ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2015


პანღური

          ერთხელ, დღისით-მზისით, ხალხით სავსე ქუჩაში ყველას თვალწინ პანღური ამოარტყეს.
ზაფხული იყო, ივნისის პირველი დღეები, როცა სიცხე დღითი-დღე იკრებს ძალას, სულისშემხუთველ ხვატად კი ჯერაც ვერ გადაქცეულა. ქალაქელები აგარაკებზე წასვლას არ ჩქარობენ, ჯერჯერობით ქალაქის ქუჩებში სეირნობა ურჩევნიათ. მსუბუქად ჩაცმულნი გალაღებულები მიდი-მოდიან, უკვე მოასწრეს ზამთრის სიცივეების საბოლოოდ გადავიწყება. მანქანები გადასწრების დროს მიჯრით აწყდებიან ერთმანეთს, მინებს იქით მძღოლთა მოუთმენელი, დაძაბული სახეები ილანდება.
თანაც დღის მეორე ნახევარი იყო, როცა ლექსთან ჭიდილში ღამენათევი პოეტებიც კი ვეღარ ძლებენ ოთხკედელს შუა.
ძალიან სწყუროდა. თუმცა შეიძლება, არც ისე ძალიან. ტროტუარზე გაზიანი წყლის ურიკა შენიშნა და მაშინ იფიქრა, მწყურიაო. გარეთ რომ არ გამოეტანათ, შიგნით, გასტრონომში არ შევიდოდა წყლის დასალევად. ურიკა ცისფრად იყო შეღებილი ~რა დაწვრილებით დაამახსოვრდა ყველაფერი, თითქოს ტვინის გარსზე გახურებული შანთით ამოუწვესო). მის წინ ორიოდე ადამიანი იდგა, მალე გაიკვლია გზა დახლისკენ. გამყიდველს ფული მიაწოდა, ერთი პიტნაო, ანიშნა. მწვანე ფერი განსაკუთრებით საამოდ ელამუნებოდა თვალს ამ სიცხეში. შეჰყურებდა, როგორ ეშვებოდა ჭიქაში წვრილი მწვანე ჭავლი. მერე ეს მუქი სიმწვანე ცივი წყლით შეივსო და გაბაცდა. დასალევად უკვე მზად იყო, საამური მწვანე ფერის, დართქლილი, გამაგრილებელი. ხელი მისკენ გაიწოდა, ამ დროს კარგა მაგარი წიხლი ამოსცხო ვიღაცამ უკნიდან.
არ წაქცეულა, ორივე ხელით ურიკას დაეყრდნო. სასმელით სავსე ჭიქა მწვანე ბუნდოვან ლაქად იქცა. სამაგიეროდ გამყიდველი დაინახა ძალიან მკაფიოდ. უფრო სწორად, გამყიდველის კბილები, უსწორმასწორო, მსხვილი თეთრი კბილები, დაღებულ პირში სიმინდის მარცვლებივით ჩაყრილი. პირს ირგვლივ სახის სხვა ნაკვთებიც ექნებოდა უთუოდ, მაგრამ ისინი სამუდამოდ ჩაინთქნენ უცბად ჩამოწოლილ მეწამულ-ვარდისფერ ბურუსში. ბურუსი ჭიქასავით დაორთქლილი იყო, ოფლის სიმწარით და სიმყრალით, უამრავი დაღებული პირიდან ამოფრქვეული ნერწყვით და ოხშივარით დაორთქლილი.
მალე გასწორდა, უკან მიიხედა. იქ არავინ იყო. ანუ, ზუსტად მის უკან, იმ მანძილზე, საიდანაც ეს პანღური შეიძლებოდა მიეღო, არავინ იდგა. მოშორებით კი, დაახლოებით ორ ნაბიჯზე, უამრავი ხალხი იყო. უამრავი დაღებული პირი, კბილებით გამოვსებული. ნაირნაირი კბილები, სხვადასხვა ზომის და ფერის, აქა-იქ ოქროსი.
- ვინ იყო? - იკითხა. - ვინ ამომარტყა?
პასუხი არ მიუღია, მხოლოდ ხარხარი, კბილები ხარხარებდნენ. ყველაზე მკაფიოდ ისევ კბილებს ხედავდა, სახეებს კი სრულებით ვერ არჩევდა. შეიძლება ესეც იმ მეწამულ-ვარდისფერი ბურუსის ბრალი იყო, რომელმაც დიდ მდინარესავით ყველა სახე თავის წიაღში აატივტივა და უფორმო ლაქებად აქცია. უამრავი სახე, უამრავი და არცერთი ამავე დროს, სახეთა უსახობა...
- ვინ იყო? - მზერაარეულმა ვიღაცას ჩაავლო ხელები და მაგრად შეანჯღრია. უფორმო ლაქა ბურუსიდან გამოიკვეთა და უცხო სახემ შემოხედა, კბილები ტუჩებს მიღმა შეიმალნენ.
- მე რა ვიცი, ვინ იყო, თავი გამანებე! - იმ ვიღაცამ მაგრად უბიძგა და თავი გაინთავისუფლა. მისი სახე გვერდზე გაცურდა, ისიც იმ უსახობაში გაითქვიფა. მოხარხარე უსახობა...
- ვინ იყო? ჩემგან რა უნდოდა?
ოჰ, რამდენი კბილი ერთად, სიცილის აკომპანიმენტით... ტუჩებს მიღმა ჩასაფრებულები, ყოველთვის საბრძოლო ფორმაში მყოფნი. გემრიელი ლუკმის დროს გამოხტებიან საფრიდან.
თითქოს ვიღაცამ დაუძახა. მოქალაქეო, ასეთი ზოგადი ფორმით, აბა მისი სახელი აქ ვის ეცოდინებოდა. მოიხედა, გამყიდველი ხურდას აწოდებდა.
ის ხურდა როგორღა გამოართვა?
გამაგრილებელი წყლით სავსე ჭიქა დაინახა ცხვინწინ, აიღო და დალია.
ან ის წყალი რაღამ დაალევინა?
დალია... მომწარო-მწკლარტე გემო დაუტოვა პირში. გამოტრიალდა და წამოვიდა.
ვიღაც ნაცნობი შეხვდა. ვინ იყო, წარმოდგენაც არ ჰქონდა. მგონი კარგა ხანს ილაპარაკეს. მერე იმ ნაცნობმა რაღაც ანეგდოტი მოუყვა და თვითონვე ატეხა სიცილი. კბილები, კბილები... იქნებ ესეც იქ იყო, იმ კბილებში...
სწრაფად მიატოვა გაოცებული თანამოსაუბრე და წამოვიდა.
- ყარამანი მაინც არ გერქვას. - უთხრა თავის თავს სარკეში, სახლში მისულმა, სააბაზანოში ჩაკეტილმა. ირგვლივ სიგრილე და სიმყუდროვე სუფევდა, ისმოდა წყლის საამო ჩხრიალი. საკუთარი სახე, ეს იყო ერთდაერთი სახე, რომელიც იმ დღეს მკაფიოდ დაინახა. და ამ სახეს, თუ ჩაწითლებულ თვალებს და მომეტებულად ღაჟღაჟა ფერს არ ჩავთვლით, არაფერი არ ეტყობოდა, სრულიად არაფერი. მეორე დღეს იმ ღაჟღაჟა ფერმაც გაუარა, თავისი ჩვეული ფერი დაუბრუნდა.
არაფერი შეცვლილა, სრულიად არაფერი. ყარამანი ისევ ყარამანია, სახლში თუ გარეთ, ნაცნობ-მეგობრებში, ნათესავებში, სამსახურში... ყველგან კარგი ავტორიტეტით სარგებლობს, მის სახელს ასე უბრალოდ აუგად ვერავინ ვერ ახსენებს. ყარამანს ყოველთვის შეეძლო და ახლაც შეუძლია მტერს მტრულად დაუხვდეს და მოყვარეს მოყვრულად.
ჰო, ყარამანი ისევ ყარამანია, მაგრამ...
- ყარამან, შესვენებაზე აღარ მოდიხარ? - ჰკითხა თანამშრომელმა სამუშაოზე თავწახრილს. - ნახევარი შესვენება უკვე გავიდა... რა იყო, რა დაგემართა?
ეს ბოლო შეკითხვა იმით იყო გამოწვეული, რომ ყარამანმა რაღაც უცნაურად, ახალგამოღვიძებულივით მიაშტერა თვალები. მის სახეში დაცინვის ნიშნებს ეძებდა გაფაციცებით, ხმასაც ყურს უგდებდა, ცდილობდა დაცინვის ნოტები დაეჭირა.
- არაფერი, დავიღალე, წუხელის არ მეძინა. - წაიბურტყუნა ყარამანმა და თვალების სრესას მოჰყვა. თანამშრომელმა სრულიად ბუნებრივად ჩათვალა ეს პასუხი. ჰო, ხდება ხოლმეო, ჩაილაპარაკა და ზურგი შეაქცია.
- ყარამან-ყანთელი სად არის. - ხმამაღლა, განგებ გარტყელებული ტონით თქვა საყოველთაოდ ცნობილმა ხუმარამ, მეტსახელად ჭინჭრაქას რომ ეძახდნენ. ყარამანს მკვდრის ფერი დაედო, როდისროდის ძლივსღა გაახსენდა, რომ ადრეც ასე ეხუმრებოდა ჭინჭრაქა, სხვაც ხშირად გახუმრებია ასე, მაგრამ ახლა მგონი აჭარბებენ... რაღაცა ზედმეტია წინანდელთან შედარებით...
- მაგას ყარამანის მეტი ვერავინ ვერ შეძლებს...
- ეგ თუ ყარამანს მოერევა...
რა ფატალურ მნიშვნელობას იძენდნენ ახლა ყარამანისთვის ეს უწყინარი ხუმრობით წარმოთქმული სიტყვები. ნეტავი უწინ როგორ ჟღერდა მათი ხმა? როგორ წარმოთქვამდნენ მის სახელს?
- ყარამან, ჩაი გაგიცივდა, - ცოლის ამ უბრალო სიტყვებში, საკუთარ სახლშიც დაცინვის ნოტებს ეძებდა. - ადრეც ასეთი ხმით მეძახდა? არ ვიცი, არ მიმიქცევია ყურადღება.
ადრე - ეს ნიშნავდა პანღურის მიღებამდე. ნელნელა ყარამანისთვის მთელი მისი ცხოვრების დრო ორ ნაწილად გაიყო, პანღურამდე და პანღურის შემდეგ. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ერთი წამითაც არ ავიწყდებოდა ის ბედუკუღმართი წამი, როცა ვიღაც მისმა მსგავსმა არსებამ, მასავით ადამიანმა, არავინ არ იცის, რისთვის და რა მიზნით, კარგა მაგარი ჭიტლაყი უთავაზა, ისე რომ თვითონ უხილავი და მიუწვდომელი დარჩა ყარამანისთვის. ხომ იქვე იდგა, იქვე, ორ ნაბიჯზე, სხვებთან ერთად ისიც ხარხარებდა, მაგრამ უხილავი იყო, მისი სახე უკვალოდ ჩაინთქა იმ მოხარხარე უსახობაში. მიდი და ჩაავლე, თუ ბიჭი ხარ, გამოარჩიე იმ უსახო სახიდან.
არასოდეს ასე უმწეო არ მოსჩვენებია თავისი თავი ყარამანს, არასოდეს არაფერს არ გაუმწარებია ასე. რაც კი ოდესმე ტკივილი და წყენა უგრძვნია, ყველაფერი ერთბაშად დაავიწყდა.
- ამოურტყამს თუ არა თქვენთვის ვინმეს ოდესმე პანღური? - ქუჩაში მიმავალი ასე ეკითხებოდა ყველას თავის გულში. - არა? თუ კი?.. რა ვიცი. ისეთი თავდაჯერებული და ღირსელუი იერი გაქვთ... პირდაპირ ასე გაწერიათ სახეზე; ამქვეყნად ვერავინ ვერაფერს გამომრჩება და ვერც ვერაფერს მკადრებს ზედმეტსო. და მაინც, თუ ვინვე გამოჩნდა ასეთი თავზეხელაღებული, ვაი მისი ბრალი, უჯობს თავისივე ხელით გაითხაროს სამარეო. ჭკვიანური, გალოკილი სახეები, დავარცხნილი თმები... არაფერი გეტყობათ. აბა, ერთი მეც შემომხედეთ, მეც თქვენსავით არაფერი მეტყობა, მეც თქვენისთანა ღირსეული და თავდაჭერილი გამომეტყველება მაქვს. ერთხელ და ორჯერ ხომ არ მინახავს საკუთარი სახე სარკეში. ჰოდა, მე ამომარტყეს პანღური, ამომარტყეს დღისით-მზისით, ყველას დასანახად. პანღური არც ღამითაა სასიამოვნო, მაგრამ ისე მწარე მაინც არ იქნებოდა... როგორ ხარხარებდნენ... სწორედ ეს იყო ყველაზე უარესი, მოხარხარე უსახობა... მხოლოდ კბილები ჩანდა... უამრავი კბილი ერთად...
თუ ვინმე რაიმეს შეეკითხებოდა ასეთი ფიქრებში გართულ ყარამანს, მაშინვე სწორ პასუხს გასცემდა. შეიძლება ითქვას, რომ იგი ორ სამყაროში ცხოვრობდა ერთდროულად. ერთი იყო მისი შინაგანი ტკივილის, პანუღრის სამყარო, მეორე კი გარემომცველი საგნები და ადამიანები. საჭირო შემთხვევაში დაუბრკოლებლად ჩარეთვებოდა გარემომცველ სამყაროში ისე, რომ პანღურზე ფიქრი ერთი წამითაც არ ავიწყდებოდა. და არაფერს ისე საგულდაგულოდ არ მალავდა ყარამანი, როგორც ამ შინაგან ტკივილს. მთელი თავისი სული და გული რომ გადაეშალა ვინმესთვის, ყველა სატკივარი რომ ეამბნა, რასაც კი ოდესმე შეუწუხებია სიყრმიდან მოწიფულობამდე, ამ პანღურზე ხმას არასდიდებით არ ამოიღებდა. იგი იყო სადღაც სიღრმეში, ძალიან საიდუმლოდ მოჩქმალული, ვერავის თვალი ვერ მიაგნებდა. ეს იმას ჰგავდა, როცა ადამიანს ვთქვათ, ძირმაგარა აქვს სადმე გამოსაჩენ ადგილას, მაგრამ იმაზე მეტად სულ პატარა მუწუკი აწუხებს სადმე სხეულის უფრო მგრძნობიარე კრიტიკულ წერტილში. იმ პატარა მუწუკზე ხომ არავის არაფერს ეტყვის, მხოლოდ ძირმაგარაზე მოჰყვება წუწუნს და ჩივილს.
საკუთარ შინაგან ტკივილში ჩაფლული ყარამანი დროის დინებასაც ვეღარ გრძნობდა თითქოს, დრომ შეწყვიტა მისთვის არსებობა. პანღურის მიღების წამი, ეს მთელ მარადისობას უდრიდა მისთვის, და ეს მარადისობა მოხარხარე უსახობით იყო ამოვსებული, როგორ შეეძლო მისი გაზომვა და აღრიცხვა. პალტო იყიდეო, ცოლმა რომ ურჩია, იმას კი მიხვდა, ზამთარი მოსულაო, მაგრამ მერამდენე ზამთარი იყო იმ პანღურის შემდეგ, წარმოდგენაც არ ჰქონდა.
იყიდა ყარამანმა პალტო და პარიკიც იყიდა იმავე დღეს, მასთან ერთად. პარიკიც სჭირდებოდა პალტოზე არანაკლებ, სჭირდებოდა თავის საიდუმლო ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად. თანდათან, დღითი-დღე ყარამანი დარწმუნდა, რომ პანღურზე ფიქრი ან ჭკუაზე შემშლის, ან ბოლოს მომიღებსო. ან მე, ან ის პანღური. რაღაცა უნდა ვიღონო, - გადაწყვეტით უთხრა თავის თავს. - სხვა გამოსავალი არ არსებობს, ვერაფრით ვერ დავმშვიდდები. რაო? ქრისტიანული მორალი? ერთ ლოყაში რომ გაგარტყან, მეორე მიუშვირეო... კი, ბატონო, ოღონდ ჯერ სახეში შემომხედე, ვიცოდე ვინა ხარ. შეიძლება დავღუნო თავი და ხელი არ შეგიბრუნო, ღვთის სახელით, წამებულის სახელით, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ ეს მოხარხარე უსახობა?.. კბილებით ამოვსებული. ამაზე საშინელი და საზიზღარი აღარაფერია ამ სამყაროში, ეს სწორედ ისაა, რისი მონელებაც არ შემიძლია, სამაგიერო უნდა გადავუხადო, მეც უნდა ამოვარტყა პანღური.
კი მაგრამ, ვის?
ამ კითხვამ ბევრი თავსატეხი გაუჩინა ყარამანს. მართლაც ვისთვის უნდა ამოერტყა პანღური, მოხარხარე უსახობისთვის? კი მაგრამ მას ხომ არც სხეული აქვს. ეს კითხვა დაცინვასავით ჟღერდა. რა ცხადად, რა გამომწვევად იგრძნო ეს დაცინვა, როცა ერთხელ, შემთხვევით უცხო ოჯახში მოხვედრილმა, ადამიანის თავის ქალა ნახა საწერ მაგიდაზე დადებული. იმ საწერი მაგიდის პატრონი მგონი მხატვარი იყო და ეს თავის ქალა მწვავე განცდებისთვის სჭირდებოდა, ნერვების შესაღიტინებლად. ყარამანმა კბილები დაინახა, მიჯრით ჩაწიკწიკებული მოხარხე კბილები და მონუსხულივით მიაჩერდა, მთელ სხეულზე კანი დამდუღრულივით აეწვა.
- სწორედ ისა ხარ, ვისაც მე ვეძებ. - უთხრა თავის ქალას ჩუმად, გულში. - კბილები გაქვს და სახე არა, მაგრამ აღარც უკანალი გაქვს, პანღურს ვერ ამოგარტყამ.
მოულოდნელად კბილები გვერდზე გაცურდნენ. ყარამანმა თვალები ასწია. ეს, მასპინძელმა გააცოცა თავის ქალა გვერდზე, ყარამანს ეჭვის თვალით უთვალთვალებდა.
ვინმე ხორცშესხმულ, კონკრეტულ პიროვნებას უნდა ამოვარტყა პანღური, ეს ისე აუცილებელია ჩემთვის, როგორც ჰაერი, მგონი ჰაერზე მეტადაც, მაგამ ვის, შენ ხომ არა? - ეკითხებოდა ქუჩაში შემხვედრებს თავის გულში და თვითონვე ეცინებოდა, რომ იცოდნენ, ახლა მათზე რას ვფიქრობო.
მოსისხლე მტერს ხომ არ ამოვარტყა? ამაზეც ჩაეცინა. მყავს მერე მოსისხლე? უსიამოვნება ბევრისგან შემხვედრია, მაგრამ მოსისხლეს ვერ ვუწოდებ. თუმცა რატომ ვერ უწოდებ. - შეეკამათა თავის თავს. - სასიკვდილოდ არ გაუმეტებიხარ? ვინ გითხრა, რომ არ გაუმეტებიხარ. ვერ მოგწვდა, თორემ შენგან ერთ ძვალსაც არ დატოვებდა მთელს. არის ასეთი... ახლაც იქაა, ბევრი ანგარიშები მაქვს მასთან გასასწორებელი. იმას რომ ამოვარტყა?
დაწვრილებით წარმოიდგინა მთელი სცენა: მიეპარება ერთ მშვენიერ დღეს უკნიდან და მთელი ძალით ამოარტყამს პანღურს. იპოვის ასეთ მომენტს, სულ ერთად არ არიან?
- გაბათილდება მერე ამით ჩემი პანღური? - ჩაუღრმავდა თავის ფიქრებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თვითონ როგორ გადამიხდის სამაგიეროს. და... საერთოდ, ერთი ამბავი ატყდება, უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩავვარდები. ვის აუხსნი, ვის რას გააგებინებ... არა, არ ივარგებს, - თქვა გადაწყვეტით. - იმას სხვა დროს სხვანაირად გავუსწორდები, პანღური სულ სხვა ვინმეს უნდა ამოვარტყა.
- კი მაგრამ ვის? ვის?
ვინმე სრულიად უცნობს, იმისთანას, თვალით რომ არასოდეს მინახავს, მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ შვებას, ყველა ვალს გასტუმრებულად ჩავთვლი, - მოიფიქრა თავის თავთან დიდი სჯა-ბაასის შემდეგ. ეს განზრახვა როგორღაც თითქოს თავისთავად ამოტივტივდა და თანდათან დაიპყრო ყარამანი. ეს მართლაც ყველაზე შესაფერის, ყველაზე საუკეთესო ვარიანტად მოეჩვენა. ის ვიღაცა, მართალია არ იქნება მოხარხარე უსახობა, მაგრამ რაღაცით მისი ნაწილი იქნება და სწორედ ეს მჭირდება მე ნებისმიერ მოსისხლე მტერზე მეტადო.
ამოვარტყამ პანღურს და გავიქცევი. თუმცა არა, მაშინვე არ გავიქცევი, სახე უნდა ვნახო მისი, სახე... უსახობის სახე. რა საინტერესო სანახავი იქნება; დაფეთებული, გაოცებული, ნაწყენი... მერე გავიქცევი.
- რომ გამომეკიდოს? - დაფიქრდა ისევ. - იქნებ ვერ მოვასწრო დროულად გვერდზე გადგომა იმ... იმასავით, მე რომ ამომარტყა. ხომ იქვე იდგა იმ წუთში, ჩემს წინ, მაგრამ რას გამოვარჩევდი. იქნებ ვერ მოვასწრო უხიფათო მანძილზე გაცლა. თანაც ვინმემ რომ მიცნოს?
- პარიკს გავიკეთებ, - მოიფიქრა ბოლოს. - თუ გამომეკიდებიან, სასწრაფოდ მოვიხსნი და გადავაგდებ. ერთი სიტყვით, ასე; მივდივარ ქუჩაში, ან სხვაგან სადმე, სულ ერთია. ვნახავ ვინმეს შესაფერის პოზაში, მივალ, პანღურს ამოვარტყამ და ვითომც აქ არაფერიო, იქვე მის ცხვირწინ გავჩერდები. მამა აბრამის ბატკანივით. თუ მიხვდა რაიმეს, მაშინ გავიქცევი. სარისკოა, მაგრამ რას ვიზამ, სხვა გამოსავალი არ მაქვს. ან მე, ან ის პანღური.
ასე გადაწყვიტა ყარამანმა და მისი გადაწყვეტილება ურყევი იყო. სხვისი პირით რომ მოესმინა ასეთი ამბავი, იქნებ სულელურ აკვიატებად მოსჩვენებოდა ყველაფერი. ,,თავი დაანებე, მაგაზე ფიქრიც კი არ ღირს.~ - ასე ეტყოდა ალბათ იმ სხვას. - ,,რომელი ჩვენგანი არ იღებს ამქვეყნად პანღურს? ამ ხალხს რომ უყურებ, ასე გაბღენძილები რომ დადიან, აქაოდა მაგარი ბიჭები ვართო. რაო, შენ გგონია, მაგათთვის ჯერ ცხვირზე ბუზიც არ აუფრენიათ? ვინ რა იცის, ვისგან, როდის და საიდან იღებს პანღურს. ხანდახან ისეთნაირად, რომ ამაზე თვითონ წარმოდგენაც არა აქვს, ვერ გრძნობს ამას. ნაცნობს ხომ არავის დაუნახიხარ? არა? ჰოდა, რა გაღელვებს? ანდა ვთქვათ, დაგინახეს. მერე რა მოხდა? ყველას აქვს თავისი პანღური, უჯობთ იმაზე იფიქრონ, შეეშვი, ცხოვრებას ნუ იწამლავ...~
ასე ეტყოდა ალბათ სხვას, მაგრამ თავის თავს ასე ვეღარ დაარიგებდა ჭკუაზე. სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო, ნათქვამია. თავის ფარულ სატკივარს ყველა თვითონ უწერს წამალს, ჭკივანურია თუ სულელური. თვითონვე იცის, რა უშველის და რა არა... და ვერაფრით ვერ მოისვენებს, თუ თავისი არ სცადა. ამ შინაგან, ფარულ სატკივარს მხოლოდ რჩევა-დარიგება ვერასოდეს ვერ დააცხრობს, როგორც მდუღარე ქოთანს ვერ გააგრილებს სულის შებერვა, თვითონ ცეცხლი თუ არ განელდა.
პარიკის ამორჩევამაც საკმაოდ გააწვალა ყარამანი. არ ეგონა, თუ ეს საქმე ასე რთული იქნებოდა. ვერა და ვერ შეარჩია საჭირო ფერის და ზომის პარიკი. ზოგი დიდი იყო, ზოგი პატარა, ზოგიც ზუსტად მისი თმის ფერის იყო, ყველაზე მეტად კი სწორედ ამას გაურბოდა ყარამანი. ბოლოს, ბევრი რჩევის და ჯახირის შემდეგ გამყიდველმა გოგონამ უშველა, გამოუძებნა კუპრივით შავი ფერის პარიკი, და მხრებამდე ჩამოაფხატა თავზე. შუბლზე ჩამოყრილი თმები თვალებამდე უწევდა.
მერე მისი შესაფერისი წვერულვაშიც მოინდომა. აქ უფრო დიდ გასაჭიროში ჩავარდა, გამყიდველმა გოგონამაც ვეღარ უშველა, ვერ გამოუძებნა მისი მოსაწონი წვერულვაში. იყო ერთი საჭირო ზომის, ოღონდ ჟღალი ფერის. ყარამანს გულზე შემოეყარა. ვის გაუგია სხვადასხვა ფერის თმა და წვერულვაში? მაგრამ უცბად გაახსენდა ერთი თავის ნაცნობი. იმასაც კუპრივით შავი თმები ჰქონდა, მაგრამ წვერი კი ჟღალი ფერის ამოსდიოდა რატომღაც. ამის გახსენებაზე იყიდა ყარამანმა ის წვერულვაში. უკმაყოფილო იყო, მაგრამ სახლში რომ გასინჯა დამშვიდებით სააბაზანოში ჩაკეტილმა, კმაყოფილი დარჩა, ასე კაციშვილი ვერ მიცნობსო.
რაკი ეს საქმეც მოაგვარა, და სამოქმედო გეგმაც მზად ჰქონდა, ყარამანი შეუდგა თავის განზრახვის სისრულეში მოყვანას. სახლში მისული ყოველ საღამოს, ცოტას შეისვენებდა თუ არა, გამოვიდოდა სახლიდან, შევიდოდა სადმე მყუდრო ადგილას, გაიკეთებდა თავის პარიკს და საყელოაწეული დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში. შუბლზე ჩამოყრილი თმებიდან ქვეშქვეშ უთვალთვალებდა შემხვედრ ხალხს, ეძებდა ვინმე შესაფერის პოზაში ენახა და პანღური ამოერტყა. ეს ისე ადვილი არ აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლებოდა მოსჩვენებოდა ადამიანს. არც ისე ხშირად იყო ვინმე შესაფერის პოზაში, ანდა ძალიან ცოტა ხალხი იყო ირგვლივ, ყარამანს საშუალება არ ექნებოდა ,,იმასავით~ გათქვეფილიყო სხვებში. ბევრი ხალხიც იყო ხანდახან, შესაფერისი სიტუაციაც, მაგრამ ყარამანმა ვერ იქნა და ვერ გაბედა, ფეხი ვერ მოსწყვიტა მიწიდან. ახლა, აბა ახლა... შესძახოდა თავის თავს, მაგრამ ფეხი ტყვიასავით დაუმძიმდა, ვეღარაფრით ვეღარ მოიქნია.
- ძნელია, - ხვნეშოდა თავისთვის ცივ ოფლში გაწუწული. - ეს მართლა ძნელია, მკვლელობაზე უფრო ძნელი, მე თუ მკითხავთ. მკვლელობა სულ სხვაა. ეს... ეს რა არის, მე თვითონაც არ ვიცი. სულ ადვილად შეიძლება სასაცილო მდგომარეობაში ჩავვარდე.
თანაც ქუჩაში პარიკით სიარული არც ისე უხიფათო აღმოჩნდა.
- გამარჯობა, ყარამან, კინაღამ ვერ გიცანი, კინოში გიღებენ?
ყარამანმა აიხედა, ვიღაც აყლაყუდა დასდგომოდა თავზე.
- ჰო, მასობრივ სცენებში.
- გიხდიან რამეს?
- ისე რა...
- მიაგენი ხომ მაინც შენს მოწოდებას... კარგად იყავი! - ხელი ისე დაარტყა მხარზე, ყარამანი კინაღამ ჩაიკეცა. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ გაახსენდა, მისი სკოლის ამხანაგი იყო, ერთად დადიოდნენ სკოლის დრამწრეში.
ამ შეხვედრის შემდეგ ყარამანმა გადაწყვიტა ხალხით სავსე ქუჩისთვის თავი აერიდებინა, სანაპიროზე არჩია თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა. პირველივე, თითქმის იძულებითი გასეირნების შემდეგ დარწმუნდა, აქ სიარული სჯობიაო. სანაპიროზე ხალხი ყოველთვის ცოტაა, მით უმეტეს, ზამთრის თვეებში. მართალია, ხალხი რომ არ იქნება ირგვლივ, ჩემს ჩაფიქრებულ სცენას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი აკლდება, მაგრამ ასედაც არა უშავს, მაინც კარგ ეფექტს მოვახდენო, ფიქრობდა ყარამანი. მე ხომ მისი სახის დანახვა მინდა, ამისთვის ერთი წამიც მეყოფა, არა, წამის ნახევარიც საკმარისია, მერე მოვასწრებ გაქცევასაც და მიმალვასაც. ჰო, ნამდვილად აქ სჯობია. - საბოლოოდ გადაწყვიტა ყარამანმა, როცა თვალი შეავლო ჯებირზე გადაყუდებულ ადამიანებს, რომლებიც მდინარეს თვალს არ აცილებდენ. - სხვაგან სად ვნახავ საპანღურედ ასეთ მოხერხებულ პოზაში ვინმეს?
ამ აღმოჩენამ გუნება გამოუკეთა, სიგარეტს მოუკიდა და წელგამართულმა მხნე ნაბიჯებით დაიწყო წინ და უკან სიარული. - აქ უნდა მოვსულიყავი თავიდანვე, ახლა უკვე მოშორებული მექნებოდა ის წყეული პანღური. აგერ, რა კარგად დგას, თითქოს მე მელოდებაო.
მხნე, დაჯერებული ნაბიჯებით მიუახლოვდა, სიგარეტსაც ხაზგასმულად ლაღად აბოლებდა, ვითომც აქ არაფერიაო. კრიტიკულ მანძილს რომ მიაღწია, მუხლები აუკანკალდა, სუნთქვა შეუგუბდა და ვერც აქ, ამ ცარიელ სანაპიროზე ვერ მოსწყვიტა მიწას ფეხი, თითქოს ასფალტს მიეწებაო.
ჩაუარა, კარგა მანძილზე გაცდა და მერეღა მობრუნდა უკან. ნახევარი გზაც არ გაევლო, უცნობი მოაჯირს მოსცილდა, მოტრიალდა და მისკენ გამოემართა. ნელა, დინჯად ჩაუარა გვერდით ყარამანს, მისთვის ზედაც არ შეუხედავს, ერთი ზორზოხი ვინმე იყო, თავიდან არ ეტყობოდა.
- ეეჰ, ყარამანი მაინც არ გერქვას. - უთხრა თავის თავის ყვედრებით ყარამანმა. - რა დაგემართა, სულ მთლად წახდი? ამ ცარიელ სანაპიროზე რიღასი გეშინია.
სიგარეტი ღრმად მოქაჩა, ცოტათი დამშვიდდა და ისევ გააგრძელა სეირნობა. ჯერჯერობით არავინ არ ჩანდა შესაფერის პოზაში, ანდა ბევრნი იყვნენ ერთად. ზოგიერთები თევზაობდნენ ჯებირებზე შემომსხდარნი, ისინი სათვალავში ჩასაგდებნი არ იყვნენ; აბა, როგორ ამოარტყამ პანღურს მჯდომარე ადამიანს? - მთელი სერიოზულობით ფიქრობდა ყარამანი.
მერე გამოჩნდა ვიღაც შესაფერისი, აუჩქარებლად მოსეირნობდა პალტოს საყელოაწეული, მერე მდინარის მოაჯირს გადაეყუდა. ყარამანმა კრიტიკული თვალით შეათვალიერა; ჩემი ტანისაა, რამე რომ იყოს... პალტოც კი ჩემნაირი აცვია. სასაცილო კია, იქნება ერთად ვიყიდეთ მე და მაგან ეს პალტოები, მაღაზიაში შევხვდით ერთმანეთს და ახლა ისევ ვხვდებით სულ სხვა მდგომარეობაში. ვინ რა იცის, სად როგორც შეგვახვედრებს ერთმანეთს ცხოვრების მღვრიე მდინარე.
- აბა, ფილოსოფოსობის დრო არ არის! - შეუძახა თავის თავს იმ წამსვე. - მოქმედება, მოქმედებაა საჭირო. ეს სწორედ ისაა, რაც მე მჭირდება, თითქოს საგანგებოდ ჩემთვის მოვლენილა ამ სანაპიროზე.
მართლაც ძალიან მოხერხებულ პოზაში იყო ის ვიღაცა. გამომწვევად უკანგამოშვერილს თვალი მდინარისთვის გაეშტერებინა, მგონი ძალიან ჩანთქმული იყო საკუთარ ფიქრებში.
ყარამანი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. როცა მიაღწია იმ კრიტიკულ მანძილს, რომელიც პანღურისთვის იყო საჭირო, გულმა ისევ აჩქარებით დაიწყო ძგერა, ოფლმა დაასხა და აკანკალებულმა ისე ჩაუარა უკან, შეჩერებაც კი ვერ შეძლო ერთი წამით.
რამდენიმე ნაბიჯზე რომ გასცილდა, მხოლოდ მაშინ შეჩერდა და მძიმე ქაქანით მოითქვა სული. რისი გეშინია, შენ ახლა არაფრის არ უნდა გეშინოდეს. - უმტკიცებდა თავის თავს და ცდილობდა ნერვიული კანკალი დაეოკებინა. - ხომ იცი, რომ სხვა გზა არა გაქვს, ან შენ, ან ის პანღური...
მოტრიალდა, ისევ მიუახლოვდა უცნობს, ნაბიჯი თანდათან შეანელა, შეჩერდა კიდეც... შეჩერდა ორიოდე წამით... და ისევ გააგრძელა სიარული, სიგარეტს მოუკიდა იმ შეჩერების დროს.
- რა მემართება ბოლოს და ბოლოს? - გაუბრაზდა თავის თავს, - მკვლელობას ხომ არ ვაპირებ... ერთი პანღური, მხოლოდ ერთი, მეტი არაფერი.
კვამლი ისე ღრმად ჩაისუნთქა, მთელი ფილტვები აუწვა, მაგრამ ერთიც არ ამოუხველებია, მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა უცნობისკენ. სწრაფი ტემპი იმიტომ აიღო თავიდანვე, შიშს რომ ვერ მოესწრო მისი დაჯაბნა. დაახლოებით შუა გზაზე იყო, როცა უცნობი მოსცილდა მოაჯირს, წელში გაიმართა და ნელნელა სეირნობით გაუყვა ტროტუარს.
გამწარებულმა ყარამანმა თავის თავს შეუკურთხა. რას ვუყურებდი ამდენ ხანს? ასეთ მოხერხებულ შემთხვევას როდისღა წავაწყდები... სულ მთლად ცარიელი სანაპირო და ,,ის~ მოაჯირზე დაყუდებული... მართლა ყველაფრის ღირსი ხარ, - თათხავდა თავის თავს, - სულ პანღურები უნდა ურტყან შენისთანა უტვინოს, შენზე ახია.
ორიოდე წრე დაარტყა აჩქარებული ნაბიჯებით და მერე თვითონვე გადაეყუდა მოაჯირს. მღვრიე, ტალახისფერ მდინარეს შეჰყურებდა, გამხმარ ფოთლებს და ათასნაირ ნაგავს რომ მოაცურებდა, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. ახია ჩემზე ყველაფერი, ახი. - ისევ ილანძღებოდა გუნებაში. - ახია, ახლა რომ მართლა ამომარტყას ვინმემ პანღური, ხომ მოხერხებულ პოზაში ვარ, ა?
ამის გაფიქრება იყო და ზურგიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა. მთელი ტანით დაიძაბა, ყური მიუგდო. ნაბიჯები თანდათან მოახლოვდნენ. თითქოს გულმაც შეწყვიტა ძგერა, ისე გაილურსა. აჰა, უკვე სულ ახლოს არის, სულ ახლოს... და ისევ მიწყდა ნაბიჯების ხმა. გზა გააგრძელა, არ შეჩერებულა.
ვერ გაბედა ვითომ? თუ... თუ არც აპირებდა. რა ვიცი, მე ახლა ისე მეჩვენება, თითქოს ყველა პანღურის ამორტყმას მიპირებდეს, ვინც კი ახლოს ჩამივლის.
შორს არ წასულა, აქვე დასეირნობს. ისევ გამოემართა მისკენ. მოახლოვდა, მოახლოვდა... კიდევ ცოტაც და... ნაბიჯების ხმა შეწყდა. შეჩერდა, არსად არ მიდის...
ოჰ, ერთი მართლა ამომარტყას ახლა პანღური, მეტი არაფერი მინდა. რას ვუზამ სამაგიეროდ? მეც არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ერთი ისღა ვიცი ახლა, რომ სხვა ყველაფერი ჩემთვის სულერთია, თუნდაც ჩამომახრჩონ... ნეტავი მართლა ამომარტყას პანღური...
არ ამოურტყამს. სიგარეტის სუნი ეცა, მერე ისევ ნაბიჯების ხმა მოესმა და მიხვდა, ისიც ჩემსავით სიგარეტის მოსაკიდებლად შეჩერებულაო, ჩემსავით? შეეკითხა თავის თავს და ნაღვლიანად ჩაეცინა. - რა ვიცი, მართლა რას გაიგებ, პალტოს საყელო მეც კი მაქვს აწეული. ცივა და იმიტომ.
ნელნელა დასეირნობს, თითქოს აქაურობა არ ეთმობაო. არც მე მეთმობა, სასეირნოდ მშვენიერი საღამოა, ცაზე ვარსკვლავები ერთიმეორის მიყოლებით ინთებიან. ქალაქის ნათურები მდინარეში ციმციმებენ და ზეციურ ვასკვლავებს უწევენ მეტოქეობას. რა სილამაზეა... აქვე ჩემს გვერდით მანქანების ნაიღვარი მიედინება შეუწყვეტელი გუგუნით, მათი შხამიანი სუნთქვა ახლა ისე შემაწუხებელი აღარაა, როგორც ზაფხულში.
წავიდა? არა. ისევ იქაა... ყველაზე ხელსაყრელ პოზაში. კიდევ უფრო გადაყუდებია მოაჯირს, თითქოს წყალში არეკლილ ნათურებს ითვლიდეს. ბევრია, არა? მაინც რამდენი? ერთი... ორი...
ორიოდე ნაბიჯიც და მყისიერად შემდგარმა მთელი ძალით მოიქნია ფეხი. ამ მოძრაობას იმხელა სიმძიმე გაატანა თან, თითქოს მთელი ის მაჯლაჯუნა, რაც ამდენ ხანს გულზე აწვა, ერთი დაკვრით მოიშორა თავიდანო. ,,აჰა, ეგეც შენ, მიიღე თუ არა.~ ეს სიტყვები გულში თქვა, ხმამაღლა კი ერთი ამოისუნთქა მხოლოდ, ამოისუნთქა შვებით, ღრმად და გულიანად. რამდენი ბოღმა ამოაყოლა იმ ერთ ამოსუნთქვას.
ახლა კი აღარაფერს დავეძებ, კიდეც რომ მომკლან, ნაკუწნაკუწ დამკეპონ, სრულებით არ მენაღვლება, ტკივილსაც კი ვერ ვიგრძნობ. ოღონდ ჯერ სახე... სახე უნდა ვნახო შენი, მრავალსახა უსახობის, მოხარხარე უსახობის სახე. ახლა ხომ მაინც მოიხედავ ჩემსკენ... აბა, ერთი შემომხედე...
მართლა მოიხედა იმ ვიღაცამ, ერთი ხმამაღლი შეყვირების შემდეგ მაშინვე მოტრიალდა. და იმან, რაც თვალში ეცა მის უკან მდგარ გასაქცევად მომართულ ყარამანს, ადგილზე მიაჯაჭვა იგი, ვერსადაც ვეღარ გაიქცა. უკიდურესად ნაცნობმა სახემ, მისმა საკუთარმა თვალებმა შემოხედეს, შიშით, წყენით და გაბოროტებით სავსე თვალებმა. და პარიკიც... რა თქმა უნდა, პარიკი იყო, ოღონდ შებრუნებულად. იმ ვიღაცას თმები ჰქონდა ჟღალი ფერის, წვერულვაში კი კუპრივით შავი. ულვაშის ერთი ბოლო ასძრობოდა, თითქოს საგანგებოდ, მის არაბუნებრივობაში რომ დაერწმუნებინა მნახველი.

• 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები