ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
24 ივნისი, 2015


როგორ აჭრელდა ვეფხვი



ვეფხვს საკუთარ ჩრდილთან თამაში უყვარდა. შეარჩევდა მომყუდროვებულ, მზიან ადგილს და თითქოს ცოცხალ არსებას ეფერებაო, ისე უთათუნებდა ზორბა, ღონიერ ტორებს მიწაზე გაწოლილ ჩრდილს, თავსაც კატასავით გაუხახუნებდა ხოლმე ხანდახან. მერე უცბად, მშვილდი რომ გინახავთ, ისე მოდრეკდა მოქნილ, ღონიერ სხეულს, ზამბარასავით მოსხლტებოდა და თავზე დააცხრებოდა თავის უსხეულო მეგობარს, თან აქეთ-იქით აწყდებოდა, ვითომდა მის დასაჭერად. ჩრდილი გამგონედ იმეორებდა ვეფხვის ყოველ მოძრაობას და ისე ჩანდა, თითქოს ორი ცოცხალი არსება ეთამაშება ერთმანეთსო, ორივე ზუსტად ერთმანეთის მსგავსი და ტოლი, მხოლოდ ერთადერთი განსხვავებით: ერთი ღამესავით იყო ჩამუქებული, მეორეს კი ოქროსფრად გაუდიოდა ბზინვა... დიახ, ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, მაშინ მოხდა, როცა ვეფხვი თავით ფეხებამდე ოქროსფერი იყო, ერთი წერტილიც კი არ ერია სხვა ფერის.
ირგვლივ ყოველივე გაინაბებოდა, როდესაც ვეფხვი თავის საყვარელ გასართობს მიეცემოდა ხოლმე. მგალობელი ჩიტები ხმას გაკმენდნენ, თითქოს ჰანგები დაავიწყდათო. მზე თითქოს ჩვეულებრივზე გულიანად იღიმებოდა, ერთიანად ოქროსფრად აუბრჭყვიალებდა ვეფხვს აბრეშუმივით რბილ ბეწვს.
- თითქოს თვით ელვა ჩამოსულა ციდან, ელვასავით სწრაფია და ლამაზი, - ტოტებს აშრიალებდა მოხიბლული ნამეხარი მუხა.
- სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი მშვენიერება არსად მინახავს, - ჩურჩულებდა ნიავი, თან ოქროსფერ ბეწვს აუშლიდა ვეფხვს, ძალიან უყვარდა მასთან ლაციცი.
- ვერაფერს იტყვი. ვეფხვი ძალიან ლამაზია, ამასთან ღონიერიცაა და მოქნილიც, მაგრამ გემოვნება აშკარად ღალატობს. აბა, ერთი მითხარით, საკუთარ ჩრდილთან თამაში რა საკადრისია. მე მაგის ადგილას სხვა გასართობს მოვძებნიდი.
ეს სიტყვები ხვლიკს ეკუთვნოდა, რომელიც მზეს ეფიცხებოდა შორიახლოს და თან ვეფხვს არ აშორებდა თვალს.
ვეფხვმა ზანტად მიაბრუნა თავი. უნდოდა გაეგო, ვის ეკუთვნოდა ეს თავხედური სიტყვები. ამაოდ გაისარჯა, ხვლიკის ნასახიც კი აღარსად ჩანდა. ასე იცოდა ხოლმე ყოველთვის; ჩააგდებდა რაიმე უხიაკ სიტყვას საუბარში და თვალის დახამხამების უმალ გაქრებოდა. ვეფხვსაც აღარ შეუწუხებია თავი ხვლიკის ავყიაობით, მშვიდად გაწვართა სხეული და თათები ჩრდილს მოუთათუნა, თითქოს ეკითხებოდა, ისევ აქ ხარ თუ არაო, თან თვალებს ზანტად ჭუტავდა.
ამ მშვენიერ სანახაობას კიდევ ჰყავდა ერთი მჭვრეტელი; ეს გახლდათ წითელთვალებიანი ბუ, რომელსაც ნამეხარი მუხის ფუღუროში ჰქონდა ბინა. მოჰკრავდა თუ არა ყურს ჩრდილთან მოთამაშე ვეფხვის ქება-დიდებას, ბუ მაშინვე გამოძვრებოდა ფუღუროდან, შემოჯდებოდა მუხის ტოტზე და რაც შეიძლება ფართოდ აჭყეტდა თვალებს, რა არის რაიმე დაენახა, მაგრამ ვერაფერსაც ვერ ხედავდა. მას ხომ დღისით არაფრის დანახვა არ შეუძლია. სამაგიეროდ ღამით კარგად ხედავს. მშვენივრად იცოდა, თუ რა მოქნილი და ლამაზია ვეფხვი, მაგრამ ჩრდილთან მისი თამაშის ნახვა რომ არ შეეძლო, ბუს ამაზე ძალიან წყდებოდა გული.
და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ჩრდილმა ენა ამოიდგა, როცა ვეფხვი მზის გულზე ჩვეულებისამებრ ნებივრობდა:
- დიდ წყვდიადსაც უნდა შენი ნახვა, - შემპარავად ჩასჩურჩულა ყურში, - თავის საუფლოში გეპატიჟება, ბინდის სამეფოში. ყური მოჰკრა, ჩემთან თამაში რომ გიყვარს.
- თვითონ მობრძანდეს და აქ მნახოს, - უპასუხა ვეფხვმა, თან თავი კატასავით გაუხახუნა მოლაპარაკე ჩრდილს.
- თვითონ ვერ გესტუმრება, სამზეოზე არ შეუძლია გამოსვლა, მაშინვე ძალა დაეკარგება. შენც ბევრ რამეს ნახავ იქ საინტერესოს, უცხოს და უცნაურს. ჩვენ, ჩრდილები, ხანდახან ვტოვებთ სხეულებს და წყვდიადის სამეფოში ვეშვებით. ეს ბევრმა როდი იცის, მხოლოდ შენ გიმხელ.
- ვერ წამოგყვები, უჩემოდ წადი, მზის გულზე მინდა ყოფნა, - ამ სიტყვებით ვეფხვი გაიწვართა, ტორები სათითაოდ დაჭიმა, სხეული ერთიანად ოქროსფრად აუელვარდა.
- არ მეგონა, თუ უარს მეტყოდი. მე ხომ მუდამ მორჩილად გემსახურები. ყოველ შენს მოძრაობას უცვლელად ვიმეორებ, რასაც არ უნდა აკეთებდე. მზის გულზე თამაშის დროს ხომ დაუფასებელ სამსახურს გიწევ. ჩემთან თამაში შენთვის მხოლოდ გართობა როდია, ვარჯიშიცაა. ჩემი წყალობით შენ არასდროს მოგაკლდება ძალა და სიმარდე.
ვეფხვს შერცხვა, უმადური გამოვჩნდიო. ამას გარდა, ცნობისმოყვარეობაც გაეღვიძა იმ გამოუცნობი სამყაროს მიმართ, ჩრდილი რომ უყვებოდა.
- კარგი, წავიდეთ, - თქვა და წამოხტა.
დაადგნენ ბინდის ბილიკს. ჩრდილი ოდნავ უსწრებდა, გზა ხომ მას უნდა გაეკვლია. ვინმეს რომ ისინი დაენახა, იტყოდა: ბილიკზე ორი ვეფხვი მიაბიჯებს, ერთი ღამესავით შავია, მეორე კი ოქროსავით ყვითელიო. მერე ჩრდილმა შეუმჩნევლად წინ გადაინაცვლა. ახლა უკვე წინ მიუძღოდა ვეფხვს. ბინდის ბილიკიც თანდათან ჩამუქდა, მღვრიე მწუხრი ეფინებოდა ირგვლივ ყველაფერს, ბილიკის ორივე მხარეს რაღაც გამოუცნობი, ბნელი ლანდები ეყუნტნენ. ჩანს, წყვდიადი სამეფო შორს აღარ იყო.
ამასობაში ნამეხარ მუხასთან ერთი ამბავი ატყდა. ნიავმა ყველას ამცნო, ვეფხვი საცაა წყვდიადის სამეფოში ჩაეშვება, წინ საკუთარი ჩრდილი მიუძღვისო.
- მე ხომ ყველგან დავფრინავ, სამზეო იქნება თუ უკუნეთი, - ქირქილებდა ნიავი, - წყვდიადის საუფლოშიც ბევრჯერ ვყოფილვარ. იქ იყრის თავს ყველა იმ არსების ჩრდილი, რაც კი სამზეოზე დარბის, დაფრინავს თუ დაცოცავს. წყვდიადის მეუფე ვეფხვის ჩრდილმა მოხიბლა და თვით ვეფხვის მოყვანა უბრძანა, ძალიან მაინტერესებს, ისიც შენსავით მოქნილი თუ არისო. ამას გარდა, თქვენი თამაშის ცქერითაც დავტკბები, მუდამ გვერდით მეყოლებითო.
ამის გამგონე მუხას გულზე შემოეყარა:
- გამოდის, რომ ვეფხვი საკუთარმა ჩრდილმა მოატყუა და სამზეოს ვერასოდეს იხილავს.
- ცხადია, - დაეთანხმა ნიავი, - თუ წყვდიადის საუფლოში ჩაშვება მოასწრო, თავს ვერასოდეს დააღწევს იქიდან.
- ახლავე გაფრინდი! გააფრთხილე ვეფხვი, სანამ გვიან არ არის, - ტოტები ძალუმად ააშრიალა მუხამ.
- უუჰ, ძალიან დავიღალე, ეს წუთია, ჩაძინებას ვაპირებდი, - ამოიქშინა ნიავმა და მართლაც მაშინვე ჩაიძინა.
- ნეტავ ადგილიდან დაძვრა შემეძლოს, - ინატრა მუხამ და უცბად ხვლიკი შეამჩნია, ჩვეულებისამებრ მზის გულზე მიფიცხებული. - ხვლიკო, იქნებ შენ დადევნებოდი ვეფხვს, ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება...
- აკი ვამბობდი, რაიმე ფათერაკს გადაეყრება-მეთქი ჩრდილთან გაუთავებელი თამაშით ვეფხვი, - ნიშნისმოგებით თქვა ხვლიკმა. იქვე დაუმატა, სხვის საქმეში ვერ ჩავერევიო და ისე გაქრა, თითქოს არც არსებულიყოს.
- ნუთუ არავინ გააფრთხილებს ვეფხვს? - ამოიგმინა მუხამ. აღარ იცოდა, რა ეღონა.
- მე გავაფრთხილებ, - გაისმა წყნარი ხმა და ფუღუროდან ბუ გამოძვრა. ყველაფერი გაიგონა, რაც ნამეხარ მუხასთან ხდებოდა. მართლაც მაშინვე გაშალა ფრთები და გაფრინდა.
- იჩქარე! - ესღა უთხრა მუხამ.
- ჩემს სხივს გავუგზავნი ვეფხვს, ოღონდ მის დასანახად თვითონვე უნდა გაისარჯოს, - ეს სიტყვები მზეს ეკუთვნოდა, თან კეთილად იღიმებოდა, ყოვლის მცოდნე და ყველას დასახმარებლად მზად მყოფი.
მიფრინავდა ბუ ბინდის ბილიკისკენ, მაგრამ ვაი ამ ფრენას, ბრამასავით აწყდებოდა აქეთ-იქით ის ხომ დღისით ვერ ხედავს... ბევრი იწვალა, რამდენჯერმე კინაღამ ფათერაკს გადაეყარა, მაგრამ გუმანმა არ უმტყუნა და ბოლოს მაინც მიაგნო ბინდის ბილიკს, ოღონდ ცოტათი შეაგვიანდა; ვეფხვს თითქმის უკვე მოესწრო მთელი ბილიკის გავლა, ერთი ნაბიჯიღა აკლდა, საცაა წყვდიადი შთანთქავდა.
- გაფრთხილდი, გაფრთხილდი! - დაიწივლა ბუმ და ვეფხვს თავზე გადაუქროლა, თან ფრთით ოდნავ შეეხო კიდეც, აქ უკვე თამამად იკვლევდა გზას.       
ვეფხვი შედგა, მართლაც იგრძნო რაღაც არასასიკეთო. კარგა ხანია ისედაც ვერ გრძნობდა თავს საკუთარ ტყავში, არ სიამოვნებდა ბინდის ბილიკზე სეირნობა. ბინდის ბილიკი სულ უფრო და უფრო პირქუში ხდებოდა; მღვრიე მწუხრი ლამის ღამედ გარდაისახა, კიდევ უფრო ჩამუქდნენ ბნელი გამოუცნობი ლანდები, ბილიკის ორივე მხარეს ჩარიგებულნი... ვეფხვი შედგა, უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
ჩრდილმა მაშინვე იგრძნო ვეფხვის ყოყმანი. შეშინდა, ვაითუ ხელიდან გამისხლტეს სასურველ მიზანთან ასე ახლო მყოფი მსხვერპლიო. შავი ტორები შემოხვია ვეფხვის ოქროსფერ სხეულს, ბილიკის ბოლოსკენ მიიზიდა, სადაც ბნელ ხაროში თვითონ წყვდიადის მეუფე იყო ჩასაფრებული. ამან ვეფხვს საბოლოოდ გაუფანტა ეჭვები. მიხვდა, რაღაც არასასიკეთო ნამდვილად ხდება ჩემს თავსო. ღონივრად შეიბერტყა სხეული, მოიცილა ჩრდილის შავი ტორები და უკანვე გამობრუნდა ბინდის ბილიკზე, რომლის მეორე ბოლოში მზის სხივი ციმციმებდა. მზემ შეასრულა სიტყვა, თავისი სხივი გაუგზავნა. ახლაღა დაინახა ვეფხვმა ეს სხივი, როცა წყვდიადს ზურგი აქცია.
ვეფხვის საკუთარი ჩრდილი დამარცხდაო და, ერთბაშად გაცოცხლდნენ ის ბნელი გამოუცნობი ლანდები, ბილიკის ორივე მხარეს რომ ეყუნტნენ, ავსულთა ხროვასავით დაეხვივნენ ვეფხვს, მთლიანად დაფარეს შავი ზედახორის ქვეშ. აღარავითარი ეჭვი აღარ დარჩა ვეფხვს, თუ რას უმზადებდა ჩრდილთა მარაქა. მთელი ძალ-ღონე დაძაბა, ძალუმად მოიქნია ტორები, პანტაპუნტით მიმოფანტა ეს შავი ხროვა. და კიდევ უფრო სწრაფად გამოიქცა უკან, სინათლისკენ, თვითონაც სინათლესავით ლამაზი და ძლიერი.
შეშინდა წყვდიადის მეუფე, ვეფხვის ოქროსფერი სხეული ხელიდან გამისხლტებაო, მიატოვა ბნელი ხარო, სადაც ამდენ ხანს თავს იმალავდა. გაიფოფრა, ფართოდ გაშალა ბნელი საცეცები და კუპრის ტბასავით ჩამოემხო თავზე ვეფხვს, უკან, ბნელი ხაროსკენ წარზიდა.
აქ კი დაუმძიმდა ნაბიჯი ვეფხვს, წყვდიადმა მთელი სხეული გაუთანგა, თითქოს თვალისჩინიც კი წაართვა, ისე ჩამოაბნელა ირგვლივ ყველაფერი. მზის სხივიც გაქრა, თითქოს განუჭვრეტელი ფარდის მიღმა დარჩაო. ვეფხვი მაინც არ შედრკა, მთელი სხეული უკიდურესად დაძაბა, ტორები მტკიცედ დააბჯინა მიწას, რათა წყვდიადის მიზიდულობას არ დანებებოდა და ბნელი ხაროსკენ არ დამსხლტარიყო. გაუმაგრდა კიდეც ამ იერიშს ვეფხვი, თუმცა დიდი ჯაფა კი დაადგა. მერე კი იმდენიც შეძლო უკვე ძალამოკრებილმა, რომ მზის სხივისკენ გადაეგდა ნაბიჯი. მართალია, თვალით ვერ ხედავდა მას, მაგრამ კარგად ახსოვდა თუ საითკენ ჭიატობდა ამ ბნელეთში და ისიც კარგად იცოდა, რომ სწორედ მზის სხივში იყო მისი ხსნა, უიმისოდ გზას ვერ გამოიკვლევდა იქედან.
გადადგა თუ არა ეს ერთი, მართლაცდა ძალიან მძიმე ნაბიჯი ვეფხვმა, მზის სხივმაც იელვა, შეარღვია წყვდიადის კალთა. წყვდიადს მაშინვე შეუმცირდა ძალა, თუმცა კვლავაც ღონივრად ებღაუჭებოდა თავისი კუპრისფერი თათებით ვეფხვის ოქროსფერ სხეულს, მაგრამ ეს უკვე ამაო მცდელობა იყო. ვეფხვმა კიდევ გადადგა ნაბიჯი, უფრო ფართო და ღონიერი, სხეულიც ძლიერად შეიბერტყა. წყვდიადს მთლად წაერთვა ძალა, უღონოდ დაცურდა ვეფხვის ოქროსფერ ფერდებზე. ვეფხვს კიდევ უფრო გაუმსუბუქდა ნაბიჯი, უკვე სირბილით გასწია მზის სხივისკენ, თან სისწრაფეს ყოველ წამს უმატებდა. ერთი ფართო ნახტომიც და გამოსხლტა კიდეც სამზეოზე, ბინდის ბილიკი უკან მოიტოვა.
უკვე აღარ მოსდევდა ჩრდილების ხროვა, ვეფხვი მაინც შეუნელებლად გარბოდა მზით განათებულ ბილიკებზე. მანამდე არ შეჩერებულა, სანამ თავის საყვარელ მყუდრო ადგილს არ მიაღწია ნამეხარ მუხასთან. აქ კი შედგა დაღლილ-დაქანცული, ნეტარებით გაგორდა მზის გულზე, ტორებიც ჩვეულებისამებრ დაჭიმა... დაჭიმა და რას ხედავს: ტორები ერთიანად შავი ზოლებით აქვს აჭრებული. და განა მარტო ტორები... მთელი სხეული შავი ზოლებით და ლაქებით მოჰფენია. ვეფხვი აწრიალდა, მაშინვე სცადა მოეცილებინა ეს შავი ლაქები, ბევრი იკოტრიალა მწვანე ბალახზე, ხის მაგარ შტამბებსაც გაეხახუნა, ბოლოს იბანავა კიდეც, ერთი სიტყვით, რაღა არ სცადა, მაინც არაფერი გამოუვიდა, სამუდამოდ შერჩა შავი ლაქები და ზოლები წყვდიადთან მორკინალ ვეფხვს.
აქ შეიძლება წერტილი დაგვესვა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიცით, თუ რატომ აქვს ვეფხვს შავი ლაქები და ზოლები, მაგრამ ერთი პატარა რაღაც კიდევ დაგვრჩა სათქმელი. საქმე იმაშია, რომ ვეფხვის საოცარმა აჭრელებამ ძალზე გააოცა და თან დაამწუხრა მისი ძველი მეგობრები. ისე დაიბნენ, ხმაც კი ვერ ამოიღეს, ვერაფრით ვერ ანუგეშეს გულგატეხილი ვეფხვი. წყვდიადი რომ იყო ყველაფერში დამნაშავე, ამას კი მიხვდნენ, ოღონდ ეს მიხვედრა ვერაფერში გამოადგათ. მუხა აღარ აშრიალებდა ტოტებს, თავი მოწყენით ჩაეკიდა. თვით ენაჭარტალა ნიავსაც კი ენა ჩაუვარდა, ვერც მან მოიფიქრა რამე, ხვლიკიც უხმოდ გარინდებულიყო მზის გულზე და ვეფხვს თვალს არ აცილებდა. ბუ ისევ ისე აჭყეტდა თვალებს, მაგრამ ახლაც ვერაფერს ხედავდა.
ბოლოს მუხამ ვეღარ მოითმინა და სათქმელი რომ სხვა ვერაფერი იპოვნა, ხვილკს დაესხა თავს:
- ყველამ რაღაც ვცადეთ ვეფხვის გადასარჩენად, - გულმდუღარედ ამბობდა მუხა, - ნიავმა ამბავი მოიტანა, მზემ თავისი სხივი შეაწია, ბუმ თავი არ დაზოგა მის გასაფრთხილებლად. შენც რომ რაიმე გეღონა, იქნებ ვეფხვი ამ საბედისწერო აჭრელებას გადარჩენოდა...
ხვლიკმა აინუნშიაც არ ჩააგდო მუხის სიტყვები, მზეს მეორე გვერდი მიუფიცხა და რა თქვა იცით? აბა, ყური კარგად დაუგდეთ:
- ვეფხვი ახლა უწინდელზე უფრო ეშხიანი გახდა...
აი, ეს თქვა ხვლიკმა და როგორც იტყვიან, ყველას ბურთი ჩასჩარა პირში. ვეფხვი უაღრესად კმაყოფილი დარჩა ამ ქათინაურით, თავმომწონედ გაწვართა სხეული, ტორებიც სათითაოდ დაჭიმა, მზეს ნებივრად მიეფიცხა. გულგატეხილობის ნიშანწყალიც კი არ ემჩნეოდა. ის კი არადა, საკუთარ ჩრდილს ისევ გაუბა თამაში და ლაციცი.
და უცბად, თითქოს თვალი ეხლაღა აეხილათო, ყველამ დაინახა, თუ რა სანდომიანად გამოიყურებოდა ვეფხვი. ულამაზო არც ადრე ყოფილა, მართლაც გაცოცხლებულ ელვას ჰგავდა, მაგრამ წყვდიადის მიერ დატოვებულმა ლაქებმა არათუ დააკლო რაიმე, პირიქით, ეშხი და ლაზათი შემატა მის მშვენიერ აღნაგობას. ყველამ მადლიერი თვალით შეხედა ხვლიკს, რომელიც გარინდული ეფიცხებოდა მზეს, წინანდებურად როდი გამქრალა, როცა რაიმე უხიაკ სიტყვას ჩააგდებდა ხოლმე. ხვლიკმა კარგად იცოდა, რომ მისი სიტყვა ამჯერად ღირდა მოსმენად.
ახლა კი ჩვენი ამბავი ნამდვილად დასრულდა, თუმცა სათქმელი კიდევ დაგვრჩა. მინდოდა მეამბნა, თუ როგორ იცეკვა ვეფხვმა მთვარის შუქზე საკუთარ ჩრდილთან, რათა ბუს დაენახა. როგორც ვიცით, ბუს ძალიან წყდებოდა გული ამ მშვენიერ სანახაობაზე, ვეფხვი კიდევ მეტად მადლიერი იყო მისი, მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ, ზღაპარიც არასოდეს დასრულდება... ამიტომ როგორმე სხვა დროს... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები