ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2015


გამოუცნობი ნივთი

ალბათ სულაც შეუმჩნეველი დარჩებოდა ის უცნაური ნივთი, ძვირფას ინკუსტრირებულ მაგიდაზე რომ არ ყოფილიყო წამოსკუპებული. ადრე ამ მაგიდაზე მალაქიტის ლარნაკი იყო. ახლა იგი თაროზე გადაენაცვლებინათ, ფაიფურის სურის გვერდით. იქ განათება უკეთესი იყო, მაგრამ მალაქიტის ლარნაკი მაინც ჩვეულებრივზე უფრო მუქმწვანედ გამოიყურებოდა, ალბათ სიბრაზისაგან. თვითონ ინკუსტრირებული მაგიდაც არ ჩანდა მაინცდამაინც კმაყოფილი თავისი ახალი მეზობლით. ტორშერის ჩაციებულ მზერას მრავალმნიშვნელოვანი გამოხედვით უპასუხა.
- ამისთანა უცნაური ფორმის ჯერ არაფერი მინახავს, - აზრის გამოთქმა იჩქარა საწერმა მაგიდამ, შეაფასა რა ოთახში გამეფებული საერთო განწყობილება.
- ...არაფერი მინახავს, არაფერი მინახავს... - ექოსავით გამოეხმაურა საწერ მაგიდას იქვე მდგარი სავარძელი.
ტორშერმა სინათლის კონით ყოველი მხრიდან საფუძვლიანად დაათვალიერა ის უცნაური ნივთი და მანაც ინება აზრის გამოთქმა:
- არც ჭიქას, ჰგავს, არც თეფშს, არც დოქს, ვერ გაიგებ, რა არის.
- შიგნიდან გაპრიალებულია, გარედან კი მქისე, - პირფერულად შესცინა ტორშერს ფაიფურის სურამ, - წესით ხომ პირიქით უნდა იყოს.
- მქისეო? - გაჯავრებით წაიბურტყუნა მალაქიტის ლარნაკმა, - ეს ძალზე ცოტაა სათქმელად. მქისე კი არა, სულ ანთიანად ხორკლიანია. აქა-იქ ეკლებიც აქვს გამოშვერილი.
- ფეხზეც ვერ უნდა იდგეს მაინცდამაინც მყარად, - შენიშნა ბუფეტმა და ბროლის მინები ააბრჭყვიალა, - შევყურებ და ასე მგონია, საცაა ძირს გადმოვარდება.
- როგორ დადგება მყარად, როცა ბურთვითი მომრვალებული ფსკერი აქვს, - თქვა ინკუსტირებულმა მაგიდამ და მალაქიტის ლარნაკს სინანულით გადახედა, - ეს მე მგონი, სუნამოს შუშა იქნება.
- მერე სახურავი სად არის? - დაცინვით იკითხა კედელზე მიმაგრებულმა დეკორატიულმა თეფშმა, - ანდა რომელი სახურავი მოერგება მაგისთანა უსწორმასწორო ზედაპირს.
კუთხეში მდგარი სარკე წყნარად ადევნებდა თვალს ყველაფერს და ბოლოს ჩაილაპარაკა:
- თქვენ ხომ ვერასოდეს ვერაფერს ამჩნევთ საკუთარი თავის გარდა. დააცადეთ, ალბათ მაგასაც ექნება რაიმე ღირსება.
- რომელ ღირსებაზე შეიძლება აქ ლაპარაკი, - გაცხარდა მალაქიტის ლარნაკი, - ერთი შეხედვითაც ეტყობა, რა გამოუსადეგარი რამეა.
ხანდახან ოთახში ქსუტუნის და ხველების ხმა გაისმოდა ხოლმე. ეს იყო ძველი ქარვის ჩიბუხი. იგი კარგა ხანია თვალს არ აცილებდა ამ გამოუცნობ ნივთს, რაღაცის გახსენებას ცდილობდა და სიბერეს რა ვუთხარიო, ბუტბუტებდა გულდაწყვეტით, რა ნაცნობი შესახედაობა აქვს, მაგრამ ვერაფრით ვერ მომიგონებია, სად მინახავს და როდის. ანდა რაღას გავიხსენებ, მთელი სიცოცხლე ცეცხლი მიკიდია... გამომაშრო იმ წყეულმა ცეცხლმა, სულ ერთიანად გამომფიტა...
- იქნებ მუსიკალური ინსტრუმენტია, - გამოთქვა ვარაუდი ტორშერმა და პიანინოს ცერად გადახედა, რომლის გამოჯავრებაც ძალიან სიამოვნებდა ხოლმე. იცოდა მისი მგრძნობიარე ხასიათის ამბავი. ისე მკვეთრად გაიკრიალა პიანინომ, აშკარა იყო, მართლა ძალიან გაბრაზდა. მაგრამ ტორშერს, ამ ოთახის დედოფალს, ვერაფერი შებედა პიანინომ. მხოლოდ ჩუმად აბუზღუნდა, თავის მეზობელს, გიტარას დაუწყო ბუტბუტი.
- მუსიკალური ინსტრუმენტიო... აბა რა უგავს ამ უმსგავსოს მუსიკალურ ინსტრუმენტს. კლავიშები სად არის, თუ მუსიკალური ინსტრუმენტია. ანდა იქნებ სიმები აქვს შენსავით, ერთი კარგად შეხედე...
გიტარას მხოლოდ გაბრაზებული კვნესა აღმოხდა პასუხად. იგი უკურნებელი მელანქოლიით იყო შეპყრობილი. სულ ერთიანად მოშვებული, უღონოდ იწვა რბილ, ფაფუკ ტახტზე. არასოდეს არაფერში ერეოდა, გაბზარული ხმით თუ ამოიკვნესებდა ხოლმე ჟამიდანჟამ. ერთ დროს მარმარილოს ნიმფა ყოფილა მისი გატაცების ამბავი.
- ეეჰ, რა ვიცოდი, თურმე სულ ერთიანად პიტალო ქვისაგან ყოფილა გამოკვეთილი, - სევდიანად ოხრავდა გიტარა, - ლამის მთვარე დამდნარიყო ცაზე ჩემი სიმღერისგან. მაგას კი თითქოს არც ესმოდა... ერთი შემოხედვაც არ მაღირსა, ყოველთვის სადღაც სხვაგან იყურებოდა, აფსუს, უმიზნოდ გაფლანგულო წლებო, აფსუს, უმიზნოდ დაკარგულო სიმღერავ...
პიანინოს თავზე მდგარ ნიმფას აინუნშიაც არ ჩაუგდია გიტარის ოხვრა-კვნესა, სულ სხვა მხარეს იყურებოდა არაფრისმთქმელი თვალებით. იმ ფაფუკი ტახტის ხმა კი, რომელზეც გიტარა იყო მიწოლილი, ჯერაც არავის გაეგონა. თვითონ მუდამ ჩუმად მყოფი, სხვის ხმასაც აყრუებდა და ახშობდა.
იგრძნო რა პიანინოს უკმაყოფილება, ერთი დამცინავად დაკვესა ტორშერმა და ჭერს მიაბჯინა შუქის კონა, აქაოდა არც თქვენ მაინტერესებთ და არც თქვენი გამოუცნობი ნივთიო. პიანინო ვერა და ვერ დამშვიდებულიყო;
- როგორ გამომიყვანა წონასწორობიდან ტორშერმა, - ბუტბუტებდა თავისთვის, - სულ ერთიანად მოვიშალე. არადა, რა კარგად ვიყავი აწყობილი...
- და ეს ყველაფერი სულ ამ უმსგავსოს ბრალია, - პიანინოს ცეცხლს უკიდებდა მალაქიტის ლარნაკი, - ეჭვი არ მეპარება, შეცდომით დაუდვიათ აქ...
- მეც ასე ვფიქრობ, მეც ასე ვფიქრობ... - გამოეხმაურა საწერ მაგიდას სავარძელი...
- ახ, ნეტავი კი გამახსენა... - ოხრავდა ძველი ქარვის ჩიბუხი.
ანაზდად ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, ეს რადიომიმღებმა შეწყვიტა მუსაიფი. საერთოდ, იგი ყველაზე მეტს ხმაურობდა. მისგან თითქმის განუწყვეტლივ გაისმოდა ნაირ-ნაირი ხმები: ხან სიმღერა, ხან ათასგვარი წარმოშობის ბგერები. ლაპარაკი ხომ პირდაპირ გაუთავებელი იცოდა. მაგრამ რამდენადაც მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და არასოდეს დაინტერესებულა, უსმენდა თუ არა ვინმე, ამიტომ არც მას ელაპარაკებოდნენ. აღარც ახსოვდათ მისი არსებობა. მხოლოდ მაშინ თუ გაახსენდებოდათ, როცა ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნით მაინც გაკმენდდა ხმას.
მაშინ კი ყველა უდიდესი სიამოვნებით უსმენდა სიჩუმეს, ამ ოთახის იშვიათ, ძვირ სტუმარს.
ახლაც ყველ გაისუსა, მოემზადნენ ამ იშვიათი სტუმრის მოსასმენად.
მაგრამ ამჯერად სიჩუმეს რაღაც უცხო ხმა შეერია.
ოთახში მყოფებმა ეჭვით გადახედეს ერთმანეთს. ბგერების წყაროს ეძებდნენ... არა, ყველა ჩუმად იყო, ხმა კი მაინც გაისმოდა...
თანაც, რა უჩვეულოდ ჟღერდა ეს უცხო ხმა, იგი არ ჰგავდა არც ერთ იმ ხმას, რაც ამ ოთახში გაეგონათ ოდესმე. ისეთი სილაღე და თავისუფლება ისმოდა მასში, ყველა უნებურმა თრთოლამ აიტანა. საოცრად ჰარმონიული და მრავალფეროვანი იყო. ხან მინელდებოდა, ნიავის უნაზეს ჩურჩულამდე, ხან მთელი ძალით დაიჟღერებდა, მეხთატეხის შორეული გრიალის გამოძახილამდე...
ყველაზე უცნაური კი ის იყო, თვით სიჩუმეს რომ არ ვნებდა ეს ხმა, იგი ოდნავადაც არ არღვევდა ოთახში გამეფებულ მყუდროებას. ამ ხმისთვის და თვით სიჩუმისთვის ერთად შეიძლებოდა მოგესმინა.
ყველანი სულგანაბულნი უსმენდნენ ამ იშვიათ, კეთილხმოვან ბგერებს და სიჩუმესაც მასთან ერთად, ხმას არავინ იღებდა...
მოულოდნელად ეს ჰარმონიული ხმები ქარვის ჩიბუხის შეძახილმა დაარღვია:
- გამახსენდა, გამახსენდა, - ათრთოლებული ხმით აყვირდა იგი, - ეს ხომ ნიჟარაა, მომღერალი ნიჟარა... ზღვის სიმღერას მღერის, მასში ზღვის ხმებია ჩამწყვდეული... ვინ მოსთვლის, რამდენჯერ მინახავს ზღვის ფსკერზე. ერთ დროს მეც იქ ვცხოვრობდი. ლურჯი ტალღები აქეთ-იქით დამაქანებდნენ. სიბერეს რა ვუთხრა, ნიჟარა როგორ დამავიწყდა...
სიხარულისაგან ატირდა ქარვის ძველი ჩიბუხი და როცა საკუთარი ცრემლი იხილა, ამაზე კიდევ უფრო გაიხარა:
- ჯერ კიდევ შემრჩენია ცრემლები, არ ვყოფილვარ ცეცხლისაგან სულ მთლად გამომშრალიო, - უფრო გულამოსკვნით ატირდა. რაც საწერ მაგიდაზე ქაღალდები ეწყო, სულ მთლად დასველდა მისი ცრემლებისაგან. ყველაფერი გადასაყრელი გახდა.
- არ უნდა იჩქარო, არ უნდა იჩქარო... - ექოსავით იმეორებდა სავარძელი.
ტორშერმა ადგილი მოუნაცვლა ჭერს მიბჯენილ შუქის კონას, ისევ ინკუსტრირებული მაგიდისკენ მიმართა და ერთი წამითაც არ აშორებდა. ინკუსტრირებული მაგიდა სულ ერთიანად გაბრწყინებულიყო. აბა, ერთი შემომხედეთ, მე აღმოვაჩინე ეს საოცრება, ამას ხომ უჩემოდ თვალითაც ვერ იხილავდითო, ამბობდა მთელი მისი იერი.
კედელზე აკრული დეკორატიული თეფში ერთ გიგანტურ თვალად ქცეულიყო, რომელიც ნიჟარის გარდა ვეღარაფერს ხედავდა.
მალაქიტის ლარნაკი და ფაიფურის სურა, ვითომც არაფერი მომხდარაო, მშვიდად საუბრობდნენ სულ სხვა თემაზე, ნიჟარისკენ ერთხელაც არ გაუხედავთ.
ბუფეტმა ერთი ცერად გაიხედა ნიჟარისკენ, უყურა, უყურა და ბოლოს მაინც არ მოეწონა.
- როგორი სიმღერაც არ უნდა იცოდეს, ფეხზე მაინც ვერ დგას მყარად, - თქვა და ამაყად გაჯგიმულმა, სიმყარის და სიმკვიდრის ნამდვილმა განსახიერებამ, ტორშერს მიაპყრო ბროლით აბრჭყვიალებული მზერა.
სარკეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ მთელი მონდომებით ცდილობდა, როგორმე თავის წიაღში აერეკლა მომღერალი ნიჟარა, ათასად ექცია იგი. დარცხვენილი პიანონი იმასღა ცდილობდა, როგორმე შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მარმარილოს ნიმფას ახლაც სივრცისთვის გაეშტერებინა არაფრისმთქმელი თვალები.
ყველაზე საინტერესო სანახაობას რბილ ტახტზე უღონოდ მიწოლილი გიტარა წარმოადგენდა. მას იმ წუთიდანვე დაეტყო მელანქოლიისგან განკურნების ნიშნები, როგორც კი ზღვის სიმღერა დაირხა ოთახში. მისი ამოკვნესა უკვე აღარ იყო ისე გაბზარული. მოშვებული სიმები თანდათან ეჭიმებოდნენ.
- მე მგონი, ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული, - იმეორებდა გიტარა სულ უფრო მჟღერი, ჰარმონიული ხმით, - ჯერ კიდევ შეიძლება სიმღერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები