ოქროს თმები გაიშალა გრძნეულმა ალმა, საკუთარ ანარეკლს შეჰღიმა... აბა, როგორ არ გაიღიმებ, ტბორის სიღრმეში მომაჯადოებელი სურათხატება ილანდება; ტალღებივით იგრაგნებიან დალალები, ოქროსფერ ნაპერწკლებს აფრქვევენ ხელის ოდნავ მიკარებაზეც კი. ტბორის წიაღიდან სავსე მთვარეც იჭვრიტება და ვერაფრით იტყვი, რომელი უფრო მწყაზარია ამ ორთაგან, მაცდურად მომღიმარი ალი, თუ თეთრად მოქათქათე ბადრი მთვარე. ალმა თმები მხერბზე გადაიყარა, ოქროსფერი ნაპერწკლების მთელი ნიაღვარი დაიფრქვა ამ დროს... ისღა დარჩა, ყვავილების გვირგვინით შეიმკოს თავი. მერე კი, ჰაიდა, სავსემთვარეობის ზეიმზე. უცბად სად იყო და სად არა, ნიავმა ჩამოიქროლა. მოფრინავდა, მოღიღინებდა, თან ნისლის თეთრ ფთილებს მოაფრიალებდა... ნიავმა კამარა შეჰკრა ტბიარში მომზირალი ალის ირგვლივ, კარგა გვარიანად აუწეწა ოქროს დალალები... ეგ არაფერი, ნიავის თავქარიანობა ყველას კარგად მოეხსენება, მწვანე ტყეში დიდად არ დაგიდევენ მის არამკითხაობას. გრძნეული ალიც აპატიებს ამ პატარა ცელქობას, მაგრამ ყურში იმისთანები ჩასჩურჩულა... ნიავმა ალს უთხრა (ოჰ, თქმაც კი მიჭირს), ნამდვილი ფეთხუმი ხარო. - რაო, რა თქვი? - ყურებს ვერ დაუჯერა ალმა. - ფეთხუმი ხარ, ფეთხუმი, - მიახალა ნიავმა, თან დავლურს უვლიდა მწვანე კორდზე დანისლის თეთრ ფთილებს აქეთ-იქით ფანტავდა. - თანაც ძალიან უგემოვნო, - დაუმატა ბოლოს ქირქილით. ალი გაოგნდა. ეს რა მესმის! ფეთხუმს და უგემოვნოს უწოდებენ... მერე ვის! გრძეულ ალს, მწვანე ტყის ნებიერს, მომაჯადოებლად მშვენიერს, ყველა ერთნაირად რომ აქებს და ეთაყვანება. მეტისმეტი გაოგნებისგან ალმა ხმაც ვერ ამოიღო. ნიავი კი ისევ უვლიდა დავლურს და თავისას აგრძელებდა: - ჩამოგიმხვია თავზე რაღაც ცოცხი და ყვავილების გვირგვინი გგონია... ალმა სასწრაფოდ მოიშორა გვირგვინი. - ამ გვრიგვინმა რაღა დაგიშავა? - იკითხა სევდიანად. - რა უნდა დამიშავოს, სრულიად არაფერი, - აქირქილდა ისევ ნიავი, - მართლაც სანაქებოდ გარჯილხარ, მინდვრის ყვავილები კარგად შეგირჩევია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ამ გვირგვინით თავშემკულმა შეიძლება პეპელასავით იფარფატო ყვავილებიან მდელოზე. მშვენიერი სანახაობა იქნება: კესანე, მაჩიტა და ოქროსღილა თავიანთ დობილებს გაესაუბრებიან... თუ არ ვცდები, ფურისულაც... ყველას ვეღარ ჩამოვთვლი. ისიც შეიძლება, ნელი ფრენით აჰყვე-დაჰყვე მწვანე ხეების კორომებს, ეს გვირგვინი იქაც მეტად მიმზიდველად წარმოჩინდება. ანდა, ვთქვათ, ქალაქის ბაღს ესტუმრო, მოსეირნეები განაცვიფრო. მაგრამ სავსემთვარეობის ზეიმზე ამ გვირგვინით ფრენა-ფარფატი, მეტი რომ არ ვთქვათ, სრული უგემოვნობის ნიშანია. მინდვრის ყვავილები მთვარის შუქზე სრულიად კარგავენ პეწსა და ლაზათს, ლამის უჩინარნი ხდებიან. გრძნეული ალი შეფიქრიანდა. ნიავის სიტყვებში ნამდვილად ენიშნა რაღაც. ნიავი, მართალია, ძალიან თავქარიანია, მაგრამ ერთი უცნაური თვისება აქვს: ხანდახან სწორედ იმას ხედავს, რასაც სხვები საერთოდ ვერ ამჩნევენ. ამიტომაც ისეთ რაიმეს იტყვის, რაც არავის მოუვა აზრად. იქნებ მართლა ღირდეს ნიავის სიტყვებზე დაფიქრება. სად არ დაჰქრის, რა აღარ უნახავს, ცისა და მიწის ბილიკები ერთია მისთვის. - როგორი უნდა იყოს სავსე მთვარის შესაფერისი ყვავილი? - მღელვარებით იკითხა ალმა. აბა ამას რა დიდი დაფიქრება სჭირდება. - დაიქოქა ნიავი, თან ფართი-ფურთით აწყდებოდა აქეთ-იქით, - ნისლივით ნაზი, სათუთი და მსუყე ფურცლები უნდა ჰქონდეს, რომლებშიც მთვარის სხივები იქნება ჩაქსოვილი. მათი წყალობით ყვავილი გამორჩეული ხიბლით და პეწით შეიმოსება. დღისით ხომ ლამაზი იქნება, არ მთვარის შუქზე დაკარგავს პეწსა და ლაზათს, გამხმარ ცოცხს აღარ დაემსგავსება. აღარც შენ დაემსგავსები ფეთხუმს, როდესაც მთვარიან ღამეს ასეთი ყვავილებისგან დაწნულ გვირგვინს დაიდგამ თავზე. - ბარემ ისიც თქვი, სად ვიპოვო ასეთი ყვავილი - ჰკითხა ალმა ნიავს და სმენად იქცა... მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, ნიავს თურმე ჩასძინებოდა. ასეთი ხასიათი აქვს ნიავს, ჩაეძინება შუა საუბრისას და მერე, რამდენიც არ უნდა ეხვეწო, ვერ გააღვიძებ, სანამ თვითონ არ მოიგუნებებს. ალმა სევდიანად ჩაჰკიდა თავი, ძალიან დააღონა ნიავის ყბედობამ. ,,ფეთხუმი, უგემოვნო~ - ეს სიტყვები პირდაპირ ყურში უწიოდნენ. ახლა კი ცოტა ხნით თვალი მოვწყვიტოთ გრძნეულ ალს, კამკამა ტბორთან დაღონებით მჯდარს. თუმცა ეს ალბათ არ იქნება ადვილი (უკეთესს რას ნახავს კაცის თვალი). ღამეულ ცას მივაპყროთ მზერა. მთვარემ კარგა ხანია შეიმაღლა, ნისლის ფთილები ფარფატებენ მისი გაბადრული სახის ირგვლივ. სწორედ რომ გრძნეულთა ღამეა, ისინიც ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებიან. აი, მწვანიანზე ყირა გადმოჭიმა ჭინკამ, ყველაზე მოუსვენარმა მწვანე ტყის ბინადართა შორის, ფართო ყურები ანცად დააბარტყუნა, აბა, როგორ არ გაგეცინებოდა მისი დანახვისას. ნისლის სქელი ფარდა გამოარღვია ოჩოპინტრემ, ნადირთა მწყემსმა, მიდამო ფრთხილი მზერით დაზვერა. ერთხანს თითქოს არავინ ჩანდა, მაგრამ აი, ვიღაცის ჩუმი ქირქილი გაისმა ღამეულ სიწყნარეში. ეს მაქცია გაეკრიჭა მთვარეს. მის გვერდით ჩრდილივით ილანდებოდა მაჩქათელა. განუშორებელი წყვილი - ასე უწოდებენ ამ ორს მწვანე ტყეში. თუმცა მთლად ასე არ არის... მაჩქათელა ხანდახან ტოვებს მწვანე ტყის წიაღს, ადამიანებს ესტუმრება. სახლის კედელ-ყურეში უყვარს მიმალვა, იქიდან ჩუმად აკვირდება ადამიანების საქმიანობას, მეტისმეტად ცნობისმოყვარეა. მერე ისევ ბრუნდება მაქციასთან, მწვანე ტყეში. უერთმანეთოდ დიდხანს ვერ ძლებენ. ჯგროდ მოჯარდნენ ქონდრისკაცები, მცენარეების და მიწის წიაღის ბინადარნი, ბაჯაჯღანა კაცუნები. აუწერელია მათი მრავალგვარობა, ო, რა სასეირონი იყვნენ... ერთი სიტყვით, გამოეფინენ გრძნეული სულები, სავსემთვარეობისას რომ უყვართ ლაღობა და შექცევა. სწორედ რომ საჩვენო ღამეაო - ერთმანეთს ახარეს. ნისლის ფთილები აღმა-დაღმა ფარფატებენ ცისა და მიწის მოციქულებივით. სავსე მთვარეც თეთრ მკლავებს გვიწვდის, რაღას უცდითო, ოინბაზური ღიმილით გვანიშნებს. დროა, ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელები, ჩვენც მივყვეთ მთვარის და ნისლის ბილიკებს... შუაღამე კარგა ხანია გადავიდა... მაგრამ მოიცათ... სად არის გრძნეული ალი, ჩვენი მშვენება და ჯავარი, რატომ არ ჩანს, რატომ ვერ ვხედავთ. მთვარის ნისლიან ბილიკებს უიმისოდ ვერ შევუდგებით... ალბათ კამკამა ტბორთან შეყოვნდებოდა, წყლის სარკეში უყვარს თავის მოლამაზება... - აჰა, ხომ ვამბობდით, სწორედ ტბორის ნაპირას ჩამომჯდარა. თუმცა რად არის ასე დაღონებული? თანაც (აი საოცრება!) ყვავილების გვრიგვინი არ უმკობს ოქროს თმებს... გრძნეულთა მარაქა ირგვლივ შემოეჯარა მწვანე ტყის ნებიერს, ხმის ამოღებას ვერცერთი მათგანი ვერ ბედავდა. თითქოს შიშობდნენ, რაიმე ფარსაგი არ გავიგონოთო. მათ ხომ ძალიან, ძალიან უყვართ გრძნეული ალი. არც ალი იღებდა ხმას, ისევ ისე დაღონებული იყურებოდა კამკამა ტბაში. ბოლოს ჭინკას მოთმინება დაელია. შუაღამე კარგახანია გადავიდაო - მოკრძალებით შეახსენა ალს, დროა თმა შეიმკო ყვავილების გვირგვინით, როგორც სავსემთვარეობის ზეიმს უხდებაო. პასუხად ალმა დაიფიცა მთვარის ნათელი, რომ აღარასოდეს დაიდგამდა თავზე ყვავილების გვირგვინს, სანამ ნისლიანი მთვარის ყვავილს არ იპოვიდა... ანუ ისეთ ყვავილს, მთვარით განათებულ ნისლს რომ მოჰგავს, ყვავილს, რომელიც არც მთვარის შუქზე დაკარგავს პეწსა და ლაზათს... აი, მაშინ კი არავის მოუვა აზრად ფეთხუმი მიწოდოს. თვით ნიავიც კი ვერ გაბედავს ამასო - დაუმატა ალმა და თავი ისევ სევდიანად ჩაჰკიდა. შეცბუნდნენ გრძნეული სულები. ისეთი ყვავილი, მთვარით განათებულ ნისლის ფთილას რომ ჰგავდეს, მწვანე ტყეში არავის ენახა, თვალიც არ მოეკრათ, თვით ჭინკამაც კი ვერ გაიხსენა მსგავსი ვერაფერი... ჭინკა, რომელიც ყველგან დაძვრება და თითქოს მისი უნახავი არაფერია მთელს მწვანე ტყეში. არადა, ალი ახლოს არ გაიკარებდა სხვა რომელიმე ყვავილს და რაც ყველაზე უარესი იყო, სავსემთვარეობის ზეიმზეც არ აპირებდა მათთან ერთად თავის შექცევას. ასეთი რამ არც არასდროს მომხდარა. ო, რა დიდი პეწი და ლაზათი დააკლდებოდა სავსემთვარეობის ზეიმს. ძალიან, ძალიან შეფიქრიანდნენ გრძნეული სულები. აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. ბუზღუნსა და ბუტბუტს მოჰყვნენ ერთმანეთში, ისე, რომ გრძნეულ ალს არ გაეგონა და უარესად არ დაღონებულიყო. სხვა რამ ვერაფერი გაარიგეს, ნიავს დაესხნენ თავს. - ოჰ, ეს ნიავი... - ენაჭარტალა... - მეტიჩარა... - თავქარიანი... - რას აღარ იტყვის, ფეთხუმიო, ალისთვის უწოდებია... - როგორ გაბედა... - მაგისი უთქმელი მართლაც აღარაფერია... თუმცა, ისიც კარგად უწყოდნენ გრძნეულმა სულებმა, ნიავი, მიუხედავად თავქარიანობისა, საოცრად თვალმახვილიც არის. ისეთ რამეს ხედავს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, ისეთ რამეს იტყვის, არავის აზრად რომ არ მოუვა. თან პირში მთქმელიცაა, პირდაპირობა უყვარს. იბუზღუნეს, იბუზღუნეს და გაჩუმდნენ გრძნეული სულები. აბა, რას დააკლებდნენ მოუხელთებელ ნიავს, თანაც გულიანად ჩაძინებულს. მწვანე კორდზე მდუმარებამ დაისადგურა, იქაურობა რაღაც უცნაურად გაქვავებულ ხილვას დაემსგავსა. არავინ და არაფერი იძროდა. მხოლოდ ნისლის ფთილები ადი-ჩადიოდნენ ზევით-ქვევით ცისა და მიწის მოციქულებივით. უცბად ვიღაცის წყნარი ხმა გაისმა. ეს მაჩქათელა იყო, მას არ მიუღია მონაწილეობა გრძნეულ სულთა უკმაყოფილო ბუზღუნ-ბუტბუტში, განზე გამდგარიყო და რაღაცაზე ფიქრობდა. ახლა კი, აი, რა თქვა მაჩქათელამ: - მე მინახავს, თუ როგორ ძერწავენ ბავშვები ყვავილებს, იქნებ ჩვენც გამოგვეძერწა, რახან ტყეში არ იპოვება. მკითხველს ალბათ ემახსოვრება, რომ მაჩქათელა ადამიანების ხშირი სტუმარია, არავის არაფერს უშავებს, ჩუმად უთვალთვალებს მათ საქმიანობას. ესაა მხოლოდ, რომ თვითონვე არ უნდა დაფრთხეთ, როდესაც მოულოდნელად შეეფეთებით კარს უკან ან რომელიმე მყუდრო ადგილას. - რისგან ძერწავენ? - გამოცოცხლდა გრძნეულ სულთა მარაქა. - პლასტილინისგან. - სად ვიშოვო ახლა პლასტილინი? - წაიბუზღუნა ოჩოპინტრემ. მიხვდა, ამ საქმეს ვერ გადავურჩებიო, ამ ღამით ალი მეტისმეტად ჟინიანობდა. არც ეს ჩანდა ადვილი საქმე, თან დროც იწურებოდა, საცაა თავზე დაათენდებოდათ კიდეც. აქ უკვე ჭინკამ გამოიდო თავი: - ადვილი საქმე არაა, რაც მაჩქათელამ თქვა, მაგრამ არც შეუძლებელია. თვალი მოვკარი, აქ მურთხი უნდა იყოს, კუნძის ბინადარი ქორდრისკაცი. ბევრჯერ მინახავს, თუ როგორ ზელავს და აგუნდავებს ნისლის ფთილებს. მერე კი გუნდაობს წრუწუნებთან ერთად. ერთხელ, კი, ნამდვილად ვიცი, ის თეთრი გუნდები მწვანე ბუჩქზე დაჰკიდა. ჰოდა, ის ბუჩქი დღემდე იმ პაწია, თეთრი გუნდებით ყვავილობს. სადაა მურთხი? მოაგუნდავოს ნისლის ფთილები, ჩვენ კი მათ ყვავილის ფორმა მივცეთ, ცხადია, ალის მოსაწონი. როგორც ჭინკამ თქვა, მწვანე კორდზე მურთხიც იმყოფებოდა, კუნძის ბინადარი ქორდრისკაცი. იგი ისე პატარა, ისე მოუქნელი იყო, რომ დანარჩენი ქორდრისკაცები არ რევდნენ თავიანთ მარაქაში, ამიტომ ნისლის ფთილების მოგუნდავებით ირთობდა თავს, ბუნებითაც გაუბედავი გახლდათ. ახლაც ძალიან დაფრთხა ჭინკას სიტყვებზე, გაიქცა და რომელიღაც უხვად გაბარდული ბუჩქის მიღმა დაიმალა, მაგრამ აბა გრძნეულ სულებს სად დაემალებოდა... მალე მიაგნეს და სამალავიდან ამოათრიეს, თუმცა მურთხი მთელი ძალ-ღონით ეჭიდებოდა მწვანე ბუჩქს... სხვათა შორის, ის ბუჩქი ჭიაფერისა აღმოჩნდა. ო, რა საოცარი მნიშვნელობა შეიძინა ამან... თუმცაღა, ამაზე მოგვიანებით. - გვიჩვენე, როგორ ძერწავ ნისლისგან თეთრ გუნდებს - უბრძანეს გრძნეულმა სულებმა მურთხს. მეტი რა ჩარა იყო, მურთხმა სძლია გაუბედაობას, ჩაბღუჯა იქვე მოფარფატე ნისლის ფთილა და მიჰყო ხელი ჩვეულ საქმიანობას. თეთრ გუნდებს მარჯვედ აგუნდავებდა ნისლისგან, თან მთვარის სხივებსაც აქსოვდა მათში. როცა მთვარე ღრუბლებს მიეფარებოდა, მურთხი საქმიანობას წყვეტდა. საკმაოდ ბლომად დაგროვდა თეთრი ნისლის გუნდები, ყველა მათგანში მთვარის სხივებიც იყო ჩაქსოვილი. დადგა ჟამი თვით ყვავილის გამოძერწვისა, რომელიც, ცხადია ალის მოსაწონი უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე გრძნეულთა მარაქა ჩაერია საქმეში. თანაც ძალიან არხეინად და მხიარულად, მათ ხომ ბავშვების თამაშისთვის უნდა მიებაძათ. ამაზე იოლი, მათი აზრით, აღარაფერი უნდა ყოფილიყო. ო, როგორ მოტყუვდნენ, რა მცდარი გამოდგა მათი ვარაუდი. რამდენი იწვალეს, როგორ არ სცადეს, მაგრამ თეთრი გუნდები ვერა და ვერ დაამსგავსეს ყვავილის ფურცლებს. მწვანე კორდი თეთრი ნისლის ნაკუწებით მოიფინა. საბრალო გრძნეულ სულებს აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ ბავშვების თამაში სულაც არაა ადვილი საქმე, პირიქით, ყველაზე უძნელესია, ოღონდ ესაა, ბავშვებს შესწევთ ძალა, არად ჩააგდონ ეს სიძნელე. მეტსაც გეტყვით, საერთოდ ვერ ამჩნევენ მას. კიდევ კარგი, ამაოდ არ ჩაიარა ამდენმა მონდომებამ, დიდი წვა-დაგვის შემდეგ გრძნეულმა სულებმა მიაღწიეს რაღაცას, შეძლეს, ყვავილის ფურცლებისთვის დაემსგავსებინათ ნისლის გუნდები, მერე კი, მწვანე კორდს მოწიწებით მიანდეს თავიანთი ნაშრომ-ნაღვაწი. ჰოდა, გაიდგა კიდეც ფესვები ყვავილმა, გრძნეულების ძალით უხვად დარწყულებულმა. ღონიერ, მაღალ ღეროზე წამოყელყელავდა, თვალდათვალ შეიმოსა მწვანე ფოთლებით... სხვათა შორის, ამ ფოთლებს ალმაც წაახმარა ხელი, რათა მისი თითებივით სალუქნი გამოსულიყვნენ. მთვარემაც, თითქოს საგანგებოდ, სხივების მთელი ნიაღვარი დააფრქვია მწვანე კორდს და ყველამ ნახა, თუ რა მშვენიერი იყო ახლად დაბადებული ყვავილი. ნისლივით ნაზი, სალუქი ფურცლები ჰქონდა, ოდნავ, სულ ოდნავ დატალღული. მთვარის სხივებიც უხვად ჩაქსოვილიყვნენ მათში. ამის წყალობით მთვარის იდუმალებაც განუშორებლად თან ახლდა სავსემთვარეობის ღამის ყვავილს... საეჭვო აღარაფერი იყო: ახლადგაფურჩქვნილი ყვავილი მთვარის შუქზეც პეწიანად და ლაზათიანად გამოიყურებოდა. ანუ, სწორედ ისეთი ყვავილი იყო, მთვარის შუქს რომ ეხმატკბილება, როგორც ნიავი ყბედობდა. ეს მაშინვე ცხადი გახდა ყველასთვის. არც გრძნეულ ალს ეპარებოდა ეჭვი ამაში. მან ჯერ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ყვავილს, რომელსაც მაშინვე დაეფრქვა მომაჯადოებელი სურნელება. მხოლოდ ამის მერე დაწნა ალმა გვირგვინი და შეიმკო ოქროს თმები. აი, სად შეხვდა მშვენიერება მშვენიერს. ვერც იტყოდი, ყვავილი უხდებოდა ალს, თუ ალი უხდებოდა ყვავილს. ზეიმობდა გრძნეულთა მთელი მარაქა, ეს მშვენიერი ყვავილი ხომ ჩვენ შევქმენითო, სიამაყით პირდაპირ კანში ვეღარ ეტეოდნენ. ეს განსაკუთრებით მურთხზე ითქმის, კუნძის ბინადარ, პაწია ქორდრისკაცზე. გეფიცებით მთვარის ნათელს, იმ ღამით მან ნამდვილად მოიმატა სიმაღლეში. კარგად იცოდა მურთხმა, ამის შემდეგ აღარ გამოაკლდებოდა ქონდრისკაცთა თავყრილობებს. აღარ ეტყოდნენ, შენი ტოლი ეძიეო, აღარ მოუწევდა წრუწუნებისთვის თავის გაყადრება. ამასობაში ღამე გაილია, მთვარეც მიიმალა, მზეს დაუთმო ზეციური ტახტი. მწვანე კორდს დღის ნათელი მოეფინა, ყველამ დაინახა, რომ ახალი ყვავილი მზის ბუჩქზეც არანაკლებ მშვენიერი იყო, განუმეორებელ ხიბლს სძენდა მთვარის სხივები, ნისლივით ნაზ ფურცლებში უხვად ჩაქსოვილი. ეს ხიბლი მზის ნათელმა კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა. მაგრამ აი, ერთი რამ გამჟღავნდა დღისით, რაც ღამით ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩა; ყვავილის ფურცლები რაღაც უცნაურად შეფერილიყვნენ, ბუტკოს ირგვლივ მუქი წინწკლები ეფინა, თვითონ ფურცლებს ჭიაფერის მკრთალი ზოლი მიუყვებოდა. ყვავილის ასეთი გარდასახვა თვალში სულაც არ მოუვიდა მწვანე ტყის ნებიერს, ეს უცნაური წინწკლები და ლაქები ნეტავ საიდან გაჩნდნენო, გაოცებით იკითხა. დანარჩენებიც არანაკლებ ღელავდნენ, ვერავის ვერაფერი გაეგო. ჭინკამ დაბეჯითებით თქვა, იმ თეთრ ბურთებს, რომლითაც ტყეში მწვანე ბუჩქი ყვავილობს, არავითარი წინკლები და ლაქები არ აჩნიათო. აქ საიდანღა გაჩნდნენ, მართლაც საოცარიაო. გრძნეულთა მარაქა თვალმოუშორებლად შეჰყურებდა სავსემთვარეობის ღამის ყვავილს, თითქოს ისევ მისგან ელოდნენ პასუხს. არადა, ყვავილი თითქოს მაინც მშვენიერი იყო. მის სილამაზეს არ ვნებდა ეს უცნაური წინწკლები და ლაქები, მშვენივრად მეზობლობდნენ ერთმანეთთან, მაგრამ აი, რას იტყვის ნიავი? ნიავსაც გამოეღვიძა, როგორც იქნა. ნება-ნება ჩამოიქროლა, ჯერ მაღალი ხის კენწეროებს შეეთამაშა, მერე მწვანე კორდზე დაუარა დავლური, ახლადდაბადებულ ყვავილს შეურხია ლორთქო ტოტები, ნისლივით ნაზი ფურცლებიც ოდნავ აუწეწა. გრძნეული სულები გაირინდნენ. ყველა სმენად იქცა ნიავის სიტყვის მოლოდინში. მღელვარებისგან ენაც კი წაერთვათ. მწვანე კორდი კიდევ ერთხელ დაემსგავსა უცნაურად გაქვავებულ სურათხატებას. გრძნეულ ალს ფერი-ფური დაეკარგა მეტისმეტი მღელვარებისგან, ნისლისგან ნაძერწ ქანდაკებას დაემსგავსა. რას იტყვის ნიავი? ვაითუ, ახლაც ფეთხუმი დაუძახოს. მაგრამ ნიავი ქირქილით უვლიდა დავლურს, არ ჩქარობდა რაიმეს თქმას. გრძნეული ალის ორგვლივაც შეჰკრა კამარა, ყვავილების გვირგვინსაც მსუბუქად გაჰკრა ფრთა, ოღონდ თქმით კი არაფერს ამბობდა. გრძნეული სულები უფრო და უფრო ღელავდნენ, ნიავის არხეინი ქირქილი ყველას თავგზას უბნევდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაეგოთ, რა აზრის იყო ნიავი მათი ქმნილების შესახებ. თვითონ ყვავილს ალბათ ვერ დაიწუნებდა, ის ხომ მართლა ჰგავს მთვარით განათებულ ნისლის ფთილას. მაგრამ აი, ეს წინწკლები და ლაქები... ყველაზე მეტად ეს აშფოთებდა გრძეულთა მარაქას. ნიავმა ერთხელ კიდევ დაუარა დავლური. უცბად არც აცივა და არც აცხელა, კუნძის ბინადარი პაწია ქონდრისკაცის ირგვლივ შეჰკრა კამარა და ასეთი უცნაური შეკითხვა დაუსვა: - ასე სად ამოიგანგლე? ყველამ მურთხს მიაპყრო თვალი, კუნძის ბინადარ ქონდრისკაცს და რას რას ხედავენ: სულ ერთიანად ჭიაფერის წვენშია ამოვლებული. მაშინვე ცხადი გახდა ყოველივე, თურმე ჭიაფერის ბუჩქის მიღმა დამალულა მურთხი, ჭინკას სიტყვებით დამფრთხალი. ჰოდა, ამოიგანგლა კიდეც მის წვენში, როდესაც იქიდან ძალისძალად გამოათრიეს. მურთხმა ნისლის ფთილებს ზელვისას თან ჩააყოლა ჭიაფერის წვეთები, რომლებიც მერე ყვავილის ფურცლებზე გადასახლდნენ. აი, თურმე საიდან გაჩნდნენ ის უცნაური წინწკლები და ლაქები, ასე რომ შეაშფოთა ყველა. ისიც გასაკვირი იყო, აქამდე როგორ ვერ შეამჩნიეს გრძნეულმა სულებმა მურთხის ამოგანგვლა ჭიაფერის წვენში. თუმცა რას შეამჩნევდნენ, ახალ ყვავილს ვერ წყვეტდნენ მზერას. კიდევ კარგი, ნიავმა აუხილა ყველას თვალი. თავქარიანმა, ჭორიკანა ნიავმა, რომელსაც ასეთი უცნაური ჩვევა აქვს: სწორედ იმას ხედავს, რაც სხვებისთვის დაფარულია, იმას ამბობს, რაც არავის მოუვა აზრად. თანაც რა სასაცილო იყო მურთხი კუნძის ბინადარი პაწია ქონდრისკაცი. ერთი ბრჭყალი რაა, ისიც კი არ ჰქონია სხვა ფერის, სულ ერთიანად ამოგანგლული იყო ჭიაფერის წვენში. ჰოდა, აუტყდათ კიდეც სიცილი გრძნეულ სულებს, თანაც რა გულიანად იცინოდნენ... ჭინკას ორივე ხელით საკუთარი ღიპი ეჭირა და მწვანიანზე კოტრიალობდა, თვითონაც მეტად სასეირო სანახავი იყო. ოჩოპინტრეც იცინოდა; როგორც იტყვიან, ყურებამდე. თუმცა მისი მზერა მაინც ნადირივით მფრთხალი იყო. იცინოდა მაჩქათელაც, თავისებური უხმო, მაგრამ მაინც მხიარული სიცილით. თვით მაქციას ღრეჭაც კი აღარ იყო ჩვეულებისამებრ შემზარავი, ისიც გულიან, მხიარულ სიცილად გარდაისახა. ქონდრისკაცები კი, ნუღარ იტყვით, გაცელქებული ბავშვებივით ასკდებოდნენ ერთმანეთს. გრძნეული ალიც იცინოდა, უფრო სწორედ, გულიანად კისკისებდა, რამაც, სხვათა შორის, კიდევ უფრო დაამშვენა, ახალი ხიბლი შემატა... ამასთან ერთად, თანდათან მქრქალდებოდა, თითქოს დნებოდა მზის მცხუნვარე სხივებში, სანამ მთლად არ გაუჩინარდა. დანარჩენი გრძნეული სულებიც მიჰყვნენ თავიანთ ნებიერს, მხიარულ სიცილსა და მზის მცხუნვარე სხივებში განიმქვრნენ ყველანი. მზემ შეიმაღლა, მწვანე კორდზე აღარსად ჩანდა გრძნეულთა მარაქა. იქ ახლა მხოლოდ ახლადდაბადებული ყვავილი იფურჩქნებოდა და ნიავმაც სწორედ მას გაუბა საუბარი. ნისლიან მთვარეს მოჰგავხარო - უთხრა ნიავმა ყვავილს. მომაჯადოებელი იდუმალებაც თან გახლავს, ამიტომ არც მთვარის შუქზე ჰკარგავ პეწსა და ლაზათს... ეს ლამაზი წინწკლები და ლაქები ხომ პირდაპირ გხატავენო... დიახ, ნიავმა ყველაზე საგანგებოდ სწორედ ის წინკწლები და ლაქები შეაქო, რომელმაც ასე დააფრთხო გრძნეულთა მარაქა. - მუქი წინწკლები ცხოველმყოფელობას გმატებენ, ჭიაფერის ძარღვებმა კი განთიადის ელფერი შეგძინათ. მათი წყალობით დღის სინათლესაც ეხმატკბილებიო - ეჩურჩულებოდა ნიავი ყვავილს, თან ეფერებოდა, ეფოფინებოდა, პირდაპირ თავზე ევლებოდა. სავსემთვარეობის ღამის ყვავილმა დიახაც რომ შეიფერა ნიავის ფოფინი და ქება-დიდება, გაიფურჩქნა, გალაღდა. მთელ მწვანე კორდზე მოფინა ნისლივით ნაზი, მსუყე ფურცლები, ჭიაფერით კოხტად დაწინწკლულ-დაძარღვულები. მალე მაღალ ხეებსაც მიწვდა, მათ ტოტებზე დასახლება მოეგუნება. ვფიქრობ, მკითხველმა უკვე ამოიცნო მასში ორქიდეა. მართლაც იშვიათი პეწის მქონე მომაჯადოებელი ყვავილი. ანუ ნისლიანი მთვარის ყვავილი, როგორც მას მწვანე ტყეში უწოდებენ. ნიავის თქმისა არ იყოს, იგი ერთნაირად მომხიბლავია როგორც მზის, ისე მთვარის შუქზე, ორივე მნათობს ერთნაირად ეხმატკბილება. გრძნეული ალიც მისგან წნავს ყვავილების გვირგვინს სავსემთვარეობის ზეიმზე და ნიავს ერთხელაც არ უწოდებია მისთვის ფეთხუმი... მთელი მწვანე ტყე დამემოწმება ამაში, გრძნეულ ბინადრებთან ერთად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ლამაზია ორქიდეა, როგორი განსხვავებულია და ჩახლართული. რა სურნელი აქვს. ეკუთვნოდა ნამდვილად ეს მოთხრობა ორქიდეას. მოიხდინა თავისი ჭიაფერი ძარღვებივით.
ნეტავ როდის შეამჩნევენ ამ ავტორის შესანიშნავ ნაწერებს. რაღაც კონკრუსი ტარდება პროზაშიო და იქნებ გეცადა ავტორო ბედი. ადმინებს წერილი მისწერე, რამე ეცოდინებათ მაგ კონკურსზე. ცდა ბედის მონახევრეაო, თუმცა ქართული კონკურსებში კრიშაა ბედის მძერწავი, მაგრამ შენი რა მიდის, ადექი და გაგზავნე ის, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს შენი მოთხრობებიდან.
ლამაზია ორქიდეა, როგორი განსხვავებულია და ჩახლართული. რა სურნელი აქვს. ეკუთვნოდა ნამდვილად ეს მოთხრობა ორქიდეას. მოიხდინა თავისი ჭიაფერი ძარღვებივით.
ნეტავ როდის შეამჩნევენ ამ ავტორის შესანიშნავ ნაწერებს. რაღაც კონკრუსი ტარდება პროზაშიო და იქნებ გეცადა ავტორო ბედი. ადმინებს წერილი მისწერე, რამე ეცოდინებათ მაგ კონკურსზე. ცდა ბედის მონახევრეაო, თუმცა ქართული კონკურსებში კრიშაა ბედის მძერწავი, მაგრამ შენი რა მიდის, ადექი და გაგზავნე ის, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს შენი მოთხრობებიდან.
1. ვფიქრობ, მკითხველმა უკვე ამოიცნო მასში ორქიდეა. ვფიქრობ, მკითხველმა უკვე ამოიცნო მასში ორქიდეა
მართლაც იშვიათი პეწის მქონე მომაჯადოებელი ყვავილი. ანუ ნისლიანი მთვარის ყვავილი, როგორც მას მწვანე ტყეში უწოდებენ. ნიავის თქმისა არ იყოს, იგი ერთნაირად მომხიბლავია როგორც მზის, ისე მთვარის შუქზე, ორივე მნათობს ერთნაირად ეხმატკბილება.
მე ვერ ამოვიცანი, არც მიყვარს ეს ყვავილი, თუმცა ამით აარც არც ორქიდეას აკლდება რამე და არც ამ ნაწერს. ვფიქრობ, მკითხველმა უკვე ამოიცნო მასში ორქიდეა. ვფიქრობ, მკითხველმა უკვე ამოიცნო მასში ორქიდეა
მართლაც იშვიათი პეწის მქონე მომაჯადოებელი ყვავილი. ანუ ნისლიანი მთვარის ყვავილი, როგორც მას მწვანე ტყეში უწოდებენ. ნიავის თქმისა არ იყოს, იგი ერთნაირად მომხიბლავია როგორც მზის, ისე მთვარის შუქზე, ორივე მნათობს ერთნაირად ეხმატკბილება.
მე ვერ ამოვიცანი, არც მიყვარს ეს ყვავილი, თუმცა ამით აარც არც ორქიდეას აკლდება რამე და არც ამ ნაწერს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|