ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2015


მხეცის ხელმწიფება (ზეციური ცეცხლი)

- ,,იგი მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით...~ - გავიმეორე ჩვეულებისამებრ. მართალია, თანავარსკვლავედთა მთელი კრებული ჩემს მხარეზე იყო, მაგრამ დროის მოგება მაინც არ მაწყენდა - სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერი აქაც ერთი შეხედვით ჩანს. პირველმა მხეცმა (ანუ ადამიანმა ყველაზე ზოგადი ნიშნებით) გველეშაპისგან მიიღო ტახტი, ანუ ძლევამოსილება მთელ დედამიწაზე... ამის თაობაზე ბევრი ვილაპარაკეთ და შევთანხმდით კიდეც, რომ ნამდვილად ასე იყო. გველეშაპი აქ მეზოზოურ ერას ნიშნავს, ანუ დინოზავრების ბატონობას მთელ დედამიწაზე, რომელიც მერე კაინოზოურმა ერამ (ადამიანმა) ჩაანაცვლა. მაგრამ აი, რა მოხდა შემდეგ? ეს მართლაც საინტერესოა, მგონი უცნაურადაც გამოიყურება, რაც შემდგომში მოხდა... კერძოდ ის, რომ პირველმა მხეცმა მეორე მხეცს გადაულოცა მთელი თავისი ძლევამოსილება... ხომ მეთანხმებით, რომ უცნაური ამბავია? ვერაფერს გააწყობ, ასე მოხდა. ადამიანმა (პირველმა მხეცმა) თავისი ძლევამოსილება და ტახტი ოქროს გადაულოცა, რომელმაც გველეშაპის ხმით იწყო ლაპარაკი.
თავის მხრივ მეორე მხეციც ემსახურება პირველს (ბიოლოგიური სიმბიოზის მსგავსად).
ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ უდიდესი ენერგიის და დოვლათის თავმოყრა დღეს-დღეისობით მხოლოდ ოქროს წყალობით ხდება. ყოველგვარ მონაპოვარს, ძალას თუ სახსარს ოქრო უდევს საფუძვლად, მხოლოდ და მხოლოდ ოქრო. და ეს ყველაფერი მეორე მხეცმა (ოქრომ) პირველ მხეცს (ადამიანს) გაუფინა ფეხქვეშ. ეს იმ დროს, როცა პირველს ისედაც არ აკლდა ძლევამოსილება. მას ხომ გველეშაპის ტახტი ერგო... მაგრამ ოქრომ მისი ძლევამოსილება კიდევ უფრო გააძლიერა? გააათკეცა? არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ... ვერ მომიძებნია სიტყვა, მიახლოებითაც რომ ასახავდეს ორი მხეცის (ადამიანის და ოქროს) ურთიერთობას, სიტყვა, რომელიც ამ საოცარი სიმბიოზის შინაგან არსს დაიტევს თავის თავში.
ვცადოთ, შევქმნათ მხატვრული სახე, მოცემულ სიმბიოზს რომ გააცოცხლებს. მეტ სიცხადეს მივიღებთ, სურათიც უფრო აშკარა გახდება:
ოქროს მხეცმა, თავით ფეხებამდე ბაჯაღლო ოქროსგან გამოძერწილმა და ერთიანად ბრწყინვალემ, ასევე ბაჯაღლო ოქროს ხონჩაზე მოათავსა დედამიწის ჭრელი ბურთი და ვის მიართვა? ვფიქრობ, გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს; ზღვიდან აომმავალ მხეცს (ადამიანს, ზოგადი ნიშნებით).
დიახ, მთელი დედამიწა, თავისი მრავალგვარი ბინადრების ჩათვლით (ცხოველებით, ფრინველებით...) ოქროს მხეცმა ადამიანს უძღვნა საჩუქრად, სანაცვლოდ იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მთელი თავის ძალაუფლება გადაულოცა მას. ასეთ ძვირფას საჩუქარზე კი ცხადია, უარს არავინ იტყვის. არც ზღვიდან ამომავალ მხეცს მოსვლია თავში მსგავსი რამ აზრად.
მან მიიღო საჩუქარი, ოქროს ხონჩით მორთმეული და გაშალა კიდეც ფრთები. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ოქრომ მისცა ადამიანს ფრთების გაშლის საშუალება. თანაც ისე ფართოდ, რომ მთელ დედამიწას გადაფოფრებოდა. დედამიწის დანარჩენი ბინადრების სასიცოცხლო არეალიც ბევრად უფრო შევიწროვდა წინანდელთან შედარებით... (ის პერიოდი მაქვს მხედველობაში, როდესაც ოქროს მხეცი ჯერ ისევ თვითნაბადის სახით სუფევდა მიწის წიაღში...) მათი ყოფნა-არყოფნა მთლიანად ზღვიდან ამომავალი მხეცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ოქრო რომ არა, პირველი მხეცი ვერასგზის ვერ შეძლებდა ამას, თავის შეუვალ ნებას ვერ დაუმორჩილებდა დედამიწას და მის მკვიდრთ...
იქნებ ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ზემოთ მოყვანილი სახე: დედამიწის ჭრელი ბურთი ოქროს ხონჩაზე. მაგრამ თუ ყურადღებით მიადევნებთ თვალს, ამ ორი მხეცის (ადამიანის და ოქროს) თანამოსაგრეობას, აუცილებლად იწამებს ხსენებული სახის ჭეშმარიტებას. არც ისაა გამორიცხული, საკმარისად არ მიიჩნიოს ჩვენს მიერ მოხმობილი მხატვრული სიმბოლოები და ფერები... უფრო მკვეთრი შტრიხები და ბნელი ლაქები მოიძიოს შექმნილი მდგომარეობის აღსაწერად და გასაცოცხლებლად.
,,...განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა...~ კიდევ ერთხელაა მოხმობილი ეს მეტად იდუმალი სიტყვები წმინდა წერილში. ამას შემთხვევითობას ვერ უწოდებ... წმინდა წერილში არაფერია შემთხვევითი.
უკვე ითქვა, თანაც არაერთხელ, რომ ზღვიდან ამომავალმა მხეცმა შეძლო თავის თავში გადაერჩინა ადამიანი (იგივე მეშვიდე თავი). მისი უაღრესად განვითარებული გონების წყალობით აღსრულდა ეს მართლაცდა სასწაულებრივი რამ. ამავე დროს, მხეცი ცხოველმყოფლობს მასში... მიწიერ არსებათა ყველა ნიშანი ბუდოს ადამიანში.
რაც შეეხება ოქროს მხეცს, იგი ერთგვარ ოქროს ხიდად იქცა ამ ორთა შორის. მართალია მეტად მერწევია ეს ხიდი, მაგრამ დრეკადიც გამოდგა. მისი გაწყვეტა ვერავინ შეძლო, თუმცა არაერთხელ სცადეს.
როგორც ხედავთ, ეს სამი სახე (გნებავთ, სიმბოლო): ზღვიდან ამომავალი მხეცი, ადამიანები, ოქრო - უაღრესად მჭიდროდ არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი. სამმაგ ნასკვს ქმნიან და ეს ნასკვი მეტად მკვიდრია და წარუხოცელი. დღემდე წარმატებით უძლებს დროთა მდინარებას.
ანდა სამი წვერი, - ასედაც შეიძლება ითქვას. რაიმე რომ დაწნა, სამი წვერია საჭირო, ნაწნავიც სახეზეა - ზემოხსენებული სამეულის ურთიერთქმედება. ამ ურთიერთქმედებას სხვას ვერაფერს უწოდებ, გარდა წარუხოცელისა. ყოველ შემთხვევაში, დღეს-დღეობით... ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება ამაში.
,,ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ზეციდან დედამიწამდე ადამიანთა წინაშე~.
ჰოი, ზეცაო! რა ცხადი იყო ამ ცეცხლოვანი სიტყვების ფარული აზრი... ჩემი ერთგული თანამოსაგრეები (ანუ ვარსკვლავები) ისე მხიარულად აჭყეტდნენ თვალებს, თითქოს ამბობდნენ, ამის გამოცნობას რა უნდაო.
სად იყო და სად არა, კუდიანი ვარსკვლავი შემოეხეტა ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში. ფარშევანგივით ფართოდ გაეშალა თავისი მანათობელი კუდი. დაუღალავად მიმოჰქროდა ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე, ცეცხლოვანი რკალების ნამდვილი კორიანტელი დააყენა, ოქროს ნიღაბმაც მისკენ მიატრიალა თავი, ჩანს, მოხიბლა ამ ზეციურმა ჯამბაზმა... ყველაფერ ამას შევყურებდი და სათქმელიც თავისთავად მოედინებოდა. ასეთი რამეების ჭვრეტა აბა ვის არ აალაპარაკებს:
- ,,ახდენდა დიდ სასწაულებს~... ჯერ ამ სიტყვებს მივხედოთ - ვამბობ დინჯად, კუდიან ვარსკვლავს ვუთვალთვალებ... ო, რა საოცარ მარყუჟებს ხაზავს, პირდაპირ ცეცხლოვან ნიშნებს აღწერს ზეცაზე - რომელ სასწაულებზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი? ჩემი აზრით ამ სიტყვას სულ უბრალო ახსნა დაეძებნება; მეცნიერება გახლავთ ეს სასწაული, აი, რა!
დიახ, მეცნიერება იგულისხმება ამ სიტყვის მიღმა. ასეა უეჭველად. მეცნიერება, როგორც ადამიანური გონების პირმშო, მართლაც მეტად საინტერესო მოვლენა გახლავთ. მან ძლევამოსილი ნაბიჯებით იარა დედამიწაზე, მართლაც ფარშევანგის კუდივით გაშალა უამრავი აღმოჩენები და მიღწევები, რომლებიც ხშირად მართლაც სასწაულებს ემსგავსებიან. თუნდაც ადამიანის ჰაერში აფრენა ვთქვათ... კოსმოსში გაღწევა, ატომური ენერგიის აღმოჩენა... რომელი ერთი ჩამოვთვალო...
და ყველაფერ ამას მეცნიერება ვერ შეძლებდა რომ არა ოქრო - მეორე მხეცი. დიახ, როგორც ვიცით (ალბათ ყველა მეთანხმებით) მხოლოდ ოქროს წყალობით ხდება შესაძლებელი ენერგიების და დოვლათის ისეთი თავმოყრა, რაც გარდაუვლად სჭირდება მეცნიერებას, ანუ წმინდა გონებრივ სამუშაოს. დიახ, ოქროს ამ საოცარი უნარის გარეშე (ენერგიათა თავმოყრას ვგულისხმობ) მეცნიერება ნაბიჯსაც ვერ წადგამდა წინ ან თუ სულ მთლად არ მოკვდებოდა, მაგრამ ივლიდა ტაატით, კუს ნაბიჯებით... კუს ნაბიჯით კი შორს ვერავინ წავა, არც მიწიერი ცივილიზაცია და მეცნიერება იქნებოდა ამ მხრივ გამონაკლისი...
...და რა თქმა უნდა, ვერც ზეციურ ცეცხლს ჩამოიტანდა დედამიწაზე, რომ არა ოქროს მხეცი. დიახ, დადგა დრო ზეციურ ცეცხლზე ვილაპარაკოთ. დავფიქრდეთ, რომელი ცეცხლი შეიძლება აქ იგულისხმებოდეს. განა ზეციური ცეცხლი არ ანთია ვარსკვლავთა წიაღში? ისინი ხომ მართლაც მზეები არიან, ისე როგორც ჩვენი მზე იგივე ვარსკვლავია. ზეციური ცეცხლით იწვიან ვარსკვლავები, სითბოს და სინათლეს გამოასხივებენ, ოღონდ იწვიან უჟანგბადოდ, მიწიერი ცეცხლისგან განსხვავებით.
მერედა როგორი ბუნებისაა ზეციური ცეცხლი? როგორ ხდება წვა უჟანგბადოდ ვარსკვლავთა წიაღში?
  ოდესღაც ადამიანებს ეს სრულიად შეუძლებლად მიაჩნდათ.ვარსკვლავთა წიღაში ატომური ცეცხლი ანთია, ანუ ხდება ატომური გარდაქმნები ელემენტარულ ნაწილაკებში, რის შედეგადაც კოლოსალური ენერგია გამოსხივდება სითბოს და სინათლის სახით. მზეც მათ რიცხვშია.
ესეც თქვენი ზეციური ცეცხლი.
ზღვიდან ამომავალი მხეცი დიდხანს უჭვრეტდა ზეციურ ცეცხლს ანუ ვარსკვლავებს, მერე კი შეძლო შეუძლებელი, მიწაზე ჩამოიტანა. ადამიანმა მიაგნო ატომურ მზეს... ჯაჭვური რეაქცია განახორციელა. ამის შედეგად მიიღო ენერგია, რომელიც ვარსკვლავთა წიაღში ანთებულ ზეციურ ცეცხლს ენათესავება. ასე რომ, ზემოთ მოყვანილი ნათქვამი ზეციური ცეცხლის მიწაზე ჩამოტანის შესახებ სულაც არაა უსაფუძვლო. სასწაული ნამდვილად აღსრულდა. ასეთი სასწაულები კი ძვირი ჯდება, ძალიან ძვირი. ადამიანს უდიდესი გზის გავლა დასჭირდა, სანამ ატომურ მზეს, ანუ ზეციურ ცეცხლს მიაგნებდა. როგორ შეძლებდა ამას ოქროს მხეცის შემწეობის გარეშე? ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია... დიახ, ოქრო რომ არა, ადამიანი ვერ გადადგამდა იმ გოლიათურ ნაბიჯებს, ზეციდან მიწამდე ბილიკის გაკვალვას რომ სჭირდება.
როდესაც ვთქვი, ,,ციდან მიწამდე ბილიკის გაკვალვა~, კუდიანმა ვარსკვლავმა კუდი მოიქნია, გეგონებოდა თევზი ასხმარტალდა ბადეშიო... რამდენიმე თავბრუდამხვევი მარყუჟი გააკეთა და თვალს მიეფარა. მისი ადგილი მანათობელმა ნისლეულმა დაიკავა. ჯერ პატარა ფთილასავით ამოცურდა საიდანღაც და ეს ფთილა თვალდათვალ იზრდებოდა, ფარფლებივით შლიდა ნისლოვან კიდურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები