ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
31 ივლისი, 2015


ცისარტყელას დაბადება

ერთხელ მზე სტუმრად ეწვია დედამიწას... ნუ გაიკვირვებთ, ეს სულ უბრალო რამაა ჩვენი დიდებული მნათობისთვის. მას არაფრად უღირს, ცეცხლოვან ჩირაღდნად ენთოს ლურჯი ცის თაღზე, ამ დროს კი, სადაც მოესურვება, იქ გაისეირნოს. სად არ აციმციმდება ხოლმე მზის სახე, მდინარეებში, ტბებში, სარკმლის მინებში, თუნდაც ნამის წვეთი ვთქვათ. ცხვირწინ ცელქი ბავშვივით დაგისკუპდება, სახეში მხიარულად შემოგცინებს და როგორ მებრალება ყველა, ვინც საპასუხო სიცილს არ დაუბრუნებს. იგი მაშინვე მზის მოვალე ხდება, ამ ვალს კი მზე არავის შეარჩენს.
ამგვარად, მზე დედამიწაზე დასეირნობდა. შორიდან ხომ ლამაზია, ახლოდანაც არანაკლებ ლამაზი აღმოჩნდა. ერთი შეხედვით ოქროსფერ საჰაერო ბურთს წააგავდა, ოღონდ მისგან განსხვავებით, გამორჩეული პეწი და ლაზათი ახლდა. მისი სინარნარე რომელიც გნებავთ საჰაერო ბურთს შეშურდებოდა. სულ ფრენა-ფარფატით გადაუქროლა მთებს, ზღვებს, ტანმაღალ მწვანე ხეებს და ქალაქის თავზე დაეკიდა ჰაერში.
როგორ გგონიათ, ვინ შეაგებებდა ხელებს ჰაერში მოფარფატე ლამაზ ოქროსფერ ბურთს?
დიახ, სწორია! ბავშვი, აბა, სხვა ვინ. თავისი პატარა ხელებით ჰაერშივე დაიჭირა ლამაზი ბურთი და სიხარულით აკისკისდა. ოქროსფერმა ბურთმაც გულიანად გაუცინა, და ბავშვმა მაშინვე ამოიცნო მზე მასში.
ამოიცნო და კიდევ უფრო გაიხარა, ვიდრე ნამდვილი ჩვეულებრივი ბურთის პოვნა გაახარებდა. მაშინვე მაღლა აისროლა მზე, თავის ტოლ-ბიჭებს გადაუგდო სათამაშოდ. ისინიც მაშინვე აჰყვნენ და ძალზე მხიარული თამაში გაჩაღდა. პატარები მაღლა ისროდნენ მზეს. ისიც სწრაფად აიჭრებოდა ზევით და თვით ღრუბლებამდე აღწევდა ამ დროს. ამაში არაფერია გასაკვირი. იგი ხომ მზე იყო, ჩვეულებრივი ბურთი არ ყოფილა. ღრუბლები რბილი თეთრი თათებით იჭერდნენ მზეს და ისევ ბავშვებს უბრუნებდნენ. ასე რომ, ღრუბლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას ამ თამაშში. მეტად მშვენიერი სანახაობა იყო, მეტი რომ არ ვთქვათ.
ამ მშვენიერმა და მხიარულმა თამაშმა უფროსების ყურადღებაც მიიქცია. მათ შენიშნეს, რომ ბავშვები რაღაც არაჩვეულებრივად ლამაზი ბურთით თამაშობდნენ. მსგავსი არაფერი გვინახავსო, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი აზრი. წამით გადაივიწყეს გადაუდებელი საქმეები და სიამოვნებით იწყეს მხიარული თამაშის ჭვრეტა.
როცა მზე მათკენ გაფრინდა, უფროსებმაც შეაგებეს ხელები, რათა კვლავ ბავშვებისთვის დაებრუნებინათ. ამ დროს გულიანი სიცილი აუტყდათ. იცინოდნენ და თან უკვირდათ, ამ ბურთის დანახვამ ასე როგორ გაგვახარაო. თუმცა მერე, როდესაც მზე ამოიცნეს მასში, აღარ უკვირდათ საკუთარი მხიარულება.
აი, თმაჭაღარა კაცმა შორიდან კარგა ხანს უყურა ბავშვების თამაშს, მერე ორივე ხელით დაიჭირა მისკენ გამოფრენილი ლამაზი ოქროსფერი ბურთი, თან გულიანად გაიცინა.
- ოჰო, ეს ბურთი კი არა, მზე ყოფილა! - თქვა და ისევ ბავშვებისკენ გატყორცნა იგი. ამ დროს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, თითქოს ყველა ნატვრა ერთად ასრულებოდეს.
დაღლილსახიანი მანდილოსანი მძიმე ჩანთას მოათრევდა. მას კინაღამ თავში მოხვდა ოქროსფერი ბურთი, მაგრამ როდი სწყენია. მანდილოსანს ჯერ კიდევ მაშინ გაეღიმა, როცა თამაშით გახარებული ბავშვების წკრიალა ხმები გაიგონა, ამიტომ დანახვისთანავე ამოიცნო მზე იმ ლამაზ ბურთში, ჩანთა ძირს დადო და ბავშვებს დაუბრუნა, თან დააყოლა, ითამაშეთ, ბავშვებო! მზესთან თამაშს არაფერი სჯობიაო.
პორტფელიანმა ძიამ, სადღაც რომ მიიჩქაროდა, ვეღარ გაუძლო ცდუნებას, მხიარულად მომღიმარმა ცალი ხელი შეაგება მისკენ გამოფრენილ მზეს. მე რომ მკითხოთ, ერჩივნა პორტფელი გვერდზე გადაედო და ორივე ხელით შეგეგებოდა მზეს. ასე უფრო მოხერხებულიც იქნებოდა მისთვის, გაცინებითაც უფრო მხიარულად გაიცინებდა.
იყო შემთხვევები, როცა ღია სარკმელში შეფრენილა ბავშვის ხელით გატყორცნილი ბურთი. არავინ გაჯავრებულა ამის გამო, არავის დაუწყია ბავშვების ტუქსვა, სარკმლის მინები არ დამიმტვრიოთო. სიხარულის ღიმილს ვერ იკავებდნენ, როცა ასეთი ლამაზი ბურთი შეფრინდებოდა მათთან და მაშინვე ამოიცნობდნენ მასში მზეს, ამის შემდეგ კი, ცხადია, აღარავის შეეძლო გაჯავრება, პირიქით, კიდევ უფრო მხიარულად იცინოდნენ და ისევ ბავშვებს უბრუნებდნენ მშვენიერ ოქროსფერ ბურთს ანუ მზეს. ყველა ასე მოიქცა ერთი კოლექციონერის გარდა. იგი ბურთების კოლექციას აგროვებდა და მთელი ბინა ბურთებით ჰქონდა სავსე. სადაც არ უნდა გაგეხედათ მის ბინაში, ყველგან სხვადასხვა ზომის და ფერის ბურთები ელაგა. კოლექციონერი ძალიან უფრთხილდებოდა მათ, ცივ ნიავსაც არ აკარებდა, ბავშვებისთვის სათამაშოდ მიცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ჯერაც არავის ღირსებია იმ ბურთებით თამაში.
როგორც კი კოლექციონერმა ჰაერში მოფარფატე ლამაზი ბურთი დაიანახა, სხვებივით როდი გაღიმებია სიხარულით. მაშინვე ის გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, ეს ბურთი ჩემი კოლექციისთვის რომ მიმემატებინაო.
ამის გაფიქრება იყო და ლამაზი ბურთი მის ღია სარკმელში შეფრინდა. კოლექციონერმა ერთი წამით თვალს არც კი დაუჯერა, მაგრამ მალე მოვიდა გონს და ბურთი საგულდაგულოდ დამალა. იცოდა, მის კვალს ბავშვებიც მოჰყვებოდნენ. ასედაც მოხდა, ბავშვების მთელი გუნდი მიადგა მისი ბინის კარებს.
- ბურთი დაგვიბრუნე, - სთხოვეს კოლექციონერს და დაუმატეს, ის ბურთი კი არა, ნამდვილი მზეაო.
კოლექციონერმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
- ჩემთან არავითარი ბურთი არ შემოფრენილა, მით უმეტეს, მზე, - თქვა გადაჭრით.
ბევრს ეცადნენ ბავშვები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. დაღუნეს თავები და ხელცარიელნი გაბრუნდნენ. ბოლოს თვითონაც შეეპარათ ეჭვი, ალბათ მზე სულ სხვა მხარეს გაფრინდაო.
კოლექციონერსაც ეს უნდოდა, მაშინვე გამოიღო ბურთი სამალავიდან.
არა, მზე ვერ ამოიცნო მასში, მაგრამ იმას კი მიხვდა, იშვიათი ღირსების ბურთი რომ ჩაუვარდა ხელში, ამიტომ თავი ბედნიერების მწვერვალზე იგრძნო, თუმცა სახეზე არაფერი დასტყობია. უნდა ითქვას, რომ კოლექციონერი არასოდეს იცინოდა. მაშინაც კი, როცა რაიმე გაუხარდებოდა. მისი სახე ნიღაბივით უძრავი იყო.
ბედნიერმა კოლექციონერმა ახალი ბურთი გამორჩეულ ადგილას მოათავსა და გულში გაივლო, ასეთი კოლექცია ალბათ, ჩემს გარდა არავის ექნებაო.
ამ დროს კი, როცა კოლექციონერი ზეიმობდა, მისი ბინის კედლებს მიღმა სულ სხვა ამბები ხდებოდა; ქალაქში არავის ეცალა საზეიმოდ. როგორც კი მზე სადღაც გაქრა, მაშინვე ყოველივე გადასხვაფერდა. ერთი შეხედვისთანავე ჩანდა, რომ დაიკარგა რაღაც მშვენიერი, სანუკვარი. ღრუბლებს ნაცრისფერი დაედოთ, სადღა იყო ის ქათქათა რძისფერი, ასე რომ იწონებდნენ თავს. ბავშვები დაღონდნენ, სახეები უჩვეულოდ სერიოზული გაუხდათ. რაღა ითქმის უფროსებზე, მათ ხომ პირდაპირ ცხვირპირი ჩამოსტიროდათ. ყველანი დაკარგულ მზეს ეძებდნენ და რომ ვერ პოულობდნენ, სულ უფრო და უფრო ემატებოდათ ნაღველი. ნაცრისფერმა ღრუბლებმა დაბლა ჩამოიწიეს და დარდისგან ტირილი დაიწყეს. ეს უკვე ნაცრისფერი ჯანღი იყო და არა ღრუბლები. სახლებიც ერთიანად ჩამუქდნენ, სველი სარკმლებით მათაც ტირილი გააბეს. ამას კი ვეღარ გაუძლეს ვერც ბავშვებმა, ვერც უფროსებმა. ერთიანად სახლებში შეიკეტნენ ყველანი, ქუჩებში აღარავინ ჭაჭანებდა, თითქოს მთელი ქალაქი ჩაკვდაო. უფრო ნაღვლიანი სურათის წარმოდგენაც კი ძნელია.
რაც შეეხება კოლექციონერს, იგი ბედნიერი იყო, როგორც უკვე ვთქვით, მაგრამ ბოლოს მასაც უწია, მთელს ქალაქში გამეფებულმა ფერმკრთალება იწყო. მას ჯერ კიდევ მაშინ გაუკრთა ფერი, როცა სამალავში მოათავსა კოლექციონერმა, ოღონდ ამას ვერც კი შეამჩნევდი, თუ ძალიან მახვილი თვალი არ გქონდა. მაგრამ რა დრო გავიდა, ეს იმდენად თვალშისაცემი გახდა, არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
- ეს ბურთი არც ისე ცინცხალი ფერისა ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით მომეჩვენა, - თქვა მან. ამასთან ერთად კოლექციონერმა ისიც იგრძნო, რომ მისი მხიარულებაც უკვალოდ გაქრა, გული რაღაცამ დაუმძიმა.
- ნეტავი რა მადარდებს, - თქვა თავის გასამხნევებლად, - თუ არაფერი მიპოვნია, დაკარგვითაც ხომ არაფერი დამიკარგავს.
მაგრამ გული სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა კოლექციონერს, ოქროსფერი ბურთიც სულ უფრო კარგავდა ფერს. უკვე ოქროსფერი აღარც ეთქმოდა, უფრო თეთრი იყო. როგორც ჩანს, ტყვეობა ერთნაირად ძნელია ყველასთვის, მიწიერი არსება იქნება თუ ზეციერი.
ბოლოს ბურთმა მუქი-ნაცრისფერი გადაიკრა, თითქოს სევდა-ნაღველის განსახიერებააო. კოლექციონერსაც ისე დაუმძიმდა გული, თითქოს მკერდში ტყვიის ნაჭერი ედო.
- ნეტავი რას ვიკლავ თავს ამ უშნო ბურთის გამო, - თქვა მან, სარკმელი გამოაღო და ბურთი მოისროლა. იმთავითვე იგრძნო, მისი დანახვა რომ უმძიმებდა გულს.
ბურთი ნარნარად გაფრინდა სარკმლიდან. თუ ფერი დაკარგა, სინარნარე არ დაუკარგავს.
სწორედ ამ დროს ქუჩაში ერთი პატარა ბავშვი იდგა. მას ისე ენატრებოდა ბურთის თამაში, რომ გულმა არ მოუთმინა და სახლიდან გამოვიდა, ნეტავი მზე ხომ არ გამოჩნდაო.
ბავშვმა დაინახა ჰაერში ნარნარად მოფარფატე ნაცრისფერი ბურთი, რომელიც ფერით მზეს სულაც არ ჰგავდა, მაგრამ პატარამ მაინც გულიანად შესცინა და ხელები მისკენ გაიწოდა. ამაში არაფერია გასაკვირი, პატარებს ბურთი ყოველნაირი უყვართ, ნაცრისფერი იქნება თუ სხვა რომელიმე ფერის, თუმცა უპირატესობას ჭახჭახა ფერებს ანიჭებენ...
გაუცინა და... ნაცრისფერი ბურთი ოქროსფრად აენთო. სხვანაირად არც შეიძლებოდა, მზემ საპასუხო სიცილი დაუბრუნა ბავშვს.
იმ წამიდან ყოველივე შეიცვალა. ოქროსფერმა სხივებმა გაკვეთეს ქალაქზე ჩამოწოლილი ნაცრისფერი ჯანღი, მანაც მაშინვე მაღლა აიწია, ისევ რძესავით თეთრ ღრუბლად იქცა. ცრემლების ღვრა არც ახლა შეუწყვეტიათ, მაგრამ ეს უკვე სიხარულის ცრემლები იყო. სახლებმაც ცინცხალი ოქროსფერი გადაიკრეს, სარკმლის მინები თვალისმომჭრელად ააბრჭყვიალეს და მზის სახე ათასკეცად აირეკლეს.
ყველა გარეთ გამოეფინა, დიდი და პატარა, სიხარულით შესცინეს ჰაერში აცურებულ ოქროსფერ ბურთს, ანუ მზეს. გულით ზეიმობდნენ მის კვლავ გამოჩენას. ამის შედეგად მზე არაჩვეულებრივი ძალით აელვარდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, რამდენი სახე უცინოდა ერთად, მზე კი ვერერთ მათგანს ვერ დატოვებდა ისე, საპასუხო სიცილი რომ არ მიეძღვნა. თვალს ვერც კი გაუსწორებდი, ისე ბრწყინავდა.
გულნაკლული არავინ დატოვა მზემ. ყველას შესცინა ერთად. ყველას დაუბრუნდა საპასუხო ღიმილი, თან უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა. სულ მალე გაუსწორდა სიხარულით ატირებულ თეთრ ღრუბლებს, ნარნარი რკალი მოხაზა ქალაქის თავზე და კვლავ დაუბრუნდა ლურჯი ცის თაღს.
და იქ ყველამ დაინახა: მზის კვალდაკვალ არაჩვეულებრივი ლამაზი ფერადოვანი რკალი გაჩნდა.
- ცის სარტყელი! - ხმამაღლა გაოცებით წამოიძახეს ამ მოვლენის მხილველებმა.
მართლაც, ფერადოვანი რკალი სარტყელივით გადაეკრა ცას, შვიდი ფერიც მაშინვე დათვალეს მასში. ,,ცის სარტყელიც~ ნელ-ნელა ,,ცისარტყელად~ იქცა.
ასე დაიბადა ცისარტყელა, იგი მზის სიცილმა დახატა სიხარულით ატირებული ღრუბლების კალთებზე. ეს ორი რამ, მზის სიცილი და ღრუბლების სიხარულის ცრემლები მუდამ თან ახლავს მის გამოჩენას. და ისეთი არავინ მეგულება, ცისარტყელას დანახვისას სიხარულით არ გაეცინოს, ან უკიდურეს შემთხვევაში, არ გაუღიმოს მაინც. სიცილი სიცილს შობს.
ახლა ისევ კოლექციონერს მივუბრუნდეთ. მან საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ აენთო ოქროსფრად მის მიერ სარკმლიდან გადაგდებული ნაცრისფერი ბურთი, რომლის ნაკვალევზეც არაჩვეულებრივად ლამაზი რკალი გაჩნდა. ისიც კარგად დაინახა, თუ რა გულიანად იცინოდა დიდი თუ პატარა და მიხვდა, რაღაც მეტად მშვენიერს და ამაღლებულს გამოაკლდა. მას არ ედო წილი ამ ფერადოვან ლამაზ რკალში, რამეთუ ერთხელაც არ გასცინებია. ფერადოვანი რკალი კი მზისა და ადამიანების სიცილმა შვა. კოლექციონერმა თავი გაძარცვულად იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ბურთების უმდიდრეს კოლექციას ფლობდა. ამის შედეგად სიმძიმე გულზე კიდევ უფრო მოემატა. და ამ სიმძიმეს, როგორც ჩანდა, ვერაფერი ვერ მოაცილებდა, ერთი გულიანი გაცინების გარდა. კოლექციონერმა სცადა გაცინება, მაგრამ ვერ მოახერხა.
კვლავ სცადა გაცინება, სახე დაძაბულობისგან ერთიანად დაემანჭა, მაინც ვერ შეძლო, ვერა და ვერ გაიცინა, გული კი სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა. კოლექციონერმა იგრძნო, ერთიანად გასრესდა ეს სიმძიმე, თუ როგორმე არ უშველიდა თავის თავს და არ გაიცინებდა.
დაბნევით მიიხედ-მოიხედა ოთახში, აღარ იცოდა, რა ეღონა. თვალში ეცა საკუთარი ბურთების კოლექცია, რომელთა შეგროვებასაც მთელი სიცოცხლე შეალია და რითაც ასე მოჰქონდა თავი. წამითაც არ შეყოყმანებულა, ისე აიღო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბურთი და ღია სარკმელში მოისროლა. იმედი ჰქონდა, ბავშვები დაინახავენო, სიხარულისგან გაიცინებენ და იქნებ მეც როგორმე შევძლო გაცინებაო.
მართლაც გარედან მაშინვე მოისმა ბავშვების გულიანი სიცილი, მაგრამ კოლექციონერმა მაინც ვერ გაიცინა, მგონი სიცილი საბოლოოდ დავიწყებოდა.
ამის გაფიქრებამ ისე შეაშინა კოლექციონერი, რომ სულ მთლად დაკარგა თავგზა. კიდევ გადააგდო ერთ-ერთი, ყველაზე ძვირფასი ბურთი. ახლაც შემოიჭრა სარკმლიდან ბავშვის გახარებული სიცილი. ვერც ახლა გაიცინა კოლექციონერმა. საკვირველი იყო, ასე როგორ გადაეჩვია სიცილს.
მიჰყვა მერე და სათითაოდ გადაყარა ღია სარკმლიდან, რაც კი ბურთები ჰქონდა, ერთიც არ დაუტოვებია.
როგორც კი უკანასკნელი ბურთი გამოფრინდა კოლექციონერის სახლის სარკმლიდან, მას ხმამაღალი სიცილის ხმაც მოჰყვა, რაც უკვე არ ჰგავდა ბავშვის სიცილს.
ეს კოლექციონერი იცინოდა.
როგორც იქნა, შეძლო გაცინება.
დიდხანს, ძალიან დიდხანს იცინოდა. როგორც იქნა, მოეშვა გულზე, მოცილდა ის მძიმე ტვირთი, მკერდში ტყვიის ნაჭერივით რომ ედო.
როცა ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა სიცილი, საშინელი დაღლილობა იგრძნო და მაშინვე ჩაეძინა. სიზმარში ნახა, ვითომ მზეებად ქცეულიყვნენ ყველა ის ბურთები, ღია სარკმლიდან რომ გადაყარა. ჰაერში ნარნარად დაფრინავდნენ და ფერადოვან კვალს ტოვებდნენ. მთელი ქვეყანა ცისარტყელებით ავსებულიყო.... მართლაც მშვენიერი სიზმარია.
კიდევ ბევრი საოცრება მოჰყვა დედამიწაზე მზის სტუმრობას. სხვანაირად არც შეიძლებოდა, უკვალოდ როგორ ჩაივლიდა ასეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა. კინაღამ დამაბნია ამ საოცრებათა სიმრავლემ და სიჭრელემ, ბოლოს ცისარტყელას დაბადების მშვენიერ ამბავზე შევჩერდი. ვფიქრობ არაფერი წაგვიგია არც მე, არც მკითხველებს. დანარჩენებიც თავის რიგს ელიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები