ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2015


"მარადიულზე"

არ უნდა არსებობდნენ გულგამყოლი, სულგამყოლი,
გრძნობაგამყოლი ქალები,
ყველა საწინააღმდეგო არგუმენტის მიუხედავად,
მაინც ურყევად რომ სჯერათ იმ ერთადერთის არსებობის...
უეცრად თავს დამტყდარი გრძნობისთვის
სიგიჟის ჩამდენი ქალები,
სიგიჟის ჩადენის წამიდანვე
შუბლზე რომ ეწერებათ სიტყვა „თავქარიანი“,
რომელსაც მთელი დანარჩენი ცხოვრების სიდინჯე
ვეღარ ჩამორეცხავს.

გულით მოაზროვნე ქალები,
უკოცნელ, ჩაუხუტებელ პაემნებზე რომ დადიან,
რომ რაც შეიძლება დიდხანს შემოინახონ ტუჩებმა
იმ წარსულის, იმ ერთადერთის ტუჩების გემო,
მხრებმა - მისი მკლავების სითბო,
კანმა - მისი კანის სიმხურვალე.

ნაძალადევღიმილშეყინულები,
თეთრი კაბის ქვეშ თალხმოსილი სულით,
გარედან, სხვებისთვის  რომ მზის სხივებს ასხივებენ,
თვითონ კი კანი სიცივისგან დახორკლილი აქვთ,
ბედნიერებაგაყალბებული ქალები...

ქმრებზე გადაყოლილი,
ოჯახის ბედნიერებისთვის ძუ ლომებივით მებრძოლი,
ოჯახის კეთილდღეობისთვის რკინის ქალამნების ჩამცმელი,
ცხრა მთას იქით წამსვლელი,
და მაინც სხვაზე შეყვარებული,
ჩუმად შეყვარებული ქალები.

უნდა გადაშენდნენ ასეთები,
მათზე მხოლოდ ბებიები უნდა უყვებოდნენ  შვილიშვილებს,
ზღაპრებს, ლეგენდებს,
მითებს უნდა უყვებოდნენ.
მათ მეცნიერები უნდა იკვლევდნენ,
როგორც მტვერდაყრილ სიძველეებს, როგორც ნაშთებს,
როგორც გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილ ნახატებს,
როგორც დინოზავრების ნაკვალევებს...

მოდი, ვუთხრათ ასეთ ქალებს,
რომ დიდი ხანია გაიზარდნენ,
და რომ ამბავი ცხოვრების ერთადერთზე,
ამბავი მარადიულზე,
ისეთივე ბავშვობის ზღაპარია, როგორც თოვლის ბაბუა.
გავუმხილოთ, რომ არ არსებობს მძინარე მზეთუნახავი,
და თუ არსებობს,
მან თავისით უნდა გაიღვიძოს...

ჩვენ კი, ახალი ადამიანები
ჩვენზე ჭკვიანი ტელეფონების საუკუნიდან,
პატარა კოლოფებში სამყაროს ჩამტევი ადამიანები,
შესაბამისად უნდა ვიღებდეთ
რაციონალურ გადაწყვეტილებებს,
და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე,
ზედმეტი ყოყმანის გარეშე,
ზედმეტი ცრემლების გარეშე,
ვდებდეთ ხელშეკრულებას,
შემდეგი შინაარსით:
„ურთიერთგაგება - წესრიგშია,
ურთიერთპატივისცემა - წესრიგშია,
ერთგულების უნარი - წესრიგშია.
ყველა პუნქტს ერთობლივად ვეთანხმებით
და ხელს ვაწერთ.
ჰოდა ერთად ვიყოთ,
დღეიდან ერთად ვიყოთ,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ან სანამ გვენდომება,
ან ვიდრე არ მოგვბეზრდება,
ან ვიდრე ჩვენი გზები არ გაიყოფა,
ან ვიდრე ვნების ცეცხლი არ ჩაქრება...
ამინ!“

არ უნდა არსებობდეს ეს ჯიუტი,
ალოგიკური, რუდიმენტული -
გრძნობა, სახელად სიყვარული.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები