- უკვე აქ არის, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა გვირილამ. - ჩვენ კი გვეგონა, პირველები ვიქნებოდით, - ასევე ხმადაბლა გამოეპასუხა ზაფრანა, თან ფართოდ გაშალა ნარინჯისფერი ფურცლები, რათა არაფერი გამორჩენოდა. მის მიღმა ქონდარმაც გამოჰყო თავი, მკრთალ-მოიისფრო პაწაწინა ფურცლები მორცხვად გამოაჩინა. იგი ისე მიჰკვროდა ზაფრანას, ვერც კი შეამჩნევდი. მათ თვალწინ მწვანე კორდი ბიბინებდა, რომელსაც ერთ მხარეს უხვად გაბარდული ბუჩქნარი ერწყმოდა, მეორე მხარეს კი ღამესავით ჩამუქებულ ნაპრალს დაეღო პირი. კორდის შუაგულში, სადაც მეტად უხვ სიმწვანეს ხავერდივით გაჰქონდა ლივლივი, ზამბახს მოეღერებინა ყელი. მას არ შეუნიშნავს მომსვლელნი, სულ სხვა მხარეს იყურებოდა, მწვანე კორდის მიღმა ჩაღამებული ნაპრალისთვის მიეპყრო ცნობისმიყვარეობით სავსე თვალი. გვირილა საჩქაროდ მიიჭრა ზამბახთან, ერთი ამბით და ფაციფუცით მიესალმა.. ზამბახი ოდნავ შეკრთა მისი ხმის გაგონებისას, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო. თვალი მოაცილა მუქად ჩაღამებულ ნაპრალს და ღიმილით დაუბრუნა საპასუხო სალამი. ზაფრანამაც გაბედა მისალმება ოღონდ ამ დროს სულ მთლად გაყვითლდა მღელვარებისაგან. მის გვერდით მიკრულმა ქონდარმაც ლამის მასთან ერთად გაიმეორა სალამი. ოდნავ დაბინდული მზერა შეაგება მათ ზამბახმა, რაღაც გამოუთქმელი, გულში ღრმად ჩამარხული სევდა-ნაღველის ჩრდილი აშკარად ჩანდა ამ დაბინდულ გამოხედვაში, რაც მელანქოლიურ იერს აძლევდა ამ მშვენიერ ყვავილს. თვალი ვეღარ მოსწყვიტეს ზაფრანამ და ქონდარმა ზამბახის უჩვეულოდ მდიდრულ, ულამაზეს სამოსელს. რამდელი სილბო და ჰაეროვნება იყო მასში. ხავერდოვანი, ჩამუქებული ნაყშები საოცარი ჰარმონიულობით ერწყმოდა მქრქალ-გამჭირვალე, სათუთ ფურცლებს. ამ ფურცლებზე ერთმანეთის გვერდით ზეიმობდნენ უაღრესად ნაზი, რბილი ტონები, მიმკრთალებულიდან დაწყებული თვით ბინდისფერით დამთავრებული და ეს მდიდრული ელფერი ოდნავადაც ვერ ჩრდილავდა თვით ფუცლების საოცარ სინატიფეს. მერე რა კოხტად, რა ფაქიზად იყო გამოსკვნილი. ერთი შეხედვით მთელი თაიგულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. - რა მშვენიერია, - აღტაცებას ვერ მალავდა ქონდარი, - ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მინახავს. - აბა რა გეგონა, - მფარველური კილოთი ეუბნებოდა ზაფრანა, - მთელი სიცოცხლე სულ ბოსტანში არ უნდა გაატარო. ხანდახან ტყეშიც უნდა გაისერინო, აი, აქ ნახავ ნამდვილ საოცრებას. ორივენი გაყუჩდნენ და თავიანთ საფიქრალს მიეცნენ. ზაფრანა ცდილობდა წარმოედგინა, როგორი სახე ექნება გოგის ყვავილს, როცა ყველაფერ ამას ვუამბობო. თითქოსდა წამოსვლა უნდოდა, სულ ბოლო წამს თქვა უარი, აბა ტყეში რა უნდა იყოს სანახავიო. არც მთვარის საკუთარი შუქის დანახვა აინტერესებდა. ვერა და ვერ შორდება იმ ღობეს, ალბათ ვეღარც კი დააღწევს თავს, კიდეც რომ მოენდომებინა წამოსვლა, ისეთნაირადაა მასზე გადასკვნილი. ქონდარიც, შეიძლება ითქვას, ზუსტად იმავე საფიქრალს მისცემოდა, ოღონდ მისგან განსხვავებით, მთვარის საკუთარი შუქის შესახებ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ამიტომ დრო იხელთა და სანამ მწვანე კორდზე მყუდროება იყო გამეფებული, ზაფრანას დაუწყო გამოკითხვა, როდის გამოანათებსო მთვარე საკუთარი შუქით. - ეს ხდება ყოველი თვის ბოლოს, ძველმთვარეობიდან ახალმთვარეობაზე გადასვლის ჟამს. როცა ერთი ვერცხლის რკალი მოსცილდება მთვარეს, მეორე კი ჯერ არ გამოჩენილა, - დაუზარლად აუხსნა ზაფრანამ, - ვერცხლის რკალებიდან თავდახსნილი მთვარე საკუთარი შუქით გამოანათებს, მის შუქზე მრავალი სასწაულის დანახვა შეიძლება. - რომელ სასწაულზე ამბობ? - ახლა ამით დაინტერესდა ქონდარი. - მოითმინე და ნახავ. ზაფრანას არ გაუმხელია, რომ ეს თვითონაც არ იცოდა. არც ის ესმოდა ხეირიანად, მაინცდამაინც ამ ნაპრალის მახლობლად რატომ უნდა მოეყარათ თავი ყვავილებს. აღარც ქონდარს უკითხავს რამე, გაყუჩდა და თავისთავს გულში საზეიმო ფიცი მისცა, რომ ამის შემდეგ მწვანე ტყის არც ერთ ზეიმს აღარ გააცდენდა, ყველას დაესწრებოდა უკლებლივ. ზაფრანას რომ დაეზაროს წამოსვლა, სულერთია, მე მაინც არ დავიშლიო... აქ ქონდარს ფიქრის ძაფი გაუწყდა, ზაფრანამ წაჰკრა მუჯლუგუნი. ხავერდოვან კორდზე ქრიზანტემა იდგა... ო, რა გაბღენძილი, რა თვითკმაყოფილი იერი ჰქონდა... თავისდა უნებურად ქონდარი მისი დანახვისას კიდევ უფრო მიიკუნჭა ზაფრანის უკან. მერედა, რა ფართოდ გაშალა ქრიზანტემამ თავისი საოცრად მდიდრული, უხვი და ფაფუკი კალთები, ერთი წამით სხვა აღარაფერი ჩანდა. გვირილა მაშინვე გვერდით აესვეტა ქრიზანტემას. - შენი თავი ყველაზე პირველი ხომ არ გგონია? - გესლიანად ჩაუკრა. ქრიზანტემამ პასუხის ღირსად არ გახადა საბრალო გვირილა, მშვიდად, აუჩქარებლად აიკეცა მდიდრული კალთა. მერე, ცოტა არ იყოს, ბრიყვულად მომღიმარი ბაია მიესალმა ზამბახს. ამ ღიმილში აშკარად ჩანდა მისი გულღია, კეთილი ხასიათი და ეს ნაწილობრივ მაინც აბათილებდა კვერცხის გულივით ყვითელი ყვავილის არც ისე მიმზიდველ იერს. ზამბახს რაღაც განსაკუთრებით ესიამოვნა ბაიას ღიმილი, ერთი წამით თითქოსდა გაუქრა გამოუთქმელი სევდის ჩრდილი. ცისთვალამაც მოიხადა ვალი, საკმაო სინაზე დათავდაჭერილობა გამოამჟღავნა. ცისთვალას ფეხდაფეხ მოჰყვა ვარდკაჭაჭა, ფაციფუცით, ნაჩქარევად უძღვრა სალამი ზამბახს და დამხვდურ ყვავილებს, თან განუწყვეტლივ ჩიოდა, დამაგვიანდა, ჩემს ფურცლებს ფერი უკვე აღარ აქვთო. ასედაც იყო, როგორც ცნობილია, ვარდაკაჭაჭას ძალიან მალე ეცვლება ფერი, მაგრამ ყვავილებმა არაფერი შეიმჩნიეს, პირიქით, ანუგეშეს, ისევ ისეთი ლაჟვარდი ფერი გაქვს, რაც ამ დილით გექნებოდაო. ვარდკაჭაჭაც დამშვიდდა და გაყუჩდა. - ღიღილომაც ინება მობრძანება... - წაიბუტბუტა ცისთვალამ და თან ვარდკაჭაჭას მოეფარა, დამალვა ამჯობინა. ღიღილო მართლაც ისეთი ჭახჭახა ლურჯი ფერისა იყო, როგორიც მხოლოდ ახლა მოწმენდილ ცას შეიძლება ჰქონდეს, ღრუბლების რბილი, ნამიანი ხელებით პირდაბანილს და გაკრიალებულს. მხოლოდ ცა თუ გაუწევდა მეტოქეობას ღიღილოს სილურჯეში. ყვავილები სათვალავში ჩასაგდებნი არ იყვნენ. ზამბახმა გამორჩეული ყურადღება არგუნა ღიღილოს, როგორც ჩანდა, ლურჯი ფერი მისი საყვარელი ფერი უნდა ყოფილიყო. შროშანა დროზე ვერ შეამჩნიეს, ისეთი მოხიბლულები იყვნენ ღიღილოს იშვიათი ელფერით. სამაგიეროდ, ამ თითქოსდა უეცარმა გამოცხადებამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მართლაც, ზეციურ სტუმარს ჰგავდა, მძივებივით ასხმული კოპწია ზარისებური ყვავილებით. მეტად ლაღი და ჰაეროვანი გახლდათ, თავიც მეტად ღირსეულად ეჭირა, ეტყობოდა იცოდა საკუთარი გარეგნობის ფასი. შროშანას სუმბული მოჰყვა ფეხდაფეხ. სჯობდა კი ოდნავ დაეყოვნებინა, იმდენი ყურადღება ვეღარ დაიმსახურა, თუმცა თვითონ მას მცდელობა არ დაუკლია, ლამაზადაც გამოუვიდა ყველაფერი. ნაზი, თითქოსდა გამჭირვალე ფურცლები ფრიად მიმზიდველად გაეფურჩქნა. ზამბახს ჯერ საპასუხო სალამიც არ მიეცა სუმბულისთვის, როცა იხუვლეს პაწია, ჭიოტა ყვავილებმა, მინდვრის ბინადრებმა. ერთმანეთს აღარ აცლიდნენ, გაფაციცებით ისწორებდნენ მართლაცდა მშვენიერ, კოხტა სამოსელს. გუგულის კაბა გამოერია იმათში, ლამაზად დაწინწკლული კაბა თავმომწონედ ააშრიალა. რა მშვენიერები იყვნენ ყველანი, თან თითოქოს მოკრძალებულნიც, მაგრამ მოწონების და ეფექტის მოხდენის სურვილი აშკარად იგრძნობდა მათ მიხრა-მოხრაში. ამიტომაც იყო, გვირილამ გაბრაზებით რომ წაუბუზღუნა მათ: ჩაქარა მორჩით პრანჭვა-გრეხას, სხვას დაუთმეთ ადგილიო... მერე გვირილამ ბუჩქის უკან მიმალული ია ძალით გამოიყვანა, რაღაცას ჩუმად უჩურჩულებდა, ამხნევებდა როგორც ჩანდა. ია მორცხვად იდგა, აბუზული. შეგონებით რომ ვერაფერი გააწყო გვირილამ, უბიძგა და ისე გააგდო მწვანე კორდისკენ. კიდევ ურფო დაიმორცხვა იამ, როცა ამდენი ყვავილის შუაგულში მოექცა. თამამად, ნუ გეშინიაო, შეუძახა გვირილამ. დანარჩენმა ყვავილებმაც ალერსიანად გადახედეს, გამამხნევებლად გაუღიმეს. იამაც მოიკრიბა გამბედაობა, ისეთი გრაციოზულობით და სინაზით მიესალმა ზამბახს, აღფრთოვანებულ ყვავილებს უცნაური ოხვრა აღმოხდათ მისი ხილვისას; რა საოცრად მოქნილი იყო ეს ნაზი, წვრილი სხეული, თითქოს საცაა წელში გადატყდებაო. როგორც კი გაართვა თავი მისალმების საქმეს, ია მაშინვე გაერიდა იქაურობას და ისევ ბუჩქის ძირას მიიმალა წინანდელზე უარესად დამორცხვებული. ეეჰ, ნეტავი შენისთანა ფიგურა მქონდეს. ბუჩქის ძირას როდი დავიმალებოდიო, თავისთვის ჩაიბუტბუტა გვირილამ. მაჩიტა და ფურისულა ხელიხელჩაკიდებულნი მიეახლნენ ზამბას, პაწია ღაბუა ჩიტუნებივით ამოდ სანახავნი, ენძელა მათ შუა კორდზე დაეწია... დაასწრო კიდეც, უფრო ადრე მიესალმა ზამბახს, თან საყვედურით ჩაუჩურჩულა მაჩიტას და ფურისულას, რატომ არ დამიცადეთო. კორჩიოტას ბრალია, თავი იმათლეს ყვავილებმა, ჩვენ გვაჩქარედა, ამ დროს თვითონ დაიკარგაო სადღაც. ხსენებაზე კორჩიოტაც გამოჩნდა, თურმე გზა დაბნეოდა, სულ სხვა მხარეს წასლუიყო... მოჩქარეს მოუგვიანდესო, ასე წაიბუტბუტა, როცა მისკენ მიპყრობილი კითხვის გამომხატველი თვალები შენიშნა. აქ გვირილამ კიდევ გამოიჩინა თავი, გულისაბას გამოუძღვა ზამბახისკენ. გულისაბას ნახევრად ეძინა, ფურცლები ჯერაც შეკუმშული ჰქონდა კოკორივით. გაიღვიძე, დროა, დრო, უჩიჩინებდა გვირილა. გულისაბამ, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა, ზანტად მისცა სალამი ზამბახს, როცა მობრუნდა, კინაღამ მზესუმზირას დაეჯახა, ძლივს აუქცია გვერდი. მზესუმზირის დანახვაზე ყველას სიამოვნების ღიმილი დაეტყო, ყველა უნებურად მისებრ გაიბადრა. ძალზე გულღია ყვავილი გახლდათ მზესუმზირა, მეტად ბარაქიანი ღიმილი იცოდა. - რა გულალალია, რაც არის, ასევე ჩანს, არაფერი გააჩნია დამალული, - ღიმილით ჩურჩულებდნენ ყვავილები მის შესახებ. შემდეგ კი იასამანმა მოჰფინა იქაურობას თავისი იშვიათი სურნელი... ყვავილებს მოწონების და სიხარულის გამომხატველმა ჩურჩულმა გადაურბინა. ჩანდა, იასამანი ყველას უყვარდა. უყვარდათ მისი მეტად ლამაზი და ამავე დროს უპრეტენზიო გარეგნობის გამო. არასოდეს არ იპრანჭებოდა, არ ცდილობდა იმაზე მეტი გამოჩენილიყო, რაც სინამდვილეში იყო. მის სურნელსაც დიდი სიამით იყნოსავდა ყველა. - ტიტა მობრძანდება, ტიტა, - გაისმა ხმები... იგი ჯერ კიდევ შორიდან შეამჩნიეს, საოცრად თვალშისაცემი გარეგნობის წყარობით. ამ წამოძახილებს მქირდავი სიცილიც მოჰყვა, რომელიც მალევე შეწყდა. ელვარე, კაშკაშა ფერებით უხვად დაჯილდოებული ტიტა მეტისმეტად ამაყად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს სიამაყე არც ისე დიდად ვნებდა მის მიმზიდველ იერს. როცა სიამაყეს ზურგს ღირსება უმაგრებს, დაცინვის ისარი მოკლეა. ყვავილნი ჯერაც არ გამძღარიყვნენ ტიტას ჭვრეტით, როცა პიონი გამოჩნდა. იგი საკმაოდ გვიან შეამჩინეს და არც მაშინ გამოუჩენიათ მის მიმართ დიდი ყურადღება, მაგრამ პიონმა იხტიბარი ოდნავადაც არ გაიტეხა. როგორც ყოველთვის, ახლაც ჩვეულებისამებრ დიდი მონდომებით ცდილობდა ეფექტის მოხდენას, დიდი თავგამოდება ჩანდა მის ღაჟღაჟა ფერებში, მაგრამ მეჩხერი და ფუყე იყო მისი კოკორი და ეს ყველამ კარგად უწყოდა... ...გვირილა, რომელიც სულ აქეთ-იქით დაძვრებოდა, პიონის გამოჩენისთანავე იასთან გაჩნდა. - აი, შეხედე, როგორც უნდა თავის დაჭერა - დაუწყო ჭკუის სწავლება, ოღონდ ისე, რომ სხვებსაც გაეგონათ, - პიონს ვინ არ იცნობს. ყველამ ვიცით, რა ფუყეა, იმ ღაჟღაა ფურცლებს იქით აღარაფერია. თუ რამე ღირსება გააჩნია, ბოლომდე უნაკლოდ ამჟღავნებს. აი, ასე უნდა გეჭიროს თავი საზოგადოებაში. ეს ყველაზე უფრო შენ გეხება... ზაფრანა და ქონდარი, მუდამ ერთად მყოფნი, დიდი მონდომებით ათვალიერებდნენ ირგვლივ ყველაფერს და თავი სიზმარში ეგონათ. ისე აჭრელდა მწვანე კორდი ათასფერი ყვავილებისგან, იქაურობა ზღაპრულ ხალიჩას დაემსგავსა. ვინ მოსთვლის, რა ფერები არ ლივლივებდნენ ყოველ მხარეს, სადაც არ უნდა გაეხედათ. ცოტა არ იყოს, თვალები აუჭრელდათ, სულ უფრო და უფრო უძნელდებოდათ იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა მწვანე კორდზე. იქვე, მათ გვერდით გაცხარებული ლაპარაკი ატყდა, ყვავილები რაღაცაზე მსჯელობდნენ და როგორც ჩანდა, ერთი აზრის უნდა ყოფილიყო ყველა. - ვერ გამიგია, მაინც რატომაა ასე სახელგანთქმული. - ვიღაცაზე ამბობდა მაჩიტა, - ყველას პირზე მაგის სახელი აკერია, ამ დროს კი არც ისეთი დიდი რამეა, როგორც თვითონ ჰგონია. ჩემი ყურით გავიგონე, როგორ თქვა პოეტმა მაგაზე, ქაღალდის ნაკუწებისგან გამოჭრილს ჰგავსო. მერე იცით, რითი დაასაბუთა ეს მსგავსება? გამჭირვალება აკლიაო, აი რით, არც ხავერდოვნება და არც სილბო გააჩნია მაინცდამაინც... თუმცა სურნელი კი იშვიათი აქვს, ამას ვერ წაართმევ. - მართალი ხარ, მართალი, გამჭვირვალება ნამდვილად აკლია, - დაუმოწმეს დანარჩენმა ყვავილებმაც. ზაფრანა ძალიან დაინტერესდა, ვისზე ლაპარაკობენო. მიიხედ-მოიხედა და ახლაღა დაინახა მიხაკი, ზამბახს ემუსაიფებოდა. თვითონაც დააკვირდა ზაფრანა და გულში დაეთანხმა მაჩიტას, მართლაც ქაღალდის ნაკუწებს უგავსო ფურცლები. სწორედ ამიტომ, არც ერთი ხელოვნური ყვავილების დამზადება არ იქნება ისე ადვილი, როგორც ხელოვნური მიხაკის. აქ ყვავილებმა უცბად შეცვალეს ლაპარაკის კილო, აღტაცებით ახმაურდნენ, თურმე დეკა და სათოვლია მოსულიყვნენ. ორივე ერთად წარუდგა ყვავილთა კრებულს. სათოვლიას მზისფრად უღაჟღაჟებდა ფურცლები, დეკას მსუყე ოქროსფერი გადასდიოდა, თავისი განთქმული, ყაითანივით ბუტკოც საოცრად უხდებოდა. - მათი ერთი დანახვაც კი მთელი სიამოვნებაა, ნახე, რა ჯანსაღი იერი აქვთ, - ახმაურდნენ ყვავილები. - აბა რა გგონიათ, მთის სუფთა ჰაერზე ცხოვრობენ, - დაასკვნა გვირილამ. ყვავილებმა მოულოდნელად ხმა გაკმინდეს, ყველა ერთად მიბრუნდა კორდის შუაგულისკენ. ხავერდივით მოლივლივე მწვანეზე ყაყაჩო ბრიალებდა. თვალისმომჭრელი სილამაზით და გრაციით შემკულმა ყაყაჩომ სალამი უძღვნა ყვავილთა კრებულს. ფართოდ გაშალა შავი ხალებით მოფენილი მეწამული სამოსი, ნაზი, გამჭირვალე და ამავე დროს, ცეცხლოვანი ელფერით სავსე, ოღონდ ყოველი მისი მოძრაობა, მიუხედვად იმისა, რომ თავაზიანობისთვის არაფერი დაუკლია, აშკარა დამცინაობით და ირონიით იყო გაჟღენთილი. გესლიანი, მქირდავი ბუნება უნებურად ჟონავდა მის გულისწამღებად მოქნილ მოძრაობებში, ცეცხლოვანი ფერების უხვ ჩანჩქერში. ერთი წამით დადუმებული ყვავილები ისე ახმაურდნენ, ისეთი გზნებით ალაპარაკდნენ, თითქოს რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდათო. ყაყაჩოს ოდნავადაც არ შეცვლია ნირი. გესლიანი, გამქირდავი მზერა შავ ელვასავით გადაავლო ყვავილთა კრებულს და სრულიად გულმშვიდად აიკრიფა ცეცხლისფრად აბრიალებული კალთა. აშკარა იყო, ყვავილებს ყაყაჩო არ უყვარდათ, ალბათ მისი გესლიანი ხასიათის გამო. თუმცა ისიც შეიძლება, ცოტათი შურდაც კიდეც მისი უცნაურად ეშხიანი, თვალისმომჭრელი სილამაზისა. როგორც იქნა, დაშოშმინდნენ ყაყაჩოს გამოჩენით აღელვებული ყვავილები. რამდენიმე წამით მწვანე კორდზე სიჩუმე ჩამოვარდა. გაყუჩებული ყვავილები რაღაცას ფიქრობდნენ თავისთვის. - გვირგვინოსანი ყვავილი მობრძანდება, - გაისმა უეცრად ხმები. აღტაცება აშკარად იგრძნობდა, თუმცა არც შეფარული ირონია აკლდა. ზაფრანამ თვალები დააცეცა, ვისზე ამბობენო ამას, ნარგიზი დაინახა, მწვანე კორდზე თავმომწონედ გამოჭიმულიყო და პირველად აქ გაუელვა თავში ზაფრანას, მართლაც გვირგვინს მიუგავსო ცალკე გამოკვეთილი, ბუტკოს ირგლივ შემაღლებული ფურცლები ამ მშვენიერ, ოქროსფერ ყვავილს. ალბათ სწორედ ამ გვირგვინის წყალობითაა, ასე რომ მოსწონს თავი. ნარგიზის თავმომწონეობა ხომ საყოველთაოდ ცნობილია, ფიქრობდა ზაფრანა და თვითონვე უკვირდა, ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიეო ასეთი ცხადზე უცხადესი რამ. მაგრამ უფრო მეტად მაშინ გაკვირდა ზაფრანა, როცა ბაბუაწვერა და ედელვაისი იხილა ერთად. ბაბუაწვერა ღირსებით სავსე სახით წინ მოუძღოდა ედელვაისს. სად ბაბუაწვერა და სად ედელვაისი, რა უნდა იყოს მათ შორის საერთო, გაივლო გულში ზაფრანამ და იქაურობას მოავლო თვალი, დანარჩენები როგორ ხვდებიანო ამ უცნაურ წყვილს. განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა. როგორც ჩანდა, ყვავილებს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ მათი ერთად მობრძანება. თვითონ ზაფრანას კი ერიდებოდა ამის შესახებ ხმამაღლა ეკითხა რაიმე. უცებ გვირილა შენიშნა, რაღაცას გაცხარებით ელაპარაკებოდა სულ ერთიანად ყურადღებადქცეულ ვარდკაჭაჭას. ზაფრანამ ახლოს მიიწია. გუმანმა არ უმტყუნა. გვირილა სწორედ მისთვის საინტერესო თემაზე ეჩურჩულებოდა ვარდკაჭაჭას. - ედელვაისი ხომ ვარსკვლავია, ერთ დროს ზეცაზე სახლობდა. ხანდახან დედამიწაზე გამოისეირნებდა ხოლმე, ძალიან მოსწონდა იქაურობა. ერთ მშვენიერ დღეს კი სულაც დედამიწაზე დარჩა, აღარ დაუბრუნდა ზეცას. მხოლოდ ესაა, მთლიანად მაინც ვერ შეელია თავის ძველ სამყოფებს. მთაში ირჩია სამოსახლო, ზეცასთან ახლოს. დაბლობში ვერსად ნახავ ედელვაისს, მის სანახავად აუცილებლად მაღლა, მთის მწვერვალზე უნდა ახვიდე. ეს ყველაფერი ბაბუაწვერამ გააგებინა ყველას. ამიტომ მისი დიდად მადლიერია ედელვაისი, დიდი მეგობრობა აქვთ. - ბაბუაწვერამ საიდანღა გაიგო ეს ყველაფერი? - იკითხა ვარდკაჭაჭამ. - ოჰ, ბაბუაწვერა ხომ ყველგან დაფრინავს, მაგის თვალს არაფერი გამოეპარება. ბევრი რამ იცის და ისიც კარგად იცის, სად რა უნდა თქვას და როდის, - მრავალმნიშვნელოვნად თქვა გვირილამ. ვარდკაჭაჭას გადაუკრა სიტყვა, რომელსაც პეპლებთან ჭორიკანობა უყვარდა. ყველასთვის მოულოდნელად, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ცაცხვის ყვავილი გაჩნდა მწვანე კორდზე. თურმე მაღლიდან ჩამოეშვა, ქორფა, მთრთოლვარე ფოთლები პარაშუტის მაგივრობას უწევდნენ. ყვავილებმა მთელი სულით და გულით გაიხარეს მისი უეცარი გამოცხადებით. რა საყვარელი ყვავილიაო, ერთხმად ამბობდა ყველა, თან უდიდესი სიამით ისუნთქავდა მის საოცარ სურნელებას. ჯერაც ვერ გამორკვეულიყვნენ ყვავილები ცაცხვის ყვავილისგან მოფენილი გამაბრუნებელი სურნელებით, რომ კიდევ რაღაც სულ სხვა, საამო სურნელი მოეფინა იქაურობას... და ყველამ ერთბაშად როდი შეამჩნია ვაზის ყვავილი. საიდან მოდის ეს იშვიათი, უნაზესი სურნელიო, კითხულობდნენ. როცა ბოლოს და ბოლოს დაინახეს, ყველას საოცარი სინაზით გაუნათდა სახე, ლამის ცრემლები მოადგათ თვალებზე. ყოველ შემთხვევაში, ზამბახს ნამდვილად ცრემლი უკიაფებდა, როცა ვაზის ყვავილმა მოკრძალებით უძღვნა სალამი. პაწაწინა მარგალიტების კონა უწოდეს ყვავილებმა ვაზის ყვავილს, ზაფრანამ გულში ღრმად ჩაიბეჭდა ეს სიტყვები, ამიერიდან მეც ასე დავუძახებო. მართლაც რომ პაწაწინა მარგალიტების კონაა, უდიდესი ოსტატობით აკინძული და შეკრული, თან რა სურნელი ახლავს, რა სურნელი... ამის შემდეგ ფრთათეთრა წარუდგა ყვავილთა კრებულს. მისმა გამოჩენამ ფრიად ასიამოვნა დამხვდურნი. - გინდა ფრთათეთრა დამინახავს და გინდა ცაზე მოლივლივე ღრუბლის ქულა, - თქვა ქრიზანტემამ, - მაშინვე საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ. სურვილი მებადება სადმე გავფრინდე. ალბათ დანარჩენებიც ასევე ფიქრობდნენ. ყველამ ისე ააშრიალა ფერად-ფერადი ფურცლები, თითქოს მართლა სადღაც გაფრენას ლამობდნენ. მერე კი... ო, რა მკვეთრი კონტრასტი იყო, იელი გამოცხადდა. რამდენადაც ფრათეთრა სალუქი და მსუბუქი შეხედულებით ატყვევებდა თვალს, იმდენად იელი დაუვარცხნელი და მოუწესრიგებელი ჩანდა. ცოტა არ იყოს, ფეთხუმის შეხედულება ჰქონდა. თავიც ისე დაეხარა, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი აწევსო. ეს, რა თქმა უნდა, ყველამ შენიშნა, ხმამაღლა კი არავის არაფერი უთქვამს. თუმცა პეწი და მომხიბვლელობა არც იელს აკლდა. მაინც ლამაზი იყო, თავისებურად, ველურად ლამაზი. მისი სურნელიც, ასე თუ ისე, ასატანი იყო. იელის შემდეგ სამყურა გამოჩნდა, თავისი კარგად ცნობილი, მკვრივად შეკრული ყვავილებით და სამთითა ფოთლით. ფუტკრების მთელი ამალა ახლდა თან. ჯგროდ ეხვეოდნენ თავზე, დაუზარლად წუწნიდნენ ნექტარს. - მეთაფლია ყვავილი, მეთაფლია ყვავილი... - ახმაურდნენ ყვავილები და სიხარულით გაიბადრნენ, ფუტკრებთან ყველას დიდი მეგობრობა ჰქონდა. სამყურამ სიამოვნებით შეიფერა ასეთი საამური დახვედრა, ყველას ტკბილად გაუღიმა, არც ტკბილი სიტყვები დაუშურებია ვინმესთვის. ამის შემდეგ ზაფრანას უკვე აღარაფრის გარჩევა აღარ შეეძლო, ფერების ისეთი ზღვა ლივლივებდა მის ირგვლივ. განუწყვეტლივ მოდიოდნენ ნაირ-ნაირი ყვავილები. ზაფრანა მათ ვეღარ ცნობდა და აღარცა ჰქონდა ამის სურვილი. ნარინჯისფერი ფურცლები მკვრივი კოკორივით შეეკუმშა და უხმოდ გამდგარიყო გვერდზე. ერთი შეხედვით იფიქრებდი, თითქოს ზეზეულად სძინავსო დაღლილ-დაქანცულს. ქონდარიც უხმოდ აჰკვროდა გვერდზე ზაფრანას, აღარც ის აჩენდა თავის მკრთალ-მოიისფრო პაწაწინა ყვავილებს. მხოლოდ ვარდის მობრძანება არ გამორჩენიათ ზაფრანას და ქონდარს. არც შეიძლებოდა სხვანაირად, ისეთი ამბავი ატყდა ამ დროს. ვარდს უკვე კარგა ხანია ელოდებოდნენ. ნეტავი რატომ იგვიანებს, მოვა თუ არ მოვაო, გაფაციხებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს. აღტაცების გამომხატველი ხმამაღალი შეძახილი ერთად აღმოხდა ყველას, როგორც კი ვარდი გამოჩნდა ხავერდოვან მწვანე კორდზე: რა მომაჯადოებელი იყო, გამორჩეული, იშვიათი სილამაზით შემკული. თვალი თითქოს ვეღარ აღიქვამდა მის უზადო სრულყოფილებას, უძლურად სხლტებოდა უნაზეს, ხავერდოვან ფურცლებზე. ერთს შეხედავდნენ თუ არა ყვავილები, მაშინვე თავს ხრიდნენ, ანდა გვერდით მიაბრუნებდნენ ხოლმე... დიახ, თვალის არიდების მეტი აღარაფერი დაგრჩენოდა. მხოლოდ ასეთნაირად თუ შეძლებდი, მისი სილამაზის რაღაც ნიშანი დაგემახსოვრებინა და მერე შენთვის დაგენახა, მოგვიანებით. ამასთან ერთად, იგი იმდენად სიცოცხლით სავსე, იმდენად ლაღი და მდიდრული ბუნების ჩანდა შინაგანად, რომ მხოლოდ ამითაც კი სულ ადვილად მოხიბლავდა და მოაჯადოებდა ყველა მნახველს. სამოთხისებური სურნელება კი, რაც ვარდს თან ახლდა, ეს ხომ ყოველგვარ საქებარ სიტყვას აღემატებოდა. ვარდმა აუღელვებლად მიიღო უთვალავ ნაირფერ თვალთა მზერა, რომლის შუაგულშიც მოექცა. ჩანდა, იგი კარგა ხანია იყო ამას შეჩვეული. ამპარტავნობა ოდნავადაც არ ეტყობოდა, მშვიდად, თავდაჭერილად მიესალმა ზამბახს. ვერავინ ვერაფერს დასწამებდა ამ მისალმებას. ვარდი აშკარა პატივისცემას ამჟღავნებდა ზამბახის მიმართ, თავისას მიაგებდა ყვავილთა დედოფალს. ოღონდ დაკვირვებული თვალი რაღაც მოწყალე გულკეთილობასაც შენიშნავდა ამ დროს. ვარდი თაყვანს სცემდა ზამბახს, როგორც დედოფალს და ამით რაღაცას უთმობდა თითქოს, უთმობდა თავისივე ნებით. ზამბახს, რომელიც მუდამ ერთნაირი მშვიდი, სათნო ღიმილით ხვდებოდა ყველა ყვავილს, ვარდის დანახვისას ნამდვილად შეეცვალა იერი. სიფითრემ გადაუარა ისედაც ფერგამკრთალ სახეზე. თვითონაც შეჰღიმა ვარდს. არაფერი დაუკლია თავაზიანობისთვის, მაგრამ ჩვეულებრივზე სევდიანი იყო ეს ღიმილი. ვარდი მარტოკა იდგა ყვავილთა შუაგულში, მშვიდი, ამაყი და ნაზი. ყვავილები ჩურჩულებდნენ სულ უფრო და უფრო მეტი გაცხარებით და უეცრად ყაყაჩომ, ასპიტივით მოზეიმემ, მწვანე კორდზე ალისფერი ბაირაღივით ააფრიალა თავისი თვალისმომჭრელი კალთა და გესლიანი, დამტკბარი ხმით ისროლა ვარდის მიმართ: - დაიგვიანა ძვირფასმა დაიკომ, ალბათ რაიმე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, თორემ როდი მისცემდა თავს ნებას ასეთი უპატივცემულობა გამოემჟღავნებინა ჩვენი საყვარელი დედოფლის მიმართ. ვარდმა აუღელვებლად მოისმინა ყაყაჩოს გესლიანი სიტყვები, გულღიად გაუღიმა და თქვა: - მართლაც, ცოტათი შემაგვიანდა... ბულბული მიმღეროდა და მის სიმღერაში კინაღამ ყოველივე დამავიწყდა... - რა თქმა უნდა, გასართობი არ გაკლია, ბულბული მუდამ შენ გიმღერის, მისი სიმღერა კიდევ განსაკუთრებულად გსიამოვნებს. ბულბულის სიმღერის მოსმენისას თავს ყვავილთა დედოფლად წარმოიდგენდი. - პრანჭვა-გრეხით თქვა გაბღენძილმა ქრიზანტემამ, თან ჩუმ-ჩუმად თვალს უკრავდა ყვავილებს. ამ სიტყვებზე უკვე ვარდსაც დაეკარგა ფერი. - მაგას რად ამბობთ, თქვენზე ნაკლებად არც მე ვიცი, თუ ვინაა ყვავილთა დედოფალი, - თქვა შემკრთალმა. - ოჰ, ეჭვი არაა, შესანიშნავად იცის, ვინაა ყვავილთა დედოფალი, - ირონიულად ახმაურდნენ ყვავილები და სიცილი დაიწყეს. ზამბახმა კიდევ უფრო დაბლა დახარა თავი და ცრემლი ნამივით დაეკიდა ხავერდოვან წამწამებზე. ვარდი ხმას არ იღებდა, ჩუმად იდგა, მარტოკა... ყვავილები არ ცხრებოდნენ, ერთი ჩურჩული და გნიასი გაჰქონდათ. ბოლოს ლენცოფამ გამოიდო თავი, უშიშრად გამოიჭიმა მწვანე კორდზე, ვარდის წინ და პირშავად უთხრა: - თავი ისე მოგაქვს, თითქოს ბაიბურშიც არ იყო, სინამდვილეში კი ყველამ კარგად ვიცით რა დიდი სიამოვნებით უსმენ ლექსებს, რომლებსაც პოეტები გიკითხავენ. იმ ლექსებში შენ ხომ ყვავილების დედოფლად ხარ გამოყვანილი. ახლა კი ვარდსაც მოადგა თვალზე ცრემლი. შეშფოთებით გადახედა ზამბახს, თითქოს ისევ მისგან მოელოდა თანაგრძნობას. ზამბახმა პირი მოარიდა, მისთვის არ შეუხედავს. ვარდი ისევ მობრუნდა ყვავილებისკენ. ჯიქურ შეხედა მათ თვალებში და თქვა: - განა ჩემი ბრალია, ადამიანები ყვავილთა დედოფალს რომ მიწოდებენ... რამდენჯერ მითქვამს მათთვის, მართალი არა ხართ-მეთქი, მაგრამ ჩემი არავის ესმის... თუ შეძლებთ, თქვენ თვითონ გააგებინეთ ეს ამბავი ადამიანებს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვარდის სიტყვაზე ცოტათი მიწყნარდნენ ყვავილები. ზამბახმაც შეფარვით გადახედა, ამას გულწრფელად თუ ამბობსო. თითქოს მართლაც ასე ჩანდა, სხვა სიკეთესთან ერთად არც გულწრფელობა აკლდა ვარდს. რაც აკლდა, ყაყაჩოს გესლი და ლენცოფას პირშავობა იყო მხოლოდ. ვარდის გულწრფელობით გულმონადირებული ყვავილები ისევ მშვიდად აჩურჩულდნენ ერთმანეთში, ზამბახმაც თავი ასწია, ისევ შეძლო გაღიმება, თუმცა ოდნავ ნაძალადეობა ეტყობოდა ამ ღიმილს და ნაღვლიანად წაიჩურჩულა: - ნეტავი ოდესმე შეიგნებდნენ ადამიანები ჭეშმარიტებას, თავის ადგილს მიუჩენდნენ ყოველივეს. რა არ უწყიან, რომ ეს მე ვარ ყვავილთა დედოფალი. ვარდი კი პირველი მზეთუნახავია, ჩემს კარზე. - მართლაც რად არ იციან ადამიანებმა, რომ ზამბახია ჩვენი დედოფალი, ვარდი კი პირველი მზეთუნახავია ჩვენს შორის _ გაიმეორეს ყვავილებმა ზამბახის ნატვრა. - ეჰ, ადამიანებმა ბევრი რამ არ იციან, - ხმამაღლა თქვა გულისაბამ, უკვე საბოლოოდ გამოფხიზლებულმა, - ერთი ის იციან მხოლოდ, თავი ყოვლისმცოდნედ მოგვაჩვენონ... - მართალია, მართალი... - გაცხოველებით გამოეხმაურნენ გულისაბას ყვავილები და სალაპარაკოდ მოემზადნენ. როგორც ჩანდა, სათქმელი ადამიანის შესახებ ყველას ბევრი ჰქონდა, მაგრამ ამ დროს, გვირლას ხმამაღლი შეძახილი გაისმა: - დროა, დრო, უკვე იწყება, ყველამ კარგად შეხედეთ... გვირილას ამ შეძახილზე ყველამ იქითკენ მიაბრუნა სახე, სადაც მწვანე კორდი მთავრდებოდა და შავად ჩაღამებულ ნაპრალს დაეღო პირი. ლაპარაკში გართულმა ყვავილებმა ვერ კი გაიგეს, ისე შეუმჩნევლად გაირბინა დრომ. - ყურადღებით იყავით ყველანი, არაფერი გამოგეპაროთ, - დიდი ამბით, საზეიმო ხმით ამბობდა გვირილა, - არც ისე ხშირად გვიხდება მთვარის საკუთარი შუქის დანახვა. თუმცა ეს მოვლენა არც ისე იშვიათია, თვეში ერთხელ ხდება ხოლმე, მაგრამ ამ დროს ხან ღრუბელი გვიშლის ხელს, ხან ჩვენ თვითონ ვერ ვახერხებთ აქ თავშეყრას, სხვადასხვა მიზეზის გამო. ამჟამად ხელს არაფერი გვიშლის, ცა სარკესავითაა მოწმენდილი. ვერცხლის ერთი რკალი უკვე მოსცილდა მთვარეს, მეორე ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. ახლა მთვარის სხივებს მზის სხივები აღარ აბრკოლებენ. სინათლე, რომელიც მთელი თვის მანძილზე ვერცხლის ორ რკალს შუა იყო დატყვევებული, თავს გაითავისუფლებს. რამდენიმე წამით მთვარე საკუთარი შუქით გამოანათებს. ამ შუქზე ბევრი საოცრების დანახვა შეიძლება... ყვავილები უზრუნველი იერით უგდებდნენ ყურს გვირილას, თან ერთმანეთში ხმადაბლა ჩურჩულებდნენ: - ოჰ, ეს გვირილა, რა მეტიჩარაა. ოღონდ ვინმე ჭკუაზე დაარიგოს, მეთი არაფერი უნდა. როგორ არ ბეზრდება სულ ერთი და იგივეს გამეორება. განა მთვარის საკუთარი შუქის სანახავად არ მოვედით აქ? ყველამ კარგად ვიცით, როდის და როგორ გამოანათებს... - ჩუმად, ყველამ უყურეთ, - ბოლოს თვით ზამბახის ხმა გაისმა. ყვავილებმა ხმა გაკმინდეს, ფართოდ გაშალეს და ფერად-ფერადი ფურცლები, რათა არაფერი გამორჩენოდათ. მზე უკვე მიიმალა, ყვავილთა ელვარე ფურცლებს ფერი ცოტათი გაუკრთათ, ზღაპრულ ხალიჩასავით მოხატული მწვანე კორდი ოდნავ ჩამუქდა... სამაგიეროდ, იმ ჩაღამებულ ნაპრალში მწვანე კორდის ბოლოს, გაურკვეველი რამ გამოისახა. ჯერ ძალიან ბუნდოვნად ჩანდა. თანდათან, წამიდან წამს ემატებოდა სიმკვეთრე. ნელ-ნელა რაღაც ფორმა მიიღო, საბოლოოდ ისიც ყვავილად იქცა, თითქოსდა მთლიანად სხივებისგან ნაქსოვ, მშვენიერ ყვავილად. მისმა გამოჩენამ ნათელჰყო, რომ მწვანე კორდზე მოლივლივე ულამაზეს ზღაპრულ ხალიჩას, სადაც თითქოს ყოველნაირ ფერებს მოეყარათ თავი, რაც კი შეიძლებოდა ეშვა მზეს და დედამიწას, მაინც აკლდა რაღაც ფერი... და სწორედ ეს იშვიათი ფერი ლივლივებდა ახლა ყვავილთა კრებულის თვალწინ. ფერი, რომელიც მთვარის საკუთარმა შუქმა გაამჟღავნა. მანამდე კი სრულიად უხილავი იყო, როგორც თვით ყვავილი, ნაპრალში ამოზრდილი მზის სხივების მიღმა... ერთი წამით თითქოს დამუნჯდნენ ყვავილნი განცვიფრებისგან. თვალებადქცეულნი შეჰყურებდნენ მშვენიერ, უცხოფეროვან ყვავილს, ასე იშვიათს და მოუხელთებელს, ასე ახლომყოფს და თან მიუწვდომელს. მერე კი უკვე მიმკრთალებული ცისკენ მიმართეს მზერა, თითქოს ცდილობდნენ ვერცხლის რკალებიდან თავდახსნილი, ჯერაც უხილავი მთვარის დანახვას და ყველას ერთად აღმოხდა აღტაცებით: ,,კურთხეულია გრძნეული წამი, ვერცხლის რკალებში დატყვევებული, გრძნეული წამი აბათილებს ყველა თილისმას, ამ დროს ყოველი უხილავი ხილული ხდება~.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, თუმცა ძალიან ბევრი ყვავილია შეიძლებოდა დაჯგუფება. კარგია, თუმცა ძალიან ბევრი ყვავილია შეიძლებოდა დაჯგუფება.
1. მშვენიერია, ძალიან მომეწონა. ამდენი ყვავილი ერთად რომ წარმოვიდგინე უკვე ზღაპარში ვიყავი.
ძალიან კარგი ავტორი ხარ ნუნუ-ნონა. 5.
მშვენიერია, ძალიან მომეწონა. ამდენი ყვავილი ერთად რომ წარმოვიდგინე უკვე ზღაპარში ვიყავი.
ძალიან კარგი ავტორი ხარ ნუნუ-ნონა. 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|