს ნამდვილად თვითმკვლელობას უდრიდა, მანქანა იყო საჭირო, ზუსტად ისეთივე ფართოსაბურავებიანი, მაცივრით აღჭურვილი მანქანა, რითაც მე და ნიაზი ერთად ვმოგზაურობდით. მაგრამ ეს მანქანა, დანარჩენებთან ერთად, სულ შვიდიოდე იქნებოდა, საიმედოდ იყო ჩაკეტილი მკვიდრად ნაგებ გარაჟში. ასე ადვილი არ იყო რომელიმე მათგანის გატაცება. თანაც, თითქოს განგებ, იმ დღეებში კაციშვილი ახლოსაც არ ეკარებოდა გარაჟს. არც არავინ წასულა სადღე, არც ვინმე მოსულა. მთელი ოაზისი ისე გაყუჩებულიყო, ლამის უდაბნოსებურ მდუმარებას დაესადგურებინა თვით მწვანედ მოღაღანე პალმების ჭალაშიც. ვწყევლიდი იმ საათს, როცა აქ ექსპედიციას ავეკიდე, ან რას ავეკიდე, ან რაღას მივატოვე, ამაზე უარესი იქ რაღა შემხვდებოდა, მათთან ერთად რომ მევლო უდაბნოში. ერთადერთი ნაზი გახლდათ ჩემი მოსაუბრე ამ უკაცურ მხარეში. მითხრა, ოქროპირი რაღაც მეტად მნიშვნელოვან ცდას ატარებს და ყველანი მისი შედეგის მოლოდინში არიანო. ხმაგაკმენდილი ვუსმენდი და ენაზე კბილს ვაჭერდი, რათა არაფერი წამომცდენოდა. რა აზრი ჰქონდა მისთვის, თუ იმ თავზარდამცემ ამბავს ვიტყოდი, რაც ნიაზის თავზე დატრიალდა. ამით ნიაზის უკვე აღარაფერი ეშველებოდა. ნაზი ისედაც, როცა იქნება, გაიგებს ამ ამბავს. ხოლო მე რომ მეთქვა იმ წუთს რაიმე, ალბათ თავს ვერ შეიკავებდა (ალბათ კი არა, ნამდვილად ასეა), მთელ ოაზისს მოსდებდა და მერე... მერე ჩემი წირვაც გამოსული იყო. როგორღა უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის? ერთადერთი ჩემი კოზირი ამ წუთას მხოლოდ ის იყო, რომ ირგვლივ ყველას ეგონა, თითქოს მე არაფერი ვიცოდი, ბაიბურშიც არ ვიყავი.
ასეთ მღვრიე, შავ ფიქრებში მყოფი ვატარებდი მტანჯველ დღეებს, ლამის საკუთარი ჩრდილიც მაფრთხობდა, ველოდი იქნებ რაიმე საშველი გამომჩენოდა, თანაც ამ დროს უზრუნველი იერი მეფინა სახეზე. თუმცა სახის ფერი საშინელი მქონდა, მაგრამ ამის შესამჩნევად ჩემდა საბედნიეროდ, არავინ იწუხებდა თავს. ღამეები კიდევ უფრო უარესი იყო, ყოველ ჩქამზე ვკრთოდი, ძილი არ მეკარებოდა, თუ ბოლოს დიდი წვალებით მოვხუჭავდი თვალს, კურდღელივით მეძინა... თაგვს რომ გაეფხაჭუნებინა, მაშინვე ვიღვიძებდი და თვალდაჭყეტილი გავყურებდი მთვარის შუქით შემღვრეულ სიბნელეს. ხანდახან, უძილობით და კოშმარებით გაწამებული, უდაბნოსკენ გავწევდი ხოლმე და იქ ქვიშის ტალღებისებური ზედაპირის შემყრუე ასე ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა ერხთელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო ამ მტანჯველ ყოფას. იქნებ ჯობდა ყველაფერზე ამეღო ხელი, აღარც მანქანის ხელში ჩაგდებაზე მეფიქრა. და პირდაპირ ფეხით გავდგომოდი გზას. იქნებ შემთხვევით ვინმეს შევხვედროდი გზაში. ამის ალბათობა კი ძალზე მცირე იყო, მაგრამ ოაზისში ხომ უეჭველი სიკვდილი მომელოდა.
ერთხელ, როცა ასეთი შავი ფიქრით შეპყრობილი დავეხეტებოდი ღამით უდაბნოში, ჩემსკენ მომავალი ვიღაც კაცის სილუეტი შევნიშნე.
ადგილზე გავშრი. ჯერ ირგვლივ მიმოვიხედე. ოაზისს კარგა შორს გავცილებოდი, მწვანე პალმების ხეივანი მუქ ზოლად ჩანდა უკან. შეიძლებოდა იქითკენ გაქცევა, მაგრამ ვინ რა იცოდა, იქ რა მელოდა. ჯობდა ისევ ამ უცნობს დავლოდებოდი, ჩემსკენ რომ მოიწევდა, თანაც მარტო იყო...
ხელი ჩავავლე საგულდაგულოდ ალესილ პატარა დანას, ჩემი სერვიზის ნაწილს, რომელსაც ამ ბოლო დღეებში არ ვიშორებდი და უცნობის მოახლოვებას დაველოდე. ნელა, აუჩქარებლად მოიწევდა ჩემსკენ. თეთრი მოსასხამის გრძელ კალთებს მოაფრიალებდა. თავი მაღლა აეწია, მთვარის შუქი პირდაპირ სახეზე სცემდა. ჯერ კიდევ ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე იყო ჩეგან, როცა რაღაცამ უსიამოვნოდ გამკრა გულში, რა ნაცნობი მეჩვენა... ვინ უნდა იყოს, ვაიმე, ეს ხომ... ნიაზს ჰგავს... ჰგავს კი არა, ნამდვილად ისაა... ნიაზი...
დიახ, ნიაზი იყო ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში, რაღაც მეტისმეტად ჰგავდა. თვალები ზუსტად ისევ ისე ჰქონდა ფართოდ დაჭყეტილი, როგორც იმ წალოში ყოფნისას. ფერიც ალბათ ისეთივე მკვდარივით გაფითრებული ექნებოდა, თუმცა რას გაიგებ მთვარის შუქზე.
მოჩვენებასავით მდუმარედ ჩამიარა გვერდით, წამითაც არ შეყოვნებულა, არც მოუხედავს ჩემსკენ. ფართოდ გახელილი თვალები უძრავად მიეშტერებინა პალმის ხეივნის მუქი ზოლისაკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ შთაინთქა კიდეც იმ ზოლში.
რაც შემეხება მე, ადილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე, ქანდაკებასავით გაშეშებული ვიდექი. სანამ მზის წითელი ბურთი არ ამოსხლტა ქვიშის ზღვის მიღმა. მისი შუქით გამხნევებულმა ასე ვიფიქრე, ალბათ მომეჩვენა-მეთქი ნიაზი ღამით. მაგრამ ნაკვალევმა, რომელიც ისე მკაფიოდ აჩნდა ქვიშას, მიმახვედრა, რომ არაფერიც არ მომჩვენებია, რომ ნამდვილად ნიაზი ვიხილე წუხელ...
ამან ერთგვარად გამამხნევა. რაც არ უნდა იყოს, ნიაზი მკვდარი არ არის, სიკვდილზე საშინელი კი არაფერია, ყოველ შემთხვევაში ასე გვეჩვენება ჩვენ, ცოცხლებს. ოქროპირი რაღაც ცდებს ნამდვილად ატარებს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ალბათ ეს ცდები მომაკვდინებელი არაა. თუმცა ცხადია, მაინც დიდი უბედურებაა მის თავს, შველა სჭირდება. ოქროპირი და მისი დამქაშები კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას ეწევიან, მათი გამომჟღავნება და მხილებაა საჭირო... მაშინ ნიაზსაც ეშველება.
სულ სხვა განწყობილებით დავბრუნდი უდაბნოდან ოაზისში. უკვე აღარ ვფიქრობდი გაქცევაზე. ნელ-ნელა ვცადე ნიადაგის მოსინჯვა. ისიც კი გავბედე, რომ ნაცრისფერ სენაკში შევპარულიყავი, რომელსაც სათოფეზე აღარ ვეკარებოდი ბოლო ხანს და იქ, ღრმა წალოზე ჩამოფარებულ ხავერდის ფარდის მიღმა შევიჭვრიტე. როგორც ველოდი, ისე აღმოჩნდა. ნიაზი იქ არ იყო, მოქნილი ღვედები მათრახებივით ეკიდა რკინის კაუჭებზე. ნაზიც იმავე დღეს მოვინახულე. იმ შეხვედრაზე არაფერი მითქვამს, უდაბნოში რომ ჰქონდა ადგილი. ნიაზისა არაფერი იცოდა, მხოლოდ ის მაუწყა, რომ ცდა, რომელზედაც ოქროპირმა ამდენი დრო და ენერგია დახარჯა, სრული წარმატებით დაგვირგვინდა თურმე. ოღონდ ჯერ ისევ საიდუმლოდ რჩებოდა, თავის დროზე გავიგებთ ყველანიო. ოქროპირი ძალიან ბედნიერიაო, ამბობდა ნაზი, რაც მე ძალიან მიკვირდა. ოქროპირს ვერაფერს შეატყობდი, ისევ ისე მათრახივით მოღვენთილი გორაობდა მცენარისგან დაწნულ ჭილობზე და უსმენდა შადრევნის მუსაიფს. სოლომონი ცოცხალი ქანდაკებასავით აღმართულიყო შორიახლოს... რადაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მემხილებინა ისინი იმ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში, რითაც თავს ირთობდნენ, ამ ოაზისში თავშეფარებულნი. ნიაზის ხომ ვუშველიდი და ამით მეც თავისთავად მეშველებოდა. თუ ამასობაში, ცხადია, მე თვითონ არ აღმოვჩნდებოდი ნიაზის მდგომარეობაში.
გავიდა იმედებით და ეჭვებით სავსე რამდენიმე შფოთიანი დღე და ბოლოს, ერთ მშვენიერ დილას, როცა მზის ცეცხლოვანი ბურთი ამოსხლტა პალმის კენწეროების მიღმა, თვითონ ნიაზი გამომეცხადა... ცოცხალი და საღ-სალამათი, ხალისით და ენერგიით სავსე. აბა, წავიდეთ, ერთი მომეხმარეო, მითხრა და ისე ცქვიტად შეძვრა თავის მანქანის კაბინაში, თითქოს ეს-ესაა მიეტოვებინოს იგი. თვალს ვერ ვუჯერებდი, ხელითაც კი შევეხე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. ნიაზი ისევ ნიაზი იყო, მარჯვე ყმაწვილი. მანქანას მიაქროლებდა, უკან მტვრის ბუღს ტოვებდა და თან რაღაცას უსტვენდა თავისთვის. როდის, ოდის მოვახერხე მეკითხა, სად იყავი-მეთქი ამ დღეებში. ოქროპირმა გათხრებზე გამაგზავნაო მიპასუხა.
ძლივს შევიკავე ენაზე მომდგარი კითხვა; ის ვინ იყო, მე რომ ვნახე ფარდებჩამოფარებულ წალოში, ანდა უდაბნოში ვინღა შემხვდა. ნიაზს საიდან ეცოდინებოდა ეს ამბები, ანდა რა ჩემი საქმეა... სჯობია მეც დავივიწყო ეს ყველაფერი. სულაც არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი მომეჩვენა, ანდა სიზმარში მენახა. მე ხომ ასე მარტო სულად ვგრძნობდი თავს ნიაზის გარეშე... ჰოდა, ასეთი სულიერი განწყობა ნოყიერი ნიადაგია ყოველგვარი მოლანდებებისათვის.
აღარაფერი მითქვამს, ისიც კი არ ვკითხე ნიაზს, ვინმე ხომ არ გგავს აქაურ ხალხში-მეთქი. ერთ-ერთი ვარაუდი ასეთიც იყო. მაშინ ნიაზი ალბათ ჩამაცივდებოდა, რატომ მეკითხებიო, მეც იქნებ თავი ვეღარ შემეკავებინა და იმ მოჩვენებებზე ავლაპარაკებულიყავი. თავს გავიმასხარავებდი და მეტი არაფერი, აბა, რასაჭირო იყო...
მე და ნიაზმა ზუსტად ისეთივე, ნოხში გახვეული მუმია წამოვიღეთ გათხრებიდან, როგორც ჩემი ოაზისში მოსვლის პირველსავე დღეს. გათხრებს თვალი რომ გადავავლე, მივხდი, რამდენი რამ გაეკეთებინათ ამ ხნის მანძილზე. უამრავი მასალაიყო პირდაპირ ღია ცის ქვეშ დახვავებული. ხალხიც მომრავლებულიყო, ჭიანჭველებივით ესეოდნენ მარმარილოს ფილებს, რომლებიც ის-ის იყო ამოეთხარათ ქვიშიდან. კარვების რაოდენობაც ბევრად მეტი მომეჩვენა, ერთი-ორი მოზრდილი შენობაც დავლანდე, ასაწყობი ფილებისაგან აგებული. ნიაზმა უქმად მდგარ ბულდოზერზე მიმითითა ამაზე ვმუშაობდიო. მე ისევ გავიქნიე თავი, თითქოს ბუზს გაეფრინა. ეს იმ მოჩვენებათა უკანასკნელი გაელვება მოვიშორე თავიდან. ნაზისაც იმავე საღამოს მივაკითხეთ. გაბუტული იყო, მაგრამ მალე შერიგდნენ იმის შემდეგ, რაც ნიაზმა უამბო, თუ რამდენი სენსაციური აღმოჩენა გააკეთა, ქვიშის სულ ბოლო ფენიდან რამდენი ძვირფასი რამ ამოთხარა და ახლა მათი მომავალი სრულიად უზრუნველყოფილი იყო. ისეთი სამუშაო შემხვდა, წუთითაც ვერ მოვცილდებოდი, - ამტკიცებდა ნიაზი, - ძვირფასეულობასთან მქონდა საქმე. ვინმესთვის რომ წერილი გამეგზავნა, არ შეიძლებოდა. ხომ იცი, რასაც იფიქრებდნენ... ნაზი ბედნიერად იღიმებოდა. მე ცოტათი განზე გამდგარი, ნეტარი ღიმილით ვუსმენდი მათ მუსაიფს და ველოდი, როდის მოიპატიჟებდა ნიაზი ნაზის მთვარიან ღამეში საესირნოდ, მინდოდა ერთად სამივეს გაგვესეირნა უდაბნოს მდუმარებაში და ჩემი თავისთვის დამეცინა იმ მოჩვენებათა გამო, თანაც საბოლოოდ განვთავისუფლდებოდი მათგან. მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. იმ ღამეს სხვა ამბები გველოდა თურმე.
ამის შესახებ ნიაზი წინასწარ ყოფილიყო გაფრთხილებული, თუმცა მე არაფერი მითხრა. ჩვენ ორივემ შევაგორეთ ნაცრისფერ სენაკში ბორბლებიანი მომცრო კატაფალკა, რომელზედაც ის დახვეული ნოხი იყო, გათხრებიდან წამოღებული, მერე კი გარეთ დაველოდეთ. ასეთი იყო ოქროპირის ბრძანება.
- თუ იცი, რა ხდება იქ? - ვკითხე ნიაზს და თავის გაქნევით ვანიშნე მზის ტაძარზე, რომელიც მონგრეული სიპი კლდის მასივს წააგავდა მთვარის შუქზე.
- ნაზი უნდა გააცოცხლონ, - მთქნარებით მიპასუხა ნიაზმა.
- ნაზის რა სჭირს გასაცოცხლებელი, სიცოცხლით სავსე, მშვენიერი გოგოა, - ვთქვი და მე თვითონ გამეცინა ჩემს სიტყვებზე. ნიაზმა ხომ ,,კარგად~ იხუმრა, მაგრამ არც მე დავრჩენილვარ ვალში...
- ეს სხვა ნაზია, - წაიბურტყუნა ნიაზმა.
- რომელი სხვა ნაზი?
- დედოფალი...
- დედოფალი? რომელი დედოფალი...
დიდი ჯიკავ-ჯიკავით, ხელის წაკვრით და ჯანჯღარით, როგორც იქნა ვათქმევინე ნიაზს, რომ თურმე იმ დახვეულ ნოხში, რომელიც ჩვენ გათხრებიდან წამოვიღეთ და მზის სენაკში შევაგორეთ, დედოფალ ნაზის მუმია ყოფილა გახვეული. იქ, სადაც ახლა ეს პატარა ოაზისია, დიდი ქალაქი ყოფილა და ერთ დროს მეფობდა დედოფალი ნაზი, რომელსაც ჰყავდა შეყვარებული, იმ შეყვარებულს ნიაზი ერქვა სახელად. ფრიად ტრაგიკულად დასრულებულა მათი სიყვარულის ისტორია, დედოფალ ნაზის ომი წაუგია მომთაბარე ტომებთან, ნიაზი ბრძოლაში დაჭრილა და მომკვდარა. ნაზისაც თავი მოუკლავს, შხამიან გველგესლას აკბენინა თურმე...
და ახლა ოქროპირმა სწორედ იმ დედოფალ ნაზის მუმია უნდა გააცოცხლოს. ასეთი რამეები ეხერხება ამ ეშმაკის უსტაბაშს.
ერთხანს დამუნჯებულივით ვდუმდი, ისე გამაკვირვა ნიაზის ნაამბობმა. იმანაც დრო იხელთა და ლაზათიანი ხვრინვა ამოუშვა. ნაზი და ნიაზი, ზუსტად იგივე სახელები... რა უცნაური დამთხვევაა...
ამას გარდა, არასოდეს არ გამეგონა თუ ასეთი დედოფალი იყო ცნობილი ოდესმე წარსულის ისტორიიდან. თუმცა ეს არაა იმდენად გასაკვირი. განა ცოტა რამ დაიფარა დავიწყების ფერფლით, მით უმეტეს, ამ ქვიშის ზღვაში, ბოლოს მაინც გამოვიდა დღის სინათლეზე, ალბათ სულ ახალი აღმოჩენაა, ეს-ესაა იკვლევენ, ამუშავებენ მოპოვებულ მასალას, რათა ერთ მშვენიერ დღეს მთელ მსოფლიოს მოეფინოს არაჩვეულებრივი აღმოჩენის ზღაპარივით ამბავი...
ეგ იმდენი არაფერი, აი ეს სახელების საოცრება: ნაზი და ნიაზი.
თუმცა, რომ დაკვირვებოდი ფხიზელი გონებით, არც ესაა დიდი ამბავი. სახელების დამთხვევაა, მერე რა, ყველაფერი შეიძლება. ჩვენ ვმეორდებით, სახელებიც მეორდებიან. და ხანდახან ასე წყვილ-წყვილადა შეიძლება განვმეორდეთ.
აქაც ყველაფერი თანამიმდევრობით გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი. საიდანღაც ჩემს ფიქრში დაუპატიჟებელი სტუმარივით ამოტივტივდებოდა უდაბნოში ნანახი ნიაზის მკვდარივით გაფითრებული სახე...
მაშინვე ნიაზს გადავხედე... იგი ისე არხეინად ფშვინავდა, ისეთი უზრუნველი სახე ჰქონდა, ჩემი თავის შემრცხვა. საგანგაშო არაფერი იყო, ნეტავი რამ ამაფორიაქა? თუ ოქროპირს ასე ძალიან სურს, გააცოცხლოს სამი ათასი წლის წინათ გარდაცვლილი მუმია, დედოფალი ნაზი, მისი ნებაა. რაც შეეხება ნაიზის, ის აგერაა ჩემს გვერდით, ხორცშესხმული და ბედნიერი...
მთვარეს შევყურებდი, როცა ამ ბოლო სიტყვებმა გამიელვა თავში და მომეჩვენა, თითქოს მთვარე უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა. უფრო დაკვირვებით შევხედე. თვალებიც მოვისრისე... დიახ, მთვარე ნამდვილად იჭმუხნებოდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ კვამლის ღრუბელი უბურავდა ნათელ სახეს. ის კვამლი კი მზის ტაძრიდან ამოდიოდა... აქამდე არც კი შემიმჩნევია; კვამლის ნაირფერი სვეტები იგრაგნებოდა გუმბათის ღრიჭოებიდან, წითელი, ლურჯი, ყვითელი, თეთრი... რიგრიგობით შეუწყვეტლად ენაცვლებოდა ერთმანეთს. და მთვარეს სხვადასხვა ფერის ელფერი გადასდიოდა. რა ხდებოდა იქ, ტაძრის სიღრმეში? ეს ალბათ არავინ იცოდა, სოლომონის გარდა. ოქროპირი არავის იკარებდა ახლოს, ეს ნაიზმა ადრეც მითხრა. საკმარისია უცხო თვალმა შეხედოს ამ დროს, რომ ყველაფერი ერთ წამში სულ ერთიანად ჩაიშალოსო. ოქროპირი ამ დროს სიბრაზისაგან შეიძლება გაცოფდეს.
თანდათან გადაიხარა მთვარე და მე შევამჩნიე, რომ კვამლის ნაირფერი ღრუბლები გაფერმკრთალდა, სახეს რომ უბურავდა მნათობს. აწი ალბათ გათენდება კიდეც. კიდევ სანამდე უნდა ველოდოთ. თუმცა არა უშავს, ძილი მაინც არ ეკარება ჩემს თვალებს. ოღონდ ერთხელ მაინც ვნახო გაცოცხლებული მუმია... ამისათვის ერთი უძილო ღამე არაფერია.
ამ ფიქრში ვიყავი, რომ სოლომონის ხმა შემომესმა, ნიაზს უხმობდა. ახლავე, - შევაგებე მე სანაცვლოდ და ნიაზს ვეცი, რათა გამეღვიძებინა. კარგა ხანს ჯაჯგური დამჭირდა, სანამ ბოლოს და ბოლოს თვალს გამოაჭყეტდა.
- ტაძარში გეძახიან, - ვუთხარი და ადგომაში მივეშველე. ნახევრად ძილ-ბურანში მყოფი ნიაზი ბარბაცით გაემართა ტაძრისაკენ. როცა კარებში შედიოდა, ტკიპასავით ავეკარი გვერდით და მეც შევყევი.
და იმან, რაც ჩვენ ვიხილეთ, ტაძარში შესულებმა, ნიაზი თვალის დახამხამებაში გამოაფხიზლა, მე კიდევ სულერთიანად ამაკანკალა. კატაფალკაზე ნამდვილი დედოფლის გარეგნობის ქალი იწვა. გრძელი, კუპრივით შავი თმები უკან გადაეყარა. სახეზე მეტად მკრთალი ფერი ედო, თვალდახუჭული იწვა, გრძელი წამწამები ოდნავ ერხეოდა, მკერდიც აუდ-ჩაუდიოდა... მუმია, რომელიც ჩვენ იმ საღამოს შევაგორეთ მზის ტაძარში, სუნთქავდა...
ცალკე თვითონ ოქროპირის დანახვა ღირდა ერთ რამედ, ლარივით წელში გამართული იდგა კატაფალკის გვერდით. ერთი შეხედვით ვერც კი ამოიცნობდი მასში იმ ჩია ტანის მოხუცს, ღვედივით მოღვენთილი რომ გორაობდა ჭილობზე. მთელი არსებით სიმივით იყო დაჭიმული და თითქოს რაღაც უცნობ ენერგიას ასხივებდა. ტანთ ოქროსფრად მოხატული ხალათი ეცვა და მომეჩვენა, თითქოს ის უცნაური ოქროსფერი ფიგურებიც გაცოცხლებულიყო, თმებიც რაღაც საეჭვოდ უბრწყინავდა, მეგონა ოქროს მტვერი ეყარა წვერ-ულვაშზე. სამაგიეროდ, სოლომონი სულ მთლად დაჩიავებული მოჩანდა მის გვერდით. მოშორებით მიმდგარიყო და თავი მკერზე ჩამოეგდო. კედლების გაყოლებით ყვავილის ფორმის სასანთლეები იყო გამწკრივებული. სანთლები უკვე ჩამწვარიყო, მათი ნამუსრევიღა იკლაკნებოდა დაჟამიდანჟამს სუსტად აფრქვევდა იმ ნაირფერ კვამლს, რაც ასე უხვად იფრქვეოდა ტაძრის გუმბათიდან. შადრევნის გვერდით უფრო მოზრდილი სასანთლე იდგა, რომელშიც დიდი თეთრი ცეცხლის ალი პარპარებდა. მისი თეთრი შუქი შარავანდედივით შემოსდგომოდა ირგვლივ კატაფალკაზე მწოლიარე ქალს. იქვე იყო ყვავილებიანი წნული კალათა.
მე და ნიაზი შესასვლელთან ავიტუზეთ, ფეხის წინ წადგმას ვერ ვბედავდით. ოქროპირი ჟამიდანჟამს ორივე ხელს იწვდიდა კატაფალკაზე მწოლიარე ქალისაკენ, თან დაჟინებით დააშტერდებოდა ხოლმე. მერე ისევ დაუშვებდა ხელებს, თვალებსაც მილულავდა. დედოფალი სულ უფრო ძალუმად, უფრო გახშირებულად სუნთქავდა, გრძელი წამწამებიც პეპელას ფრთებივით უთრთოდა, ოქროპირმა მარჯვენა აღმართა და თითები ფრთხილად შეახო შუბლზე. დედოფალმა თვალები გაახილა.
ოქროპირი მისკენ დაიხარა, ათიოდე წამს დაკვირვებით შეჰყურებდა თვალებში, მერე მუჭით წითელი ფერის ფხვნილი აიღო და თეთრი ცეცხლის ალში ჩაყარა. მაშინვე ავარდა მოწითალო ფერის ალი... წითელ ბუღში გახვეულმა დედოფალმა ბაგეც გახსნა და რაღაც გაურკვეველი ბგერები აღმოხდა სუსტი ხმით, თან თითქოს თვალებით ვიღაცას ეძებდა.
ოქროპირმა ისევ ჩაყარა ფხვნილი თეთრ ცეცხლში, მუქი წითელი ალი შემოეგზნო კატაფალკას და როცა ბუღი გაიფანტა, დედოფალმა მძიმედ, დამარცვლით და მკაფიოდ წარმოთქვა:
- ნიაზ!..
ნიაზი ციებაშეყრილივით აკანკალდა და მე ჩამაფრინდა, მე ჩემი მხრით კარის წირთხლს ვეჭიდებოდი.
- ნიაზ! - გაიმეორა დედოფალმა სულ სხვა ხმით, უკვე ნამდვილი ქალის ხმით. თან შეშფოთებაც ისმოდა მის ხმაში, დიდი შეშფოთება, - სადა ხარ, ნიაზ...
- აქ არის, დამშვიდდი, დედოფალო, - თქვა ოქროპირმა და ხელით მიიხმო ნიაზი. მე ვუბიძგე და ნიაზი, როგორც იქნა, დაიძრა ადგილიდან, თან შიშისაგან კბილს კბილზე აცემინებდა. ოქროპირმა ხელი ჩაავლო და კატაფალკაზე მწოლიარე დედოფალს წარუდგინა.
- ნიაზ, შენ ცოცხალი ხარ, ნიაზ... რა ბედნიერებაა, - და დედოფალმა ნაზიმ ხელები გაუწოდა ნიაზს. ოქროპირის ნიშანზე მაშინვე ნიაზმაც გაუწოდა ხელები. თვალდათვალ აშკარად სახილველი გახლდათ, თუ როგორ გააჟრჟოლა იმ დროს, როცა მისი ხელები შეეხო მოლაპარაკე მუმიის ხელებს, თუმცა როგორც შემდეგ თქვა ნიაზმა, თბილი, ადამიანური ხელები ჰქონია დედოფალს.
- ნიაზ, საყვარელო ნიაზ, თვალს ვერ ვუჯერებ, რომ ცოცხალს გხედავ. მე ხომ საკუთარი თვალით ვიხილე შენი მომაკვდინებელი ჭრილობები. საკუთარი ხელით შევსუდრე შენი მკვდარი სხეული...
- არა, დედოფალო, მას მხოლოდ ეძინა საღათას ძილით და მე, შენმა მონამორილმა, შევძელი მისთვის ძილის ბურუსი გამეფანტა, - ჩაერია ოქროპირი.
- ამისათვის გულუხვად დაგაჯილდოებ, მისანო, - ბრძანა დედოფალმა ნაზიმ, - უთვალავ ოქროს მიიღებ ჩემგან და ჩემს კარზე შენ იქნები რჩეული რჩეულთა შორის მაგრამ მე, მე თვითონაც ხომ მოვკვდი. თავი მოვიკალი, რადგან ნიაზი მკვდარი მეგონა, გველმა დამგესლა...
- ეს შეცდომა იყო, დედოფალო, ბედნიერი შეცდომა, ის გველი არ ყოფილა შხამიანი.
ოქროპირი დაიხარა, ყვავილებიანი კალათა აიღო და დედოფალს გაუწოდა. იმანაც გამოართვა, ყვავილები ფრთხილად გადასწია, ჭრელ გველგესლას თავი რგოლებზე ჩამოედო და მშვიდად თვლემდა.
- ეს გველი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს შხამიანს, დედოფალო, - დაუმატა ოქროპირმა. მე ამ დროს გამახსენდა, რომ ამ ორიოდე დღის წინ სოლომონმა შხამიანი გველი დაიჭირა უდაბნოში და მერე კბილები დააძრო...
- დიდებულ მსხვერპლს შევწირავ მზის ღმერთს, ასე რომ ვყვარებივარ და არ გამწირა, - თქვა მღელვარებისაგან ათრთოლებული ხმით დედოფალმა ნაზიმ და სიხარულით ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან, - რა ბედნიერი ვარ... რა ბედნიერი... ნიაზ...
ბოლო სიტყვები ლამის ჩურჩულით წარმოთქვა დედოფალმა და თვალებიც მილულა. ოქროპირმა ხელით ანიშნა ნიაზს, გამეცალეო.
- ნიაზ, - კიდევ ერთხელ წაიჩურჩულა დედოფალმა და ძილს მიეცა.
- იძინე მშვიდად, - წაიბუტბუტა ოქროპირმა, - შენთვის ჯერ მავნებელია დიდი მღელვარება, ჯერ კიდევ ძალიან სუსტად ხარ, დილით კი, როცა მზე ამოვა, შენ სიცოცხლით სავსე წამოდგები ამ კატაფალკიდან.
ამ სიტყვებთან ერთად მთლიანად მოხვეტა დარჩენილი ფხვნილი და თეთრად მოპარპარე ცეცხლში ჩაყარა. მუქი წითელი ფერის კვამლით დაიბურა მთელი სენაკი. კვამლის სვეტები ისე იგრაგნებოდა, თითქოს საცეკვაოდ იწვევდა ჟღალთმიანი ჯადოქრის ხალათის კალთებზე მოხატულ საოცარ ფიგურებს.

...

იმ წითელი კვამლის ბოლქვებს ხველებ-ხველებით გამოვექეცით მე და ნიაზი, მთვარე ცისკიდურს მიახლოვებოდა. მაშინვე დავიძინეთ, რათა ერთი პირი ძირი მაინც მოგვესწრო. გათენებას ბევრი არაფერი აკლდა.
მეორე დღეს, როცა გავიღვიძე, ასე მეგონა სადღაც სხვაგან, ზღაპრულ ქალაქში ამოვყავი თავი. მზის ტაძრის ნანგრევების ადგილას დიდებული ტაძარი აღმართულიყო, მის ირგლივ მრავლად მოფანტულიყო მშვენიერი, უჩვეულოდ ნაგები შენობები. ზოგი მათგანი უკვე მთლიანად დასრულებული იყო, ზოგსაც ისევ დასტრიალებდნენ თავზე აქაური უცხვირპირო ხალხის ჯგუფები...
ალბათ მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რა ქალაქზეა ლაპარაკი; ეს იყო სწორედ მზის ქალაქი, ოღონდ ერთიანად მუყაოსაგან ნაგები, დეკორაცია და არა ნამდვილი ქალაქი. დედოფალ ნაზის არ უნდა ეხილა თავისი ქალაქი იავარქმნილი. მორჭმით უნდა დაბრძანებულიყო ტახტზე და თავი ჭეშმარიტ დედოფლად, მბრძანებლად ეგრძნო. აქაურებმა იზრუნეს ამაზე და მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, მშვენივრად გაართვეს თავი ამ საქმეს; თავი სიზმარში მეგონა, როცა ამ კვდრეთით აღმდგარი ქალაქის ქუჩებში გავისეირნე პირველად. ერთიმანეთს ენაცვლებოდა დიდებული სასახლეები და მაღალი, მონუმენტური ქანდაკებები.... ლამის ვირწმუნე, რომ რაღაც სასწაულით მართლა იმ შორეულ დროში დავბრუნდი, სამი ათასი წლის წინათ, ისე ნაღდი და ჭეშმარიტი ჩანდა ყველაფერი. თვით იმ სწავლულ ხალხსაც შეეცვალა იერი, ახალი სამოსლის წყალობით; ოქრომკერდით ნაკერი განიერი მოსასხამები ეცვათ, მოოქროვილ ქამარში ჩატანებული. ეს ყველაფერი მათთვის ნამდვილი მასკარადი იყო და კარგადაც ერთობოდნენ, ყველას მხიარული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მათი შემხედვარე იფიქრებდი, რა მხიარულ ხალხს უცხოვრია მზის ქალაქშიო...
მე მაშინვე მივხვდი, ვერც ჩვენ გადავრჩებოდით ტანსაცმლის გამოცვლას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საქმე აქ ბევრად ურფო რთულად იყო, ვიდრე მეგონა. ნიაზს არ აკმარეს იმ ღირსსახსოვარ ღამეს გათამაშებული სცენა, მას ბოლომდე უნდა შეესრულებინა მხედართმთავარ ნიაზის როლი, იმ ნიაზისა, რომელიც მხედართმთავარი იყო დედოფალ ნაზის კარზე და შემოსეულ მომთაბარე ტომებს ებრძოდა. ნიაზი მაშინვე გამოაწყვეს საგანგებოდ მომზადებულ სამოსელში. გაოცებისაგან თვალები ლამის გადმომცვივდა, როცა პირველად ვიხილე იგი მხედართმთავრის სამოსელში. ძვირფასი თვლებით ნაკერი ტუნიკა მუხლებამდე სწვდებოდა, წელზე ოქროს ქამარი ერტყა და ოქროს ქარქაშიანი ხმალი ეკიდა. გულმკერდსა და მხარს მოოქროვილი ფირფიტები უფარავდა ისრებისაგან თავდასაცავად. ფეხთ თბილი ტყავისსანდლები ეცვა, თავს ჯიღა უმშვენებდა. გეფიცებით, გამიჭირდა მისი ცნობა, ისეთნაირად გარდაქმნილიყო ამ სამოსელში, რაღაც საოცრად უხდებოდა. თვითონაც გრძნობდა ამას და თვალდათვალ შეიცვალა, მხედრული იერი შეიძინა. უკვე სულ სხვა ნაბიჯით დადიოდა, ხმაც კი შეეცვალა, ლითონისებურ ბგერებს შეამჩნევდი მასში.
მეც გამომიძებნეს როლი. პირველად ახლა შემამჩნია ოქროპირმა. ჩამაცვა ტომარასავით განიერი სამოსელი, რომელსაც სახელოებზე და კალთაზე ოქროს ფუნჯები ეკიდა. სირაქლემის ფრთებისაგან კოხტად შეკრული, განიერი მარაო მომცეს, სურნელოვან ჩუქურთმებიან ხის ტარზე დამაგრებული. ამ მარაოთი უნდა დამენიავებინა ნიაზისათვის, როცა ის მოსვენებით იჯდა, სიარულისას კი ქოლგასავით უნდა მიმეჩრდილა მისთვის, რათა მზის სხივებს არ შეეწუხებინა უპირველესი კაცი დედოფალ ნაზის კარზე.
ასეთნაირად გამოგვაწყვეს ორივენი და ჩვენთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. როცა ნიაზი დომინოს თამაშით არ იყო დაკავებული... (უნდა მექთვა, როცა მომთაბარე ტომებთან ბრძოლით არ იყო დაკავებული), აუცილებლად უნდა ხლებოდა დედოფალ ნაზის, ცხადია, მეც თან ვახლდი აჩრდილივით. დედოფალი ნაზი ჯერ ისევ მძინარე გაიყვანეს მისთვის საგანგებოდ აგებულ სასახლეში. ამ სასახლის აგებისას აქაურებმა ლამის საკუთარ თავს გადააჭარბეს. მთელი სრულყოფით აღადგინეს დედოფლის დიდებული პალატები, მისაღები, მოსასვენებელი, გასახდელები. კედლებს ამშვენებდა ჩუქურთმები, რომლებშიც ძვირფასი თვლები იყო ჩატანებული. ყველგან დახვავებულიყო ვერცხლის და ოქროს ნატიფი ნივთები, მარმარილოს ქანდაკებები, ოქროქსოვილის და ხავერდის ფარდები, რბილბეწვიანი ნოხები და რა ვიცი, კიდევ რა... მათი თვალიერებისას ლამის მერწმუნა, რომ თითქოს მართლაც ნაღდი იყო ეს ყველაფერი და არა იმიტაცია, ისეთი ხელოვნებით გახლდათ დამზადებული. რაც შეეხება თვითონ დედოფალს, აბა შემოწმებას ხომ არ დაუწყებდა მის დიადემაში დამაგრებულ ძვირფას თვლებს, იგი სულაც არ იყო არც ლალი არც ბრილიანტი, არამედ სარკიანი შუშის ნატეხი, არც ოქრო იყო ნამდვილი ოქრო... თუმცა ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე, ძალზე სევდიან განცდებს იწვევდა ჩემში.

...

თეთრი ოთახი მზის სხივეს აევსო, კარადებში მინას და ნიკელს კრიალი გაჰქონდა. მაგიდასთან თეთრ ხალათში გამოწყობილი ნაზი იჯდა და რაღაცას წერდა ჟურნალში... ჩვენი შესვლისას თავი ასწია და თავშეკავებით გაგვიღიმა. ნიაზი სავარძელში ჩაეშვა. მეც, მისი აჩრდილი, მეორე სავარძელში მოვკალათდი. ნეტარებით ვისვენებდი, თან იქაურობას ვათვალიერებდი. ძალიან მართობდა ის კონტრასტი, უდიდესი წინააღმდეგობა და განსხვავება, რაც დღედოფლის სასახლესა და აქაურობას შორის, მეცნიერულ დაწესებულებას შორის არსებობდა. ალბათ ასეთი გრძნობა გექნება მაშინ, სიზმრიდან ცხადში რომ გადმოაბიჯო...
- დაიღალეთ? - იკითხა ნაზიმ, თუცმ ეს შეკითხვა უფრო ნიაზს ეკუთვნოდა.
- ნუღარ მკითხავ, - ამოიკვნესა ნიაზმა, - გაუთავებლად ომზე ლაპარაკი და ფიქრი ვის არ დაღლის. დაწვრილებით უნდა ვუამბო, რა მდგომარეობაშია სპა, რამდენია დაჭრილი, რამდენი გამოგვაკლდა ბრძოლის დროს, საომარი იარაღი რა მდგომარეობაშია... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ღამის შემდეგ გონს ვეღარ მოვსულვარ, რაც ჩვენმა მუგუზალმა ეგ გააცოცხლა.
- შესახედავად როგორია? - იკითხა ნაზიმ და კალამი დადო.
- შესახედავად?.. ჰმა, შესახედავად მგონი არაუშავს რა, ყოველ შემთხვევაში თავი ნამდვილი დედოფალივით უჭირავს. ავაზის ტყავებით მოფენილ ტახტზე ზის და ირგვლივ ოქროქსოვილში გამოწყობილი მხევლები ახვევია. კედლებზე ფრთოსან მნათობთა ოქროს ბარელიეფებია. ფანჯრებიდან გიგანტური ქანდაკებების წყება მოჩანს. თავი სიზმარში გეგონება... - ნიაზი მოულოდნელად გაჩუმდა, ნაზის დააშტერდა და წამოიძახა - შენ გგავს...
- მართლა? - გაეცინა ნაზის.
- მართლა, ძალიან გგავს, ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიე. თუმცა ისე განსხვავებულად ხართ ჩაცმულები. სად იმის სადედოფლო სამოსელი და სად შენი თეთრი ხალათი... ერთნაირი ტანსაცმელი რომ გეცვათ, თქვენს შორის არაფერი განსხვავება აღარ იქნებოდა.
- აბა, აბა, - თითი ხუმრობით დაუქნია ნაზიმ.
- ის ხომ მუმიაა, - გულწრფელი დაყვავიებით გაეცინა ნიაზს.
ნაზის აღარაფერი უთქვამს, ყავა აგვიდუღა, რაც სიამოვნებით გეახელით. მერე მეც წარმადგინეთ თქვენს დედოფალთანო, მოგვაძახა, როცა კარებში გამოვდიოდით.
- აუცილებლად, - გაეპასუხა ნიაზი, - ოღონდ ჯერ მე თვითონ უნდა შევეჩვიო ჩემს როლს. არც ისე ადვილია მისი შესრულება...
ტყუილად როდი დაუჩივლია ნიაზს, მართლა ძალიან იტანჯებოდა დედოფალ ნაზის გვერდით, განსაკუთრებით პირველ ნახებში, შიშისაგან ფერფური მისდიოდა, ერთი წამითაც ვერ ბედავდა მასთან მარტო დარჩენას. გვერდიდან არ მომშორდეო, საგანგებოდ მაფრთხილებდა წინასწარ. ჩემი მოვალეობაც ხომ ეგ იყო; აჩრდილივით თან დავყვებოდი და ვუნიავებდი სირაქლემის ფრთებით. ეკლებზე იჯდა ნიაზი, გამუდმებით კარისკენ ეჭირა თვალი. კიდევ კარგი, გახურებული ომი იყო მომთაბარე ყაჩაღებთან, თორემ რა ეშველებოდა?..
- მეტი აღარ შემიძლია, - შესჩივლა ნიაზმა ოქროპირს, - ერთი განახა, როგორ შემომყურებს, თვალებში რა ცეცხლი უელავს, თვალებით მეძახის, მიხმობს თავისკენ. მე კი მუდამ სადღაც მეჩქარება. ხან სისხლი მაქვს შემხმარი მკლავზე, ხან მუხლი მაქვს შეხვეული და კოჭლობით გავრბივარ საომრად. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
- ცოტაც მოითმინე, დედოფალი ნაზი მალე წააგებს ომს,- წაიბუტბუტა ოქროპრმა.
- მანამდე მე ვერ გავძლებ.
- გაძლებ, შეეჩვევი...
- შევეჩვევი?! ო, ღმერთებო...
ნიაზი ცდებოდა. თავისავე შეუმჩნევლად თანდათან შეეჩვია დედოფალ ნაზის გვერდით ყოფნას. ისე მიიჩქაროდა ხოლმე მასთან შესახვედრად, ძლივსღა ვეწეოდი, რათა მზის მცხუნვარე სხივები მომეჩრდილა მისთვის. დედოფალი ნაზი მორჭმით იჯდა ოქროსაგან (ვაგლახ, თითბრისგან) ნაძერწ ტახტზე, რომელზეც ავაზის ტყავი (პლასტიკატი) ეფინა, შუბლს ალმაების (შუშის) დიადემა უმშვენებდა. სხეულს უბურავდა ღრუბელივით მსუბუქი და ჰაეროვანი სამოსელი, ასევე ალმასის (შუშის) თვლებით აკინძული. ასევე ჰაეროვან სამოსელში გამოწყობილი მხევლები კრძალვით განერიდებოდნენ იქაურობას. ნიაზი მოწიწებით ესალმებოდა დედოფალს, ისიც ხელს უწვდიდა და ღიმილით ეკითხებოდა, ხომ არ დაიღალეო, დაჭრილი ხომ არა ხარო, ნიაზი მადღლობას უხდიდა და მერე იწყებდა საომარი ამბების მოყოლას. დიდი მგზნებარებით ყვებოდა მომთაბარე ტომების მუხანათობის და ვერაგობის შესახებ... უამრავ საომარ ფათერაკებს იხსენებდა, ძალზე სახიფათო შემთხვევებს, რომლებიდანაც ცხადია, გამარჯვებული გამოდიოდა მუდამ. დედოფალი ნაზი, ეს პოეტური და ფრიად განათლებული ქალი, მეტად საინტერესოდ საუბრობდა, თან მეტად ლამაზიც იყო და მისი გონებამახვილობით აღფრთოვანებულმა ნიაზმა თვითონ ვერ გაიგო, ისე ეამბორა ერთხელ ხელზე, თუმცა ძალიანაც გადაუქანდა გული... როცა გონს მოვიდა.
- რამ დაგაფრთხო? - დატუქსა იგი ოქროპირმა, როცა ნიაზმა ხელზე კოცნის ამბავი და საკუთარი განცდები გაუმჟღავნა, - დედოფალი ნაზი ძალიან მიმზიდველი ქალია, თან ძალზე განათლებული და ჭკვიანიც გახლავთ. მისი გულისთვის მამაკაცები თავებს იხოცავდნენ. ასეთი მზიშარა რომ არ იყო, უკეთეს დროს გაატარებდი...
ნიაზი ადგილზე შეხტა ამის წარმოდგენისას.
- რა საშინელებაა! - წამოიძახა შეძრწუნებულმა.
- იქნებ იმის გერიდება, ნაზის რომ უნდა უღალატო, - ჰკითხა ოქროპირმა, თან ამ დროს, როგორც მომეჩვენა, იქედნურად ჩაიღიმა.
- არა, არა,.. არც კი მიფიქრია, მამაკაცს აქვს მაგისთანების უფლება... მაგრამ დედოფალი ნაზი ხომ მუმიაა...
- გაიგე, ყმაწვილო, დედოფალი ნაზი მუმია კი არა, სიცოცხლით სავსე ქალია, - გაბრაზებით შეაწყვეტინა ოქროპირმა, - ამაში შენ თვითონვე დარწმუნდები, თუ უფრო ახლოს გაეცნობი...
ნიაზი ძრწოდა, მაგრამ დედოფალი ნაზი ისეთი მიმზიდველი, ისეთი ეშხიანი გახლდათ, უნებურად თვალი რჩებოდა მასზე. და ერთ მშვენიერ დღეს ნიაზმა გაბედა, ავაზის ტყავებით მოგებულ ტახტზე წამოგორებულიყო და ეთქვა, დავიღალე, ცოტა ხნით შენს გვერდით უნდა დავისვენოო. დედოფალმა ნაზიმ მისი თავი მუხლებზე დაიდო და თქვა, ვარსკვლავებმა მიწინასწარმეტყველეს (ვარსკვლავთმრიცხველობაში დახელოვნებული გახლდათ დედოფალი) ომი ერთ თვეში დამთავრდება და მერე აღარაფერს შეუძლია თქვენი გაყრაო. თან შუბლზე ეამბორა ნიაზს, რომელსაც სულ ოდნავ გააჟრჟოლა ამ დროს. რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს მშვენიერი ქალი ნამდვილი დედოფალი გახლდათ, ხოლო მაღალი მდგომარეობა ერთნაირი მომნუსხველობით მოქმედებდა ყველა დროსა და ეპოქაში.
შემდგომ დღეებში დედოფალმა ნაზიმ რამდენჯერმე აკოცა ნიაზს, რომელსაც ისევ აჟრჟოლებდა, მაგრამ არა შიშისაგან (ყოველ შემთხვევაში, შიშს აქ სულ მცირე წილი ედო). ნიაზს სულ უფრო და უფრო მოსწონდა დედოფალი, ისე მოიხიბლა, თავის შეყვარებულთანაც კი აღარ დადიოდა პაემანზე. ერთხელ შევახსენე კიდეც ამის შესახებ, ნიაზმა შემომიღრინა, არა მცალიაო, მეც ავიღე და მარტოკა ვეახელი ნაზის, რათა მისთვის ნიაზის მოუცლელობა მეუწყებინა. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მოხიბლული ვიყავი მათი მშვიდი, საამური სიყვარულით და მინდოდა მფარველ ანგელოზად ვქცეულიყავი მათთვის. ნაზიმ ბევრი იცინა, როცა ნიაზის ფათერაკები ჩავუკენჭე (რა თქმა უნდა, ცოტა შერბილებულად). ნიაზიზე არ ბრაზობდა, ვიცი, მართლაც მოუცლელი იქნებაო. მერე თვითონაც მიამბო ახალი ამბები. თურმე მთელი ოაზისი რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენების მოლოდინში ყოფილა, ოქროპირმა მართლაც სასწაულებრივად აღადგინა სამიათასი წლის წინათ გარდაცვლილი მუმია, მაგრამ ამაზე უფრო საოცარ ამბებს აწი უნდა ველოდეთ, მეუბნებოდა ნაზი. ოქროპირი კიდევ აპირებს რაღაცას, ამისათვის კი მას ყველა პირობას შეუქმნიან, ყველანაირად დაეხმარებიან, რადგან ეს ადამიანი კი არა, ნამდვილი სასწაულმოქმედია. თან დიდი უცნაური ვინმეა, ვერ გაიგებ, რა აინტერესებს, რისთვის სჭირდება ის ჯადოქრული ცდები... თითქოს მეცნიერის სახელიც არ უნდა იზიდავდეს. აბა, ერთი მითხარი, რომელი მეცნიერი გააბამს მუსაიფს შადრევანთან?
ნაზის სიტყვები თითქოს ჩემი ფიქრების გამოძახილი იყო, მეც არაერთხელ მიფიქრია ოქროპირის შესახებ, ვერ გამეგო, ასეთი სასწაულების მომხდენს, რა აინტერესებდა, რატომ იყო მიმალული სადღაც უდაბნოში მიკარგულ ოაზისში... რა ჰქონდა მიზნად, როცა სამი ათასი წლის წინანდელი მუმია აღადგინა. როგორც ჩანს, ასეთივე იდუმალი არსება იყო იგი სხვებისათვისაც, სოლომონის გამოკლებით. იგი მისი უახლოესი თანაშემწე იყო, მაგრამ მისგან სულ ორი სიტყვა თუ გამეგონა. იმ დღეებში არც ნიაზს სცხელოდა ამაზე სალაპარაკოდ, კიდეც რომ მეკითხა რაიმე და ლაპარაკში გამომეწვია. მას თავდავიწყებით შეუყვარდა დედოფალი ნაზი, ძალიან უჭირდა უიმისოდ გაძლება. ნამდვილი წამება იყო ნიაზისათვის, როცა საომარ ამბების მომიზეზებით უნდა მიეტოვებინა დედოფალი... კარგა ხანს ითმინა ნიაზმა, ბოლოს გადაწყვიტა მოვკვდები, თუ დედოფალი ნაზი ჩემი არ იქნებაო. თავისი გულისწადილი ჯერ ოქროპირს გაანდო. ოქროპირს სულაც არ გაჰკვირვებია.
- დროს ნუ კარგავ, ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, - თქვა ჟღალწვეროსანმა პატრიარქმა და იდუმალად ჩაიღიმა, თუმცა ამ ღიმილში საეჭვოსა და უსიამოვნოს ვერაფერს შეამჩნევდი, მაინც მის მხილველს, ჟრუნატელმა დამიარა მთელ ტანში.
ყურად იღო ნიაზმა ჟღალწვერას რჩევა. შიშის და ყოყომანის სულ მცირე ნარჩენიც დაძლია და დედოფალ ნაზის განუცხადა, ამაღამ ლაშქარს ჩემს მოადგილეს ვანდობ, შემიძლია საკუთარ თავს ცოტა მოსვენების უფლება მივცეო. დედოფლის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა... და ისინი იყვნენ ბედნეიერბი, იმ ზომამდე, რომ საკუთარი ბედნიერების გარდა სხვა აღარაფერი ახსოვდათ ამქვეყნად. ისვენებდნენ ნოხებით მოგებულ, დიდებულ პალატებში, ხანდახან გაისეირნებდნენ პალმების ხეივანში, მე აჩრდილივით თან დავყვებოდი და ორივეს ვუჩრდილებდი სირაქლემას ფრთებისაგან შეკრული მარაოთი. ვიღაცის მზრუნველ ხელებს ცოცხალი ყვავილებით დაეფარა ის ბილიკები, სადაც ბედნიერ წყვილს უნდა გაევლო. მათ, დედოფალ ნაზის და ავტომანქანის მძღოლ ნიაზს ისე უყვარდათ ერთმანეთი, როგორც ერთ დროს დედოფალს და მხედართმთავარს... დედოფალ ნაზის, ამ საოცარ გამჭრიახ გონების ქალს, თავისი დროისთვის ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული. შესანიშნავად იცოდა ვარსკვლავთმრიცხველობა. ღამღამობით ხშირად უთვალთვალებდა ვარსკვლავებს მაღალი კოშკის ღია ვერანდიდან, რომელიც საგანგებოდ ყურადღებით და რუდუნებით გახლდათ აგებული. თურმე დედოფალი აქ ხშირად ატარებდა დროს და აქაურებმა თავები აღარ დაზოგეს, რათა ეს მუყაოს და ფანერის კოლოსი ნამდვილს მგვანებოდა. მიზანსაც მიაღწიეს. ვერანდა მართლაც ძალზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვერანდაზე ამავალი კიბე იშვიათი ორნამენტებით და ჩუქურთმებით იყო შემკული, ყოველი მისი საფეხური რაღაც ახალი საუცხოო ნახატი გახლდათ, მოზაიკისაგან დიდი ხელოვნებით შესრულებული. ვერანდის ირგვლივ უცნაურ ქიმერებს ჩაებათ ფერხული, კუდებით და გრძელჭანგებიანი ხელებით გადასკვნოდნენ ერთმანეთს და უცხოდ ნაძერწ მოაჯირს ქმნიდნან. ვერცხლის ქერცლით უელვარებდათ სხეული, თვალების ადგილას ძვირფასი თვლები ესვათ. შუა ადგილას მარმარილოს საყრდენზე ჩამუხლულ მარად მდუმარე სფინქსს ზეცისკენ მიეპყრო თვალები. დედოფალი ნაზი სათვალთვალო მილით შეჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას, ნაზი ხმით წარმოთქვამდა მათ სახელებს, ჩემთვის უცნობ სიმბოლოებს, ნიაზი ბაიბურში არ იყო, ძალზე ცოტა რამ თუ იცოდა ციურ მნათობთა შესახებ. ხმაგაკმენდილი უსმენდა აქა-იქ თუ ჩართავდა სიტყვას.
ერთი ასეთი ღამე განსაკუთრებით ჩამრჩა მეხსიერებაში: ცაზე სავსე მთვარეს გაჰქონდა ქათქათი. მისი რძისფერი შუქისაგან ბრყწივანელებაგამკრთალი ვარსკვლავები მორცხვად ახამხამებდნენ ოქროსფერ წამწამებს. დედოფალ ნაზის მთვარისკენ მიემართა სათვალთვალო მილი. უხვად ეღვრებოდა სხეულზე მთვარის სხივების ჩანჩქერი და ამ სხივებზე ჭეშმარიტი პატიოსანი თვლების ბრწყინვალებით და პეწით ელავდა მის ჰაეროვან სამოსელზე, მხრებზე თუ შუბლზე მიმოფანტული შუშის მძივები (ვაგლახ!). უეცრად ნაძერწ ქანდაკებას ჰგავდა, სფინქსივით მდუმარეს და გამოუცნობს.
მოულოდნელად გაცოცხლდა ეს მშვენიერი ქანდაკება, ხელი დაბლა დაუშვა დედოფალმა, ნიაზისაკენ მოიხედა და ასეთი რამ თქვა:
ისე მეჩვენება, თითქოს ეს ყველაფერი, რაც ახლაა ჩემს ირგვლივ, უკვე იყო დიდი ხნის წინათ. თითქოს მე და შენ ოდესღაც ერთხელ უკვე ვიდექით ზუსტად ასე, როგორც ახლა ვდგავართ და მთვარეს შევყურებდით. შენ არ გეჩვენება ხოლმე ასე?
ნიაზი სფინქსის გვერდით იდგა ჭეშმარიტი მეომრის მოხდენილ პოზაში. მხედართმთავრის სრული სამოსელით შემოსილი. ცალი ხელით სფინქსს ეყრდნობოდა, მეორეთი დაშნა ჩაებღუჯა. მის ფეხთა ქვეშ ვერცხლის გველი იკლაკნებოდა, რომელსაც საკუთარი კუდისთვის ჩაევლო პირი.
თვით მთვარის შუქზეც საცნაური იყო, თუ როგორ გაუფითრდა სახე ნიაზს, მთელი სხეულით შეტოკდა, ფეხი მოინაცვლა, ხელები ისე ააფათურა, თითქოს აღარ იცის, რას საებღაუჭოსო და ძლივსღა ამოღერღა:
- მეც ასე მეჩვენება ხანდახან, თითქოს ეს ყველაფერი უკვე იყო, მე და შენ ერთად შევცქეროდით მთვარეს, თვალებში შემოგყურებდი, ვარსკვლავებს რომ სჯობნიდნენ ელვარებით, ხელებზე გეამბორებოდი და...
ნაზიმ ხელები გაუწოდა, ნიაზმა ორივე ხელი ჩაავლო და ფერდაკარგულები, დუმილით ჩააცქერდნენ ერთმანეთს თვალებში. მე, როგორც აჩრდილი, ვერანდის უშორეს კუთხეში მიკუნჭული, შევყურებდი მათ და უეცრად მეც გამიჩნდა ისეთი გრძნობა, თითქოს ეს ყველაფერი ერთხელ უკვე მენახა, უკვე მომხდარიყო... ზუსტად ასეთნაირად, მოქათქათე გაბადრულ მთვარის ქვეშ... აი, ახლა ჩრდილი დაეცემა მთვარეს და გამყინავი უსიამოვნო ძახილი შესძრავს აქაურობას.
და მართლაც, იმავე წამს, ფართოდ ფრთებგაშლილი აჩრდილი გადაევლოთ თავზე. ერთი წამით დაბინდა მთვარის ნათელი სახე და გამყინავმა კივილმა შესძრა იქაურობა... მე თავი ვეღარ შევიკავე, ყვირილი აღმომხდა უნებურად. ნაზიმ და ნიაზმა ჩემკენ მოაბრუნეს გაფითრებული სახეები.
- ახლა მეტყვიან, რა მოგივიდა, ჭოტმა ასე როგორ შეგაშინა, - გავივლე გულში.
- რა მოგივიდა, ჭოტმა ასე როგორ დაგაფრთხო, - ლამის ერთხმად მითხრა ორივემ და თვითონვე ამოისუნთქეს შვებით. მეც მაშინვე დამამშვიდა მათი მშვიდი, ადამიანური ხმის გაგონებამ. მართლაც, ჭოტის ხმამ როგორ უნდა შეგაშინოს, თუმც მეტისმეტად მოულოდნელად წამოგვადგა თავზე, აჩრდილივით უხმაუროდ იცის ფრენა...
სამიოდე კვირა იქნებოდა გასული ამ ღირსსახსოვარი ღამიდან, როცა სოლომონი დაგვადგა თავზე ნიაზთან წასასვლელად გამზადებულებს და გვაუწყა, ოქროპირი გიხმობთო. ჩვენც ვეახელით მზის ტაძრის სენაკს... რა ხანია, აქაურობა თვალით აღარ გვენახა. წარვუდექით მზის სენაკში შადრევნის გვერდით ჩამუხლულ ოქროპირს. დაგვინახა თუ არა, მარჯვენა ხელი აღმართა და დიდის ამბით გამოაცხადა, დედოფალი ნაზი უნდა მომკვდარიყო.
ამის გაგონებამ ნიაზზე აშკარად ძლიერად იმოქმედა:
- რად უნდა მოკვდეს? ვის რას უშლის, ისეთი ლამაზია, ისეთი პოეტური, - თქვა შეწუხებულმა.
ოქროპირი რაღაც ჩაციებით ჩააცქერდა ნიაზს, რამდენიმე წამს მზის სენაკში დუმილი არაფერს დაურღვევია, შადრევნის მშვიდი ჩქაფუნის გარდა.
- მარადიული არაფერია ამქვეყნად, - წყნარი ხმით თქვა ბოლოს ოქროპირმა, - დედოფალი ნაზი დროებით გაცოცხლებული მუმიაა, ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე აქვს. სულ ერთია, თვითონ მაინც მოკვდება ათი დღის შემდეგ. ახლა ისღაა მთავარი, რომ ისტორიული სინამდვილე არ დავამახინჯოთ. დაე, ახლაც ისე მოკვდეს, როგორც ერთ დროს მოკვდა, სამიათასი წლის წინათ, ჭეშმარიტი დედოფლური, ღირსეული სიკვდილით.
ოქროპირი დადუმდა, შადრევანს მიაპყრო ყური, რომელსაც ამ დროს, თუ სმენა არ მღალატობს, მართლაც ისე შეეცვალა ხმა, ისე აჟღურტულდა, თითქოს რაღაც გაუხარდაო. მე და ნიაზი საგონებელში ჩავარდნილები გამოვედით გარეთ. გული გვითქვამდა, რომ დავიდარაბიანი დღე გველოდა, მოულოდნელობებით აღსავსე.
მართლაც ასე იყო...
თუმცა დასაწყისში ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდა. თვით მეტად დახელოვნებული რეჟისორი ვერ წარმართავდა უფრო უკეთესად იმ მიზანსცენას რაც იმ დღეს დედოფალი ნაზის სასახლეში გათამაშდა. არც ერთხელ არ შებღალულა ისტორიული სინამდვილე, არავის არაფერი შეშლია. არავითარი ზედმეტი სიტყვა, ზედმეტი მღელვარება... დედოფალი ნაზი შეძრწუნდა, როცა საკაცით მოიყვანეს სასიკვდილოდ დაჭრილი ნიაზი. ამ უკანასკნელს შესანიშნავად ეჭირა თავი, გაუნძრევლად იწვა, თავით ფეხებამდე ქათმის სისხლში ამოსვრილი და თვალიც არ დაუხამხამებია იმ დროს, როცა დედოფალი ნაზი ისე მოთქვამდა, რომ ქვასაც კი აატირებდა. უნუგეშო იყო საბრალო ქალის მწუხარება, ნაღდი და ჭეშმარიტი იყო მისი ცრემლები. მართლაც სანთელივით იწვოდა და იმდუღრებოდა. ო, როგორ მინდოდა, რაიმე სანუგეშო სიტყვა მეთქვა მისთვის, რაიმეთი შემემსუბუქექინა მისი განუზომელი ურვა და ვაება. ,,რად ეწამები ასე, საბრალო ქალო, - ვამბობდი გულში, - ვისთვის იკლავ თავს, ვის დასტირი. ეს ხომ სულ სხვა ვინმეა. და არა ის, ვინც შენ გგონია. ერთი უბადრუკი კომედიანტი და მასხარა, რომელიც შენი ჭეშმარიტი სიყვარულის როლს თამაშობს, აი ვინ არის შენ წინაშე. აქ არაფერი არაა ნაღდი და ჭეშმარიტი. ყალბია ყველაფერი, ყველა რაღაც როლს ასრულებს. მხოლოდ შენი ცრემლებია ნაღდი ამ ჭრელ მასკარადში... ცრემლები, რომლებსაც ასე უხვად აფრქვევ ამ უბადრუკი თვითმარქვიას თავზე...~
ენაზე მადგა ეს სიტყვები, მაგრამ ვაი რომ არ მეწერა მათი ხმამაღლა თქმა, რამეთუ აჩრდილის როლი მერგო ამ მასკარადში, ხოლო არჩდილნი ძალზე იშვიათად თუ დაარღვევენ დუმილს. მათ არა აქვთ ამის უფლება, აჩრდილივით უხმოდ და შეუმჩნევლად ვიდექი ჩემთვის კუთხეში და შევყურებდი მოვლენათა მსვლელობას. ბოლოს მოართვეს დედოფალ ნაზის ყვავილების კალათი, რომელშიც შხამიანი გველი იწვა. დედოფალმა ხელი გაუწოდა გველს. გველსაც არ დაუყოვნებია, რომ თავისი ხშამიანი კბილები ჩაესო მისთვის.
- ნიაზ... - უკანასკნელად ჩაიჩურჩულა ნაზიმ და თვალები სამუდამოდ დახუჭა.
ნიაზი ისევ გაუნძრევლად იწვა, მანამდე ვერ გაბედა თვალების გახელა, სანამ ოქროპირის ხმა არ ჩაესმა:
- შეგიძლია წამოდგე, ყმაწვილო...
- უჰ, მადლობა ღმერთს, - ამოისუნთქა ნიაზმა და სწრაფად წამოხტა საკაციდან.
- ხომ არ დაიღალე? - შეეკითხა ოქროპირი. ძალზე უბრალო შეკითხვა იყო, მაგრამ რაღაც ისეთი გაისმა მასში, რომ ისევ გავფაციცდი.
- მერე როგორ! განა ადვილია ამდენ ხანს გაუნძრევლად წოლა და მკვდრის როლის თამაში.
- მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, ნამდვილი სიკვდილიც არ უნდა იყოს ადვილი საქმე, - იმავე შემპარავი, რბილი ხმით შენიშნა ოქროპირმა, - თანაც მან შენი გულისთვის მოიკლა თავი...
- ეგ ხომ ისედაც მკვდარი იყო, - არხეინად თქვა ნიაზმა, - დროებით გაცოცხლებული მუმია... დიდი არაფერი მომხდარა, თუ ხელახლა მოკვდა. მე კი ძალიან გავწვალდი. რა იქნებოდა, მაგისი შეყვარებულიც, ის მკვდარი ნიაზიც გაგეცოცხლებინა, მაშინ მე გადავრჩებოდი ამდენ დავიდარაბას...
მოულოდნელად ოქროპირის ხმა ისე გაისმა, თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო.
- მაშ, კარგი იქნებოდა მკვდარი ნიაზი გამეცოცხლებინა? - დასჭექა მან, - ვინ გგონია შენი თავი? სწორედ შენ ხარ მაგისი შეყვარებული, სამიათასი წლის წინათ გარდაცვლილი ნიაზი, დედოფალ ნაზის სიყვარული. პირველად შენ გაგაცოცხლე, მაგრამ შენ სრულებითაც არ გახსოვდა დედოფალი ნაზი, შენი თავი ისევე ცარიელი იყო, როგორც მზის სხივებზე გამომშრალი გოგრა. როგა მოგვიანებით დედოფალი ნაზი შეგიყვარდა (ჩვენ ყველანი ხელს ვუწყობდით ამ სიყვარულს), ცოტა იმედი მომეცა, იქნებ რაიმე გაახსენდეს, ანდა მასთან ერთად სიკვდილი მაინც მოახერხოს-მეთქი. თურმე შევმცდარვარ, შენ ვერც ეს შესძელი. მისმა სიკვდილმაც ვერ გააცოცხლა შენი ჩამკვდარი სული. თუმცა, შენ მაინც უნდა მოკვდე, არცა ხარ სიცოცხლის ღირსი.
ნიაზს საზარელი ყვირილი აღმოხდა და ოქროპირის წინაშე მუხლებზე დაეცა:
- შემიბრალე, მე არაფერი ვიცოდი...
- განა შენ შეიბრალე დედოფალი ნაზი, როცა შენს თვალწინ კვდებოდა სწორედ შენი გულისთვის? - ჰქუხდა ოქროპირი, - ამის გარდა, სულ ერთია მალე მოკვდები. სამად სამი დღის სიცოცხლე დაგრჩენია. ერთი სარკეში ჩაიხედე როგორ მოგერღვა სახე. რღვევა უკვე კარგა ხნის დაწყებულია, ხორცი და ძვალი ერთმანეთს სცილდება, მთელი სხეული იშლება. სამი დღის შემდეგ ისედაც მუმიად იქცევი, მეც სწორედ სამი დღით მოგისწრაფავ სიცოცხლეს.
ამ სიტყვებთან ერთად ოქროპირმა თეთრი ფხვნილი დაყარა სასანთლეში მოპარპარე ალზე, საიდანაც მაშინვე თეთრი კვამლის ბოლქვები აიგრაგნა და ღრუბელივით შემოეხვია იქვე მდგარ ნიაზს. ნიაზი მაშინვე დაბარბაცდა, მაგრამ არ დაცემულა, სოლომონს ჩაუვარდა მკლავებში. სოლომონმა აუღელვებლად მოათავსა იგი იმავე საკაცეზე. სოლომონთან ერთად ისევ მე მერგო წილად ნაცრისფერ სენაკში მისი გადასვენება და იქ ღრმა წალოში მოთავსება, შავი ხავერდის ფარდის მიღმა.
თითქოს სიზმარში ვიყავი, ისე ვაკეთებდი ყველაფერს. ისიც კი ვეღარ მოვიფიქრე, სამასკარადო ტანსაცმელი გამეხადა, სირაქლემას ფრთების საჩრდილობელი გადამეგდო. აჩრდილივით გამოწყობილი დავხვდი უდაბნოს ქანების შემსწავლელ ექსპედიციის წევრებს. მეორე დღეს, საღამო ხანს მოაღწიეს მზის ოაზისამდე. კარნავალი მოვაწყვეთ-მეთქი, ასე ვუთხარი მათ. აკი ისედაც იყო, თუმცა დიდად სახარბიელო როლი არ მერგო იმ კარნავალში; თურმე მუმიის აჩრდილი ვყოფილვარ. ჯერ ცოცხალი ადამიანის აჩრდილად ყოფნა რა არის, ახლა კიდევ მუმიისა.
ასე იყო თუ ისე, დიდად სასურველი იყო თუ არა ჩემთვის, მე შევასრულე ბოლომდე ჩემი როლი. დანარჩენებიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დიდი გულმხურვალებით მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და როლებს. და ყოველივე დაუბრკოლებლად წარიმართა თავისი გზით. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ანუ როგორც უზენაესმა მსაჯულმა - ოქროპირმა განსაჯა და გაარიგა. ახლა უკვე ყოველი წვრილმანი გასაგები იყო, რაც უწინ აგრერიგად მაშფოთებდა: ჯერ ნიაზის უცნაური გაქრობა, მერე მისი ხილვა ხავერდის ფარდაჩამოფარებული წალოს სიღრმეში. უდაბნოში მისი ეული სეირნობა, შიშისაგან რომ კინაღამ გონება დამაკარგვინა. ეს ყველაფერი თურმე გარდამავალი რგოლები იყო მუმიასა და ცოცხალ ადამიანს შორის. ყველა ეს საფეხურები უნდა გაევლო მკვდრეთით აღმდგარ მხედართმთავარ ნიაზს, რათა იმად ქცეულიყო, რადაც ბოლოს მოგვევლინა. ამ სასწაულებრივი გარდასახვის სულისჩამდგმელი ოქროპირი გახლდათ, ნამდვილი ჯადოქარი... მან მკვდრეთით აღადგინა მხედართმთავარი ნიაზი და რა ნახა, რომ მისი თავი გამომშრალ გოგრასავით ცარიელი იყო, ჩვენი თანამედროვე ადამიანის, მძღოლ ნიაზის ცხოვრების წესი და შთაბეჭდილებანი ჩაწერა მისი ტვინის მაგნიტურ ლენტზე, ასე რომ, ნიაზს მთლიანად აუხდა ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდი ორეულის შესახებ. რატომ აირჩია მაინცდამაინც მძღოლ ნიაზის ცხოვრებაო, იკითხავს ვინმე. უნდა ვაღიარო, ამის შესახებ არაფერს გეტყვით. მე არ მიკითხავს რაიმე ოქროპირისთვის. შეიძლება ასე იმიტომ მოიქცა, რომ კვდრეთით აღმდგარი მხედართმთავარი ორი წვეთი წყალივით ჰგავდა თანამედროვე მძღოლს, ისე როგორც დედოფალი ნაზი ჰგავდა ლაბორატორიაში მომუშავე თეთრხალათიან ნაზის. ორეულები ერთმანეთს რომ არ შეხვედროდნენ, ამ მიზნით ოქროპირმა მძღოლი გათხრებზე გააგზავნა სამი თვით, აღდგენილი ორეული თავისთან დაიტოვა. ეს გახლდათ შეყვარებულთა ორი წყვილი, სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებნი, მაგრამ საოცრად მსგავსი ერთმანეთს, სახელებიც ერთდიდაიგივე ერქვათ (ძალზე უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ალბათ ასედაც ხდება საუკუნეთა სიმრავლის სიღრმეებში)... და ოქროპირი მათ ჭადრაკის ფიგურებივით უცვლიდა ადგილებს თავისი იდუმალი მიზნების შესაბამისად. მერედა, რა იყო ეს მიზნები, რა აინტერესებდა ამ უცნაურ, მართლაცდა ფანტასტიკურ ადამიანს, ჟღალწვერიან ოქროპირს, მზის ტაძრის ქურუმთა ნამდვილ გამოცხადებას... სამიათასი წლის წინათ გარდაცვლილი მუმიისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, ეს როდი აღელვებდა. განმეორებათა ამ უსასრულო ჯაჭვში იგი ,,ადამიანურ მეხსიერებას~ ეძებდა. მისთვის მთავარი იყო იმის მიკვლევა, თუ რა ჩანაწერი გააკეთა ცხოვრებამ ტვინის მაგნიტურ ლენტზე და რა იყო ამ ჩანაწერთაგან წარმავალი, თუ არსებოდა რაიმე ისეთი, რაც არასოდეს წაიშლებოდა, რაც უცვლელად გადადიოდა სხეულიდა სხეულში... ოქროპირი ეძებდა იმას, რასაც თვით სიკვდილი ვერ წაშლიდა; გულით გაიხარა, როცა დედოფალმა ნაზიმ ნიაზს მოუხმო თვალის გახელისთანავე. ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა და ბოლოს განრისხდა კიდეც, როცა მკვდრეთით აღმდგარმა ნიაზმა ვერაფერიც ვერ გაიხსენა და ამდენად, არც აღმოჩნდა სიყვარულის ღირსი... სიყვარულის ხსოვნა... ალბათ სწორედ ესაა, რაც ადამიანს ქმნის, სხვა ყოველივე წარმავალია ამქვეყნად, ქვიშის ბორცვებივით წარმავალი და ცვალებადია. ქვიშის ბორცვებივით ვჩნდებით, ვქრებით, ერთმანეთში ვითქვიფებით, გადავდივართ ერთი არსებიდან მეორეში, მერე ისევ ვჩნდებით... და ალბათ არსებობს რაღაც მარადიული და უცვლელი, რაც ძვირფასი თვლების მძივივით გაჭიმულა ქვიშის ბორცვთა შორის, რაც მარად ახალ და ახალ ფორმას აძლევს მათ უსახო სიმრავლეს. ეს არის სწორედ ჭეშმარიტი ნამდვილი სიყვარულის ცრემლები, მისი მარადიული, დაუვიწყარი ხსოვნა. უდაბნოს ქვიშას ეცემა ეს ცრემლები, მაგრამ არ იკარგება. ყველაფრის წაშლა შეიძლება, მის გარდა... ალბათ სწორედ ამის შესახებ ჟღურტულებდა პატარა შადრევანი ნაცრისფერ სენაკში, ამაზე ეჩურჩულებოდა მისკენ ყურმიპყრობილ ოქროპირს.
აქ, როგორც იტყვიან, შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა, მაგრამ ორიოდე სიტყვა კიდევ გვაქვს სათქმელი და ეს ორიოდე სიტყვა დედოფალ ნაზის თანამედროვე ორეულს თეთრხალათიან ნაზის შეეხება. როგორც უკვე აღვნიშენთ, თეთრხალათიანი ნაზი ოდნავადაც არ ეჭვიანობდა, როცა ნიაზმა სასიყვარულო რომანი გააბა დედოფალ ნაზისთან. ჯერ ერთი, თეთრხალათიან ნაზის მუმია არ მიაჩნდა ნამდვილ მეტოქედ. ამის გარდა, არც ნიაზს გაუმხელია მისთვის ყველაფერი ბოლომდე, მაგრამ როგორღაც ისე მოხდა, რომ მაინც ერგო წილად ეჭვიანობის სამსალა გამოეცალა: თურმე სამეფო სამარხის გათხრებზე გამგზავრებულიყო სრულიად შემთხვევით და იქ ნიაზი ეხილა, ვიღაც ქალბატონთან მოკურკურე მტრედივით. ცხადი იყო, რომ ნიაზს მოეწყინა იმის მოლოდინში, თუ როდის მიიღებდა ოქროპირისგან ოაზისში დაბრუნების ნებართვას და სასიყვარულო ნაცნობობა გააბა ვიღაც ტურისტ ქალთან.
ელდისაგან კინაღამ გული წაუვიდა თეთრხალათიან ნაზის, მაგრამ თავი შეიმაგრა, ისიც არ აკადრა, რაიმე სცენა მოეწყო თავისი მოღალატე სატრფოსთვის. უფრო მეტიც, არც კი დანახვებია ნიაზს, ისე გამოქანდა უკანვე ოაზისში. გზაში ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი, რაც ეხლა იხილა უკვე დიდი ხნის ამბავი იყო და ამაში როგორღაც თვითონ ოქროპირს მიუძღოდა ბრალი. გაალმასებული ქალი შურდულივით შემოვარდა მზის ტაძარში და ნამდვილი ქორივით დააცხრა ჟღალწვერიან ჯადოქარს.
- თქვენ ყველაფერი იცოდით და მიმალავდით, - ხმამაღლა გაჰკიოდა იგი.
ოქროპირი ოქროსფერი ლერწმისაგან ნაქსოვ ჭილობზე წამოგორებულიყო და თვალმილულული უსმენდა შადრევნის მშვიდ ჟღურტულს. როცა ამ მშვიდ ბგერებს მკვდარი ხმებიც შეერია, ოქროპირმა თავი ასწია, კითხვის თვალით შეხედა ნაზის:
- რა უნდა მცოდნოდა...
- ნიაზი ვიღაც ქალთან ერთად ვნახე, - მიახალა ნაზიმ:
ოქროპირმა სევდიანად გადააქნია თავი. მან, ცხადია, არაფერი უწყოდა თავისი მძღოლის სასიყვარულო თავგადასავლებზე, არც მათი მშვიდი ბედნიერი სიყვარულის მტრობა ჰქონია გულში, ნიაზი ცოტა ხნით მოიშორა თავიდან, როგორც მისი მიზანსცენის განხორციელება მოითხოვდა. ორიოდე დღის შემდეგ ისევ დააბრუნებდა მზის ოაზისში და ყველაფერი ძველებურად აეწყობოდა. ეჰ, ნეტავი ნაზი არ გამგზავრებულიყო სამეფო აკლდამების გათხრებზე.
- რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთი უსინდისო იყო, - გულამოსკვნით აქვითინდა ნაზი, საბოლოოდ უღალატა თავშეკავებამ. ოქროპირმა თავი დახარა.
რამდენიმე წამს სიჩუმე არაფერს დაურღვევია, შადრევნის მშვიდი ჟღურტულისა და ნაზის სლუკუნის გარდა.
მერე ოქროპირმა თავი ასწია და ნაზის დამაჯერებელი, მამობრივი ხმით მიმართა:
- უნდა აპატიო ღალატი ნიაზს...
- არასოდეს... - ცხარედ შეესიტყვა ნაზი.
- თავი ისე უნდა დაიჭირო, ვითომ არაფერი დაგინახავს, - თავისას აგრძელებდა ოქროპირი.
- არავითარ შემთხვევაში...
- გეუბნები, ასე აჯობებს.
- არა, არა და კიდევ არა!
რამდენიმე წამს ოქროპირი დაჟინებით, უხმოდ ჩააქცერდა ნაზის, მერე ნელ-ნელა წამოკრიფა თავისი სხეული და ხალათის კალთები ჭილობიდან.
- ესე იგი, ღალატს არავის არ აპატიებ, არა?
- არა, არ ვაპატიებ! - მტკიცედ თქვა ნაზიმ.
- ჰოდა, აი, ეს არ გიღალატებს არასოდეს!
ამ სიტყვებთან ერთად ხელი აღმართა ოქროპირმა, შავი ხავერდის ფარდა გადასწია, ღრმა წალოს რომ ბურავდა...
გადასწია და... იქიდან ნიაზის გაყინულმა თვალებმა შემოგვხედა.
რა საზარელი სანახაობა იყო! ნაზის ყვირილი აღმოხდა და ქანდაკებასავით გაშეშდა. თვალები ლამის მასაც მუმიასავით ჰქნდა დაჭყეტილი, მე კუთხეში გახლდით მიკუნჭული და იქიდან შევყურებდი ამ სცენას.
და მაშინ გავიგონე სწორედ შადრევნის სიცილი... სიცილი კი არა, ხარხარი. შადრევანი ხარხარებდა, ნამდვილი ეშმაკეული, მეფისტოფელური სიცილით ხარხარებდა....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები