ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
8 აგვისტო, 2015


აკვარიუმი

აკვარიუმში ყოველივე მშვენიერი იყო: ბროლივით გამჭვირვალე წყალში უცხოდ მოხატული თევზები დასხმარტალებდნენ, აკვარიუმის ფსკერი ფერადი კენჭებით იყო მოფენილი, რომლებზეც დიდის ამბით ესვენა მარაოს ფორმის ნიჟარა. მის გვერდით მარჯნის ყვავილი იწონებდა თავს, ფანტასტიკურ ნასკვებად დაგრეხილი. დიახ, ეს ყოველივე მშვენიერი იყო, მაგრამ ამას არავითარი ფასი არ ექნებოდა, თუ არა ნათურა, რომელიც უცხო წყალმცენარესავით ტივტივებდა წყლის სიზრქეში და ნათელს ფენდა იქაურობას. ნათურა გახლდათ აკვარიუმის უმთავრესი მშვენება, სხივმფენი, ბრწყინვალე, შეუდარებელი... აკი ასედაც მიმართავდნენ, არავინ სიტყვას ისე არ დასძრავდა, მანათოებლი არ ეწოდებინა მისთვის. ისიც იფერებდა ამ ქება-დიდებას, სიხარულისგან ერთიანად გაბრწყინდებოდა ხოლმე.
რა გასაკვირია, როცა ამ მშვენიერ გარემოში ათვალწუნებით შეხვდნენ პაწია უფერული ქმნილების გამოჩენას. იგი გასაბერ ბუშტს წააგავდა, რომელსაც ძაფის ნაწყვეტი შერჩენია. ყველა ალმაცერად უყურებდა, ალბათ აქ შემთხვევით მოხვდაო, ფიქრობდნენ.
არადა, პაწია ქმნილება ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარ სახლშიაო. ზღვის ფერადოვან კენჭებზე დინჯად გაისეირნა, არხეინად აუარა გვერდი და სარკის წინ გამოიჭიმა. ალბათ გაიკვირვებთ, უბრალო კი არა, მრავალწახნაგოვანი. იგი ნათურის სხივებს აირეკლავდა და მრავალფერად გარდატეხავდა. ამის შედეგად აკვარიუმში ცისარტყველას ყველაფერი იწყებდა ციმციმს.
სარკემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ამ უმსგავსომ ჩემთან მოახლოება როგორ გაბედაო და გადაწყვიტა მისთვის ერთი კარგად ესწავლებინა ჭკუა.
- შენ, ეი! - ქედმაღლურად მიმართა სარკემ, - შეგიძლია თუ არა, სინათლის კონა აირეკლო და ათასფერად ააბრჭყვიალო?
- არა, მაგდაგვარი არაფერი შემიძლია, - თავმდაბლად უპასუხა ქმნილებამ.
ამ ლაპარაკს ყური მოჰკრეს თევზებმა და მათ ირგვლივ შექუჩდნენ.
- თუ შეგიძლია, ფარფლები ფართოდ გაშალო და წყალში ბზრიალასავით დატრიალდე? - ჰკითხეს თევზებმა.
- არა, არც ეს შემიძლია, - მიუგო უფერულმა ქმნილებამ.
- იქნებ იმდენს მაინც მოახერხებდე, ყვავილს დაემსგავსო ჩემსავით, - ჰკითხა მარჯნის ყვავილმა.
- ვერც მაგას მოვახერხებ.
- გულში მარგალიტს თუ ინახავ? - ჰკითხა ნიჟარამ. იგი მუდამ ამტკიცებდა, გულში მარგალიტს ვინახავო, ოღონდ ის მარგალიტი ჯერ არავის ენახა თვალით. ნიჟარა ამბობდა, საგდულებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გავხსნიო, ხოლო ეს განსაკუთრებული შემთხვევა ჯერ არ დამდგარიყო.
პაწია უფერულმა ქმნილებამ ამ შეკითხვასაც უარყოფითად უპასუხა.
- გამოდის, არაფრის მაქნისი ყოფილხარ, - ჩაილაპარაკა სარკემ და თვალი აარიდა, აქაოდა შენი დანახვაც არ მინდაო.
პაწია უფერული ქმნილება ცოტათი შეცბუნდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა.
- ასე რატომ ამბობთ, მეც შემიძლია რაღაც...
- მაინც რა შეგიძლია?
- ვანათებ!
ამ სიტყვას სრული სიჩუმე მოჰყვა. ნათება მხოლოდ ნათურას შეეძლო, ამიტომ ყველამ მას მიაპყრო მზერა, აბა რას იტყვისო.
არც ნათურას უთქვამს რაიმე, ლაპარაკის ღირსად არ ჩათვალა ეს უმსგავსო არსება. მხოლოდ ერთი დაკვესა სიბრაზისგან და ჩაქრა. დარწმუნებული იყო მის ცრუპენტელობაში და ამ გზით გამოვააშკარავებო, იფიქრა.
მაგრამ რა გგონიათ? პაწია უფერული ქმნილება მართალი აღმოჩნდა. მან მართლაც იწყო ნათება. თან ისეთი ნაზი და იდუმალი შუქით ციმციმებდა, რომ აკვარიუმში ყველა თვალებად იქცა.
- რა ლამაზაია! - აღტაცება ვერ დამალეს თევზებმა, ფართოდ გაშალეს ფარფლები და ბზრიალასავით დატრიალდნენ.
მარჯნის ყვავილმა იდუმალი იერი მიიღო. იცოდა, მისი ფანტასტიკური ნასკვები ამ ნაზი განათების წყალობით უფრო გამოუცნობი რომ ჩანდნენ. სარკემ, ვითომც აქ არაფერიაო, მაშინვე აიტაცა ნაზი შუქის კონები, ათასკეცად აირეკლა და თვალწარმტაცად ააციმციმა. ნიჟარამ ფართოდ გახსნა საგდულები, თურმე გულში მართლა ჰქონდა მარგალიტი. ისიც ისე ლამაზად აციაგდა ერთი-ორად გააბრწყინა იქაურობა.
ყველა კმაყოფილი დარჩა ამ პაწია ქმნილების ნათებით, აღარ უყურებდნენ ქედმაღლურად, პირიქით, სიხარულით შესციცინებდნენ. უნდა ითქვას, პაწია მანათობელი ქმნილება ამით ოდნავადაც არ გაამაყებულა. თავი ისევ უბრალოდ და დინჯად ეჭირა. ზღვის ციცინათელას მეძახიანო, მოკრძალებით თქვა, როდესაც ბოლოს და ბოლოს დაინტერესდნენ მისი ვინაობით.
ყველამ საკმარისად დაიტკბო თვალი ამ უცხო ნათებით, მერე კი ისევ ნათურას მიაპყრეს მზერა. ახლა მისი ჯერი იყო, მას უნდა გაენათებინა იქაურობა. მაგრამ ნათურა ვეღარ აინთო, თურმე ერთიანად ჩანახშირებულიყო...
მაინცდამაინც არავის უნაღვლია ამაზე. აკვარიუმი უფრო გალამაზდა პაწია ზღვის ციცინათელას ნათებისგან, თანაც ნიჟარას აღარ დაუკეტია თავისი საგდულები, მარგალიტის იდუმალი ციაგიც ხომ ერთ რამედ ღირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები