ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
19 ივლისი, 2015


გრძნეული ალის საჩუქარი

უდაბურ, ქვაღორღიან ადგილას ერთი ყოვლად უწყინარი, ჩუმი ქონდრისკაცი სახლობდა. ძალზე უღიმღამოდ გამოიყურებოდა იქაურობა, რამდენიც არ უნდა გევლოთ, მცენარის ნასახსაც ვერ წააწყდებოდით. არც ბალახი ღაღანებდა მწვანედ, არც მაღალი ხეები შრიალებდნენ, არც ყვავილები იფურჩქნებოდნენ.
ალბათ იტყვით, რა მოსაწყენი ცხოვრება ექნებოდაო ქონდრისკაცს.
ცდებით. ქონდრისკაცი შესანიშნავად გრძნობდა თავს. მას სულით და გულით უყვარდა ეს ქვაღორღიანი ადგილები, როგორც თავისი სამოსახლო. ამ სიყვარულის წყალობით კი იქაურობა სულაც არ გამოიყურებოდა ულამაზოდ. მისთვის რომ გეკითხათ, სრულიად გულწრფელად გიპასუხებდათ, ეს ნახევრად უდაბნო აგილები დედამიწის უმშვენიერესი კუთხეაო. მართალიც იქნებოდა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ჩემო პატარა მკითხველებო, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ულამაზო ადგილები. ჩვენი ცთომილი ყველგან მშვენიერია, ოღონდ ამ მშვენიერების დასანახად ის ჯადოა საჭირო, რასაც მშობლიური ადგილის სიყვარული ჰქვია.
გამუდმებით მარტო ყოფნამ სიტყვაძვირობას შეაჩვია ქონდრისკაცი, ჩუმად უჭვრეტდა გარემოს და ათასი ფიქრი გაუვლიდა ხოლმე თავში.
ასე რომ, ქონდრისკაცი კმაყოფილი იყო თავისი ბედით, სანამ ერთ მეტიჩარა თაგუნას არ გადაეყარა.
- მიკვირს, აქ როგორ ძლებ, - მიახალა თაგუნამ შეხვედრისთანავე, - დღისით საშინლად ცხელა. ღამე ისე ცივა, ზამთარი გეგონება. მეზობლადაც არავინ გყავს, კალია თუ გადაგიფრენს ხანდახან თავზე.
კალია დაბარებულივით გამოჩნდა თაგუნას სიტყვებზე. მოსაუბრეების დანახვისას დაბლა დაეშვა, შორიახლოს ქვიშაზე გაირინდა. მოსაუბრეებს უდაბნოში იშვიათად გადაეყრები, კალია კი ძალზე ცნობისმოყვარე გახლდათ.
თაგუნა თავისას აგრძელებდა: - მერე რა ულამაზოა აქაურობა მწვანე ტყეს კი არ ჰგავს...
და თაგუნა მოჰყვა მწვანე ტყის ქებას, სადაც თურმე სორო ჰქონდა. იქ ლაღად შრიალებენ ტანაყრილი ხეები, მწვანე მოლზე ყვავილები იფურჩქნებიან. ჰაერი მუდამ საამური და გრილია, აქაურ ხვატს კი არ ჰგავს. საკბილოსაც ყოველ ნაბიჯზე იშოვი...
ქონდრისკაცი სულგანაბული ისმენდა თაგუნას სიტყვებს. მწვანე ტყეში თვითონაც იყო ნამყოფი, იცოდა მისი მშვენიერების ამბავი. იმის თქმა კი, აქაურობაც თავისებურად ლამაზიაო, მოერიდა ისედაც სიტყვაძვირს, - ტრაბახში არ ჩამომართვანო. ვერც ის შეჰკადრა თაგუნას, თუ აქაურობა არ მოგწონს, ნეტავ ვინ გიჭერსო. თავს მასპინძლად თვლიდა და უხერხულობას გრძნობდა, მდგომარეობა რომ ვერ შეუმსუბუქა სტუმარს, როგორც კარგ მასპინძელს შეეფერება.
თაგუნამ გული მოიჯერა წუწუნით და ქვიშის ქექვას მოჰყვა, იქნებ რაიმე საკბილო ეშოვნა, თანამოსაუბრეთა ჯიუტი დუმილი არაფრად ჩაუგდია.
შემდგომი შეხვედრისას თაგუნამ კიდევ უფრო მოურიდებლად გაკიცხა იქაურობა.
- არა, აქ ცხოვრება შეუძლებელია, - წუწუნებდა იგი.
კარგა ხანს გაგრძელდა ასე. მეტიჩარა თაგუნა სულ წუწუნებდა და იქაურობას იწუნებდა. ქონდრისკაცი სულ ჩუმად იყო, ღრმად ჩაფიქრებული. ჩანდა, მის არსებაში რაღაც აზრი მწიფდებოდა. მხიარული ხასიათით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ სისი დანახვისას იტყოდით, ახლა ნამდვილად დიდ საგონებელს მისცემიაო.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა თაგუნამ ის-ის იყო პირი გააღო, რათა ჩვეულებისამებრ აწუწუნებულიყო, ქონდრისკაცი ადგილიდან მოწყდა და შორეული მწვანე ტყისკენ უკანმოუხედავად გაიქცა. სულ მალე მიეფარა თვალს, ისე ჩქარობდა. თაგუნამ და კალიამ ქონდრისკაცს თვალი გააყოლეს, მერე ერთმანეთს მიაჩერდნენ გაოცებულები, ნეტავი ჩვენს მეზობელს რა დაემართაო. ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს, რომ სადღაც შორს გამოჩნდა მწვანე წერტილი, რომელიც სწრაფად მოიწევდა მათკენ. მალე მოახლოვდა, გაიზარდა და სანამ თაგუნა და კალია გონს მოვიდოდნენ, მათ წინაშე მშვენიერი მწვანე ბუჩქი აღიმართა, მის მიღმა ქონდრისკაცი იჭვრიტებოდა.
- სულ ტყუილად ამოგითხრია ეს ბუჩქი, - აწუწუნდა თაგუნა, - აქაურ ხვატს რომელი მცენარე გაუძლებს.
- თანაც რა ეკლიანია, - შენიშნა კალიამ.
მაგრამ ჩვენს ქონდრისკაცს მათგან არაფერი ესწავლებოდა. ტყუილად როდი გაატარა ამდენი დღე ფიქრებში ჩაფლულმა. მართლაც მშვენიერი რამ მოიფიქრა. უპირველეს ყოვლისა ეკლები სათითაოდ დააძრო ბუჩქს და ცალკე დააწყო. მერე ისევ ბუჩქს მიუბრუნდა, ერთიანად მიამტვრ-მოამტვრია, შეკუმშა, ღერო და ფოთლები ერთმანეთში გადაზილა და როგორც პლასტელინი გინახავთ, ისე მოაგუნდავა თავის ღონიერი ხელებით.
ამგვარად, მწვანე ბუჩქისგან მწვანე გუნდა გამოვიდა.
როცა ყველაფერს მორჩა, აიღო ეკლები და მწვანე გუნდას ჩაურჭო ყოველი მხრიდან. მერე ეს უცნაური ქმნილება ქვიშაში ჩარგო და თაგუნას გადახედა ცნობისმოყვარე თვალით. ეგონა, კმაყოფილი დარჩებაო. აკი მისი გულისთვის გამოიდო ასე თავი.
თაგუნას ცხვირი განზე გაეწია და დამცინავად ქირქილებდა.
შემკრთალმა ქონდრისკაცმა კალიას გადახედა: - რაც არ უნდა იყოს, ძველი ნაცნობები ვართ, იქნებ ერთი სიტყვა მაინც შემაწიოო.
კრინტიც არ დაუძრავს კალიას. გადმოკარკლული თვალებით შემოჰყურებდა, ელოდა ნეტავ კიდევ რა მოხდებაო.
ეს კიდევ არაფერი. ქონდრისკაცი გაუძლებდა თაგუნას დაცინვას და კალიას უგულობას, უარესი ამბავი რომ არ დამართნოდა. საქმე იმაშია, რომ მთელ დუნიაზე გავარდა ხმა, უდაბნოს ბინადარმა ქონდრისკაცმა ყოვლად უცნაური მცენარე გამოძერწაო. დაიწყო ცნობისმოყვარეთა დენა მის სანახავად. ახლა ვეღარავინ იტყოდა, ეს ქვაღორღიანი ადგილები უდაბურიაო. მთელი დღის განმავლობაში დაუსრულებლად ირეოდნენ მნახველები. იყო გაუთავებელი სჯა-ბაასი ამ უცნაური ქმნილების შესახებ.
- ერთი მითხარით, ღერო სად აქვს ამ მცენარეს? - კითხულობდა შველი და თვალს დამცინავად უკრავდა მნახველებს.
- ერთი ფოთოლი მაინც მომიძებნე, - ქირქილებდა კაჭკაჭი.
- არც ნაყოფი ასხია, - ბუზღუნებდა დათვი.
- მერედა, როგორ იჩხვლიტება, - განზე იწევდა მელა, ლამაზი ქათიბი არ დამიჩხვლიტოსო.
- მართლაც უმსგავსო რამეა, - ერთხმად აგნიასდა ყველა.
ქონდრისკაცი შემკრთალი ისმენდა დაცინვათა უწყვეტ ნიაღვარს, ო, როგორ უნდოდა თავი ემართლებინა, ეთქვა რამე მათთვის, ღერო და ფოთლები იმიტომ გადავზილე, რათა მცენარე ამტანი გამოსულიყო და აქაური ხვატისთვის გაეძლოო, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ეჭვი ღრღნიდა, ნამუშევარი დიდად დახვეწილი არ გამომივიდაო. ერთი პირობა ისიც კი იფიქრა, ქვიშიდან ამოეთხარა და სადმე გადაეგდო ეს უგვანო მცენარე, მაგრამ ვერ გაიმეტა.
ერთხელ იქაურობას გრძნეული ალი ეწვია, მასაც მოეკრა ყური მწვანე საოცნების შესახებ. გაშლილ თმაში ყვავილი ებნია და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაცილებდით. საბრალო ქონდრისკაცი კიდევ უფრო დაიბნა, როცა სხვები ამდენს დასცინოდნენ, რაღას იტყოდა საკუთარი სილამაზით გაამაყებული ალი. ის ხომ შეხედვის ღირსადაც იშვიათად თუ ჩათვლიდა რამეს, საქებარ სიტყვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ალმა ირგვლივ ნარ-ნარად შემოუფრინა მწვანე ეკლიან გუნდას, ყოველი მხრიდან გულდასმით დაათვალიერა.
- ნეტავ რას უწუნებენ ამ მცენარეს, მშვენიერი სანახავია, - ჩიტუნასავით ნაზად ჩაიჟღურტულა ალმა, თმიდან ყვავილი ამოიძრო და მწვანე გუნდას მიამაგრა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ყველანი სადღაც გაქრნენო. მერე ნელ-ნელა ამოიღეს ხმა და ადრინდელმა დამცინავებმა გაუბედავად ჩაილაპარაკეს, მგონი მართლაც არა უშავს რა ამ მცენარესო.
ქონდრისკაცი კი, ...რას განიცდიდა ამ დროს იგი? განა იოლია ამის თქმა? ჯერ საქებარი სიტყვა გრძნეული ალისაგან, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, მერე კიდევ ასეთი ერთსულოვანი აღიარება და მოწონება ყველა მნახველისგან... ეს ყველაფერი ერთად მართლაც მეტისმეტი იყო მისი მოკრძალებული ბუნებისთვის. ,,გმადლობთ~ - ძლივს წაიბუტბუტა პასუხად და ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რაც მან წარმოთქვა მთელი ამ ხნის მანძილზე. რაც შეეხება ალის ულამაზეს საჩუქარს, ამის შესახებ ცალკე უნდა ითქვას: არაჩვეულებრივი სილამაზისა იყო ის ყვავილი. ისე დაამშვენა ეს ეკლიანი საოცრება, ლამის სულ სხვა მცენარედ აქცია. იმ ეკლიან საოცრებას მერე კაქტუსი უწოდეს სახელად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები