| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 4 იანვარი, 2015 |
ფრინველი შესახედავად ძალზე სანდომიანი იყო, სახელიც „იხვი“ საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერდა, უფალი დაფიქრებით დასცქეროდა, ჯერ ვერ გადაეწყვიტა, თუ რისი უნარით აღეჭურვა ეს ახალი არსება. - სამ გამოცანას გეტყვი, - უთხრა ბოლოს უფალმა, - თუ სამივეს ამოხსნი, შენ შეგეძლება წყალში ცურვა, ხმელეთზე სიარული და ჰაერში ფრენა. თუ სამზე ნაკლებს, მაშინ რომელიმე უნარი მოგაკლდება. ფრინველს აბა რა უნდა ჰქონოდა ამის საწინააღმდეგო, გამგონედ იყურებოდა შემდგომი ამბების მოლოდინში.უფალმა ხელში აიყვანა იგი და ერთად გაისეირნეს ახლად შექმნილი სამყაროს ბილიკებზე. მეტად ძნელია აღწერა რამდენად მშვენიერი იყო ეს ბილიკები, უფლის ნაბიჯები კი უმსუბუქესი და ლაღი. მთელი სამყარო მრავალთაღოვან სივრცეებად გადაიშალა. საითაც არ უნდა გაგეხედათ, ერთიმეორეზე წარმტაცი სურათები მოჩანდა, რომლებიც წამიდან წამს ცვლიდნენ ერთმანეთს. მწვანედ აბიბინებული მდელოები ცისფერ მთებს უთმობდნენ ადგილს. მორაკრაკე ნაკადულები ლამის იქვე გარდაისახნენ ჩანჩქერებად. ღრუბლები უკვე შესდგომოდნენ თავიანთ მარადიულ ხეტიალს ცის კაბადონზე. ზღვის ტალღები დაუდგრომლად ებრძოდნენ ნაპირებს, ცასა და მიწის შუა წვიმის ბილიკები გაბმულიყო... და ყოველივე თანდათან ივსებოდა ნაირნაირი ცოცხალი არსებებით, რომელთაგან ზოგი დარბოდა, ზოგი დახოხავდა, ზოგიც დაფრინავდა ან დაცურავდა. სათვალავი არ ჰქონდათ, იმდენი იყვნენ, მხოლოდ იხვს ჯერ არ დაესაკუთრებინა თავისი ადგილი მათ შორის. უფალმა ხელი აღმართა, იხვს სივრცის იმ ნაწილზე მიუთითა, სადაც განსაკუთრებით უხვად მოჩანდა ღრუბელთა მოხეტიალე ქარავნები, წვიმის წვეთები კი თავიანთი ჩვეული ჩუმი სიმღერებით მისდევდნენ ერთმანეთს. მერე იქითკენ გაახედა იხვი, სადაც მაღალ მთებს მარადი თოვლი მოსავდა, მათი ნაჟური დაბლა წვეთავდა, ნისლებით სავსე ხეობაში ჩაედინებოდა. და ბოლოს, ყოველივე ეს, წვიმის ნიაღვრები თუ მარადი თოვლის ნაჟური, ერთად ჩაედინებოდნენ დაკლაკნილ მდინარეებში, რომლებიც თავქვე მიაქანებდნენ მღვრიე ტალღებს. შენ ახლა წყალს და მის მრავალსახეობას ხედავ, ჩემო პატარავ, - უთხრა უფალმა იხვს და ნაცრისფერ ზურგზე მოეფერა. - ხედავ, რომ მისი ბილიკი მუდამ თავქვე მიემართება. აბა, მითხარი, როდის ხდება პირიქით? იხვი დაფიქრდა, ძალიანაც დაფიქრდა. არცერთი არ ეთმობოდა უფლის მიერ ჩამოთვლილ ნიჭთაგან, სამივეს მფლობელი სურდა გამხდარიყო, მაგრამ რამდენიც არ ეცადა, რამდენიც არ ატრიალა შავი მრგვალი თვალები აქეთ-იქით, ახალი ვერაფერი დაინახა უკვე ნაცნობ სურათში, სადაც წყლის ბილიკი მუდამ თავქვე მიემართებოდა. აქედან გამომდინარე, გამოცანა ვერ გამოიცნო. მწუხარედ ჩაჰკიდა თავი და აღიარა: - ვერ მივმხდარვარ, წყალი აღმა როდის მიემართებაო. უფალმა კარგა ხანს ადროვა და როცა ნახა, იხვის მონდომება საქმეს ვერ შველოდა, ნისლის ფთილებზე მიუთითა, ხეობებში რომ ფარფატებდნენ და ნელ-ნელა მიიწევდნენ მაღლა. - ნისლიც ხომ წყალია, -თქვა უფალმა, - მისი ბილიკი ახლა დაბლა არ მიემართება, პირიქით, მაღლა ადის. - ვახ! - გაიკვირვა იხვმა. მართლაც ძალიან გაოცებული დარჩა, ასეთი ცხადი რამ როგორ ვერ შევამჩნიეო. შეხედა უფალმა და გაეცინა. მაგრამ იხვს არ გასცინებია, ნამდვილად არ იყო სიცილის გუნებაზე. უკვე იცოდა, პირველი ამოცანის ამოუხსნელობით წყალში ცურვის უნარი დაკარგა. ისევ გაუყვნენ პირველშექმნილი სამყაროს უმშვენიერეს ბილიკებს, კვლავ შეენაცვლნენ ერთმანეთს თვალწარმტაცი ხედები. უფალი წყნარად ეფერებოდა იხვს ზურგზე, თითქოს ეუბნებოდა, გულს ნუ გაიტეხო. მერე უფალი შედგა, იხვმა მიმოიხედა, ყველგან ცეცხლის ენები ბრიალებდნენ, ზოგი დიდი, ზოგიც - პატარა. ჰაერში კვამლის სვეტები იგრაგნებოდნენ და მაღლა მიიწევდნენ. - შენ ახლა ცეცხლის ბილიკებს ხედავ ჩემო პატარა, - თქვა უფალმა, - განგებ შევარჩიე სივრცის ის ნაწილი, სადაც ცეცხლი ყველაზე ცხადად წარმოჩინდება. აგერ დიასახლისი სადილს ამზადებს, ბუხარში ცეცხლი აუნთია. მონადირეებს კოცონი გაუჩაღებიათ, ნანადირევს წვავენ. მეომრებს ჩირაღდნები უჭირავთ ხელში, მლოცველები სანთლებს ანთებენ. აი, იქითკენ კი, კარგად შეხედე, მუხას მეხი დასცემია და ცეცხლი უკიდია. როგორც ხედავ, ცეცხლის ბილიკი მუდამ ზევით მიიწევს. აბა, ახლა დაფიქრდი და მითხარი, პირიქით როდის ხდება, როდის ეშვება ცეცხლის ბილიკი დაბლა? იხვი ისევ დაფიქრდა, თანაც როგორ... მეტი რომ აღარ შეიძლება, ისე მოინდომა ამ ამოცანის ამოხსნა. იმდენი უყურა ცეცხლის ენებს, სანამ თვალები მთლად არ აუჭრელდა. ცეცხლის ენები ყოველთვის მაღლა მიიწევდა, ისე, როგორც კვამლის სვეტები. თუ როდის ხდებოდა პირიქით, იხვმა ვერაფრით ვერ მოისაზრა. ვერ გამოვიცანიო, აღარა ბოლოს ამდენი ფიქრით შეჭირვებულმა. უფალმა საყვედურით გადააქნია თავი. - ცხადი სურათი დაგიხატე თვალწინ, შენ კი მაინც ვერ მიხვდი, - უთხრა იხვს, - აბა ერთი კარგად შეხედე ნამეხარ მუხას. აკი ელვამ გააჩინა ეს ცეცხლი, იგი ახლაც იკლაკნება ჰაერში და უკვე შენს თვალწინ ეცემა მიწაზე. ესეც ცეცხლია, აქ უკვე მისი ბილიკი დაბლაა მიმართული. - ვახ!! - კვლავ გაიკვირვა იხვმა. მართლა გაოცებული იყო, ასე რამ დამაბრმავაო. უფალმა კვლავ შეხედა მას და კიდევ უფრო გულიანად გაიცინა. იხვი, ცხადია, არც ახლა ყოფილა სიცილის გუნებაზე. თავი კიდევ უფრო დაბლა ჩაჰკიდა, მას ხომ მიწაზე სიარულის ნიჭი წაერთვა. ისევ გაუყვნენ ერთად პირველშობილი სამყაროს ფერადოვან ბილიკებს. ახლა უფრო მეტხანს იარეს. უფალს სურდა, რაც შეიძლებოდა მეტი სივრცეები დაენახვებინა იხვისთვის, იქნებ მესამე ამოცანა მაინც ამოეხსნა როგორმე. ყვავილებით გადაჭრელებულ მინდორზე შეჩერდნენ ბოლოს, საითაც არ უნდა გაგეხედა, ერთიმეორეზე ლამაზი სურათები იხატებოდა. ერთ მხარეს მწვანე ტყე შრიალებდა, მეორე მხარეს ნაკადულს გაჰქონდა ჩხრიალი. ცაზე ალისფრად მობრიალე მზე გამოკიდებულიყო, თვალს არ ბეზრდებოდა აქაურობის ჭვრეტა, ეს იყო ულამაზესი სურათი, უმშვენიერესი სამყაროს კალთაზე ამოქარგული. - ახლა კი კარგად დაფიქრდი, ჩემო პატარავ, - უთხრა უფალმა. - ამ ცხად ხილვაში, რაც შენს თვალწინ გადაშლილა, წყალსაც ხედავ და ცეცხლსაც. ნაკადული წყლის წვეთებით რწყავს აქაურობას, ცაზე კიდევ მზე გამოკიდებულა. ეს ის ცეცხლია, რომელიც მე ავანთე სამყაროს გასანათებლად და გასათბობად. შენ იცი, რომ ცეცხლი და წყალი ერთმანეთს ვერ ურიგდებიან; სადაც წყალია, ცეცხლი ვერ ძლებს, სადაც ცეცხლია, წყალს არ დაედგომება, მაგრამ არსებობს ერთი ჯადოსნური ადგილი, სადაც ცეცხლი და წყალი ერთმანეთს შეურიგდნენ. აბა, მითხარი, სად შეურიგდნენ ერთმანეთს ცეცხლი და წყალი? ისევ დაფიქრდა იხვი. ახლა კი მართლაც ძალიან მოინდომა, მეტისმეტი მონდომებისგან ლამის კანკალი დააწყებინა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ამ ერთადერთი ამოცანის იმედადღა რჩებოდა. ესეც რომ ვერ ამოვხსნა, რაღა უნდა გამოვიდეს ჩემგანო, - ფიქრობდა იხვი და ლამის იყო ტვინი გაბურღვოდა, ისე ატანდა თავს ძალას, მაგრამ რამდენიც არ იმტვრია თავი, ათვალიერა ნაირფერი ყვავილებით მოჩითული მდელო, ჰაერში გამოკიდებული მზე და მორაკრაკე ნაკადული, მაინც ვერაფერი მოიფიქრა, ვერ მიხვდა, სად შეურიგდა ერთმანეთს ცეცხლი და წყალი. და ბოლოს,მეტისმეტად გულნატკენმა აღიარა, ვერც ეს გამოცანა ამოვხსენიო. უფალმაც აღარ დააყოვნა და უთხრა: - ამჯერად ყველაზე ცხადი სურათი დაგიხატე თვალწინ. შეხედე ამ წითელ ყვავილს, რას გაგონებს მისი ფერი? განა ცეცხლის ალს არ ჰგავს? სწორედ ამ ყვავილის ფურცლებზე შეურიგდა ერთმანეთს ცეცხლი და წყალი, ანუ მზე და წყალი. რამეთუ მზეც იგივე ცეცხლია, რომელიც მე ავანთე. ფერი ცეცხლის აქვს ამ ყვავილს, სინამე კი წყლისა. ცეცხლივით ბრიალებს, თანაც პირთამდე წყლითაა სავსე. - ვახ, ვახ! - ორჯერ გაიკვირვა იხვმა. მართლაც ძალიან განაცვიფრა საკუთარმა სიბეცემ, ასეთი ცხადი რამ როგორ ვერ შევამჩნიეო. უფალმა შეხედა მას და კიდევ უფრო გულიანად გაიცინა, ვიდრე წინა ორ შემთხვევებში. მთელი სამყარო გამოეხმაურა მის სიცილს, სივრცეები აივსო ცისარტყელებით, ცეცხლის ალებმა სიცილ-ტკვარცალით მაღლა შეისროლეს მბზინავი მკლავები, ჩვეულებრივზე უფრო კეთილხმოვნად ამღერდნენ წვიმები და ერთბაშად გაიფურჩქნა ყველა ყვავილი. საწყალი იხვი ამჯერად ნამდვილად ვერ გაიცინებდა. მან ხომ ფრენის ნიჭიც დაკარგა. აბა, რაღა დარჩა, რა უნდა გამოსულიყო მისგან? გულს მწარე დარდი უღრღნიდა, არაფრის დანახვა აღარ უნდოდა, სიცილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. უფალმა შეწყვიტა სიცილი, ფრთხილად მოეფერა დაღონებულ იხვს. - შენ ვერცერთი გამოცანა ვერ ამოხსენი, ჩემო პატარავ. ვერცერთს ვერ ჩაწვდი. მიუხედავად ცხადი სურათხატებისა, მაგრამ ისე გულიანად გაიკვირვე მათი პასუხები, რომ ასეთი გულწრფელი გაოცება ჭეშმარიტად ჯილდოს ღირსია. შენ სამივე ნიჭი მოგეცემა, შეგეძლება წყალში ცურვა, ხმელეთზე სიარული და ჰაერში ფრენა. ამას გარდა, მეოთხესაც დაგიმატებ: წყალში ყვინთვასაც შეძლებ, რადგან მესამე გამოცანის პასუხი ორჯერ გაიკვირვე. ამ სიტყვებით უფალმა ხელი გაუშვა იხვს, ისიც აფრინდა ბედნიერი და კმაყოფილი, ყოველმხრივ გულუხვად დაჯილდოვებული. ცხადია, მადლობის გადახდაც არ დავიწყებია. ამის შემდეგ იცის ცურვაც, სიარულიც, ჰაერში ფრენაც. წყლის სიღრმეში კი თევზივით თავისუფლად გრძნობს თავს. და იმ ბედნიერი დღის სამახსოვროდ, არც ახლა იშლის თავის გაკვირვებულ წამოძახილს: „ვახ!“ ასე გაიძახის მუდამ, იმის მიუხედავად, უკვირს თუ არა რაიმე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან ლამაზი კადრები იყო, თუმცა, მე მთლად საბავშვოსაც ვერ დავარქმევდი ამ მოთხობას თუ ზღაპარს, თავის გამოცანებიან- სიბრძნეებიანად.
ისე კი, თქვენი საბავშვოების კითხვა მიყვარს :)
ძალიან ლამაზი კადრები იყო, თუმცა, მე მთლად საბავშვოსაც ვერ დავარქმევდი ამ მოთხობას თუ ზღაპარს, თავის გამოცანებიან- სიბრძნეებიანად.
ისე კი, თქვენი საბავშვოების კითხვა მიყვარს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|