ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2015


ოქროს მხეცი. (ოქროს ლევიათანი)

ცისარტყელების კალთებზე ჩამოიმარცვლა წმინდა წერილის სიტყვებიც: ,,რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი...~
მივყვეთ ამ საოცარი სიტყვებს თანმიმდევრობას: ისინი სულ უფრო და უფრო ოქროს ქვიშას, რომელიც მდინარის დინებამ მოაშიშვლა, მერე კი მზემ გააბრწყინა, სხვას ვერაფერს შეადარებ, იმდენად ცხადია მათში ჩადებული აზრი, მზის სხივებზე გაბრწყინებულ ოქროსავით ნათელია.
უკვე ბევრი ვისაუბრეთ და მგონი, შევთანხმდით, რომ ,,მხეცი~ იგივე ოქროა... (დავაზუსტებ: ,,სხვა მხეცი~).
ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ოქროზე გადახურდავდა ჩვენს საწუთროში... რომ აღარ არსებობს ღირებულებათა სხვა საზომი. ყველაფერი ოქროთი იწონება და იზომება.
ამდენად, თუ ვინმეს მოესურვა რაიმეს ყიდვა, აუცილებლად უნდა გააჩნდეს მხეცის სახელი (ოქრო), სხვანაირად საწადელს ვერ ეწევა... და პირიქით, ოქროს გარეშე ვერც ვერაფერს გაყიდის, რადგან მხოლოდ ოქროს (მხეცის სახელის) საშუალებით უნდა შეფასდეს მისი გასაყიდი საგანი.
ვფიქრობ, აქ მეტისმეტად ცხადია ყველაფერი საიმისოდ, რომ მისი დანახვა ვერ შევძლოთ.
,,...ან მისი სახელის რიცხვი...~ (მხეცის სახელზეა ლაპარაკი). წმინდა წერილის ამ სიტყვებამდეც მივაღწიეთ, თანამიმდევრობა არ დაგვირღვევია.
ახლა კი გააღეთ ყველა კარები, რაც შეიძლება ფართოდ გააღეთ! მოარღვიეთ ყველა გალავანი... ხუმრობა საქმე ხომ არ არის! მისი უდიდებულესობა ბანკნოტი გამოგვეცხადა, ანუ ფული, გნებავთ ხელის ჭუჭყი...
განა ასე არაა? მისი სახელის რიცხვი... მხეცის სახელზე აქ ლაპარაკი, მხეცი, უკვე კარგად ვიცით, იგივე ოქროა.
როგორც ხედავთ, ოქროს რიცხვი მივიღეთ, ანუ ოქროს გარკვეული რაოდენობა, და ეს რაოდენობა რაღაცას უკავშირდება. რაიმეს ყიდვას ან გაყიდვას, მისი საშუალებითაც შევძლებთ, როგორც წმინდა წერილი გვაუწყებს.
ჰოდა, ეს ,,რაღაცა~ უკვე ფულია, თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს.
რა არის ფული? ქაღალდი (თუნდაც ტექნიკურად ძალიან დახვეწილი) და მეტი არაფერი. თავისთავად იგი არაფერი არ ღირს. მთელი მისი ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ რამდენ ოქროს (მხეცის სახელის რიცხვს) შეიცავს თავის თავში.
ჰოდა, გაზომეთ, აწონეთ, შეაფასეთ ოქრო, რომელმაც ქაღალდის ფულში დაივანა. მისი ძლევამოსილებაც ამით განისაზღვრება. რაც მეტია ოქროს რიცხვი ფულში, მით მეტია მისი ძალა, ანუ მსყიდველობითი ღირებულება.
ფული აუცილებლად უნდა შეიცავდეს ოქროს, თუნდაც ერთ ნამცეცს. უამისოდ იგი უბრალო ქაღალდად იქცევა, რომლითაც ვერაფერს ვერ იყიდი.
ასე იქცა ოქროს ქვიშა ფულად.
ჩვენ ვილაპარაკეთ ქაღალდის ფულზე, ოქროს მხეცი ქაღალდის სამოსელით შევმოსეთ. თუმცა ამ უკანასკნელმა შეიძლება სხვა სამოსელი შეიმოსოს, კერძოდ, რომელიმე მეტალი, ვერცხლი, სპილენძი, თუთია.
იცვლება ფულის სამოსელი, მაგრამ არ იცვლება ის ძირითადი წესი, რომლის მიხედვით ფულის ღირებულებას განსაზღვრავს მასში შემავალი მხეცის რიცხვი, ანუ ოქროს რაოდენობა. ის თვითონვეა თავისი სამოსელისთვის ღირებულების მიმცემი და არა, პირიქით.
...და საერთოდ, როგორი სამოსელითაც არ უნდა შევმოსოთ ოქრო, იგი მაინც შიშველი დარჩება. ოქროს ბრწყინვალებას ვერანაირი სამოსელი ვერ გადაფარავს. ეს ძალიან კარგად იცის ოქროს მხეცმა, ამიტომაც ხშირად შიშვლდება, რათა თვალი მოსჭრას თაყვანისმცემლებს. მერე ისევ ეხვევა ახალ სამოსელში და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
აჰა, ხომ ხედავთ; როგორც კი ფულის შესახებ ავლაპარაკდით, ოქროს მხეცი მაშინვე ფერადოვანი სხივების სამოსელით შეიმოსა... აი, ასეთი ნაირფერი ფულის ნიშნებით შემოსილი დამოგზაურობს ოქროს მხეცი დედამიწის ზურგზე, და ამ ნაირფერების მიღმა ყოველთვის რჩება იმათ, რაც თავდაპირველად იყო, მიწიდან ამოსვლისას და როგორც დღეს არის, ერთიანად ბაჯაღლო ოქროსგან ნაძერწ ორრქიან არსებად, მზეს რომ ეტოქება ბრწყინვალებით. ასეთი სახით დგას ზღვიდან ამომავალი მხეცის (ადამიანი) გვერდით. ორივენი ამ საოცრად დახლართული ნასკვით არიან შეკრულნი, რომელსაც ყიდვა-გაყიდვა ეწოდება. არცერთს არ შესწევს ძალა, თავი დააღწიოს ამ ხლართს. ადამიანი და ოქრო (ზღვიდან ამომავალი მხეცი და სხვა მხეცი) განუყოფელნი გახდნენ, რაკი ერთხელ ჰპოვეს ერთმანეთი. ერთად არიან, ერთად დადიან, ნადავლს ერთად უსაფრთებიან. ერთად ლაღობენ და შლიან ფრთებს ნადავლის მოპოვებით გახარებულნი.
დაშორიშორებისას კი ფეხქვეშ ნიადაგი ეცლება ორივეს. ეს განსაკუთრებით ფულის ნიშნებს ეხება (ოქრო, როგორც მეტალი, თავისთავადაც მეტად ღირებულია) ერთადერთს, მხოლოდ ადამიანს შეუძლია, რაიმე ფასი დასდოს ფულის ნიშნებს. იგი არავის, არცერთ ცოცხალ არსებას არ სჭირდება.
ფული ადამიანის გარეშე მკვდარია. რაც შეეხება თვითონ ადამიანს (ფულთან მიმართებაში), აქ სურათი კიდევ უფრო მძიმდება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ფულის გარეშე მკვდარზე უარესია. განა ასე არაა? დაუფიქრდით: მკვდარი ოდესღაც არსებობდა... ეპიტაფია მიუთითებს ამაზე. მაგრამ ადამიანი ფულის გარეშე? არ ყოფილა, არც არის და არც იქნება! ასეთია ჩვენი საწუთროს ულმობელი განაჩენი. რა დავარქვათ ყოველივე ამას, არარაობა? შეიძლება, თუმცა ეს სიტყვა არ უნდა იყოს საკმარისი, სრულად ვერ ასახავს მოცემულ მდგომარეობას. ჩემი აზრით, აქ არის რაღაც, თვით არარაობაზე უფრო უმდაბლესი. ვერ გეტყვით, რა უნდა იყოს ეს ,,რაღაც~. ოღონდ ერთი ქართული თქმა მახსენდება, ფულს ხელის ჭუჭყად რომ მოიხსენიებს. აკი ზემოთაც მოვისმინეთ იგი, როდესაც ბანკნოტი შემობრძანდა მთელი თავისი დიდებულებით.
ფულის სამოსელმა ბევრი რამ შემატა ოქროს მხეცს, მეტი ძალა და მოქნილობა შესძინა ისედაც ძლევამოსილს. მან კი თავის მხრივ, ზღვიდან ამომავალი მხეცი აიყვანა უმწვერვალეს ძლევამოსილებამდე. მისთვის თითქოს აღარაფერია შეუძლებელი მზის ქვეშ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე.
ასედაც ხდება, სრულ უძლურებად გარდაისახება ოქროს მხეცის შესაშური ძლევამოსილება, გზაზე დაყრილ ერთ მუჭა მტვერს ემსგავსება, ქარის ერთი შემობერვითაც რომ გაფანტავს და უკვალოდ გააქრობს.
წამით ყურადღებას ვითხოვ, ჩვენს მიერ განვლილ გზას მოვავლოთ მზერა... რა თქმა უნდა, ვარსკვლავების სიმაღლიდან.
სამი დრო დავინახეთ, დროითი განზომილების სამი სხვადასხვა ხასიათი.
პირველი დრო ზღვიდან ამომავალ მხეცს ეკუთვნის. იგი წუთისოფლის დროა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრებშია ჩაკეტილი.
მეორე დრო ოქროს მხეცს ეკუთვნის. მას შუამავალი დრო ჰქვია და სწრაფად მიმქროლავ წამზეა მიჯაჭვული.
მესამე დრო თვით მარადისობა გახლავთ, რომლის წიაღში მეშვიდე თავი (ადამიანი ადამიანში) სუფევს. ეს უკანასკნელი მკვდარია წუთისოფლისთვის, მაგრამ ცოცხალია მარადისობისთვის, როგორც მისი დასაბამიერი მკვიდრი.
და სწორედ აქ, მარადისობის წინაშე იხრის ქედს ოქროს მხეცი. იგი მიწაზე ამოვიდა, მიწაზევე დარჩა, ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცდა მიწას. ცათა საუფლო მიუწვდომელია მისთვის.
ამდენად, არც სიკვდილ-სიცოცხლის ბარიერის დალაშქვრა შეუძლია, როგორც არ უნდა მოინდომოს. იგი მისთვის ყრუდ ჩაკეტილი რჩება. აქ უკვე სრულ უძლურებად გარდაისახება ოქროს მხეცის ძლევამოსილება, ეგზომ ნაქები და აღმატებული. მართლაც ერთ მუჭა მტვერს ემსგავსება, მეტ-ნაკლებად ღონიერი ქარი ერთი შემობერვისთანავე რომ გაფანტავს.
ჰოდა, ეს უძლურება იგივე ზღვიდან ამომავალი მხეცის უძლურებაა, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრები მისთვისაც ჩაკეტილი რჩება. წამი რაა, თითქოს არაფერი, მაგრამ იმ ერთ წამსაც ვერ იყიდის, თუნდაც მთელი დედამიწის ოქროს ფასად... ფულის ნიშნები თუ ოქროს მთები აქ ორივე უსარგებლოა.
ასე რომ, სიკვდილის წინაშე ფარხმალი დაყარა ოქროს მხეცმა, აღიარა თავისი უმწეობა.
ზღვიდან ამომავალ მხეცს კი ძალიან ეშინია სიკვდილის. იმდენად ეშინია, მზერას ვერც კი უსწორებს მას. სიკვდილი მისთვის საზარელი აჩრდილია, დღე და ღამ თავზე რომ ადგას და სიცოცხლეს უწამლავს.
რა უნდა იღონოს ოქროს მხეცმა, რითი შეუძლია დაეხმაროს ზღვიდან ამომავალ მხეცს, სიკვდილის შიშით სვეგამწარებულს? მხოლოდ ერთი რამით: ოქროთი მოავარაყოს ყოველივე ზღვიდან ამომავალი მხეცის ირგვლივ. იქნებ სიკვდილის აჩრდილი ნაკლებ საზარელი გამოჩნდეს... ანდა სულაც მიიჩქმალოს ოქროს ბრწყინვალების მიღმა.
პირიქით კი გამოდის: სიკვდილის აჩრდილი კიდევ უფრო საზარელი გამოჩნდა ოქროს ბრწყინვალების მიღმა, რადგან იგი კიდევ უფრო ჩამუქდა.
ზღვიდან ამომავალი მხეცი ამაოდ ებღაუჭება ოქროს, სიკვდილის საზარელ აჩრდილს თავი ვერა და ვერ დააღწია...
პარადოქსიც სახეზეა: ოქროს მხეცი აძლიერებს ზღვიდან ამომავალ მხეცს, ამავე დროს სიკვდილის შიშსაც აძლიერებს. დღემდე ასე გრძელდება, სიკვდილის შიშით მოწამლულ ჰაერს სუნთქავს ზღვიდან ამომავალი მხეცი.
სულ სხვაგვარადაა ყოველივე, როდესაც საქმე მეშვიდე თავს (ადამიანურობას) ეხება... სიკვდილის შიში მაქვს მხედველობაში. ცოტაა იმის თქმა, რომ მას, (ადამიანურობას) არ ეშინია სიკვდილის. უფრო მეტიც, სიკვდილს ვერც კი ამჩნევს... აკი, ერთხელ უკვე მოკვდა და გაცოცხლდა. ანუ მარადისობის მკვიდრია. ამდენად, ოქროს მხეცის ძლევამოსილებაც არარად უჩანს. იგი მისთვის წამიერი გაელვებაა და მეტი არაფერი.
მერედა, როგორ იქცევა აქ ოქროს მხეცი, ურიგდება თავის მართლაცდა მოკრძალებულ ხვედრს, მარადისობამ მისთვის რომ გაიმეტა?
ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თავის ნაცად მეთოდს აქაც მიმართავს. აჰა, ნახეთ მისი მზაკვრობა; ოქროს ზღუდეები აღმართა მარადისობისკენ მიმავალ ბილიკებზე, რათა მათი ბრწყინვალების მიღმა მიჩქმალოს ისინი.
აქ თითქოს რაღაცა ნამდვილად გამოუვიდა ოქროს მხეცს, მართლაც ძალიან აუჭრელა თვალები ზღვიდან ამომავალ მხეცს, ისედაც ბეცსა და თვალაბმულს, როცა საქმე მარადისობას და ცათა საუფლოს შეეხება. თუმცა უნდა ითქვას ამ უკანასკნელის სასიქადულოდ, მარადისობას მჭვრეტელი ალღო-თვალი მაინც ვერ წაართვა.
ხანდახან თითქოს გადაიწევა ფარდა, გაკრთება მარადისობის ნიშანი. ზღვიდან ამომავალი მხეცის თვალსაც შერჩა მისი ხილვის უნარი. სათქმელის საზღვრები აქ ძალიან ფართოვდება, მდინარებაც მეტისმეტად ძლიერია; ვშიშობ, შორს არ გაგვიტაცოს. უმცირესს გეტყვით: ჩვილ ბავშვთა თვალთა ციაგში ჩანს მარადისობის შორეული ანარეკლი. მხატვრის ფუნჯზე, პოეტის პწკარედში, ამოდ მოსასმენი მუსიკის ტალღებში... ყველგან მარადისობის ნიშანი სუფევს...
და რაც მთავარია, ლმობიერების უნარში, უწინარეს ყოვლისა.
ლმობიერება... ადამიანის გულის ყველაზე სანდომიანი, ყველაზე საამური სტუმარი (ვაღიაროთ, საკმაოდ ძვირიც)... იგი ხიდია გულსა და მარადისობას შორის, და ეს ხიდი ოქროსი სულაც არ არის... მას ღმერთის ხელი აგებს. ამდენად, მარადისობის ნიშანიც სწორედ აქ სუფევს ყველაზე მეტი სიცხადით. ამ სიცხადეს ვერ გადაფარავს ოქროს ბრწყინვალება, ვერც ოქროს ხიდი გაუწევს მეტოქეობას. თუკი ვინმეს მოუვა თავში ასეთი რამ... აქ უკვე პირქვე ემხობა ოქროს მხეცი.
ჰოდა ერთ მარცხს მეორეც დაემატა: სიკვდილის შიშთან ხომ ვერაფერი გააწყო ოქროს მხეცმა... პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა თავისი თავგამოდებული მცდელობით; საწადელს ვერც აქ ეწია. ვერ წაშალა მარადისობის ნიშანი, ანდა თუ მაინც შეძლო რაღაც, ლელო ბოლომდე ვერ გაიტანა. მიზეზი ერთია ორივე შემთხვევაში: თხემით ტერფამდე მიწიერია მიწიდან ამომავალი მხეცი, ცათა საუფლოს ნიშანი არ სუფევს მასში.
მიწიდან ამოვიდა, მიწაზე დარჩა, ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცდა მიწას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები