ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2015


ოქროს ნიამორი

ხანდახან მზის სხივებსაც უყვართ თამაში. ეს მეტად მშვენიერი სანახაობაა, იმდენად მშვენიერი, რომ მასზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, ყველაფერს ისევ საკუთარი თვალით ნახვა სჯობია, ამ მიზნით კი არ უნდა დაიზაროთ და ერთ სისხმა დილით შორს უნდა გასცდეთ ქალაქის ხმაურიან ქუჩებს, თუმცა ამის შემდეგაც კარგა ხანს მოგიწევთ სიარული. უკან მოიტოვეთ გაფურჩქნული ბაღ-ბოსტნები, მოშრიალე ხეივნები, გვერდი აუარეთ მწვანეზე გაშლილ ცხვრის ფარას, მთვლემარე მწყემსებს, დაბღვერილ ქოფაკებს, უფრო მაღლა აიღეთ გეზი. მანამდე არ შეჩერდეთ, სანამ თქვენს წინაშე ობელისკივით მაღალი სალი კლდე არ აიღმართება. ეს კლდე უბრალო არ გეგონოთ, იგი ჯადოსნურია. აი მისი გამოსაცნობი ნიშნები, სხვა რომელიმე კლდეში რომ არ აგერიოთ: ერთი შეხედვით ბუმბერაზ გოლიათს წააგავს, ცის ტატნობზე რომ უძრავად გარინდებულა. შუბლზე ნისლის ფთილა გადაჰფენია. ციცაბო ფერდები სარკესავით უკრიალებს და ეს კრიალა ფერდები გარკვეული კუთხითაა დახრილი დედამიწის სიბრტყის მიმართ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც სულ მალე ცხადი გახდება...
მალე მზეც ამოსხლტა ცისკიდურს მიღმა, ჯადოსნურ კლდეს ოქროს სხივების ჯიღა დაადგა, სიზმარივით გააქრო იქვე მოფარფატე ნისლი, ძვირფასი თვლებივით ააბრჭყვიალა დილის ნამი. ეს მართლაცდა უმშვენიერესი, მაგრამ ჩვეულებრივი სურათია, ჯერჯერობით უჩვეულო არაფერი ხდება, მაგრამ აი, მზემ შეიმაღლა. მის სხივებს ელვარება მოემატა. სხივების კონები ახლა არა მარტო კლდის შუბლს, თვითკლდის ფერდებსაც დაეფინა. თან ეს კონები სულ უფრო დაბლა იხრებიან იმის კვალობაზე, თუ რამდენად მაღლა იწევს მზე. დგება წამი, როცა მზის სხივების დახრილობა დაემთხვევა სალი კლდის ფერდების დახრილობას, სასწაულებიც მაშინ იწყება...
აი, მზის სხივი დასხლტა სალი კლდის ფერდზე. როგორც ვიცით ყველა სხივი სწორხაზოვანია ისარივით. ეს ცხადია მზის სხივსაც ეხება. უცბად, თითქოს ცეკვა მოესურვაო, მოქნილი ოქროსფერი წკნელივით შეირხა და გადაიზნიქა. რქოვან რკალებად გარდაისახა. თვალდათვალ შეიკრა მერე ეს რკალები. თამაშ-თამაშით დაცურდა სალ კლდეზე, თან რამდენჯერმე გადაკოტრიალდა და, როცა კლდის ძირას დაეშვა, მწვანე მდელობზე ოქროს ბატკანმა იწყო ბაკუნი.
მიჰყვნენ მერე დანარჩენი სხივები იმ პირველ მოცეკვავე სხივს, თითქოს მობეზრდათო უზადო სწორხაზოვანი ფორმა... ჯერ ლერწმებივით შეირხნენ და სხლტებოდნენ კლდის ფერდებიდან, მერე ოქროვან რკალებად იკერებოდნენ, თითქოს თვით სინათლე ქსოვდა ნაირნაირ სხეულებს. ისინიც რამდენჯერმე გადაკოტრიალდებოდნენ კლდის დამრეც ფერდზე და ასე თამაშ-თამაშით ეშვებოდნენ ძირს. საკმარისი იყო მწვანე მდელოსთან ოდნავი შეხება და თქვენს წინაშე უმშვენიერესი ოქროს სხეული იწონებდა თავს. ასე მიჰყვა ოქროს ბატკანს თიკანი, ბომბორა ძაღლი, ცხადია, ისიც ოქროსი. ოქროს ირემი, ოქროს მგელი, ოქროს ლომი და სხვაც მრავალი, ყველას რა ჩამოთვლის... ერთი სიტყვით, ყოველგვარი ცოცხალი არსება, რაც კი მზის ქვეშ გაჭაჭანებულა, ოქროს სხეულად გარდასახული იწონებდა თავის ჯადოსნური კლდის ძირას. ოქროს ფრინველებიც გამოერივნენ მათში, ისინი ცხოველებთან შედარებით უფრო სწრაფად სხლტებოდნენ სალი კლდის ფერდებზე, უფრო თამამად ეშვებოდნენ დაბლა ჰაერში ტრიალით, მერე კი ჰერი, გაშლიდნენ ოქროს ფრთებს და დაფრინავდნენ ჰაერში, ოღონდ სალ კლდეს დასტრიალებდნენ თავზე, შორს არ მიუწევდათ გული, მზე ღიმილით დაჰყურებდა თავისი სხივების მშვენიერ ფერისცვალებას. მზე ხომ მუდამ იღიმება, ჰოდა, ამ საოცრების მომსწრე როგორ არ გაიღიმებდა...
ძნელია ყოველივე ამის დაჯერებაო, ალბათ იტყვით. მე კიდევ მინდა გკითხოთ: ოდესმე თუ მიგიქცევიათ ყურადღება, თუ როგორ ჰგავს ერთმანეთს მზის სხივი და ოქრო, ვითომ შემთხვევითია ეს მსგავსება? ძველისძველი სიბრძნე ღაღადებს, ამქვეყნად შემთხვევითი არაფერიაო. ეს მსგავსება იმის ნიშანია, რომ მზის სხივს შეუძლია ოქროს სხეულად გარადასახვა, თანაც ცოცხალ ოქროს სხეულად და არა უმოძრაო ფიტულად. ამიტომაა ეს სანახობა ასე მშვენიერი, ასე გულიანად სწორედ ამიტომ იღიმება მზე. თუმცა თქვენ რომ შესწრებოდით ამ სანახაობას (იმედი მაქვს, რომ ოდესმე ასედაც მოხდება), ვერც თქვენ შეძლებთ გულგრილ მაყურებლად დარჩენას. აბა, როგორ არ გაგეცინებოდათ იმის დანახვაზე, თუ როგორ დარბაისლურად გამობრძანდა მწვანიანზე ოქროს ზღარბი, იქვე ოქროს კუს გადაეყარა და ორივემ აქეთურ-იქითურზე გააბა მუსაიფი, სულ ახლოს გველი ეფიცხებოდა მზეს, მის გვერდით ოქროს თხა და ოქროს მგელი დაობდნენ რაღაცაზე. თხა ხომ ძალზე ჯიუტი ცხოველია, არც მგელი უთმობდა, დიდი გაწევ-გამოწევა ჰქონდათ. ბოლოს მაინც მორიგდნენ და ერთად იწყეს დაჭერობანას თამაში. ცოტათი მოშორებით ოქროს ირემი გარინდულიყო, თითქოს სურათის გადასაღებად ემზადებაო, ქორბუდა რქები ოქროს ჯიღასავით ედგა თავზე. მალე ოქროს ავაზამ გადმოჭიმა ყირა და კინაღამ გველი მოიყოლა ქვეშ. იმანაც დროზე უგანა, ოქროს სპილოს შემოეხვია ხორთუმზე. მანაც მაღლა შემართა ოქროს ხორთუმი, რომელიც თითქოს გაორმაგდა. იქვე ოქროს ფარშევანგი დაგოგმანობდა, კუდს ხან მაღლა გაშლიდა, ხან დაკეცავდა, თან თვალს აქეთ-იქით ავლებდა, აბა, თუ მიყურებენო. და ვინ ჩამოთვლის, რამდენი ოქროს არსება იწონებდა თავის იმ დღეს სალი კლდის ძირას. ყველანი ერთად ანცობდნენ, ლაღობდნენ, ეს მათი ზეიმის დღე იყო. თვითონაც ხარობდნენ და სხვებსაც ახარებდნენ, მოსწორნდათ მწვანიანზე თამაში...
ცხადია, ოქროს ნიამორიც გამოერია მათში. აბა, უამისობა როგორ იქნებოდა, ჩვენი ზღაპრის გმირი ხომ სწორედ ისაა. ისიც აბაკუნებდა მწვანიანზე, ძალიან მოეწონა აქაურობა. ის კი არადა, მგონი ყველაზე მეტად მოეწონა. ძალიან გალაღდა, ისედაც ტანმსუბუქი და ლაღი. ყველაზე უფრო ფართო ნახტომებს აკეთებდა. ოდნავღა თუ ეხებოდა მიწას თავის კოხტა ჩლიქებით და აქვე ზამბარასავით სხლტებოდა, კვლავ ახალი ნახტომისათვის მზადმყოფი. ერთ-ერთი ასეთი ნახტომის დროს ოქროს ნიამორი შორს გასცდა სალ კლდეს და შემთხვევით ერთმა პატარა ბიჭმა მოჰკრა თვალი.
- ოქროს ნიამორი! - შესძახა ბავშვმა და თვალები სიხარულით გაუბრწყინდა.
ნიამორი მიხვდა, საკუთარი თავი გავეციო. დაჰკრა ფეხი, კვლავ სალ კლდესთან გაჩნდა, თავის ოქროს თანამოძმეებთან, ისევ მოჰყვა კუნტრუშ-თამაშს, ოღონდ იმ ბავშვის გაბრწყინებული თვალები არ შორდებოდა გონებიდან. უცბად შედგა, სალ კლდეზე აირბინა, მზისკენ მიაბრუნა თავი და მოკრძალებით სთხოვა, ნება მომეცი გრძნეული დღის გასრულების შემდეგაც დავრჩე დედამიწაზეო.
- მე არავის არაფერს ვუკრძალავ, - ღიმილით თქვა მზემ, - მთავარია, თვითონ გერჩოდეს გული.
- კი მაგრამ, როგორ? - იკითხა ოქროს ნიამორმა, - რა უნდა ვიღონო?
- აი, ამას კი თვითონ უნდა მიხვდე, - თქვა მზემ და იქვე დაუმატა, არის ამქვეყნად ზოგიერთი რამ, რომელიც ყველამ თვითონ უნდა მოისაზროს, სხვისი რჩევა არ უნდა დასჭირდესო.
ოქროს ნიამორი დაფიქრებული გასცილდა მზეს. თავს იმტვრევდა, ნეტავი მზის სიტყვები რას უნდა ნიშნავდესო. უცბად მის ცხვირწინ ოქროს ფარშევანგმა გაშალა კუდი.
- არც იფიქრო დედამიწაზე დარჩენა, - გააფრთხილა ფარშევანგმა, თან დრო არ დაუკარგავს, ფართოდ კუდგაშლილმა დავლური ჩამოუარა მწვანეზე, - ეს ძალიან სახიფათოა, მზის სხივებს მხოლოდ გრძეულ დღეს აქვთ ოქროს სხეულად გარდასახვის უნარი. სხვა დღეებში ისინი ვერაფერს შეგმატებენ, თუნდაც დილიდან საღამომდე მზის გულზე იყო მიფიცხებული. ნისლივით განიმქვრევა შენი ოქროს სხეული და აუცილებლად დაიღუპები.
- ეგ მეც ვიცი, - გაეპასუხა ნიამორი, თან ფეხი აუწყო ფარშევანგს. მასთან ერთად გაინავარდა მწვანეზე, - მაგრამ უნდა გითხრა, მეტისმეტად მომეწონა აქაურობა, პირდაპირ მოხიბლული ვარ. ამას გარდა, შემთხვევით ბავშვმა დამინახა და ძალიან გაუხარდა. თითქოს პატარა მზეაო, ისე გაუბრწყინდა თვალი. მეც გამიხარდა, ასეთი სიამოვნება რომ მივანიჭე...
- ყველაზე უფრო მეტად საკუთარი სიხარული უნდა გიხაროდეს, - დამრიგებლურად უთხრა ფარშევანგმა. - ნუღარ დაეძებ ვიღაც-ვიღაცეების გაბრყწინებულ თვალებს. სალ კლდეს შორს აღარ გასცდე. როგორც კი მზე სხივების აკრეფას დაიწყებს, უნდა მოასწრო და სხივის ბილიკზე გადაინაცვლო სალი კლდიდან. რაიმე სხვა გზით მზის წიაღში დაბრუნებას შენ ვეღარ შეძლებ. აი, თვით ოქროს მერცხალიც კი, ასე რომ უყვარს ჰაერში ნავარდი, შორს არ მიფრინავს იმის შიშით, ვაითუ მზის ჩასვლა გამომეპაროსო. ამ დაგავიწყდეს! - აქ ფარშევანგი შედგა, კუდი დაკეცა, რათა მეტი წონა მიეცა საკუთარი სიტყვებისთვის, - ჩვენ, მზის შვილები, მხოლოდ გრძნეულ დღეს ვფლობთ მიწის და ზეცის ბილიკებს.
ოქროს ფარშევანგმა კვლავ გაშალა კუდი და მწვანეზე დაუარა, ნიამორიც მორჩილად მიუყვა. თვითონაც მშვენიერად იცოდა, რაც ფარშევანგმა უთხრა, მაგრამ მაინც მადლობელი იყო შეხსენებისთვის, მშვენიერი სურათი მოქარგეს მწვანე მდელოზე, მერე სხვებიც შეემატნენ, ნამდვილი ფერხული ჩააბეს. ოქროს კუ გაერია მათში. მართალია, კუმ ნაბიჯი აუწყო ფერხულს, მაგრამ მაიც ლამაზი სანახავი იყო. ოქრო ხომ ყველაფერს ალამაზებს ამქვეყნად.
ცეკვავდა ოქროს ნიამორი თავის ოქროს მეგობრებთან ერთად, თავზე ოქროს ფრინველები დასტრიალებდნენ, მზე ოქროვან სხივებს აფრქვევდა და თვალისმომჭრელად აბრჭყვიალებდა მის ულამაზეს სხეულს. ეს ყოველივე ძალზე მშვენიერი იყო, მაგრამ ნიამორს მაინც თვალწინ ედგა ბავშვის გაბრწყინებული თვალები, თან მზის სიტყვებიც არ აძლევდა მოსვენებას, რატომღაც ასე ეჩვენებოდა, მათ შორის რაღაც კავშირიაო.
- ერთხელ კიდევ დავენახვები რომელიმე ბავშვს, - თქვა გულში, მზის ჩასვლამდე ჯერ კარგა დიდი დროა.
ნელ-ნელა განაპირდა, როცა დრო იხელთა, დაჰკრა ფეხი, რამდენიმე ფართო კამარა შეკრა... და მართლაც დაენახვა, ოღონდ ბავშვს კი არა, ერთ მაშვრალ ადამიანს. ჭირნახულს დასტრიალებდა და ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა დაღლილ სახეზე. გაოცება და სიხარული ერთად დაეტყო თვალებში. ოქროს ნიამორის დანახვისას შედგა, ზეცისკენ მადლიერი მზერა მიმართა.
- გმადლობ ზეცაო, ასეთი მშვენიერი ხილვა რომ გამომიგზავნე, ძალა შემმატა მკლავში.
მერე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. მართლაც, უფრო ხელმარჯვედ და ხალისიანად ირჯებოდა.
- როგორც ჩანს, ბავშვების გარდა სხვებსაც უხარიათ ჩემი დანახვა, - თქვა ოქროს ნიამორმა. მასაც გაუხალისდა გული, უფრო ლაღად გაინავარდა, ცოტა ხანში ისევ გაიმეორა თავისი ფანდი და ახლა ხანშიშესულ ქალს გადაეყარა, ტყის პირას ფიჩხს რომ აგროვებდა და წელში ოთხად მოკაკულიყო მძიმე ტვირთისგან. მანაც გაოცებით შესძახა, ოქროს ნიამორიო, ერთხანს უძრავად იდგა, თითქოს თვალს არ უჯერებსო. მერე კი, როცა ეს უცხო ჩვენება გაქრა. ისევ გააგრძელა ნაბიჯი, ოღონდ ბევრად უფრო მხნედ მიაბიჯებდა, თვალები კი საოცრად უბრწყინავდა სიხარულით.
მერე ისევ ბავშვებს გადაეყარა ოქროს ნიამორი. თითქოს ძველ მეგობრებს შეხვდაო. ისე იგრძნო თავი, მოისმინა მათი აღტაცებული ყიჟინა, თვითონაც გაიხარა მათი სიხარულით და ისევ სალ კლდესთან გაჩნდა. საერთოდ, ბავშვებთან შეხვედრა ჯობდა ყველაფერს. თვითონაც ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ლაღობდა. თუმცა არც პოეტთან შეხვედრა იყო ურიგო; ო, როგორ გაუხარდა მისი დანახვა. აღფრთოვანებული სიტყვებით მიმართა. ეძახდა, ევედრებოდა, ცოტა მეტ ხანს დააყოვნე ჩემთან, ჩემს ლექსებს სიცოცხლე და სილამაზე შთაბერეო. ოქროს ნიამორმა არ დაუშვა მისთვის გამონაკლისი, მიუხედავად ხვეწნა-მუდარისა, სხვაზე მეტხანს არ დარჩენილა მასთან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პოეტისათვის, რომ მშვენიერი ლექსი შეექმნა ოქროს ნიამორის შესახებ, სხივმოსილ მოჩვენებასავით რომ გაიელვა მწვანე ხეებს შორის და ელვის უსწრაფესად გაქრა. ახლა მხატვრებს არ იკითხავთ, როგორ უხაროდათ ოქროს ნიამორის დანახვა? გადაჭარბებული სულაც არ იქნებოდა, თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა ნამდვილი ზეიმი იყო მათთვის. თითქოს ცოცხლდებოდა მათი ნახატი, ნიამორის ნახტომივით მსუბუქი და ლაღი ხდებოდა მათი მონახაზი, ფერები კიდევ ცისარტელასავით იწყებდნენ ელვარებას. თუნდაც მუსიკოსები ვთქვათ. სხვებზე ნაკლებად არც მათ უხაროდათ ასეთი უცხო არსების ხილვა, როგორც ოქროს ნიამორია. ნამდვილ ოქროს სიმფონიებს ქმნიდნენ მისი ეშხით და ლაზათით მოხიბლულები.
ძალიან ფრთხილობდა ოქროს ნიამორი, წამზე მეტ ხანს არსად შეჩერებულა, ფარშევანგმა ბოლოს მაინც შეამჩნია რაღაც, მრავალმნიშვნელოვნად გადმოხედა და ჩაილაპარაკა: მშვენივრად ცეკვავს ჩვენი ოქროს ნიამორი და გულით ვისურვებდი, მომავალ ჯადოსნურ დღეებშიც შეძლოს ჩვენთან ერთად ცეკვა, მაგისთანა მეწყვილის დაკარგვა არ მინდაო. ნიამორმა ვითომ ვერაფერი გაიგო, მზეს მიაპყრო თვალი. მზის ჩასვლამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი, კიდევ ბევრჯერ შეძლებდა თავის ნაცადი ფანდის განმეორებას. ბევრ ვინმეს დაენახვებოდა და გაახარებდა.
მზე უკვე დასალიერს უახლოვდებოდა, როდესაც ოქროს ნიამორი თეთრი თმაწვერით შემოსილ, ხანშიშესულ მწყემსს გადაეყარა. იქვე ცხვრის ფარა ძოვდა. მწყემსმა გაოცებით წამოიყვირა, მაშინვე წამოხტა და გულხელი მლოცველივით დაიკრიფა.
- მთელი ცხოვრება ვნატრობდი შენს ნახვას, - ათრთოლებული ხმით თქვა მწყემსმა, - მთაში თუ ბარში, სულ მუდამ დაგეძებდი. მჯეროდა შენი არსებობა. თუმცა მხოლოდ ზღაპრის გმირად გსახავენ. მადლობელი ვარ, ცხოვრების მიწურულს მაინც რომ გნახე.
მოხუცებულ მწყემსს ნაკადულივით წასკდა სიხარულის ცრემლი. ოქროს ნიამორი შეცბა. ჯერაც არავის ეტირა მისი დანახვისას, აქ შეყოვნდა ოქროს ნიამორი. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტა ჰქონდა დარჩენილი. ოქროს ჩლიქებით აბაკუნდა მოხუცი მწყემსის წინაშე, მბზინავი კისერი მოიღერა, შემომხედე და გაიხარეო.
- დარჩენილ წლებს გამილამაზებს შენი ნახვით მოგვრილი სიხარული, - თქვა მოხუცებულმა მწყემსა, - ოღონდ ერთსა გთხოვ და უარს ნუ მეტყვი: ამ მთის გადაღმა ჩემი შვილიშვილები ცხოვრობენ, ბევრჯერ მიამბნია მათთვის ზაღაპარი შენს შესახებ, თუმცა ყოველთვის ვეუბნებოდი, ხანდახან ზღაპარიც სინამდვილედ იქცევა-მეთქი. ამიტომ თვალი ფართოდ გაახილეთ, არ გამოგეპაროთ, თუ შემთხვევით სადმე გადაეყრებით მშვენიერ ოქროს ნიამორს. თითქოს სჯეროდათ ჩემი სიტყვები, მაგრამ ვატყობდი, ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდნენ, გასწი მათთან, იმათაც დაენახვე, შენს არსებობაში ეჭვს აღარასოდეს შეიტანენ.
ოქროს ნიამორი მოხიბლა მოხუცი მწყემსის გულმხურვალე სიტყვებმა, ყურადღებით მოუსმინა და მერე მზეს უსწორა ფიქრიანი მზერა. უკვე სალ კლდესთან უნდა ვიყოო, გაივლო გულში, თუ დამაგვიანდა, ვეღარ დავბრუნდები მზის წიაღში.
მოხუცმა მწყემსა შეატყო ყოყმანი.
- მე ვიცი, იშვიათად ეშვებიან მიწაზე მზის შვილნი, - მიმართა მან მის წინაშე მობაკუნე უცხო ჩვენებას. - კიდევ როდისღა მოგვეცემა ასეთი მარჯვე შემთხვევა... დაენახვე პატარებს. ტყის პირას განმარტოებით დგას მათი სახლი, ადვილად იპოვი, მთელი სიცოცხლე თან გაყვებათ შენი დანახვით მოგვრილი სიხარული. სიმსუბუქე შეემატება მათ ნაბიჯს, მათ თვალებს კი არასოდეს მოაკლდებათ ხალისიანი იერი, თუნდაც უღიმღამო და მქისე გახდეს ის ძნელი ბილიკი, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.
სულ ერთი წამით იფიქრა ოქროს ნიამორმა, მერე კი ადგილს მოწყდა. თავის თავსაც კი გადააჭარბა. ფართო ნახტომები მოხატა ჰაერში. მალე მიაგნო ტყის პირას განმარტოებულ სახლს. წამიც და უკვე ეზოში აბაკუნებდა მბზინავ ჩლიქებს, მაგრამ ბედი არ გინდა? უკაცრიელს ჰგავდა იქაურობა, არც ბავშვები თამაშობდნენ, არც მოზრდილთაგან ჩანდა ვინმე. მიიხედ-მოიხედა ნიამორმა. მიწაყრილი შენიშნა, რომელზეც კალათებს აპირქვავებდა ორი ბიჭუნა. იქვე ჭას თხრიდა მათი მამა და უკვე ჭის სიღრმეში ჩასული, ბიჭებს მიწას აწოდებდა თავზე გამობმული კალათით. ცარიელ კალათს ისევ ჭაში უშვებდნენ ბიჭები.
ოქროს ნიამორმა ირგვლივ შემოურბინა მიწაყრილს, მაგრამ ბავშვებმა ვერ შეამჩნიეს იგი, მთელი ყურადღება ჭისკენ იყო მიმართული. მზე კი სულ უფრო დაბლა ეშვებოდა ცისკუდრზე.
ოქროს ნიამორმა ზეცას ახედა, საცაა მზე მიიმალებოდა, დრო იყო მისკენ აეღო გეზი. ისკუპა ოქროს ნიამორმა, მაგრამ შუა ნახტომში შეჩერდა, თვალწინ დაუდგა მოხუცი მწყემსის ცრემლიანი თვალები, ვეღარ შეძლო მზისკენ გაფრენა. რაკი კლდის ნაცვლად მიწაყრილზე შეკრა კამარა, ნამიან მიწის გოროხებს დააბჯინა მბზინავი ოქროს ჩლიქები, ბავშვებს სახეში ბრიალა თვალები შეანათა, თითქოს ეკითხებოდა, ახლაც ვეღარ მხედავთო?
- ოქროს ნიამორი! - დაიყვირა ერთმა ბიჭუნამ, გაოცებისგან კალათა ხელიდან გაუვარდა, თვალები ფართოდ დააჭყიტა.
- აბა სად? - იკითხა მეორემ. მოიხედა და ისიც გაოცებისგან გაშეშდა.
ხმისამოუღებლად შეყურებდნენ ბავშები, უჭირდათ დაეჯერებინათ, მაგრამ თვალით ნანახს სად წაუვიდოდნენ, ნამდვილად ოქროს ნიამორი დაბაკუნობდა მათ ეზოში.
- რა დაგემართათ, კალათა რატომ აღარ მომაწოდეთ! - მოისმა ხმა და ჭიდან თავი ამოყო ბიჭუნების მამამ. მანაც გაოცებით წამოიყვირა, მოასწრო დაენახა ოქროს ნიამორი, ოღონდ სულ ცოტა ხნით. ნიამორი მეტს ნამდვილად ვეღარ დაიცდიდა, დაჰკრა ფეხი, მშვილდივით ასხლტა მაღლა, მთის მიღმა გაუჩინარებულ მზეს გამოუდგა. არაჩვეულებრივად ფართო ნახტომებით გაჰკვეთა სივრცე. ელვის უსწრაფესად გაჩნდა სალ კლდესთან, ერთი სიტყვით, ცდა არ დაუკლია, მაინც დააგვიანა. სალი კლდის ფერდებზე აღარსად ჩანდნენ მისი ოქროს მეგობრები, უკვე მოესწროთ და მზის სხივებზე გადაენაცვლათ, ჩამავალი მზისკენ ისწრაფოდნენ თამაშ-თამაშით.
ისკუპა ოქროს ნიამორმა, მაგრამ ვეღარ მიწვდა მზის მანათობელ ბილიკებს, მეტად მაღლა აკრეფილიყვნენ ისინი. ცოტაც და მზის ბადრო სრულიად გაქრა, მას მიყვა ოქროს სხეულებივით დახუნძლული სხივებიც. ოქროს ნიამორი ვეღარ შეუერთდა მათ. დარჩა მიწაზე, ყურებჩამოყრილმა მიიარ-მოიარა სალი კლდის შემოგარენი. ო, როგორ დაცარიელებულიყო აქაურობა! თურმე როგორ ალამაზებდნენ ამ მწვანე მოლს მისი ოქროს მეგობრები.
ოქროს ნიამორმა დაღონებით შეაქცია სალ კლდეს ზურგი, ვეღარ გაუძლო ამ სიცარიელეს. უთავბოლოდ იწყო ხეტიალი. აუჩქარებლად მიბაკუნობდა, აღარსად ეჩქარებოდა, სალ კლდესთან აღარ ელოდა მაცოცხლებელი მზის სხივები. გონებაში სულ ფარშევანგის სიტყვები უტრიალებდა, დილის ნისლივით განიმქრევიო.
- ალბათ მართლაც ასე მოხდება, - ფიქრობდა იგი, - ჩემი ბრალია, უჭკუოდ მოვიქეცი, თუმცა უნდა ითქვას, ძალიან გავახარე ის ორი ბიჭუნა, ჭას რომ თხრიდნენ.
ნიამორს ფიქრის ძაფი გაუწყდა, რაღაც ხმაური შემოესმა. დროზე მოასწრო ბუჩქის უკან მიმალვა. სევდიან ფიქრებში ჩაფლულს არც კი გაუგია, თუ რა შორს გასცილებია სალ კლდეს, კარგად გატკეპნილ ბილიკზე ამოეყო თავი. მან დაინახა ის ორი ბიჭუნა, მამასთან ერთად გაცხარებით მიიჩქაროდნენ სადღაც. საპირისპირო მხარესაც მოისმა ნაბიჯების ხმა და ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი მწყემსი გამოჩნდა.
- ჩვენ შენთან მოვდიოდით, პაპავ, - მისცვივდნენ ბავშვები, - გვინდოდა გვეთქვა ოქროს ნიამორი ვნახეთ.
- მეც მოვკარი თვალი, - დაუმატა მამამ.
- ის ხომ მე გამოვაგზავნე თქვენთან, - თქვა მოხუცმა მწყემსმა, - მინდოდა გამეგო, ნახეთ თუ არა. დავაბინავე ცვარი და მაშინვე თქვენსკენ გამოვწიე.
ბიჭებს გაოცების შეძახილი აღმოხდათ, ამ საოცარ დღეს ნამდვილი სასწაულები ხდებოდა, მხოლოდ ის იყო, მხედველობიდან არ უნდა გამოჰპარვოდათ.
- მე კი მეგონა, მხოლოდ ზღაპრებში იყო ოქროს ნიამორი, - აღტაცებით ამბობდა ერთი ბიჭუნა.
- მეც ასე მეგონა, - თქვა მეორემ, - ახლა კი ვიცი, მწვანე ტყეში ნამდვილად დაბაკუნობს ოქროს ნიამორი.
- მე სულ ერთი წამით მოვკარი თვალი, - თქვა მამამ, - მაგრამ მაინც ეჭვი არ მეპარება მის არსებობაში, ძალიან ცხადად დავინახე.
- მას მზისკენ ეჩქარებოდა, - თქვა მოხუცმა მწყემსმა, - მეტს ვეღარ დაიცდიდა, ნამდვილად ვიცი ისევ გვესტუმრება. კიდევ უფრო ცხადად ვნახავთ ყველანი.
- ცხადია, კიდევ გვესტუმრება, - ახმაურდნენ ბიჭები, - ო, როგორი ლამაზი იყო, როგორ უბზინავდა ოქროს სხეული...
- რა მემართება? - გაიკვირვა ოქროს ნიამორმა, - რა მინდა ამ სიმაღლეზე?
თავისდაუნებურად ისე მაღლა შეხტა სიხარულისგან, რომ ლამის მწვანე ხეს გადაახტა, როცა ეს ყველაფერი მოისმინა.
მალევე მოისაზარა, მეტი სიფრთხილეა საჭირო, ხის უკან მიიკუნჭა. გული სიხარულით უძგერდა. მთელი სხეული უთრთოდა. ძალიან ბედრიერი ვარ, რომ ასე გიხარიათ ჩემი ნახვაო, ფიქრობდა იგი, ოღონდ ახლა კი სჯობია დაგემალოთო. არ მინდა ნახოთ, თუ როგორ ნისლივით გავქრები. მაშინ იფიქრებთ, მართლა ნისლი ყოფილაო და ძველებურად ურწმუნონი გახდებით.
ნიამორი საიმედოდ იყო მიკუნჭული, სანამ ბავშვები და მათი მამა-პაპა არ მიიმალნენ, მათი ხმებიც მიწყდა, მაშინღა გამოვიდა სამალავიდან, გული სიამით უჩქროლავდა, მბზინავ ჩლიქებს ცეკვა-ცეკვით მიაბაკუნებდა.
თანდათან ჩამობნელდა, მზის ოქროსფერი არილი სულ მთლად მიინავლა, ოქროს ნიამორი კინაღამ ისევ შეიპყრო სევდამ, მაგრამ ახლა უკვე იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო: ერთიმეორის მიყოლებით გაიხსენა, თუ რამდენი ვინმე გაახარა ამ დღეს თავისი გამოცხადებით. იხსენებდა მათ გაბრწყინებულ თვალებს და გული თვითონაც სიხარულით უჩქროლავდა.
- ერთს ვნანობ მხოლოდ, - თქვა გულში ოქროს ნიამორმა, - სჯობდა, უფრო მეტ ადამიანს დავენახე. იმდენი დრო არ უნდა დამეხარჯა მწვანე მოლზე ცეკვისათვის, სასიხარულო ამბებსაც უფრო მეტს გავიხსენებდი, სანამ ჩემი სხეული ნისლივით განიმქვრევა.
აქ ნიამორმა გაფაციცებით დახედა საკუთარ სხეულს, სიმივით დაჭიმულ კლანჭებს, მბზინავ ჩლიქებს, ნაქანდაკარ ზურგს, ჯერჯერობით მათ არაფერი ეტყობათ საიმისო, ოდნავადაც არ შეცვლილან.
ასე დაათენდა თავზე ხის უკან მიკუნჭულს. ღამის ბინდი გაიცრიცა, ცას ნათელი მოეძალა, ოქროს ნიამორი, თავსდა გასაკვირად, კვლავ აბაკუნდა მწვანე მდელოზე. ყელი მოიღერა. საგულდაგულოდ დაათვალიერა საკუთარი სხეული, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე იყო. მის ოქროს კიდურებს არაფერი ეტყობოდა გაქრობა-დამცრობისა.
მალე მზეც ამოვიდა. თვალებბრიალა, მომღიმარი. ოქროს ნიამორი მაშინვე მიესალმა მზეს. ის მუდამ ძალზე თავაზიანი იყო, რაც თვით გაქრობის შიშმაც კი ვერ დაავიწყა. მერე ცოტა იფიქრა და დაუმატა, მეგონა ერთმანეთს ვეღარ ვნახავდითო.
- მერედა, რატომ გეგონა, ასე? - ჰკითხა მზემ ღიმილით და როგორც ოქროს ნიამორს მოეჩვენა, ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
- მე ხომ ღამით მიწაზე დავრჩი, ვეღარ მივუსწარი სხივების ბილიკს. მთელი ღამე დამცრობა-გაქრობას ველოდი.
- ეგ, რა გულუბრყვილო ხარ, - ამოიოხრა მზემ, - შენ ხომ სხვისი სიხარული გიხაროდა...
- მერედა რაო? - გაოცებით იკითხა ოქროს ნიამორმა, მართლაც ვერაღერი გაეგო.
- როდესაც სხვისი სიხარული გიხარია, მაშინ ჩემი სხივი ანთია შენში, - უპასუხა მზემ და ალერსიანად მოეფინა მბზინავ კისერზე.
- აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, - ჩაილაპარაკა ოქროს ნიამორმა და კვლავ ყურადღებით შეათვალიერა საკუთარი სხეული, რომელსაც სულაც არაფერი ეტყობოდა დამცრობა-გაქრობისა, პირიქით, კიდევ უფრო გალაღებულიყო. მზე კი ისევ უღიმოდა და ალერსიანად უხსნიდა, რომ ოქროს ნიამორს აღარ უნდა ეშინოდეს, ვაითუ მზის ბილიკს ვეღარ მოვუსწროო. მუდამ მასთან მყოფი მზის სხივი სიცოცხლის დაუშრებელი წყაროა მისთვის, შეუძლია დარჩეს დედამიწაზე, რამდენ ხანსაც მოისურვებს, მერე ისევ დაბრუნდეს მზის წიაღში. მისთვის ღიაა ცისა და მიწის ყველა ბილიკი...
უსმენდა მზეს ოქროს ნიამორი და თვითონაც ვერ გაიგო, ისე აცეკვდა მწვანე მოლზე. მერე მზის სხივის ბილიკზეც გაინავარდა. თითქოს უნდოდა, მზის სიტყვებში ბოლომდე დარწმუნებულიყო. ცხადია, ეჭვი ოდნავადაც არ შეპარვია, უბრალოდ, სიხარულს მისცა გასაქანი. მერე ისევ მწვანიანზე დაეშვა. დახტოდა, ლაღობდა, ჰაეროვან კამარას ჰკრავდა. ახლა მას უკვე საკუთარი სიხარული უხაროდა და ალბათ, ჰქონდა კიდეც ამის უფლება.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები