ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
29 დეკემბერი, 2014


ბეღურა და თოვლი

                                                   

      ახალი წლის წინა ღამე იყო. სარკმელს მიკრული პატარა და-ძმა ჩამუქებულ ზეცას ასცქეროდა. არსად არ ჩანდნენ თოვლის ფიფქები, ერთიც არ ტრიალებდა ჰაერში. არადა, როგორ უნდოდათ ბავშვებს თოვლი საახალწლოდ, როგორ ნატრობდნენ ...
      ერთმა ბეღურამ უყურა, უყურა დაღონებულ და-ძმას, მერე ფრთა ფრთას შემოჰკრა და ქალაქის თავზე გაწოლილ მძიმე ღრუბლებს მიაშურა. ღრუბლის რბილ კალთაზე უთვალავ თოვლის ფიფქს ეძინა მყუდროდ და ტკბილად.
      - რა დროს ძილია - დასჭყივლა ბეღურამ, - სადაცაა ახალი წელი დადგება! - ახლავე გაიღვიძეთ და ქალაქისკენ დაეშვით, თუ გზას ვეღარ იგნებთ, მე გაგიძღვებით წინ.
      მაგრამ ფიფქებს ძალიან მაგრად ეძინათ და ასე ადვილად ვერ გააღვიძა; თანაც თოვლში ხომ ხმა საერთოდ სუსტად ისმის.
      - ჩქარა გაიღვიძეთ-მეთქი, თავისი არ დაიშალა ბეღურამ, თან რაც შეეძლო, ფრთები ააფათქუნა და ერთი-ორჯერ გაჰკრა კიდეც მძინარე ფიფქებს.
      ბოლოს, როგორც იქნა, ერთმა ფიფქმა გამოახილა თვალი და წამოიწია.
      - რაო, ბეღურავ, აქ რა გინდა?
      - ქალაქისკენ გამომყევით, ჩქარა! - დასჭყივლა ბეღურამ - ბავშვები თქვენი ნატვრით აღარ არიან. აღარც ახალი წლის მოსვლა უხარიათ, აღარც საახალწლო საჩუქრები.
      - ამას შენ ამბობ?- გაოცდა ფიფქი, - დაგავიწყდა შარშან სიცივისგან აბუზული რომ გვეჩხუბებოდი, აქ რა გინდათ, თქვენთვის ცაში დაეტიეთო?
        - არ დამვიწყნია, - ცოტა არ იყოს, სევდიანად თქვა ბეღურამ - ვიცი ახლაც გავწვალდები, მაგრამ ბავშვები მეცოდებიან. მე როგორმე გავძლებ, ბავშვებიც ალბათ მიშველიან, საკენკს დამიყრიან. აბა, ჩქარა! ლაპარაკის დრო აღარ არის. საცაა გათენდება. ახალი წლის დილას ბავშვებს თოვლი უნდა დახვდეს.
      ფიფქი თვითონ ცივი იყო, მაგრამ ამავე დროს მეტად გულთბილიც. მარდად წამოხტა თავისი ფაფუკი საგებიდან, მარაოსავით ფართოდ გაშალა კოხტა კალთები და მძინარე და-ძმებს ფარფატით ჩამოუარა, ყველა გააღვიძა. თუმცა ფიფქები ბევრს წუწუნებდნენ, ძილს ნუ გვიფრთხობთო და ცდილობდნენ ისევ თბილად გახვეულიყვნენ ღრუბლების რბილ კალთაში, ფართოკალთებიანი ფიფქი მაინც არ ეშვებოდა. არც ბეღურა აკლებდა ხელს. იმდენს ჭყიოდა, იმდენს ეხეთქებოდა აქეთ-იქით, სულ ერთიანად თოვლში ამოიგანგლა.
        დატრიალდნენ ფიფქები, კამარა შეჰკრეს და მიძინებული ქალაქისკენ დაეშვნენ. ბეღურა წინ მიუძღოდათ, პირდაპირ პატარა და-ძმის სახლის სახურავზე ჩამოაცილა ისინი, თვითონ კი ნისკარტით ფრთხილად მიუკაკუნა სარკმელზე, დარდი ნუ გაქვთ, თოვლი უკვე მოვიყვანე თქვენთვისო, მაგრამ ბავშვებს ტკბილად ეძინათ და არაფერი გაუგიათ.
      თქვენ ჯერ კიდევ ტკბილად გძინავთ პატარებო, არ იცით რა მშვენიერი საჩუქარი მოგიმზადათ ბეღურამ. გაიღვიძებთ და გაიხარებთ ფაფუკი, ქათქათა თოვლით. ეს მართლაც ყველაზე ლამაზი საჩუქარი იქნება ამ ახალ წელს.
      და როცა ნახავთ სიცივისა და შიმშილისაგან აბუზულ ბეღურებს, ნუ დაიზარებთ: გამოაღეთ სარკმელი და საკენკი დაუყარეთ. ხომ შეიძლება მათში ის ბეღურაც ერიოს, თქვენთვის თოვლი რომ მოიყვანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები