| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 27 ივლისი, 2015 |
გვალვამ თითქმის მთლად დააშრო თავისთვის წყნარად მობუტბუტე ნაკადული და რაც გადარჩა, ისიც თავიანთ ეზოში და ბაღ-ბოსტნებში მიუშვეს სიცხისაგან შეწუხებულმა ადამიანებმა. ძალიან გაუჭირდათ ნაკადულის პირას ამოსულ ყვავილებს, თავები უღონოდ ჩაქინდრეს ერთნაირად ფერშეცვლილებმა. ისეთნაირად მოიბუზნენ, თითქოსდა ხშირ ბალახ-ბულახში ეძებდნენ თავშესაფარს, მაგრამ სულ მთლად გამოხუნებულ გახეშეშებულ ბალახს ვერც თავის თავისთვის ეშველა, ვეღარც ყვავილებს რგებდა რაიმეს. სიცხისაგან ისე იყო გამომშრალი, ნიავის ყოველ დაბერვაზე ნემსიყლაპიას ფრთებივით გაჰქონდა შრიალი. მზეს ძალიან ეცოდებოდა მინდვრის ყვავილები. ყოველ დილით, ამოხდებოდა თუ არა ცისკიდურს იქიდან, დამნაშავესავით უღიმოდა ღამის სიგრილით ოდნავ მოცოცხლებულებს. - აბა, რა გიყოთ, ჩემო კარგებო? - ეუბნებოდა სიბრალულით, - განა მე მიხარია, ჩემი სხივები ასე რომ გაწუხებთ. მაგრამ რა ვქნა, სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია. სხივების გამოგზავნა ჩემი ვალია, რასაც ვერაფრით ვერ გავექცევი და ამის ბრალად ნუ ჩამითვლით. სხივები რომ არ გამოგიგზავნოთ, კიდევ უფრო ცუდია თქვენთვის, უარეს დღეში ჩაცვივდებით. ვიცი, ძნელია, მაგრამ ძალა მოიკრიბეთ და კიდევ ცოტა ხანს გაუძელით როგორმე. თქვენსკენაც გამორეკავს ის აშარი ქარი ღრუბლებს, თქვენთანაც მოვა წვიმა. - განა ჩვენ არ გვესმის მაგდენი, განა ჩვენ არ ვიცით, შენ დამნაშავე რომ არ ხარ, მზეო, - ჩურჩულებდნენ ყვავილები და ცდილობდნენ საპასუხოდ თვითონაც გაეღიმათ მზისათვის, მაგრამ რა სიბრალულის მომგვრელი იყო მათი ღიმილი. სიცხისაგან დაჭმუჭნული, მტვრიანი ფურცლები ერთმანეთს ეკვრონენ და ძლივსღა ახერხებდნენ გაშლას. მთვარეს მზეზე ნაკლებად როდი ეცოდებოდა ყვავილები. ნუგეშს და თანაგრძნობას არც ის იშურებდა მათთვის. და რაც მთავარია, ყოველ ღამით ნამს უგზავნიდა, რათა სულ მთლიანად არ დამჭკნარიყვნენ და წვიმამდე როგორმე ეცოცხლათ. - ჯერ ამით მოიბრუნეთ სული, ჩემო ლამაზებო, - სევდიანი ღიმილით ეუბნებოდა მთვარე, - ჯერ ეს იკმარეთ და გულს ნუ გაიტეხთ, სულ მალე მოვა თქვენთანაც წვიმა, უეჭველად მოვა. მადლიერი ყვავილები ხარბად ისრუტავდნენ მაცოცხლებელ ნამს, ცოტა ხნით წელში გაიშლებოდნენ და თვალში გამოიხედავდნენ. მერე ამოვიდოდა მზე, დატრიალდებოდა ხვატი და ისევ ძველებურად ჩამოჭკნებოდნენ ხოლმე. გარდა დილის ნამისა, მთვარე სხვა რამითაც ცდილობდა ყვავილებისათვის ეშველა. ღამის გრძნეული მნათობი, ჯადო-თილისმათა მცოდნე და უთვალავ საგანძურთა მფლობელი, ყოველ ღამით ცვართან ერთად ნატვრისთვალსაც უგზავნიდა ყვავილებს. ნატვრისთვალი შესახედავად ძალიან ჰგავდა ნამის წვეთს, ზუსტად მისი ტოლა იყო და მასავით გამჭვირვალე. გარეგნულად ვერავინ ვერ გაარჩევდა მზეზე აბრჭყვიალებული ნამის წვეთისაგან. ხელს თუ ახლებდით და არ დაიშლებოდა, მხოლოდ ამით მიხვდებოდით, რომ ნატვრისთვალი გიპოვნიათ თურმე და არა უბრალო ნამის წვეთი. როგორც ზღაპრებში ხდება, ის ნატვრისთვალიც მხოლოდ ერთ სურვილს უსრულებდა ადამიანს. სანამ დილის ნამი ბრჭყვიალებდა, ნატვრისთვალი მანამდე იყო ყვავილებთან. ნამის გაშრობის შემდეგ ისიც ქრებოდა, თითქოს ნამთან ერთად აორთქლდაო. მთვარეს იმედი ჰქონდა, ვინმე იპოვნიდა მის გამოგზავნილ ნატვრისთვალს და წვიმას ინატრებდა. აკი ადამიანებსაც ენატრებოდათ წვიმა. ყვავილებსაც იმედი მიეცათ, ვინმე აუცილებლად იპოვნისო ნატვრისთვალს და წვიმას ინატრებსო. მართლაცდა, ყველაფერს კარგი პირი უჩანდა. რა უნდა ყოფილიყო ამაზე უბრალო, ბოლოს და ბოლოს ვინმე შეამჩნევდა ცისარტყელის ყველა ფერებით მოციმციმე ნატვრისთვალს. პირველსავე დილით, როგორც კი ნატვრისთვალი გამოერია ნამის წვეთებში, დიდი, ჭრელი ბურთი მიგორდა დამშრალ ნაკადულთან. თითქოს საგანგებოდ, ბურთი სწორედ იმ ყვავილის გვერდით შეჩერდა, რომლის ფურცლებზეც მთვარის ძვირფასი ნობათი ციმციმებდა. ყვავილებმა თვალები ფართოდ დაჭყიტეს. იცოდნენ, ბურთს ვინმე მოჰყვებოდა უთუოდ. მართლაც, სულ მალე ოფლში გახვითქულმა ბიჭმა მოირბინა. ცოტა მოშორებით ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ თურმე და ვიღაც მოთამაშემ, როგორც იტყვიან, უმისამართოდ დაარტყა. - აიღე, ბიჭუნავ, ნატვრისთვალი და წვიმა ინატრე, - ერთხმად აჩურჩულდნენ ყვავილები, - ისევ იდენს ნაკადული, ჩვენც სულს მოვითქვამთ, შენც თამაშის შემდეგ სასიამოვნოდ გაგრილდები ამ ნაკადულის პირას, მის ანკარა წყალს დალევ. ბიჭუნამ ვერ გაიგონა ყვავილების ვედრება, არც ეცალა მათთვის ყურის საგდებად, სათამაშოდ ეჩქარებოდა. სასწრაფოდ დაავლო ნამისაგან სველ ბურთს ხელი და ტოლებთან გაიქცა. ყვავილებმა ხმა გაკმინდეს, წინანდებურად გაირინდნენ იმედით აღვსილნი. ცოტა ხანში მანქანამ გადმოუხვია გზიდან და შორიახლოს შეჩერდა, მანქანიდან მძღოლი გადმოვიდა, ხელში თერმოსი ეჭირა. იგი სულ ახლოს მივიდა დამშრალ ნაკადულთან და გაოცებით შეჩერდა. - აი, საოცრება, სად გაქრა ნაკადული? - თქვა თავისთვის, - ამას წინათ აქ თერმოსი ავავსე, ისეთი გემრიელი, ცივი წყალი იყო. - გვალვამ დააშრო ნაკადული, რაც დარჩა, ადამიანებმა თავიანთ ბაღ-ბოსტნებში მიუშვეს, ჩვენამდე ვეღარ აღწევს, - ისევ აჩურჩულდნენ ყვავილები, - აიღე ნატვრისთვალი და წვიმა ინატრე. მაშინ აქამდეც მოაღწევს ნაკადული, ყველას გვეყოფა. შენც აავსებ მაგ თერმოსს, როცა კი მოგწყურდება. ვერც მძღოლმა გაიგონა ყვავილების ხვეწნა. უხმოდ გატრიალდა ხელში ცარიელი თერმოსით. მანქანა დაქოქა და გაემგზავრა. ერთხანს სიჩუმე არაფერს დაურღვევია. მერე ისევ მოესმათ ყვავილებს ხმაური. ეს მოსეირნეთა ჯგუფი იყო, ნაკადულისაკენ მოიჩქაროდნენ. ხელში მოზრდილი ჩანთები ეჭირათ, როგორც ეტყობოდა, საჭმელ-სასმელით სავსე. ისინიც გაოცებით შეჩერდნენ დამშრალი ნაკადულის პირას. - კარგად მახსოვს, აქ ნაკადული იყო, - თქვა ერთმა მათგანმა, - ამას წინათ აქ მოვაწყვეთ პიკნიკი. ნეტავი სად გაქრა? - მერე რა, თუ ნაკადული აღარაა, - გამოეპასუხა მეორე, რომელსაც ხელში ბოთლები ჩაებღუჯა, - დასალევად მაინც არ ვარგა. უმაგისოდაც მშვენიერი ადგილია. სჯობია აქ დავსხდეთ. - კი, მაგრამ წყალი მაინც საჭიროა, - ახმაურდნენ დანარჩენები, - ხან ჭურჭლის გარეცხვა დაგვჭირდება, ხან კიდევ ათასი რამ... ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს. აიღეს თავიანთი ჩანთები და გზა გააგრძელეს სხვა ნაკადულის საძებნელად. ამაოდ ირწმუნებოდნენ ყვავილები, ახლომახლო ნაკადულს ვერსად იპოვით. ისევ ის სჯობია, ნატვრისთვალი აიღოთ და წვიმა ინატროთო. მათი არც ამ ჯგუფს ესმოდა. ცვარის გაშრობას აღარაფერი უკლდა, როცა ვიღაცა მარტოხელა კაცი მოვიდა ნაკადულთან და ნაპირთან ჩამოჯდა. - აფსუს, რა ნაკადული იყო, როგორ დამშრალა, - თქვა დანანებით, - გვალვის ბრალია, სულ გადახრუკა მთელი ქვეყანა. აგერ, ყვავილებსაც როგორ უჭირთ. კაცმა სიბრალულით გადახედა მოწყენილ ყვავილებს, მის ხმაში აშკარა თანაგრძნობა ისმოდა. ყვავილებს იმედი მიეცათ, იქნებ ამან მაინც გაიგონოს ჩვენი ხმაო. წამოყელყელავდნენ, ისეთი ჟრიამული ასტეხეს, ჩქარა, სანამ არ გამქრალა ნატვრისთვალი, აიღე და წვიმა ინატრეო. ვინ იცის, ალბათ გაიგონებდა მართლა ის კაცი. მაგრამ ვერ გაიგონა. ჯიბიდან პატარა ტრანზისტორული მაგნიტოფონი ამოიღო, ჩართო და იქვე გვერდით წამოწვა დასასვენებლად. ყვავილები გაჩუმდნენ, რაღა აზრი ჰქონდა მათ ვედრებას. კაცმა დიდხანს ვერ გაძლო დამშრალი ნაკადულის პირას. აქ უფრო ცხელაო, ჩაილაპარაკა, აიღო მაგნიტოფონი და მუსიკის თანხლებით გაუდგა გზას. მოიწყინეს ნამშემშრალმა ყვავილებმა, თვალები კიდევ უფრო დაბლა დახარეს. - საოცარია, რატომ ვერავინ ამჩნევს ნატვრისთვალს, - შესჩიოდნენ ერთმანეთს, - აკი ასე ლამაზად ციმციმებს მზის სხივებზე! არც ჩვენი ხმა ესმის ვინმეს. რა გვეშველება, ასე თუ გაგრძელდა, დიდხანს ვერც ერთი ვეღარ გავძლებთ. მეორე დილით, როცა ნამი ისევ აბრჭყვიალდა, ყვავილები ისევ მოცოცხლდნენ და იმედიანად აჩურჩულდნენ: აი, დღეს კი ვინმე აუცილებლად იპოვის ნატვრისთვალს და წვიმას ინატრებსო. ის დღეც ისე დაღამდა, ვერავინ შეამჩნია ნატვრისთვალი. შემდეგ დღეებშიც ასე გაგრძელდა. ყვავილები მაინც არ იტეხდნენ გულს. ისევ ფართოდ შლიდნენ დილდილაობით ნამით დაცვარულ ფურცლებს და თუ ვინმე ახლომახლო ჩაივლიდა, მთელი ხმით ეხვეწებოდნენ, ნატვრისთვალი აიღე და წვიმა ინატრეო. - ეეჰ, ტყუილად ირჯებით, - ბუტბუტებდა იქვე ნაკადულის პირას ამოსული მრავალძარღვა. იგი შედარებით უკეთესად უძლებდა გვალვას, ფოთლები მუდამ წვენით სავსე ჰქონდა, - არავინ დაუწყებს ნატვრისთვალს ძებნას ნამის წვეთებში. ამას გარდა, კიდეც რომ იპოვნონ, სულერთია, წვიმას მაინც არ ინატრებენ. - აბა, რას ინატრებენ? - კითხულობდნენ გაოცებული ყვავილები, - ამისთანა გვალვაში რა უნდა იყოს წვიმაზე უფრო სანატრელი. - არ ვიცი, არ ვიცი, - ბუტბუტებდა თავისთვის მრავალძარღვა, - ადამიანებს ვერაფერს გაუგებ. ყვავილებს ხმა ვეღარ ამოეღოთ მრავალძარღვას საპასუხოდ. მშვენივრად იცოდნენ, რომ მრავალჭირნახულ მრავალძარღვას მათზე უკეთესად მოეხსენებოდა ადამიანების ავი და კარგი. თავისი საოცარი გამძლეობის წყალობით იგი ყველაზე ახლოს ხარობდა ადამიანებთან. ხარობდა იქ, სადაც ვერც ერთი სხვა მცენარე ვერ იხარებდა. ნაცეცხლარზე თუ ნაგზაურზე ყველაზე ადრე მრავალძარღვა გაშლიდა თავის ღონიერ, დაძარღვულ ფოთლებს. მაგრამ ყვავილები მალე ივიწყებდნენ მრავალძარღვას უსიამოვნო სიტყვებს და იმედით ფრთაშესხმულნი ისევ ეხვეწებოდნენ მათთან შემთხვევით ახლოს მოხვედრილ ადამიანებს წვიმა ინატრეთ, წვიმაო. თუმცა ყვავილების ასეთი გულუბრყვილობა უკვე სასაცილოდ გამოიყურებოდა. ისეთ დღეში იყვნენ, ისე ჩამოხმნენ და გამოიფიტნენ, მალე ალბათ წვიმაც ვეღარ უშველიდათ. და აი, ერთ დილით, სანამ დილის ნამი ჯერ ისევ ბრჭყვიალებდა, დამშრალ ნაკადულთან პატარა გოგონამ მიირბინა. გოგონას ყვავილები ძალიან უყვარდა, კაბა სულ მთლად ყვავილებით მოხატული ეცვა, თმებშიც ბაფთები ყვავილებივით დაემაგრებინა და თვითონაც ყვავილს ჰგავდა. მაგრამ სხვებივით არც მას ესმოდა ყვავილების ხმა, არ შეეძლო მათი ვედრება გაეგონა. ვერც იმას ამჩნევდა, გვალვა როგორ აწუხებდა ყვავილებს. საამისოდ იგი ძალიან პატარა იყო. სამაგიეროდ გოგონას ბევრი ზღაპარი ჰქონდა წაკითხული და იცოდა ნატვრისთვალის არსებობის შესახებ. ისიც იცოდა, რომ ნატვრისთვალი მხოლოდ ერთ სურვილს უსრულებს ადამიანს. როგორც კი მზის სხივებზე ნაირფრად მოციმციმე ცვარი დაინახა, გოგონა მიხვდა: მათ შორის ერთ-ერთი ნატვრისთვალი იყო. არც დაფიქრებულა. მაშინვე შეუდგა მის ძებნას. ხელს ფრთხილად ახლებდა ხოლმე ყვავილებსა და ფოთლებზე დაყრილ ნამის მძივებს. ისინიც იმწამსვე იშლებოდნენ მის პატარა თითებზე. გოგონას თითები სულ მთლად დაუსველდა, აქა-იქ გაეკაწრა კიდეც ფოთლებში ჩამალული კაჭაჭით, ძებნა მაინც არ შეუწყვეტია. იცოდა, ცვარში ნატვრისთვალი აუცილებლად იქნებოდა გამორეული. ჰოდა, იპოვა კიდეც. პაწაწინა ფოთლის შუაგულში ჩაგუბებული გამჭვირვალე წვეთი არ დაშლილა მისი თითების შეხებისას, ხელის გულზე ჩაუგორდა გოგონას. ისე ციმციმებდა, ისეთ სხივიან ნაპერწკლებს აბნევდა, თითქოს ასე ეუბნებოდა თავის მპოვნელს: ინატრე რაც გინდა და მაშინვე შეგისრულდებაო. დაფიქრდა გოგონა. განა ცოტა რამ იყო სანატრელი. ბევრი, ძალიან ბევრი შოკოლადის კამფეტი ხომ არ ინატროს, ამ ნატვრისთვალივით ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული. ანდა ღრუბელივით ფაფუკი ტკბილი ნაყინი. ახალი სათამაშო? ანდა ლამაზყდიანი ზღაპრების წიგნი... უამრავი ფერადი ბუშტი, რომლებიც ჰაერში ააფრენდნენ. ჭრელი თუთიყუში, ლაპარაკი რომ ეცოდინებოდა და სახელს დაუძახებდა ხოლმე. ან იქნებ ისეთივე ბუთხუზა ლეკვი ინატროს, მეზობლის მეტიჩარა გოგონას რომ ჰყავს და მას თითიც არ დააკარებინა, ნება არ მისცა მოფერებოდა. ანდა ბევრი, ძალიან ბევრი ფერადი ფანქრები, რომლებშიც მზისფერი ფანქარიც იქნებოდა, მაშინ ნამდვილად გაანათებდა მისი დახატული მზე. რამდენი რამ იყო სანატრელი, ნატვრისთვალს კი მხოლოდ ერთი სურვილის შესრულება შეეძლო. ფიქრობდა გოგონა. ამ დროს კი დამშრალი ნაკადულის პირას ჩამომჭკნარ ყვავილებს ლამის ზეცა დაეყრუებინათ, ისეთი ხმით იხვეწებოდნენ: წვიმა ინატრე, გოგონავ, წვიმა. სულ პატარა, ჭიოტა ყვავილები, სხვა დროს სიმორცხვით თავის მაღლა აწევაც რომ ვერ გაებედათ, ახლა ყველას აჭარბებდნენ ყვირილით, წვიმა ინატრეო. აბედივით გამოშრალი, გახუნებული ბალახი, ყურს თუ კარგად დაუგდებდით, ნამდვილად შრიალებდა, თუმცა ნიავის ჭაჭანებაც არსად იყო. ისიც წვიმას იხვეწებოდა. თვით მრავალძარღვამაც კი, თავისი სკეპტიკური განწყობილების მიუხედავად ვეღარ მოითმინა და თითქოს სხვათა შორის წაიდუდუნა: წვიმა ინატრე, გოგონავ, წვიმა. გვალივსაგან დამსკდარმა მიწამაც ენა ამოიდგა და თავისი ხმა შეუერთა მავედრებელ მცენარეებს; წვიმა, წვიმა, წვიმა... დასცქეროდა გოგონა ხელისგულზე მოციმციმე ნატვრისთვალს. რა ცუდია, რომ მხოლოდ ერთი სურვილის შესრულება შეუძლია. რა ინატროს, რა?! სანამ გოგონა ამ არჩევანშია, ცოტა ხნით უკან დავიხიოთ. რამდენიმე დღის წინ, სანამ ნაკადული ჯერ ისევ ჩუხჩუხებდა თავის ძველ კალაპოტში, გოგონას ლამაზი სათამაშო ტრიალა აჩუქეს. იგი სწორედ ამ ნაკადულის პირას დაუმაგრა მამამ. არაფერი სჯობდა იმის ყურებას, როცა ნაკადულის კამკამა ჩქერი ცინცხალი ფერის კოხტა ლაპოტებიან ბორბალს დაატრიალებდა და მზის სხივებზე თვალისმომჭრელად აალაპლაპებდა. ეს კიდევ რაა, ტრიალას იმ მხარეს, რომლითაც ნაპირზე იყო დამაგრებული, მეორე ბორბალიც ჰქონდა უფრო განიერი ლაპოტებიანი. გოგონა მათ ფრთებს ეძახდა. პატარა ლაპოტებით ამოხაპულ წყალს ის მეორე ფრთებიანი ბორბალი ირგვლივ აფრქვევდა და მის ახლომახლო ყვავილებს ისე აპკურებდა, თითქოს წვიმა მოვიდაო. უამრავი პატარა ცისარტყელას შარავანდედი იდგა ჰაერში ამ პატარა წვიმის წყალობით. უხვად ნამნაპკურები ყვავილებიც ძალიან იყვნენ გაღაღანებულნი და მათი ყურებაც ერთ რამედ ღირდა. და ახლა, ამ ფიქრსა და ყოყმანში რომ იყო, თავისი უქმად მდგარი ტრიალა მოხვდა თვალში გოგონას, სულ მთლად დამტვერილი და ფერდაკარგული. ალბათ მიხვდით, რაც მოხდა. წვიმა ინატრა გოგონამ. წვიმა ინატრა, რათა აჩუხჩუხებულიყო ნაკადული და ისევ ებზრიალა ლამაზ ტრიალას. ძლივს მოასწრო თავისი ნატვრა ხმამაღლა ეთქვა, რომ ნატვრისთვალი მაშინვე წვიმის წვეთად იქცა და ხელისგული დაუნამა. - უჰ, ეს მართლა წვიმის წვეთი ყოფილა, - თქვა გოგონამ გაოცებით და მაღლა აიხედა. ცაზე ნაცრისფერი საწვიმარი ღრუბლები მოჯარულიყვნენ. გოგონა სახლისაკენ გაიქცა, არ უნდოდა ლამაზი კაბა დასველებოდა. შინ მისვლა მოასწრო და წამოვიდა ზაფხულის წვიმა ღვარივით. დიდხანს იწვიმა, ბარაქიანად. დალბა გვალვისაგან გამომშრალი, დახეთქილი მიწა, აჩუხჩუხდა ნაკადული თავის ძველ კალაპოტში. გამოცოცხლდნენ ყვავილები, თავები ისე მაღლა ასწიეს, ცასა და მიწას სიხარულით შეჰღიმეს. - აკი არავინ ინატრებსო წვიმას, - ნიშნისმოგებით ჩურჩულებდნენ ერთმანეთში ყვავილები ისე, რომ მრავალძარღვას არ გაეგონა. არ უნდოდათ მისი ავყია შენიშვნებით მოეშხამათ თავიანთი დიდი სიხარული. მრავალძარღვას არც სცხელოდა მათთვის. წვიმის წყალს დაეტბორა და წვეროღა მოუანდა ზევით. ცოტათი კი უჭირდა, თუმცა რას დააკლებდა მრავალჭირნახულ მრავალძარღვას წვიმა. როცა წვიმამ გადაიღო და ცაზე შვიდფერი ცისარტყელა გადაიჭიმა, ისევ მოირბინა პატარა გოგონამ, თავისი ტრიალას ნახვა ეჩქარებოდა. აი, მაშინ კი ახმაურდნენ ყვავილები, ატოკდნენ, ნამით გაჟღენთილი ფოთები ააშრიალეს, მადლობას უხდიდნენ გოგონას, მათი ვედრება რომ გაიგონა და წვიმა ინატრა, არც მათი მადლობა ესმოდა გოგონას, თავის ტრიალას შეჰყურებდა გახარებული. მოჩუხჩუხებდა ნაკადული, ღონიერი ჭავლით ატრიალებდა ტრიალას. თვალისმომჭრელად ლაპლაპებდნენ წვიმით გარეცხილი ლაპოტები. უამრავი პატარა ცისარტელა ფერთი და სიმკვეთრით ცაზე გადაჭიმულ ცისარტყელას უწევდნენ მეტოქეობას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, რას ვინატრებდი? ძნელია არჩევანი , მაგასაც შნო უნდა. კარგია, რას ვინატრებდი? ძნელია არჩევანი , მაგასაც შნო უნდა.
1. რა თბილი, ლამაზი ზღაპარია :) ჩვენ რომ ვიპოვოთ ნატვრისთვალი, რას ვინატრწებდით ნეტა? :) რა თბილი, ლამაზი ზღაპარია :) ჩვენ რომ ვიპოვოთ ნატვრისთვალი, რას ვინატრწებდით ნეტა? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|