ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
23 აგვისტო, 2015


წინწკალა (როგორ გაანათა წინწკალამ სახლი, სხივის მოტაცება)



როგორ გაანათა სახლი წინწკალამ


აბა, ვის გაუგია სახლი განათების გარეშე? წინწკალას არავისგან არ დასჭირვებია მითითება, ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა; ხან წიგნს წაიკითხავ გვიან საღამოს, ხან სტუმრებს გაუმასპინძლდები.
ჰოდა, როცა მოსაღამოვდა და ტყეში ციცინათელები გამოეფინენ, ერთ-ერთი მათგანი დაიჭირა, სახლში გააქანა და პატარა მაგიდაზე დასვა.
მაგრამ არ მოეწონა ციცინათელა. ჯერ ერთი, არათანაბრად ანათებდა. ასეთ არათანაბარ შუქზე რაიმეს წაკითხვა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, თვალი სულ გაქცევაზე ეჭირა. რამდენიც დაიჭირა, იმდენი გაუფრინდა. აბა, ბოთლში ხომ არ გამოამწყვდევდა, სადაც სულ მალე გაიგუდებოდა და ნათებასაც შეწ-ყვეტდა. არადა, მთელი ღამე ციცინათელების დევნა ძალზე მომქანცველი საქმე იყო.
არა, არ გამომადგებიო, უთხრა, და თვითონვე აუქშია წინწკალამ ციცინათელას, რომელიც ის იყო აპირებდა მის სახლში შეფრენას. ისევ გაემართა ტყეში, ფოსფორიანი კუნძი მოძებნა და მისი პატარა ნატეხი წამოიღო სახლის გასანათებლად. ფოსფოროვანი კუნძის ნატეხს ნამდვილად არა უშავდა რა, სულ ერთნაირად, თანაბრად ენთო, არც გაქცევას ცდილობდა, მაგრამ  ამდენი ღირსების მიუხედავად, მაინც დაიწუნა წინწკალამ. საქმე ისაა, რომ ძალზე სუსტად ანათებდა... ვერც მის შუქზე წაიკითხავდი რამეს.
- სხვა გზა არაა, - თქვა წინწკალამ, - ჭრელკუდას ნატვრისთვალი მჭირდება.
ჭრელკუდა შხამიანი გველი გახლდათ. ბნელ მღვიმეში ცხოვრობდა და უამრავ განძეულთან ერთად ნატვრისთვალიც ჰქონდა. თავიდანვე გაივლო გულში წინწკალამ, ჩემი სახლის გასანათებლად ნატვრისთვალი სწორედ მისწრება იქნებოდაო, მაგრამ ჭრელკუდას შიშით ჯერ სხვა საშუალებები სცადა. ძალზე ძლიერ შხამს ფლობდა ჭრელკუდა, მისი ნაკბენი სასიკვდილო იყო. ხასიათითაც დაუნდობელი გახლდათ.
მაგრამ ჭრელკუდასაც გააჩნდა ერთი სისუსტე: ტკბილეული და ხილი უყვარდა, განსაკუთრებით კი მარწყვი... მარწყვისთვის პირდაპირ სულს ლევდა...
აიღო წინწკალამ ნედლი ტოტებისგან დაწნული კალათა, შიგ მშვენიერი, მწიფე გოგრისხელა მარწყვი მოათავსა, ზემოდან ლეღვის ფოთოლი დააფარა და გზას გაუდგა. ბალახებში  ისე მიცუნცულებდა, თვითონ არც კი ჩანდა. იფიქრებდი, კალათა თვითონ მიგორავს ბალახშიო. ასე ეგონა ეკლებიან ზღარბსაც და თათი ცნობისმოყვარეობით წაუწია კალათას, ნეტავი შიგ რა არისო.
- მე თვითონ თუ არ მოგართვი, ისე არ იკადრებ მარწყვის ჭამას? - დატუქსა წინწკალამ. - მიდი მარწყვის ხესთან, იქ რამდენიც გინდა, იმდენია...
ზღარბმაც დაუჯერა, მაშინვე ეკლებიან ბურთად იქცა და მარწყვის ხისკენ გაგორდა.
სხვა აღარავინ შეხვედრია წინწკალას მწვანე ტყის ბილიკზე, მშვიდობიანად მიაღწია ბნელ მღვიმემდე. კალათა ძირს დადგა, თვითონ ყოველი შემთხვევისათვის უკან ამოეფარა.
ჭრელკუდამ შორიდანვე იგრძნო მარწყვის სუნი. წამოყელყელავდა და კალათის დანახვისას თვალები ფართოდ დააჭყიტა. მიხვდა, რომ გამაბრუებელი სუნი იქიდან მოდიოდა.
- გამარჯობა, ჭრელკუდავ, - თავი გამოყო კალათას ამოფარებულმა წინწკალამ, ოღონდ ნაბიჯი არ გადმოუდგამს, ისევ მოშორებით ამჯობინა ყოფნა.
ჭრელკუდამ, აქაოდა სულაც არ მაინტერესებს, რა გაქვს მაგ კალათაშიო, ზანტად დაახვია თავისი ჭრელი რგოლები, თავი ზედ დადო, თვალები მილულა და დაუდევრად მიუგო:
- გაგიმარჯოს. ძალიან გამიხარდა შენი დანახვა.
მაგრამ წინწკალამ მშვენივრად იცოდა, რასაც აკეთებდა. არც ჭრელკუდას წინანდელი პოზა გამოპარვია მხედველობიდან. აბა, სადა აქვს მარწყვი ჭრელკუდას ამ მღვიმეში. აქ არავინ მოართმევს, თვითონ კი ვერ ტოვებს აქაურობას. აბა ვინღა უდარაჯებს ამ განძეულს და ნატვრისთვალს? ყველაზე მეტად სწორედ ნატვრისთვალს უფრთხილდება, ენის ქვეშ აქვს დამალული, ერთი წამითაც არ იშორებს. ჭრელკუდა მხოლოდ იმ პატარა, საცოდავი ცხოველებით იკვებება, რომლებიც საკუთარი სიბრიყვით შემთხვევით ამოყოფენ ხოლმე თავს ამ მღვიმეში. სუფთა ჰაერზე გასეირნება და გემრიელი ხილი რა ხანია ოცნებად ექცა.
და წინწკალამ სრულიად არხეინად ასეთი რამ უთხრა:
- შემოგიარე, მეზობელო. ვიფიქრე, ერთი დავხედავ-მეთქი ჩვენს ჭრელკუდას. ვიღას არ ვხვდები ამ ტყეში შენს გარდა. მეშინია, არ დამავიწყდე.
ამ გადაკრულ სიტყვებს რომ ეუბნებოდა, წინწკალამ კალათას ადგილი მოუნაცვლა, იმ მხარეს დადგა, საიდანაც ნიავი უბერავდა. ჭრელკუდას თავბრუ დაახვია მარწყვის სურნელმა, უნებურად თვალები გაახილა და ნერწყვი გადაყლაპა. არც ეს გამოპარვია წინწკალას.
- ყურადღებისათვის მადლობა, - უგუნებოდ თქვა ჭრელკუდამ. - მაგრამ მე ვფიქრობ, მარტო ჩემს სანახავად არ გაირჯებოდი.
საერთოდ ძალზე ფრთხილი და თავაზიანი იყო ჭრელკუდა, მაგრამ ახლა მარწყვის სუნმა გააღიზიანა და იმიტომ ალაპარაკდა ასეთი გამოჯიბრებით.
- უსამართლოდ ნუ სჯი, ჭრელკუდავ. - იწყინა წინწკალამ. - ამ ერთი თვის წინათ რომ მოგინახულე, განა რაიმე გთხოვე? აქაოდა განძეულს ვდარაჯობო, ნუ გგონია, აქ ყველა მაგის გულისთვის მოდიოდეს.
- მაშინ არც კალათით მობრძანებულხარ, - წაისისინა ჭრელკუდამ.
წინწკალამ შეატყო, ტკბილი ლაპარაკით ვერაფერს მივაღწევო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ნატვრისთვალი მჭირდებაო, გამოუცხადა.
- რისთვის გინდა ნატვრისთვალი? - გესლიანად გაეღიმა ჭრელკუდას.
- ჩემი სახლის გასანათებლად, - უპასუხა წინწკალამ.
- რაო? - ყურებს ძლივს დაუჯერა ჭრელკუდამ. - პირველად მესმის, ნატვრისთვალს მაგ მიზნით იყენებდეს ვინმე. ეს ხომ, მეტი რომ არ ვთქვათ, ნატვრისთვალის გაუფასურებაა.
- შენ რომ ჩემი სახლი განახა, მაგას არ იტყოდი _ აღფრთოვანებით წამოიწყო წინწკალამ, _ მხოლოდ ნატვრისთვალი თუ შეეფერება ჩემს მშვენიერ, კოხტა სახლს. ეჰ, ნეტავი ერთი მართლა განახა! რა იქნება, რომ მესტუმრო? არც ჩიტის რძეს მოგაკლებ, არც დაშაქრულ მარწყვს. ნუ გეშინია, არავინ არ მოიპარავს მაგ შენს განძეულს.
მაგრამ ჭრელკუდამ ოდნავი ყურადღებაც აღარ მიაქცია წინწკალას ლაპარაკს. თავი ისევ რგოლებს დაანდო, თვალები მილულა და ჩაისისინა:
- ამაოდ ირჯები, წინწკალა. ჯერ არავის გაუტანია აქედან ეს ნატვრისთვალი და ვერც შენ მოახერხებ ამას, თუნდაც მთელი ურემი მარწყვი მომიტანო.
რა თქმა უნდა, უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა, რომ ამ კალათში, რომელსაც ასეთი გამაბრუებელი სუნი ასდიოდა, მარწყვი იყო. რაკი ეს პირდაპირ თქვა სიფრთხილითა და მოქნილობით განთქმულმა ჭრელკუდამ, იმას ნიშნავდა, აღარაფერი ეშველებოდა ამ საქმეს.
მიხვდა წინწკალა, არაფერი გამოდისო. მაგრამ ერთ ხერხს კიდევ მიმართა, ლეღვის ფოთოლი გადახადა კალათას, რათა მისი ნობათი საკუთარი თვალით ენახა ჭრელკუდას.
მართლაც ძალზე თავბრუდამხვევი შთაბეჭდილება მოახდინა: ჭრელკუდა ყველაფერს ელოდა, ამის გარდა... წინასწარ  წარმოდგენილი ჰქონდა შაქარმოყრილი მწიფე მარწყვი, მთასავით აკოკოლავებული. უფრო უკეთესი, თუ ნაღებიც ექნებოდა გადასხმული... მაგრამ გოგრისხელა მარწყვი?! ამის მსგავსი ჭრელკუდას ჯერ არაფერი ენახა, სიზმრადაც კი არ მოლანდებია. ვეღარ შეიკავა თავი, ელვის სისწრაფით გაშალა ჭრელი რგოლები, პირი ფართოდ დააღო, მივარდა გოგრისხელა მარწყვს და... ამ დროს ნატვრისთვალი ძირს დაუვარდა...
წინწკალაც ამას ელოდა. სასწრაფოდ დაავლო ხელი ნატვრისთვალს და ფაცხაფუცხით გამოიქცა. მთელი გზა შიშით უკან-უკან იხედებოდა, მაგრამ ჭრელკუდა არსად ჩანდა. ალბათ, ვერ მოსცილდა გოგრისხელა მარწყვს.
გულით გაიხარა იმ ღამეს წინწკალამ. ნატვრისთვალი მის  სახლს ისე ანათებდა შუადღე გეგონებოდა. თანაბრად ენთო და არც გაქცევას ცდილობდა.
მაგრამ: როგორ გამოერთო სინათლე?
აი თავსატეხი.
ცოტაოდენი ფიქრის მერე აქაც იპოვა გამოსავალი... მოიხადა თავისი წინწკლებიანი ქუდი და ნატვრისთვალს დაახურა. მაშინვე ჩამობნელდა.
ასე გაანათა თავისი სახლი წინწკალამ... და, მე თუ მკითხავთ, ასეთი ორიგინალური განათება ამქვეყნად ჯერ არავის ჰქონია.








სხივის მოტაცება


სახლს თუ ააშენებ, საოჯახო ნივთებზეც უნდა იზრუნო. ამას ვერავინ გაექცევა. ვერც წინწკალამ აუარა გვერდი ამ საზრუნავს. ათასი რამ იყო საჭირო: მაგიდა, სკამი, ჯამ-ჭურჭელი. ჰოდა, წინწკალას ხელი არ გაჩერებულა, რაც სახლი წამოასკუპა მარწყვის ხის ტოტზე. მთელი დღეები ჩხირკედელაობდა, ხან რას გამოთლიდა ხისგან, ხან რას... მასალა სამუშაოდ, იცოცხლე, ბევრი ჰქონდა.
ასე  ჩხირკედელაობით თანდათან გამოავსო თავისი სახლი ნაირ-ნაირი ნივთებით. შეეძლო უკვე დაეტრაბახა: რაც კოხტად გამართულ სახლს სჭირდება, ყველაფერი მაქვს, აღარაფერი მაკლიაო.
მაგრამ წინწკალა ჯერჯერობით თავს იკავებდა ამისი თქმისაგან. არც თავისი უახლოესი მეგობრისთვის - კაჭკაჭისთვის უჩვენებია თავისი ნამოღვაწარი; გაგონილი ჰქონდა, რომ ადამიანები საოჯახო ნივთებს ოქრო-ვერცხლით ავარაყებენ, რათა ლამაზად გამოიყურებოდნენ. არც წინწკალა იტყოდა უარს ამაზე, მაგრამ აბა, სად უნდა ეშოვნა ოქრო-ვერცხლი?! ჭრელკუდას უკვე ვეღარ ესტუმრებოდა მღვიმეში - ცოცხალი თავით ვეღარ გამოასწრებდა იქედან.
იფიქრა, იფიქრა წინწკალამ და ბოლოს გამოსავალს მიაგნო: დილაადრიან, როცა ამომავალი მზის სხივები მისი სახლის ფანჯრებში შეიჭრა, ერთ-ერთ მათგანს სტაცა ხელი, ოქრომკედივით გამოსკვნა და ჩუმად დამალა.
მერე კი დაღამებას დაელოდა. როცა მზე ჩავიდოდა, მისგან თვალმოფარებულად არხეინად მოავარაყებდა თავის ჯამ-ჭურჭელს მოპარული სხივით.
არასოდეს მოსჩვენებია დღე ასე ხანგრძლივი წინწკალას. როგორ ეჩქარებოდა, მალე მოევარაყებინა თავისი ნივთები ოქროსფრად მოციმციმე სხივით. ო, როგორ გალამაზდებოდა ყველაფერი!
აი, როგორც იქნა, მზე ცისკიდურს მიუახლოვდა. უკანასკნელ სხივებს ჰკრეფს, საცაა მიეფარება ჰორიზონტს.
უცბად მზე შედგა, თითქოს ჩასვლა გადაიფიქრაო. წინწკალა გაფაციცდა. მიხვდა, ტყუილუბრალოდ არ შეაყოვნებდა მზე თავის ბრწყინვალე სრბოლას. მართლაც, სულ მალე მოესმა მზის ხმა:
- ჰეი, წინწკალავ, დამიბრუნე ჩემი სხივი!
ამას რომ ამბობდა, ერთიანად ალისფერმა გადაუარა მზეს სიბრაზისაგან.
- ჰო, კარგი... დაგიბრუნებ, ნუ ბრაზობ, - წაიბურტყუნა წინწკალამ და სასწრაფოდ გამოხსნა ოქრომკედივით გამოსკვნილი სხივი. თან ჰკვირობდა, რანაირად შეამჩნია მზემ ერთი სხივის დაკარგვა. უამრავი სხივი აქვს და მათი სათვალავი მაინც როგორ არ ეშლებაო...
სხივი მაშინვე გასხლტა წინწკალას ბინის ფანჯრიდან, თავზე გადაუფრინა უკვე მიმყუდროვებულ ტყეს და მზის ალისფერ ბადროს შეუერთდა. მზე მაშინვე მიიმალა ჰორიზონტს მიღმა.
- მზეს არაფერი დაემალება, ისევ მთვარის სხივი უნდა მოვიპარო, - გადაწყვიტა წინწკალამ. - მთვარე ძალიან დაბნეული ვინმეა, სულ უთავბოლოდ დაეხეტება. ალბათ იმას არ ეცოდინება ამდენი ანგარიში.
დაჯდა ფანჯრის წინ და მოთმინებით დაელოდა მთვარის ამოსვლას. როგორც კი მთვარის ვერცხლისფერი სხივი მის ფანჯარაში შესრიალდა, ხელი დაავლო, ვერცხლისმკედივით გამოსკვნა და ჩუმად დამალა.
მთვარეს თითქოს არაფერი გაუგია, გაბადრული სახით ქათქათებდა მთელი ღამე. წინწკალა მაინც შიშობდა, მთელი ღამე ფხიზლად იყო, გულისფანცქალით ელოდა მთვარის ჩასვლას.
აი, უკვე ჩასვლას აპირებს მთვარე, საცაა თვალს მიეფარება. აჰა, თითქოს მიიმალა კიდეც...
შვებით ამოისუნთქა წინწკალამ: არ შევმცდარვარ, მთვარე მართლაც დიდი დაბნეული ვინმეაო.
ეს გაიფიქრა და მოესმა კიდეც მთვარის ხმა:
- ქურდობა კაჭკაჭისაგან ისწავლე, წინწკალავ?! - დაუყვირა სიბრაზისგან ერთიანად გაფითრებულმა მთვარემ. - ახლავე დამიბრუნე ჩემი სხივი!
მისი ფერით შეშინებულმა წინწკალამ სასწრაფოდ გამოხსნა მთვარის ვერცხლისფერი სხივი. ისე ჩქარობდა, კინაღამ უარესად დაებურდა. სხივმა თავზე გადაუფრინა ჩაბნელებულ ხეებს და მთვარესთან ერთად მიიმალა.
- ეჰ, რა ტყუილად მქონდა მთვარის დაბნეულობის იმედი, - ამოიოხრა წინწკალამ, ცოტა ხანს იფიქრა და ახლა ვარსკვლავებს დაუწყო თვალთვალი. იქნებ რომელიმე მათგანის სხივი მოეტაცნა როგორმე. ვარსკვლავები ხომ გუნდ-გუნდად ანათებენ, სხივები ერთმანეთში ირევა და მათი დათვლა ალბათ ძალზე ძნელი იქნებაო, ვარაუდობდა იგი.
დაუდარაჯდა წინწკალა და როცა ერთ-ერთი ყველაზე ბრდღვიალა ვარსკვლავის სხივი შეიჭრა მისი სახლის ფანჯარაში, სასწრაფოდ გამოსკვნა და გულმოდგინედ დამალა.
ახლა შედარებით არხეინად იყო, მშვიდად ელოდა გათენებას. რაც მეტს ფიქრობდა, მით უფრო შეუძლებლად ეჩვენებოდა იმ ვარსკვლავების ზღვაში ერთი სხივის დაკარგვის შემჩნევა. არა, ვეღარაფერს გაიგებს ის ბრდღვიალა ვარსკვლავი, წინწკალას შეუძლია თავისად ჩათვალოს მისი სხივი. თანაც რა ლამაზია! მზის და მთვარის სხივებს ოდნავადაც არ ჩამოუვარდება, სულერთიანად ცისფრად ციმციმებს. შეიძლება ახლავე მიჰყოს ხელი თავისი ჯამ-ჭურჭლის მოვარაყებას. მაგრამ, სჯობია, ცოტა კიდევ დაიცადოს... საცაა ჩავა ის ცისფერი ვარსკვლავი. აჰა, ჩავიდა კიდეც...
გახარებულმა წინწკალამ სამალავიდან გამოიღო ვარსკვლავის სხივი, ნასკვი გამოხსნა და აღტაცებით დააცქერდა. ო, როგორ გაალამაზებს ეს ცისფერი სხივი მის სახლ-კარს.
უცებ ბრაზისგან ათრთოლებული ხმა ჩამოესმა:
- ჰეი, წინწკალავ, ახლავე ხელი გაუშვი ჩემს სხივს!
აიხედა წინწკალამ და ის ცისფერი ვარსკვლავი დაინახა, საოცარი ძალით ანთებული. სულერთიანად ცახცახებდა ცაზე ბრაზისაგან. ხმაც არ გაუღია, ისე უშვა ხელი წინწკალამ ცისფერ სხივს. სხივმა ერთი გაიელვა და უკვალოდ გაქრა. ვარსკვლავიც მიიმალა.
- როგორც ჩანს, ვერც ვარსკვლავებს გამოვრჩები რამეს, - თქვა გაოცებულმა წინწკალამ. - რას ვიფიქრებდი, ასე კარგად თუ იცოდნენ თავიანთი სხივების სათვალავი. რაიმე სხვა საშუალებას უნდა მივმართო ჩემი სახლ-კარის გასალამაზებლად.
იფიქრა, იფიქრა და, მართლაც, იპოვა სხვა საშუალება: ეცადა ლამაზი ფორმა მიეცა თავისი ნივთებისათვის. აიღო და ხელახლა გამოკვეთა ხისგან ყოველი მათგანი. ეს კიდევ არაფერი... ნაირ-ნაირი ჩუქურთმით და ყვავილწნულით შეამკო, გულდაგულ გამოჰყავდა ყვავილების, ხეების და ტყის ბინადრების ფიგურები. ამნაირად ალამაზებდა თავის ჯამ-ჭურჭელს და ნივთებს. ცოტათი გულნაკლული კი იყო, ისევ სხივები ერჩივნა მათ მოსავარაყებლად, უფრო ადვილიც იქნებოდა ალბათ, მაგრამ რაკი სხვა გამოსავალი არ იყო, ბოლომდე მიჰყვა ამ საქმეს. რაც კი შეეძლო, ცდა არ დაუკლია.
და სრულიად მოულოდნელად, ამ დროს მიაგნო... მზის სხივს. თურმე ნუ იტყვით, თვით ხის მასალაში ყოფილიყო მზის სხივი ჩაქსოვილი. წინწკალამ მაშინ მიაღწია იმ სხივამდე, როცა ჩუქურთმები გამოჰყავდა დიდი მონდომებით. იმ სხივზე სულაც არ ფიქრობდა, ის თავისთავად აციმციმდა მის ხელებში.
ცხადია, ძალიან გაიხარა წინწკალამ. უფრო გულმოდგინედ განაგრძო თავისი საქმე... და ახლა მთვარის ვერცხლისფერი სხივი იპოვა.
ასევე მიაგნო ცისფერი ვარსკვლავის სხივსაც.
ო, როგორ გალამაზდა წინწკალას სახლ-კარი! რისთვის ცდილობდა ამ სხივების მოპარვას, თურმე ყველა ხეში მზის, მთვარისა და ვარსკვლავების სხივები ჩასახლებულან, მხოლოდ მათი მიგნებაა საჭირო. წინწკალასაც დაუზარლად გამოჰყავდა ჩუქურთმები და გზას იკვლევდა მათკენ.
ოღონდ ერთი რამ არ ასვენებდა: უკვირდა, ნეტავი ხეებმა როგორ მოახერხეს სხივების მოპარვაო. და ერთ მშვენიერ,  წყნარ დღეს, როცა ქარი აღარ ახშობდა ხეების ხმას, მათ ასეთი რამ ჰკითხა:
- ხეებო, ხეებო! მითხარით, როგორ მოპარეთ სხივები მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს?
ამის გაგონებაზე ხეები ისე შეირხნენ, ისე აშრიალდნენ, თითქოს ძლიერი ქარი ამოვარდაო.
- რას ამბობ, წინწკალა, ჩვენ სხივებს როდი ვიპარავთ. ყვავილები და ფოთლები რიღასთვის გვაქვს?.. მათი საშუალებით სხივები თვითონ შემოდიან ჩვენში...
- არ ენანებათ თქვენთვის სხივები? - იკითხა წინწკალამ. გაახსენდა, როგორ ბრაზობდნენ ცის მნათობნი თუნდაც ერთი სხივის დაკარგვისას.
- არ ენანებათ, არ ენანებათ, არ ენანებათ!.. - კიდევ უფრო ხმამაღლა აშრიალდნენ ხეები. - სრულებითაც არ ენანებათ.
- აბა, რა ვიცოდი, თუ ასეთი გულუხვნი იყვნენ ცის მნათობნი, - დანანებით თქვა წინწკალამ. - რა ამაოდ გავაბრაზე ისინი.
მერე ისევ საქმეს მიჰყო ხელი. ბევრი მშვენიერი ნივთი გამოკვეთა ხის მერქნისგან. დიდი გულისყურით რთავდა და ალამაზებდა სხვადასხვა სახეებით, ფიგურებით. მანამდე არ ეშვებოდა, სანამ არ მიაგნებდა მასში ჩაქსოვილ მზის, მთვარის ან ვარსკვლავის სხივს. და როცა ამ სხივს იპოვიდა, ყველაფერი რიგზე იყო: უბრალო ხის ნივთი უძირფასეს სამკაულად იქცეოდა ხოლმე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები