ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2015


* * *

                                  დედას.....

...ცრემლის ლაშქარი გულზე გესია
ქუსლებს გიწვავდა გესლის ეკალი
შემომყურებდი როგორც მესიას
და როგორც ჯვარი ხელში გეპყარი
წმინდა მთასავით მახსოვს ეგ კალთა
ჯვართამტვირთველი და ნაძაძარი
შენ შენიც, ჩემიც, ჰგიე ცის კართან
მე ერთი წყრთითაც ვერ გადავძარი
და რამდენჯერაც დამესო ბალთა
ცოდვიან ზურგზე ოდეს გავტყავდი
შენ გაიგლიჯე სისხლიან კვართად
და უწინარეს ჩემზე გათავდი...


                                ფხიზელ, გამჭრიახ, ვერგაუგებ პოეტებს!



გლეხები ცოტათი სახსრებში შეღლილან
ვერხვის ქვეშ აწყვია მწვადი და ხარდალი
მახარემ ახარა გლეხების ხეივანს
სახრეზე მოვაო თეონა ფართხალით
ნახირს აძოვებსო უჯოხოდ ოხერი
ჭის წყალსაც გაახვევს ყორნისფერ დალალში
ეხლა კი ვიღაცამ ლატნისფრთა მოჭერით
თავთხელზე სხიპეთ და ხელდახელ გააშრეთ...
მოდისო? ბიჭები ეცნენ ზვრებს, ზვრის ზვირთებს
გოდრების ვედრება ეკიდათ მტევნებათ
და რადგან ესოდენ და ესრეთ იტვირთეს
ყველა და ყოველიც ხომ მიეტევებათ?
მორჩნენ რთველს ლატანიც გასხიპეს, ღვინოც სვეს
არ ჩანდა თეონა არა და არ ჩანდა...
ბოლოს ამ ზემიწის ზეცაც რომ ილოცეს
ხილვების ხარიხით ჭენება გაჩაღდა:
თვალსატევს გახედეს ბიჭობის სატევარს
და ცხელ სიმთვრალეში წამოსცდათ ცრემლები
ბალღობამ არ იცის არაფრის დატევნა
ხევებზე უტიეს ხარიხებჭენებით...
...ორლესულს მოიხსნის თეონა იქცევისს
და გულზე დაუსვამს ამ უთქმელ ბერდიდებს
იცის ეს მახარემ ღვინისკენ იქცევის
(ახვარი მახარე) უფალო შემინდე...
ღვინო კი აიმღვრა აიმღვრნენ ლომებიც
თეო კი ვერხვებში მახარეს ეხვია
რა უცებ დაითვრნენ ეს ჭკვაახოვნები
მახარეს ოთხს იქით აღარ გაეხვია
და დღემდე ელიან თეონას, შედეგი:
ხეონას ხელებქვეშ ღვინის სმა სახრემდე.
მოდი და ჩვენც დავთვრეთ ცბით სავსე ედემით
სანამ  ჩვენს მკლავმართალს ფრთებივით დავხევდეთ...


(ქალბატონებს შეუძლიათ სუფრა დაამშვენონ:)











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები