ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2015


მზის ყვავილი

დიდი ხნის წინათ დედამიწას ორი მზე დაჰნათოდა.
მზეები რიგრიგობით სუფევდნენ ცაზე, რათა დედამიწას არასოდეს მოჰკლებოდა მათი ნათელი. ჩავიდოდა თუ არა ერთი, მაშინვე მეორე ამოდიოდა.
ამიტომ დედამიწაზე არასოდეს ღამდებოდა.
დედამიწის ბინადრებიც - მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და ყველა სხვა დანარჩენებიც, შეჩვეულები იყვნენ ცაზე ორი მზის განუწყვეტელ მონაცვლეობას. მათ არ იცოდნენ, რა იყო ღამე, რამეთუ არასოდეს ენახათ იგი. მათ მხოლოდ დღის ნათელი იცოდნენ. არც არავინ გამოთქვამდა უკმაყოფილებას ღამის არარსებობის გამო.
ერთადერთი, მთვარე გახლდათ უკმაყოფილო.
ჰქონდა კიდეც მიზეზი: მარადიული დღის წყალობით იგი მუდამ უხილავი იყო. მთვარე ხომ ბევრად სუსტად ანათებს მზესთან შედარებით, დღისით იგი თითქმის შეუმჩნეველია, საგანგებოდ უნდა მოძებნო ცაზე მისი ადგილსამყოფელი. ეს კი არც ისე ადვილია, მზე გიჭრელებს თვალებს.
მთვარეს კი არაფრად მოსწონდა და ეჭაშნიკებოდა ასეთი შეუმჩნეველი არსებობა, ამიტომ ენატრებოდა ღამე. უნდოდა თვითონაც გამოემჟღავნებინა თავისი იდუმალი, მართლაცდა მეტად განსაკუთრებული სილამაზე. პოეტებს ლექსები მიეძღვთნათ მისთვის, ყვავილებსაც, - თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც, მის მკრთალ შუქზე გაეშალათ თავიანთი ნაზი კოკრები.
- ცოტა ხნით მაინც დააგვიანეთ ამოსვლა ერთ-ერთმა თქვენთაგანმა, - ეხვეწებოდა მთვარე ხან ერთ, ხან მეორე მზეს, - დამაცადეთ, სულ ცოტა ხნით მაინც გამოვანათო.
- განა ჩვენ გიშლით გამონათებას? - უკვირდათ მზეებს.
ამაზე მთვარე ვეღარაფერს ამბობდა, გამონათებას მართლაც არავინ უშლიდა. ხოლო იმის აღიარება, რომ სხვა მნათობები უფრო ბრწყინვალედ ანათებდნენ და მას ჩრდილავდნენ, მთვარეს არაფრით არ შეეძლო.
რაც შეეხება მზეებს, თავიანთი გულუბრყვილობის გამო ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რა აწუხებდა მთვარეს. გულკეთილად უღიმოდნენ, როგორც ძველ, ახლობელ მეგობარს და სხივების ისეთ ნიაღვარში გაახვევდნენ ხოლმე, რომ მთვარე სულ მთლად იკარგებოდა. ვეღარაფრით ვეღარ მიაგნებდი მის ადგილსამყოფელს ცის თაღზე, რაც არ უნდა საგანგებოდ გეძებნა. მთვარეც ჩუმდებოდა, ჯავრს ისევ გულში იხვევდა, მხოლოდ ცრემლებს თუ გადმოყრიდა ხოლმე, თუმცა არც მათგან ჰქონდა დიდი ნუგეში: ცრემლები მაშინვე ორთქლდებოდნენ ორი მზის მცხუნვარე სხივებზე, დედამიწამდე ვერასოდეს აღწევდნენ.
რაკი აქ ვერაფერი გააწყო, მთვარემ გადაწყვიტა, სხვა გზისთვის მიემართა... საერთოდ, მთვარე ბუნებით ძალზე ცბიერია, ეშმაკობაშიც გაწაფული გახლავთ. კარგად იცნობს დედამიწის იდუმალ ბინადრებს... მდინარის თუ მიწის წიაღში მყოფ იდუმალ გრძნეულ სულებს, თავის გრძნეულ ძალას უნაწილებს ხოლმე მათ. ისინიც ვალში არ რჩებიან, მიწის და წყლის წიაღის საიდუმლობებეს ანდობენ ხოლმე. მათი წყალობით მთვარე დედამიწის ისეთ ჯურღმულებს იცნობს, სადაც მზის სხივებს თავის დღეში არ ჩაუხედავთ.
თავის მხრივ, გრძნეულ სულებსაც ენატრებოდათ ღამის სიბნელე. ისინი იძულებულნი იყვნენ, მიწის ან წყლის წიაღში ყოფილიყვნენ გამუდმებით, მიწის ზედაპირზე ვეღარ ამოდიოდნენ, რამეთუ წესად არ აქვთ მზის სხივებში სეირნობა. ამრიგად, მეორე მზის თავიდან მოშორება მათთვისაც ხელსაყრელი იყო.
ჰოდა, როცა მთვარემ თავისი გულისტკივილი გაუზიარა, გრძნეულმა სულებმა დიდი ყურადღებით მოუსმინეს და იქვე მოიფიქრეს ერთი ისეთი ეშმაკური ხერხი, რაც მთვარეს ძალიან მოეწონა. თანაც ეს ეშმაკური ხერხი დიდი უბრალოებით გამოირჩეოდა, სულ ადვილი საქმე იყო მისი სისრულეში მოყვანა... უპირველეს ყოვლისა, მთვარემ ყველაფერი კარგად მოიფიქრა, სათქმელიც დაალაგა, რათა არაფერი შეშლოდა და ეჭვი არ აეღოთ. მერე ნამით დაიბანა პირი და ერთ-ერთ მზეს ეწვია სტუმრად.
მზე ძალზე ხალისიანად დაუხვდა, როგორც ყოველთვის. გულიანად გაუღიმა სასურველ სტუმარს, სხივების მთელი ნიაღვარი დააფრქვია, რითაც მთვარეს მთლად დაუკარგა ფერი და ერთიანად დაამცრო იგი.
,,დამაცადე!~ გუნებაში ფიქრობდა მთვარე და ცდილობდა არაფერი დაემჩნია, მაგრამ მისდა უნებურად სახე მაინც გვერდზე ეღრიცებოდა.
ილაპარაკეს აქეთურ-იქეთური. მთვარე უმეტესწილად დედამიწის შესახებ ლაპარაკობდა, მის სილამაზეს აქებდა. ყოველთვის ლამაზი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დამშვენდაო, მის ველ-მინდვრებზე გასეირნებას არაფერი სჯობსო.
მზე ხალისიანად უკრავდა კვერს. დედამიწა მართლაც ძალზე გამშვენიერდაო. ყოველდღე დავყურებ და თვალს ვერ ვაშორებ, ასეთი სილამაზის ჭვრეტა არასოდეს არ მოგბეზრდებაო.
მერე მთვარე ფრთხილად ალაპარაკდა დედამიწის კიდევ ერთ, იდუმალ სილამაზეზე, რაც მის წიაღში სუფევდა.
- ოჰ, რომ იცოდე, რა იმალება იქ, მიწის სიღრმეში. რა იდუმალი სულები არიან იქ, რა უჩვეულოა მათი შესახედაობა! აღწერაც კი ძნელია! - აღფრთოვანებით ამბობდა მთვარე.
მზეს არასოდეს ენახა მიწის წიაღის სულები და ძალიანაც გაუკვირდა.
- ნუთუ შეიძლება, დედამიწაზე ცხოვრობდეს ვინმე ისეთი, რომელიც მე თვალით არ მინახავს? - გაოცებით იკითხა მან.
- აჰა, როგორ ნახავდი. ისინი ხომ არასოდეს არ ამოდიან მიწის ზედაპირზე. მათი ნახვა მხოლოდ მიწის ყველაზე ღრმა ჯურღმულებში შეიძლება.
მზეს ისე შერცხვა, რომ სახეზე ერთიანად წამოწითლდა. ცალკე ცნობისმოყვარეობა არ აძლევდა მოსვენებას.
- ეს როგორ მომივიდა, რომ დედამიწის ასეთ საინტერესო ბინადრებს არ ვიცნობ, აქამდე ვერ შევძელი მთთან დამეგობრება. წამიყვანე და მაჩვენე მათი ადგილსამყოფელი, - სთხოვა მთვარემ.
- მაგაზე როგორ დაგზარდები ძველ მეგობარს, - უთხრა მთვარემ და ორივე ერთად დაეშვა მიწაზე.
ჩაუარეს მწვანე მოშრიალე ტყეებს, ყვავილოვან მდელოებს. მზეს ძალიან ეჩქარებოდა ახალი მეგობრების გაცნობა, ამიტომ არსად შეჩერებულან, სანამ ჯურღმულის შესასვლელს არ მიადგნენ. მთვარე წინ მიუძღოდა მზეს, მან ფრთხილად იწყო ჩასვლა ჯურღმულში. მზე უკან მიჰყვებოდა და ვერ ამჩნევდა მიწის სულებს, რომლებიც ჩუმჩუმად უთვალთვალებდნენ.
დიდხანს იარეს ამ ყოფით. მთვარე გაფაციცებით მიიწევდა წინ, უფსკრულიდან უფსკრულში ინაცვლებდა შეუსვენებლად, მზეზე ნაკლებად როდი ეჩქარებოდა ჯურღმულში ჩასვლა. ორივე მნათობი ჩაეშვა ჯურღმულის უკიდურეს, ყველაზე ღრმა ხაროში.
ჰოდა, როგორც კი იქამდე მიაღწიეს, მთვარე შეუმჩნევლად გამოეპარა მზეს და იმ ხაროში მარტო დატოვა იგი. ეს სულაც არ ყოფილა ძნელი, მთვარე ისედაც ძლივს ჩანდა მზის გვერდით.
დაცილდა თუ არა მთვარე მზეს, მაშინვე დრო იხელთეს მიწის იდუმალმა სულებმა, ჭინკებმა, მაცილებმა, ჯუჯებმა... საჩქაროდ მოარღვიეს ჯურღმულის შიგნითა კლდეები და იქედან გამოსასვლელი მჭიდროდ ამოქოლეს.
მზეს არაფერი გაუგია, ისევ გზას აგრძელებდა. ეგონა მთვარე გვერდით მომყვებაო. მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა გაუვალ კედელს შეეჩეხა.
მზე მობრუნდა და ჯურღმული მოათვალიერა, მთვარე არსად ჩანდა.
- სადა ხარ, მთვარევ? - ხმამაღლა იკითხა მზემ.
არც პასუხად გამოხმაურებია ვინმე.
მაშინ კი მიხვდა მზე, რომ მთვარემ რაღაც იეშმაკა. სასწრაფოდ გამობრუნდა უკან, სცადა ჯურღმულიდან ამოსვლა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. გრძნეულ სულებს საიმედოდ შეეკრათ და ამოექოლათ გამოსასვლელი, სულ მცირე ნაპრალიც კი არ დაეტოვებინათ.
დარჩა მზე ჯურღმულში გამომწყვდეული.
არავინ იცის, რამდენი ხანი გაატარა მზემ იქ. არც თვითონ გაეგებოდა რაიმე ამის შესახებ, დროის სათვალავი აერია. ხშირად ფიქრობდა მთვარის უცნაურ საქციელზე, ნეტავი ასე რამ გააბოროტაო, უკვირდა.
გაბრაზებით კი ოდნავადაც არ ბრაზობდა მთვარეზე, არ შეეძლო გაბრაზება, ასეთი იყო მისი ბუნება. არც ღიმილი მოუშლია, თავისი ხალისიანი, ბრწყინვალე ღიმილი. ირგვლივ შემომდგარ სალ, ულმობელ კლდეებს შეჰღიმოდა და იმედს ერთი წამითაც არ ჰკარგავდა.
თუმცა ხსნა ჯერჯერობით არსად არ ჩანდა.
ასე გადიოდა დრო. მზეს სულ უფრო და უფრო უმძიმდა ჯურღმულში ყოფნა. ოცნებობდა იმ დღეზე, როცა შეძლებდა ჯურღმულიდან თავის დაღწევას და მიწის ზედაპირზე ამოსვლას. ენატრებოდა მწვანედ მოშრიალე ტყეები, ყვავილოვანი მდელო, რომელსაც უწინ ასე დაჰხაროდა ცის ლურჯი თაღიდან.
ნეტავი ერთხელ მაინც მანახა ფართოდ გულგაშლილი, მომღიმარე ყვავილები და მერე თუნდაც ჩავქრეო, ნატრობდა.
ხანდახან ამოიხრებდა კიდეც, თუმცა ეს ამოოხვრა რაღაც ხალისიან მუსიკალურ ბგერას უფრო ჰგავდა... შეეხმიანებოდა გაუვალ სალ კლდეებს, იქნებ მათ მიღმა ვინმეა და ჩემი ხმა გაიგონოსო.
საკუთარი ხმის ექო თუ შეეხმიანებოდა, მერე კი ისევ სამარისებური მდუმარება ჩამოვარდებოდა ხოლმე.
მაგრამ ამის მიუხედავად, იმედი და ხალისიანი ღიმილი მზესთან იყვნენ განუყრელად, მათ მზე ამ დიდ გასაჭირშიც არ მიუტოვებიათ.
და აი, ერთხელ, ჯურღმულის სამარისებური სიჩუმე რაღაც ოდნავ გასაგონმა ხმამ დაარღვია:
- წკაპ, წკაპ!
მზემ გაფაციცებით მიუგდო ყური. ოდნავ გასაგონი ხმაური განმეორდა, რაღაცამ წყლის წვეთივით კვლავ გაიწკაპუნა და მართლაც მზის სხივებზე წყლის წვეთებმა გაიბრწყინეს ძვირფასი თვლებივით.
- მშვიდობა თქვენს მოსვლას, - შეჰღიმა მზემ წყლის წვეთებს.
- აქ როგორ აღმოჩნდი, მზეო, - გაიკვირვეს წყლის წვეთებმა.
გულიანად მომღიმარე მზემ დაწვრილებით უამბო თავისი თავგადასავალი.
- ჩვენ არაფერი ვიცოდით ამის შესახებ, - თქვეს წვეთებმა, როცა მზემ თავისი ამბავი დაამთავრა, - დიდი ხანია მიწის ჯურღმულებში ვმოგზაურობთ. როდესაც ცის ლურჯ კალთაზე დავსეირნობდით ღრუბლის სახით, მაშინ ჯერ კიდევ ორი მზე ანათებდა.
- თუ ასეა, ჯურღმულის გზები გეცოდინებათ, - გაიხარა მზემ და კიდევ უფრო გაბრწყინდა.
- ცხადია, ვიცით. ჩვენ ხომ დაუსრულებლად ვმოგზაურობთ, ხან მიწის ჯურღმულებში, ხან მის ზედაპირზე, მერე კი ცაში ავფრინდებით ხოლმე.
- მეც წამოგყვებით, მიწის ზედაპირზე ერთად ამოვიდეთ, - სთხოვა მზემ.
- ოღონდ იცოდე, ძალზე მიხვეულ-მოხვეული გზებით დავდივართ, - გააფრთხილეს წყლის წვეთებმა, - სხვანაირად არ შეგვიძლია. ჩვენი სავალი ბილიკები ხანდახან ობობას აბლაბუდაზე უფრო მეტად წვრილდება. ხანდახან ასე მგონია, თითქოს აღარც კი გვიწერია მიწის ზედაპირზე ამოსვლა, მაგრამ ბოლოს მაინც ვპოულობთ გამოსავალს. შეძლებ ჩვენთან ერთად სიარულს?
- მე ვერ შევძლებ, - თქვა მზემ, - მაგრამ ჩემი სხივები შეძლებენ.
ამ სიტყვების შემდეგ მზემ შეკუმშვა იწყო. მისი ბრწყინვალე ბადრო თანდათან დაპატარავდა, ჯერ მუშტისხელა გახდა, მერე ისიც გაჰქრა...
სამაგიეროდ კიდევ უფრო გაბრწყინდა, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მზე საკუთარ სხივებში გადასახლდა, მთლიანად სხივებად იქცა. მას ხომ ობობას აბლაბუდაზე უწვრილეს ბილიკებზე უნდა ევლო, ამას კი მხოლოდ მისი სხივები თუ შეძლებდნენ, როგორც თვითონვე აღნიშნა.
და იწყეს ერთად მოგზაურობა მიწის ჯურღმულებში მზის სხვებმა და წყლის წვეთებმა. ვინ იცის, სად აღარ იყვნენ. მიწისქვეშა მღიმეები, მდინარეები თუ ტბები, ყველაფერი მოიარეს. ოკეანის ფსკერზეც კი ამოყვეს თავი რამდენჯერმე. მათი გზების აღწერას რომ მივსდიოთ, ალბათ დასასრული აღარც კი ექნება და ამდენად, ჩვენი ამბავიც არასოდეს დამთავრდება...
ერთს ვიტყვი მხოლოდ: რახან ერთხელ დამეგობრდნენ, აღარც დაშორებიან ერთმანეთს. ყველგან ერთად იყვნენ განუყრელად, მიწის სიღრმეში თუ ოკეანის ფსკერზე. ერთმანეთს ამხნევებდნენ ხოლმე, თუ სევდა-ნაღველი მოეძალებოდა რომელიმე მათგანს.
ბოლოს ძალიან დაიქანცნენ, მათი მოგზაურობა რაღაც მეტისმეტად გაჭიანურდა. მზეს თითქმის აღარც კი ჰქონდა იმედი, თუ ოდესმე შეძლებდა ჯურღმულებიდან თავის დაღწევას და მიწის ზედაპირზე ამოსვლას, მგონი წყლის წვეთებიც ამასვე ეჭვობდნენ... მაგრამ სწორედ ამ დროს სინათლემ იელვა, მათ შეძლეს მიწის ზედაპირზე ამოსვლა...
ამოვიდნენ, მაგრამ რა ყოფით...
წყლის წვეთები მაშინვე თვალსა და ხელს შუა აორთქლდნენ. ისინი ისე დაპატარავებულიყვნენ ობობას ქსელზე უწვრილეს ბილიკებზე სიარულისას, რომ წყლის წვეთები უკვე აღარც ეთქმოდათ. ეს უკვე ნისლი იყო, თვალისთვის უხილავი. ნისლი ისე სწრაფად გაქანდა მაღლა ცისკენ, ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო თავისი მეგობრისთვის.
არც მზის სხივებისთვის ჩაევლო უკვალოდ ამდენ ხანს ჯურღმულებში მოგზაურობას. ჯერ ერთი, რომ სულ მთლიანად დაჰკარგოდათ მხურვალება, სრულებით აღარ ანათებდნენ. სადღა იყო ის ბაჯაღლო ოქროს მსგავსი ბრწყინვალე ელფერი, რითაც ადრე ასე იწონებდნენ თავს. ამას გარდა, იერსახეც უცნაურად შეცვლოდათ, დაკლაკნილ-დახლართული ფორმა მიეღოთ მიწის უწვრილეს ხვრელებში ძრომიალის შედეგად.
ამდენად ისინი სრულებით აღარ ჰგავდნენ მზის სხივებს, ისინი მცენარის ფესვებს უფრო ჰგავდნენ.
- ეს რა ამბავია ჩემს თავს, - ამოიოხრა მზემ, როდესაც საკუთარი სხივების ასეთი საოცარი სახეცვლილება აღმოაჩინა, - ჯურღმულიდან კი ამოვედი, მაგრამ აღარც მე ვარსებობ, აღაც ჩემი სხივები.
აქ კი საბოლოოდ გადაიწყვიტა იმედი მზემ. იმის ძალაც კი წაერთვა, ენატრა რაიმე. თვალით აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა. არც ის მქრქალი, უსახური ფესვები ენაღვლებოდა, რომლებიც მისი სხივებისგან დარჩენილიყვნენ, მათი სრული გაქრობაც არაფრად უღირდა.
შავ ფიქრებში ჩაძირულ მზეს უეცრად ნაცნობი წკაპუნის ხმა შემოესმა.
- წკაპ, წკუპ!
მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად შავ ფიქრებში იყო ჩაძირული, მზეს მაინც მოსტაცა ყურთასმენა ნაცნობმა წკაპუნმა. დიახ, მისი ძველი მეგობრები იყვნენ, წყლის წვეთები. როგორც ვთქვით, მათ უკვე მოასწრეს ჰაერში აფრენა, ღრუბლად გარდაქმნა და ახლა წვიმის სახით ეპკურებოდნენ თავზე უსახურ ფესვებად გარდაქმნილ სხივებს.
- ნუ ნაღვლობ, ყოველივე კარგად იქნება! - მხიარულად უმღეროდნენ წვიმის წვეთები თავის ძველ მეგობარს.
- სწორია! ნუ ნაღვლოდ, ყოველივე კარგად იქნება! - წვიმის წვეთებს ბანი დააწია ცაზე მსუფევმა მზემ და თბილი სხივებით მოეფერა თავის ოდინდელ მეგობარს.
ყოველივე ამან ცოტა ანუგეშა და მოასულიერა თითქმის სრულ გაქრობამდე მისული მზე. იმის ღონე აღარ შესწევდა, თვითონაც შეხმიანებოდა თავის ძველ მეგობრებს, მადლობა ეთქვა ნუგეშისცემისთვის. ამიტომაც ხმა არ გაუღია, ისე მიიძინა დამშვიდებულმა და იმედმოცემულმა.
კარგა ხანს ეძინა მშვიდად, უშფოთველად. ძილში გრძნობდა, თუ როგორ ეფერებოდნენ მზის სხივები. არც წვიმის წვეთები აკლებდნენ მზრუნველობას, წყურვილს უკლავდნენ და გულს საამურად უგრილებდნენ.
როცა თვალი გაახილა, დაინახა, რომ მაღალ, მწვანე ღეროზე ყელყელაობდა.
თავისი ძველი სახე დაბრუნებოდა, მზის სახე. სავსებით აღდგენილიყო საკუთარი სხივებიდან.
რაღა თქმა უნდა, გაიხარა მზემ, როცა ასეთი მშვენიერი სახეცვლილება აღმოაჩინა თავის თავში. გულიანად გაიღიმა, უფრო ფართოდ გაშალა ოქროსფერი ფურცლები, ყველას და ყველაფერს შეჰღიმა თავის ირგვლივ. ცაზე მსუფევ ბრწყინვალე მზეს, თავის ძველ მეგობარს, მის სხივებში მიყუჟულ მთვარესაც. ამ დროისთვის უკვე იცოდა მთვარის ცბიერების ამბავი, წვიმის წვეთებმა დაწვრილებით უამბეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, მაინც არ ბრაზობდა მასზე. უხინჯოდ აპატია ყველაფერი მთვარეს. ასეთი იყო მისი ბუნება, სხვანაირად არ შეეძლო.
ცხადია, მთვარე ძალიან კმაყოფილი დარჩა ამით. არხეინად დაიმკვიდრა ღამეული ცის ტახტი. ნაზი შუქის კონებს აფრქვევდა და თავისი უცნაური სახეცვლილებით ანცვიფრებდა ცასა თუ მიწას.
შემდგომში, როდესაც ცოტათი დამშვიდდა და გონს მოეგო, ისევ ცაზე მოისურვა დაბრუნება მზემ, საკუთარი სხივებისგან ახლადშობილმა. მეორე მზე ცის თაღიდან უღიმოდა. გელოდებიო, აჩქარებდა.
ის-ის იყო უნდა გაფრენილიყო ცისკენ, რომ წვიმის წვეთები შეამჩნია, თავის მწვანე ფოთლებზე უხვად დაფრქვეულიყო.
შეყოყმანდა...
მიმტევებელთან ერთად მადლიერიცაა მზის გული. არ შეეძლო იმის დავიწყება, თუ როგორ უშველეს ამ გამჭვირვალე წვეთებმა მიწის ჯურღმულიდან თავის დაღწევაში.
- თქვენთანაც მინდა ყოფნა, - წასჩურჩულა მზემ მათ.
ჰოდა, ვეღარ მიატოვა თავისი ძველი მეგობრები საკუთარი სხივებისგან ახლადშობილმა მზემ. ვეღარ შეელია მათ კეთილხმოვან სიმღერას, საამურ სიგრილეს და გამჭვირვალე მშვენიერ მძივებს, რომლებითაც ასე გულუხვად და ლამაზად უმკობდნენ ისინი მწვანე სამოსელს.
ვერ შეელია და დღესაც მათთანაა განუყრელად, მათთან ერთად ხარობს და იფურჩქნება.
სახე კი მზისკენ მიბრუნებული დარჩა.
ამიტომ უწოდეს სახელად მზესუმზირა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები