| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 18 სექტემბერი, 2015 |
კაჭკაჭმა არა მარტო ურჩია წინწკალას, შენს სახლს აუცილებლად ზარი სჭირდებაო, აჩუქა კიდეც... პატარა, ბრჭყვიალა ზარი. წინწკალას ძალიან გაუხარდა კაჭკაჭის საჩუქარი, ოღონდ გაუკვირდა კი, ასეთ ძვირფას ნივთს კაჭკაჭი როგორ შეელიაო. ჰკითხა კიდეც: - შენ თვითონ არ გჭირდება ეს ზარი? - ეს მეშვიდე ზარია ამ სეზონში. ბუდეში აღარ მეტევა, - უთხრა კაჭკაჭმა. კმაყოფილმა წინწკალამ ერთმანეთს გადააბა მცენარის მოქნილი, ლორთქო ღეროები. ზედ ზარი დაამაგრა, თვითონ კი სახლში მოიკალათა. სულ მალე გაისმა ზარის რეკვა. წინწკალა ფაცხაფუცხით წამოხტა, ნეტა ვინ მესტუმრაო, და ძირს ჩაირბინა. თურმე პატარა თაგუნა ჩაბღაუჭებოდა ზარს და ქანაობდა. - ეს ჩემი ზარია, - უთხრა წინწკალამ. - მე საქანელა მეგონა, - თქვა თაგუნამ და თავის გზაზე წაცუნცულდა. წინწკალა სახლში შებრუნდა. ცოტა ხანში ისევ გაისმა: წკრრრ... წინწკალამ ისევ ჩაირბინა დაბლა. ახლა ბეღურას მოსურვებოდა კონწიალი. ვეღარ მოისვენა წინწკალამ, რაც ზარი დაჰკიდა თავის სახლთან. ტყის რომელ ბინადარსაც არ უნდა გამოევლო, ყველა ქანაობდა იმ ზარზე. წინწკალაც ყველას სათითაოდ ეუბნებოდა, ეს ჩემი ზარია, თავი დაანებეთო. ბოლოს დადგა ის დღეც, როცა მთელ ტყეში ყველამ გაიგო წინწკალას ზარის ამბავი. აღარავინ კონწიალობდა მასზე და წინწკალამაც მოისვენა. ერთ ღამეს ისევ გააღვიძა ზარის გაბმულმა რეკვამ. სასწრაფოდ ჩაირბინა მარწყვის ხის ძირას. იქ არავინ დახვდა, ზარი კი ისევ რეკდა. ახლა ქარი ამოვარდნილიყო და ის აჟღარუნებდა ზარს. - ნუ რეკავ ამ ზარს, ჩემი სახლისაა, - აუხსნა წინწკალამ. ქარმა ყურშიაც არ შეუშვა მისი სიტყვები, კიდევ უფრო უარესად ააჟღარუნა ზარი, თან დამცინავად ხარხარებდა. რამდენი არ დატუქსა წინწკალამ ქარი, მაინც ვერაფერი შეასმინა. მთელი ღამე გაუთავებლად აჟღარუნებდა ზარს და ვეღარ მოისვენა წინწკალამ. ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრა: ჩამოხსნა ის ჟღარუნა ზარი და მის ნაცვლად ზარის ფორმის ყვავილი ჩამოკიდა მოქნილ ღეროზე. ის უკვე აღარ რეკდა. ამბობენ, ხვიარა მცენარეები აქედან გაჩნდაო, მაგრამ ეს არც თუ ისე სარწმუნოა. ხვიარა მცენარეები მანამდეც არსებობდა, წინწკალამ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი შემატა მათ მრავალრიცხოვან, ლამაზ ოჯახს.
ენაჭარტალა კაჭკაჭს არაფერი უთქვამს, ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია, როდესაც ზარის ფორმის ყვავილი იხილა წინწკალას სახლის შესასვლელთან, (ო, როგორ უძგერდა გული წინწკალას, აცა, რას იტყვისო). ოღონდ ესაა, მაშინვე თავისი გრძელი ნისკარტი ჩაჰყო ყვავილის გულში, რათა დილის ნამი დაელია. წინწკალამ შვებით ამოისუნთქა. უსიტყვოდაც ნათელი იყო; კაჭკაჭს ძალიან მოეწონა ახალი ყვავილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|