ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 სექტემბერი, 2015


ბავშვობის ერთ მოგონებაზე

დღეს სოხუმის დაცემის დღეა და ერთი ბავშვობის მოგონება ამომიტივტივდა გონებაში. იმ წელს, გაგრის დატოვება რომ მოგვიწია და დევნილებად ვიქეცით, გურიაში ჩემი სოფლის სკოლაში მომიხდა სწავლა ერთი წელი. სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელმა ტრადიციულად თემა მოგვცა დასაწერად: "როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები." მე ჩვეულებრივად დავწერე: რომ ვთამაშობდი, მდინარეზე დავდიოდი, რაღაცეები წავიკითხე და ა.შ. ჩვეულებრივ, როგორც ბავშვები წერენ ხოლმე... ჰოდა, ჩემდა გასაკვირად მასწავლებლისგან სასტიკი საყვედური მივიღე. მეგონაო, რომ ვინ ვინ და შენ ნამდვილად დაწერდი ომზეო, იმაზე რისი გადატანაც შენს ოჯახს და საქართველოს მოუხდაო. ამას შენგან არ ველოდიო... მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ შემარცხვინა მთელი კლასის წინაშე. რადგან ახლაც სულ მახსენდება ეს შემთხვევა, ესე იგი მართლა ძალიან იმოქმედა იმ საყვედურმა ჩემს ბავშვურ გონებაზე. იმოქმედა იმან, რომ არდადეგების ბავშვურად გატარების აღწერისთვის სასტიკი საყვედური მივიღე. თითქოს უფლება აღარ მქონდა, ბავშვი ვყოფილიყავი. თითქოს აუცილებლად ყველგან უნდა ჩამეჩარა ჩემი და საქართველოს ტრაგედია... ყველგან და ყველასთვის მეთქვა, რომ ვეღარ ჩავდიოდით გაგრაში საკუთარ სახლში, რომ იმ სახლში უკვე აფხაზები ცხოვრობდნენ, რომ ომმა ზოგ ოჯახის წევრთან დამაშორა (მამასთან დროებით, ბაბუასთან და ბიძასთან თურმე სამუდამოდ). ალბათ უნდა აღმეწერა დეტალურად, თუ რას განვიცდიდი ჩემსკენ, ანუ "საწყალი" დევნილი ბავშვისკენ მომართული ყოველი სიბრალულით სავსე მზერის დანახვაზე... ვერ გათვალა მასწავლებელმა, რომ იქნებ ჩვეულებრივი ბავშვური ზაფხულის აღწერა ჩემი ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმიც კი იყო...
იმის მერე ბევრი წელი გავიდა... ახლა, ხშირად მტკივა გული, ახალ თაობას რომ ვუყურებ. მტკივა იმიტომ, რომ ამ ბავშვებს, იმათი ჩათვლით, ვინც დევნილად მოიაზრება, სინამდვილეში არასოდეს უნახავთ ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქი გაგრა, სოხუმი, მუდამ მზიანი აფხაზეთი.... რომ მათთვის სიტყვები "აფხაზეთი საქართველოა" მაინც მხოლოდ სიტყვებია, მართალია მათში პატრიოტიზმის გამაძლიერებელი, მაგრამ მაინც სიტყვები, რომლის უკან არ დგას ბავშვობის და ახალგაზრდობის ტკბილი და ნათელი მოგონებები. გული მწყდება, რომ რაც წლები გადის, სიტყვები სიტყვებად რჩება და ის უხილავი ძაფებიც წყდება თანდათან, რაც ჩემსა და ჩემზე უფროს თაობას აფხაზეთთან აკავშირებს. თუმცა მეორეს მხრივ, ვთვლი, რომ ამ ბავშვებს ნაადრევად არ უნდა მოვუყვეთ ომის საშინელებებზე. გაიზრდებიან და თითონ გაიგებენ დეტალებს... ისედაც გაეღვიძებათ პატრიოტული გრძნობები და ნუ დავუმძიმებთ ბავშვობას მონაყოლით მრავალჭირნახულ საქართველოზე, ლეგენდებით სამშობლოს წარსულ დიდებაზე, ათასობით წამებულზე და თავმოკვეთილზე, მოღალატეების დამსჯელ ძლევამოსილ მეფეებზე... ბავშვობა ხომ ისედაც ცოტა ხანს გრძელდება... ცხოვრება ხომ ისედაც სასტიკია და ადრე თუ გვიან ყველა ბავშვს მაინც დაანახებს თავის ნამდვილ სახეს... ვაცალოთ, ჰქონდეთ ჩვენზე უკეთესი ბავშვობა... ვაცალოთ, დაწერონ ჩვეულებრივი, ბავშვური "როგორ გავატარე ზაფხული"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები