ნიავი თელას გადაეყარა და მუსაიფი გაუბა. თელა ხალისით გამოეხმაურა, მასაც ჰქონოდა თავისი სათქმელი, იმ დღეს ფრთოსანი მერნისთვის მოეკრა თვალი და ისე მოხიბლულიყო მისი სილამაზით, აღარ იცოდა, აღტაცება როგორ გამოეხატა. - თვალის შევლება ძლივს მოვასწარი, მაშინვე გაქრა, - გულნაკლულად შრიალებდა თელა, - რა იქნება, წამით მაინც შეჩერდეს, მომესალმოს. ბოლოს და ბოლოს, თავაზიანობის საკითხია... - თავაზიანობა სულაც არ აკლია, - გამოექომაგა ნიავი მერანს, - პირიქით, მორიდებულიც კი ეთქმის, მაგრამ რა ჰქნას, მეტისმეტად დაუდეგარი ბუნებისაა. დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. აბა, როგორ არ გაგეცინება, როდესაც ნიავი იტყვის ვინმეზე, დაუდეგარიაო, მაგრამ მერნისთვის სწორედ ზედგამოჭრილია ეს სიტყვა, მეტად მოუსვენარია და მოუხელთებელი, არც კი იცის, დაღლა რას ჰქვია, ერთთავად დაჰქრის. წამით გამოკრთება და მაშინვე ქრება. სულ ამაოდ გაირჯება ყველა, ვინც შეეცდება, თვალი მიადევნოს მის ნაქანდაკარ სხეულს. ეს კიდევ რაა, ნიავი ვერც კი იოცნებებს, ისეთ იდუმალ ბილიკებზე დაჰქრის ეს ულამაზესი, ფრთოსანი ბედაური, თვალის დახამხამების უმალ მოივლის სამყაროს უშორეს სივრცეებს, არაფრად უღირს ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე მოგზაურობა, შეუძლია ერთი უფართოესი ნახტომით დაფაროს მანძილი მათ შორის. - ნეტავი ერთხელ მაინც შევათვალიერებდე კარგად, მეტი არაფერი მინდა, - ოხრავდა თელა. მეტად ჩაჭროდა გულში ფრთოსანი ბედაური. - ვინ იცის, იქნებ აგიხდეს ნატვრა, - ფიქრიანად თქვა დადინჯებულმა ნიავმა. იგრძნო, მასაც მონატრებოდა მერანი. რამდენჯერ სცადა, ფაფარი აეწეწა მისთვის, მაგრამ ვერაფრით ვერ დაეწია. რა იცოდა თელამ, რომ ნიავის თქმის არ იყოს, სულ მალე აუხდებოდა ნატვრა. თურმე მერანს საკუთარმა ფრთებმა გაუჩინა დიდი საზრუნავი. როდესაც სამყაროს სივრცეში დაჰქროდა იდუმალ ბილიკებზე, ამ დროს ფრთები მერანს არავითარ სამსახურს არ უწევდნენ. ანუ, ნიავის სიტყვები რომ გავიმეოროთ, მერანს ფრთები ვარსკვლავეთში გინდა ჰქონია და გინდა არა. მაგრამ დედამიწაზე მოგზაურობისას ფრთები ზედმეტ ტვირთად, უფრო მეტიც, ნამდვილ დაბრკოლებად ექცა. არადა, დედამიწა გამორჩეულად უყვარს სამყაროს ყველა ცთომილთა შორის, არაფერი ურჩევნია მის სანახებში ნავარდს, სულ ერთია უდაბნო იქნება თუ მწვანიანი. ერთხელ როგორღაც გაჯებში გადახლართული ფართოდ გაშლილი ფრთებით, მთელი ათი წამი ცდილობდა იქიდან თავის დაღწევას. ამ დროს კი თურმე ერთი ახლად ამომავალი ცთომილი ვარსკვლავი ელოდა მის გამოჩენას, მათ რკალებს ერთმანეთი განსაზღვრულ წერტილში უნდა გადაეკვეთათ. რახან მერანი არ გამოჩნდა, ცთომილი ვარსკვლავი სულ სხვა მხარეს გაემართა, ის ჯერ კიდევ ვერ ფლობდა კარგად ციურ ბილიკებს, ამან დიდი არევ-დარევა გამოიწვია ციურ ვარსკვლავთა ეტლში, დიდი დავიდარაბის მერე ძლივს აღსდგა წესრიგი. და ეს ყველაფერი სულ ამ ფრთების ბრალიაო, დაიჩივლა მერანმა. ნეტავი ვინმე მომაცილებდეს, არაფერში მჭირდებაო. ცა და მიწა შეთქმულივით გაირინდა, როცა მერნის სურვილი გახდა საცნაური, როგორ მოვიქცეთ, რა ვიღონოთ? ეს სიტყვები ტრიალებდნენ ჰაერში. ბოლოს ადგილის დედამ იპოვა გამოსავალი, მასაც გაეგო ფრთოსანი ბედაურის გასაჭირი. მისი თქმით, მერანს მთელი ღამე ქანდაკებასავით უძრავად მდგარს უნდა გაეთია რომელიმე ღია ადგილას, დილით კი ფრთებს ცვარით დაუზილავდა და მოაცილებდა. მთელი ღამე ქანდაკებასავით უძრავად! ამის ცხადად წარმოდგენაც კი გაუძნელდა მერანს, მაგრამ ისე დიდი იყო სურვილი, როგორმე ეს ზედმეტი ბარგი მოეცილებინა, ბოლოს მაინც დათანხმდა. მაშინვე შეარჩიეს ადგილი, სადაც ღამისთევა უნდა აღსრულებულიყო. ეს იყო მწვანედ მობიბინე მდელო, რომლის განაპირას ჩვენს ნაცნობ თელას მოეღერებინა ყელი. მშვენიერი არჩევანი გახლდათ, ადგილის დედას აქაც მიუძღოდა თავის წვლილი, მან ხომ ყველას გულისნადები იცის... აუხდა თელას ნატვრა, შეეძლო გული ეჯერებინა მერნის თვალიერებით, რომელიც ქანდაკებასავით უძრავად იდგა მდელოს შუაგულში. ფართოდ გაშლილი ფრთები დაბლა ჰქონდა დაშვებული, ძალზე თვინიერად გამოიყურებოდა. ირგვლივ ყველა თრთოდა აღტაცებისგან, ცხადია, თელას ჩათვლით, თვალებით ჭამდნენ ამ ძვირ სტუმარს, ცოტა ხნით მათ თვალსაწიერზე შეჩერებულს. ლამაზი იყო თუ არა? როგორ ფიქრობთ, განა ადვილია მისი სიტყვიერად აღწერა? საკუთარი თვალის გარდა აქ ვერაფერი მოგემსახურება. თუ მაინცდამაინც სურს ვინმეს, ცხადად წარმოიდგინოს, თუ როგორია ამ საოცარი არსების შესახედაობა, მან თავის გონებაში უნდა დახატოს ყველაზე ულამაზესი ბედაური, რასაც კი მისი ფანტაზია მისწვდება. ბედაური, რომელიც კი არ დადის, დანანობს, ნისლივით მსუბუქად, ქარივით ლაღად. ხშირი ფაფარი ღრუბელივით ეშლება აღერილ კისერზე, ნაძერწი სხეული აბრეშუმივით უელვარებს... და ამ უცხოდ ნაძერწ არსებას ორი ფართოდ გაშლილი ფრთა... ამკობდა? ვფიქრობ, რომ არა. ვკითხოთ ნიავს, რომელმაც დრო იხელთა და მერანს ხშირ ფაფარს უწეწავს. ამ საქმეში ნამდვილად გაეგება რაღაც: მისი აზრით, მერანს სულაც არ ამკობენ ფრთები, პირიქით, ამძიმებენ. მისი სხეული ისედაც სიმსუბუქის სრული განსახიერებაა. არაფერი არ ხატავს სივრცეში სრბოლას უფრო ცხადად და შთამბეჭდავად, როგორც ყალყზე შემდგარი ბედაური. ის თვითონვეა სრბოლა, წინსწრაფვა, ძალა და მოქნილობა. ჰოდა, რაში სჭირდება ფრთები? არა, ფრთები სრულიად ზედმეტია მისთვის, და ეს სრულიად აშკარა გახდა ახლა, როცა მერნის კარგად შეთვალიერება არავითარ სიძნელეს აღარ წარმოადგენდა. - მოაცილეთ არწივს ფრთები, - ქაქანებდა ნიავი, - ერთ უფორმო გუნდას მიიღებთ, უფრთებოდ იგი სრულიად არაფრის მაქნისია. აქ კი სულ სხვანაირადაა საქმე. მერანს არ სჭირდება ფრთები, იგი ნამდვილად ამძიმებს და ფარავს მის ნაქანდაკარ სხეულს. არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი, ნიავს ყველა მაშინვე დაეთანხმა, თელას ჩათვლით. ოდნავგასაგონად შრიალებდა, ნიავის სიტყვებს აყოლილი, თანხმობის ნიშნად კენწერო დაეხარა. უსაზღვროდ ბედნიერად გრძნობდა თავს. ბოლოს და ბოლოს მიეცა საშუალება, რამდენიც სურდა, იმდენი ეცქირა ამ ფრთოსანი ბედაურისთვის. ამასობაში კიდეც დაღამდა, ვარსკვლავები აკიაფდნენ ცაზე, ჰაერში ნამის სურნელი დატრიალდა. ჩამუქებულ მდელოზე, კიდევ უფრო მუქი ჩრდილი გამოჩნდა, ეს ადგილის დედა იყო. - გათენებამდე უნდა გაძლო როგორმე, - ჩაულაპარაკა მერანს, თან აღერილ კისერზე მოეფერა - რაც უფრო მშვიდად იქნები, ცვარი მით უფრო ბარაქიანად დაგეფინება. - ვეცდები, თუმცა საკუთარი თავის იმედი არ მაქვს, - უპასუხა მერანმა. მართლაც, მთელი სხეული უთრთოდა დაძაბულობისგან. ჩანდა, ძალზე მძიმე იყო მისთვის ერთ ადგილას მიჯაჭვულივით დგომა. ეს არ გამოპარვია ადგილის დედას, მერნის გვერდით ჩაიმუხლა და ნაირნაირი ამბების მოყოლა დაწყო, რათა მერანი გაერთო, უძრავად ყოფნის მძიმე ტვითრი შეემსუბუქებინა მისთვის. ირგვლივ ყოველივე სმენად იქცა, ნიავმაც კი სული განაბა, ასეთ შემთხვევას ხელიდან როგორ გაუშვებდა. უფრო მშვენიერ და საოცარ ამბებს სხვაგან ვერსად მოისმენდა. ვინ იცის, რამდენი რამ მომხდარა მზის ქვეშეთში დასაბამიერი დროიდან დღემდე, მათგან რამდენი მიეცა დავიწყებას. ადგილის დედას არაფერი ავიწყდება, ყოველივე მშვენივრად იცის, ახალიც და ძველიც. შესაფერის დროსა და გარემოში გაიხსენებს ხოლმე... ¬- რომ იცოდეთ, მზეს და მთვარეს როგორ უყვართ დედამიწა – ასე დაიწყო ადგილის დედამ ზრაპრების მოყოლა. Aრაფერი ურჩევნიათ მწვანიანზე სეირნობას და თამაშს, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს. არ აქვთ სამაგისო ხედვა. ბავშვები თუ მოჰკრავენ თვალს ხანდახან. ერთხელაც კუკუდამალობანა ითამაშეს, ძალიანაც გაერთნენ. მთვარემ დაჯაბნა მზე ამ თამაშისას, საკუთარ ჩრდილში გაეხვეოდა და მზე მას ვერ პოულობდა, თვითონ მზეს კი მთვარე მაშინვე პოულობდა სხივების წყალობით. არადა, მზე ნათებას ხომ არ შეწყვეტდა? ბოლოს მთვარე ძალიან გაყოყოჩდა და მზეს წაეტრაბახა, ამაოდ ცდილობ, ვერსად დამემალებიო. მზეს გულზე მოხვდა ეს სიტყვები და მცენარეებს სთხოვა დახმარება. მცენარეებმა ყურად იღეს საყვარელი მნათობის თხოვნა, მწვანე ფოთლებით შეისრუტეს სხივები, მათი კვალიც კი გააქრეს. მზემაც სულ ადვილად შეძლო დამალვა მწვანე ფოთლებს შორის. მთვარემ ბევრი ეძება, ბევრი იხეტიალა აქეთ-იქით. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ აუარ-ჩაუარა იმ ადგილს, სადაც მზე მყუდროდ იყო მოფარებული. მზე უყურებდა და თავისთვის იცინოდა. ბოლოს მოთმინება დაელია, თვითონვე დაუძახა ,,ჭიტაო~ მისი ძებნით დაღლილ, დაბნეულ მთვარეს. შეხედა მთვარემ და სახე გვერდზე მოეღრიცა სიბრაზით. ამის შემდეგ მთვარეს სახე მუდამ ეღრიცხება მზესთან მიახლოებისას. მზე კიდევ მუდამ გულიანად იცინის. სხივები, რომლებიც მწვანე მცენარეებმა შეისრუტეს, ისევ მათ დაუტოვა მადლიანმა მზემ, თვითონ სხვაც ბევრი ჰქონდა... მცენარეებმა გულში სათუთად ჩაიკრეს ძვირფასი საჩუქარი, მწვანე ფოთლებით მოეფერნენ. მერე იმ სხივებისგან მზის სახე გაიფურჩქნა... ასე დაიბადა ყვავილი... შემდეგ ადგილის დედამ ისიც უამბო სუნთქვაშეკრულ მსმენელებს, წვიმამ როგორ გაიკვლია გზა მიწისკენ. უწინ თურმე წვიმის წვეთები აღმა-დაღმა დაჰქროდნენ, სულაც არ მიაჩნდათ აუცილებლად იმ ადგილის დანამვა, რომლის ზემოთაც თვით ღრუბელი ეკიდა ჰაერში. ერთხელ ნიავმა მოიტანა ამბავი, ზუსტად იმ ადგილას, რომელსაც ახლა დაჰყურებთ, პატარა გოგონა დგას და ტირის. ნაკადულის პირას ტრიალა დაუმაგრებია, მაგრამ ნაკადული დამშრალა, ტრიალაც უქმად დგას. ყველაფერს აჯობებს, თუ იმ ნაკადულს ხელახლა ააჩქეფებთ, ტრიალა ისევ დატრიალდება, გოგონა გაიხარებს, თქვენც კარგად გაერთობითო. დაუჯერეს წვიმის წვეთებმა, დატოვეს ღრუბლის ფაფუკი კალთები, თავქვე დაეშვნენ ნაკადულისკენ, გოგონას გული გაუხარეს და თვითონაც გაიხარეს. რაკი ერთხელ გაიკვლიეს გზა, სხვა დროსაც მიწისკენ გამოსწიეს, აზრად აღარ მოსვლიათ აღმა-დაღმა ქროლვა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ახლაც იმავე გაკვალული გზით დადიან... ისიც გაიხსენა ადგილის დედამ, ყორანი როგორ გამოერიდა წყვდიადის კალთას, სამზეოზე არჩია დაბუდება . . . მრავალი არსება ბინადრობს წყვდიადის წიაღში, შეფერილობით მისივე მსგავსნი. Bბნელ ღამეს ხანდახან თან მოჰყვებიან ხოლმე, უჩინრად თავს იქცევენ ღამეული ფარდის მიღმა . . . ყორანიც ერთ-ერთი იმათგანია, ამიტომაცაა ასე ერთიანად წყვდიადისფერი, ნისკარტიდან დაწყებული ბოლო ნაკრტენამდე. კიდევ ბევრი საოცარზე საოცარი ამბავი გაიხსენა იმ ღამით ადგილის დედამ, ერთიმეორეზე უკეთესი და ფერადოვანი. ყველა მათგანს აქ ვერ მოვიყვანთ, ჩვენი მერნის ამბავი ვაითუ გვერდზე დაგვირჩეს. იგი მთელი ღამე ქანდაკებასავით უძრავად იდგა და ეს ოდნავადაც არ აწუხებდა, ისე გაიტაცა მოსმენილმა ამბებმა. სულგანაბული უსმენდა ადგილის დედას და განუწყვეტლივ იმეორებდა გუნებაში, დედამიწისნაირი ცთომილი მთელ სამყაროში არსად მოიძებნებაო. ცვარი ნელნელა ეფინებოდა ირგვლივ ყველაფერს და მათ შორის ცხადია, ფრთოსან მერანსაც. ნამისგან ფრთები დაუმძიმდა, კიდევ უფრო დაბლა დახარა, ასევე ნამიან ველს დააფინა. ნაძერწი სხეული ხომ სველი ჰქონდა და სველი... ამ დროს მეტიჩარა ნიავმა (მართლაც მეტიჩარამ) ჩამოიქროლა და განთიადის მოახლოება ამცნო ყველა სულდგმულს. ფრთოსანმა მერანმაც მხოლოდ ახლა შენიშნა ცის კიდურზე ანთებული ვარდისფერი დაფიონი. მაშინვე მოწყდა ადგილას, მაღლა ცაში აიჭრა, რათა განთიადს მისალმებოდა. ძალიან მაღლა არ ამხტარა, სულ რაღაც ღრუბლების სიამაღლემდე, მეტი არა. იმწამსვე საკუთარ ადგილს დაუბრუნდა მაშინვე. აქ ჩვენ მოგვიხდება ფრთოსანი მერნის კიდევ ერთი საქებარი თვისება გავიხსენოთ; მას ძალიან უყვარს მიწიერი განთიადები. შემთხვევას არ გაუშვებს, არ მიესალმოს, თუ მის თვალსაწიერს მოერგო იგი დედამიწის სანახებში სრბოლისას. ყოველთვის ფართო ნახტომს აკეთებს ამ დროს. ახლაც მიესალმა განთიადს ფრთოსანი მერანი, მაგრამ რა გამოვიდა ამ მისალმებიდან? ნამის ერთი წვეთიც აღარ შერჩა არც ნაძერწ სხეულზე, აღარ ფრთებზე. - ეს რა ჰქენი, - დაუტია ადგილის დედამ ფრთოსან მერანს, - არ შეგეძლო, ცოტა კიდევ მოგეთმინა? ფრთოსანმა მერანმა იგრძნო საკუთარი დანაშაული, თავის მართლებას მოჰყვა, ძალიან მიყვარს მიწიერი განთიადებიო. როგორც კი ვარდისფერი დაფიონი დავინახე, მაშინვე ყველაფერი დამავიწყდაო. კიდევ ბევრი ივიშვიშა ადგილის დედამ, ამდენი ჯაფა და მონდომება, საოცარი ამბების მთელი კრიალოსანი, მთელი ღამე წვეთწვეთობით ნაგროვები ცვარი, სულ ამაო გამოდგა ყველაფერი. მერე ნიავსაც გადასწვდა, ასეთი მეტიჩარა რად ხარო, მაგრამ მაშინვე გაანება თავი. აბა, ნიავს რას გამორჩებოდა... როგორც კი ცოტათი დამშვიდდა, ადგილის დედამ იმაზე იწყო ზრუნვა, წამხდარი საქმე როგორ გამოესწორებინა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც შემდგომ დავინახავთ... მალე მზეც ამოვიდა, სხივების კონები უხვად დააფრქვია ცას თუ მიწას. ყველაფერმა ცინცხალი და საზეიმო იერი მიიღო, როგორც ნამით ბარაქიანად მორწყულ დილას შეეფერება. ხეებზე, ყვავილებზე და მწვანე ბალახზე თვალისმომჭრელად იწყო ბრწყინვა ნამის წვეთებმა, ყველაფერს ეფინა ცვარი. მერანისა და ადგილის დედის გარდა. თვითონ მას ცვარი არ ეკარება... მზემ შეიმაღლა თუ არა, ადგილის დედამ ფართოდ გაშალა ორივე ხელი და გულმხურვალედ სთხოვა ხეებს, ყვავილებს თუ მწვანე ბალახს, დილის ნამი ეწილადებინათ ფრთოსანი მერნისთვის. ამ თხოვნას სრული დუმილი მოჰყვა პასუხად, რომელიც განთიადისწინა მდუმარებას შეერია... ჩანდა, ყველას ძალზე უმძიმდა ცვარის გამეტება. ხეები შეჩქვიფდნენ, კენწერო უხმოდ დახარეს. ყვავილებმა საყვედურით გადააქნიეს თავები. მწვანე ბალახებს ისე ეჭირათ თავი, ვითომც არაფერი გაუგიათ... მკაცრად ნუ განვსჯით მათ. დილის ცვარი მეტისმეტად ძვირფასია მცანრეებისთვის. ნამის წვეთები ნელა, ძალიან ნელა ეშვებიან ზეციდან მიწამდე. ამ აუჩქარებელი მოგზაურობის დროს მათ თან მოაქვთ ის გრძნელუი ნობათი, რასაც ღამეული ცა უძღვნის მათ; ღამის იდუმალი სუნთქვა, ზეციური მდუმარების ექო ნამის წვეთების განუყრელი თანამგზავრები არიან. ამას გარდა, მათში ჩაქსოვილია ვარსკვლავთა ნაირფერი სხივების ნაპერწკლები, მთვარის მარგალიტისფერი ნათელი, ადრეული განთიადის ვარდისფერი ათინათი. წვიმის წვეთებიც არ არიან მოკლებული ყველა ამ სიკეთეს, მაგრამ მათში ეს ყველაფერი ბევრად ნაკლები ძალითაა გაცხადებული. მოწყდებიან რა ღრუბლის ფაფუკ კალთას, წვიმის წვეთები სწრაფად მოიწევენ მიწისკენ და ვერ ასწრებენ სრულად შეიწოვონ ღამეული ცის საჩუქრები. ამასთან ერთად, ნამის წვეთები ოქროს ნაფიფქივით თანაბრად ეფინებიან მცენარეებს, თითქოს დახელოვნებულ ოქრომჭედელს აუკინძავსო, არაჩვეულებრივად ნატიფი ფორმის მძივებით და საყურეებით არიან მორთულები. ნამის წვეთები განსაკუთერბული ძალით ალაღებს და ალამაზებს მცენარეებს ეს ზეციური ნობათი. ამიტომაც გაუძნელდათ ხმის ამოღება, როდესაც ადგილის დედამ დილის ცვარი სთხოვა მათ. ძალიან უნდოდათ ფრთოსან მერანს დახმარებოდნენ, მაგრამ დილის ცვარი არა და არ ეთმობოდათ. საქმეს არასასიკეთო პირი უჩანდა, თითქოს წყალში ჩაიყარა ამდენი ზრუნვა და თავგამოდება. მცენარეები ნებაყოფლობით არ დათმობდნენ დილის ცვარს, მათთვის მეტად ღირებულ ზეციურ ნობათს, სხვანაირად ადგილის დედა ვერ მოიპოვებდა, თვითონ როგორც უკვე ვთქვით, ცვარი არ ეკარება, უკვე იმაზე ფიქრობდა ადგილის დედა, როგორმე კიდევ ერთ ღამისთევაზე დაეყოლიებინა ფრთოსანი მერანი. და ამ დროს თელამ, განზე გამდგარმა, ნამით ერთიანად გაბრწყინებულმა, თქვა, მე გითმობთ ჩემს კუთვნილ ნამის წვეთებსო. აღარც დაუყოვნებია, სიტყვას საქმე მაშინვე მოადევნა; კენძეროდან მოყოლებული, მთელი ტანი ღონივრად შეირხა, პაწია ნაკადულებივით წამოვიდნენ ნამის წვეთები, რომელთაც მაშინვე ხელისგულები შეაგება ადგილის დედამ, ბარაქიანად აივსო ორივე პეშვი, ორივე ფრთა დაუსველა მერანს, საგულდაგულოდ დაუზილა და ფრთებიც ნელნელა ჩამოსცილდნენ მერნის ნაძერწ სხეულს, ყვავილოვან მდელოზე დაეფინა ორივე. და აი, ნამით გაბრწყინებული მდელოს შუაგულში თავმომწონედ დგას ფრთებისგან თავისუფალი, დიდებული ბედაური, ერთიანად უთრთის ნაძერწი სხეული, ორივე ნესტოდან ცეცხლს აფრქვევს, სიმივით დაჭიმულ ფეხებს მალიმალ ინაცვლებს. ჩანს, ძალზე ეჩქარება სამყაროს შორეულ სივრცეებში განავარდება, მაგრამ თავაზიანობის გამო თავს იკავებს, საშუალებას აძლევს თავის მიწიერ მეგობრებს, კარგად შეათვალიერონ იგი, საბოლოოდ დარწმუნდნენ, თუ რა ზედმეტი ბარგი იყო მისთვის ფრთები. ყველამ ერთხმად აღნიშნა, ვინც კი ამ სანახაობას შეესწრო, მართლაც ასე სჯობიაო. მერანმა ნამდვილად უსარგებლო ტვირთი მოიცილაო, ფრთები ფარავდნენ და ამძიმებდნენ მის ნაძერწ, მსრბოლავ სხეულსო. ამას გარდა, მადლობის გადახდაც ხომ საჭიროა... მერანი მხურვალე მადლობას ეუბნება ყველას, ვინც ასე გამოიდო თავი მისთვის. - არაფრის, არაფრის! - ამბობენ ყველანი ერთხმად, მაგრამ ვის ეუბნებიან მადლობას? თვალიც ვერავინ მოჰკრა, მერანი ისე გაჰქრა მათი თვალსაწიერიდან. დამშვიდობების ნიშნად მაინც ხელს უქნევენ თავიანთ უხილავ მეგობარს. მხოლოდ ამით არ დასრულებულა იმდღევანდელი ამბები. როგორც კი მერანი თვალს მიეფარა, ადგილის დედამ აიღო მდელოზე დაფენილი ფრთები, ახლა უკვე უქმი. ნაწილ-ნაწილ დაშალა, დაანაწევრა და მწვანე მდელოზე მიმოფანტულ თელას თესლებს მიამაგრა. ამით გამოხატა თავის მადლიერება ამ მშვენიერი მცენარის მიმართ, რომელმაც დილის ნამი, მისთვის ესოდენ ძვირფასი და სანუკვარი, არ დაიშურა ფრთოსანი მერნისთვის. თუ დაუკვირდებით, თელას თესლი მართლაც ფრთიანია, იმ მშვენიერი, ჯადოსნური ღამის სამახსოვროა ეს საოცრება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მეც მომეწონა, დედააზრი მშვენიერია. ყოჩაღ. მეც მომეწონა, დედააზრი მშვენიერია. ყოჩაღ.
2. მომეწონა +2 მომეწონა +2
1. წავიკითხე, სასიამოვნო წასაკითხი იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ საბავშვოა
იყო რამოდენიმე შეცდომაც, თუ გნებავთ მივუთითებ
ვწერ 5-ს საბავშვოში ჟანრში წავიკითხე, სასიამოვნო წასაკითხი იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ საბავშვოა
იყო რამოდენიმე შეცდომაც, თუ გნებავთ მივუთითებ
ვწერ 5-ს საბავშვოში ჟანრში
|
|
მონაცემები არ არის |
|
|