ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2015


რაც დამიგროვდა

* * *

მთელი ზამთარი
გულში ჩუმად ემზადებოდა,
მარტს მოელოდა ...
ხმელი ქლიავის ამოყრილ ტოტზე -
თეთრი ყვავილი ...

23.03.2015


* * *

სიო ატოკებს,
აშრიალებს, შარშანდელ ბალახს ...

24.03.2015


* * *

აიზურმუხტეს მთებმა კალთები.
დროა ზურგჩანთას შევუცვალო
ძველი ბალთები.

15.04.2015


ბაზალეთზე

მინდვრები ისე მომწყურდნენ,
რომ ვნახე, ამეყვირილა,
სადამდეც თვალი მიმიწვდა,
ყველგან გვირილა, გვირილა!

24.05.2015


25.05.2015

(ისევ  არაგვის  თემაზე)

ხეებზე შაშვები სურვილით შმაგობენ,
რაღაცით ეს დილა ბავშვობას მაგონებს,
სარკმელში შორიდან ხმა მგონი არაგვის
და თითქოს ტყლაშანი კალთების - კარავის.
ეს დილა რაღაცით ყრმობასაც მაგონებს,
გულში მეღიმება, არ ვეტყვი არავის.

29.05.2015


ერთი  დღე  ბაზალეთზე - ჩუბინიანთკარში

1

დილა სისხამი.
ალუბლის ტოტზე გულწითელა
ნისკარტს იწმენდავს.

2

ამოიწვერა!
დილა უკვე ფეხზე ამდგარა -
კარდაკარ დადის.

3

მაისის თავსხმა.
სანამ მოვძებნე საწვიმარი
გადაიკარა.

4

გამოიდარა.
ოდნავღა ისმის შორი ქუხილი
მთების იქიდან.

5

ჩრდილში მიმსხდარან მთიბავები,
თუთუნს ახვევენ.
მზე შუბის წვერზე.

6

აღარ ეთმობა -
თავს დასტრიალებს მოთიბული სამყურას ყვავილს
მუშა ფუტკარი.

7

მზე გადიწვერა.
ხეობიდან ნიავს მოაქვს
ხეთა შრიალი.

8

ქლიავის ტოტზე,
ღაჟომ უცებ შეწყვიტა სტვენა.
მუხებისაკენ გადიფრინა ჭრელმა მიმინომ.

9

ჩამავალმა მზემ
ალისფერი წაჰკიდა ქედებს...
ჩრდილები გაქრა.

10

წამოიგრილა.
ტყეში ქედნები გაიყუჩნენ -
„პლედს“ მოვიხურავ.

11

საღამოს რინდი.
ტყიდან მოისმის გუგულის ხმა -
თუ ჯაფარაა?

12

ბინდი შესქელდა.
გაღმა სოფელში
აქა-იქა შუქებს ანთებენ.

13

ბუკნა ჭოტის ხმა.
მუხებში მთვარემ
ხოდაბუნის ფერი დაიდო.

14

ხევიდან წყლის ხმას
თან მოჰყვება
ბაყაყების მწყობრი სიმღერა.

15

ცაზე მთვარის თვალს
მიესარტყლა თეთრი მდინარე -
ირმის ნახტომი.

16

იდუმალ  ღამეს 
„ანანავებს“
ჭრიჭინების ხმა.

17

საძილე ტომრის ელვას ვიკრავ
მზის მოლოდინში...

30-31.05.2015. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები