ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
15 დეკემბერი, 2014


დილის ნამი



ერთ დროს ვარსკვლავები ძალიან ახლოს ყოფილან დედამიწასთან, იმდენად ახლოს, რომ ფრინველთა ღამეული ძახილიც კი შეაკრთობდათ ხოლმე ხანდახან და ერთმანეთს სიცილით გადაულაპარაკებდნენ, ეს რა ომახიანი ხმა აქვთო.
ყოველდღე, ადრიანად, როცა განთიადს ძალა ჯერაც ვერ მოეკრიბა, მოფრინდებოდა ღამის დედოფალი, შავი ხავერდის კაბითა და ბინდისფერი საბურავით შემოსილი. აკრეფდა ვარსკვლავებს უკვე ფერგამკრთალი ციდან, ოქროს კალათაში მოაგროვებდა და თან მიჰქონდა ბინდის სამეფოში. იქ მთელი დღე ეძინათ ვარსკვლავებს, მძიმე, გაუმჭვირვალე ფარდების მიღმა გადამალულებს. შეუვალი სიჩუმე და მყუდროება სუფევდა მათ ირგვლივ. ვერც ერთი სულიერი, ვერარა ბგერა ვერ აღწევდა იმ ფარდების ნაკეცებს იქით.
საღამოობით ისევ მოფრინდებოდა ღამის დედოფალი, ოქროს კალათიდან გადმოყრიდა ვარსკვლავებს და მთელ ცაზე მიმოფანტავდა ხოლმე. ასეთნაირად მიმოფანტული ვარსკვლავები მუდამ სხვადასხვანაირი რიგით ლაგდებოდნენ ცის თაღზე, ამიტომაც ყოველ ღამით სულ ნაირ-ნაირ მძივებად აკინძული თანავარსკვლავედები დაჰყურებდნენ დედამიწას, ყოველ ღამით იცვლებოდა მათი ფორმა და სიმწყობრე. მთვარე კი მუდამ ერთნაირად დაეხეტებოდა ცაზე.
ერთხელაც, განთიადისას, როდესაც ღამის დედოფალი ჩვეულებისამებრ კრეფდა ვარსკვლავებს, სად იყო და სად არა, ცაზე კუდიანი ვარსკვლავი შემოეხეტა. ღამის დედოფალმა აავსო კალათა პირთამდე და მერე კუდიან ვასრკვლავსაც წაეტანა, აკი ჩემს სამფლობელოში შემოფრინდიო, ასე ფიქრობდა დედოფალი.
მაგრამ კუდიანი ვარსკვლავი სულაც არ ფიქრობდა ასე. ოდნავადაც არ ეხალისებოდა ასეთ სივიწროვეში ყოფნა. თავისუფალ ცხოვრებას იყო მიჩვეული და მას არავითან ოქროს კალათზე არ გაცვლიდა. კუდი თევზივით მოიქნია და ხელიდან გაუსხლტა ღამის დედოფალს. გააბრაზა ღამის დედოფალი კუდიანი ვარსკვლავის თავხედობამ, ბინდისფერი პირბადის ფრიალ-ფრიალით უკან გამოუდგა დასაჭერად. მალე დაეწია კიდეც და მისკენ გაიწოდა ხელი, მაგრამ კუდიანმა ვარსკვლავმა კიდევ უფრო მოუმატა სისწრაფეს და ისევ ხახამშრალი დატოვა მდევარი.
არ მოეშვა ღამის დედოფალი კუდიან ვარსკვლავს. ცალ ხელში ვასრკვლავებით სავსე კალათით, ისევ და ისევ მისდევდა დასაჭერად, მაგრამ მოუხელთებელი აღმოჩნდა კუდიანი ვასრკვლავი. სულ უფრო და უფრო უმატებდა სისწრაფეს და თანაც უცნაურ მარყუჟებს ხაზავდა ცაზე. ბოლოს და ბოლოს ამ მარყუჟებმა ისე დაახვია თავბრუ დედოფალს, რომ თავისი კალათიც გაუვარდა ხელიდან. ვარსკვლავებმა დრო იხელთეს, ამოფრინდნენ კალათიდან და აქეთ-იქით მიმოფანტნენ. ღამის დედოფალმა თავი დაანება კუდიან ვარსკვლავს და ახლა მათ გამოუდგა, მაგრამ რიჟრაჟმა იძალა, ჩამუქებულ ზეცას ნათელი მოჰფინა. ღამის დედოფალს ისღა დარჩენოდა, სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას, ბრაზმორეულმა და ხელცარიელმა მიაშურა ბინდის სამეფოს. კუდიანი ვარსკვლავიც სადღაც გადაიკარგა ამასობაში.
მეორე დილით ისევ მოფრინდა ღამის დედოფალი თავისი ოქროს კალათით, მაგრამ ისე მაღლა აფრენილიყვნენ ვარსკვლავები, ვეღარ მისწვდა დასაკრეფად, ვეღარაფერი რომ გააწყო, ალერსით მოუხმო სათითაოდ ყველას, ისევ დაბრუნდითო ჩემთან. პასუხად ვარსკვლავებმა უდარდელად გადაიკისკისეს. მათ მოეწონათ მაღლა ცის თაღზე დასახლება და ისევ ოქროს კალათში დაბრუნება აღარ უნდოდათ. ისიც უკვირდათ, ამდენ ხანს ნეტავ იქ რამ გაგვაძლებინაო, ისევ ხელცარიელი დაბრუნდა ღამის დედოფალი ბინდის სამეფოში.
მას შემდეგ ყოველ ღამით ასეა, განთიადისას მოფრინდება ღამის დედოფალი, ამაოდ ცდილობს მისწვდეს მაღლა აფრენილ ვარსკვლავებს. ხან ტუქსავს, ხან ევედრება ისევ დამიბრუნდითო. ვარსკვლავები ყურსაც არ იბერტყავენ. ოდნავადაც არ იძვრიან ადგილიდან და ყოველ ღამით ერთნაირ მძივებად აკინძული თანავარსკვლავედები დაჰყურებენ დედამიწას, აღარ იცვლება მათი ფორმა და სიმწყობრე.
ბრაზისა და მწუხარებისაგან ტირის ღამის დედოფალი, სანამ ისევ ხელცარიელი დაბრუნდებოდეს ბინის სამეფოში, ცრემლები ნამის წვეთებად ეპკურება დედამიწას, მთვარეს ნიშნისმოგებით ეღიმება მის ანჩხლობაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები