ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2015


სატურნის შლიაპა

ყველას დაასწრო კუდიანმა ვარსკვლავმა, პირველმა აუწყა სატურნს, შენსკენ ვენერა მოემართებაო.
- საიდან იცი? - შეცბა სატურნი. მსგავსი არაფერი სმენოდა თურმე.
- მთელ მზის ოჯახში მხოლოდ ამასღა ლაპარაკობენ, - დარწმუნებით თქვა კუდიანმა ვარსკვლავმა, - ყველაზე ადრე მერკურმა შეამჩნია ვენერას რკალის უცნაური ცვლილება. მერკურის ამბავი ხომ იცი, მაგისთანები მაგას მოჰკითხე. სულ ზეპირად იცის, რომელიც ცთომილი რომელ რკალს მიუყვება, სად გადაკვეთენ მერე ეს რკალები ერთმანეთს, რა შეიძლება ამ შეხვედრას მოჰყვეს. თუმცა უნდა ითქვას, არც დედამიწა უდებს ტოლს, ძალიან დაჭკვიანდა ამ ბოლო დროს.
სატურნი ყურს აღარ უგდებდა კუდიანი ვარსკვლავის ყბედობას, სივრცეს გაჰყურებდა გაფაციცებული თვალით, მართლაც, შორიდან ცხადად გაარჩია ვენერას რკალი, აშკარად მისკენ ეჭირა გეზი.
დარწმუნდა რა ამ შეხვედრის გარდუვალობაში, სატურნმა თვალები მილულა, მოღლილი და უინტერესო სახე მიიღო.
ოო, ვენერა... რამდენი ხანია აღარ მინახავს. კარგია, შევხვდებით, ვისაუბრებთ, რაიმე ახალი ამბებიც ეცოდინება.
აქ სატურნმა დაამთქნარა კიდეც, აქაოდა დიდად არაფრად მიღირს ვენერას სტუმრობაო, მაგრამ კუდიან ვარსკვლავს რას გამოაპარებდა... ამ დაუდეგარმა არსებამ ირონიული ღიმილით აუქცია გვერდი სატურნის ფართო რკალს, თავის უცნაურ, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს გაჰყვა, ოღონდ შორს არ წასულა. შემხვედრ პაწია ცთომილებს გაუბა ლაპარაკი იქითურ-აქეთურზე, თან ცალი თვალი სატურნისკენ ეჭირა.
სატურმა გული გაიარხეინა, კუდიანი ვარსკვლავი თვალს მიეფარაო, და იმ წუთიდან სრულიად გარდაიქმნა. ახლა მასში ვეღარც კი ამოიცნობდით იმ ზანტ არსებას, მზის გულზე რომ თვლემდა. საერთოდ სატურნს სანდომიანობა და ხიბლი არასოდეს ჰკლებია, ამასთან ერთად კოხტაობის დიდი მოყვარულიც გახლავთ. ოღონდ ესაა, ხანდახან სიზარმაცე დასძლევს ხოლმე, უყვარს მზის გულზე მოკალათება და წათვლემა. ასეთ დროს მისი გამოფხიზლება არც ისე ადვილი საქმეა, რაიმე განსაკუთრებული მოვლენაა. ვენერა, სილამაზით გამორჩეული, ბრწყინვალე ცთომილი, ასე ადვილად არავის დასდებს პატივს თავისი სტუმრობით. ჰაეროვან სამოსელში გახვეული, იდუმალი და ამოუცნობი ვენერა, რომელსაც ყველა შორიდან შეჰხარის, ლექსებს და სიმღერებს უძღვნიან. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ დედამიწაზე მისი სახელი უწოდეს სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთს... სატურნს ხელები ოდნავ უკანკალებდა კიდეც, როდესაც წვერს იპარსავდა...
სამოსელი დიდებული შეიმოსა სატურნმა, სწორედ ისეთი, მის ღირსებას რომ ეკადრებოდა, მეტად ლაზათიანად წარმოაჩენდა მის მოხდენილ აღნაგობას და სანდომიან იერს. ალმასის სარკე ეჭვმიუტანლად ადასტურებდა ამას. ალბათ ზედმეტი არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ ბრწყინვალებით განთქმულმა ცთომილმა, ურანმა აჩუქა ალმასის სარკე, იდეალურად გაკრიალებული ხელთუქმნელი რამ ნივთი, სულ მცირე დეტალებსაც რომ აღიქვამდა და აირეკლავდა.
ახლაც ურანი შორიდან თვალს ადევნებდა სატურნს, პირზე ღიმილი ეფინა. ჩანს, სიამოვნებდა ამ სანახაობის ჭვრეტა... და განა მარტო ურანი? კუდიანი ვარსკვლავის თქმისა არ იყოს, ფეხზე იდგა მთელი მზის ოჯახი, ყველა ცთომილს სატურნისკენ ეჭირა თვალი. მზესაც გამორჩეულად უბრწყინავდა სახე, თითქოს მართლა ცხრა თვალი გამოესხა. შორეულ ვარსკვლავთა ეტლი ვითომდა გულგრილად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ მოჩვენებითი გულგრილობის მიღმა მახვილი თვალი აუცილებლად შეამჩნევდა გაღვივებულ ინტერესს. კუდიანი ვარსკვლავი ხომ, ნუღარ იტყვით, რა ამბავში იყო... იმდენს ტრიალებდა, ისეთ უცნაურ მარყუჟებს ხაზავდა, მის მჭვრეტელს თავბრუს დაახვევდა უთუოდ. პაწია ცთომილები და მეტეორები ბრწყინვალე გუნდებად მიმოქროდნენ აქეთ-იქით და მათი გაფაციცებული თვალის ისარი სატურნისკენ იყო მუდამ მიმართული.
სატურმა სარკეს მოსწყვიტა თვალი, სივრცეს გახედა. ვენერას კარგა დიდი მანძილი გამოევლო, რკალს რკალზე კეცავდა ჰაეროვანი სამოსელის ფრიალ-ფრიალით. ეჭვისთვის ადგილი აღარ იყო, ნაღდად მისკენ მოიჩქაროდა... და სატურნმა ოქროს სკივრს ახადა თავი, სადაც შლიაპებს ინახავდა. ერთი ესღა რჩებოდა: გვირგვინი უნდა დაედგა თავის მორთულობისთვის, ანუ შლიაპა უნდა დაეხურა...
ოოო, სატურნი და შლიაპა, შლიაპა და სატურნი... აი, რის შესახებ ღირს ენის მოცვეთა, დაუსრულებლად შეიძლება ამაზე ლაპარაკი. სატურნს გაგიჟებით უყვარს შლიაპები. ოქროს სკივრში ინახავს, საგანგებოდ უფრთხილდება, ცივ ნიავსაც კი არ აკარებს. ანუ როგორც იტყვიან, შლიაპა სატურნის სუსტი წერტილია. თუ ვინმე დაინტერესდება, რამდენ შლიაპას მოუყარა თავიო, უნდა გავაწბილო; ჯერაც არავის დაუთვლია ისინი. მერკურის თქმისა არ იყოს (მერკურმა კი ყველაფერი იცის ამქვეყნად, ანდა თითქმის ყველაფერი), რაოდენობა ამ შლიაპებისა უამრავია, ნაირგვარობა კიდევ აღუწერელი.
ამგვარად, სატურნმა ოქროს სკივრს ახადა თავი. ამოიღო შლიაპა, რომელიც ხელთ მოჰყვა და ალმასის სარკეში ჩაიხედა.
- არა, ეს არ მოუხდება ამ სამოსელს, - თქვა და გულგრილად გადადო გვერდზე. მეორეს წაეტანა, - არც ეს მიხდება, სახეს მსუქანს აჩენს, - ისიც გადადო, სხვა მოირგო თავზე, - ამას თითქოს არა უშავს, მაგრამ სახის  ფერი სულმთლად დამიკარგა... ეს კიდევ ცხვირს მიგრძელებს...
ასე და ამრიგად, რომელიც შლიაპაც არ მოისინჯა, არც ერთი არ მოეწონა. მისი აზრით ისინი არაფერს მატებდნენ მის სანდომიან იერს და მორთულობას.
- იჩქარე, ვენერა გიახლოვდება, - ხმა მოაწვდინა კუდიანმა ვარსკვლავმა.
გაიხედა სატურნმა და მართლაც შეამჩნია, ვენერა საგრძნობლად მოახლოებულიყო, ყოველ წამს ემატებოდა სხივმოსილება, მისი ჰაეროვანი სამოსელი ნისლივით იშლებოდა სივრცეში.
- ახლავე, - წაიბუტბუტა ნირწამხდარმა სატურმა. მიხვდა, თავის მოკატუნებას ვერ შეძლებდა, სააშკარაოზე იყო გამოსული, მთელი მზის ოჯახი უთვალთვალებდა გაფაციცებით, - აბა, ეს ვცადოთ. არა, არ ვარგა, არც ეს, არც ეს...
- ჩქარა, ჩქარა, ვენერა უკვე სულ ახლოსაა! - აგნიასდნენ პაწია ცთომილები და მეტეორები, თან ერთმანეთს აწყდებოდნენ მღელვარებისგან.
- ჰო, ჰო, ახლავე! ესეც ვცადოთ, არა, არ ვარგა, არც ეს, ამან ხომ სულ მთლად დამამახინჯა, - ბუტბუტებდა სატურნი და გვერდზე პანტა-პუნტით ყრიდა შლიაპებს.
- ჩქარა, ჩქარა! დრო თითქმის აღარ დარა, - მოისმა ცთომილთა ხმაც. მარსი თვალსაც უკრავდა, მერკური გამაფრთხილებლად უქნევდა თავს, ნეპტუნმა თავისი განთქმული სამკაპიც კი აღმართა იმის ნიშნად, დროა შეჩერდეო. სატურნი კი ისევ პანტა-პუნტით ყრიდა შლიაპებს ,,არ ვარგა, არ მიხდებას~ ბუტბუტით.
- ნუღარ აყოვნებ, - მზის დარბაისლური ხმაც გაერია ამ საყოველთაო გნიასში, გამაფრთხილებლად შეჰყურებდა სატურნს, თან თვალები უცინოდა.
- მესმის, ახლავე... არც ეს ვარგა, არც ეს...
თვით ბრწყინვალე ვარსკვლავთა ეტლსაც კი დაეტყო მღელვარების ნიშანი, ვერ შეინარჩუნეს ეგზომ ქებული სიდინჯე. თქმით არაფერი უთქვამთ (დუმილის აღთქმას როგორ დაარღვევენ), მაგრამ დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, თუ როგორ თრთოდნენ მღელვარებისგან.
- მორჩი კოხტაობას, დაიხურე რომელიმე მათგანი, ვენერა საცაა შენს რკალზე შემოდგამს ფეხს, - ისევ დასძახა კუდიანმა ვარსკვლავმა.
ოქროს სკივრიდან თავი აიღო სატურნმა, ვენერა მართლაც სულ ახლოს იყო, უკვე ცხადად ჩანდა ჰაეროვანი პირბადე, რომლის მიღმაც ვენერას უნაზესი, მარგალიტისებური ელფერი განირჩეოდა, კიდევ უფრო შეფუცხუნდა სატურნი, სიჩქარეს უმატა, თვალის დახამხმარების უმალ იღებდა სკივრიდან შლიაპებს და თავზე ირგებდა, ასევე სასწრაფოდ გვერდზე ყრიდა მათ ,,არ ვარგას~ ბუტბუტით. მართლაც საზღვარი არ ჰქონდა მის მონდომებას, რაც შეიძლება ღირსეულად და სანდომიანად შეხვედროდა ასეთ ულამაზეს სასურველ სტუმარს.
- ...ამას კი მგონი, არა უშავს!
როგორც იქნა, შეყოვნდა სატურნი, მოირგო ერთ-ერთი შლიაპა. შეტრიალ-შემოტრიალდა სარკის წინ, მოეწონა საკუთარი თავი. შლიაპა მართლაც მშვენიერი იყო, დიდებულად აგვირგვინებდა მთელ მორთულობას. და აი სატურნი უკვე მზადაა ვენერასთან შესახვედრად, მაგრამ...
ეეჰ! სადღაა ვენერა! უკვე გასცდენია სატურნის რკალს, სულ სხვაგან მიიწევს ნისლოვანი პირბადის ფრიალ-ფრიალით. ყოველ წამს იზრდება მანძილი ამ ორი ცთომილის რკალებს შორის.
სატურნი ისევ ისე დარჩა, ერთიანად გაოგნებული. ვერ გაეგო, რანაირად მოხდა, ასე როგორ აუქცია გვერდი სასურველმა სტუმარმა. თვალს გაოცებით აჭყეტდა, ხმაც ვერ ამოეღო. შორიდან მოთვალთვალე მნათობებმაც სასწრაფოდ შეაქციეს ზურგი სატურნს, ისევ თავის რკალს დაუბრუნდა ყველა, აქაოდა, არაფერი დაგვინახავს, არაფერი ვიცითო. ერთი ნუგეშის სიტყვაც კი არ გაიმეტეს გაწბილებული კავალერისთვის. ერთადერთმა მხოლოდ მზემ გაუღიმა გამამხნევებლად, ანიშნა, გულს ნუ გაიტეხო.
მაგრამ განა ასე ადვილი იყო სატურნის ნუგეშისცემა. თავის გულს ასკდებოდა, თან ეჭვიც ტანჯავდა: ჩანს, ვენერას აზრადაც არ ჰქონია მისი სტუმრობა, სულ სხვა მხარეს მიეშურებოდა. სულ ბოლო წამს აუქცია გვერდი სატურნის რკალს, თუმცა ძალიან კი მიუახლოვდა... ანდა იქნებ სწორედ მასთან მოდიოდა სტუმრად, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა...
- ვენერას ამბავი არ იცი? - თქვა კუდიანმა ვარსკვლავმა. მას მაინც არ მოუთმინა გულმა, ისევ მიაკითხა სატურნს, მომხდარზე გაუბა მუსაიფი. - მეტისმეტად იდუმალი ვინმეა, ჩამოიფარებს თავის განთქმულ პირბადეს და თუ ბიჭი ხარ გაიგე, რა აქვს გუნებაში. ძნელია მისი სავალი გზების გამოცნობა. გგონია, შენსკენ მოდის და ამ დროს თურმე სულ სხვა მხარეს მიემართება.
ამას გარდა, შენც ასე ძალიან არ უნდა გადაჰყოლოდი შლიაპების მოზომვასო, დასძინა ბოლოს კუდიანმა ვარსკვლავმა. მეტი ფხა უნდა გამოგეჩინაო, მართლაც მეტად მარჯვე შემთხვევა გაუშვი ხელიდანო.
სატურნს არაფერი უთქვამს პასუხად, სათქმელიც არაფერი ჰქონდა, გულში თვითონაც ეთანხმებოდა კუდიან ვარსკვლავს. ამ დროისთვის უკვე მოასწრო გონზე მოსვლა, პირველმა გაოგნებამ გადაუარა. ისევ ძველებურად მყუდროდ მოიკალათა მზის გულზე, თითქოს ჩვეულმა სიზარმაცემ დარია ხელი, ვენერა თითქოს აღარც კი ახსოვს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ ცთომილთა ოჯახში გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სატურნი გულში მაინც ვერ შეელია ვენერას სტუმრობის ამბავს, იმედი აქვს, რომ ვენერა, როცა იქნება, აუცილებლად ესტუმრება. სატურნი დღესაც ფარულად ელოლიავება ამ სანუკვარ ოცნებას. ჰოდა, მორთვა-მოკაზმვაში დიდი დრო რომ არ დაკარგოს, შლიაპას ერთი წამითაც არ იშორებს თავიდან.
                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები