| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 14 სექტემბერი, 2015 |
ავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტის თაობაზე კინაღამ წაიჩხუბნენ კაჭკაჭი და წინწკალა. - ყოველ სახელგანთქმულ ადამიანს სახლში აუცილებლად ავტოპორტრეტი უკიდია, - მრავალმნიშვნელოვნად თქვა ერთ დღეს კაჭკაჭმა,როცა გემოზე გამოძღა მარწყვის ჭამით. სიტყვა ~სახელგანთქმულს~ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. ~ჩემზე სახელგანთქმული ამ ტყეში ვინ არისო? - იფიქრა წინწკალამ. - ვინ აღარ მიცნობს. თხუნელამაც კი იცის ჩემი ამბავი, ცხვირს ათასში ერთხელ რომ ამოყოფს მიწის ზევით. ამას წინათ შემხვდა და ახალი სახლის აშენება მომილოცა~. მაგრამ უბედურება ის იყო,რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ავტოპორტრეტის შესახებ. ცოტათი კი რცხვენოდა, მაგრამ დასძლია ეს გრძნობა და კაჭკაჭს ჰკითხა, ავტოპორტრეტი რა არისო. - ავტოპორტრეტი არის ისეთი სარკე, რომელშიც სულ ერთი და იგივე სახე მოჩანს, - თქვა კაჭკაჭმა და უარესად გაიბღინძა, აქაოდა ყველაფერი ვიციო. - მერე როგორ ახერხებენ მაგას? - დაინტერესდა წინწკალა. - ფერადი საღებავებით მიახატავენ ხოლმე რომელიმე გაპრიალებულ ზედაპირზე, - განუმარტა კაჭკაჭმა. - უჰ, ამდენ ხანს გეთქვა, მაგაზე ადვილი რა უნდა იყოს, - შვებით ამოისუნთქა წინწკალამ. ხატვა მართლაც ძალიან ეხერხებოდა და იმიტომაც დარჩა ასე კმაყოფილი. მაშინვე შეუდგა საქმეს, ნაირფერი ყვავილებისაგან გამოწურა საღებავები, შიგ გულწითელას პაწია ბუმბული ამოავლო და სუროს პრიალა ფოთოლზე დაიწყო ხატვა. ჯერ ოქროს თევზის ქერცლზე აპირებდა ავტოპორტრეტის დახატვას, მაგრამ გაახსენდა,რომ სარკე ისევ საძებარი გაუხდებოდა და თავი გაანება. როცა უკანასკნელად მოუსვა ბუმბული, წინწკალამ კაჭკაჭს უხმო. სიამაყით წარუდგინა თავისი ნამუშევარი. მართალი გითხრათ, დიდ ქებას ელოდა მისგან. რა დიდი იყო მისი გაოცება, როცა კაჭკაჭმა დაუწუნა ნამუშევარი. - არაფრად არ ვარგა, მეტისმეტად გგავს, - უთხრა კაჭკაჭმა. - აბა, ავტოპორტრეტი რისია, თუ არ დამემგვანება?! - გაოცდა წინწკალა. - ნამდვილი მხატვრები სულ სხვანაირად იქცევიან. ზუსტად კი არ ხატავენ, არამედ ისე, როგორც თვითონ ხედავენ. წინწკალას ამისი გაგება გაუჭირდა, მაგრამ აღიარება კიდევ უფრო შერცხვა, აღარაფერი უთქვამს საწინააღმდეგოდ. ისღა სთხოვა, ერთი შენ თვითონვე დახატე შენი ავტოპორტრეტიო. იმედი ჰქონდა, იმის წაბაძვით იქნებ მეც შევძლო რამეო. კაჭკაჭმაც არ ახვეწნინა. ნისკარტით მარჯვედ დაიჭირა გულწითელას ბუმბული და მეგობარს თხოვნა შეუსრულა. შეხედა წინწკალამ კაჭკაჭის ნახატს და გაოგნდა. - ეს რა არის, კაჭკაჭო? საკუთარი თავის ნაცვლად ფარშევანგი დაგიხატავს. - მე ასე ვხედავ ჩემს თავს, - ამაყად მიუგო კაჭკაჭმა. წინწკალა გაჩუმდა, ხმაც ვერ ამოიღო ამ მაგიური სიტყვების საწინააღმდეგოდ. მხოლოდ თავისთვის ჩაფიქრდა, ნეტავი მე თვითონ როგორ ვხედავ საკუთარ თავსო. ხან ჩიტს მიამსგავსა თავი, ხან - ყვავილს, ხან - ბუჩქს, ხანაც ხეს. სანამ ასე იყო ჩაფიქრებული, ზაფხულის ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა. წინწკალას არაფერი გაუგია, ისევ დაძაბული ცდილობდა თავი რამისთვის მიემსგავსებინა. წვიმამ მალე გადაიღო და წინწკალამ უცბად რაღაც თავისი მსგავსი შეამჩნია, იქვე მის ცხვირწინ... როცა კარგად დააკვირდა, სოკო აღმოჩნდა... თურმე მშვენიერი წინწკლებიანი სოკო ამოსულიყო მისი სახლის ერთ-ერთ კედელში. - თუ რამე მგავს ამ ტყეში, მხოლოდ ეს წინწკლებიანი სოკო, - თქვა წინწკალამ და ბევრი აღარ უფიქრია, ამ სოკოს ავტოპორტრეტი წააწერა ფერადი საღებავებით. მერე გულაფანცქალებულმა კაჭკაჭს აჩვენა თავისი აღმოჩენა. ძალიან ღელავდა და ეშინოდა, მაგრამ სულ ამაოდ. კაჭკაჭი კმაყოფილი დარჩა ამ ნახატით. - შედევრიაო, ვერ იტყვი, - თქვა კაჭკაჭმა, თან ირგვლივ უტრიალებდა წინწკლებიან სოკოს, რათა ყოველი კუთხიდან და-ენახა. - ვერც ორიგინალობით დაიკვეხნი. ნამდვილ ოსტატობამდეც ბევრი გიკლია, მაგრამ დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ასე გააგრძელე, მომავალში ალბათ რაღაცას მიაღწევ. შვებით ამოისუნთქა ამის გაგონებაზე წინწკალამ, სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან. თან უკვირდა, ასე ძალიან რამ გამახარაო. მან ხომ არ იცოდა, ასეთი მორიდებული შექებაც კი რა საამოა მხატვრისათვის.
ტელევიზორი
- ვის გაუგია ბინა უტელევიზოროდ? უტელევიზოროდ ბინა ბინად არც ჩაითვლება. რა თქმა უნდა, კაჭკაჭს ეკუთვნოდა ეს სიტყვები. მის თვალს ხომ არაფერი გამოეპარებოდა ამქვეყნად. - ეს კიდევ რაღაა? - უკმაყოფილოდ იკითხა წინწკალამ. - მართლა დიდი ხათაბალა ყოფილა სახლის აშენება. ერთ საქმეს გაართმევ თავს, იქვე მეორე გამოჩნდება. - უჩემოდ მართლა რა გეშველებოდა, წინწკალა? - ჩაიქირქილა კაჭკაჭმა. - ტელევიზორი ისეთი ფანჯარაა, რომელსაც ფარდებს არ აფარებენ. - თავს ძალიან ნუ იფასებ, - გაბრაზებით უთხრა წინწკალამ კაჭკაჭს, თან მაშინვე საქმეს შეუდგა. სახლის ერთ კედელში პატარა ოთხკუთხედი სარკმელი გამოჭრა, მის წინ პატარა სკამი დაიდგა და ყურადღებით მიაჩერდა სარკმლის იქით გადაშლილ ხედს. სანახაობა მართლაც ლამაზი იყო: მოჩანდა მწვანედ დაბურული ტყე. მწვანე კენწეროებს თავს დაჰყურებდა ლურჯად მოკამკამე ცა, რომელსაც კიდევ უფრო ალამაზებდნენ თეთრად გაპენტილი, ფაფუკი ღრუბლები... იქვე გოგრისხელა მარწყვი ეკიდა მარწყვის ხის ტოტზე. მშვენიერი სანახაობა იყო, მართლაც კმაყოფილი დარჩა წინწკალა, მაგრამ კაჭკაჭმა ისევ გაუფუჭა გუნება, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. - შენს ტელევიზორში მხოლოდ ლამაზი ხედი ჩანს, მწვანე ხეები, ლურჯი ცა, მწიფე მარწყვი... ტელევიზორში კი ყოველივე ამის გარდა მსახიობებიც ჩანან... ხან ჩიტები გამოჩნდებიან, ხან - ცხოველები, ხან - ადამიანები. წიწკალას გულზე მოხვდა ეს სიტყვები. კიდევ რაღაც შეცდომა დავუშვიო, იფიქრა. კაჭკაჭი ალბათ მართალია. მაგას ნამდვილად გაეგება ასეთი რამეები. ამ სევდიან ფიქრებში რომ იყო, უცებ, თითქოს სცენაზე მსახიობი გამოვიდაო, ისე შემოფრინდა პატარა გულწითელა ჩიტუნა და გოგრისხელა მარწყვს ჩაუნისკარტა. ორიოდეჯერ მოასწრო პირის ჩატკბარუნება... ამ დროს ჩიტბატონაც მობრძანდა და ახლა ორივემ ერთად დაუწყო კენკვა გოგრისხელა მარწყვს. - აგერ მსახიობებიც! - წამოიყვირა გახარებულმა წინწკალამ. - ახლა ჩემს ტელევიზორს აღარაფერი აკლია, კაჭკაჭმაც დაუდასტურა, შეგიძლია იამაყო,რომ ნამდვილი ტელევიზორი გაქვს. დაჯექი მოსვენებით და უყურე, ჩიტებს რა გამოლევს მარწყვის ხეზეო. ამის გაგონებაზე კიდევ უფრო გაიხარა წინწკალამ. უფრო მოხერხებულად მოკალათდა და ჩიტუნებს ყურადღებით მიაჩერდა. მოულოდნელად ტელევიზორის ეკრანზე ჩხუბი ატყდა. ჩიტბატონამ გაგდება დაუპირა გულწითელას. წინწკალა მაშინვე წამოხტა, რათა გაეშველებინა მოჩხუბარი ჩიტები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. თავისი წინწკლებიანი ქუდით აუქშევდა ხოლმე, რა გაჩხუბებთ, მარწყვი ყველას სამყოფიაო. მოიხადა კიდეც ქუდი, რომ ამ დროს კაჭკაჭის ხმა მოესმა. - ხომ არ დაგავიწყდა, წინწკალა, რომ ტელევიზორში უყურებ ამ ჩიტებს. - განა ადამიანები არ აშველებენ მოჩხუბრებს თავიანთ ტელევიზორებში? - იკითხა წინწკალამ. - შემიძლია ჩვენი საყვარელი მწვანე ტყე დავიფიცო, რომ ასეთი რამ ჯერ არასოდეს მომხდარა. რაღას იზამდა წინწკალა, ისევ დაჯდა და მიაჩერდა მოჩხუბარ ჩიტებს. პირდაპირ ეკლებზე იჯდა, ისე ღელავდა მათი სისულელის შემყურე, ვაითუ თვალები ამოკორტნონ ერთმანეთსო. კიდევ კარგი, მალე მორიგდნენ ჩიტუნები და მშვიდობიანად გააგრძელეს მარწყვის კენკვა. წინწკალაც დამშვიდდა და ახლა გოგრისხელა მარწყვი ეცა თვალში, რომელიც მისი ტელევიზორის ეკრანის წინ ეკიდა. - მარწყვის ჭამა თუ შეიძლება ტელევიზორიდან? - დაინტერესდა წინწკალა. - არც ის მინახავს, ვინმეს მარწყვი დაეკრიფოს თავისი ტელევიზორის ეკრანიდან, - მიუგო ყოვლისმცოდნე კაჭკაჭმა. - ჰოდა, არც მე დავკრეფ, - თქვა წინწკალამ. ასეთნაირად დააზუსტა წინწკალამ ტელევიზორის ყურების წესები. დღემდე ყოველნაირად ცდილობს მათ დაცვას, მაგრამ ყოველთვის მაინც ვერ ახერხებს, მიუხედავად დიდი მონდომებისა. როცა მის ტელევიზორში მეტისმეტად დიდ ალიაქოთს ასტეხენ ჩიტები და ნამდვილად იქმნება საშიშროება, რომ თვალებს ამოკორტნიან ერთმანეთს, თავს ვერ იკავებს და თავისი წინწკლებიანი ქუდით აუქშევს ხოლმე... რაც შეეხება მეორე პირობას, იმისი ერთგული კი ნამდვილად დარჩა: არც ერთხელ არ მოუწყვეტია მარწყვი თავისი ტელევიზორის ეკრანიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჰმ.....ტელევიზორის ყურების წესები :)))))) ჰმ.....ტელევიზორის ყურების წესები :))))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|