ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
28 აგვისტო, 2015


წინწკალა (როგორ გადაცვალა სახლი წინწკალამ, როგორ გააქირავა სახლი წინწკალამ)

როგორ გადაცვალა სახლი წინკალამ



- ახლა ბინის გადაცვლაც შეგიძლია, თუ მოისურვებ, - უთხრა ერთ დღეს კაჭკაჭმა წინწკალას. საერთოდ, ყოველთვის დიდი მეგობრობა ჰქონდათ კაჭკაჭს და წინწკალას. ეს მეგობრობა განსაკუთრებით მას შემდეგ განმტკიცდა, რაც წინწკალა მარწყვის ხეზე დასახლდა. დღეს არ გააცდენდა კაჭკაჭი, თავისი მეგობარი არ მოენახულებინა და ქვეყნის ახალი ამბები არ ჩაეკენჭა მისთვის. თანაც გოგრისხელა მარწყვს ხშირ-ხშირად კენკავდა ხოლმე, ყელი რომ არ გაშრობოდა ლაპარაკისაგან.
- ადამიანებიც ცვლიან ბინებს? - მაშინვე ეს იკითხა წინწკალამ.
- ცვლიან რომელია! - დაიქოქა კაჭკაჭი. - ისეთს ვერავის ნახავ, ბინა ათჯერ მაინც არ გადაეცვალოს... სულ ბინების გაცვლა-გამოცვლაში არიან. ესაა მათი ძირითადი საზრუნავი. ბინებს რომ არ ცვლიდნენ, საქმეც აღარაფერი ექნებოდათ... უსაქმურობა კი, ხომ იცი, რა მომქანცველია...
წინწკალაც მაშინვე ტყისკენ გაეშურა, რათა რომელიმე შესაფერისი ბინა შეეთვალიერებინა. ბევრ ქონდრისკაცს ჰქონდა              ბინა ტყეში... ზოგი ბუჩქებში ცხოვრობდა, ზოგი სოკოების მეზობლად, ზოგიც მარადმწვანე ხეზე მოკალათებულიყო გირჩებისგან აგებულ კოხტა სახლში. ყველა სახლი დაათვალიერა წინწკალამ. კაჭკაჭმა საგანგებოდ აღნიშნა, სანამ ბინას გადაცვლიდნენ, ადამიანები მთელ ქალაქს მოივლიანო... ყველაზე მეტად რკოს კაცუნას სახლი მოეწონა, მუხის ფართო ტოტზე კოხტად წამოსკუპებული.
- მოდი სახლი გავცვალოთ, - მაშინვე საქმეზე გადავიდა წინწკალა.
- გავცვალოთ, - სიხარულით დაეთანხმა რკოს კაცუნა. - მართლაც მშვენიერი აზრია. მოსაწყენია სულ ერთსა და იმავე სახლში ცხოვრება, რაც არ უნდა კეთილმოწყობილი იყოს. სულ ერთი და იმავე ხედის ყურებაც მოსაბეზრებელია, თუნდაც ეს ხედი ულამაზესი იყოს.
გადაწყვიტეს და ორივე დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს... დიდი ყურადღებით დაათვალიერეს ერთმანეთის სახლები, გაზომეს ფართობი. იღბლად ორივე სახლის ფართობი ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. განსაზღვრეს კარ-ფანჯრების მდებარეობა, რაც ორივე შემთხვევაში საუკეთესო აღმოჩნდა; ამომავალი მზის სხივები მათი სახლების კარ-ფანჯრებს ხვდებოდა პირველად. ერთი სიტყვით, სულ ადვილად დაადგინეს წინწკალამ და რკოს კაცუნამ, რომ მათი სახლების გადაცვლას არაფერი დაუდგებოდა წინ.
მიიღეს რა ეს გადაწყვეტილება, დაიკაპიწეს მკლავები და თავ-თავიანთ სახლებს დაეჯაჯგურნენ. წინწკალას თავისი სახლი ციმციმ უნდა წაეღო რკოს კაცუნასთვის და მუხის ფართო ტოტზე დაესკუპებინა. რკოს კაცუნა კი თავის სახლს აიტანდა მარწყვის ხის ტოტზე... აბა, გაცვლა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა...
აქ უნდა ითქვას, რომ ქონდრისკაცები, თავიანთი სიპატარავის მიუხედავად, ძალზე ღონივრები არიან. სახლის აწევა მათთვის არაფერია. ადამიანსაც რომ შეეძლოს თავისი სახლის ზიდვა, მაშინ ისიც ქონდრისკაცივით ღონიერი იქნებოდა.
მაგრამ ამ შესაშური ღონის მიუხედავად, ვერც ერთმა მათგანმა ვერ ასწია სახლი, თუმცა ბევრს ეჯაჯგურნენ. თურმე ხეზე დასკუპებული სახლები ისე მჭიდროდ ჩაზრდილიყვნენ ტოტებში, ლამის ხის შემადგენელ ნაწილად ქცეულიყვნენ. მცენარის მკვრივი, წვენით სავსე მერქანი ირგვლივ საძირკველივით შემოკვროდათ.
ორივემ ხვნეშით გაუზიარა ერთმანეთს ეს აღმოჩენა: ოჰ, რა საწყენია, ეს სახლი ჩემი აღარც კი ყოფილა, ხის შემადგენელი ნაწილი გამხდარაო.
მერე გაერთიანებული ძალით სცადეს ტოტიდან სახლის მოგლეჯა, მაგრამ ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენ ჯაჯგურში კინაღამ მთლად გააფუჭეს საქმე: რკოს კაცუნას სახლის კედელი გაიბზარა, ხოლო წინწკალას სახლს სახურავი გადასძვრა.
ორივემ მაშინვე ანება თავი ჯაჯგურს. წინწკალამ სასწრაფოდ მოძებნა ახალი სუროს ფოთოლი, რკოს კაცუნამ ფიჭით შელესა გაბზარული კედელი. არა, ასე საქმე არ გამოვიდოდა, რაღაც სხვა საშუალებისთვის უნდა მიემართათ.
- ტოტი ხომ არ მოვტეხოთ? - იკითხა რკოს კაცუნამ.
წინწკალა არ დაეთანხმა.
- შენი არ ვიცი და მე ჯერ ბალახის ღეროც არ მომიტეხია ამ ტყეში, თუ წვენი ისევ აქვს. თანაც ხე ერთიანად დამახინჯდება...
- მართალი ხარ, არ ივარგებს ტოტის მოტეხვა, - დაეთანხმა რკოს კაცუნა.
ცოტა ხანს იფიქრეს და მერე წინწკალამ გამოთქვა აზრი:
- მე მგონი, აჯობებს მთლიანად ამოვთხაროთ ხეები. მე მარწყვის ხეს გადავიტან შენი მუხის ხის ადგილას, შენ კი მუხის ხეს დარგავ მის სანაცვლოდ.
- ეს კიდევ უფრო მძიმე საქმეა, თან ძალიან სახიფათოც არის. - არ დაეთანხმა რკოს კაცუნა. - ჩემი მუხის ხე აუცილებლად გახმება, მიწისქვეშა წყაროს წყალიც ვერ უშველის.
- აბა, როგორ მოვიქცეთ? - იკითხა წინწკალამ.
რკოს კაცუნამ მხრები აიჩეჩა.
ისევ ჩაფიქრდა ორივე. იფიქრეს, იფიქრეს, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოიფიქრეს. ის ენაჭარტალა კაჭკაჭიც სადღაც გადაკარგულიყო, იქნებ იმას მაინც ეშველა რაიმე.
უეცრად წინწკალამ შუბლში იტაცა ხელი:
- მოდი ერთმანეთი გავცვალოთ.
- ეს რანაირად,? - გაიკვირვა რკოს კაცუნამ.
- რანაირად და... მე ვიცხოვრებ შენს სახლში, შენ კი ჩემს სახლში იცხოვრე, მარწყვის ხეზე. მარწყვი ხომ გიყვარს?
- მარწყვი როგორ არ მიყვარს, - თქვა რკოს კაცუნამ. - მაგრამ ეს სულ სხვა რამეა... გამოდის, თითქოს ჩვენ კი არ გავცვალეთ სახლები, არამედ თვითონ სახლებმა გადაგვცვალეს.
- მართლაც, ასე გამოდის, - კეფა ჩაფიქრებით მოიქექა წინწკალამ.
ორივე ისევ დაფიქრდა ამ ახალ თავსატეხზე და ახლა რკოს კაცუნას მოუვიდა თავში ბრწყინვალე აზრი:
- ყველაფერს აჯობებს, ორივემ ერთად გადავცვალოთ სახლები. ჯერ ორივემ ერთად ვიცხოვროთ მუხის ტოტზე, ჩემს სახლში. მერე კი შენთან, მარწყვის ხეზე.
- ნამდვილი ჭკუის კოლოფი ხარ, - შვებით ამოისუნთქა წინწკალამ - ეს მართლაც ყველაფერს აჯობებს.
ასედაც მოიქცნენ. ერთხანს ორივე ერთად ცხოვრობდა მუხის ხეზე დასკუპებულ რკოს კაცუნას სახლში, მერე მარწყვის ხეზე გადავიდნენ. ასე მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთთან. კაჭკაჭმა თქვა, ამას ბინის გაცვლა კი არა, სტუმრობა ჰქვია, ადამიანები ასე ეძახიანო. წინწკალას სულაც არა სწყენია. პირიქით, უფრო გაიხარა, როგორც არ უნდა მოვიქცე, ყველაფერი ნამდვილი ადამიანივით გამომდისო.







სახლის გაქირავება



რაღა არ იცოდა ამ გრძელკუდა კაჭკაჭმა, რამდენი რამ უკარნახა წინწკალას. სახლის გაქირავებაც მან ურჩია, ძალიან სარფიანი საქმეაო.
როგორც ყოველთვის, ახლაც სიტყვის უთქმელად დაუჯერა წინწკალამ ყოვლისმცოდნე კაჭკაჭს. აიღო თეთრი ყვავილის ფურცელი, ზედ მარწყვის წვენში ამოვლებული ეკლით წააწერა: ,,ქირავდება სახლი~, და კარების წინ დაამაგრა.
მუშტარსაც არ დაუგვიანია, იმავე დღეს ჭრიჭინა ესტუმრა ქალაქიდან.
- ქალაქში აუტანლად ცხელა, - შესჩივლა ჭრიჭინამ. - იქ ცხოვრება შეუძლებელია. ჰაერი აღარ მყოფნის, მთელი ღამეები არ მძინავს, თავბრუ მეხვევა, წნევამაც ამიწია. ცოტა ხნით თუ არ დავისვენე, ცუდად იქნება ჩემი საქმე. შენი სახლი სწორედ ჩემთვისაა ზედგამოჭრილი, ნამდვილი აგარაკია. საჭმლისთვისაც შორს არ დამჭირდება წასვლა.
ამ სიტყვებით ჭრიჭინამ მუშტრის თვალით გახედა გოგრისხელა მარწყვებს.
- ოღონდ ბინის ქირა წესიერად გადაიხადე, - მკაცრად გააფრთხილა წინწკალამ. - ქირის გარეშე ადამიანები ერთ ღამესაც არ გაგათევინებენ. - ამაყად წარმოთქვა ეს სიტყვები. თავი მოსწონდა, ამდენი რამე რომ იცოდა ადამიანების შესახებ. ის აღარ გაუმხელია, ეს დიდი ცოდნა იმ გრძელკუდა კაჭკაჭის წყალობა რომ იყო.
- ბატონი ბრძანდები, - მიუგო ჭრიჭინამ. - განა მე არ ვიცი, რა ღირს ბინა აგარაკზე.
ასე დასახლდა ჭრიჭინა წინწკალას ბინაში. ძალიან მხიარული მდგმური გამოდგა, დღე და ღამე ჭრიჭინებდა და წინწკალას ართობდა, თან ბინის ქირასაც წესიერად იხდიდა. ყოველ დილით მიართმევდა ხოლმე წინწკალას შრიალა ქაღალდის ფულს.
მაგრამ აიღო თუ არა წინწკალამ ბინის ქირა, მაშინვე ახალმა თავსატეხმა იჩინა თავი: სად შეენახა ამდენი ფული.
ამ საკითხმა წინწკალა ძალიან ჩააფიქრა. კაჭკაჭისგან ისიც იცოდა ყურმოკვრით, რომ ადამიანები ფულს ძალიან მყუდრო, საიმედო ადგილას ინახავენ, რათა ვერავინ მიაგნოს... დაფიქრებული წინწკალა შუბლს ისრესდა. აა, მოაფიქრდა! აქვე, მარწყვის ხის გვერდით, ერთი ბებერი, დაფუღუროებული ხეა. აბა, სად ნახავს იმ ბნელ ფუღუროზე უფრო მყუდრო ადგილს?
ასე აღმოაჩინა წინწკალამ საიმედო სამალავი, და იმ დღიდან თავისუფლად ამოისუნთქა. მიართმევდა თუ არა ჭრიჭინა ქირას, მაშინვე მიარბენინებდა და იმ ფუღუროში ყრიდა.
ჭრიჭინამ თანდათან მოიკრიბა ძალ-ღონე, მოსუქდა, თავბრუსხვევამაც უკლო და დატოვა აგარაკი, ისევ ქალაქს მიაშურა. წინწკალამ უკანასკნელი ქაღალდის ფული ჩააგდო იმ ფუღუროში და როგორ გაოცდა, როცა იქიდან რაღაც საეჭვო ხმები შემოესმა.
- ქურდები! - გადაუტრიალდა გული, - ჩემი სამალავისთვის ვიღაცას მიუგნია.
წინწკალამ მრისხანე იერი მიიღო... იცოდა, ადამიანები ძალიან ჯავრობენ ასეთ შემთხვევაში. ...ხელი ეკლიან ტოტს დაავლო და ფუღუროში ისკუპა. ,,ვერ გამექცევი!~ დასჭყივლა რიხიანად, თან ეკლიანი ტოტი შემართა.
არც არავინ აპირებდა გაქცევას. ქაღალდის ფულის ხვავში სამი ღინღლიანი ბარტყი იწვა და ფართოდ ნისკარტგაღებულები ჭყიპინებდნენ. ეგონათ, დედა მოფრინდა და ნისკარტით საჭმელი მოგვიტანაო. თურმე შოშიას დაედო ბინა წინწკალას სამალავში, თვითონაც სულ მალე მოფრინდა ნისკარტზე დაკიდებული მსუქანი ჭიით.
- ეს ჩემი სამალავია, - აუწყა წინწკალამ. - ჩემი ფულების ხვავში დაგიდვია კვერცხები, გაქირავებული ბინის საფასურში.
- რას მეუბნები? - შეწუხდა შოშია. - მე არაფერი ვიცოდი. გეთქვა მაინც ვინმესთვის ტყეში, იქნებ მეც გამეგო.
- მთელი ტყისთვის რომ გამეგებინებინა, რაღა საიდუმლო სამალავი გამოვიდოდა, - მოუჭრა წინწკალამ.
- მაშინ ეს სამალავი მომაქირავე, სანამ ბარტყებს გადავაფრენდე. ბინის ქირას მეც გადაგიხდი, - სთხოვა შოშიამ.
მაგრამ წინწკალამ ამის გაგონებაც არ ინდომა.
- ესღა მაკლია, ახლა აქაურობა გავაქირავო და მერე ახალი სამალავი ვეძებო ფულისათვის. სად მაქვს ამდენი დრო! სულ სამალავების ძებნაში ხომ არ ვიქნები !
- აბა, გარეთ უნდა გამაგდო ამ პატარა ბარტყებით? - უარესად დაღონდა შოშია.
- არც მიფიქრია, - დაამშვიდა წინწკალამ. - პირიქით, მოხარულიც კი ვარ, ბარტყები ჩემს სამალავში რომ გამოჩეკე. არ ვიცოდი, ეს ფული რაში გამომეყენებინა, მაგაზე ფიქრმა ძილი დამიფრთხო. ამის შემდეგ კი მშვიდად დავიძინებ.
მართლაც, ძალზე კმაყოფილი დარჩა წინწკალა ამ აღმოჩენით: თურმე მწვანე ტყეშიაც შეიძლება გამოიყენო ფული. არც ისე უსარგებლო ყოფილა, როგორც აქამდე ეჩვენებოდა. ეს აზრი განსაკუთრებით მას შემდეგ განუმტკიცდა, როცა მადლიერმა შოშიამ, ბარტყების გადაფრენის შემდეგ, მშვენიერი ახალთახალი წინწკლებიანი ქუდი მოუტანა საჩუქრად. ამ საჩუქარმა წინწკალა განსაკუთრებით გაახარა. დიდი ამბით შეინახა თავის კოხტა სახლში. უფრთხილდება იმ ქუდს, მხოლოდ დღესასწაულებზე იხურავს, ტყის ბინადართა ზეიმზე.
ეს ამბავი ამით არ დამთავრებულა. სიცილით კინაღამ მოკვდა კაჭკაჭი, როცა წინწკალას სამალავში ჩაყო თავისი გრძელი ნისკარტი: ეს ფული კი არა, კანფეტის ფერადი ქაღალდებიაო. ზოგიერთი გოგო-ბიჭი, როცა კანფეტს მიირთმევს, ფერად ქაღალდებს პირდაპირ ქუჩაში ყრის და ჭრიჭინას შენთვის სწორედ ისინი მოუტანიაო. არაფრად ჩაუგდია წინწკალას კაჭკაჭის ქირქილი. გუნებაში გაივლო: ფულზე ნაკლებად როდი გამოგვადგაო ეს ფერად-ფერადი ქაღალდები მე და შოშიას.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები