ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2015


თალხი ფრთები

გუმბათივით მომრგვალებული მაღალი თაღი დაინახა თავს ზემოთ, მერე ისიც შეამჩნია, რომ ქანდაკებათა მთელი წყება ერტყა ირგვლივ.
ასეთი იყო ნაუცბათევი, ნაწილობრივ ჯერაც გაუცნობიერებელი ხილვა, რაც მის თვალს წარმოუდგა. შემდგომმა თვალიერებამ თავისი დამატება-შესწორებანი შეიტანეს იმ პირველ სურათში. გუმბათივით მომრგვალებული თაღის დანახვამ აფიქრებინა, ალბათ ტაძარში ვიმყოფებიო. თუმცა რაღაც მეტად მაღალი მოეჩვენა ის თაღი. იგი თითქოს გაურბოდა თვალს, როცა დაკვირვებით სცადა მისი დათვალიერება. კიდევ უფრო მაღლა იწევდა, თითქოს თვით ლურჯი ცის გუმბათამდე უნდა ამაღლებულიყო... და ასე იფიქრა ბოლოს, ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ტაძარი ასე მაღალთაღიანი.
ირგვლივ ჩემორიგებულმა ქანდაკებებმაც არანაკლები თავსატეხი გაუჩინა.
ღმერთები უნდა განესახიერებინათ ალბათ ამ ქანდაკებებს. აკი ასე დაწესებულა სამარადჟამოდ, ღმერთთა უხილავ იერსახეს აღწერენ ტაძრად მყოფი სახებანი, ნაძერწი თუ ნახატნი, თვალთუჩინარს გადააქცევენ თვალისჩინად.
და ფრიად უცნაური იყო, რომ ვერცერთი ღმერთი ვერ ამოიცნო მათში.
არადა, მრავლად ენახა ღმერთთა ქანდაკებანი, მრავალგვარნი, სხვადასხვა მასალისაგან ნაძერწნი. ცისა და მიწის იდუმალ ძალებს განასახიერებდნენ ისინი, ზოგნი მრისხანენი, ზოგნი ლმობიერნი, ტანმძიმე თუ ნისლივით მსუბუქნი.
ერთი და იგივე ღმერთის რამდენიმე სახებაც ბევრი ენახა, სხვადასხვა ხელით განსხეულებული, სხვადასხვანაირად ნაქანდაკარი. მაგრამ ამ სხვადასხვა ქანდაკებებს ერთი საერთო ნიშანი ჰქონდათ ყოველთვის, ამ ღმერთისთვის განუყრელი და ნიშანდობლივი, ამიტომ ყოველთვის ამოიცნობდა ხოლმე მათში იმ ერთ ღმერთს.
აქ კი, ირგვლივ შემოსწრაფულ ქანდაკებათა რიგში, ყოველივე როგორღაც სხვანაირად იყო. აქ არაფრად გამოადგა ადრინდელი ხილვები თუ წარმოდგენები. ვერც საერთო რამ ნიშანი აღმოაჩინა მათ შორის, რომელიმე ღმერთისთვის ნიშანდობლივი, ვეღარც ის გაიგო, თუ რითი ჰგავდნენ ან რითი განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან... ანდა რას მოასწავებდა ის სხვაობანი, რაც მათ შორის არსებობდა და რასაც ასე ხარბად ეძებდა, მაგრამ ვეღარ პოულობდა თვალი.
თან ისიც აოცებდა, ერთ ტაძარში რატომ იყო თავშეყრილი ამდენი ღმერთი.
იდგნენ მიჯრით, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მდუმარებით და პირქუში სიდიადით აღვსილნი. ამაყად, მოთმინებით ელოდნენ რაღაცას.
ქანდაკებათა თვალთახედვამ მიანიშნა და აფიქრებინა, რაღაცას რომ ელოდნენ მისგან. თითქოსდათვალხედვას ვერ შესწამებდი ამ ცარიელ, თეთრად ამობურცულ გუგებს. მაგრამ მაინც, ისინი უმზერდნენ მას, უმზერდნენ თვალმოუცილებლად, დაჟინებით და ნებისმიერ გამსჭვალავ, მრისხანე მზერაზე უფრო საზარელი იყო ამ უჩინო, ცარიელი გუგების მზერა.
შეშფოთებით ავლებდა თვალს აქეთ-იქით, იქნებ როგორმე დამალვოდა ირგვლივ ჩამოფინებულ ქანდაკებათა სიმრავლეს, იქნებ არიდებოდა მათ ქვასავით მძიმე, ცარიელ მზერას.
მაგრამ საითაც არ უნდა მიბრუნებულიყო, ქვისგან ნაკვეთ მძიმე ფიგურას და მასზე მიციებულ თეთრ გუგებს ხედავდა მხოლოდ. ყოველი მხრიდან მოილტვოდნენ ქვასავით მძიმე ცივ მზერათა ისრები, მისკენ მოისწრაფვოდნენ, მასში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ისიც უღონოდ იკლაკნებოდა, ხერხემალგადამსხვრეული გველის მინაგვარად. ვერც სადმე დამალვოდა მზერათა ამ შეუბრალებელ ნიაღვარს, ვერც რაიმე გაერიგებინა სხვა...
მერე ხმებიც შემოესმა მათი...
გველნაკბენივით შემოტრიალდა, სულ სხვა მხარეს იყურებოდა, მაშინ, როცა ზურგის მხარეს ამეტყველდა ქანდაკებათა რიგიდან ერთ-ერთი...
არ გაძნელებია მისი გამოცნობა, ქვისგან ნაკვეთი ბაგეები აამოძრავა ერთმა ქანდაკებამ, რომელიც თითქოს სხვებზე მეტი ყურადღებით მისციებოდა თეთრად ამობურცული გუგებით. მაღალი, ძლიერი ხმით ამოთქმული სიტყვები მოისმა მისგან და რა უცნაური იყო, რომ მან ვერცერთი სიტყვა ვერ გაარჩია, ვერ გაიგო, თუ რას ეუბნებოდა თეთრგუგებიანი ქანდაკება. ბგერები ერთმანეთს მისდევდნენ, უსწრებდნენ, ერთმანეთს ერწყმოდნენ და უკვალოდ ინთქმებოდნენ სადღაც ზევით, უსაზღვროდ მაღალი თაღის ქვეშ.
ისიც ფრიად უჩვეულო ჩანდა, თუ როგორი სიზანტით, რა ნელა და აუჩქარებლად აღებდა პირს ის ქანდაკება, რომელმაც ასეთი გამორჩეული ყურადღება არგუნა და შეეხმიანა. თითქოს ერთადერთხელ დაამთქნარა, ტაძრის მდუმარებაში კი ბგერათა მთელი ნიაღვარი დაიფრქვა.
მერე ხელიც ასწია ქვის ქანდაკებამ, მისკენ მოათითა... ისე ზანტად, ისე ნელა, რომ ალბათ ყვავილის კოკორი მოასწრებდა გაფურჩქვნას, სანამ იგი წინანდელ პოზაში გაირინდებოდა.
ნიავივით წყნარი, მშვიდად მოჟღურტულე ხმით აჩურჩულდა იქვე მის გვერდით მდგარი, მეტად სალუქი და ნატიფად ნაკვეთი ქანდაკება, მაგრამ ვეც ამან უშველა საქმეს. ეს მშვიდი, ნაზი ბგერებიც ისე აირივნენ ერთმანეთში, შეუძლებელი იყო მათგან რაიმეს გარჩევა.
სალუქმა ქანდაკებამ ორივე ხელი გაიწოდა მისკენ, იმავე ზანტი, სიზმარეული მოძრაობით, რითაც პირველი გამოირჩეოდა, ოღონდ გარეგნული სინატიფე უფრო მეტ პეწს დებდა ნაქანდაკარი ხელების ნელ აწევ-დაწევას, თითქოს რაღაც იდუმალი, გამოუცნობი და მეტად თავისებური ცეკვა შეასრულაო.
ჯერ კიდევ არ მიმწყდარიყო სალუქი ქანდაკების ჟღურტული, რომ ქვასავით მძიმე, უხეში და მკვეთრი ბგერები დაირხა და დაფარა ეს ნაზი ხმა. კვლავ ამეტყველდა ქანდაკებათა რიგიდან ერთადერთი, ქვის ხელიც დაჯერებულად მოზომილი სიზანტით მიიმართა მისკენ.
ეს მძიმე ბგერებიც უკვალოდ ჩაიკარგნენ გუმბათის თვალშეუვალ სიღრმეში, ისე, რომ საცნაური არარა დარჩენილა მათგან.
მას სხვა შეენაცვლა, მის გვერდით მდგომი. არანაკლებ მკვეთრი, მაღალი ბგერები აღმოუტევა.
მერე მოპირდაპირე მხარეს მდგარი ქანდაკება ამეტყველდა...
ამის შემდეგ სულ ახლოს მყოფი...
და ასე გაგრძელდა შეუნელებლად, ერთმანეთს აღარ აცდიდნენ, ჭექდნენ და ქუხდნენ საავდრო ღრუბლებივით.
როგორც ქვები აცვივა თავზე ჩასაქოლად განწირულს, ისე აცვივოდა ეს გაურკვეველი, მგრგვინავი ხმები ყოველი მხრიდან და აღარ იხედებოდა იგი არსაით, თავ-პირი ხელებით დაეფარა, ხანდახან თუ გააპარებდა თვალს.
თუმცა, როგორც თავისთვის აღნიშნა, ამ ხმების წყალობით სულ სხვანაირად წარმოიდგა მის თვალს ქანდაკებათა რიგი. ხმები საცნაურჰყვეს, ანუ ბევრად უფრო მკაფიოდ წარმოაჩინეს თვით ქანდაკებანი, უფრო საჩინო გახადეს მრავალგვარი განსხვავებანი მათ შორის, რომელთა აღქმაზე თითქოს უარს ამბობდა თვალი იმ ცივი, შეუვალი მდუმარების ჟამს.
ბოლოს კიდევ გაისმა ერთი ისეთი ხმა, რომელიც არ იყო სხვებივით მრისხანე, აშკარად ერია მასში შედარებით რბილი ბგერები, მაგრამ... ო, რა საზიზღარი მოსასმენი იყო. ღორის ჭყვიტინს წააგავდა და ასე გამოირჩეოდა ტაძრის თაღქვეშ დარხეულ ბგერათა სიმრავლეში, რომ მან ხელები მოიშორა თავ-პირიდან, თავი მაღლა ასწია, რათა კარგად დაეთვალიერებინა ქანდაკება, ამ ხმით მეტყველი.
გარეგნობაც უგვანო და საზიზღარი ჰქონდა. გაბერილ ფუთას ჰგავდა, უმეტყველო სახეზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა.
მან დიდხანს უყურა უგვან ქანდაკებას ჩაციებით, ყურადღებაც ძალზე დაძაბა, რათა რაიმე გაერჩია მის ჭყვიტინში.
ამაოდ დაშვრა, ვერც აქ გაიგო რაიმე.
ბოლოს კი ორმოსავით დააღო პირი უგვანო ქანდაკებამ, ორივე ხელი მისკენ გაიწოდა. შენელებულმა, ზანტმა მოძრაობამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქანდაკების საზიზღარ შეხედულებას.
მან ძრწოლვით იბრუნა მისგან პირი.
მაგრამ უგვანო ქანდაკებას ოდნავადაც არ შეცვლია ნირი, პირი კიდევ უფრო ფართოდ გააღო, ხმამაღლა დაიჭყვიტინა, თან ერთი ნაბიჯი ზანტად გადმოდგა მისკენ.
უგვანო ქანდაკება ჩემკენ მოიწევსო... იგი შეძრწუნებული მიაწყდა უკან. თან თვალი შეშფოთებით მოავლო ქანდაკებათა რიგს.
და უეცრად შენიშნა, რომ დანარჩენი ქანდაკებებიც დაძრულიყვნენ ადგილიდან, თითო ნაბიჯი ყოველმა მათგანმა გადმოდგა მისკენ.
თვალები ფართოდ გააღო გაოცებულმა, თვითონაც ქანდაკებას დაემსგავსა ქვის იატაკზე უძრავად მდგარი.
კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგეს ქანდაკებებმა, მათი ნაბიჯებიც ისეთივე ზანტი და მოზომილი იყო, როგორც ლაპარაკი და ხელის მოძრაობა. და ასე ნელა, დინჯად მოიწევდნენ, თვალის თეთრი გუგები ყველას მასზე ჰქონდა მიციებული.
ერთი მათგანი მაინც დარჩენილიყო ნეტავი ადგილზე - ინატრა მან. მონუსხული შესცქეროდა იერიშზე გადმოსულ ქვის მძიმე ფიგურებს. შენელებული მოძრაობა საზეიმო ელფერს აძლევდა მათ სვლას.
კიდევ ერთი ნაბიჯი...
კიდევ...
ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან მოახლოვდნენ ქანდაკებები, ქავის მძიმე, მასიური მხრებით ერთმანეთს გაუსწორდნენ.
დაფეთებულმა მიმოავლო თვალი ირგვლივ, აქამდე შიში არც კი ეგრძნო, გაოცება სძლევდა ყველა სხვა გრძნობას, მოჯადოებულივით იყო. ახლაღა იაზრა, რომ გაქცევა იყო საჭირო, რომ უნდა ეშველა თავისთვის.
ვაი, რომ ძალიან დააგვიანა! ქვის მძიმე, მასიური მხრები ერთმანეთს უკვე მჭიდროდ მიაბჯინეს ქანდაკებებმა, ქვის მთლიანი რკალი შემოევლოთ ირგვლივ.
მწარედ ინანა, ამდენ ხანს რაზე ვყოყმანობდიო. საბოლოოდ განწირულად ჩათვალა თავი. უსარგებლოდ მიიჩნია ყოველი ღონე თავდახსნისათვის სასოწარკვეთილმა.
მაგრამ მზერა მაინც აქეთ-იქით გაურბოდა, თვალები დაუცხრომლად დაეძებდნენ რაიმე საშველს... და უცებ გასასვლელი შენიშნა იმ ქვის კედელში. ზუსტად ისეთივე ზომის, რომელშიც თავისუფლად გაეტეოდა. ერთ მხარეს გარღვეულიყო ქანდაკებათა სიმჭიდროვე.
აღარც დაფიქრებულა, არც იმის შეთვალიერებაზე დაუხარჯავს დრო, თი რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ გასასვლელს მიღმა, ისე გაქანდა იქითკენ.
გარბოდა ისე, როგორც ალბათ არასოდეს ერბინა...
ბინდით მოცულ, დერეფანივით ვიწრო გასასვლელში ამოჰყო თავი. ერთხელაც არ მოუხედავს უკან, ისე გაირბინა იგი, იმის შიშით, რომ კვლავ არ ეხილა ის საზარელი ქანდაკებათა იერიში.
მაგრამ იქ, გასასვლელის ბოლოს,. კიდევ აღმოჩნდა ერთი ქანდაკება. მოულოდნელად წამოემართა იგი მის წინაშე, ღამისფრად ჩამუქებული და გამოუცნობი. თალხი ფერის ფრთები ჰქონდა, მჭიდროდ დაკეცილი. ეს ფრთები კიდევ უფრო აბუნდოვანებდა ქანდაკების ისედაც გაურკვეველ, მრუმე ფიგურას... სინათლე ჭიატობდა მის მიღმა, მთვარის შუქივით მკრთალი.
გვიან შენიშნა ლტოლვილმა ღამისფრად ჩამუქებული ქანდაკება, ძალზე სწრაფად გარბოდა... დაეჯახა და მხოლოდ ამის შემდეგ აუქცია გვერდი. ამ დაჯახების შემდეგ უნებურად თან გაიყოლა თალხი ფერის ფრთები, რომელიც ნისლივით მსუბუქი აღმოჩნდა.
ვერ გაიგო, თან რომ წარიტაცა ნისლივით მსუბუქი თალხი ფრთხები, კვლავ უკანმოუხედავად ილტვოდა. კიდევ უფრო სწრაფად გაიქცა, როგორც კი გასასვლელს დააღწია თავი. უნდოდა, რაც შეიძლება მალე განშორებოდა იმ ტაძარს, ქვის ქანდაკებათა კედელს.
სწრაფი სრბოლის შედეგად ფართოდ გაიშალა თალხი ფრთები... და ისე სწრაფად, ისე მსუბუქად აიტაცა ლტოლვილი მაღლა, რომ მან სრულებითაც ვერ იგრძნო, თუ როდის, რომელ წამში მოწყდა მიწას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები