ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2015


ზეკაცური

   

                     

            ყვითელ ავტობუსში დაწერილი სონეტი:)   
ასეთი ელდა დააქვთ ხოლმე უშიშარ რითმებს
რითმებს და კიდევ სხვის საშველად დაბერილ ძარღვებს
უცბადგაჩენილ, ღმერთგამოვლილ სიყვარულს ვითმენ
და ჩემს ზეკაცურ გალავანში ბალავრებს ვარღვევ.

არ გაგიკვირდეს სითამამე დღეს მე გადავრჩი
და თუ ამ ქვეყნად მდუმარება უფრო მეტია
მაშინ იცოდე რომ პირმოთნე ძახილი ჩარჩის
გულის ყელიდან ვერ ამოძვრა, ამოეტია...

დავიხრჩე ლამის, არ მიკითხო, არ დაიჯერო,
თითქოს მეპურეს აერია ზანდურში იფქლი-
-თავად მადლია დაბნეული მარცვლად და ღეროდ
თავთავდება და თავის თავსაც თვითონვე ითვლის...



                                ..............
          ყივილი (ამირანული)
რა ტკივილიანი ყოფილა სიცოცხლე
ცეცხლი თქვენ... უთქვენო ყინულში დავიწვი
შემხედე უფალო უფსკრულებს იხორცებს
ჯიქების კლანჭებით ნაფლერთი ლავიწი...
თენდება ყორნებო ყივილით ზეკარი
ვქარაფობ სარანგებს სიზმრებად დარგულებს
უფალო რადგანაც ჯაჭვებით შემკარი
კუბოდაც ამ მიწის ბორკილი მარგუნე...

                                  .....
მზე სამუდამო ბინდბუნდებში სხივებს შერეკავს
ვით ნელ კოცონში კრავთა დუმილს ამაყი ქრისტე
და გრძნობ გარშემო ყველას უნდა იყოს ს ე ნ ე კ ა
მარტო, შენ, ერთი ემსგავსები ჭარმაგ ფილისტერს.

                            ............
შავფარიანი ლექსი სუფრაზე სათქმელი

გარდავიარე გარდუვალ გარდასავლელი გზისანი
ნასიტყვი, ბორკი ნახერგი ზ ე ს ი ტ ყ ვ ი ს ვიყავ ხიზანი
ცას მოვაცილე უცილო საავდრო ცვალებისანი
ცნობა რად უნდა ცნობადსა ძმებო უცანი ვიცანი
სად დავხვედრივარ შეიხებს შემიხევია ხავერდი
უფალო სულთა ობლობას შენდა საუფლოდ გავედრი
აღარ ეგების ზღაპრობა-სმენა მოგვთა და მისანთა
მ ო წ ა ფ ე ს მამაპაპათა გორდების გამოჭრისანთა
სარკინოზთ გადავერკინე მონღოლთ ვუძახე ავადა:
მოკვდეს ვინც სისხლი გარჩინოთ დაღვრილი მამაპაპათა
გავინადირებ მგლის მინდვრებს თართების უღელისასა
ცნობა რად გინდათ ამიერ, იმიერ ცანით ცისასა...
მომწყურდა ძმებო მზეწყალი-ლექსში ჩავწურე წუხილი
ს ა ტ ე ვ ა რ ი ვ ი თ ვაელვე ქართველთა გადმოქუხილი...

                                  ......
გადაეყარა ნუკრის თვალებს ირმის ნახტომი
ცისფერ ქარაფზე უჩვეულო როგორც ფანტომი-
-ამაზე რამე გენიალურს სთქვამდა პლატონი
ჩვენში კი ბათქანს გაადენდა ბრიყვი ბატონი...

მ ო გ ი კ ი თ ხ ე თ :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები